ერიკ რეინერტი: „ეპოქის სული“ გარდამავალ პერიოდში – როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები სიღარიბეში

(ადაპტირებული ვერსია).[1]

მთარგმნელი: თორნიკე ჩივაძე

ეს ტექსტი წარმოადგენს, ფრანგული გამოცემის შესავლის უმნიშვნელოდ შემოკლებულ ვერსიას,  წიგნისა – “როგორ გამდიდრდნენ  მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები სიღარიბეში.”

ერიკ რეინერტი არის ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტი, ჰარვარდისა და კორნელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჰეტეროდოქსული ეკონომიკის ერთ-ერთი გამოჩენილი ავტორი. რეინერტი ცდილობს გაანალიზოს ეკონომიკური განვითარება ისტორიულ კონტექსტში. ამისათვის, მან გაანალიზა სახელმწიფოების პოლიტიკური პრაქტიკები ინდუსტრიული და სავაჭრო პოლიტიკის მხრივ. იგი 2004 წლიდან არის ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი. 

© European.ge

ძალზედ მოხარული ვარ, რომ ეს წიგნი უკვე ფრანგულ ენაზეც ხელმისაწვდომია. ნაშრომში ნათლადაა გამოხატული, რომ მასში განვითარებულ ბევრ იდეას ფრანგული საფუძვლები აქვს, რომლებიც კოლბერტიზმის ნაციონალური სტრატეგიიდან იღებენ სათავეს[2]. მართლაც, პირველ ნათელ მსჯელობას ეროვნული ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ, ლაფემანსის 1597 წელს გამოცემულ ნაშრომში ვხვდებით. ჩანართში, რომელიც 8 კითხვისა და პასუხისაგან შედგება. წარმოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გავლენით ერის ფორმირების კოლბერტიანულმა პრინციპებმა, მოგვიანებით თანამედროვე ევროპის ჩამოყალიბების/შენების ძირითადი მიმართულება მოხაზა.

2006 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში, მაშინ როცა ამ წიგნის ბოლო სტრიქონებს ვწერდი, სამი პროგნოზი გავაკეთე

  1. ფინანსური კრიზისი უფრო და უფრო მოსალოდნელია. 2. კეინსიანიზმი შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს ახალ და გლობალიზებულ კონტექსტში. 3. “თავისუფალი ვაჭრობა” როგორც თანამედროვე ეკონომიკური წესრიგის ცენტრალური ღირებულება, სავარაუდოდ შეაყოვნებს მომავალი პრობლემების გადაჭრას. ისევე როგორც “ოქროს სტანდარტის” ჯიუტმა რწმენამ შეაფერხა კეინსიანიზმი 30 იან წლებში.

პროგნოზის პირველი ნაწილი სწორი აღმოჩნდა – 2008 წელს დასავლეთმა კერძო სექტორში დიდი ფინანსური კრიზისი განიცადა. ამ სიტყვების წერისას, ჯერ კიდევ მიმდინარე კრიზისის დასაწყისში,  სახელმწიფოებმა მოზრდილი ვალები აიღეს. თუმცა  მიუხედავად ამისა, მეორე ვარაუდი, საერთაშორისო მასშტაბით კეინსიანიზმის დაბრუნების შესახებ არ მართლდება. თუ 2008 წლიდან ამ საკითხის გარშემო დისკუსიების მეტ-ნაკლებ გააქტიურებას არ ჩავთვლით.

ის, რაც ჩვენ ამერიკასა და ევროკავშირში ვიხილეთ, კეინსიანიზმის საპირისპიროა. პოლიტიკური სივრცე  მონეტარისტული საშუალებებით იქნა ათვისებული. საბიუჯეტო ხარჯვის და ერთიანი ეროვნული მოთხოვნის შემცირება კეინსიანური მიდგომის საწინააღმდეგოდ, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს წარმოება, მოთხოვნა და დასაქმების ზრდა. ევროპა და ამერიკა ახლა ცდიან ისეთივე პირველად პოლისებს, როგორიც 1998 წლის აზიის კრიზისისას გამოიყენებოდა. როგორც ჩანს დასავლეთმა გაკვეთილიდან ვერაფერი ისწავლა  და თუ ინტუიციას დავუჯერებთ, შედეგად მივიღებთ წარმოების განადგურებას ბანკების გადარჩენის ხარჯზე.

საბოლოო განაჩენი ჯერ კიდევ პროგნოზის მესამე ნაწილზეა დამოკიდებული, რაც “თავისუფალი ვაჭრობის,” როგორც მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ქვაკუთხედის გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც ჩანს, ევრო წარმოადგენს ოქროს სტანდარტის ერთგვარ ვარიანტს, რაც აბრკოლებს იმას, რასაც წინათ ევროპული ქვეყნები გაცვლითი კურსის ცვლილებით ახდენდნენ. ეკონომიკურად “უპასუხისმგებლო” ქვეყნებს  როგორც წესი ვალუტების გაუფასურება უხდებოდათ.. ამას ორგვარი მომგებიანი შედეგი ჰქონდა ა) მათი ეკონომიკა საერთაშორისო მასშტაბით კვლავ კონკურენტურანი ხდებოდა, და ბ) ამავდროულად მცირდებოდა სახელმწიფო ვალის ღირებულება, რომელიც ძირითადად ეროვნულ ვალუტაში იყო.. მაგალითად, იტალიას ტრადიციულად დიდი სახელმწიფო ვალი გააჩნდა, თუმცა ლირაში.

სანამ “თავისუფალი ვაჭრობა” ძალაში იქნება, “სავაჭრო ომების” ნაცვლად “სავალუტო ომები” გვექნება. . სავალუტო ომები ხელს უწყობს სპეკულაციური აქტივობის ზრდას და დიდი მოგების აკუმულირებას ფინანსურ სექტორში. , მაშინ როცა ე.წ. “სავაჭრო ომები” ძირითადად რეალურ ეკონომიკასა და დასაქმებაზე ახდენდა გავლენას.

არსებულმა ეკონომიკურმა სტრატეგიამ, უკვე  მიაყენა დიდი ზიანი ევროპულ პერიფერიებს.  ყველა ხედავს საბერძნეთის პროტესტს, მაგრამ ლატვიის (ასევე ევროპული პერიფერია) ეკონომიკური სიდუხჭირე უმეტესად უყურადღებოდაა დარჩენილი. ეგრეთ წოდებულმა “შიდა დევალვაციამ” რეალური ხელფასების 30 პროცენტიანი შემცირება გამოიწვია. უმუშევრობა და დაბალი საცხოვრებელი სტანდარტები ხალხს ქვეყნის დატოვებისაკენ უბიძგებს. მოსახლეობა 20%-ით შემცირდა: 2000 წელს ის 2.38 მილიონი იყო, ხოლო დღეს  1.9 მილიონამდეა შემცირებული. ლატვიის შობადობის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ერი საფრთხის წინაშეა, რადგანაც ხალხმა ბავშვების გაჩენა შეწყვიტა. 1987 წელს ლატვიაში 42.000 ბავშვი დაიბადა, 2010 წელს კი მხოლოდ 18,000-ი. ლატვია ეკონომიკური დაცემის კლასიკურ გზას  მიჰყვება: 1. დეინდუსტრიალიზაცია (1990 წლიდან), 2. დეაგრიკულტურიზაცია (აგრიკულტურის სიკვდილი), და 3. დეპოპულაცია.

ანალოგიური პროცესი დეინდუსტრიალიზაციის და რეალური ხელფასების დაცემის მიმართულებით, პირველად მესამე სამყაროს პერიფერიებში შეიმჩნეოდა. ეს ნაჩვენებია  წიგნის 14-ე ცხრილში, სადაც მოყვანილია პერუს მაგალითი.

1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, იგივე მექანიზმები ამოქმედდა ყოფილ მეორე სამყაროში (ყოფილი კომუნისტურ სივრცე). მაგალითისთვის მოყვანილია მონღოლეთი, თუმცა ანალოგიურ პროცესებს ჰქონდა ადგილი რუსეთშიც. (რეალური ხელფასების შემცირება და რეალური ხელფასების დაცემა მშპ-ს წილში). საბოლოოდ კი კრიზისი, რომელიც გამოწვეულია დეფექტური ეკონომიკური თეორიით, რომელიც უარყოფს წარმოების და ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს როლს, თავად პირველი სამყაროს ბირთვს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს მოადგა. ნეოლიბერალური რევოლუციის გამანადგურებელი ძალა ჯერ მესამე სამყაროს, შემდეგ მეორე სამყაროს  და ახლა კი პირველი სამყაროს ქვეყნებში გამოვლინდა.

წიგნში დადებითადაა წარმოჩენილი ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაფუძნებული ირლანდიური სტრატეგია, რომელიც ოთხმოციანი წლებიდან იწყება. ეს წარმატებები მართლაც გასაოცარია. 1986 წლიდან 1996 წლამდე ირლანდიის ზრდის მაჩვენებელი ორჯერ აღემატებოდა OECD -ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და ყოველწლიურად  5.1% შეადგენდა 2.4%-ის საპირწონედ, ხოლო 1996 წლისთვის სახელმწიფო საბიუჯეტო დეფიციტი ფაქტიურად 0-ზე ჩამოვიდა. თუმცა, ამის შემდეგ ირლანდიური ეკონომიკა განიცდის დიდ სპეკულაციურ ზრდას, რამაც შემდეგ ბუშტის გახეთქვა გამოიწვია. ამას დაემატა ირლანდიის მთავრობის მთავარი შეცდომა: ორი წამყვანი ბანკის დახმარება (ანგლო ირლანდიული ბანკი და Irish Nationwide Building Society). ამ ყველაფერმა, ირლანდიის საერთო საბიუჯეტო დეფიციტი უპრეცენდენტო ზომამდე  გაზარდა და 2010 წელს მშპ-ს 32% იშეადგინა.  ასე რომ ირლანდიის ტექნოლოგიური სტრატეგიის წარმატების ჩემეული ანალიზი კვლავ ძალაშია. ამ სტრატეგიამ ასევე გამოიწვია “ტვინების ზრდის” საოცარი პროცესი. დიდი ოდენობით კვალიფიციური ემიგრანტების  დაბრუნება ირლანდიაში სამუშაოდ. დღეს ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა. ოღონდ,  არა ინდუსტრიული სტრატეგიის 3-4 ჩავარდნის, არამედ სპეკულაციური ბუშტის მიზეზით, აგრეთვე  იმ ბანკების  დახმარების გამო, რომელთა გაკოტრებისთვისაც ხელი არ უნდა შეეშალათ. ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ ეს შვედეთმა და ნორვეგიამ გააკეთეს.

ამ დროს კი დასავლეთი, როგორც ჩანს ჩაკეტილია ცივი ომის დროინდელ “მემარცხენე” და “მემარჯვენე” დაპირისპირების რიტუალურ დებატებში, რომელიც  მეინსტრიმული ეკონომიკური იდეოლოგიის ტყვედაა ქცეული. ეს ორი უკიდურესი ჯგუფი, როგორც წესი სახელმწიფოს ან ბიზნესს ადანაშაულებს ეკონომიკური დინამიურობის ნაკლებობის გამო, როდესაც  ფინანსური სექტორი რეალურ მესაჭედ გვევლინება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთში “თავისუფალი ბაზრის” რწმენას არასასურველი უბილეთო მგზავრი ახლავს თან. “თავისუფალი ბაზრის” გაგების ფარგლებში  ფინანსურ სექტორს უფლება მიეცა, შეექმნა იმდენი ფული რამდენიც უნდოდა,  მერე კი ეს ფული იმ ქვეყნებზე (მაგ. საბერძნეთი) და ფიზიკურ პირებზე გაესესხებინა (მაგ. სუბსტანდარტული იპოთეკური სესხები), რომლებსაც წესით კრედიტები არ უნდა მიეღოთ,  და გაეგზავნათ დეფოლტირებული სესხების ანგარიშები რეალურ სექტორში მყოფი გადამხდელებისთვის. სხვა სიტყვებით, “თავისუფალი ბაზარის” განსაზღვრებამ, მოიცვა ფინანსური სექტორისთვის პონცი სქემების [ფინანსური პირამიდების] [3] შექმნის თავისუფლება რეალური სექტორისგან ნაგულისხმევი გარანტიით.  ამგვარად ფინანსური სექტორი, რომელიც ჩვეულებრივ ოპერირებს, როგორც რეალური ეკონომიკის ზედნაშენი, კეინსის სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც “დროის ხიდი”,  გადაიქცა პარაზიტად, რომელიც იკვებება რეალური ეკონომიკის მსყიდველისუნარიანობის ხარჯზე. საბერძნეთი, რომელსაც რეალური ხელფასების პერმანენტული  შემცირება მოუწია, რათა ბანკებისათვის გადაეხადა , ამ ეკონომიკური პარაზიტიზმის ადრეულ მაგალითს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ წინად ფინანსური სექტორის კრიზისული ხასიათი და მისი კონტროლის საჭიროება კარგად იყო გაცნობიერებული როგორც მემარცხენე ისე მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრის მიერ. მარქსი კაპიტალის მესამე ტომში ნათლად ხსნის ფინანსური კრიზისის ფენომენს, ლენინი კი კაპიტალიზმის დასასრულს ფინანსური კაპიტალის ინდუსტრიულ კაპიტალზე გაბატონებაში ხედავს. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური რეკომენდაციებისა, კონსერვატორი მოაზროვნეებიც, შუმპეტერისა და კეინსის სახით, კარგად აცნობიერებდნენ კრიზისის მნიშვნელობას.

წიგნის მეოთხე ცხრილში ძირეულად არის გადმოცემული  განსხვავება შუმპეტერისეულ “Güterwelt” –  სერვისებისა და მომსახურეობის სამყაროს – და Rechenpfennige  –  სათვლელ ერთეულებს  და ჟეტონებს შორის, რომლებიც  ფინანსურ სამყაროს ეკუთვნის. ჰიტლერის და მუსოლინის ეკონომისტებს კარგად ესმოდათ განსხვავება ღირებულების შემქნელ ინდუსტრიულ კაპიტალს (schaffendes Kapital) და raffendes Kapital-ს შორის, რომელიც მხოლოდ აგროვებს სიმდიდრეს, ისე რომ არაფერს ქმნის. ეს ნაცისტური ტიპოლოგია ტრაგიკული გამოდგა არამხოლოდ ინგლისის მტრად გამოცხადებით, არამედ გამოყენებულ იქნა როგორც სასკვდილო რიტორიკა,  ებრაელების მიმართ. ირონიულია, რომ ალბათ ყველაზე დიდი წვლილი ფინანსური კაპიტალის თეორიულად გაანალიზებაში, ებრაელ სოციალ-დემოკრატ,  მარქსისტ ეკონომისტ რუდოლფ ჰილფერდინგს ეკუთვნის. მისი შეხედულებები გადმოცემულია წიგნში “ფინანსური კაპიტალი.” ჰილფერდინგი გესტაპოს მიერ იქნა მოკლული.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ფინანსური კრიზისების გაგება საერთოდ გაქრა, როგორც უკიდურესად მემარჯვენე, ისე უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური წრეებიდან. ეს გაგება იმ დროს დაიკარგა, როცა ნეოკლასიკური ეკონომიკა (დაფუძნებული დევიდ რიკარდოს ეკონომიკაზე, რომელშიც ფინანსური სექტორი არ არსებობს) ერთადერთი მოთამაშე გახდა. როგორც ჩანს, ახლანდელი ევროპული კრიზისი ევროპაში არ გადაილახება, რადგანაც არც მემარცხენე და არც მემარჯვენე პოლიტიკურ იდეოლოგიებს არ გააჩნიათ საჭირო პროფესიული ცოდნა მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათ, ვინც ფინანსური კრიზისი როგორც შესაძლებლობა ისე დაინახეს, პროფესიული თავშესაფარი ძალიან ცოტა უნივერსიტეტში იპოვნეს. მაგალითად, მისურის უნივერსიტეტსა (ქალაქი კანზასი) და ლევის ინსტიტუტში (ნიუ-იორკის მახლობლად ). როგორც მოგვიანებით ვნახავთ, მხოლოდ ამ ცოდნის ნაკლებობას არ უჩივის დღევანდელი მეინსტრიმული ეკონომიკა.

ნეოკლასიკურმა ეკონომიკამ კენეს და რიკარდოს ტრადიციის კვალდაკვალ მოშალა განსხვავება ფინანსურ და რეალურ სექტორებს შორის, რითაც ეკონომიკურმა პროფესიამ შეწყვიტა ფინანსური კრიზისების შესწავლა. გარდა ამისა, დისციპლინა ფოკუსირდა ვაჭრობაზე, ფინანსურ ცვლადებზე და ჩამოცილდა წარმოებას და ტექნოლოგიებს. ამ ორი თეორიული დეფექტის (ფინანსური კრიზისის გაგების არქონა და ტექნოლოგიების და წარმოების რეალური თეორიის არ არსებობა) გაერთიანებამ დამანგრევლად იმოქმედა დასავლურ ეკონომიკაზე. ჩინეთის, ინდოეთის და სხვა აზიური ქვეყნების პრაგმატული ფოკუსი პროდუქტიულ სექტორზე, უფრო და უფრო იკარგება დასავლეთში. ევროპასა და ამერიკაში ფინანსური სექტორი გახდა კუდი, რომელიც ძაღლს (ანუ რეალურ ეკონომიკას) წინ მიუძღვება.

ნაწილობრივ იმის გამო რომ დასავლეთს არ გააჩნია ადექვატური თეორია, ის ეჯახება ორ ზემოაღნიშნულ გამოწვევას: 1) ფინანსურ კრიზისს და 2) სწრაფ ტექნოლოგიურ გადაიარაღებას (განახლებას) აზიაში, რაც გამომდინარეობს წიგნში გადმოცემული შუმპეტერისეული/კოლბერიანული პრიციპებიდან. დასავლეთი დღეს იმ თამაშში მარცხდება, რომელიც წინათ მისი იყო. ადრე ჩვენ ვურჩევდით იმ გამოწვევების წიგნს შესაფერი სათაურს, რომლის წინაშეც დღეს ამერიკა დგას.  2010 წელს ჩინურ გაზეთ “China Daily”-ში სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა კიშორე მაჰბუბანმა მწვავე, თუმცა ჩემი აზრით, საკმაოდ ზუსტი ანალიზი გამოაქვეყნა  დასავლეთის პრობლემების შესახებ:

“მსოფლიო შედის ახალ ეპოქაში.  ეპოქაში რომელიც ორი მთავარი ცვლილებით ხასიათდება: პირველია დასავლური დომინაციის დასასრული – თუმცა არა დასავლეთის დასასრული. მეორეა, აზიური “რენესანსი”, რადგან 21-ე საუკუნე ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკების იქნება…

ეს დასავლეთის ფინანსური კრიზისია, რადგან პრობლემები მომდინარეობს დასავლელი ლიდერების მიერ იმის ვერ გაგებიდან, რომ ისინი ახალ კონკურენტებს შეეჩეხნენ. დასავლურ გონს არ შეუძლია იმის წარმოდგენა, რომ სხვა საზოგადოებები მათზე უფრო წარმატებულები არიან. ხალხი ამერიკასა  და ევროკავშირში საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა ცხოვრობს.[4] ნუთუ, დასავლური სიბრძნე ქადაგებს სესხების მუდმივ აღებას, საბიუჯეტო დეფიციტის უზომო დაგროვების მიუხედავად? დასავლეთმა თავიდან უნდა ისწავლოს დასავლური სიბრძნე აზიისაგან. აზიური საზოგადოებები კარგად მიიწევენ წინ, რადგან მათ გაიგეს და აითვისეს დასავლური სიბრძნის მთავარი “საყრდენები”  ბაზრის, მეცნიერების, კანონის უზენაესობის და განათლების ჩათვლით. მაგრამ თავად დასავლური საზოგადოებები ნელ-ნელა შორდებიან ამ საფუძვლებს.”

რამ დაიცვა აზია ევროპული და ამერიკული განსაცდელისგან?  პასუხი შეიძლება ჩინეთისა და ინდოეთის სიდიდეში იყოს. ისეთმა ქვეყნებმა  როგორიც ბრაზილიაა, გამოიჩინეს  ერთგვარი შინაგანი იდეოლოგიური ინერცია, სანამ ნეოლიბერალური იდეოლოგია პოპულარული გახდებოდა, მისი დამანგრეველი ძალა უკვე გამოაშკარავებული იყო. არც გიჟური შოკური თერაპიის მსხვერპლ რუსეთს გაუმართლა, მასთან დემოკრატია რეალური ხელფასების 50%-იან შემცირებასთან ერთად მოვიდა.

აზიური გამონაკლისის კიდევ ერთი ახსნა, შესაძლოა  ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკური მოქმედების გადაკვეთის ხასიათში იყოს. 1937 წელს როცა შუმპეტერმა თავისი წიგნის,  “ეკონომიკური განვითარების თეორიის” იაპონური გამოცემის შესავალი დაწერა, ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი აღნიშნა. თავად საკმაოდ კონსერვატიული პოლიტიკური შეხედულებების მქონე შუმპეტერმა იგრძნო ვალდებულება იაპონელი მკითხველების წინაშე, რომ მათთვის აეხსნა თუ როგორც ჰგავდა ეკონომიკური განვითარების მისეული გაგება კარლ მარქსის გაგებას. ისინი, ორივენი აკვირდებოდნენ “ეკონომიკური სისტემის შიგნით არსებულ ენერგიის წყაროებს, რომლებიც თავად არღვევდნენ ნებისმიერ შესაძლო წონასწორობას”. ეს ძალებია მეწარმეობა (Entrepreneurship) და ტექნოლოგიური ცვლილებები. შუმპეტერი ასევე აღნიშნავს, რომ მისი და მარქსის ინტერესის თეორია იგივეობრივია, მარქსთან მუდმივი კაპიტალი არ აწარმოებს ზედმეტ ღირებულებას[5], შუმპეტერთან საპროცენტო განაკვეთი სრულ კონკურენციაში ნულის ტოლი იქნება.

როგორც ჩანს, იაპონური და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აღმოსავლური ეკონომიკური სტრატეგიები გატარდა პოლიტიკური მემარცხენეობის და მემარჯვენობის პრაგმატული ნარევით, ინტელექტუალების მიერ, რომლებმაც კარგად იცოდნენ საკუთარი მარქსი და ასევე ბიზნესნმენების მიერ, ვისაც ესმოდათ შუმპეტერისეული დინამიკა. ამან დაიცვა სიღარიბეში მყოფი აღმოსავლეთ აზია “შედარებითი უპირატესობის” სტრატეგიის დანერგვისგან. ეს მიდგომა მთელ რეგიონში გავრცელდა თანმიმდევრული ეკონომიკური გადაწყობის მეთოდით (რაც ახსნილია წიგნის მეოთხე თავში). მემარცხენეობის და მემარჯვენეობის ასეთი მარჯვე ნაზავი (მარქს-შუმპეტერისეული დინამიურობის გაგების) როგორც ჩანს აქამდე დომინირებს აზიურ სცენაზე და შესანიშნავ შედეგებს იძლევა. ამას ისიც შეგვიძლია მივუმატოთ, რომ აზიური აზროვნების ასეთი საფუძველი  სუნ იატსენის მოღვაწეობიდან მოდის (ჩინეთი XX-ე საუკუნის ოციანი წლები), რაც როგორც ჩანს  კვლავ შემორჩენილია ტაივანში. ეს ყველაფერი მკვეთრად განსხვავდება ამერიკის და ევროპის პოლიტიკურ უუნარობისგან, რომელშიც დომინირებს მემარცხენე და მემარჯვენე პოზიციების არაკონსტრუქციული დაპირსიპირება. რადგანაც აქამდე, როგორც პოლიტიკური მემარცხენეობა, ისე მემარჯვენეობა, დასავლეთში ეფუძნება რიკარდოსეულ სტატიკური სამყაროს აღქმას. დებატები დეგენერირებულია  შემოსავლების გადანაწილებაზე  და თვალთახედვიდან უშვებს ახალი სიმდიდრის და სამუშაო ადგილების შექმნის საკითხს. რიკარდოს შეცდომა, შეეყვანა ფინანსური სექტორი ანალიზის ერთეულად, წარმოადგენს ამ თეორიის ერთ-ერთ დეფექტს. როგორც დღეს დასტურდება ეს სავალალო აღმოჩნდა ეკონომიკის რეალური სექტორისთვის.

დასავლეთი კარგავს სიმდიდრეს და ძალაუფლებას, რადგან ჩვენ ვირწმუნეთ ჩვენივე ეკონომიკური თეორიის პროპაგანდისტული მხარის. ეს ადრეც მომხდარა. რიკარდოს ვაჭრობის თეორია 1817 წლიდან, ის იარაღი იყო, რითიც ინგლისი მანუფაქტურაში რეალური მონოპოლიის შენარჩუნებას ცდილობდა. დაახლოებით ასი წლის შემდეგ, გლობალიზაციის პირველი ტალღის შემდგომ, ინგლისის სოფლიოს მეურნეობამ და წარმოებამ დიდად იზარალა თავისუფალი ვაჭრობით. იგივე თეორია, რომელიც თავიდან ინგლისის ინტერესებისთვის შეიქმნა მასთან ბუმერანგივით დაბრუნდა. იგივე  ისტორია ამერიკაშიც მეორდება. რიკარდოს ვაჭრობის თეორიამ, რომელიც არასწორად სახავს თავისუფალ ვაჭრობას, როგორც ეკონომიკური ჰარმონიის ავტომატურად მწარმოებელ მანქანას, სერიოზულად დაასუსტა ამერიკის ეკონომიკაც. რეალური ხელფასები მცირედით თუ გაიზარდა ადრეული 70-იანი წლებიდან. დასავლეთის პროპაგანდა, რომელიც ზღვისიქითა კოლონიებში გამოიყენებოდა (ის რომ მათთვის აუცილებელი არ იყო ინდუსტრიალიზაცია და ინოვაციები), დღეს, სასტიკად და როგორც ჩანს დამსახურებულადაც,  ბუმერანგივით უბრუნდება დასავლეთს. ორივეჯერ, პირველად ინგლისში,  შემდეგ კი ამერიკასა და ევროპაში, დასავლური ჰეგემონიის დაკარგვა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დასავლეთი თავად იჯერებს ეკონომიკურ თეორიას, რომელიც 1820 წელს საკმაოდ კარგად იყო  ჩამოყალიბებული ამერიკელი პოლიტიკოსის მიერ. თავიდანვე განსაზღვრული როგორც მხოლოდ და მხოლოდ საექსპორტო თეორია.

ჩინეთის და აზიის ახალი ეკონომიკური ძალები ქმნიან ახალ დილემას. მივუბრუნდეთ ჩემს მესამე პროგნოზს.  მოძველებული ტარიფები როგორც ჩანს ნაკლებად დამანგრეველია მსოფლიო ეკონომიკისათვის, ვიდრე დღევანდელი “სავალუტო ომები.”  მიუხედავად იმისა, რომ ორივე შექმნილია ეროვნული წარმოების დასაცავად და ორივე წარმოადგენს “ომის გაგრძელებას სხვა საშუალებებით”, ორივეს განსხვავებული გვერდითი ეფექტები  გააჩნია.

ტარიფები ცდილობენ წარმოების, ხელფასების და აქედან გამომდინარე ეროვნული წილის ზრდას (მსოფლიო ეკონომიკაში), როდესაც სავალუტო ომები იწვევენ სპეკულაციური მოგების უზარმაზარ ზრდას. მეინსტრიმულ ეკონომისტებს არ ესმით, რომ ტარიფები დანარჩენ სამყაროს საშუალებას აძლევდა ინგლისურ წარმოებას შეჯიბრებოდნენ, რაც ზრდიდა მსოფლიოს კეთილდღეობის, იმასთან შედარებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო თუკი ინგლისი დარჩებოდა ერთადერთ ინდუსტრიალიზებულ ქვეყანად და მოიპოვებდა წარმატებას საკუთარი პრინციპით “მოგებულს მიაქვს ყველაფერი.” ასევე, თუკი დასავლეთის წარმოების უმეტესობა აზიაში იპოვის ნავსაყუდელს, ჩამოყალიბდება პრინციპის – “მოგებულს მიაქვს ყველაფერი” – სხვანაირი ვარიანტი. ამჯერად დასავლეთისთვის საზიანოდ.

დასავლეთში დღევანდელი გაუგებრობისა და არეულობის მიზეზი, მეინსტრიმული ეკონომიკური თეორიაა, რომელიც უარყოფს კაპიტალისტური დინამიკის საკვაძო საკითხების სწავლას, რაშიც ტექნოლოგიური დინამიკა და ფინანსური კრიზისები მოიაზრება. დინამიკის გაგების ნაკლებობამ ის მიიყვანა “კეთილი ზრახვების მქონე ტირანიასთან,” რომელიც ხშირად იწვევს კატასტროფებს.  ინდუსტრიალიზაციის გზით აფრიკის განვითარების ნაცვლად, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პროექტით იყო გათვალისწინებული. ,,კეთილგანზრახულმა დახმარებამ, კონტინენტი ტრადიციული კოლონიალიზმიდან არანაკლებ დამამცირებელ, “კეთილდღეობის კოლონიალიზმამდე ” მიიყვანა. ძირითადი ეკონომიკური პრინციპების შეუცნობლობის გამო ევროპელმა  პოლიტიკოსებმა “გაერთიანებული ევროპა” ისეთ საძირკველზე დააშენეს, რომელსაც ნორმალური ეკონომიკური გრავიტაციის გაძლებაც კი არ შეუძლია. ევროკავშირის პერიფერიული ქვეყნების საერთო ვალუტაში გაერთიანება კეთილი განზრახვიდან ეკონომიკურ კოშმარად გადაიქცა (მაგალითად, საბერძნეთისთვის). ორივე შემთხვევაში კეთილმა ზრახვებმა, რომლებიც მარტივი ნეოკლასიკური ჩარჩოდან მომდინარეობდნენ, დიდი კატასტროფა გამოიწვია. ატლანტიკის გაღმა, ბარაკ ობამას ხელძღვანელობაც  კეთილი განზრახვების ტოტალური წარუმატებლობის ერთ-ერთი ნიმუშია.. მიზეზები იგივეა, დისფუნქციური ეკონომიკური თეორია, რომელიც ვერ ქმნის ცვლილებებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს ,

კეთილი განზრახვების ასეთივე წარუმატებელ კომბინაციისა და რეალური სამყაროს ეკონომიკაზე ცოდნის ნაკლებობის მსხვეპლია ევროპული ტექნოლოგიური პოლიტიკაც. ჩართული ვიყავი რა ევროკავშირის ინსტიტუტის პროექტ IPTS -ში,  2006 წლის IPTS-ის ანგარიშში დავასკვენი, რომ ევროკავშირის ტექნოლოგიური პოლიტიკა წარმოადგენდა დადებითი განზრახვების გრძელ სიას, რომელიც ანალიზის ნეოკლასიკური ჩარჩოს გამო, მსოფლიო კაპიტალიზმის რეალური დინამიკის მოხელთებას ვერ ახერხებდა..

“ევროპის საბჭოს სტაბილურობის და ზრდის პაქტის 42-ე დასკვნაში  და 2005 წლის 22 – 23 მაისს მიღებული ლისაბონის სტრატეგიიდან გამოჩნდა, რომ არსებული სიტუაციის საფუძველში არსებული პრობლემები უგულვებელყოფილი იყო. განხილვა შეიცავს კეთილი განზრახვების გრძელ სიას, რომელშიც იმპლიციტურადაა დაშვებული, რომ იგი აუცილებლად წარმატებული გამოდგება. როგორც ჩანს, ლისაბონის სტრატეგია ძალიან ეყრდნობა ნეოკლასიკურ ჩარჩოს, რომელიც 1990 წლიდან დომინირებს და რომლის მიხედვითაც თავად ბაზარია  დიადიგამაწონასწორებელი, ეკონომიკური ჰარმონიის და წესრიგის შემქნელი. უკვე აშკარაა, რომ გლობალური პერიფერიის მრავალ  ნაწილში, გლობალიზაცია  უფრო მეტ სიღარიბეს ქმნის, ვიდრე ამცირებს. აშკარაა, რომ მსგავსი მაგალითები – თუნდაც აღმოსავლეთ გერმანიის სახით,   შესაძლოა თავად ევროკავშირშიც მოიპოვებოდეს. ჩემი ხედვით, მომავალი დებატები უნდა დაეფუძნოს შეცდომების გამოვლენას წარსულ პოლიტიკებში,  ის უნდა დასცილდეს ნეოკლასიკურ ტრადიციას, რომელიც კონტექსტიდან მოწყვეტით განიხილავს სხვადასხვა პოლიტიკას. პოლიტიკური პრაქტიკა  შესაძლოა შესანიშნავად მუშაობდეს ერთ კონტექსტში, თუმცა მეორე სიტუაციაში კონტრპროდუქტიული იყოს. მე ვემხრობი ევროპული კონტინენტური  ეკონომიკის ტრადიციის დაბრუნებას, რომელიც რინე კაპიტალიზმმა (სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა – მთარგმნელის შენიშნვა) შექმნა. საზოგადოებას სადაც ბაზარი იარაღია და არა მიზანი თავისთავად,  სადაც ეკონომიკა განსაზღვრულია როგორც ეკონომიკის, როგორც რეალური საგნის სხვადასხვა კონტექსტში შესწავლა, და არა ისე, რომ თავის ტექნიკას და ძირითად დაშვებებს არგებდეს კონტექსტს.[6]

ფინანსური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ევროკავშირის დინამიკა ნეოკლასიკური ეკონომიკის გამარტივებულ, ზღაპრულ სამყაროში არსებობდა.  ბევრი პრობლემა დიდი ხანია გამოაშკარავებულია. ევროკავშირის შესახებ სპეციფიური საკითხები დეტალურადაა გაშუქებული ჩემი და რაინერ კატელის   ერთობლივ სტატიებში. 2004 წელს დაწერილი პირველი სტატია, განგაშს ტეხს ევროპის მცოცავი “ლათინური ამერიკანიზაციის[7] “ წინააღმდეგ. ამას მოყვა სტატია რომელიც 2006-ში დაიწერა და გამოიცა 2007 წელს, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მყისიერი გაფართოება,  დეინდუსტრიალიზებული აღმოსავლეთ ევროპისკენ შეიძლება ეკონომიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იყოს.[8]

ნაშრომში გამოვლენილია ძლიერი პარალელები ფინანსური და მონეტარული პოლიტიკის ჩავარდნებსა და ტექნოლოგიური პოლიტიკის ჩავარდნას შორის. ვციტირებ საკუთარ სიტყვებს, რომელიც დაიწერა ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევისთვის. კვლევაში  ეს ორი საკითხი გადმოცემულია როგორც  „კარგი განზრახვების გრძელი სია და იმპლიციტურადაა დაშვებული, რომ შესაძლებელია ორივე საკითხის წარმატებულად განხორციელება.“  რეალურად კი, ევროპა ჩიხში შევიდა ორივე საკითხში. ფინანსურ კრიზისის ასპექტშიც და მოსახლეობის მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმების საკითხშიც (ასევე, მოიხსენიება როგორც „კონკურენტუნარიანობა“). ამავდროულად, ხანგრძლივი დროის მანძილზე “ზრდის ლიმიტებზე” ფოკუსირებამ ბევრი ევროპელისთვის მუტაცია განიცადა და გადაიზარდა “ინოვაციების ლიმიტების” რწმენაში. რაც, ხანდახან გამოიხატებოდა როგორც გარკვეული სახის ტექნოლოგიური რეგრესისკენ წადილი. ასეა თუ ისე, ის რასაც ჩვენ ვზომავთ როგორც მშპ-ს და ეკონომიკურ  ზრდას, სათანადოდ (მთლიანობაში) არ არის დასაბუთებული. თუ სუფთა ენერგია, რომელიც მომავალში ჩაანაცვლებს ნავთობს, თავიდანვე უფრო ძვირია, ვიდრე მისი ჭუჭყიანი წინამორბედი, დედამიწის დასუფთავება აუცილებლად გამოჩნდება როგორც ეკონომიკური ზრდა.

სამწუხაროა, რომ 1972 წელს გამოსული წიგნი “ზრდის ლიმიტები” ნეოლიბერალიზმის დასაწყისს დაემთხვა. ეს ორი მიმართულება არანაირად არ ემთხვევა ერთმანეთს. წიგნი გვაფრთხილებდა ბაზრის დამანგრეველი ძალების შესახებ, მაშინ როცა ნეოლიბერალიზმი ზუსტად ამის საწინააღმდეგოს ქადაგებს, თუმცა ერთობლივად ორივე ცდილობს შუმპეტერისეული დინამიური მოსაზრების დასუსტებას იმის შესახებ, რომ კაცობრიობის ისტორია პრობლემებიდან “გამოძვრენის” ხერხების ძიებაა. შესაძლოა ავტორებს ასეთი განზრახვა არ ჰქონიათ, თუმცა “ზრდის ლიმიტები” შეგვიძლია გავიგოთ ისეთი გადმოსახედიდან, საიდანაც  ზრდა დანახულია ერთგვაროვან  განვითარებად. (მეტი გამონაბოლქვი ბენზინზე მომუშავე მანქანებისგან და მეტი ძველი ტექნოლოგიის მაცივარი)  და არა, როგორც ინოვაციურ პროცესი. თუკი, ჩვენ ზრდის როგორც ასეთის წინააღმდეგნი ვართ, მარტივად შევეწინააღმდეგებით ინოვაციებს, რომლებიც ჩვენ  ენერგეტიკული და ეკოლოგიური კრიზისის გადასალახად გვჭირდება. რენესანსი ნაწილობრივ ‘მწვანე ეკონომიკაზე’ დაკვირვების შედეგად წარმოიშვა: იქ სადაც წინათ ცივილიზაციის მწვერვალი, რომის იმპერია იყო გაშენებული, მოგზაურებმა  საძოვრები აღმოაჩინეს. ამ ტიპის “გამწვანება რეგრესით და პრიმიტივიზაციით” არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება.

ვითარება ახალ მიდგომებს მოითხოვს, რომლებიც სინამდვილეში ძველია. ახალი გამოწვევები მოითხოვს ახალ “ეპოქის სულს” (new zeitgeist). მე არ წარმომიდგენია დასავლეთისთვის უკეთესი დასაწყისი ახალი “ეპოქის სულისთვის”, ვიდრე კეინსის მიერ 1933 წელს დაწერილ ეპოქალური სტატია, სახელწოდებით “ეროვნული თვითკმარობა.”[9] როგორც დღეს, 1933 წელიც უეცარი გამოღვიძების პერიოდი იყო. სიტუაცია და “ეპოქის სული” მოითხოვდა დე-გლობალიზაციის საჭიროების გაცნობიერებას. იმის გაცნობიერებას, რომ საჭირო იყო მეტი საქონლის შიდა წარმოება და ფინანსებისთვის მეტი ეროვნული სახის მიცემა. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ავტარქიას ან თვითკმარობას კი არ ნიშნავს, არამედ განვითარების ეგზომ წარმატებული მოდელის დაბრუნებას, რომელიც 1945 წლიდან 1973 წლამდე ბატონობდა: ხედვას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო აყვავება მოითხოვს მანუფაქტურული წარმოების და განვითარებული სერვის სექტორების ყველა ქვეყანაში განაწილებას.

კეინსი 1933 წელს დაწერილ სტატატიაში მკითხველს დიდაქტიკურად უხსნის აუცილებელი ცვლილებების საჭიროებას. “ეპოქის სულში,” რომელიც 1933 წლისთვის დაიწყო და კვლავ საჭირო ხდება, კეინსს პირველ რიგში მივყავართ იმ აზრამდე, რომ აუცილებელია  თავისუფალი ბაზრის, როგორც “მორალური კანონის” რწმენისგან განთავისუფლება.

“მე, ისევე როგორც თითქმის ყველა ინგლისელი გავიზარდე  არამხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკური დოქტრინის პატივისცემით, რომელიც ყველაზე რაციონალურია, არამედ იმ შეგნებითაც,რომ განსწავლულმა პიროვნებამ ის ეჭვგარეშე უნდა შეითვისოს  როგორც “მორალური კანონი.” ჩვეულებრივ, მე ამისგან გადახვევას ჭკუასუსტობად და ძალადობად ვთვლიდი.  ვფიქრობდი რომ  ინგლისის ასწლოვანი უდრეკი რწმენა თავისუფალი ვაჭრობის მიმართ, ადამიანის  და ღვთის წინაშე გამართლებული იყო საკუთარ ეკონომიკური უპირატესობით . 1923 წლისთვის ვწერდი, რომ თავისუფალი ვაჭრობა ეფუძნებოდა ბაზისურ ჭეშმარიტებებს, რომლებთანაც შეწინააღმდეგება, არავის შეეძლო თუკი მას სიტყვების აღქმის უნარი გააჩნდა”.

კეინსი დე-გლობალიზაციის მყარ არგუმენტებსს გვაძლევს, რადგან გლობალიზაცია ასე შორს წავიდა: იდეებს უნდა შეეძლოთ თავისუფალი გადაადგილება, მაგრამ საქონელი უფრო მეტად ვიდრე წინათ, უნდა იყოს შიდა წარმოების,  ფინანსები კი აუცილებლად ეროვნული:

“დაგროვდა გამოცდილება იმის შესახებ, რომ დაშორება საკუთრებასა და ექსპლუატაციას შორის, ბოროტად მოქმედებს ადამიანების ურთიერთობებზე, სავარაუდოა რომ  ეს გრძელვადიან პრესპექტივაში ისეთ უთანხმოებებს გამოიწვევს რომელიც ფინანსურ გათვლებს დაასამარებს ”

“მე ვემხრობი მათ, ვინც ცდილობს ერებს შორის ეკონომიკური ჩამორჩენის შემცირებას და არა იმათ, ვინც მათ გაზრდას ესწრაფვის. იდეები, ცოდნა, მეცნიერება, სტუმართმოყვარეობა, მოგზაურობა – ეს ყველაფერი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ინტერნაციონალური უნდა იყოს.  დაე, ნაწარმი შიდა წარმოების იყოს რამდენადაც ეს შესაძლებელი და გონივრულია, უმეტეს წილად კი ეს ეხება ფინანსებს – ის აუცილებლად ნაციონალური უნდა იყოს. ამავე დროს, მათ , ვინც ცდილობენ   ეკონომიკური რღვევის უბედურებისგან დაიცვან ქვეყანა, უნდა იმოქმედონ ძალიან ნელა და წინდახედულად. საჭიროა არა ფესვების ამოგლეჯა, არამედ მისი ნელ-ნელა დამუშავება, რომ   სხვა მიმართულებით გაზრდა მოახერხოს.”

გლობალურმა თავისუფალმა ვაჭრობამ ვერ მოიტანა შეპირებული მშვიდობა, ეს კი მისი ერთ ერთი ცენტრალური არგუმენტი იყო. რა თქმა უნდა, დღევანდელი კონტექსტი განსხვავდება 1933 წელს არსებულისაგან, მაგრამ ჩემი არგუმენტი ისაა, რომ დღემდე საკმაოდ მსგავსი ტიპის ეკონომიკური ძალები მუშაობენ. მიუხედავად განსხვავებული კონტექსტისა, პრობლემიდან გამოსავალი კვლავ კეინსის მიერ გაწეულ რეკომენდაციებშია. ჩემი მტკიცებით, სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივისწრაფვოდეთ, მაგრამ რეკომენდაციები არ უნდა გადმოვიტანოთ მექანიკურად. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ კეინსის მოხაზულმა პოლიტიკებმა და არა თავისუფალი ვაჭრობის მიმართ რელიგიურმა რწმენამ, საფუძველი დაუდო  იმ პოლიტიკას, რომელმაც უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა მოიტანა 70-იანი წლების შუა ხანებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ჩემი შვილია, ჩემი აზრით, მან ბოლო წიგნში არგუმენტირებულად დაასაბუთა, რომ ევროპის ეკონომიკური ზრდა საუკუნეების განმავლობაში  უფრო შეჯიბრების პრინციპს ემყარებოდა ვიდრე თავისუფალი ვაჭრობას. ვფიქრობ რომ ეკონომიკური აზრის ისტორიაში ამ შეხედულების გადაფასება მეტად საჭიროა.[10]

შემდეგ კეინსი ეხება საკითხს, რომელსაც ჩვენ ეკოლოგიას ვუწოდებთ:

“ფინანსური გამოთვლების თვითგანადგურების იგივე წესი მართავს ყოველდღიურ ცხოვრებასაც. ჩვენ გავანადგურეთ სოფლის მშვენიერება, რადგანაც ბუნების აუთვისებელ მშვენიერებას ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია. ჩვენ შეგვიძლია “გავთიშოთ”  მზე და ვარსკვლავები, რადგან ისინი დივიდენდს არ იხდიან. ლონდონი ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია ცივილიზაციის ისტორიაში, მაგრამ მას არ შეუძლია “მოახერხოს” ცხოვრების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა მოქალაქეებისთვის, რადგან ისინი არ “იხდიან”.

საერთაშორისო დეკადენტური, მაგრამ ინდივიდუალისტური კაპიტალიზმი, რომლის ხელშიც ჩვენ ომის შემდგომ აღმოვჩნდით, საერთოდ არაა წარმატებული. ის არაა  გონიერი, ის არაა მშვენიერი, ის არაა სამართლიანი, ის არაა გულისხმიერი  და არ გვამარაგებს საქონლით. მოკლედ ჩვენ ის არ მოგვწონს და ჩვენ ვიწყებთ მის შეზიზღებას. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიწყებთ სანაცვლო სისტემის ძიებას ძლიერ ვიბნევით…  ჩემი აზრით ყოველი ჩვენგანი დაუშვებს შეცდომებს. არავის შეუძლია წინასწარ თქვას რომელი სისტემა იმუშავებს საუკეთესოდ”.

დღეს გასავლელი გზა უკეთესადაა გაკვალული ვიდრე 1933 წელს, როცა გეგმიური ეკონომიკა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ შესაძლებელ არჩევანად განიხილებოდა. საწყისი ეტაპისთვის, ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ იმას, რასაც კეინსი უვარგისი და მოძველებული იდეების გროვას ეძახდა.  უმთავრესი უვარგისი იდეა ისაა, რომ ყველა ეკონომიკური საქმიანობა განხილულ იქნას თვისობრივად მსგავსად, როგორც ეს იმპლიციტურადაა ნაგულისხმევი რიკარდოს ვაჭრობის თეორიაშია. ეკონომიკური აქტივობები, საკუთარი შესაძლებლობებით შექმნან კეთილდღეობა, რეალობაში ძლიერ განსხვავდებიან  ერთმანეთისაგან, რის ახსნასაც ეს წიგნი შეეცდება. სტრატეგია, რომლითაც  მსოფლიოს რეალური შემოსავლების ზრდა და კეთილდღეობის მაქსიმიზაცია უნდა იქნას მიღწეული, მოითხოვს დღევანდელი ეკონომიკური სტრატეგიებისგან გამიჯვნას, რომელიც სანაცვლოდ საერთაშორისო ვაჭრობას აძლიერებს.

ამასთან ერთად, ჩემი აზრით,  ახალი კურსი შეიძლება სასარგებლო გამოდგეს ისეთი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ერთი შეხედვით არ მიაზრებიან ახალი კოლბერტიანული ეკონომიკური წერიგის ქვეშ. როგორც  წიგნის ჩინურ გამოცემას წავუმძღვარე: “შეიძლება ერთი შეხედვით არალოგიკურად ჟღერდეს, მაგრამ ხელფასების და დასაქმების დონე ამერიკაში და ბევრ ევროპულ ქვეყანაში მცირდება, ამიტომ  შესაძლოა ჩინეთის გრძელვადიან ინტერესებში იყოს, დაუშვას პროტექციონიზმის გატარება ამ ქვეყნებში. ამერიკის და ევროპის ინდუსტრიული სისტემის ნაწილობრივი პროტექცია უზრუნველყოფს ჩინური საქონლისთვის ბაზრების სამომავლო მოცულობას”.

ახლანდელი კრიზისის დამანგრეველი შედეგების პირდაპირი მიზეზეზი  თეორიული ტრადიციის დაკარგვაა, რომელიც ემყარება ეკონომიკის თვისობრივ გაგებას. ეკონომიკის, როგორც Erfahrungswissenschaft-ს, როგორც გამოცდილების მეცნიერების გაგებას. თეორიული ტრადიციის, რომელიც ეკონომიკას  უფრო მეტად ისტორიაზე აფუძნებს ვიდრე მათემატიკაზე. კონტინენტური ევროპის ტრადიციაში (მარცხნივ მარქსიდან, ვიდრე მარჯვნივ შუმპეტერამდე) ფინანსური კრიზისი კაპიტალიზმის ჩვეულებრივი მახასიათებელია. ეს თეორია ტექნოლოგიების როლის გაგებას ცდილობს, ამიტომაც ის არათანასწორი ეკონომიკური განვითარების არსსაც ხსნის. იმედი მაქვს  ასეთი სახის გამოცდილებაზე დაფუძნებული ეკონომიკური თეორია – ტრადიცია, რომელზე დაყრდნობითაც ეს წიგნია დაწერილი,  კვლავ გავლენიანი გახდება ევროპაში. ახლა ჩვენი ჯერია, ჩინეთი კი არ ვაკრიტიკოთ, არამედ გავეჯიბროთ მას ახალ ტექნოლოგიებში და ინფრასტრუქტურაში ჩადებულ ინვესტიციებით.

ჩვენ ვაწყდებით  გაოთხკეცებულ გამოწვევას – ფინანსურ კრიზისს, ენერგეტიკულ კრიზისს, ეკოლოგიურ კრიზისს და უმუშევრობის კრიზისს. ასევე, არსებობს რამდენიმე სერიოზული გამოწვევა ევროკავშირის ცენტრალურ და პერიფერიულ ქვეყნებს შორის. ან არაკონკურენტული პერიფერიული ქვეყნები დაიწყებენ კოლბერტიანული ეკონომიკური პოლიტიკის საბოლოოდ გატარებას (მათ შორისა ევროსგან ჩამოცილებას), ან ამ ქვეყნების მეტი და მეტი მაცხოვრებელი გადასახლდება წამყვან ქვეყნებში. თუმცაღა, ბერძნების გადინება გერმანიაში, არც გერმანელებისთვის და არც ბერძნებისთვის არ არის სასურველი გამოსავალი. ევროპას რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი აქვს სასწავლი რამდენიმე დეკადის წინ მომხდარი არგენტინის კრიზისიდან “გამოძვრენის” მაგალითიდან. დეფოლტი და გაცვლითი კურსის მოქნილობა ორი უმნიშვნელოვანესი რამაა.

კაპიტალი  ფინანსური სპეკულაციების ნაცვლად  გამოუყენებელი ადამიანურ რესურსების დასაქმებაზე უნდა მიემართებოდეს, რათა მოხერხდეს ენეგრგეტიკული და ეკოგიური კრიზისის აღმოფხვრა. დამაბინძურებელი ნავთობი  ალბათ  ისევეა ენერგიის უკანასკნელი წყარო,  როგორც  თავის დროზე ცხენი იყო.  თუმცა რაც უფრო მეტად უახლოვდება ნავთობის სრული ბატონობის ხანა დასასრულს, მით უფრო მეტი “მოულოდნელობა” გამოჩნდება, ისე როგორც ეს ცხენშებმული ეტლების გაქრობისას იყო.

1890 წლისთვის ორი პროტოტიპი გამოიკვეთა – ორთქლის ძრავიანი მანქანა და ელექტრო მანქანები. თუმცა გამოსავალი აუტსაიდერისგან წამოვიდა. ეს იყო კარლ ფრინდიხ ბენცი და მისი ბენზინზე მომუშავე მანქანა.  ჩვენ დღესაც მსგავს ტექნოლოგიურ განუსაზღვრელობას ვაწყდებით. შესაბამისად, გვესაჭიროება მეტი რესურსის  ჩადება შესაძლო გამოსავლის ძიებაში. თუკი, ინფლაცია ფინანსური სექტორის დომინირების შემცირების აუცილებელი ნაწილია, დაე ასე იყოს. ჩვეულებრივ ნავთობის კრიზისად წოდებული 70-იანების ფინანსური კრიზისიც, ნაწილობრივ ასევე ინფლაციის საშუალებით გადაილახა. დღეს ეკონომიკურმა თეორიამ დაკარგა ის ძირითადი მახასიათებლები, რასაც ეფუძნებოდა დასავლური ცივილიზაცია. ის მახასიათებლები, რასაც რენესანსი და განმანათლებლობა ეფუძნებოდა. ის საწყისი რასაც ეკონომიკის სხვა საფუძველს ვუწოდებ, აღორძინების საზოგადოების თვისობრიობაში მდგომარეობს, რომელიც არ შეუძლია მოიცვას მეინსტრიმული ეკონომიკის ზედმეტად ფორმალიზებულმა სტრუქტურებმა.[11]

რენესანსის საფუძველი შუმპეტერისეული  იყო – magna facere, რამაც შექმნა დიდი გამოგონებები ხელოვნებასა და წარმოებაში. დაწყებული იარაღიდან, ირიგაციული არხების ჩათვლით, ის წარმოადგენდა ისეთი სახის აზროვნებას, რომელიც დიდად სცდილდებოდა მოგების კეთებას. დასავლური ეკონომიკისთვის დამახასიათებელია, რომ ორგანიზაციების განვითარება არ წყდება მაშინაც კი, როცა მფლობელს საკმარისი ფული აქვს საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად. რენესანსის “magna facere” სიხარბის მიღმა წავიდა. როგორც ეს ამ წიგნშია აღწერილი, უკვე 1200 წლისთვის, ფლორენციაში სიმდიდრე დანახული იყო როგორც კომუნიდან აღმოცენებული საერთო სინერგიული სიკეთე, ის რაც თავისთავად ჩვენი დაკვირვების ობიექტია.

აღორძინების ფლორენციამ ასევე გააცნობიერა სპეკულაციებისგან თავდაცვის საჭიროება. ქალაქიდან საკვების ტრასპორტირება იკრძალებოდა, რადგან ეს სპეკულაციას უწყობდა ხელს. აღორძინების ქალაქებმა  მოახერხეს შეექმნათ ის, რასაც ჯონ გელბრეიტი კომპენსაციურ ძალთა ბალანს ეძახდა. ფლორენციის მთავრობა (სინიორია) შედგებოდა ცხრა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი წევრისგან, მათგან  მხოლოდ ერთი წარმოადგენდა ფინანსურ სექტორს. რენესანსული ქალაქები, ხშირად  ახდენდნენ არჩეული მმართველების როტაციას კორუფციისგან თავდასაცავად. განსაკუთრებით ფლორენციამ შეძლო ურბანული კულტურის გაღვივება, მანუფაქტურის და ვაჭრობის, ნედლი მასალის მწარმოებლების და დიდი მიწათმფლობელების პოლიტიკური ძალაუფლებისგან ჩამოცილების მეშვეობით. დღევანდელ სამყაროშიც ვხედავთ კავშირს წარმოების სექტორის არქონასა და არადემოკრატიული სახელმწიფოს მოდელებს შორის, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ნედლეული ისეთივე ღირებულია როგორც ნავთობი.

თანამედროვე ეკონომიკაში ასევე დაკარგულია განმანათლებლობის  ორი ძირითადი მახასიათებელი: 1. კლასიფიკაციური სისტემის აგების შესაძლებლობა, როგორც ეს ლინესმა ქნა და 2. კერძო სიხარბის  შეზღუდვის საჭიროება.[12]  როგორც ამ  წიგნში ვამტკიცებ, მეინსტრიმული ეკონომიკის მთავარი მახასიათებელია მისი უუნარობა, აღმოაჩინოს თვისობრივი განმასხვავებლები სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას შორის. ნეოკლასიკური ეკონომიკის ზედმიწევნითი აკურატულობა თვისობრივი განსხვავებების დაუნახავობის პირდაპირი შედეგია. ყველასთვის გასაგებია, რომ თუკი ყველა ექიმს, რომელიც პარიზში მუშაობს, წავიყვანთ ერთ ქვეყანაში და მეორე ქვეყანაში ყველა იქ მომუშავე იატაკის მრეცხავს, მივიღებთ ექიმების მდიდარ და მრეცხავების ღარიბ ქვეყნებს. ეს ყველასთვის გასაგები აზრი გაუგებარია რიკარდოს ვაჭრობის თეორიისთვის, რადგან მსოფლიო ვაჭრობა მოდელირებულია, როგორც სამუშაო საათის ბარტერი, რომელშიც ყველა ერთი თვისობრიობის მატარებელია. ეს იყო ინგლისის მიერ კოლონიების დარწმუნების მცდელობა საკუთარი შედარებითი უპირატესობის ფარგლებში სიღარიბეში და უმეცრობაში დარჩენილიყვნენ. ახლა ეს თეორია ბუმერანგივით ურბუნდება დასავლელ ღარიბებს.

განმანათლებლობის საკვანძო საკითხი კერძო ინტერესების საზღვრების შესახებ, რომლის განხილვაც მეთვრამეტე საუკუნეში მიმდინარეობდა, ნეოლიბერალიზმის შემოსვლით გაუჩინარდა. წარსული დებატების სიბრძნის დაუსწავლებლობამ დღევანდელი დისკუსიებს საერთოდ დაუკარგა არსი  პირადი სიხარბის აპრიორულად ბოროტად აღიარებით. განმანათლებლობის დებატების დასკვნა მარტივად შეგვიძლია მალაიზიელი ეკონომისტის, პეტრო ვერის ერთ წინადადებაში ამოვიკითხოთ – “ყველა ინდივიდის კერძო ინტერესი, როდესაც ის  საჯარო ინტერესებს ემთხვევა, საზოგადოებრივი სიკეთის უბადლო გარანტორია” . სხვა სიტყვებით, სიხარბე კარგია იქამდე სანამ  მისი შედეგები უზრუნველყოფს ეკონომიკური სიკეთის უფრო დიდ განაწილებას. ნეოკლასიკურ ეკონომიკაში საჯარო ინტერესებმა (საზოგადოებამ)  , როგორც ანალიზის ერთეულმა არსებობა შეწყვიტა. ამან კი გასაქანი მისცა  დღევანდელ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ყველანაირი “სიხარბე” კარგია, თუნდაც თანამედროვე  ფინანსური სექტორის “სიხარბე”, რომელიც  დიდ კერძო სიმდიდრეს ქმნის და საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ  რეალური ეკონომიკას ამცირებს.

მეინსტრიმული ეკონომიკა თავს აფუძნებს  სმიტისეულ პირველყოფილზე, რომელმაც ბარტერი ისწავლა, და არა ინოვაციის დამსწავლელ შუმპეტერისეულ პირველყოფილზე.

როგორც ახალი წამალი, რომელიც ვერ ახერხებს სახელმწიფოს მიერ გაცემული სერთიფიკატის მოპოვებას,   რთული ეკონომიკური მოდელებიც, რომლებიც რეალობას უკეთ აღწერენ,  ვერ  აღწევენ პოლიტიკურ დონეზე. მსოფლიო ძირითადად  ყველაზე უნიათო ეკონომიკური მოდელებით იმართება.

ახლა დროა კვლავ გავიაზროთ  მე-18 საუკუნის ეკონომიკური დაცემის მიზეზები  რომელსაც ადგილი ჰქონდა წინათ უმდიდრეს ქალაქ სახელმწიფოებში – ფლორენცია, ვენეცია და გერმანიის რესპუბლიკა,  რომლებიც კარგავენ სიმდიდრეს და ძალას, ისეთი მზარდი და  წარმატებული ერი სახელმწიფოების ფონზე, როგორებიც ინგლისი და საფრანგეთი იყვნენ.

დღეს, დასავლეთს შემდეგი არჩევანი აქვს:  მთლიანად დაეცეს, როგორც ვენეცია და იქცეს მუზეუმად, ან დაეცეს, როგორც გერმანული რესპუბლიკა, რომელიც ყველაზე მდიდარი არ არის, თუმცა მაინც მდიდარია. იმისთვის რომ წარმატებით შევასრულოთ მეორე არჩევანი, საჭიროა საგულდაგულოდ მოვახდინოთ დე-გლობალიზაცია, დავაბრუნოთ კოლბერტიზმი, და ამასთან ერთად ეკონომიკის აღქმა, რომლის ძირითადმა პრიცნიპებმაც (რენესანსი და განმანათლებლობა) შექმნეს ევროპა  როგორც უნიკალური სივრცე. ბოლოს და ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობა  მხოლოდ ორი საკმაოდ მცირე პერიოდის განმავლობაში ბატონობდა (1800-იანი წლების ბოლო, და გვიანი 1900 -2000- იანი წლების დასაწყისში).

 

ტექნოლოგიური მართვის და ეკონომიკური დინამიკის სამუშაო მასალები.

The Other Canon Foundation-მა ( ნორვეგიაში)  და ტექნოლოგიური მართვის პროგრამამ ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსტეტში(TUT  ესტონეთი)  გამოსცეს ახალი სამუშაო მასალები, სახელწოდებით “ტექნოლოგიური მართვის და ეკონომიკური დინამიკის სამუშაო მასალები.” სათაურიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, გამოქვეყნდება როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული სახის ნარატიული და ანალიტიკური ახალი კვლევები. ასევე, მასალები ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ კონცეფციებზე, როგორებიცაა არათანაბარი ეკონომიკური ზრდა, ტექნო-ეკონომომიკური პარადიგმები,  ეკონომიკური პოლიტიკის ისტორია და თეორია, ინოვაციების სტრატეგიები და საჯარო ინოვაციების სტრატეგიები. ასევე ინდუსტრიული პოლიტიკის ფართო საკითხები, როგორიცაა განვითარება, ტექნოლოგიები, ინსტიტუციები, ფინანსები, საჯარო პოლიტიკა, ეკონომიკური და ფინანსური ისტორია და თეორია. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს საინტერესო მასალების სწრაფი წარდგენა (სამეცნიერო სტატიების, განსაკუთრებით შავი მასალის, ლექციებისა და ესეების, ისეთ ფორმატში, რომ შესაძლებელი იყოს მათი სამომავლო დამუშავება) მაღალი ხარისხით და მიმზიდველ  ფორმატში. მასალების გადმოწერა უფასოა.

 

ბიბლიოგრაფია და განმარტებები

[1] მთარგმნელის შენიშვნა:  ტექსტი გამოიცა The Other Canon Foundation-ის მიერ ( ნორვეგიაში) და ტექნოლოგიური მართვის პროგრამის მიერ ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსტეტში (TUT ესტონეთი).

[2] კოლბერტიზმი, ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური დოქტრინა, სახელმწიფოს ეკონომიკაში ცენტრალიზებული ჩარევის შესახებ. იგი დაკავშირებულია მე-17 საუკუნეში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ჟან ბაპტისტ კოლბერტის სახელთან. კოლბერტის მიაჩნდა, რომ საფრანგეთს უნდა ჰქონოდა ისეთი ტიპის ეკონომიკა, რომელიც მოახდენდა საკუთარი პროდუქციის მაქსიმალურ ექსპორტს და თავადაც მოიხმარდა ადგილობრივ პროდუქციას.

[3] მთარგმნელის შენიშვნა: პონცი სქემა წარმოადგენს საინვესტიციო აფიორას, რომელიც ინვესტორებს ამონაგებს უხდის საკუთარი ინვესტიციიდან ან მომდევნო ინვესტორების მიერ გადახდილი ფულიდან, ფაქტობრივად მოხვეჭილი მოგების ნაცვლად. ჰაიმან მინსკი თავის ნაშრომში “ფინანსური სიმყიფის თეორია” ფართოდ განიხილაფს პონცი ფინანსებს, ჰედჯირების და სპეკულაციურ სესხების მუშაობასთან ერთად. იხილეთ – Minsky, Hyman P. (May 1992 და Minsky, Hyman P. 1986. Stabilizing An Unstable Economy. Yale University Press.   (მთარგმნელის შენიშვნა). იხ: – http://digitalcommons.bard.edu/hm_archive/

[4] მთარგმნელის შენიშვნა: იგულისხმება  გავალიანების მაღალი ხარისხი.

[5] ქართულად მთარგმნელის შენიშვნა: მუდმივ კაპიტალში მარქსი გულისხმობს, საწარმოო საშუალებებს და ინვესტიციებს ფიქსირებულ აქტივებში. ამ სახის კაპიტალს ეწოდება მუდმივი, იმიტომ რომ მისი ღირებულება უკვე რეალიზებულია და წარმოების პროცესში ის არ ქმნის ახალ ღირებულებას არამედ, გადააქვს მასში უკვე არსებული ღირებულება ნაწარმზე, საპირისპიროდ ცვლადი კაპიტალი  (ანუ შრომა)  ქმნის ახალ ღირებულებას და შესაბამისად შეუძლია აწარმოოს ზედმეტი ღირებულება, ანუ მასში არსებულ ღირებულებაზე მეტი.

[6] იხილეთ – Reinert, Erik S., ‘European Integration, Innovations and Uneven Economic Growth: Challenges and Problems of EU 2005’, Paper prepared for FISTERA (Foresight on Information Society Technologies in the European Research Area), in Compañó, R, C. Pascu, A. Bianchi, J-C. Burgelman, S. Barrios, M. Ulbrich, I. Maghiros (eds.), The Future of the Information Society in Europe: Contributions to the debate, Seville, Spain, European Commission, Directorate General Joint Research Centre. Institute for Prospective Technological Studies (IPTS), p. 129. Working paper version at http://tg.deca.ee/ files/main//2006042407120202.pdf

[7]იხილეთ –  Reinert, Erik S. & Rainer Kattel, ‘The Qualitative Shift in European Integration: Towards Permanent Wage Pressures and a ‘Latin-Americanization’ of Europe?’, Praxis Working Paper no. 17, Praxis Foundation, Estonia. http://www.praxis.ee/data/WP_17_2004.pdf

[8] იხილეთ – Reinert, Erik S. & Rainer Kattel, ’European Eastern Enlargement as Europe’s Attempted Economic Suicide?’, Working Paper No. 14, The Other Canon Foundation – Tallinn University of Technology Working Paper Series, 2007. http://tg.deca.ee/eng/working_papers/

[9] იხილეთ – John Maynard Keynes, The Collected Writings, Macmillan / Cambridge University Press, vol. XXI, pp. 233-246, 1982

[10] იხ:  Reinert, Sophus A, Translating Empire – Emulation and the Origins of Political Economy, Cambridge, Mass, Harvard University Press, 2011.

[11] იხილეთ: Reinert, Erik & Arno Daastøl, ‘The Other Canon: The History of Renaissance Economics. Its Role as an Immaterial and Production-based Canon in the History of Economic Thought and in the History of Economic Policy’. In Reinert, Erik (ed.), Globalization, Economic Development and Inequality: An Alternative Perspective, Cheltenham, Edward Elgar, 2004, pp. 21-70. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ევროპული გამონაკლისის ძირითადი მახასიათებელი გამომდინარეობს რენესანსიდან რომელიც გვიბიძგებს გამოგონებისკენ, რაც კონტრასტში მოდის ტრადიციულ საზოგადოებასთან, რომელიც მოწოდებულია სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე : Reinert, Erik & Arno Daastøl, ‘Exploring the Genesis of Economic Innovations: The religious gestalt-switch and the duty to invent as preconditions for economic growth’ in European Journal of Law and Economics, Vol 4, No. 2/3, 1997, pp. 233-283, and in Christian Wolff. Gesammelte Werke, IIIrd series, Vol. 45, Hildesheim, Georg Olms Verlag, 1998. The implications of this for government policy is outlines in my ‘The Role of the State in Economic Growth.’ in Journal of Economic Studies, vol. 26, No. 4/5, 1999, pp. 268-32.

[12]ამ ტაქსონომიური საკითხის უფრო დეტალური ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ : ‘The Terrible Simplifers: Common Origins of Financial Crises and Persistent Poverty in Economic Theory and the new ‘1848 Moment’’, UN DESA Working Paper No. 88, December 2009, and in Sundaram. Jomo Kwame and Anis Chowdhury, Poor Poverty. The Impoverishment of Analysis, Measurement and Policies, London, Bloomsbury in association with The United Nations, 2011, pp. 11-37.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ