ლაშა ხარაზი: ნეოლიბერალიზმის სიღარიბე

laSa

► ლაშა ხარაზი გახლავთ პოლიტიკის ფილოსოფოსი. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მისი სხვა წერილებიც: “პოლიტიკური ცხოვრების შესახებ”  “აზრი და ენის პოლიტიკურობა” და “ვინ არის პოლიტიკოსი”

©European.ge

ნეოლიბერალიზმი ყველაფერ სხვამდე პოლიტიკური ცხოვრების პრობლემატიზაციის უუნარობაა. ოღონდ, ამ უუნარობის თავისებურება ისაა, რომ ნეოლიბერალურ რაციონალობაში იგი არასდროს აღიქმება პრობლემურ მოცემულობად. პირიქით, სწორედ ამ უუნარობის ნორმირება, მისი მუდმივი თემატიზაცია და ცხოვრების ყველა შესაძლებელ სფეროში ინსტიტუციურად უზრუნველყოფაა ნეოლიბერალური აქსიომატიკის საფუძველი. დღეს უკვე ფაქტია, რომ პრობლემის დანახვის და შემდეგ უკვე დანახულთან ურთიერთობის ნეოლიბერალური ტოპოლოგია, შეგნებულად არ ცნობს პოლიტიკურის სირთულეებთან დაკავშირებული კოორდინატების მნიშვნელობას და ამას აკეთებს პოლიტიკურისადმი არა იმ ისტორიულად განპირობებული უნდობლობის გამო, რომელიც კლასიკურმა ლიბერალიზმმა „უხილავი ხელისა“ და „Laissez-faire“ დოქტრინების სახით სოციალური ცხოვრების ორგანიზების მთავარ აპარატად დაიდგინა, და მით უმეტეს, არც უტოპიურის ბრმა ოპტიმიზმის კარნახით, კეთილი განზრახვების საუკეთესო ტრადიციების დაცვით, პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი პერსპექტივიდან აქტუალიზაციის ახალ შინაარსებს რომ ჰპირდება, მეორედან კი ქმნისა და ხედვის ყველა შესაძლებელ გზას რომ უკეტავს მას, არამედ იმ ძალიან კონკრეტული პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც პოლიტიკურის სრულ დაქვემდებარებასა და შემდგომ უკვე მის საბოლოო ქრობასაც ისახავს მიზნად.

ამ პროგრამის შემადგენლობის პრობლემატიზაცია თავიდანვე ნეოლიბერალიზმსა და ლიბერალიზმს შორის არსებული კავშირის შესახებ გვაფიქრებს. პრობლემურის ამ ადგილის განსაკუთრებულობა ისაა, რომ ამ ძალზე სპეციფიკური ხასიათის კავშირში ნეოლიბერალიზმი, როგორც ძალაუფლების ორგანიზების კაპიტალისტური ტექნოლოგია, რამდენადაც გამომდინარეობს ლიბერალიზმის ნორმატიული წესრიგიდან, იმდენადვე გამომდინარეობის ამ პროცესშივე ქმნის საკუთარი სტრატეგიების, პრაქტიკებისა და ინტერესების სუვერენულ სისტემას, რომელიც ლიბერალიზმის კონვენციურ ლექსიკონს პარადოქსულად ერთდროულად „უპირისპირდება“ და თან მასშივეა ნაგულისხმევი. თუმცა აქ საინტერესოა, რომ ლიბერალიზმთან დაპირისპირების ნეოლიბერალური სემანტემა, ლიბერალური სემანტემისგან განსხვავებით, ამ ორს შორის მოქმედ დაძაბულობებს არასდროს აღიქვამს ერთმანეთის გამომრიცხავი ან უარმყოფი შინაარსებით, პირიქით, ნეოლიბერალიზმის ყოველი ცალკე აღებული მოქმედება, ლიბერალიზმისთვის თუნდაც ისეთი არსებითი ღირებულების წინააღმდეგ მიმართულიც კი, როგორიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დოქტრინაა, საკუთარ თავს არასდროს თარგმნის შეცდომად, დანაშაულად და კიდევ უფრო ნაკლებად, როგორც ლიბერალური ორთოდოქსიიდან დროებით ან შემთხვევით გადახვევად, არამედ ყოველთვის უკვე წინასწარცენზირებული ლეგალიზმებით დაჩარჩოებული ნორმების გამრავლებით ცდილობს საკუთარი თავის იმ მნიშვნელობებით უზრუნველყოფას, რომლებიც თავისუფლების ლიბერალური კონცეფციის საზღვრებშივე ამზადებენ ამგვარი მოქმედებების კვლავწარმოებისთვის აუცილებელ წინაპირობებს. საგულისხმო ისაა, რომ ამ წინაპირობების ჯამი თუ ლიბერალიზმსა და ნეოლიბერალზმს შორის არსებული კავშირის ფაქტობრიობას იძლევა, მათი საწყისი წერტილი ლიბერალიზმის პოლიტიკური ფსიქოლოგიის ხასიათს გვაცნობს, რომელიც ყველაფერი პოლიტიკურისადმი უნდობლობითა და ეჭვით ხასიათდება.

შემთხვევითი არაა, რომ ჩვენ აქ ლიბერალიზმის პოლიტიკურ ფსიქოლოგიაზე ვლაპარაკობთ, რადგან პირველი, რასაც ლიბერალიზმის ისტორიული ეთოსი გვიმჟღავნებს საკუთარ თავზე პოლიტიკურისა და „ფსიქოლოგიურის“ ერთმანეთში სინთეზირების იმდენად მძლავრი დინამიკაა, რომ საგანთა მოცემის პრაქტიკულ დონეზე უბრალოდ შეუძლებელი ხდება ამ ორის ერთმანეთისგან გამოცალკევება. მიზეზი, რის გამოც არსებულის ორგანიზების ლიბერალური ტექნოლოგია, სამყაროს ახალი სურათის კონსტიტუირებისთვის დასაწყისშივე ფსიქოლოგიურის ოპტიკას ირგებს, დაკავშირებულია არა უბრალოდ ნორმატიული წანამძღვრების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ახალი ეპისტემოლოგიური არხების ძიებასთან, რასაც ლიბერალიზმი, როგორც განმანათლებლობის „ოფიციალური“ იდეოლოგია, გონების სუვერენიზაციითა და მისი თანმდევი ცოდნის ახალი სფეროების რაციონალიზაციით, უდავოდ წარმატებით ართმევს თავს და არც „ძველი რეჟიმის“ მონოლითურ ვერტიკალთან პოლიტიკური დაპირისპირებისთვის საჭირო მასალების დამუშავებასთან, რისთვისაც ფსიქოლოგიზმის რელატიურობა ცალსახად ძლიერი ბიძგის მიმცემი ძალა აღმოჩნდა, არამედ იმ ყველაზე ძვირფასი მონაპოვრის პოლიტიკურად აქტუალიზაციასთან, რომელსაც ლიბერალიზმი ისტორიის სცენაზე ინდივიდის გამოყვანასა და მის სამოქალაქო სტატუსით უზრუნველყოფაში ხედავს. ორი აზრი არაა, რომ ლიბერალიზმი იწყება ინდივიდის სამოქალაქო რეპრეზენტაციის დასაკუთრებით, ინდივიდის უფლებებითა და თავისუფლებებით გარანტირების აუცილებლობით, იმ პროექტის განხორციელების ორგანიზებული სურვილით, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებასა და ადამიანის ინდივიდუალურ ბუნებას შორის აბსოლუტური მსგავსების მიღწევას ისახავს მიზნად. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სწორედ ამ ჰომოლოგიიდან იღებს სათავეს ლიბერალიზმის ჰუმანისტური კონტექსტები, ადამიანურზე მეტად ადამიანური საზრისების მთელი ნაკადი, ინდივიდს არა მხოლოდ თავისუფლების აღთქმული მიწისკენ სვლას რომ ჰპირდება, არამედ დაპირების დროს ინდივიდისავე თვალებით რომ იწყებს არსებულის ხედვას, ისაკუთრებს მის შესახებ თეორიულად ნორმირებულ მნიშვნელობებსა და ნებადართული ჟესტების მთელ წყებას და ამ გზით პოლიტიკასთან ურთიერთობის შინაარსებს ინდივიდუალური წარმოდგენებისა და განწყობების მკაცრად ცენზირებულ სისტემას უქვემდებარებს.

ლიბერალიზმის ყველაზე პრობლემური პარადოქსიც ისაა, რომ ინდივიდი მასში ერთდროულად თავისუფალიცაა და დასაკუთრებულიც, ან ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ინდივიდი მასში თავისუფალი ზუსტად იმდენადაა, რამდენადაც იგი ყოველთვის უკვე დასაკუთრებულია. და მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმის კლასიკური რეცეფცია სავსეა მსჯელობებით თავისუფლების, როგორც ავტონომიური და უნივერსალური ღირებულების შესახებ, ის ერთი შეხედვით ისტორიული შემთხვევითობა, სინამდვილეში კი კანონზომიერზე უფრო კანონზომიერი მოცემულობა, რომ ბოლო ათწლეულებია ბიოპოლიტიკური ტექნოლოგიებისა და კაპიტალის ფინანსიალიზაციის სულ უფრო მზარდი სისტემატიზაციის გავლენით, პოლიტიკური ტრიბუნებიდან, ეკონომიკური ფორუმებიდან, სამეცნიერო კონფერენციებიდან და ბიუროკრატიული აპარატებიდან ლიბერალიზმის ოფიციალური ენა და მოქმედების ლოგიკა ნეოლიბერალიზმია, გარდაუვალს ხდის იმ კონკრეტულობაზე დაფიქრებას, რომლის მიხედვითაც ინდივიდის თავისუფლება უკვე ლიბერალიზმშივე ცხადდება საკუთრების პირველად სამიზნედ. ოღონდ გამოცხადების ან მნიშვნელობით დატვირთვის ეს პროცედურა ლიბერალიზმის კლასიკურ რეცეფციაში არსად ჩანს ექსპლიციტურად და იგი პრინციპში, მიუხედავად ასეთი შეძლებისა, არც იმ ჰერმენევტიკული აპარატის მოშველიებას გვავალდებულებს, რომელიც ამგვარი შინაარსების ტექსტებიდან ამოკითხვას შეეცდებოდა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ლიბერალიზმი, როგორც არსებულის ორგანიზების ტექნოლოგია, რომლის ამოსავალი ფსიქოლოგიური წერტილიც ყველაფერი პოლიტიკურისადმი ორგანული უნდობლობაა, ინდივიდის თავისუფლების უნივერსალიზაციის დროს, ვერ ითვალისწინებს იმ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არსებულ სინამდვილეს, რომ პოლიტიკურის ნეიტრალიზაციით იგი ბაზრის სახით, უთანასწორობების, ასიმეტრიების, დისციპლინირებისა და კონტროლის ახალი რეალობის სისტემატიზაციას უწყობს ხელს. ოღონდ ვერგათვალისწინების ამ პროცედურაში მაინცდამაინც ლიბერალიზმის კეთილი განზრახვებისთვის კი არ უნდა დავტოვოთ ადგილი, რომელიც ზოგადად კეთილი განზრახვებისთვის ისტორიულად ასე დამახასიათებელი ნაივურობისა და მომავალთან მართებულად ურთიერთობის შეუძლებლობის გამო ვერ ახერხებს მოპოვებული თავისუფლების პოლიტიკურად თარგმნას, არამედ პასუხი ლიბერალიზმის იმ რწმენის საფუძვლებში უნდა ვეძებოთ, რომელიც სოციალური და იქვე ყოველთვის უკვე სამოქალაქო ცხოვრების ოპტიმალურად ორგანიზებისთვის ყველაზე საიმედო საშუალებას საბაზრო ლოგიკის უნივერსალიზაციაში ხედავს. ფაქტია, რომ ლიბერალიზმი დასაწყისშივე ბაზრისადმი გამოცხადებული უპირობო ნდობაა. ნდობა, რომელიც ინდივიდის მიერ საკუთარ თავისუფლებასთან არა ქმნადი ურთიერთობის, არამედ ამ თავისუფლების გამოყენებისა და ფლობისთვის ყველაზე ავთენტურ ადგილად სწორედ ბაზარს და ბაზრის ყველაზე „ადამიანურ“ მისწრაფებას, გაცვლას მოიაზრებს. რაღაც უცნაური მექანიზმით, განმანათლებლობის თეორიული აპარატით აღჭურვილი ლიბერალიზმი თავის გენეზისში ზედმეტად კრიტიკულია ყველაფერი პოლიტიკურის მიმართ და პირველ რიგში სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურის ფორმალური ოპერატორისადმი და სიშტერემდე იდეალისტური ყველაფერი საბაზროსადმი. ბაზრის ნატურალიზაციით, გარკვეული აზრით მისი ანთროპოლოგიზაციით, იმ რწმენის ნორმალიზაციით, რომ საბაზრო რეალობაში ინდივიდი ყველაზე დაუეჭვებლად შეიძლება ფლობდეს საკუთარ თავისუფლებას, ლიბერალიზმი თავს სახელმწიფოსთან დაპირისპირებულ მართვის ტექნოლოგიად აცხადებს, გაცვლის საბაზრო მექანიზმების მიღმა არსებული ინტერესების, მოქმედებების, აფექტების, იდეებისა და სურვილების წარმოების ადგილად კი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს ქმნის, ერთი შეხედვით სამართლიანობის ფხიზელ და მიუკერძოებელ თვალს, ნეიტრალურსა და მატერიალურად დაუინტერესებელს, თუმცა მაინც საბაზრო ძალებთან ალიანსით შექმნილს და ამდენად, ყოველთვის უკვე საბაზრო საზოგადოებად გადაქცევისთვის მზადმყოფს. პოლიტიკურის ირონიაა, რომ დღეს გრამშის დიდი თეორიული აღმოჩენის გეომეტრია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებაში სახელმწიფოს მიერ სანქცირებული პოლიტიკური საზოგადოების სინამდვილეს ხედავს, ერთიანად იცვლება, როდესაც ნეოლიბერალიზმთან ერთად ლიბერალიზმის მიერ ნორმირებული პოლიტიკური საზოგადოება თავის მთავარ საყრდენს ახლა უკვე არა სახელმწიფოში, არამედ იმ კაპიტალში ხედავს, რომელიც სახელმწიფოს მხოლოდ საკუთარ საბაზრო ატრიბუტად მოიაზრებს.

არსებულის ორგანიზების ლიბერალურ ტექნოლოგიაში მუდმივად მეორდება ერთი ფსიქოლოგიური მოტივი, რომელიც არა უბრალოდ უწყვეტ ხაზად გასდევს ლიბერალიზმის ისტორიას, არამედ მისსავე საწყისებში ერთგვარი იმპერატიული აუცილებლობითაცაა მოცემული. ამ მოტივის სტრუქტურის, მისი შემადგენლობისა და შინაარსის გასაგებად მიშელ ფუკოს მიერ 1978-1979 წლებში წაკითხული ლექციების კურსი, „ბიოპოლიტიკის დაბადება“ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ლექციებში ხშირად გამოყენებული სქემატური მსჯელობებისა და განზოგადებების მიუხედავად, ფუკო ისტორიულთან ურთიერთობის დროს მხოლოდ მისთვის ასე ნიშნეული ქმნადი ინტუიციით, მაინც ახერხებს აზროვნების ლიბერალური ლოგიკის შიგნით შებიჯებას, იქ, სადაც გასაგები ხდება არა მხოლოდ იმ ელემენტების ხასიათი და ბუნება, რომლებიც მართვის ლიბერალური ტექნოლოგიის მასალებს შეადგენენ, არამედ ლიბერალიზმის ფსიქოლოგიური გენეზისიც, ამ გენეზისის რაციონალობა და განვითარების კონკრეტულობა, პრინციპში დიდი ნაწილი ყველაფერი იმისა, რაც მოქმედების ლიბერალურ პროგრამას ისტორიულად ხდის შესაძლებელს. თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ფუკოსთვის ლიბერალიზმი საინტერესოა, არა როგორც თეორია ან იდეოლოგია, არამედ პირველ რიგში როგორც მართვის რაციონალიზაციის მეთოდი, რომლის განმკარგავ მომენტსაც მაქსიმალური ეკონომიის პრინციპი წარმოადგენს. (მართვა ფუკოსთან არასდროს გაიგება, როგორც რაიმე ტიპის ინსტიტუცია, რომელიც ფორმალურად შეიძლება განსაზღვრავდეს რომელიმე ცალკე აღებულ სფეროს, არამედ როგორც აქტივობა ან დინამიკა, რომელიც სახელმწიფოს ინსტრუმენტების გამოყენებით ადამიანების ქცევას გარკვეულ ჩარჩოში ათავსებს.[i]) ფუკოსთვის ეკონომიის ლიბერალური პრინციპის ძირითადი ადრესატი სახელმწიფოა, რაც ყველაფერ სხვამდე ლიბერალიზმის უკვე ზემოთ ნახსენები ფსიქოლოგიური მოტივის რაციონალიზაციას, მის გამართლებასა და გარკვეული აზრით, ნორმალიზაციას ემსახურება. ეს მოტივი თავს იმ დაეჭვების პერმანენტულ მზადყოფნაში ავლენს, რომელმაც ყოველგვარ მართვაში ყოველთვის უკვე გადაჭარბებული მართვა უნდა შენიშნოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ოპტიკა, რომელშიც მართვის ლიბერალური ტექნოლოგია ხედავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მასშივე პოტენციურად მოცემული ყველა სამომავლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობასაც, იმ ეჭვის განმეორებითი ნორმირებით არსებობს, რომელიც მართვის ტექნოლოგიაში ყოველთვის უკვე ზედმეტად ბევრ, გადაჭარბებულ მართვას ხედავს ან კიდევ რომელიც ყოველგვარ მართვას განიხილავს, როგორც ერთგვარ დანამატს, რომლის საჭიროება და სარგებლიანობაც მუდმივად უნდა იყოს შეკითხული.[ii] ამგვარად, ლიბერალიზმის ფუნდამენტური ეჭვია: ის ვინც მართავს, ხომ არ მართავს იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა რომ მართავდეს? და აქ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ამ ეჭვს მისსავე საფუძველში რამენაირად აკლდეს პოლიტიკურობა და კიდევ უფრო მეტად ისტორიულის, როგორც პოლიტიკურის გამოცდილების მხარდაჭერა, რომ არაფერი ვთქვათ მის დემოკრატიულ ბუნებაზე, საქმე არა ამ ეჭვის კონცეპტუალურ ნაწილში, არამედ იმ პროცედურაშია, რომელსაც ლიბერალიზმი ამ ეჭვის უნივერსალიზაციისა და გააბსოლუტურებისთვის ირჩევს, კონკრეტული ისტორიული დინამიკის გავლით, მთელი თავისი რეაქტიური შედეგებით ნეოლიბერალიზმში რომ მატერიალიზდა.

ნეოლიბერალიზმი ზუსტად რომ ამ ლიბერალური ეჭვის რადიკალიზაციის პროცედურაა, მისი სტრატეგიული სამიზნე კი პოლიტიკურის სუვერენიტეტია. ამ უკანასკნელს ნეოლიბერალიზმი არსებულის ტოტალური ეკონომიზაციის პრინციპით გაჯერებულ საბაზრო სუვერენიტეტის პროგრამას უპირისპირებს. სემიო და ფინანსიალიზებულ კაპიტალთან ალიანსით, მართვის ნეოლიბერალური ტექნოლოგია თეორიული აბსტრაქციებიდან და კვაზი-სამეცნიერო კოლოქვიუმებიდან პირდაპირ კაპიტალიზმის აქტუალურ ლოგიკად ცხადდება, რომლის ამოცანა და ამავდროულად ისტორიული დანაპირებიც ბაზრის სუვერენიზაციის გზით პოლიტიკურის სრული ნეიტრალიზაციაა. ამ დანაპირების შესრულებისთვის ნეოლიბერალიზმი მნიშვნელობებისა და მოქმედებების მძლავრ აქსიომატიკას ქმნის, რომლითაც იგი არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ან „პოლიტიკური“ იდენტობის განმსაზღვრელ სიხშირეებს აწარმოებს, არამედ ამზადებს წარმოდგენებს ადამიანური ბუნებისა და ამ ბუნების ცხოვრების ყოველდღიურობასთან თავსებადობის შესახებაც. ლიბერალურ ანთროპოლოგიას, რომელიც ეკონომიკურ ადამიანს (Homo oeconomicus) საჭიროებებიდან გამომდინარე თავისუფალი ბაზრის დინამიკაში გაცვლით ურთიერთობებში ჩაბმულ სუბიექტად აღიქვამდა, ნეოლიბერალური ანთროპოლოგია საკუთარივე თავის მეწარმე, ადამიან-კაპიტალს „უპირისპირებს“.[iii] შემთხვევითი არა, რომ ნეოლიბერალურ ლექსიკონში განსაკუთრებული ადგილი სიტყვა-კონცეპტ „ინვესტიციას“ უკავია, ყველაფრის კაპიტალიზაციის ჟინით ორგანიზებულობას, ეკონომიკური სფეროდან ცხოვრების ყველა სხვა სფეროში სტიქიურად რომ იჭრება და თანდათანობით სიცოცხლის უნივერსალურ აღმნიშვნელადაც რომ იქცევა. ასე მაგალითად, ნეოლიბერალიზებულ ყოველდღიურობაში ადამიანი-კაპიტალი ლაპარაკის დროს სიტყვებს და წინადადებებს ინვესტირებს, ფიქრის დროს ყურადღებასა და წარმოსახვას, ადამიანი-კაპიტალი საკუთარი თავის პერმანენტული ინვესტირებისა და რეინვესტირების რეჟიმში არსებობს, იგი განუწყვეტლივ ინვესტირებს საკუთარ თავს, ინვესტირებს ყველგან და ყველაფერში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა შრომაში. საბაზრო ლოგიკის სუვერენიზაციისთვის ნეოლიბერალიზმის სტრატეგიული ინტერესი პირველ რიგში სწორედ შრომის პოლიტიკური შემადგენლობისგან დაცლაა. ინდუსტრიულ სექტორებში წარმოების პოლიტეკონომიურად ავტორიტარული სტრუქტურის მქონე ქვეყნებში გადატანით, პროფკავშირული მოძრაობების დეინსტიტუციონალიზაციისა და უშუალოდ სამუშაო ადგილზე კონტროლისა და პოლიცირების აპარატების მობილიზაციით, ფიზიკური შრომა ნეოლიბერალიზმში ტოტალურად დისციპლინირებულია. პოსტინდუსტრიულ და განსაკუთრებით კი ფინანსიალიზებული სისტემების შემთხვევაში კი ნეოლიბერალიზმი სემიოკაპიტალთან ალიანსით, შრომითი პროცესისადმი აღქმების, განწყობებისა და დამოკიდებულების ორგანიზების იმდენად ყოვლისმომცველ რეპრესიულ აპარატს ქმნის, რომ პირობითი მშრომელის სიცოცხლესთან ურთიერთობის ყველაზე უმნიშვნელო გამოცდილებაც კი მთლიანად სანქცირებულია ამ აპარატის მიერ. შეხედულებების, ღირებულებების, აზრების, წარმოდგენების, სურვილების, მოლოდინების, დამოკიდებულებების ჯერ დამზადებითა და შემდეგ უკვე მათი სოციალურად ნორმირებით, ფინანსური კაპიტალი სამუშაო ძალიდან ნამატი ღირებულების უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსების ამოწურვით, დარწმუნებისა და დაყოლიების სრულიად ახლებური ლოგიკით მომუშავე რეალობას ქმნის. მატერიალური კაპიტალის მიერ გაშინაგანებულ იძულებისა და დაშინების ტრადიციულ საშუალებებს აქ მშრომელის ფსიქიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგი და ცენზირება ანაცვლებს. ფინანსისტებიც, რომლებიც თანამედროვე კაპიტალიზმში შუა საუკუნეების მისტიკოსების სეკულარიზებულ ეკვივალენტებად წარმოგვიდგებიან, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მზად არიან სპეკულაციური მისტერიებით, მენეჯერიალური მჭვრეტელობებით, წინაწარ გამიზნული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციული ბლოკების დამზადებით, ფსიქოლოგიური რეზონანსების წარმოებით, კონკრეტულად არავის მიერ, მაგრამ ყოველთვის უკვე ანონიმურად განსაზღვრული ნიშნების გავრცელებით რაც შეიძლება მაქსიმალურად უზრუნველყონ საბაზრო სუვერენიტეტი.

ლიბერალიზმის სამართალმემკვიდრეობით თვითდავალებულს, ნეოლიბერალიზმს არც ინდივიდუალური თავისუფლებების ახალი საშუალებებით იმუნიზაცია ავიწყდება. თავისუფლების დომინანტური ფორმა, რომელსაც კოლექტიური სტრუქტურების მეთოდური ნგრევით ნეოლიბერალიზმი უწყვეტად, სოციალური ცხოვრების ყველა შესაძლებელ დონეზე აწარმოებს, უმუშევარად და დაუცველად დარჩენის თავისუფლებაა.[iv] ერთადერთი თავისუფლება, რომელსაც ნეოლიბერალური აქსიომატიკა ინსტიტუციური დერეგულაციების დამნაშავე ცნობიერების წარმოებასთან სინთეზის ფონზე ინდივიდის შეუვალ და ფუნდამენტურ უფლებად აცხადებს, სიღარიბეში ყოფნის უფლებაა. ოღონდ აქვე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თეორიაში ხშირად აქცენტირებულ ნეოლიბერალურ დერეგულაციაზე კონვენციური წარმოდგენის გავლენით არ ვიფიქროთ, თითქოს ნეოლიბერალიზმის მიერ ნორმირებულ დერეგულაციას თუნდაც ყველაზე პირობითი კავშირი მაინც ჰქონდეს თავისუფალი ბაზრის ორთოდოქსულ რწმენებთან. სინამდვილეში დერეგულაციის ნეოლიბერალური სემანტემის მთავარი მიზანი არა რეგულაციის გაუქმება, არამედ მისი პოლიტიკურის სუვერენიტეტიდან საბაზრო სუვერენიტეტში ინსტიტუციონალიზაციაა. რეალურად, მიზეზი რატომაც ნეოლიბერალიზმი ყველა შესაძლებელი გზით ცდილობს პოლიტიკურად ნორმირებული რეგულაციების დისკრედიტაციას, დაკავშირებულია არა იმ ეთიკურის საფარველით შენიღბულ ჟარგონთან, რომელიც ყოველგვარ რეგულაციაში ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვას ან მის იძულებით დათმობას ხედავს და არც პოლიტეკონომიური პარამეტრების ახლებური დინამიკით ამუშავების გეგმასთან, არამედ იმ კონკრეტულზე უფრო კონკრეტულ ინტერესთან, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურის ნეიტრალიზაციის მოტივით მოქმედმა ნეოლიბერალიზმმა ყოველდღიური გონებისთვის გაუგებარ, მისტიციზმებით სავსე საბაზრო ავტონომიურობაშივე უნდა განსაზღვროს კაპიტალის თვითრეგულირების რეჟიმი – დერეგულაციის ნეოლიბერალურ მითოლოგემას არაფერი აქვს საერთო ეკონომიკურ რწმენებთან ან ჰუმანისტურ კონტექსტებთან, იგი თავიდან ბოლომდე ძალაუფლების შესახებ საკითხია, რომელიც ყველგან და ყოველწამიერად მხოლოდ საკუთარი თავის გამრავლებითა და გადამრავლებით მოქმედი კაპიტალის ინტერესების შესაბამისად სიღარიბის სოციალური ცხოვრების არსად ქცევას ისახავს მიზნად.

და მაინც, რას ვგულისხმობთ, როცა ნეოლიბერალიზმის სიღარიბეზე ვლაპარაკობთ? სიღარიბის ორი ყველაზე ახლო ნიშნის, უკმარისობისა და საჭიროების ხელოვნურად წარმოებით, ნეოლიბერალიზმი იძულებითი ძალადობის გლობალურ ინდუსტრიას ქმნის, რომელშიც ძალადობა ტოტალურად კრიმინალიზებული მხოლოდ იმიტომაა, რომ თავის უღრმეს საფუძვლებში ყოველთვის უკვე წახალისებული იყოს. სიღარიბის ნორმალიზაციით ნეოლიბერალიზმი ერთდროულად ძალადობის მსაჯულიცაა და მისივე დამნაშავე ცნობიერებაც, ერთი ხელით ძალადობაზე რეაგირებისთვის მზადმყოფ კანონთა სადამსჯელო კორპუსს ქმნის, მეორეთი კი ძალადობისავე მაწარმოებელი მორალიზმების ყველაზე ამორალურ სერიებს არეგისტრირებს, რომელთა უმთავრესი ამოცანაც საგანთა ბოლოს სიცოცხლის დაქვემდებარება და მისი დანაშუალის გრძნობით გაჯერებაა. ნეოლიბერალიზმის სიღარიბეც ყველაფერ სხვამდე პოლიტიკურ ცხოვრებასთან და ამ ცხოვრებაში მოცემულ ქმნად სიმრავლეებთან ურთიერთობის სიღარიბეა, პოლიტიკურად ფიქრის უარყოფით ნეოლიბერალიზმი გზას საბოლოოდ უხსნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე საბაზრო ძალების დომინაციას, საბაზრო ფუნდამენტალიზმის სახით ახალი ჰეგემონიის ორგანიზებას, წინა ფორმებთან შედარებით ჩაგვრის, დისციპლინირებისა და კონტროლის ბევრად უფრო რთული სტრუქტურის მქონე რეალობას, რომელიც ერთიანად უარს ამბობს სიცოცხლის, მისსავე განსხვავებულობაში აქტუალიზაციის პოლიტიკურ იდეაზე, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობაში ქმნისა და ხედვის, ურთიერთდახმარების, ხელის გაწვდენისა და ერთმანეთთან ერთმანეთისთვის მოსმენისა და ლაპარაკის შეძლებებში რომ მჟღავნდება და მთელ თავის ძალისხმევას სიცოცხლის მართვის ბიოპოლიტიკურ ტექნოლოგიასთან სინთეზისკენ მიმართავს, სიცოცხლის ტოტალური სტატისტიზაციისა და ეკონომიზაციის რეპრესიული მანქანისკენ, რომლის აბსოლუტურ ჰორიზონტსაც მხოლოდ კაპიტალის ინტერესების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

გასაკვირი არაა, რომ სიღარიბის სისტემურ ლოგიკად გადაქცევის პროცესში, მართვის ნეოლიბერალური ტექნოლოგია საკუთარ სტრატეგიულ ანტითეზისს დემოკრატიაში ხედავს. დემოკრატია, როგორც ხალხის პოლიტიკურად თვითაქტუალიზაციის პროცედურა, რომელიც თავისი ყველა მეტ-ნაკლებად კანონიკური ვარიაციით პოლიტიკურის იმპერატივია ყველაფერ საბაზროზე, სიღარიბის ნეოლიბერალური ინსტიტუციონალიზაციის პროგრამის განხორციელებისთვის მთავარ წინაღობას წარმოადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი ჯერ კიდევ არაფერი ვიცით ხალხის პოლიტიკურაზე, ამ პოლიტიკურობის ქმნად და განმათავისუფლებელ პოტენციალზე, საკუთარი თავის გადამლახავი კრიტიკული ოპტიმიზმით ის მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასაწყისისთვის მხოლოდ ხალხის პოლიტიკურად ამეტყველება თუ შეძლებს ნეოლიბერალური სისტემური ჰეგემონიისთვის მოქმედებით გამყარებული შეკითხვების დასმას.

მართალია რომ ნეოლიბერალიზმი დღეს არსებულის ორგანიზების გლობალურად დომინანტური ტექნოლოგიაა, სახელმწიფო ადმინისტრირების პრაქტიკებიდან დაწყებული საგანმანათლებლო სისტემებით დამთავრებული ყველაფერი ამ ტექნოლოგიის ნორმატიულ წესრიგს ექვემდებარება, მისი მასშტაბები ლამის მთლიანად ფარავს არსებულის საზღვრებს, მართვის ამ ტექნოლოგიასთან დაპირისპირება დღეს ძალიან რთულ, ხანგრძლივ და დამღლელ სამუშაოდ, ერთგვარ შეუძლებლობადაც კი მოჩანს, და მაინც, აქვე აზრის მუდმივმოქმედ დინამიკაში უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი ღირებული მხოლოდ შეუძლებლობის ზღვარზე თუ ხდება.

გამოყენებული ლიტერატურა: 

[i] Michel Foucault, The birth of Biopolitics – Lectures at the College De France 1978-1979 (Palgrave Macmillan, 2008, New York), 318

[ii] Ibid, 319

[iii] Ibid, 226

[iv] Pierre Bourdieu, The essence of neoliberalism (Le Monde diplomatique, December 1998)

 

 

 

 

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ