ფასების ბუშტი საკუთრებაზე

როგორ იბერება ფასების ბუშტი საკუთრებაზე და რატომ გასკდება?

ამერიკის ცენტრალური ბანკი ყიდულობს სახელმწიფო ობლიგაციებს (Quantitative Easing), რითაც სახელმწიფო სესხს აიაფებს (სახელმწიფოს ნაკლები ინტერესის გადახდა უხდება).  ფინანსური კაპიტალი უფრო დიდი მოგების საძებნელად აწყდება აქციების ბირჟას და ყიდულობს სხვა საკუთრებას (სახლებს, მიწას, ა.შ.). საკუთრებაზე (აქციონერულ კაპიტალზე) ფასები მატულობს (აისახება “დოუ ჯონსის” ინდექსის ზრდაზე, მაგალითად), რაც საკუთრებით ვაჭრობას ძალიან მომგებიანს ხდის, ეს კიდევ უფრო ზრდის საკუთრებაზე ფასებს. ეს არის ბუშტის გაბერვის მექანიზმი.paata

რატომ არ  იზრდება ინვესტიციები რეალურ სექტორში?

საწარმოების მოგებაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მატულობს და მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო მომგებიან საწარმოებში მეტი ფიქსირებული ინვესტიციები. ასეთი რამე არ ხდება იმიტომ, რომ  საწარმოების პროდუქციაზე მოთხოვნა (მოხმარება) არ იზრდება – მოსახლეობას ფული არა აქვს. მოსახლეობა ფიქრობს იმ ვალების დაბრუნებაზე, რაც ფინანსურ კრიზისამდე დაუგროვდა. რეალურად საწარმოები მოგებას ზრდიან ხელფასების შემცირების და მუშების დათხოვნის ხარჯზე, რასაც ახერხებენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ახალი ტექნოლოგიები ეკონომიკურ ზრდას კი არ იწვევს, არამედ უმუშევრობის ზრდას.

შეიძლებოდა მოთხოვნის/მოხმარების ზრდა გამოეწვიათ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალების ზრდით, რაც საწარმოებისათვის დაკვეთებში აისახებოდა (მთავრობის, ანუ ჯამური საზოგადოების, მხრიდან მოხმარების ზრდა). ასეთი ზრდა კაპიტალისტებს არ უნდათ იმიტომ, რომ ეს გამოიწვევდა მათი ქონების გადანაწილებას ღარიბებისათვის – სახელმწიფოს მიერ შესყიდული/მოხმარებული საქონელი უფრო ღარიბებისაკენ წავიდოდა, ხოლო ადრე თუ გვიან გაზრდილი ხარჯების გადახდა მოუწევდათ კაპიტალისტებს გადასახადების სახით.

რამდენადაც სახელმწიფო ვალების ზრდას პოლიტიკური წინააღმდეგობა აქვს კაპიტალისტების მხრიდან, რჩება ეკონომიკის სტიმულირების ერთადერთი მექანიზმი ზემოხსენებული Quantitative Easing-ის სახით, რაც საკუთრებაზე ფასების ბუშტს ბერავს. ის, რომ ეს გზა მთავრობის მიერ ვალების აღებაზე (ფისკალური სტიმული) ნაკლებ ეფექტურია იქიდანაც ჩანს, რომ ამერიკამ პოლიტიკურად მაინც მოახერხა ევროპაზე მეტი ვალის აღება ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ამან ხილული ეფექტი გამოიღო – ამერიკის ეკონომიკა 2–3-ჯერ სწრაფად იზრდება 2008 წლის კრიზისის შემდეგ, ვიდრე ევროპა. მაგრამ რჩება კითხვა – რისი იმედი აქვს ამერიკას, როცა იწყებს ვალების აღების შემცირებას და ეკონომიკის სტიმულირებას Quantitative Easing-ის იმედზე ტოვებს?

თეორია ასეთია –  საკუთრებაზე გაბერილი ფასები მომხმარებელს უქმნიან ახალი ვალების აღების საშუალებას; ეს ვალები კი მიდის მოხმარების გაზრდაში და ეკონომიკაც იზრდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, საშუალო ამერიკელი, რომელსაც აქვს სახლი და სააქციო კაპიტალი, ხედავს რომ მისი საკუთრების ფასი იმატებს (ფასების ბუშტი); ანუ, მას მეტი ფული აქვს ვიდრე წინა წელს ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არც საკუთრება შეცვლია და არც შრომა დაუხარჯავს.  კაპიტალის ამ ნაზარდს ის იყენებს ვალების ასაღებად და ხარჯავს. რომ შეიძლებოდაეს საკუთრებაზე ფასების განუხრელი ზრდა, ეკონომიკას არავითარი საფრთხე არ დაემუქრებოდა, მაგრამ აქ შემოდის ბაზრის ფასების რყევის ეფექტი, რაც ამ პროცესს თეორიულ ზღვარს უდებს.

ყოველი ფასების მატების შემდეგ იწყება ე.წ. კორექცია, ანუ ფასების კლება, რაც ჯერ კიდევ არ არის ბუშტის გახეთქვა. სამაგიეროდ ეს რყევა იწვევს მცირე ინვესტორების მიერ საკუთრების დაკარგვას და ფინანსური კაპიტალის გამსხვილებას – ანუ საშუალო ამერიკელის გაღარიბებას. ამის მექანიზმი ასეთია – ფასების კლებისას  ღარიბები (ვინც ვალები აიღო საკუთრებაზე დიდი ფასების იმედზე) აღმოჩნდებიან ვალებში მდიდრებისაგან განსხვავებით, რომელთა სიმდიდრეც მხოლოდ მცირდება. მდიდრებს ნაღდი ფულის მარაგი აქვთ და აქციების გაყიდვას არ ჩქარობენ, ხოლო  ღარიბები ვალების გასასტუმრებლად იძულებლნი ხდებიან  საკუთრება გაყიდონ. მათ მიერ საკუთრების გაყიდვის დაწყების შემდეგ ფასები კიდევ უფრო მეტად ეცემა. ამ გაიაფებულ საკუთრებას ყიდულობენ მდიდრები (კაპიტალის კონცენტრაცია), რითაც იწყებენ ფასების ზრდის ციკლს ბაზარზე. ამ მექანიზმით ბაზრის ფასების რყევა იწვევს საკუთრების/კაპიტალის კონცენტრაციას და ამცირებს Quantitative Easing-ის ეფექტურობას. თეორიულად, კაპიტალის კონცენტრაციის გზით მთელი საკუთრება შეიძლება ისეთი ვიწრო წრის ხელში აღმოჩნდეს, რომლის გამდიდრებასაც ვერაფერი გავლენა ვეღარ ექნება მოხმარების ზრდაზე.

potoკაპიტალის კონცენტრაციის გარეშეც საშუალო ამერიკელის მიერ აღებული ვალების სიდიდეს აქვს თეორიული ზღვარი. შეიძლება მისი სახლის და აქციების ფასები იმატებდნენ და ამიტომ ბანკები ვალს აძლევდნენ მას, მაგრამ რაღაც მომენტში მათი შემოსავლები ვეღარ არის საკმარისი ვალების ინტერესის გასტუმრებისათვის. ამ მომენტის აუცილებლად დადგომის გარანტიას იძლევა ის, რომ საკუთრებაზე ფასების ზრდა და მუშაობიდან შემოსავლების შემცირება ერთდროული პროცესია – საკუთრებაზე ფასების ზრდა ხდება სწორედ იმიტომ, რომ კაპიტალისტებს არ უნდათ, რომ მუშებს მისცენ ფული; ამის მაგივრად ისინი მუშებს აძლევენ ვალს, რათა მათ გააგრძელონ მოხმარება.

ამგვარად, როცა დგება მომენტი, რომ მუშების შემცირებული ხელფასი და ზრდადი ვალები აიძულებენ მას გაყიდონ საკუთრება ან/და უარი თქვან ვალების გადახდაზე – სკდება ფასების ბუშტი საკუთრებაზე და იწყება ფინანსური კრიზისი. ამის თავიდან აცილება კაპიტალისტებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი გზით – საკუთარი მუშების მაგივრად სხვა ქვეყნების გაძარცვით; ანუ, ნეო-იმპერიალიზმი და ნეოკოლონიალიზმი. მაგრამ ამის შესახებ ვილაპარაკებ მომდევნო სტატიაში.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ