გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
ამერიკული გამოცემა The Huffington Post-ის კანადური ოფისის ბიზნეს სექციის რედაქტორის დანიელ ტენსერის წერილის თარგმანს, რომელიც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევას, რომლის თანახმადაც ‘რეიგანომიკამ ‘ (რაც ნიშნავს ეკონომიკის დერეგულაციასა და მდიდრებზე გადასახადების შემცირებას) არ იმუშავა და უფრო მეტად გაზარდა სოციალური უთანასწორობა.
თქვენ ალბათ გსმენიათ “ჩამოჟონვის ეკონომიკის” (Trickle-Down Economics) შესახებ: ის პოპულარული გახდა 1970–იან წლებში და დიდ როლს თამაშობდა 1980–იანი წლების „რეიგანომიკის“ პრობიზნესულ დღის წესრიგში.
თეორია საკმაოდ მარტივია: თუკი მოახდენ კაპიტალის (ფულის) კონცენტრირებას ეკონომიკური კიბის ზედა საფეხურზე (მდიდრებისა და კორპორაციების ხელში) ეს ფული უფრო პროდუქტიული იქნება ვიდრე სხვაგან შეიძლებოდა ყოფილიყო, და ის შექმნის სამუშაო ადგილებს და შესაბამისად მასობრივ შემოსავალს.
მიუხედავად იმისა იყო თუ არა იგი სწორი, ბიზნესსა და პოლიტიკურ სამყაროში ის ბევრისთვის დამაჯერებელ თეორიას წარმოადგენდა, ვინაიდან ბევრ სხვა რამესთან ერთად, ის ნიშნავდა გადასახადების შემცირებას ყველაზე მაღალშემოსავლიანთათვის. ამასთან, იგი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა იმის ნაწილად, რამაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა კორპორაციული გადასახადების შემცირებას მსოფლიოს გარშემო.
მაგრამ ახლა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთ პატარა პრობლემას ხედავს ამ თეორიაში: როგორც ჩანს იგი არ მუშაობს. სწორედ ეს არგუმენტია მოყვანილი ფონდის ახალ კვლევით დოკუმენტში – „შემოსავლის უთანასწორობის მიზეზები და შედეგები.“
1980 წლიდან 2012 წლამდე 159 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ყველაზე მდიდართა 20 პროცენტის შემოსავლის წილი იზრდება ერთი პროცენტით, ეკონომიკა მომდევნო ხუთი წლის მანძილზე იზრდება 0.08 პროცენტით ნელა.
„ამისგან განსხვავებით, ქვედა 20 პროცენტისთვის (ღარიბებისთვის) შემოსავლის წილის ზრდა ნიშნავს მშპ–ის ზრდასაც,“ – ამბობს ანგარიში. როცა ყველაზე ღარიბთა 20 პროცენტის შემოსავლის წილი ერთი პროცენტით მატულობს, ეკონომიკა იზრდება 0.38 პროცენტით უფრო სწრაფად.
ეს ნიშნავს შემდეგს: შეუმცირეთ გადასახადები ან მიეცით უფრო მაღალი ხელფასები ღარიბებს და ეკონომიკა გაიზრდება. მიეცით საგადასახადო შეღავათები ან გაუზარდეთ ხელფასები მდიდრებს და ეკონომიკა ზომაში შემცირდება.
„სარგებელი ქვემოთ არ ჟონავს,“ – წერია კვლევის დასკვნაში.
გარდა ამისა კვლევა გვთავაზობს არაერთ შესაძლო ახსნას იმის შესახებ, თუ რატომ ნიშნავს მეტი უთანასწორობა უფრო ნაკლებ ზრდას:
— მეტმა უთანასწორობამ შესაძლოა გამოიწვიოს „განათლებაში არასაკმარისი ინვესტირება მაშინ, როცა ღარიბი ბავშვები ხვდებიან უფრო დაბალი ხარისხის სკოლებში და აქვთ ნაკლები შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ უნივერსიტეტებში.“ არასაკმარისად განათლებული მოსახლეობა ნიშნავს ნაკლებად პროდუქტიულ საზოგადოებას.
— მეტი უთანასწორობა „ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო აფერხებს ინვესტირებას და შესაბამისად ზრდასაც,“ – წერია ანგარიშში. „კვლევებმა აჩვენა, რომ ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნებში მზარდი უთანასწორობის გახანგრძლივებული პერიოდი დაკავშირებული იყო გლობალურ ფინანსურ კრიზისთან სესხის ხარჯზე შესყიდვების გაძლიერების, კრედიტის ვადის ზედმეტად გაგრძელებისა და იპოთეკის საგარანტიო სტანდარტების შერბილების გზით.“
— მეტ უთანასწორობას „შეუძლია მიგვიყვანოს იმ პოლიტიკამდე, რომელიც საზიანოა ზრდისთვის.“ უფრო ძლიერმა ეკონომიკურმა ელიტამ შესაძლოა მიგვიყვანოს შემცირებულ სახელმწიფო დოვლათამდე, რაც არაპროპორციულ გავლენას ახდენს ღარიბებზე. ამასთან, ამაზე საპასუხო რეაქციამ შესაძლოა „გააძლიეროს პროტექციონისტური წნეხი გლობალიზაციისა და საბაზრო რეფორმების წინააღმდეგ“ – ამტკიცებს კვლევა.
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე შეთავაზებას, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მზარდ უთანასწორობას, რაც მოხსენიებულია როგორც „ჩვენი დროების გადამწყვეტი გამოწვევა.“ განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები მომართული უნდა იყვნენ „გახადონ საგადასახადო სისტემები უფრო პროგრესული“ და ფოკუსი გააკეთონ განათლებასა და სხვა რეფორმებზე, რომელიც ავითარებს „ადამიანურ კაპიტალსა და უნარებს.“
“ეკონომიკური განვითარების დონის მიუხედავად, განათლებასა და ჯანდაცვაზე გაუმჯობესებულ წვდომას და სწორ სოციალური პოლიტიკას, მაშინ, როცა შრომითი ბაზრის ინსტიტუტები ზედმეტად არ სჯიან ღარიბებს, შეუძლია გაზარდოს ქვედა და საშუალო კლასების შემოსავლის წილი“ – წერია კვლევის დასკვნაში.
- აღნიშნულ თემაზე ასევე იხილეთ შემეგი თარგმანები:
https://www.youtube.com/watch?v=jJAbEmyZP0o
– ინგლისურიდან თარგმნა ვანო აბრამაშვილმა.