თორნიკე ჩივაძე: კაპიტალის ფინანსიალიზაცია და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

პირველად გამოქვეყნდა EMC-ზე.

წერილის პირველ ნაწილში მიმოვიხილავ ჭარბვალიანობის საკითხს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში. მეორე ნაწილში კი შევეხები მოკროსაფინანსო ორგანიზაციების (მისო) საკითხსკრიტიკულ ლიტერატურაზე დაყრდნობით. სტატიის ფორმატის გამო, ნაკლებად დავეყრდნობი დაწვრილებით ემპირიულ მონაცემებს, თუმცა ოპონენტების სურვილის შემთხვევაში, მზად ვარ, წერილობით ფორმატში საკუთარი მოსაზრებების, ემპირიული მონაცემებით გამყარებისთვის.

კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისი  და ჭარბვალიანობა განვითარებულ ქვეყნებში

ერთი მხრივ, ომის შემდგომმა ბუმმა (მოგების მაღალი ნორმა), მეორე მხრივ კი, მშრომელების ბრძოლამ და სახელმწიფოების მიერ რესურსების მობილიზაციის საჭიროებამ (კაპიტალის დაგროვების ახალი ციკლის დასაწყებად) მოგვცა ის, რასაც ჩვენ, დღეს, კაპიტალიზმის “ოქროს ხანას” ვუწოდებთ. ეს პერიოდი ხასიათდება შრომასა და კაპიტალს შორის ძალთა ბალანსის შედარებითი სტაბილურობით. განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში სამუშაო  ძალის კვლავწარმოება უზრუნველყოფილი იყო სრული დასაქმების პოლიტიკით, მოთხოვნის სტიმულირებით. ამ პირობებში, პროფკავშირები ეფექტურად იყენებდნენ კოლექტიური მოლაპარაკების ძალას და 70-იანი წლების შუა ხანებისათვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემების მიხედვით, 16 განვითარებულ ეკონომიკაში, შრომას ეკავა ეროვნული შემოსავლის 75%.  კრიზისის წინ (მოგების ნორმის დაცემა განვითარებულ ეკონომიკებში 1974-75 წლები), ის 65%-მდე დაეცა და განაგრძო დაღმასვლა. 2008-09 წლებში, შრომის წილი ეროვნულ შემოსავლებში გაიზარდა, თუმცა ზრდა თავად ეროვნული შემოსავლის ზრდის ხარჯზე მოხდა.

70-იანი წლების “მომგებიანობის” კრიზისიდან იწყება ნეოლიბერალური რეაქცია, რომელიც დღემდე ცდილობს კაპიტალის დაგროვების რეჟიმის რესტრუქტურიზაციას. რა თქმა უნდა, ნეოლიბერალურ რეაქციაში ფუნდამენტურად ახალი არაფერია, (იმდენად, რამდენადაც კაპიტალისტური ეკონომიკა შრომას და კაპიტალს შორის დაპირისპირების მუდმივ ძალთა ბალანსს გულისხმობს, როგორც წარმოების ისე რედისტრიბუციის სფეროში) ის სახელმწიფოს შიგნით ცდილობს მოგების ნორმის აწევას, შრომის მიერ ისტორიული ბრძოლის შედეგად მოპოვებული სოციალური სიკეთეების ხარჯზე, ხოლო მის გარეთ იმპერიალისტური სტრატეგიებით და ნეოკოლონიური ვაჭრობით (იგულისხმება ე.წ.  თავისუფალი ვაჭრობა რიკარდოს შედარებითი უპირატესობის კოლონიური თეორიის ჩათვლით. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ 70-იანების კრიზისის შემდგომ ხდება წარმოებისა და ვაჭრობის გლობალიზაციის პროცესის ინტენსიფიკაცია და ფინანსური  კაპიტალის როლის ზრდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კაპიტალის მოძრაობის კანონებს მომგებიანობა განსაზღვრავს). სწორედ კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისმა წარმოშვა ნეოლიბერალური რეაქცია, რომელმაც გამოიწვია დაგროვების “ფინანსიალიზაცია”[1].

კრიზისის განმსაზღვრელი და უშუალო მიზეზებისა და ნეოლიბერალური სტრატეგიების კომპლექსური ანალიზი ამ სტატიის მიზანს სცდება და მას ჩვენც გამოვტოვებთ. მხოლოდ ვიტყვი, რომ ამ პროცესებმა განაპირობა ფინანსური კაპიტალის დომინანტური როლი კაპიტალისტური დაგროვების რეჟიმში. ამ პროცესს მარქსისტი და რადიკალი ეკონომისტები პოლ სვიზის შემდგომ “ფინანსიალიზაციას” უწოდებენ. “ფინანსიალიზაციაც” საკმაოდ ფართო საკითხია და აქ მხოლოდ მის ერთ მხარეს შევეხებით.

კერძოდ, საჯარო საბინაო ფონდების, ჯანდაცვის, პენსიების და სხვა სახის საზოგადოებრივი სიკეთეების უკანა პლანზე გადანაცვლებამ, რეალური ხელფასების სტაგნაციასთან ერთად, ხელი შეუწყო ინდივიდუალური შემოსავლების “ფინანსიალიზაციას”. ამან კი, შედეგად მოგვცა ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების კერძო შემოსავლების ხარჯზე მოგების ზრდა  და ფინანსური ექსპროპრიაცია (დღეს, ფინანსური ინსტიტუტების მოგება არანორმალურად იზრდება)[2]. შრომის წილის შემცირებასთან ერთად, შემცირდა კოლექტიური მოლაპარაკებების ძალაც, რასაც თან ერთვოდა წარმოების გლობალიზაცია ცენტრიდან პერიფერიის მიმართულებით, შესაბამისად, მუშათა კლასის ძლიერი ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების დასუსტება. შედეგად, შრომის პროდუქტიულობასა და ანაზღაურებას შორის სხვაობა დღემდე  მზარდია[3].

შრომის წილის (არასაფერმო ბიზნესი) დინამიკა ამერიკის და სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითზე.

1

ფინანსური სექტორის მოგების პროცენტული წილი საერთო მოგებაში (აშშ)

2

წყარო: B-91 ცხრილი. კორპორაციების მოგება სექტორების მიხედვით, 1959 -2007. Economic Report of the President, 2008. გადადით ბმულზე.

3

წარმოების სექტორში დასაქმებული მშრომელების, მწარმოებლურობის და რეალური საათობრივი ანაზღაურების მიმართულება,  –  აშშ. წყარო ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი. http://www.epi.org/

აშშ-ის მსგავსი რეალური ხელფასების და პროდუქტიულობის მიმართულებები ახასიათებს “დიდი ოცეულის”  ქვეყნებსაც.

4

რა თქმა უნდა, კაპიტალისტური წარმოების მიზანი მოგებაა და არა მოხმარება, როგორც ამას ნეოკლასიკოსი  ეკონომისტები ამტკიცებენ. მოხმარება მხოლოდ კაპიტალის წარმატებული ცირკულაციის პროცესის აუცილებელ  ელემენტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც, ზედმეტი ღირებულების რეალიზაცია მოგების ფორმით ხდება. თუკი შრომის წილი და ზოგადად, შემოსავლები ასე დაეცა, როგორ ხდება მოგების რეალიზაცია? ამის პასუხი სწორედ მოხმარების ფინანსიალიზაციაა. “მუშათა კლასი ცივილიზაციას მოხმარებით ეზიარება”. ამავდროულად, შრომის პროდუქტიულობის ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება ცხოვრების სტანდარტს უფრო და უფრო მაღლა სწევს. ხოლო, როდესაც ამას თან ერთვის უფრო მაღალი ექსპლუატაციის ხარისხი (უმუშევრობასთან ერთად) ანუ მშრომელების დაშორება მათ მიერ ნაწარმოები ცხოვრების სტანდარტისგან, თავს იჩენს მშრომელების მეტი ჟინი, დაეწიონ მმართველი ელიტის მოხმარების დონით განსაზღვრულ სტანდარტს.  სწორედ ამით აიხსნება, აშშ-ში, ხელფასების სტაგნაციისა და შრომის შემოსავლების დაცემის მიუხედავად, მზარდი მოხმარება (რომელიც, ჭარბვალიანობის მექანიზმით მუშაობს) .

მომწიფებულ კაპიტალისტურ ეკონომიკებში “ეფექტური მოთხოვნა” უზრუნველყოფილია სამომხმარებლო ვალების მიწოდებით,  თუმცა, ვალების ზრდა თავის ლიმიტს კაპიტალის დაგროვებაში პოულობს. მომწიფებული კაპიტალისტური ქვეყნები ნახევრად სტაგნაციის პერიოდში არიან შესულნი (ნელი ზრდა) მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის გამო, რაც, თავის მხრივ, ინვესტიციების ფინანსურ სექტორში გადინებას იწვევს, ფინანსური სექტორი კი თავისი არაპროდუქტიული ბუნებიდან გამომდინარე, უფრო და უფრო მეტ სისხლს სწოვს პროდუქტიულ კაპიტალს. აქედან იღებს სათავეს ათასგვარი სპეკულაცია, ფინანსური ბუშტები, „პონცის ფინანსური სქემები[5]“, ჭარბვალიანობა და კრიზისი (მინსკის მომენტი). როდესაც დაბალი მოგების ნორმის გამო, ინვესტიციები წარმოების სექტორში არასაკმარისია, ხოლო მეორე მხრივ, სავალო კაპიტალის ჭარბი დაგროვება ხდება, ახალი ნაწარმოები ღირებულება ვეღარ ეწევა დაპირებულ, მომავალ ღირებულებას, (ანუ ვერ აბრუნებს ვალს), სისტემა კრიზისში შედის, რითიც მიგვანიშნებს საკუთარ ისტორიულ ლიმიტზე (როდესაც, კაპიტალისტური საწარმოო ურთიერთობები ზღუდავს წარმოების ფიზიკურ პოტენციალს). რადგანაც ჩვენი სტატიის მიზანი კრიზისის თეორია არაა, კვლავ მივუბრუნდეთ ვალების საკითხს[6].

მთლიანი კერძო ვალები და მთლიანი ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში – ბმული.

5

ჭარბვალიანობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მუშათა კლასს და საშუალო ფენებს აზიანებს, რომელთა მოხმარების შეზღუდვა ასევე გამოიხატება მზარდ უთანასწორობაში (იხილეთ: პიკეტი – კაპიტალი 21-ე საუკუნეში). შევხედოთ მე-4 გრაფიკს, სადაც გადმოცემულია სხვადასხვა ქვეყნის შიდამეურნეობების შემოსავლების პროცენტული შეფარდება ვალებთან, ბოლო დეკადების განმავლობაში.  2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელიც რეცესიად იქცა, დღესაც არაა ბოლომდე აღმოფხვრილი. კრიზისის შემდგომი ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესი ისტორიულად ყველაზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.  კრიზისმა გააჩინა საჯარო სივრცეში ძველი, მაგრამ უარყოფილი კრიტიკული მიდგომების მეტნაკლებად წინ წამოწევის შესაძლებლობა.

6

ცხრილი: საოჯახო მეურნეობების ვალების პროცენტული შეფარდება, გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილ შემოსავლებთან. (ასეთი სტატისტიკა, საქართველოში არ იწარმოება, თუმცა მისი გამოყვანა არსებული მონაცემებით შესაძლებელია და მას მკითხველს მალე შევთავაზებთ. ავტ.)

თანამედროვე რადიკალური ეკონომიკის ანალიზი ორ ნაწილად იყოფა. ერთი, პოსტ-კეინზიანური და მინსკისეული მხარე, კრიზისის უშუალო მიზეზად მოთხოვნის ნაკლებობას, ჭარბვალიანობას და უთანასწორობას ასახელებს. ხოლო მარქსისტული ანალიზი მიუთითებს არასაკმარისი მოგების ნორმის ფუნდამენტურობაზე, რომელიც თავის თავში გულისხმობს, უთანასწორობის ზრდას, ვალების ჭარბ დაგროვებას და ეფექტური მოთხოვნის შემცირებას, როგორც გვერდით ეფექტს[7].

გაბატონებული პოლიტიკით, რომელიც განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების მსგავსად, თავს მოხვეულია განვითარებად და პერიფერიულ ქვეყნებშიც, შეუძლებელია “ჭარბვალიანობის” დამარცხება, ვინაიდან “ქამრების შემოჭერის პოლიტიკა” ამცირებს კერძო სექტორის შრომის ხარჯებს, ზრდის მოგებას შრომის თითოეულ ერთეულზე, რითაც მოგების ნორმაც იწევს. თუმცა, ის, რაც კაპიტალისტისთვის ხარჯია, მოსახლეობის მშრომელთა უმრავლესობისთვის ცხოვრების დონეა (შემცირებული ეფექტური მოთხოვნა). რესურსების არასაკმარისი უტილიზაცია და ფინანსური დერეგულაცია მუდმივად სპეკულაციების და  ვალების ჭარბ დაგროვებად, საბოლოოდ კი, განმეორებად კრიზისებად იქცევა[8]. კაპიტალიზმის გამოსავალი, ამ შემთხვევაში, შრომის მიერ ფინანსური ელიტის, რენტიე კაპიტალიზმის დამარცხებასა და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის რესტრუქტურიზაციაშია.

ვინაიდან გადავდივართ საქართველოსა და განვითარებადი ქვეყნების საკითხზე, კარგი იქნება, ზოგადად აღვნიშნოთ ის თეორიული შეხედულებები, რომლითაც “გამყარებულია” დღევანდელი ფინანსური ინსტიტუციებისთვის მინიჭებული თავისუფლება (ეს შეეხება, როგორც კომერციულ ბანკებს, ფინანსურ კორპორაციებს და ყველა სხვა ორგანიზაციას მიკრო საფინანსო ორგანიზაციების ჩათვლით), რომლის გამოც, ჩვენ უკვე ვხედავთ ფინანსური სექტორის პარაზიტიზმს საქართველოში. ნეოლიბერალური არგუმენტები ფინანსური სისტემის დერეგულაციის საჭიროების შესახებ, ორ მცდარ შეხედულებაზე დგას, რომელთა დამტკიცებაც ემპირიულად საკმაოდ რთულია. პირველი შეხედულების მიხედვით, განვითარებად სამყაროში ზრდის დაბალი მაჩვენებელი გამომდინარეობს საშინაო დანაზოგების დაბალი მაჩვენებლისგან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ფინანსური რეგულაციისა და კრედიტების ალოკაციდან გამომდინარეობს. ამიტომაც, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ამ დაბრკოლების აღმოფხვრა. ეს ჰიპოთეზა ემყარება საეჭვო ჰიპოთეზას, რომ კრედიტი დამოკიდებულია დანაზოგებზე და დანაზოგები აფინანსებს ინვესტიციებს. მეორე შეხედულების მიხედვით, კაპიტალის ბაზრის ფასები ყოველთვის სრულად გამოხატავენ არსებულ ინფორმაციას. იმის მიუხედავად, რომ ფინანსური ბაზრების პრობლემები, იქნება ეს ჯოგური ქცევა, სპეკულაციები თუ ფინანსური ბუშტები, საკმაოდ ნათელი და ყველასთვის ცნობილია, ისინი თეორიის მიხედვით უარყოფილია.

ნეოლიბერალური რეფორმების შედეგად, ფინანსურმა ინსტიტუტებმა ძირეული ცვლილებები განიცადეს. ისინი იქცნენ მთავარ მოთამაშეებად ფინანსურ ბაზრებზე, ხოლო ტრადიციული საბანკო მოდელი მკვეთრად მოგებაზე ორიენტირებულმა მოდელმა ჩაანაცვლა  (dos Santos, 2009). სწორედ ამ რეფორმებს უკავშირდება ჩვენი განსახილველი თემაც – მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჩვენში გავრცელებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო) მიეკუთვნებიან “მისო-ების”  მეორე ტალღას, რომელთათვისაც დამახასიათებელია მკვეთრი კომერციალიზაცია და მოგებაზე ორიენტირებული ქცევა.

 

“მისო” – ნეოლიბერალი გმირი

70-იანი წლების ბოლოს, ამერიკაში განთლებამიღებულმა, ბანგლადეშელმა ბანკირმა მუჰამედ იუნუსმა, დღეის გადმოსახედიდან, უტიფარი სიტყვები წარმოთქვა: “თაობის შემდეგ, სიღარიბე აღმოიფხვრება. ჩვენი შვილები სიღარიბის სიმწარეს მხოლოდ “სიღარიბის მუზეუმში” ნახავენ”. რა თქმა უნდა, იუნუსის ოპტიმიზმი დამყარებული იყო არა სოციალისტური ინსტიტუტების, სახელმწიფო საკრედიტო პროგრამის  ან ურთიერთსოლიდარული ფინანსური ქსელის მოდელზე, არამედ მეტად პრაქტიკულ და რეალისტურ ინსტიტუტზე – მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, რომლის კონცეფციაც მან ბანგლადეშში, რამდენიმე საკრედიტო ექსპერიმენტის შედეგად ჩამოაყალიბა. „გრამინ ბანკი“ იუნუსმა 1976 წელს დააფუძნა ბანგლადეშში. ამ ინსტიტუტების მთავარი ფუნქცია, კონვენციური განსაზღვრებით, სიღარიბის შემცირება და სამეწარმეო სულისკვეთების (ანდა საქმიანობის) განვითარებაა, რაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ განვითარებად და გარდამავალ ეკონომიკებს. “მისოების” იდეას ფინანსურად და პოლიტიკურად მხარი დაუჭირეს მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არასამთავრობო და დონორმა ორგანიზაციებმა, როგორც მოწყვლადი ჯგუფების ფინანსური ინკლუზიის და  სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. რა თქმა უნდა, ტრენდს არ ჩამორჩნენ ბონო კაპიტალიზმის მომხრეები და მილიონერი ქველმოქმედი პოპ-ვარსკვლავები. 2005 წელი სიღარიბისგან თავისუფალ მსოფლიოში გაერომ, “მისოების” წლად გამოაცხადა. 2006 წელს კი იუნუსი და “გრამინ ბანკი” ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ. 2011 წელს, როდესაც “მისოების” ე.წ. მეორე ტალღამ (მოგებაზე ორიენტირებული) საკუთარი არსი ვეღარ დამალა, და აკადემიური წრეებიც ვერ ადასტურებდნენ “მისოების” ეფექტურობას სიღარიბის აღმოფხვრის და მეწარმეობის განვითარების საქმეში, იუნისი თავდაცვით პოზიციაში გადავიდა: “მე არასდროს მიფიქრია, რომ მიკრო-კრედიტები როდესმე ვალებზე მონადირეებად იქცეოდნენ”.

შაჰიდ ხანდკერის ადრეული კვლევა (Shahid Khandker 1988 ), რომელიც გრამინ ბანკის, ASA and BRAC-ის მონაცემებს ეყრდნობა, ამტკიცებს რომ სიღარიბე, საშუალოდ, 5%-ით შემცირდა, თუმცა ამ მონაცემებს ბევრი არ ეთანხმება პირველწყაროების საეჭვო მონაცემების და დამკვეთების (თავად საფინანსო ორგანიზაციები) გამო. სხვა კვლევებიდან, რომლებიც მკვლევრების მიერ დამოუკიდებლად ჩატარდა, ცხადი ხდება, რომ მიკროსაფინანსოების საქმიანობას ან საერთოდ არ შეუმცირებია სიღარიბე, ანდა გააუარესა მდგომარეობა[9]. 2009 წელს, დევიდ რუდმანმა და მორდუჩმა კრიტიკულად გაარჩიეს ხანდრეკის კვლევა, სადაც მტკიცდება, რომ მიკროსაფინანსო პროგრამებს გავლენა არ აქვთ სიღარიბის შემცირებაზე.

მიუხედავად კეთილი განზრახვისა, სიღარიბის აღმოფხვრა არც ისე მარტივია. მითუმეტეს იმ დროს, როცა კაპიტალისტური ეკონომიკა არ გესმის, მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა  ეკონომისტი. თუკი სიღარიბის მიზეზების ახსნა ფუნდამენტურად მცდარი პოზიციიდან იწყება, მისი აღმოფხვრის ინსტრუმენტებიც მცდარი იქნება. მეინსტრიმული შეხედულებების  საპირისპიროდ, შევეცდები დავამტკიცო, რომ “მისოების” ძირითად ფუნქციები და მიზნები (განსაკუთრებით საქართველოში) შემდეგია:

  1. სამუშაო ძალის კვლავწარმოება – ექსპლუატაციის მაღალი ხარისხი და საშემოსავლო უთანასწორობის ზრდა შეუძლებელს ხდის დასაქმებული მოსახლეობის საშუალო საზოგადოებრივი ცხოვრების სტანდარტის მიღებას მხოლოდ დასაქმებისგან მიღებული შემოსავლებით;
  2. ეკონომიკური რედისტრიბუცია ქვემოდან ზემოთ, ფინანსური ელიტისკენ;
  3. ეფექტური მოთხოვნის შენარჩუნება, რათა მოხდეს შეფერხებული რეალიზაციის პროცესის სტიმულირება.

ვინაიდან საქართველოში “მისოების” ექსპანსია მიმდინარეობს და სახელმწიფო პოლიტიკაც სრულ თანხმობაშია ამ პროცესთან[10], განვიხილოთ “მისოების” რამდენიმე კრიტიკული ასპექტი და შემდეგ გადავავლოთ თვალი მათი განვითარების დინამიკას საქართველოში.

პირველ რიგში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უნდა განვიხილოთ არა როგორც ცალკე აღებული, არამედ როგორც სახელმწიფო და საერთაშორისო  პოლიტიკის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივ-ეკონომიკურ პრობლემებს საბაზრო მექანიზმებს ანდობს, ხოლო საბაზრო მექანიზმები მოგებას რისკების სოციალიზაციის მეშვეობით აკეთებენ (მოგება პრივატიზებულია, ხოლო რისკები სოციალიზებული – ნ. ჩომსკი). “მისოების” მთავარი იდეოლოგების მიხედვით, სიღარიბის დაძლევის საფუძველი “სამეწარმეო სულისკვეთების” განვითარებაა, რომელსაც ხელს უწყობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ის, რომ “სამეწარმეო სულისკვეთება”, დღეს, სრულიად კოლექტიურ ხასიათს ატარებს, ხოლო  ჰეროიკული მეწარმის ფორმა დიდი ხანია გაქრა, რა თქმა უნდა, გამოტოვებულია ანალიზიდან.  როდესაც “მისოების” დაპირებული შედეგები არსად ჩანდა, იდეოლოგები განსაკუთრებით თვითკრიტიკულები გახდნენ და შენიშნეს, რომ “მისოები” პანაცეა არაა. ჩვენ კი თეორიული კუთხით განვიხილოთ რამდენიმე ასპექტი. სამხრეთ აფრიკის, ბოსნიის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების წარუმატებელი მაგალითები, რომელიც “მისოების” ექსპანსიამ გამოიწვია ქვემოთ, ლიტერატურაში იქნება მითითებული.

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას აყოვნებს დიდი, არაფორმალური სექტორი და თვითდასაქმება, რომელიც ძირითადად, საკუთარი თავის ფიზიკური კვლავწარმოების პროცესშია ჩართული (და არა კაპიტალის დაგროვების პროცესში მაგალითად). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ქვეყნების პრობლემა ისაა, რომ სამუშაო ძალის დიდი ნაწილი მონაწილეობს არაკაპიტალისტურ მეურნეობებში და ეკონომიკური ზრდის მოცემა არ შეუძლიათ. მილფორდ ბატემანი და ჰა-ჯოონ ჩანგი სტატიაში „მიკროფინანსების ილუზია„ საუბრობენ მიკროსაფინანსო სტრატეგიის მასშტაბით განპირობებული ეკონომიის უარყოფაზე. წარმოების ყველა სექტორისთვის არსებობს წარმოების ეფექტური მასშტაბის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც ფირმებს გადარჩენა არ შეუძლიათ. მიკროსაფინანსო მოდელი ისეთი სახის მიკროსაწარმოების გამრავლებას უწყობს ხელს, რომლებიც ამ საზღვართან ახლოს მოძრაობენ. მათი ჭარბი მიწოდება კი, აბრკოლებს უფრო ეფექტური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. ვინაიდან ზეწოლის გამო, მიკროსაწარმოებს უწევთ ხარჯების მაქსიმალური დაპრესვა, მიკროფინანსების ჭარბი მიწოდების დროს, ისინი იკავებენ ბაზრის დიდ ნაწილს, უფრო ეფექტური საწარმოების ხარჯზე, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ხარჯების შემცირება და პროდუქტიულობის ზრდის მოცემა შეუძლიათ. ჩანგის აზრით, სწორედ ასეთი არაეფექტური მირკოსაწარმოებისკენ მიედინება ფინანსების უმრავლესობა, რაც ამცირებს ისეთი მცირე და საშუალო სექტორის წილს, რომელიც ფორმალური დასაქმების პირველი წყაროა გარდამავალ და განვითარებად ქვეყნებში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იდეოლოგია ახდენს სიღარიბისა და უთანასწორობის დეპოლიტიზაციას და გამოსავლად გვთავაზობს არა კოლექტიურ-სოლიდარული ან სახელმწიფო-ფინანსურ ინსტიტუციებს, არამედ ინდივიდუალიზებულ მოქმედებას, მითიურ სამეწარმეო სულისკვეთებაზე დაყრდნობით[11]. სტრუქტურული პრობლემების ინდივიდუალიზებულ ხედვაზე დაყვანა კი, ხელს უშლის პრობლემის (ამ შემთხვევაში, სიღარიბის) რეალურად აღმოფხვრას, მშრომელი და გაღარიბებული მოსახლეობის პოლიტიკურ მობილიზაციას.  სამწუხაროდ, ეკონომისტები და დამჯერი ნეოლიბერალი პოლიტიკოსები გულში იმეორებენ “სეის კანონს” – “მიწოდება ქმნის საკუთარ მოთხოვნას”, რომელიც ჯერ მარქსმა, ხოლო მოგვიანებით კეინზმა ზურგზე დასცეს. უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოახდინეს მისოებმა ვალების მიწოდება მომგებიან საქმიანობაში, თუმცა ამ კრედიტებზე მოჭარბებულმა მოთხოვნამ, საბოლოოდ, უფრო დიდი სიღარიბე და ვალები წარმოქმნა.

კაპიტალისტისგან განსხვავებით, რომელსაც მშრომელების დასაქმება და კონცენტრირება (მატერიალურ-სივრცითი წინაპირობა მშრომელთა სოლიდარობისთვის) ფიქსირებული კაპიტალის მოძრაობაში მოყვანისთვის ესაჭიროება, რათა მიითვისოს ნაწარმოები ზედმეტი ღირებულება, მიკროფინანსისტი აფინანსებს არა მსხვილ მანქანა-დანადგარებს, არამედ უზრუნველყოფს მარტივ სამუშაო იარაღების და მცირე აქტივებისთვის შესაძენად საკმარის კრედიტს. “მიკროწარმოების შესაძლო გამომუშავებული ნაჭარბი ძლივს უზრუნველყოფს “გადარჩენას”, მაგრამ რადგან ინვესტიციები ასეთი მცირეა, ბრუნვა კი შედარებით მაღალი, მსესხებელს შეუძლია გადაიხადოს მაღალი საპროცენტო განაკვეთი საკუთარ ვალზე. კაპიტალისტს აღარ ესაჭიროება შრომის ორგანიზება და მართვა. მას შეუძლია ამოიღოს მაღალი უკუგება საკუთარ კაპიტალზე, არა ხალხის დასაქმების მეშვეობით, არამედ საკუთარი კაპიტალის მეშვეობით, მცირე ბიზნესის დაფინანსებით, თანაც იმ ნიღბის ქვეშ, რომ მათ დახმარებას უწევს მეწარმედ გახდომაში. ამ მეწარმეებისთვის კი უმჯობესია ერთმანეთს შეეჯიბრონ, ვიდრე გაერთიანდნენ კაპიტალის წინააღმდეგ” (Harper 2011: 59).

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ხდება “ჰიპერ-კონკურენციის” წახალისება მაშინ, როდესაც საჭიროა კოლექტიური მოქმედება. ლინდა ვეისი საკუთარ წიგნში, (“კაპიტალიზმი: მცირე და საშუალო ბიზნესი 1945 წლიდან“) იტალიური და იაპონური წარმატებული მიკროსაწარმოებზე დაკვირვების შედეგად ასკვნის, რომ თანამედროვე მიკროკაპიტალიზმის საფუძველი არა კონკურენტული ინდივიდუალიზმი, არამედ კოლექტიური მოქმედებაა. გაძლიერებული კონკურენცია კი სიღარიბეში ვერ იმუშავებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ წვრილი და ინტენსიური კონკურენცია, ერთი მხრივ, შექმნის ჭარბ ნაწარმს (ბევრი გაიწევს მომგებიანი საქმიანობისკენ), ამით შეამცირებს ფასებს, რაც მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, უფრო მეტ საოჯახო მეურნეობას ჩაითრევს ვალების მორევში და უფრო მეტად გააღატაკებს, ამის მაგალითები კი უამრავია. მეორე მხრივ, განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი სამეწარმეო სულისკვეთება არსებობს და წვრილი მეწარმეებიც უამრავია (იხ: ჩანგის ქვემოთ მოცემული სტატია). საქმე ისაა, რომ არ არსებობს საკმარისი მოთხოვნა და ეკონომიკური განვითარება სწორედ არაფორმალური სექტორის წყალობით ყოვნდება. ამ და სხვა გავლენების გამო, მიკრო საფინანსო პოლიტიკას შეუძლია მნიშნველოვანი გავლენის მოხდენა ქვეყნის მაკროეკონომიკულ განვითარებაზე. რეალურად კი, ის შეგვიძლია მივიჩნიოთ დეინდუსტრიალიზაციის და „ანტი-დეველოპმენტარისტულ“ ეკონომიკურ პოლიტიკად.

 

უმუშევრობა

მაღალი უმუშევრობის ფონზე, უმუშევარი მოსახლეობის ვალებს, დასაქმებული მოსახლეობა იხდის, რაც ახალისებს დასაქმებულების უფრო ინტენსიურ ექსპლუატაციას სამუშაო ადგილებზე. საქართველოში დასაქმებული სამუშაო ძალის დიდი ნაწილი ვალებზეა დამოკიდებული. ძლიერი კაპიტალისტური ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ამ ვალების დიდ ნაწილს ფიზიკური თვითგადარჩენისთვის იღებენ და არა ცხოვრების საზოგადოებრივად განსაზღვრული სტანდარტის შენარჩუნებისთვის (უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და მთელი რიგი ფაქტორები ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამუშაო ძალის ღირებულებაზე ქვემოთ გაყიდვისთვის, რასაც ჩვენი პატრიოტი კაპიტალისტები მოქნილად იყენებენ). მშრომელები, რომლებიც ვალებით არიან დატვირთულნი, ხშირად დამსაქმებელი კაპიტალისტებისგან სუპერ ექსპლოატაციას თანხმდებიან. ეს ასევე ასუსტებს მშრომელების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის სამუშაო ადგილებზე[12].

სხვა შემთხვევაში, ვალების ანაზღაურება ფინანსური ორგანიზაციების მიერ მატერიალური ქონების მითვისებით ანდა მევალის მიერ ვალების უფრო მეტით დაგროვებით ხდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ძირითადად, სწორედ ქონების უზრუნველყოფით გასცემენ სესხებს და არა შემოსავლების ანალიზზე დაყრდნობით. როგორც ცხრილზე ხედავთ, საქართველოში  “მისოების” მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 2015 წლისთვის თითქმის 8 მილიონ ლარს მიაღწია. ამ შემთხვევაში ვერ გამოვტოვებთ, კომერციული ბანკების და კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული ქონების, საგანგაშო სტატისტიკასაც.

7

ასევე, სწრაფად იზრდება მათი აქტივები – 1,546 მილიარდი ლარი. ამ ორგანიზაციებს 1,160 მილიარდი ლარის კრედიტი აქვთ გაცემული. ყველაზე დიდი წილი სამომხმარებლო სესხებზე მოდის – 560 მილიონი ლარი, შემდეგია სოფლის მეურნეობა – 245 მილიონი ლარი და მას მცირედით ჩამორჩება ვაჭრობა – 238 მილიონი ლარი. სესხების უმრავლესობა გაიცემა მოხმარების საშუალებების დაკმაყოფილებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს რეალური ხელფასების დაბალი მაჩვენებლით.  2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით კი, „მისოების“ მოგებამ 268 მილიონს მიაღწია.

8

მიკროსესხები იწვევენ სიმდიდრის გადაქაჩვას ღარიბებიდან მდიდრებში – კაპიტალისტი ამ გზით ითვისებს არა მარტო უკვე გამომუშავებულ ხელფასს, არამედ მომავალში გამოსამუშავებელსაც, რაც უღარიბესი ფენებისთვის უმძიმესი ტვირთია. იმის მიუხედავად, რომ მოხმარების ზრდა, ზრდის ეკონომიკასაც (მშპ-ს), არსებობს მოხმარების ზრდის უფრო რეალური საშუალებები,  მაგალითად სახელმწიფოს ინვესტიციები და მოთხოვნის სტიმულირება. თუმცა, ეს არც ისე რადიკალური პოლიტიკა დღეს ტაბუირებულია, საერთაშორისო და ადგილობრივი ელიტების მიერ. განვითარებული ეკონომიკების მაგალითზე კარგად ვნახეთ ვალებზე დაფუძნებული ზრდის (ხელფასებზე დაფუძნებული ზრდის საპირისპიროდ)  სავალალო შედეგები, 2008 წელს ბუშტის გახეთქვის და ფინანსური კრიზისის სახით. საქმე ისაა, რომ მიკროკრედიტები  დაკავშირებულია საკუთრებაზე ფასების  ბუშტთან –  “საკუთრებაზე ფასის ზრდა იწვევს “სიმდიდრის ილუზიას”, რის გამოც, საშუალო კლასი მეტ სამომხმარებლო კრედიტს იღებს და ხარჯავს. ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ, საკუთრების ფასები ვარდება და აღებული კრედიტები მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას, რაც იწვევს მათი უღარიბესი ნაწილის გაღატაკებას”.

ნათელია, რომ მიკრო საფინანსოებზე მთავარი მოთხოვნილება მომდინარეობს ქვეყანაში უმუშევრობის და დაბალანაზღაურებადი სამსახურების გამო. ასევე მნიშვნელოვანია უთანასწორობის მზარდი მაჩვენებელიც (საქართველო ჯინის ინდექსის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში .41). რა თქმა უნდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პარაზიტიზმთან ბრძოლა მაკროეკონომიკული ეკონომიკური ცვლილების გარეშე შეუძლებელია. მოკლე ვადიან პერსპექტივაში კი, აუცილებელია, სახელმწიფო გაემიჯნოს “ჩაურევლობის” პოლიტიკას და უზრუნველყოს რეგულაციები, რომლებიც დაიცავს მოსახლეობას, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და კერძო მევახშეებისგან, რომლებიც ზიანს აყენებენ არა მხოლოდ პიროვნებებს, არამედ მთელ ეკონომიკას რესურსების არაპროდუქტიული (არაპროდუქტიული სექტორებისკენ) მიმართვით. ეს ხდება (1) ფინანსური ელიტების სასარგებლოდ, (2) რითიც ყოვნდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არამხოლოდ დღეს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. საქართველოს ეკონომიკისთვის მეტად კრიტიკულია სავაჭრო დეფიციტი, წარმოების დაბალი მაჩვენებელი და უმუშევრობა. ნაცვლად ამაზე ორიენტირებისა, ფინანსები მიედინება რეინტე და პარაზიტულ საქმიანობაზე ორიენტირებული ორგანიზაციების და სექტორებისკენ. მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან, ერთად უნდა განვიხილოთ ასევე სათამაშო ბიზნესი და სხვა სპეკულაციური ბიზნესები, რომლებიც მუშათა კლასისთვის არა გართობის საშუალება, არამედ გადარჩენის საშუალებად და ცხოვრების სტანდარტების უზრუნველყოფისთვის მოიხმარება.  ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალიც, რომელსაც მომავალი შესწავლა ესაჭიროება. მიკრო საკრედიტო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, სავარადუდო, დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით და არა ეროვნული დანაზოგებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოგების დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ გაედინება, ანუ არ ხმარდება შიდა ეკონომიკას. ჩვენს კონტექსტში ვალებით მოხმარების ზრდას არ შეუძლია ჰქონდეს წარმოების ზრდის მულტიპლიკატორის ეფექტი, რადგანაც ეროვნული წარმოება თითქმის სრულიად ჩანაცვლებულია იმპორტული საქონლით.

მიუხედავად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების განსხვავებული დინამიკისა, უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში, ფინანსური კაპიტალის ბუნება იგივეა. ის ცდილობს მაქსიმალური მოგების ამოღებას ყველანაირი საზოგადოებრივი სამსახურის გაწევის და წარმოების პროცესში ჩართვის გარეშე[13]. დიდ პრობლემას წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზოგადი პოლიტიკაც, რომელიც ახალისებს კომერციული დაწესებულებების მავნებლურ პოლიტიკას, თუმცა ამ საკითხს ცალკე სტატია დასჭირდება.

თანამედროვე  საზოგადოებებში, ფულადი შემოსავლებისა და საჭიროებებს შორის განსხვავება მზარდია, რაც ზრდის შინამეურნეობების ვალებს და წარმოქმნის ახალი ფორმის ექსპლუატაციას. ეს ხდება არა შრომასა და კაპიტალს შორის პირდაპირ ურთიერთობის შედეგად, არამედ ფინანსური სექტორის მიერ, შრომის მიერ ნაწარმოები ახალი ღირებულების ამოღებით. მიკროსაფინანსოების საქმიანობა ამ პროცესს ამძაფრებს. ამიტომაც, მიკროფინანსები ახდენენ არა აბსტრაქტული “მომხმარებლის” ექსპლუატაციას, არამედ, საბოლოო ჯამში, ჩართულნი არიან დასაქმებული თუ დაუსაქმებელი მშრომელების ექსპლუატაციაში და ქონების ექსპროპრიაციაში, რაც კაპიტალის დაგროვების ფინანსიალიზაციის ერთ-ერთი “ინოვაციური” ფორმაა.

 

რეკომენდირებული ლიტერატურა:

http://economix.blogs.nytimes.com/2013/06/25/labors-declining-share-is-an-international-problem/

https://boomandslump.wordpress.com/

http://monthlyreview.org/2006/11/01/the-explosion-of-debt-and-speculation/

http://www.ft.com/intl/cms/s/0/7f04461c-964c-11e0-afc5-00144feab49a.html#axzz41ngk71Ho

http://www.odi.org/sites/odi.org.uk/files/odi-assets/publications-opinion-files/6291.pdf

http://www.theguardian.com/global-development/poverty-matters/2011/mar/09/microfinance-neoliberal-fairytale

http://www.odi.org/sites/odi.org.uk/files/odi-assets/events-presentations/764.pdf

http://www.un.org/esa/desa/papers/2009/wp89_2009.pdf

http://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=2385174

https://books.google.ge/books/about/Confronting_Microfinance.html?id=bM2qkd7Z4j0C&redir_esc=y

https://books.google.ge/books/about/Finance_Against_Poverty.html?id=7iAlB6e0j2QC&redir_esc=y

http://monthlyreview.org/2015/03/01/bangladesh-a-model-of-neoliberalism/

http://www.forbes.com/2010/12/09/microfinance-myths-muhummad-yunus-entrepreneurs-finance-jude-fernando.html

http://lup.lub.lu.se/luur/download?func=downloadFile&recordOId=5435623&fileOId=5435625

https://books.google.ge/books?isbn=1135047596

 

[1] ანვარ შაიხი და აჰმედ ტონაკი ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე ასკვნიან, რომ (1) “კეთილდღეობის სახელმწიფოში” სოციალური სიკეთეების დანახარჯები უზრუნველყოფილი იყო თავად მათი მიმღებთა გადასახადებით. რაც გულისხმობს, რომ (2) მტკიცება, თითქოს “სოციალური სიკეთეების” დანახარჯები წარმოადგენდა ფისკალური დეფიციტის და ზრდის შეფერხების წყაროს, მცდარია, რადგანაც ეს სიკეთეები “თვითდაფინასნებული” იყო. ავტორები კრიზისის ფუნდამენტურ მიზეზად მოგების ნორმის დაცემის ტენდენციას ასახელებენ. ანუ, ავტორები სისტემის კრიზისს ხსნიან არა ეკონომიკის გარე ძალების გავლენით (სახელმწიფოს რედისტრიბუციული პოლიტიკა), არამედ კაპიტალის შინაგანი კანონებით.  იხილეთ :

http://www.anwarshaikhecon.org/index.php/publications/welfare-state .

ასევე იხილეთ –  https://www.marxists.org/subject/economy/authors/yaffed/1979/index.htm

[2] იხ :  Profiting Without Producing: How Finance Exploits Us All. Costas Lapavitsas ; ავტორის საჯარო ლექციები ხელმისაწვდომია ინტერნეტში, როგორც მისი სხვა წერილები ფინანსიალიზაციასთან დაკავშირებით. ასევე : The financialization of the American economy. Greta R. Krippner ასევე – THE REAL AND FINANCIAL COMPONENTS OF PROFITABILITY (USA 1948-2000) . ბოლო ორი წყარო ინტერნეტში თავისუფლად ხელმისაწვდომია.

[3] იხ : http://www.rdwolff.com/content/wages-global-capitalism

[4] იხ : http://economix.blogs.nytimes.com/2013/06/25/labors-declining-share-is-an-international-problem/

[5] ფულადი კაპიტალის მფლობელისთვის, წარმოების პროცესი გარდაუვალ შუალედურ რგოლად, აუცილებელ ბოროტებად წარმოდგება, ფულის გასაკეთებლად. ამიტომაც ყველა ქვეყანა, სადაც კაპიტალისტური წარმოების წესი პერიოდულად  შეპყრობილია გაშმაგებული სურვილით და ცდილობს, აკეთოს ფული წარმოების პროცესში ჩარევის გარეშე. მარქსი – კაპიტალის ტ2.

[6] მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ როდესაც ვეხებით მოხმარების კრიზისს ანუ ე.წ. ეფექტური მოთხოვნის დეფიციტს, აუცილებელია კაპიტალისტური წარმოების წესის ზოგადი ანალიზი, რადგანაც კაპიტალისტური მოხმარება (და მოხმარების კრიზისი)  სრულიად განსხვავდება ზოგადად მოხმარებისგან და მოხმარების იმ საზოგადოებრივი ფორმებისგან, რომლებიც კაპიტალისტური წარმოების წესამდე არსებობდა.

[7] მარქსისტული ანალიზი სრულიად არ თვლის უთანასწორობის ზრდას კაპიტალისტური განვითარების რომელიმე ეტაპისთვის უნიკალურად. შემოსავლების უთანასწორობა თავისთავად ნაგულისხმევია კლასობრივ საზოგადოებაში, რომლის ფუნდამენტიც ექსპლუატაციაა. ის რომ კრიზისი თავდაპირველად, აუცილებლად ფინანსურ სექტორში იჩენს თავს, მარქსისთვის საკმაოდ ნათელია. იხ კაპიტალი ტომი 3.

[8] მინსკის “ფინანსური სიმყიფის თეორია”. მინსკის ზოგად  ანალიზს შეგიძლიათ გაეცნოთ ელგუჯა მექვაბრიშვილის სტატიაში – “კარლ მარქსი და ჰაიმან მინსკი” .

[9] იხ: Jonathan Morduch 1999;  Esther Duflo 2010.

[10] პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რიტორიკა ერთი-ერთში იმეორებს, ნეოლიბერალური ინდივიდუალური “სამეწარმეო სულისკვეთების” იდეოლოგიას, რომლის გაძლიერებაც სინამდვილეში სახელმწიფოს ეკონომიკისგან დაშორებასთან ასოცირდება. პრემიერის აზრით, საბჭოთა მემკვიდრეობა აბრკოლებს მოსახლეობაში მეწარმეობის სულისკვეთებას. თუმცა, ღიად რჩება კითხვა, რატომ არ უშლის ხელს კომუნისტური მემკვიდრეობა ჩინეთს წარმოუდგენელ ეკონომიკურ ზრდაში. შეიძლება პასუხი სახელმწიფოს  ეფექტურ ინდუსტრიულ პოლიტიკაში იყოს?

[11] ის რომ ინდივიდუალური სამეწარმეო სულისკვეთება ვეღარ მუშაობს ამას თავად შუმპეტერი შორეულ 1940 წელს წერდა.

[12] ვინც შრომით დავებში აქტიურადაა ჩართული, კარგად მოეხსენება, რომ გაფიცვების შეწყვეტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისიცაა, რომ მშრომელები მზარდი ვალებით არიან დატვირთულნი. როდესაც “ჯორჯიან ამერიქან ელოიზმა” დროებით შეწყვიტა მაღაროს მუშაობა, მას მოუწია მშრომელების ვალების ნაწილობრივი გასტუმრებაც. თუკი შევხედავთ მაღაროში დასაქმებულების თვიურ მოხმარებას, დავინახავთ, რომ მათი დასაქმება ვერ უზრუნველყოფს საშუალო ცხოვრების სტანდარტს. ამ შემთხვევაში, გვაქვს ინდუსტრიული და ფინანსური კაპიტალის მიერ შრომის ექსპლუატაციის კომბინირებული მოქმედების იდეალური მაგალითი.

[13] ნეოკლასიკური ეკონომიკის “სიბრძნემ” გააქრო განსხვავება პროდუქტიულ და არაპროდუქტიულ კაპიტალს შორის, რაც ყურადღების წარმოებიდან დისტრიბუციაზე გადატანით და წარმოების ობიექტური პროცესის სუბიექტურ მიზნებზე (შრომის ღირებულების, ან ხარჯთფასით განსაზღვრული ღირებულების თეორიის ზღვრული სარგებლიანობის ღირებულების სუბიექტური თეორიით ჩანაცვლება)  დაყვანით მოახდინა. მიპყრობილი ეს მავნებლური პრაქტიკაა, რომელიც ანადგურებს ეკონომიკას როგორც საზოგადოებრივად საჭირო მეცნიერებას. დღეს კრიტიკულ აკადემიურ წრეებში, რენტიე კაპიტალიზმის და ფინანსიალიზაციის დამანგრეველი შედეგების გამო, მასიურად ხდება ნეოკლასიკურიდან კლასიკურ პოლიტეკონომიისკენ დაბრუნება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ