დავეწიოთ და გავუსწროთ გამოგონილ სინგაპურს

ლაშა ნიკოლაიშვილი

საქართველოში `სინგაპურიზაციის’ თემა აქტუალობას არ კარგავს. ეს თემა მას შემდეგაა პოპულარული, რაც 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე გახდა. მისი ლიბერტარიანული ხედვა ეკონომიკური განვითარების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმაც გაიზიარა. ამის შემდეგ მუდმივად გვესმოდა სამთავრობო სტრუქტურებიდან და მათთან დაახლოებული წრეებიდან, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ თავისუფალი ბაზრის საშუალებით არის შესაძლებელი და ამის თვალსაჩინო მაგალითად, რატომღაც, სინგაპური დასახელდა. 

ამ არგუმენტით შეიარაღებულმა ბენდუქიძემ თავი გამოიჩინა რამდენიმე გრანდიოზული რეფორმით: პრივატიზაციის გზით დაიწყო განსახელმწიფოებრიობა (გვახსოვს მისი ცნობილი ფრაზები სტრატეგიული ობიექტების ბუნებაში არ არსებობის შესახებ და სხვა), გაუქმდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა (სხვათა შორის, თავიდან სულ სხვა არგუმენტით – რომ თითქოს ანტიმონოპოლიური სამსახური კორუმპირებული სტრუქტურა იყო, როგორც შემდეგ გაირკვა, თურმე ასეთი სამსახური თავისუფალ ბაზარში ჩარევას ნიშნავს და ამიტომაა ცუდი), მიიღეს შრომის ახალი კოდექსი (რომელიც რეალურად მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ ეს კოდექსი საჭირო არ არის და კონტრაქტის საფუძველზე უნდა გვარდებოდეს ყოველი კონკრეტული დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები) და სხვა.

სახელმწიფო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ბენდუქიძე კვლავ ამ იდეის ერთგული დარჩა. დააფუძნა ჟურნალი `ტაბულა’, რომლის მისიაც ამ იდეის აქტიური პროპაგანდაა. ასევე ბატონი კახას მფლობელობაში არის საქართველოში არსებული ორი უნივერსიტეტი. მათი საშუალებით პერიოდულად ტარდება საჯარო ლექციები ლიბერალური ეკონომიკისა და თავისუფალი ბაზრის პოპულარიზაციისთვის. პროპაგანდის ეს მექანიზმი, შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს. ხშირად შეხვდებით ამ ჟურნალის სტატიებსა თუ ზემოთხსენებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში საქართველოს სინგაპურიზაციის მომხრეთა მოსაზრებას, რომ სინგაპური თავისუფალმა ბაზარმა განავითარა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების გასაღებიც თავისუფალ ბაზარს მინდობილი ეკონომიკაა.

სხვადასხვა საგაზეთო სტატიებსა თუ სატელევიზიო დებატებში ხშირია დისკუსია იმის შესახებ, კარგია სინგაპურიზაცია თუ ცუდი, მოგვცემს ეს შედეგს თუ არა?! 

თუმცა, აქ ყველგან ერთი და იგივე დაშვებაა – სინგაპურში ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება არ არსებობს. შესაბამისად, საქართველოში თითქმის ყველას – მაყურებელს, მსმენელსა თუ მკითხველს ეს დაშვება ყველაზე უტყუარ ფაქტად მიაჩნია. გამოგიტყდებით, მეც ასე ვფიქრობდი დიდი ხანი, სანამ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ჩვეულებრივი საგნის (საერთაშორისო ეკონომიკის) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელმძღვანელოს, ერთ-ერთ ჩვეულებრივ თავში გადავაწყდი მოულოდნელ ფრაზას, სადაც კლერკისა და ნობელის პრემიის მფლობელი – პოლ კრუგმანი (ავტორი) სხვადასხვა ეკონომიკის განვითარების შესახებ მსჯელობისას ამბობს: „მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე აზიურმა ქვეყნებმა გაატარეს უამრავი სხვადასხვა პოლიტიკა, დაწყებული მთავრობის მიერ დეტალური მითითებებით ეკონომიკაზე სინგაპურში (!), დამთავრებული ფაქტიური Laissez-Faire-ით (აბსოლუტურად თავისუფალი ბაზარი) ჰონგ–კონგში“. ცოტა დავიბენი და შევეცადე ეკონომიკური კვლევების, სტატისტიკური მონაცემებისა და მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადამემოწმებინა, თუ რა გახდა სინგაპურის ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი.

მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს, რისი გაგების შემდეგაც დიამეტრალურად შემეცვალა წარმოდგენა სინგაპურზე.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ სინგაპური არ არის ისეთი ქვეყანა, როგორსაც ტაბულა და მისი ავტორები ”ხატავენ”. სხვა საკითხია დემოკრატიის მაქსიმალური შეზღუდვა, ჩვენ აქ ამ საკითხებს არ განვიხილავთ, ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო ისაა, რომ სინგაპურში არც ბაზარია ბოლომდე თავისუფალი. 

სინგაპურის ეკონომიკაში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს სახელმწიფო კომპანიები. The Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით 2001 წელს სახელმწიფო კომპანიების მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება ეროვნული პროდუქტის 60%-ს აღწევდა. ასეთი ფირმების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია საინვესტიციო კომპანია Temasek Holding. მისი პორტფელის ღირებულება 153 მილიარდი აშშ დოლარია და ინვესტირებას სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ე. წ. Start-Up-ებს. ის ასევე ფლობს ფირმებს ისეთ სექტორებში როგორიცაა: ფინანსური მომსახურება, ტელეკომუნიკაციები, მედია, ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა. ეს სინგაპურის მთავრობას ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის კლასტერულად განვითარების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, პრივატიზაციის იმ ტალღის გასამართლებლად, რომელიც ბენდუქიძემ გაატარა, სინგაპურის მაგალითი ნამდვილად ვერ ივარგებს. სინგაპურში 1955 წლიდან მოქმედებს სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებული ფონდი CENTRAL PROVIDENT FUND, რომელიც დამზოგველი სისტემის შემადგენელი ნაწილია და ივსება როგორც დამქირავებელთა, ასევე დაქირავებულთა სავალდებულო შენატანებით. დაგროვილი სახსრებით ფინანსდება მათი პენსიები, ჯანმრთელობის ხარჯები, და ასევე გაიცემა სესხები საცხოვრებელი ფართების შესაძენად. ეს ფონდი დაზოგვის მაღალი ნორმის მისაღწევად სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

ასევე ჩნდება კითხვები სინგაპურის მკაცრ ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით 2010 წელს დაგროვილი სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 96%–ს შეადგენდა. 

იმ დროს, როცა ტაბულა წერს, რომ სინგაპურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, `ხელფასების დარეგულირება ბაზარს მიანდო და დამსაქმებლებს მეტი თავისუფლება მისცა მუშახელის დაქირავებისა და სამსახურიდან დათხოვნის საკითხში. ამის საპირისპიროს წერს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის (LSE) პროფესორი ა. იანგი კლევაში, რომელიც სინგაპურისა და ჰონგკონგის შედარებას ეძღვნება. ის ამბობს, რომ 1968 წელს სინგაპურის მთავრობამ მიიღო კანონი შრომითი ურთიერთობების შესახებ. იგი აწესებდა გარკვეულ სტანდარტებს სამუშაო დროის, დასვენების, დაქირავების, სამსახურიდან დათხოვნისა და სხვათა შესახებ. ეს კვლევაც რომ არა, ადვილად ხელმისაწვდომია სინგაპურის შრომის კოდექსი, რომელიც დღესაც არეგულირებს ამ ყველაფერს და ნაკლებად თუ მოგვაგონებს საქართველოს შრომის კოდექსს.

აშშ-თან დადებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2006 წლის დასაწყისიდან სინგაპურში ამოქმედდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. იგი ბრიტანულ მოდელზეა აგებული და კრძალავს კონკურენციის შემზღუდველ ქმედებებს: 
დომინანტურ პოზიციას ბაზარზე და კომპანიათა შერწყმას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ან შეასუსტოს კონკურენციული გარემოს სტაბილურობა. შესაბამისად, სინგაპური ვერც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არ არსებობის მაგალითად გამოადგება, ულტრა ლიბერალური ზღაპრების წერით გართულ ‘ინტელექტუალებს’.

კონკრეტულ ფაქტებსაც რომ არ ჩავუღრმავდეთ და ზედაპირულად გადავხედოთ ცნობებს სინგაპურის ეკონომიკის შესახებ, ვნახავთ, თითქმის ყველგან ის შერეული ტიპის ეკონომიკური მოდელის მაგალითად არის მოყვანილი. მიუხედავად ამისა, საქართველოში ინდივიდთა გარკვეულ ჯგუფს, რომელიც ლიბერტარიანული ხედვებით გამოირჩევა, რიგი მიზეზების გამო, ძალიან მოსწონს სინგაპურის წარმატება. მათ სურთ, რომ დაეწიონ სინგაპურს. ნაკლებად სავარაუდოა, მათ არ სცოდნოდათ ის, რომ ლიბერტარიანული ხედვით ვერასოდეს მოახერხებდნენ ამას, რადგან რეალურად სინგაპურს არაფერი აქვს საერთო ლიბერტარიანიზმთან. თუმცა, სურვილი საქართველოს სინგაპურიზაციისა, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ინდივიდთა ამ ჯგუფმა სპეციალურად ქართველი ხალხისთვის, არც მეტი არც ნაკლები, სინგაპური გამოიგონა!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ