ლაშა ხარაზი: ვინ არის პოლიტიკოსი?

ყოველი ემპირიზმის საფუძველმდებარე პრინციპია, რომ საგნის შინაარსი ჩვენ ამ საგანთან ურთიერთობის გამოცდილებაში მოგვეცემა. გამოცდილებაში მოცემული საგანი ამ საგნის გამოთქმის შეძლებაა, მისი ყოველდღიურობის ნაწილად ქცევის ცნობიერი პრაქტიკაა. გამოცდილება განიცდის საგნის შინაარსს და მხოლოდ ამ განცდილის კვალად გამოთქვამს საკუთარ თავს. განცდილი საგანი გამოცდილების სინათლეა, სიცოცხლის განვრცობის ყველაზე ქმედითი საშუალებაა.

გამოთქმული საგანი განცდილის შესახებ აზრის გამოთქმის ავტონომიურობაა. ასეთი აზრი გამოთქმულზე ზრუნვის სიხარულს გვიმჟღავნებს, მისი დაოსტატებისა და დახვეწის მზადყოფნისკენ მიგვითითებს. გამოთქმული აქ ყოველთვის უკვე გამოთქმულია, რადგან განცდილის აზრთან შეხვედრის წამი მოქმედების აუცილებლობაა, არსებობის ზღვარდადებული ფაქტობრიობისგან თავდაღწეულობაა. ამ წამის თავისებურებაა საკუთარი თავის გადალახვისკენ სწრაფვა, საზრისისკენ მოძრავი აზრისთვის უძალობისა და უსურვილობის წინააღმდეგ დახმარების გაწევა, მისი აფირმაციული ინტენსივობით უზრუნველყოფა. განცდილის აზრთან შეხვედრის წამი სიცოცხლესთან ქმნადი ურთიერთობაა, რომელიც შემკითხველად გახდომის გზით საგნებისადმი ჩვენი განწყობის სინამდვილეს გვაცნობს. ამ წამის მიხედვით ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვკითხულობთ არსებულის შესახებ, რომ გარკვეული წესით განვეწყობით შეკითხულისადმი. სწორედ შეკითხულისადმი ჩვენი განწყობის სინამდვილიდან გამომდინარეობს შეკითხულის ჩვენდამი განწყობის ხასიათიც. შემკითხველად გახდომა იმთავითვე შეკითხულად გახდომაცაა, შემკითხველს ყველგან თან სდევს მისივე ორეული შეკითხულის სახით, ის, რაც შემკითხველის შეკითხულად გახდომის სინამდვილეს განაპირობებს.

ამ ნაწერში ჩვენ პოლიტიკოსის შესახებ ვკითხულობთ, ესე იგი, ვკითხულობთ იმის შესახებ, ვისი საშუალებითაც პოლიტიკა გამოთქვამს საკუთარ თავს. პოლიტიკა, ისევე როგორც არსებულის ყველა სხვა ნაწილი მიისწრაფვის გამოთქმულად ყოფნისკენ, მაგრამ მიუხედავად ასეთი მისწრაფებისა, პოლიტიკის გამოთქმა პოლიტიკოსს არასდროს ეძლევა, როგორც წინასწარგანსაზღვრულობა ან, თუ გნებავთ, გარდაუვალობა, რომელიც აუცილებლობის ძალით უნდა განხორციელდეს. პირიქით, გამოთქმულად ყოფნამდე, პოლიტიკა პოლიტიკოსის უარყოფის, მისით უკმაყოფილების რეალობაა, რომელიც პოლიტიკოსის მხოლოდ დროში ხანგრძლივი ვარჯიშის პროცესით შეიძლება იქნას გადალახული. ამ პროცესის პირველად ინტენსივობას პოლიტიკოსის ენასთან ურთიერთობის გამოცდილება ქმნის. პოლიტიკის პოლიტიკოსით დაინტერესება ყველგან და ყოველთვის გაშუალებულია პოლიტიკოსის ენაში და ენისთვის ყოფნის ფუნდამენტური ჟესტით, ამ ჟესტის გრამატიკითა და ლოგიკით, პროექციებითა და ტრანსფორმაციებით, უკვე აქტუალიზებული რეალობებითა და მომავლიდან მომლოდინე შესაძლებლობებით, სწორედ ამ ჟესტის არტიკულირებისა და შენახვის ცვალებადობა, მისი ემისიის ისტორიულობა გვიჩვენებს, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსამდე ჯერ ყოველთვის საკუთარივე თავით დაინტერესებულობაა. ასეთი დაინტერესებულობა არსებულის ერთმანეთთან დაპირისპირებული ერთეულების უსასრულო მონაცვლეობაა, მასში თითქმის აღარსად რჩება ადგილი თავისთავადი სიცხადეებისთვის, არსებულის ამ რეგისტრში მოქმედებისა და დაფუძნების პროდუქტიულ სინამდვილეს ყველგან თან დაჰყვება უმოქმედობისა და პასიურობის აჩრდილიც, სიცოცხლის აქტიურ ძალებს რეაქტიური იდეები უპირისპირდება, მხოლოდ ქმნადობის მუხტი და ამ მუხტის ცხოვრების ყველა შესაძლო სფეროში განვრცობის სტრატეგიებისა და პროცედურების დამუშავება სძენს მას საკმარის კონკრეტულობას, დარწმუნებულობასა და თავისუფლებას იმისთვის, რომ აზრი გამოთქვამს, მიუთითოს, აღნიშნოს, მიიღოს გადაწყვეტილება.

პოლიტიკოსის პოლიტიკურად ვარჯიშიც ენასთან ურთიერთობის გზით პოლიტიკის თვითგანმარტების რეჟიმია, რომელშიც პოლიტიკა მასშივე მოქმედი ქმნადი ძალების კვლავწარმოებისთვის საჭირო მოტივაციურ, ინტელექტუალურ და სიმბოლურ წინაპირობებს გამოიმუშავებს. მათი საშუალებით პოლიტიკოსს პოლიტიკასთან პოლიტიკურად განწყობის ის შესაძლებლობები მოჰყავს მოქმედებაში, რომელთა პრაქტიკული სტატუსიც ყოველთვის არსებულზე ზრუნვის შეძლებით განიმარტება. პოლიტიკურად ვარჯიშის რადიკალიზაციით პოლიტიკოსი არსებულზე ზრუნვის ფორმებს სრულყოფს. პოლიტიკოსის პოლიტიკურისთვის მზადებისა და წვრთნის პროცესიც არსებობის ზრუნვის საზრისით გაჯერების ხანგრძლივობაა. პოლიტიკოსის არსებობა მხოლოდ ზრუნვის ხმით ლაპარაკობს პოლიტიკურის შესახებ, ზრუნვა, რომელიც სხვამდე ჯერ ყოველთვის საკუთარივე თავისკენ მიმართული მზერაა. პოლიტიკოსი, რომელსაც ზრუნვის მზერად საკუთარივე თავი ეძლევა, ამ მზერის ავტორეფერენტულობა, ეგოისტური და ნარცისული კმაყოფილების ნაცვლად სხვისთვის უანგაროდ, უპირობოდ, თვლისა და ანგარიშის გარეშე ზრუნვის შეძლების სინამდვილეა.

პოლიტიკოსის მიერ სხვაზე ზრუნვის შეძლების გრძელი გზა სწორედ რომ საკუთარ თავზე ზრუნვის გამოცდილებაზე გადის. საკუთარ თავზე ზრუნვის პლატონური დოქტრინა (επιμέλεια ἑαυτοῦ) დროის ნათელი სიშორიდან გვასწავლის, რომ სხვაზე ზრუნვის სურვილსა და ნებას წინ უსწრებს საკუთარი თავისკენ სვლის ცოცხალი გამოცდილება. პოლიტიკოსის გარეთ მიმართული მზერა სხვის თვალში საკუთარივე თავის ანარეკლს ეძებს. გონების თვალს პირველ რიგში საკუთარივე თავის დანახვა, საკუთარ თავში ჩახედვა და მისი გაგება სურს, იგი მასშივე მოქმედი ნიშნების, სახეების, ისტორიებისა და მოვლენების გახსენებისა და ანალიზის განმეორებადი პროცესია, რომელიც საგანთა მხოლოდ პოლიტიკურად არსებობის ფორმატში ცხადყოფს, რომ პოლიტიკოსად გახდომა არა უბრალოდ თვითანალიზისა თუ თვითთერაპიის გარდაუვალობაა, არამედ ამ გარდაუვალობის ცხოვრების ყოველდღიურობაში მოხმობა, მისთვის პიროვნულის მთლიანობაში გადაცემა და მხოლოდ ამ გზით პოლიტიკურის ზოგადი შესაძლებლობების კონკრეტიზაციისა და ქმნისკენ სწრაფვა. პოლიტიკოსის მზერის ასეთ ავტორეფერენტულობაში ვითარდება პოლიტიკოსის პოლიტიკურად გახდომის დინამიკაც, მისთვის იმ აზრის შეხსენების განმეორებადი სამუშაო, რომ არსებულთაგან არავინაა საკუთარივე თავის უარყოფასთან ისე ახლოს, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე სხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეძლებით, თავს პასიური აფექტებით სავსე სტიქიურობაში დაკარგვისთვის რისკავს. მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის გამოცდილება და ამ გამოცდილების შესახებ მეხსიერების ინტენსიფიკაცია ინახავს პასუხს კითხვაზე, რომელშიც პოლიტიკოსის სხვაზე ზრუნვის შეძლების სამომავლო ჰორიზონტი ვლინდება.

ამ ჰორიზონტის ყველაზე მეტყველი ნიშანი პოლიტიკოსის მოსმენის გამოცდილებაა. ნიშანი, რომელიც მისსავე, ერთი შეხედვით განურჩევლობაში, ყველა სხვა ნიშანს უსწრებს წინ. პოლიტიკოსის სხვაზე ზრუნვის შეძლება ყოველთვის საკუთარი თავისა და სხვისი მოსმენის ერთდროულობით განპირობებულობაა. ამ განპირობებულობაში გადალახავს პოლიტიკოსი ვულგარული სიტყვამრავლობის ვნებას, მხოლოდ აქ აღარ ინტერესდება იგი სათქმელის ნორმატიულად გამოთქმის ფორმალურობით და სანაცვლოდ, პოლიტიკასთან პოლიტიკურად განწყობისთვის, სიტყვაზე ზრუნვისა და მასზე ფიქრის პრინციპს იდგენს. პოლიტიკოსი თუკი რაიმეს შესახებ მეტყველებს იგი, პირველ რიგში სწორედ მოსმენის მზადყოფნაზე. მხოლოდ მოსმენის კულტურა და ამ კულტურის თავისუფალი ფლობა დაგვანახებს პოლიტიკოსის არსებულისადმი განწყობის შინაარს. პოლიტიკურად განწყობილი პოლიტიკოსი გრძნობს, რომ ყოველი სიტყვა მხოლოდ მოსმენილს  შეიძლება რომ მოსდევდეს, რადგან ნათქვამი სიტყვა, რომელსაც წინ არ უსწრებს და რომელშიც ვერსად ვპოულობთ მოსმენის გამოცდილებას, თვითონვე მოუსმენლად დარჩენისთვისაა გადადებული. პოლიტიკოსის ენასთან ურთიერთობაც ჯერ ყოველთვის მოსმენის უნარის გამომუშავებაა. პოლიტიკოსს იმდენად, რამდენადაც იგი სხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეძლებაა, ყველგან თან დაჰყვება მოსმენის ძირეული პასუხისმგებლობა, რომელიც ერთიანად სცილდება ლეგალური ნორმის, სოციალური იერარქიების, ინსტიტუციური ჩარჩოსა თუ რაიმე სხვა სახის გარე რეფერენტზე დაქვემდებარების ფორმალურ ვალდებულებას. სხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეძლების ფაქტი პოლიტიკოსს ყველგან და ყოველთვის მოსმენის გამოცდილებისკენ ეზიდება. მოსმენა, რომელიც საკუთარ თავს და სხვას ქმნად ერთდროულობაში უსმენს. ასეთ ერთდროულობაში პოლიტიკოსის ცხოვრება აღარსად ტოვებს ადგილს გულგრილობისა და დაუფიქრებლობისთვის, პირიქით, იგი სულ უფრო მეტი ინტერესითა და აზრის ინტენსივობით ეწაფება პოლიტიკურის ზედაპირზე გაბნეული და ერთმანეთისგან გათიშული ქმნადი ძალების აქტუალიზაციის პირობებს, ამ ძალების ერთმანეთთან შეკავშირების კონსტრუქციებსა და სტრატაგემებს, მათი სიცოცხლის ყოველდღიურობის ნაწილად ქცევისთვის აუცილებელ ფუნქციებს.

თვითანალიზის ცხოვრების ყოველდღიურობაში მოხმობით პოლიტიკოსის ნათქვამიც მოსმენილის გამოცდილებითაა დავალებული. სწორედ თვითანალიზის შედეგია, რომ პოლიტიკოსის ნათქვამი სხვამდე ჯერ ყოველთვის საკუთარივე თავის შესახებ ცნობაა. ასეთი ცნობა პოლიტიკოსის ნათქვამთან დამოკიდებულების ეთოსს გვაცნობებს, რომელშიც პოლიტიკოსის სამომავლო განზრახვის შესახებ ცოდნაც ამოიკითხება. პოლიტიკის პოლიტიკოსით უკმაყოფილების მიზეზიც ზუსტად, რომ ამ განზრახვის, როგორც უკვე დასრულებული ანდაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არსებული პოლიტიკური სტატუსის შინაარსში გარკვევის სირთულეა. ამიტომაა, რომ პოლიტიკის პოლიტიკოსით დაინტერესების ტექნოლოგიებიც როგორც წესი, პოლიტიკოსის პოლიტიკამდელი გამოცდილების მკაცრი ცენზირების ირგვლივ ორგანიზდება. პოლიტიკოსის პოლიტიკამდელი გამოცდილება ენის საშუალებით მხოლოდ განვლილის, გარდასულის, თავსგადახდენილის ამბავს გვაცნობებს და ამ ამბისავე უნივერსალობას ეფუძნება. გარკვეული აზრით, ეს გამოცდილება სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკოსის ბიოგრაფია, ამ უკანასკნელის ძალზე სპეციფიკური მნიშვნელობით, რადგან პოლიტიკურისთვის პოლიტიკოსის ბიოგრაფია მხოლოდ იმ დროითობის ნაწილი შეიძლება იყოს, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის უკვე მომხდარის პირისპირ წარმოიდგენს. ყველა სხვა შემთხვევაში პოლიტიკოსს, ხშირად მისგანვე დამოუკიდებლად, ყველგან თან ექაჩება ჯერ კიდევ არმომხდარის თავშესაფარი, პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ხშირი და დრამატული პარალოგიზმი, რომელიც პოლიტიკოსს თავს მომავლის მაუწყებლად აღაქმევინებს და შედეგად პოლიტიკურს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობისთვის წირავს.

პოლიტიკოსი კი არ არის მომავლის მაუწყებლი. მომავალი პოლიტიკოსისგან დამოუკიდებლად მომავლობს, უფრო მეტიც, იგი ყოველთვის იმწამს მოდის, როდესაც თვითონ პოლიტიკოსი აღარაა. მომავალს მხოლოდ მოგონების, გახსენების, პატივისგების სამუშაო შეიძლება აკავშირებდეს პოლიტიკოსთან. პოლიტიკოსი მომავლის მოსვლამდე, სიცოცხლის აწმყოობაში მოცემული ქმნადი შესაძლებლობების ამოწურვის ხელოსანია, რომელზეც მომავალი მის შემდეგ და მის გარეშე ლაპარაკობს. პოლიტიკოსი აწმყოს ხელოსანია, რომელიც ხელოსნური საქმიანობისთვის ნიშნეულ განმეორებადობას ქმნად შრომასთან აზავებს. პოლიტიკურის ყოვლისმომცველი ნეიტრალიზცაიის პირობებში დღეს განსაკუთრებით პოლიტიკოსის შესახებ ფიქრს უნდა ახსოვდეს, რომ ბერძნები ხელობის აღმნიშვნელ სიტყვად τέχνη იყენებდნენ, სიტყვას, რომელიც ხელოსნურ საქმიანობასთან ერთად მაღალი ხელოვნების ნაწარმოების ქმნასაც ποίησις აღნიშნავდა. ამ მნიშვნელობის დაბრუნებით პოლიტიკოსიც, როგორც აწმყოს ხელოსანი ქმნადი შესაძლებლობების ამოწურვის გზით არა მხოლოდ არსებულის ფორმალიზაციის ნორმებსა და ამ ნორმების ერთმანეთთან დისპოზიციის წესრიგს დაგვანახებს, არამედ განცდილის აზრთან შეხვედრის წამისკენაც გვეპატიჟება, იქ სადაც გამოთქმულის იდეა, რიტორიკა, სინტაქტი, ლექსიკონი დროის ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიმეტრიებით ერთმანეთისთვის და ერთმანეთშია სინთეზირებული. ასეთი დრო სიცოცხლის ზედაპირზე თანმიმდევრობისა და თანადროულობის ყოველწამიერი თანაკვეთაა. მხოლოდ პოლიტიკურად განწყობილი პოლიტიკოსი გრძნობს ამ თანაკვეთის ქმნად შესაძლებლობებს, არსებულთან ურთიერთობის ისეთნაირ ფორმატს, რომელშიც დროის ვერტიკალური გამოცდილების განვრცობა, მისი სიღრმისა და სიმაღლის კოორდინატებისკენ სვლის მუდმივობა, დროისავე ჰორიზონტალური სტრუქტურების ექსტენსიას ხმარდება. აქ პოლიტიკოსი საბოლოოდ თავისუფლდება პოლიტიკის ისტორიულობით განპირობებული კლიშეებისგან, იგი აღარც არსებულის ინსტრუმენტალიზაციისკენ ისწრაფვის და არც აფექტების ნაირგვარობას მისდევს ბრმად, არამედ მხოლოდ განცდილის აზრთან შეხვედრის წამის სიხარულიდან გვახსენებს აწმყოს ქმნადი შესაძლებლობების დანახვის აუცილებლობას.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ