გზამკვლევი “კაპიტალის” მკითხველთათვის: თავი I, II ქვეთავი – შრომის ორადი ხასიათი

11167905_567622853377829_7624567652828238607_n

განყოფილება პირველი: საქონელი და ფული

თავი პირველი: საქონელი

საქონელში განხორციელებული შრომის ორადი ხასიათი

 

შესავალი

მეორე ქვეთავში, მარქსი მსჯელობს შრომის ორად ხასიათზე. პირველი ქვეთავიდან გვახსოვს აბსტრაქტული/ერთგვაროვანი შრომის და კონკრეტული შრომის კონცეპტები. ამ კონცეპტებამდე მივედით საქონლის შემადგენელი სოციალური კომპონენტების ანალიზით. ე.ი. აბსტრაგირების მეთოდით. საწყისშივე უნდა ითქვას, რომ აბსტრაგირების ოპერაცია მარქსისტულ მეთოდში განსხვავდება უფრო სტანდარტული გამოყენებებისგან. კერძოდ, მარქსის აბსტრაქციები შეგვიძლია აღმოვაჩინოთ რეალობაში. ისინი არ წარმოიშვება უბრალოდ ვინმეს წარმოსახვაში. რუსი ფილოსოფოსი ევალდ ილიენკოვი ამას „კონკრეტულ აბსტრაქციას“ უწოდებს (ილიენკოვი, „აბსტრაქტულის და კონკრეტულის დიალექტიკა მარქსის ‘კაპიტალში’“ 1959). აბსტრაქტული შრომა არ წარმოადგენს თეორიის შედეგს, ის კაპიტალიზმის რეალური თავისებურებაა.

უკვე ვიცით, რომ საქონლის არსებობის აუცილებელი წინაპირობაა შრომა. კონკრეტული სახეობის შრომა განაპირობებს საქონლის სახმარი ღირებულების შექმნას (მაგალითად, კაბას ქმნის მკერავის შრომა) და ამ საქონლის გაცვლისთვის – მისი ღირებულების დადგენისთვის – საჭირო საზომიც შრომაა (მაგალითად, კაბის შეკერვაში ჩადებული შრომა). მაგრამ, თავად ამ შრომასაც აქვს ორადი ხასიათი, სახმარი ღირებულების მწარმოებელი შრომა და საქონლის მწარმოებელი შრომა განსხვავდება ერთმანეთისგან:

ე.ი. მოცემული გვაქვს კონკრეტული შრომა, რომელიც აწარმოებს სახმარ ღირებულებებს და აბსტრაქტული შრომა, რომლითაც იზომება საქონლის ღირებულება და რომელიც სხვა ნაირსახეობის შრომას კი არ წარმოადგენს, არამედ სახმარი ღირებულებების მწარმოებლური შრომის განსაკუთრებული თავისებურებაა.

captal1

კონკრეტული შრომა

მარქსი წერს:

„შრომა, როგორც სახმარი ღირებულების შემქმნელი, როგორც სასარგებლო შრომა, ადამიანის არსებობის პირობას შეადგენს ყოველგვარი საზოგადოებრივი ფორმისგან დამოუკიდებლად; იგი მარადიული, ბუნებრივი აუცილებლობაა, რომლის მეშვეობითაც წარმოებს ნივთიერებათა ცვლა ადამიანსა და ბუნებას შორის, ე.ი. თვით ადამიანის სიცოცხლე.“ (მარქსი, გვ. 59)

ე.ი. კონკრეტული შრომა – ის შრომა, რომელიც ქმნის სახმარ ღირებულებას, ჩვენი ცხოვრების გარდაუვალი წინაპირობაა. ეს მტკიცება ჭეშმარიტია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებაზე მსჯელობისას. კაპიტალიზმში, ფეოდალიზმში თუ პრიმიტიულ კომუნიზმში, სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ადამიანმა უნდა იშრომოს, რომ შექმნას ტანსაცმელი, საკვები და ა.შ.

შრომის ორადი ხასიათის უკეთ გასაგებად, გავიხსენოთ კლასობრივი შესაბამისობები, რომელთა მეშვეობითაც განვიხილეთ დაპირისპირება სახმარ და საცვლელ ღირებულებებს შორის პირველ ქვეთავზე მსჯელობისას:

როგორც სახმარი ღირებულება შეესაბამებოდა მშრომელთა კლასს, რადგან ეს კლასი უპირველესყოვლისა საქონლის სარგებლიანობითაა დაინტერესებული – მშრომელს აინტერესებს სახლი, პირველ რიგში, თავზე ჭერის ქონისთვის; და როგორც საცვლელი ღირებულება შეესაბამებოდა კაპიტალისტებს, რადგან ეს კლასი უპირველესყოვლისა საქონლის მომგებიანობითაა დაინტერესებული – კაპიტალისტს აინტერესებს სახლი, მისგან მოგების მიღებისთვის.

ასევე:

კონკრეტული შრომა შეესაბამება მშრომელთა კლასს, რადგან ეს შრომა აწარმოებს იმ სახმარ ღირებულებებს, რომლებიც ესაჭიროება მშრომელებს. ხოლო აბსტრაქტული შრომა შეესაბამება კაპიტალისტებს, რადგან სწორედ ის წარმოადგენს ღირებულების და ზედმეტი ღირებულების სუბსტანციას. ანუ, მისით იზომება ღირებულება – რაც აუცილებელია კაპიტალისტებისთვის საქონელმიმოქცევის პროცესში.

იმისთვის, რომ არსებობდეს სხვადასხვა საქონლის წარმოება და გაცვლა, კაპიტალმა უნდა აკონტროლოს და თავისი ინტერესების მიხედვით გაანაწილოს სხვადასხვა კონკრეტული შრომა საზოგადოებაში. ამას – კონკრეტული შრომის მრავალწევროვან სისტემას –  ვუწოდებთ შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას. სწორედ კონკრეტული შრომის კონტროლით ახერხებს კაპიტალი საკუთარი ბატონობის შენარჩუნებას.

თუმცა, ხდება ისეც, რომ ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა დროს ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს. მაგალითად, შესაძლოა ერთ დღეს ადამიანს ემუშავა ყასაბად და მეორე დღეს მზარეულად.

ამ შემთხვევაში, განხორციელებული კონკრეტული შრომა ერთი და იგივე ინდივიდის შრომის სხვადასხვა ვარიაციებს – ამ შრომის მოდიფიკაციას – წარმოადგენს. მაშინ, ის მოქმედება, რომელიც ასეთ შემთხვევაში ხორციელდება, წარმოადგენს უბრალოდ ადამიანის სამუშაო ძალის დახარჯვას.

შეიძლება ყასაბობა და მზარეულობა თვისობრივად სხვადასხვა მწარმოებლური მოქმედება იყოს, მაგრამ „ორივე წარმოადგენს ადამიანის ტვინის, კუნთების, ნერვების, ხელებისა და სხვ. მწარმოებლურ დახარჯვას და ამ აზრით – ორივე ადამიანის შრომაა.“ (მარქსი, გვ. 61).

აბსტრაქტული შრომა

პირველი ქვეთავის განხილვიდან გვახსოვს, რომ აბსტრაქტული შრომა ეწოდება შრომას, რომელსაც ვპოულობთ სხვადასხვა საქონელში არა როგორც კონკრეტულ სასარგებლო შრომას, არამედ როგორც ერთგვაროვან შრომას – შრომას, როგორც ასეთს. საქონლის გაცვლის დროს, სწორედ მის შექმნაში დახარჯული აბსტრაქტული შრომის ოდენობა ადგენს მის ღირებულებას. ამიტომ უწოდებს მარქსი აბსტრაქტულ შრომას ღირებულების სუბსტანციას – იმას, რაც ყველა საქონელში შეიძლება იდოს თანაბრად. აბსტრაქტული შრომა ის ერთადერთი რამაა, რაც ყველა საქონელს საერთო აქვს. აბსტრაქტული შრომა ჩნდება იმიტომ, რომ შრომის პროდუქტი ღირებულებითაა გამოხატული. ღირებულება კი არ განასხვავებს სხვადასხვაგვარ კონკრეტულ შრომას, ის სწორედ აბსტრაქტული შრომის ოდენობით გამოიყვანება.

მაგრამ, რა მიმართებაშია აბსტრაქტული შრომა კონკრეტულ შრომასთან? მარქსის მიხედვით, სწორედ ამ განსხვავების გაგება იძლევა პოლიტეკონომიის სრულყოფილად აღქმის საშუალებას.

მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ ის არის, რომ აბსტრაქტული შრომა – ის შრომა, რომლისგანაც კაპიტალისტები იღებენ მოგებას – არ არის განყენებული კონკრეტული შრომისგან.

საქმე ის არის, რომ სწორედ კონკრეტული შრომისგან მომდინარეობს აბსტრაქტული შრომა. კონკრეტული შრომა ის მასალაა, რომლისგანაც კაპიტალისტები ძერწავენ აბსტრაქტულ შრომას.

შესაბამისად, კონკრეტული შრომის გათავისუფლება ღირებულების ბორკილებისგან არ შეიძლება ნიშნავდეს მშრომელთა კლასის გათავისუფლებას. მარქსის მიხედვით, საბოლოო მიზანს უნდა წარმოადგენდეს „საზოგადოებისთვის აუცილებელი კონკრეტული შრომის დაყვანა მინიმუმამდე.“ (მარქსი, „გრუნდრისე“)

პროდუქტიულობა

აქამდე, მარქსი მსჯელობს ორ საქონელში დახარჯული სხვადასხვაგვარი კონკრეტული შრომის განსხვავებულ თვისებებზე და მათი, როგორც უბრალოდ ადამიანური შრომის პროდუქტების იდენტურობაზე. (განსხვავება და იდენტურობა). ახლა უნდა დავამატოთ მწარმოებლური ძალის – პროდუქტიულობის – საკითხი.

განვიხილოთ მარქსის მიერ მოყვანილი მაგალითი, სადაც მოცემული გვაქვს ერთი სერთუკი და 10 ადლი ტილო. პირველის ღირებულება ორჯერ მეტია მეორეზე.

1 სერთუკი = x

10 ადლი ტილო = x/2

ერთი სერთუკის ღირებულება იმიტომ არის ორჯერ მეტი ვიდრე 10 ადლი ტილოს ღირებულება, რომ ერთი სერთუკის დამზადებაში ორჯერ მეტი შრომაა (აბსტრაქტული შრომა და არა მკერავის შრომა) დახარჯული, ვიდრე 10 ადლი ტილოს დამზადებაში.

ღირებულება დამოკიდებულია დახარჯული შრომის რაოდენობაზე. თუ დახარჯული შრომის რაოდენობა იზრდება, იზრდება ღირებულებაც.

პირიქით ხდება პროდუქტიულობის შემთხვევაში: თუ ერთი და იგივე რაოდენობის შრომის პროდუქტიულობა იზრდება, ღირებულება იკლებს.

ე.ი. თუ სერთუკის დამზადებისთვის საჭირო შრომის ოდენობა იზრდება, მისი ღირებულებაც გაიზრდება.

და თუ სერთუკის დამზადებისთვის საჭირო შრომის – რომელიც თავის მხრივ, საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დროით იზომება – პროდუქტიულობა ორმაგდება, ამ სერთუკის ღირებულება ნახევრდება.

ე.ი. პროდუქტიულობა წარმოადგენს კონკრეტული შრომის თვისებას (და არა აბსტრაქტული შრომისას!). პროდუქტიულობის ცვლილება ხდება კონკრეტულ შრომაში და არა აბსტრაქტულში.

პროდუქტიულობის ცვლილება ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა კლასობრივ ბრძოლაში. მის დინამიკას უკავშირდება შრომის რეორგანიზაციები სამუშაო ადგილებზე – კადრების შემცირება, ხელფასების ვარდნა და სხვ. – რაც ხშირად იწვევს გაფიცვებს ან მშრომელთა წინააღმდეგობის სხვა ფორმების ამოქმედებას. სწორედ შრომის ორადი ხასიათის ახსნის შემდეგ შეგვიძლია გავიგოთ პროდუქტიულობის ეს კრიტიკული როლი.

მაგალითად: თუ ერთსა და იმავე დროში, მშრომელების ერთი და იგივე რაოდენობამ აწარმოა ორჯერ მეტი სახმარი ღირებულება, ე.ი. ამ კონკრეტული სასარგებლო შრომის პროდუქტიულობა გაორმაგდა. რადგან დრო იგივე რჩება, აბსტრაქტული შრომა, ანუ ღირებულება თითოეულ სახმარ ღირებულებაში განახევრდა.

ე.ი. თუ ათი მშრომელი ერთ საათში აწარმოებდა ორ მაცივარს და ახლა, ისევ ერთ საათში, ისევ ათი მშრომელი აწარმოებს ოთხ მაცივარს, მაცივრის ღირებულება ნახევრდება.

მშრომელების მიერ წარმოებული საქონლის ღირებულების შემცირებით, კაპიტალისტს შეუძლია ნაკლები გადაუხადოს მშრომელს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ