თავისუფალი ბაზრის პოლიტიკები იშვიათად ამდიდრებს ღარიბ ქვეყნებს

WILDERSHOOTS_Ha-Joon-Chang_1►წარმოგიდგენთ ცნობილი სამხრეთ კორეელი ეკონომისტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის განვითარების ეკონომიკის პროფესორის, ჰა-ჯუნ ჩანგის საერთაშორისო ბესტსელერი წიგნის : “23 რამ, რასაც კაპიტალიზმის შესახებ არ გეუბნებიან” – მეშვიდე თავის, ”თავისუფალი საბაზრო პოლიტიკები იშვიათად ამდიდრებს ღარიბ ქვეყნებს” – ქართულ თარგმანს.

►ჩვენს პორტალზე ასევე შეგიძლიათ ქართულად იხილოთ აღნიშნული წიგნის I თავი – “არ არსებობს ისეთი რამ, რასაც თავისუფალი ბაზარი ჰქვია” .

►თარგმნა  საბა ტლაშაძემ 

►მედია პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.

რას გეუბნებიან ისინი თქვენ:

კოლონიური მმართველობის შემდეგ, განვითარებადმა ქვეყნებმა სცადეს ეკონომიკის სახელმწიფო ინტერვენციის გზით განვითარება. რიგ შემთხვევებში, ეს წარმოადგენდა სოციალიზმის გზასაც კი. მათ სცადეს საკუთარი შესაძლებლობების მიღმა არსებული, ფოლადისა და მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის განვითარება იმგვარი  საშუალებებით, როგორიცაა: სავაჭრო პროტქციონიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აკრძალვა, ბანკებისა და ინდუსტრიული საწარმოების სახელმწიფო მფლობელობაში გადატანა. ემოციურ დონეზე, ეს ყველაფერი გასაგებია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მათი ყოფილი კოლონიზატორი კაპიტალისტური ქვეყანა იყო თავისუფალი ბაზრის პოლიტიკით, რამაც სტაგნაცია და ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვია. ზრდა იყო ანემიური, პროტექციონისტური ინდუსტრია ჩავარდა. საბედნიეროდ, ამ ქვეყნების უმრავლესობა 80-იანი წლებიდან თავისუფალ საბაზრო პოლიტიკაზე გადადის. დღეს, მსოფლიოს ყველა მდიდარი ქვეყანა, გარდა იაპონიისა და კორეისა (რაც საკამათოა ასევე)  გამდიდრდა თავისუფალი ბაზრის პოლიტიკებით, კერძოდ მსოფლიოსთან თავისუფალი ვაჭრობის გზით.

რას არ გეუნებიან ისინი თქვენ:

იმის საპირისპიროდ,  რაც ფართოდ გავრცელებულია, განვითარებადი ქვეყნების ფუნქციონირება სახელმწიფო ხელმძღვანელობით გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ბაზარზე ორიენტირებული რეფორმების შემდეგ. იყო გარკვეული სახის ჩავარდნები სახელმწიფო ინტერვენციებში, მაგრამ ამ ქვეყნების უმრავლესობა  გაცილებით სწრაფად ვითარდებოდა; არსებობდა შემოსავლების უფრო სამართლიანი გადანაწილება და ნაკლები ფინანსური კრიზისები, ვიდრე ეს ბაზარზე ორიენტირებული რეფორმების შემდეგ გვქონდა. ასევე, ის,   რომ ყველა მდიდარი ქვეყანა თავისუფალი ბაზრის პოლიტიკებით გამდიდრდა, არ წარმოადგენს სიმართლეს. სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა: ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, დღევანდელი მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი ბაზრის აკვნად მიჩნეული დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, გამდიდრდნენ პროტექციონიზმის, სუბსიდირებისა და სხვა მსგავსი პოლიტიკების კომბინირებით, რასაც, თავისმხრივ, დღევანდელ განვითარებად ქვეყნებს არ ურჩევენ. თავისუფალი ბაზრის პოლიტიკებმა გაამდიდრა ძალიან ცოტა ქვეყანა და გაამდიდრებს ძალიან ცოტას მომავალში.

ორი განსახილველი შემთხვევა:

ავიღოთ ორი განვითარებადი ქვეყანა. წარმოდგინე, რომ ანალიტიკოსი ხარ და ცდილობ ახსნა მათი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

ქვეყანა A:  რამდენიმე დეკადის განმავლობაში, ქვეყანა იყო მნიშვნელოვნად პროტექციონისტული, საშუალო 30%-იანი ტარიფით. ბოლო პერიოდში, ტარიფების შემცირების მიუხედავად, მნიშვნელოვანი სავაჭრო შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა. ქვეყვანას აქვს: მკაცრი შეზღუდვები კაპიტალის გადინებაზე;  სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი და მკაცრად რეგულირებული საბანკო სექტორი; უამრავი შეზრუდვა უცხოურ ფინანსურ აქტივებზე. უცხოური საწარმოო კომპანიები დისკრიმინირებულნი არიან დიფერენცირებული გადასახადებით. ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები და ის ჩაძირულია კორუფციაში. საკუთრების უფლება სუსტია, განსაკუთრებით კი ინტელექტუალური საკუთრებისა, რის გამოც ქვეყანა  მეეკობრეთა დედაქალაქად იქცა. ქვეყანაში უამრავი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოა, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიებითა და გრანტებით არსებობს.

ქვეყანა B:  ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა იყო უაღრესად პროტექციონისტული, საშუალო სატარიფო მაჩვენებელი შეადგენდა 40-55%-ს. ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეეძლო ხმის მიცემა, ხმების ყიდვა და საარჩევნო თაღლითობები ფართოდ იყო გავრცელებული. კორუფცია იყო ყოვლისმომცველი, პარტიები ფინანსური მხარდაჭერისთვის ყიდიდნენ სამთავრობო სამსახურებს. უცხოელი ინვესტორებისთვის მოქმედებდა დისკრიმინაციული რეგულაციები – განსაკუთრებით საბანკო  სექტორში, უცხოელს ეკრძალებოდა გამხდარიყო ბანკის დირექტორი. ასევე, უცხოელ აქციონერს არ შეეძლო საკუთარი ხმის უფლების გამოყენება, ვიდრე არ გახდებოდა ქვეყნის რეზიდენტი. ქვეყანას არ ჰქონდა კონკურენციის კანონი, საკუთრების უფლება იყო სუსტი და არ იყო დაცული უცხოელთა საავტორო უფლებები.

ძლიერი პროტექციონიზმი, უცხოელ ინვესტორთა დისკრიმინაცია,  კერძო საკუთრების სუსტი დაცვა, კორუფცია, დემოკრატიის ნაკლებობა და ა.შ. თქვენ გაფიქრებინებთ, რომ ორივე ეს ქვეყანა ხელმძღვანელობდა ეკონომიკური კატასტროფების გამომწვევი ინსტრუმენტებით. მაგრამ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით.

ქვეყანა A არის დღევანდელი ჩინეთი, ხოლო ქვეყანა B ამერიკის შეერთებული შტატები 1880-იან წლებში.

მიუხედავად ეკონომიკური განვითარების საწინააღმდეგოდ მიჩნეული პოლიტიკებისა და ინსტიტუციებისა, ჩინეთმა შექმნა ყველაზე დინამიური და განვითარებული ეკონომიკა სამი დეკადის განმავლობაში. ასევე, ამერიკა, 1880 იან წლებში, გახდა ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა და მალევე, მსოფლიოში უმდიდრესი სახელმწიფო. ასე რომ, გვიანი მეცხრამეტე საუკუნისა და თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკის ვარსკვლავებმა გამოიყენეს განვითარების ის პოლიტიკები, რაც ტოტალურად ეწინააღმდეგება დღევანდელი ნეოლიბერალიზმის, ბაზრის თავისუფლების პრინციპებს.

როგორაა ეს შესაძლებელი? ქვეყნებს, რომელთაც არ ქონდათ თავისუფალი ბაზრის დოქტრინა, გახდნენ წარმატებული და მდიდარი ქვეყნები. ამაზე პასუხის გასაცემად, გვჭირდება დავბრუნდეთ უკან ისტორიაში.

მკვდარი პრეზიდენტები არ ლაპარაკობენ

ზოგიერთი ამერიკელი დოლარის კუპიურებს უწოდებს „მკვდარ პრეზიდენტებს“, თუმცა ეს არც ისე ზუსტია. რათქმაუნდა, ისინი ყველანი მკვდრები არიან, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ამშვენებს დოლარის კუპიურას, არ ყოფილა პრეზიდენტი.

ბენჯამინ ფრანკლინი, რომელიც გამოსახულია კაცობიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ქაღალდის ფულზე, ასდოლარიან კუპიურაზე, არასდროს ყოფილა პრეზიდენტი. თუმცა, ადვილად შეეძლო ეს. ის იყო ახლადდაბადებული ქვეყნის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა და ყველაზე პატივცემული პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ხნიერი იყო და ძალიან ძლიერი იყო ამ დროს ჯორჯ ვაშინგტონის პოლიტიკური ფიგურა, მხოლოდ მას შეეძლო პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გამოეწვია ვაშინგტონი.

დოლარზე გამოსახულ პრეზიდენტთა პანთეონებს შორის, ყველაზე გასაოცარი 10 დოლარიან კუპიურაზე დახატული ალექსანდრ ჰამილტონია. ფრანკლინის მსგავსად, ჰამილტონიც არასდროს ყოფილა პრეზიდენტი. თუმცა ფანკლინისგან განსხვავებით, ვისი ცხოვრებაც ამერიკის ლეგენდად იქცა, ჰამილტონი არასდროს ყოფილა მსგავსი ფიგურა. ის იყო ხაზინის მდივანი. რას აკეთებდა ის ამერიკის პრეზიდენტების გარემოცვაში?

ჰამილტონს ამ პანთეონში ადგილი უჭირავს სწორედ იმიტომ, რომ ის თანამედროვე ამერიკული ეკონომიკური სისტემის არქიტექტორია, რაც ბევრი ამერიკელისთვის დღეს არ არის ცნობილი. თანამდებობის დაკავებიდან (1789) ორი წლის შემდეგ, ჰამილტონმა კონგრესს წარუდგინა მოხსენება წარმოების სუბიექტზე (the Report on the Subject of Manufactures), სადაც მან წარმოადგინა ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ახალგაზრდა სახელმწიფოსათვის. თავის მოხსენებაში ჰამილტონი ამტკიცებდა, რომ ახლად შექმნილ ინდუსტრიას, ისევე, როგორც ამერიკელებს, სჭირდებოდათ დაცვა და ზრუნვა მთავრობის მხრიდან, სანამ ისინი საკუთარი ძალებით ფუნქციონირებას შეძლებდნენ. ჰამილტონის მოხსენება არ ითვალისწინებადა მხოლოდ სავაჭრო პროტექციონიზმს, ასევე გულისხმობდა საჯარო ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში (როგორიცაა მაგალითად არხების მშენებლობა), საბანკო სისტემის განვითარებასა და სახელმწიფო სასესხო ბაზრის ხელშეწყობაში. დღეს კი, განვითარებად ქვეყნებში, ჰამილტონის შეხედულებების მიხედვით  წარმართული ეკონომიკური სტრატეგია, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მკაცრი კრიტიკის საგანი ხდება. მსგავს ქვეყნებს, უარს ეუბნებიან სესხებზე  საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკიც.

საინტერესოა, რომ აქ ჰამილტონი მარტო არ არის, სხვა „მკვდარი პრეზიდენტების“ შეხედულებებიც რადიკალურად ემიჯნება დღევანდელი აშშ-ს სახაზინოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის თავისუფალი ბაზრის რწმენას.

ერთდოლარიან კუპიურაზე გამოსახულმა პირველმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმა, დაჟინებით მოითხოვა საინაუგურაციო ცერემონიალზე ამერიკული ტანისამოსის ტარება, ნაცვლად მაღალხარისხიანი ბრიტანული ნაწარმისა. ასეთი რამ, დღეს სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალეობის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევა იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშინგტონი იყო პირველი, ვინც ჰამილტონი დანიშნა ხაზინის მდივნად. ჰამილტონი იყო ვაშინგტონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოკავშირე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისას, ისე მის შემდეგ.

ხუთდოლარიან კუპიურაზე გამოსახულია აბრაამ ლინკოლნი, რომელიც ცნობილია პროტექციონისტური პოლიტიკით. სამოქალაქო ომის დროს, წინა მაჩვენებლებთან შედარებით, მან კიდევ უფრო გაზარდა ტარიფები. 50-დოლარიან კუპიურაზე გამოსახულმა პრეზიდენტმა, ულის გრანტმა კი, ბრიტანეთის ზეწოლას ამერიკაზე, მიეღო თავისუფალი ვაჭრობა – უპასუხა, რომ 200 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ამერიკას აღარ დასჭირდება პროტექციონიზმის პოლიტიკა, ის მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას.

ფრანკლინი სრულად არ იზიარებდა ჰამილტონის ინდუსტრიულ დოქტრინას, მაგრამ დაჟინებით იცავდა მკაცრ სატარიფო პროტექციონიზმს. ამ დროისათვის, ამერიკის მიწები თითქმის ცარიელი იყო და ამის გამო ამერიკელი მწარმოებლებისათვის აუცილებელი იყო, შეეთავაზებინათ ევროპასთან შედარებით ოთხჯერ მაღალი ხელფასები, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმები დაცარიელდებოდა. ამის მიუხედავად, ფრანკლინი არგუმენტირებდა, რომ ამერიკელი მეწარმეები ვერ შეძლებდნენ გადარჩენას იქამდე, სანამ ისინი დაცულები არ იქნებოდნენ დაბალი სახელფასო ზღვარისაგან. სწორედ ეს ლოგიკა გამოიყენა მილიარდელმა პოლიტიკოსმა როს პეროტმა, 1992 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ჩრდილო-ამერიკული  თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების წინააღმდეგ.

თქვენ აუცილებლად იკითხავთ ამერიკის თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმის მფარველების, თომას ჯეფერსონისა და ენდრიუ ჯექსონის შესახებ, ჩააბარეს მათ ამერიკის ხაზინის ტესტი?

თომას ჯეფერსონი, შესაძლოა, მხარს არ უჭერდა ჰამილტონის ინდუსტრიულ დოქტრინას, მაგრამ მისგან განსხვავებით, კი არ იცავდა პატენტის სისტემას, არამედ გამოდიოდა მის წინააღმდეგ. მას სწამდა, რომ იდეები „ჰაერის მსგავსია“ და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მას ფლობდეს რომელიმე ერთი ადამიანი ფლობდეს. ამ აზრით, ჯეფერსონი ძალიან განსხვავდება თანამედროვე თავისუფალი ბაზრის ეკონომისტებისგან.

ენდრიუ ჯექსონის შემთხვევაში,  თუ ის ვერ აბარებს ამერიკის ხაზინის ტესტს, მისი თაყვანისმცემლების  სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ინდუსტრიული ტარიფი მისი მმართველობის დროს იყო 45-50%, ის იყო ამერიკის საჯარო ბანკის უცხოური მფლობელობის წინააღმდეგი და 1836 წელს, გააუქმა ამგვარი ლიცენზიები. ჯექსონი თვლიდა, რომ უცხოური წილი (ძირითადად ბრიტანეთის) იყო „ძალიან დიდი“ – 30%.

ყოველდღიურად, ათობით მილიონი ამერიკელი იხდის გადასახადებს, ყიდულობს სენდივიჩებს საკუთარი ჰამილტონებით და ჯეფერსონებით და ვერ აანალიზებს იმას, რომ ყველა ეს პატივსაცემი პოლიტიკოსი იყო პროტექციონისტი – ის, რასაც მათი ქვეყნის მედია, კოსერვატორები და ლიბერალები მუდმივად კიცხავენ. ნიუ- იორკელი ბანკირები და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორები საკუთარ სტატიებში აკრიტიკებენ ვენესუელას პრეზიდენტის, უგო ჩავესის “ანტი-უცხოურ” პოლიტიკას, რომელიც იმაზე ბევრად ნაკლებად ანტი-უცხოურია , ვიდრე თავის დროზე ენდრიუ ჯექსონის პოლიტიკა იყო.

მკვდარი პრეზიდენტები არ ლაპარაკობენ, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ისინი ამერიკელებს და დანარჩენ მსოფლიოს ანიშნებენ საკუთარი წარმატების გამომწვევ პოლიტიკებზე, რაც აბსოლუტურად განსხვავდება იმ პოლიტიკებისგან, რასაც დღეს მიმართავენ მეორეხარისხოვანი, მონურ შრომაზე დაფუძნებული, აგრარული ეკონომიკის მქონე ქვეყნები – ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და ძლიერ ინდუსტრიულ ძალად გარდაქმნისთვის.

გააკეთე ისე, როგორც მე გეუბნები და არა ისე, როგორც მე გავაკეთე :

როცა თავისუფალი ბაზრის ეკონომისტებს ვახსენებთ ამერიკის პროტექციონისტულ ისტორიას, ისინი ყოველთვის გვპასუხობენ, რომ ამერიკის წარმატება არ განაპირობა პროტექციონიზმმა. ისინი ამბობენ, რომ ქვეყნის წინსვლას ხელი შეუწყო მდიდარმა ბუნებრივმა რესურსებმა, მოტივირებულმა და მუყაითმა მიგრანტმა მუშებმა. ასევე აღნიშნავენ, რომ დიდმა შიდა ბაზარმა დაიცვა ქვეყანა პროტექციონიზმის მავნე გავლენისგან.

ამ კონტრ-არგუმენტის პრომლემა ისაა, რომ ამერიკა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც წარმატებას მიაღწია თავისუფალი ბაზრის დოქტრინების მოწინააღმდეგე პოლიტიკებით. ფაქტობრივად, დღევანდელი მდიდარი ქვეყნების უმრავლესობა, რომელთაც ქვემოთ განვიხილავ, ამ პოლიტიკებს იყენებდა და ყველა მათგანი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან არსებული პირობებით. შეუძლებელია ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ფლობდა ისეთ პირობებს, რაც გააუქმებდა პოროტექციონიზმისა და სხვა „არასწორი“ პოლიტიკების გავლენას. შესაძლოა, ამერიკას ჰქონდა იმგვარი უპირატესობა, როგორიცაა დიდი შიდა ბაზარი, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ფინეთსა და დანიაზე? თუ ფიქრობთ, რომ ამერიკას ხელი შეუწყო მდიდარმა ბუნებრივმა რესურსებმა, მაშინ როგორ ახსნიდით კორეისა და შვეიცარიის წარმატებას, რომელთა შემთხვევაშიც ბუნებრივ რესურსებზე ლაპარაკი შეუძლებელია? „განსაკუთრებული პირობების“ არგუმენტი უბრალოდ არ მუშაობს. ბრიტანეთმა – ქვეყანამ, რომელიც მრავალი ადამიანის შეხედულებით მიიჩნევა თავისუფალი ვაჭრობის აკვნად, შექმნა კეთილდღეობა იმ პოლიტიკებზე დაფუძნებით, რაც ძალიან წააგავდა ჰამილტონის ეკონომიკურ პოლიტიკას. თავის მხრივ, ჰამილტონმა საკუთარი პოლიტიკური ხედვები ბრიტანეთის პირველ პრემიერად მიჩნეული რობერტ უოლპოლის შეხედულებებიდან გადმოიღო.

XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან, ბრიტანეთი გადადის შალის წარმოების ინდუსტრიაზე სატარიფო პროტექციონიზმით, სუბსიდიებით და სხვა იმ წარმატების საწინდარი პოლიტიკებით, რასაც ვოლპოლი იყენებდა ქვეყნის შიგნით შალის წარმოების განვითარებისთვის. ინდუსტრია სწრაფად გახდა ბრიტანეთის მთავარი რესურსი საექსპორტო შემოსავლებში, რითაც ქვეყანას საკვებისა და ნედლი მასალის იმპორტის შესაძლებლობა გაუჩნდა. ყოველივე ამან, საბოლოოდ, ბიძგი მისცა ინდუსტრიულ რევოლუციას გვიან XVIII და ადრეულ XIX საუკუნეებში. ბრიტანეთი თავისუფალ ვაჭრობაზე 1860-იან წლებში გადავიდა – მაშინ, როდესაც მისი ინდუსტრია დომინანტური იყო. ისევე, როგორც ამერიკა, ბრიტანეთიც იყო უაღრეასად პროტექციონისტი 1830-დან 1940-მდე წლების შუალედში, და 1720-იანი წლებიდან 1850 -იან წლებამდეც.

ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც მდიდარია, გამოიყენა პროტექციონიზმისა და სუბსიდიების პოლიტიკა განვითარების ადრეულ საფეხურზე მყოფ ინდუსტრიათა ხელშეწყობისთვის. არაერთი მათგანი (განსაკუთრებით იაპონია, ფინეთი, კორეა) მკაცრად კრძალავდა უცხოურ ინვესტიციებს. 1930-იანი წლებიდან, 1980-იან წლებამდე, ფინეთში ჩამოყალიბდა ერთგვარი კლასიფიკაცია საწარმოების უცხოურ მფლობელობასთან დაკავშირებით და მიჩნეულია, რომ 20% უცხოური მფლობელობის წილიც კი სახიფათოა. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი (განსაკუთრებით საფრანგეთი, ავსტრია, ფინეთი, სინგაპური, ტაივანი) იყენებდა საწარმოების სახელმწიფო მფლობელობის პოლიტიკას, ინდუსტრიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების გასავითარებლად. სინგაპური, რომელიც ცნობილია თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკებითა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოთი, ქვეყნის შემოსავლის 20%-ზე მეტი იქმნება სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოების მიერ.

ბევრმა მკითხველმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ჩემი ისტორიული მაგალითები მათი ინტუიციის საპირისპიროა. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის საუკეთესო თავისუფალი ბაზრის პოლიტიკებს საერთოდ არ იზიარებდნენ ის ქვეყნები, რომლებიც დღეს მდიდრები არიან და მეტიც, ისინი ატარებდნენ სწორედ იმ „არასწორ“ პოლიტიკებს, როგორიცაა: პროტექციონიზმი, სუბსიდირება და საწარმოთა სახელმწიფო მფლობელობა; მიუხედავად ამისა, ისინი გამდიდრდნენ.

პასუხი იმ ფაქტებშია, რომ ეს “ცუდი” პოლიტიკები აღმოჩნდა კარგი პოლიტიკები, რასაც ეკონომიკური განვიარების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა მიზეზების გამო მიმართავდნენ ხოლმე. პირველი მიზეზი ჰამილტონის ეკონომიკური პოლიტიკის ხედვებშია წარმოდგენილი, რაც ადრეული განვითარების სტადიაზე მყოფ მწარმოებელთა ხელშეწყობას ეხება. ის, თუ რატომ ვგზავნით ჩვენ შვილებს სკოლებში, იმის ნაცვლად რომ გავგზავნოთ შრომის ბაზარზე, ამის კარგი მაგალითია. განვითარებად ქვეყნებს სჭირდებათ მათი მწარმოებლების დაცვა იქამდე, სანამ ხელშეწყობის გარეშე, თავად შეძლებენ მსოფლიო ბაზარზე მოქმედებას. მეორე მიზეზი ისაა, რომ განვითარების ადრეულ სტადიაზე, ბაზრები კარგად ვერ ფუნქციონირებს სხვადასხვა მიზეზების გამო, ესენია : სუსტი სატრანსპორტო სისტემა; სუსტი ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა; პატარა ბაზრები, რომლებიც ადვილად მანიპულირებადია მსხვილი მოთამაშეებისთვის და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას სჭირდება ბაზრების რეგულაცია და უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როცა აუცილებელია ახალი ბაზრების შექმნა. მესამე მიზეზის მიხედვით, მთავრობას სჭირდება შექმნას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოები, იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორს თავად არ ძალუძს, განახორციელოს მაღალი რისკების მქონე პროექტები. დღევანდელი მდიდარი ქვეყნები, მათი საკუთარი ისტორიის საპირისპიროდ, განვითარებად ქვეყნებს აიძულებენ გახსნან საზღვრები, ჩაერთონ გლობალურ კონკურენციაში, აიღონ დახმარებები და სესხები საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტებიდან, რომლებიც მათ გააკონტროლებენ, მათ შორის, იდეოლოგიურ დონეზე. ისინი დღევანდელ განვითარებად ქვეყნებს მოუწოდებენ: „გააკეთე ისე, როგორც მე გეუბნები და არა ისე, როგორც მე გავაკეთე“.

განვითარებაზე ორიენტირებული დოქტრინა, რომელიც აფერხებს განვითარებას: 

როცა მოგვყავს განვითარებული ქვეყნების მაგალითი, თავისუფალი ბაზრის ზოგიერთი მომხრე აღნიშნავს: „კარგით, პროტექციონიზმი და სახელმწიფო ინტერვენციის სხვა პოლიტიკები შესაძლოა, მუშაობდა XIX საუკუნის ამერიკაში ან XX საუკუნის შუა პერიოდში იაპონიაში, მაგრამ განივითარებადმა ქვეყნებმა ვერ წაიწიეს წინ, როდესაც მოსინჯეს ამგვარი პოლიტიკები 1960-70 იან წლებში. ის რაც მუშაობდა წარსულში, ვერ იმუშავებს დღეს“.

სიმართლე კი არის ის, რომ განვითარებადი ქვეყნები არ ვითარდებოდნენ ცუდად, როცა იყენებდნენ პროტექციონიზმისა და სახელმწიფო ინტერვენციის პოლიტიკებს 1960, 1970-იან წლებში. სინამდვილეში, მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ამ პერიოდში, ბევრად აღემატება 80-იანი წლების დერეგულაციის შემდეგ განვითარების ტემპს. 80-იანი წლების შემდეგ გაიზარდა უთანასწორობაც. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდის მაჩვენებელი, წლიურად 3%-ს შეადგენდა 1960, 1970-იან წლებში, რაც 1980, 2000-იან წლებში 1.7 პროცენტამდე შემცირდა – მას შემდეგ, რაც განხორციელდა თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის რეფორმები. 2000-იან წლებში, განვითარებად ქვეყნებში იყო 2.6%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა ეს მაჩვენებელი მეტწილად განაპირობა ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკების კოლოსალურმა ზრდამ, იმ ქვეყნებისა, რომლებმაც არ მიიღეს ნეოლიბერალური პოლიტიკები.

იმ რეგიონებში, რომლებიც მიყვნენ ნეოლიბერალურ რეცეპტს – ლათინურ ამერიკასა და სუბსაჰარულ აფრიკაში, ზრდის მაჩვენებლები  იყო ბევრად დაბალი პროტექციონიზმისა და სახელმწიფო ინტერვენციების განხორციელების პერიოდთან შედარებით. 1960, 1970-იან წლებში, ლათინურ ამერიკაში, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლის ზრდის  მაჩვენებელი  3.1% იყო. 1980 – 2009 წლებში ეს მაჩვენებელი 1.1 %-მდე შემცირდა, რაც იმ ქვეყანათა ეკონომიკურმა მაჩვენებლემა განაპირობა, რომლებმაც არ მიიღეს ნეოლიბერალური პოლიტიკები: არგენტინამ, ეკვადორმა, ურუგვაიმ და ვენესუელამ. სუბსაჰარულ აფრიკაში, იგივე მაჩვენებელი, პროტექციონიზმისა და სახელმწიფო ინტერვენციების დროს იყო 1.6%, 1980-2009 წლებში კი ის 0,2%-მდე შემცირდა.

შევაჯამოთ: თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკები ძალიან იშვიათად მუშაობს ან საერთოდ არ მუშაობს. მდიდარი ქვეყნების უმრავლესობა თავად  არ იყენებდა ამგვარ პოლიტიკებს, როცა განვითარების საფეხურზე იყო. განვითარებად ქვეყნებში, ამ პოლიტიკებს მოაქვს ძალიან დაბალი ზრდა და შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება. ბოლო სამი დეკადის მანძილზე, თავისუფალი ვაჭრობისა და თასვისუფალი ბაზრის პოლიტიკებით ძალიან ცოტა ქვეყანა გამდიდრდა და ძალიან ცოტა გამდიდრდება მომავალში.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ