რამდენიმე რეფლექსია თანამედროვე საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ

Share on Facebook97Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

► ავტორი: ოთარ ჭულუხაძე, ფილოსოფოსი.

© European.ge

არაისტორიულობა და მოთხოვნათა თამასა – არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ ამჟამად საქართველო სიკვდილ-სიცოცხლის გადამწყვეტ ბრძოლაშია ჩართული. ზოგადად, ეს ბრძოლა ყოველთვის გადამწყვეტია, მაგრამ დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას ხსენებული ეპითეტი განსაკუთრებით მიესადაგება.

მიტინგების რეაქციული რეჟიმიდან გამოსვლა და ეკონომიკური პრობლემებისთვის თვალის გასწორება ჩვენს საზოგადოებაში ახლაღა იწყება. ეს კი ხდება საეჭვო ეკონომიკური პოლიტიკისა და კულტურის (დასავლურის და მისი გავლენით ქართულისაც) ღრმა კრიზისის ფონზე, რომელიც მოდერნული პროექტების – და საერთოდ ისტორიაში პროექტის განხორციელებადობის – კრახის გაცნობიერების შედეგად დადგა.

ამ ბრძოლაში საქართველოს ერთი უპირატესობა შეიძლება მისი არაისტორიულობა გამოდგეს. არაისტორიულობა არა იმ აზრით, რომ ისტორიის ქარტეხილები მას არ გამოუვლია. არამედ იმ აზრით, რომ საქართველო არ ყოფილა ისტორიის შემოქმედი ერი. პირიქით ის დიდი იმპერიული წამოწყებების წინაშე თითქმის ყოველთვის თავდაცვით პოზიციებზე იდგა. ამ არაისტორიულობამ ქართულ კოლექტიურ არაცნობიერში დაბადა ის ენერგია, რომელიც ქართველის ერთ, სასიცოცხლოდ აუცილებელ თვისებას წარმოადგენს – ეს არის სიცოცხლეში მცირეს, წამის დაფასების და მისით ტკბობის უნარი; თუმცა, ეს უნარი ხშირად ხელის შემშლელია დაბადოს კრიტიკული, კოლექტიური გრძნობა, რასაც სოციალური მოთხოვნათა თამასის ევროპულ დონემდე ამაღლება ქვია.

ამ თამასის სტაგნაცია კარგად ვლინდება ხოლმე ჩვენი მამების თაობასთან საუბარში: რომელიმე ახალგაზრდა, რომელიც ნეოლიბერალიზმს აკრიტიკებს ხშირად ღიმილს ან გაურკვევლობას იმსახურებს. ეს კი ისევ და ისევ საბჭოთა ცხოვრების წლებით და პოსტსაბჭოთა ჯოჯოხეთით არის განპირობებული. მართლაც, ვისაც ცხოვრების „საუკეთესო წლები“ (პოტენციაში საუკეთესო, ცხადია) 90-იანებში გაატარა, დღევანდელი ვითარება – დოვლათით გატენილი მაღაზიები, ინტერნეტი და შედარებით მეტი სოციალური უსაფრთხოება – ვერ განაწყობს კაპიტალიზმისა და სამომხმარებლო საზოგადოების კრიტიკისათვის.

* * *

ცრუ მრავალფეროვნება – საქართველოს უცხო სხეულში დიდხანს ყოფნამ სხვა ბევრ ეროვნულ სიკეთესთან ერთად, დააკარგვინა საკუთარი თავის მართვისა და ჩემი-ს განცდის სასიცოცხლოდ აუცილებელი გრძნობა. ამ აზრით, კოლექტივის ფეტიშის პრივატიზაციის ფეტიშით შეცვლა იმ სახიფათო ცვლილებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებითაც კაცობრიობის ისტორია გულუხვად გვაჯილდოვებს. ეს ვითარება გულისხმობს არა პრინციპის, არამედ იდეოლოგიის ცვლილებას – გაფეტიშების და საზოგადოებრივი მოცემულობის ბრმად მიღების მუდმივობის ფონზე. ამგვარ ცვლილებათა საფრთხე სწორედ იმაშია, რომ ისინი არსობრივ ცვლილებას კი არა, არამედ ცრუ მრავალფეროვნების გამოვლინებას წარმოადგენენ, რომლის შესახებაც დასავლური ფილოსოფია აგერ უკვე რამდენი საუკუნეა აზროვნებს.

* * *

სუბიექტურიდან ობიექტური ძალადობისკენ – როგორც ინდივიდუალური ისევე ჯგუფურ დონეზე, სულის დაბლაგვებულ ნაწილებს, გამოფხიზლების მიზნით, არასასიამოვნო, უხეში ძალა უპირისპირდება. ალბათ, სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება გავიაზროთ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა. ის ორგვარად შეიძლება მოვისაზროთ: მორალურად და ისტორიულად.

მორალურად ეს იყო კატასტროფა, ხოლო ისტორიულად – აუცილებელი კატასტროფა, რომელმაც საზოგადოების მიძინებული ძალები გამოაცოცხლა, რაშიც დიდი დამსახურება თავად სააკაშვილს და მისი მმართველობის „გიჟურ“ სტილსაც მიუძღვის.

სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა კი ერთგვარად წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. რა აზრით? იმით, რომ მმართველობის უფრო დახვეწილი და უფრო მეტად ფინანსურად ორიენტირებული მექანიზმი გამოვიდა საქართველოს ისტორიის ავან-სცენაზე. წინა ხელისუფლების მმართველობა იყო ნეოლიბერალიზმი ხიშტით, – ერთგვარი კავკასიური ვერსია ნეოლიბერალიზმისა. ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება შეიძლება დავაფიქსიროთ, როგორც სუბიექტური ძალადობის ობიექტური ძალადობის შეცვლის მომენტი. მომენტი, როცა ხიშტი შეცვალა იმან, რასაც „ჟანრის კლასიკური კანონები“ მოითხოვდა – საფინანსო სექტორმა. ობიექტური ძალადობა, რომელიც დღეს გავრცელებული ფორმაა ჩვენს მიერ ნანატრ ევროკავშირში, ჩვენი სამომავლო „გაევროპელების“ აუცილებელ წინაპირობად წარმოჩნდება.

* * *

დღევანდელი საქართველო, როგორც ისტორიული ხდომილებების შედეგი – საერთოდ, ადამიანის სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი იმის გაცნობიერებაცაა, თუ რამდენად არის დამოკიდებული ის ისტორიულ ხდომილებათა ჯაჭვზე, რომლებიც მის დაბადებამდე მოხდა და შესაბამისად, მისი ნებელობის მიღმაა. ყოფიერების ეს თვისება ერთგვარი ახსნაა იმისა, რასაც რელიგიური მოსაზრება „მამების ცოდვის შვილებზე გადასვლა“ ნიშნავს. ეს ფრაზა გულისხმობს არა უშუალო მექანიზმს, – რომ აი, მამამ ჩაიდინა საქციელი იქსი და შვილი მოვლენით იგრეკი აგებს პასუხს, – არამედ ერთგვარ დიდ ისტორიულ ხდომილობათა განგრძობად, უწყვეტ ჯაჭვს, – თაობათა კოლექტიურ პასუხისმგებლობას წინა თაობათა საქციელზე.

თუნდაც დღევანდელი საქართველოს მაგალითი მოვიყვანოთ და ოდნავ დავიხიოთ უკან ისტორიაში: ოდესღაც ჰეგელმა შექმნა ფილოსოფიური სისტემა, რომლის დიდი ნაწილიც იყო ისტორიული ფილოსოფია – თავისი ისტორიის დასასრულით; შემდეგ მარქსმა ამოაყირავა ჰეგელის იდეალისტური, გონის თვითგამოვლენაზე დამყარებული დიალექტიკა და მივიღეთ მარქსის მოძღვრება, რომლის განხორციელების მცდელობამ დაბადა ის ჯოჯოხეთი, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა. საბჭოთა ხელისუფლების დროს იდევნებოდა ეკლესია, რამაც იმპერიის დანგრევის შემდეგ საქართველოში ეკლესიისადმი არნახული ნდობა გამოიწვია. კომუნიზმმა გააძლიერა ქართული ეკლესიის ავტორიტეტი იმ უკიდურესობამდე, რომ ეკლესიისადმი დასმული კითხვა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში უდიდეს მკრეხელობად ითვლებოდა. ამ მდგომარეობამ კი წარმოშვა მეტად სახალისო ვითარება, როდესაც განსხვავებით „ცივილიზებული სამყაროს“ უმრავლესი ქვეყნებისა, საქართველოში ოპოზიციური აზრი ლიბერალურია. თავის მხრივ, ამ ფაქტმა კი მეტად უკან დამხევი საზოგადოებრივი დისკურსი წარმოქმნა „ჯიპიანი მამაობისა“ და „ელ-გე-ბე-ტე“-ს დაპირისპირების სახით და გამოაჩინა ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში „მესამე აზრის“ აუცილებლობა.

* * *

ტრადიციის შესახებ – ნიცშე ისტორიულობის სამ სახეს გამოკვეთდა: მონუმენტურს, რაციონალურსა და კრიტიკულს. ამ უკანასკნელს ნაკლებ ანაღვლებს მის მიერ დანგრეული კერპებისა თუ ტრადიციების რაობა. ის ერთგვარი სიცოცხლის ენერგიაა, რომელიც სისასტიკით ანგრევს ძველს და ჰბადებს ახალს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ისტორიულ პროცესში ვიმყოფებით ახლა, როდესაც ციფრულ ტყავში გადაცმული განახლების სასიცოცხლო ენერგია საკუთარ თავში გაერთიანებითა და უსასრულო განმეორებით უკარგავს აზრს წარსულის, ტრადიციის ფორმებს.

ერთის მხრივ, ტექნიკებისა და ტექნოლოგიების არნახული განვითარება, მეორეს მხრივ, გამოხატვის თავისუფლების „ბნელი მხარეები“: მახვილგონივრული პოსტები და გაცხარებული ციფრული თვითრეპრეზენტირება. ეს მომენტები ბადებს კითხვებს ტრადიციის შესახებ. როგორი სახით შეიძლება ვიყოთ ტრადიციულები ოცდამეერთე საუკუნეში? რა შეიძლებაა შევინარჩუნოთ და რა მოვიშოროთ? რა დოზით შეიძლება ეს ნებელობას მივანდოთ და რა დოზით ტრადიციის ავტომატიზმს?

შეკითხვის დასმის აუცილებლობას თვითგადარჩენის მოტივაცია ჰბადებს. ანუ ტრადიცია, მიუხედავად და გამომდინარე მისი თვითგადარჩენისთვის აუცილებელი კონფორმისტული შენაკადებისა, ადამიანის ღირსებისა და თვითდადგენის ის მექანიზმი იყო, რომელიც ადამიანს საზოგადოებრივი დაავადებისგან – გათითოკაცებისგან იცავდა. ეს შეკითხვა ქართულ რეალობას განსაკუთრებული სიმწვავით დაესმის. ამას კი ორი მიზეზი აქვს. ერთია – ახალგაზრდა თაობის აშკარა ნეოლიბერალური გათითოკაცება; მეორე კი ტრადიციის ხასიათია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, წინამოდერნულ წარმოსახვებს – როგორც რწმენით, ისე მსოფლმხედველობრივს – ეყრდნობა; უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ტრადიციას სათანადოდ არ მოუხდენია მატერიისა და „მიღმური“ სამყაროს განჯადოება და იდეალების „მიწაზე ჩამოტანა“.

* * *

მამათა და შვილთა შესახებ – კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოყოფაც დღევანდელი ქართული თანამედროვეობიდან შეიძლება „რკინის ფარდის“ მიღმა დაბადებულებსა და „ღია საზოგადოებაში“ დაბადებულებს შორის იდეური თუ მსოფლმხედველობითი აცდენაა. ამ მხრივ, დღევანდელი ვითარება გამორჩეულია სწორედ იმ კუთხით, რომ გვაქვს ილუზიისგან დაცლილი, პრაგმატული თაობა, მაგრამ მხნეობის იმ დოზებს მოკლებული, რაც „მამების თაობას“ ახასიათებდა. ამაში რთულია ახალგაზრდის დადანაშაულება, რადგან „კულტურის დემონი“, ერთგვარი „ეპოქის სული“ ადამიანების ფსიქეს ინდივიდუაციის საწყის სტადიებზე ეუფლება და მხოლოდ იმ პროცედურით შეიძლება ამ დაუფლების უარყოფითი ელემენტებისგან განთავისუფლება, რასაც ასე კარგად გამოხატავს ინგლისური სიტყვა – re-education. ახალი თაობის ილუზიის ნაკლებობა კრიტიკულ მიდრეკილებებზე მეტად იმ ფსიქოლოგიური ნიჰილიზმით არის გამოწვეული, რასაც გლობალიზმის შედეგი: თვით-ცინიზმი იწვევს.

მეორეს მხრივ, „მამების თაობას“ მეტი „ადამიანურობა“ – ამ სიტყვის ბუნებითობასთან ახლოს მყოფობის გაგებით – ახასიათებს და რომელსაც ტრადიციამ მზა სახით მიაწოდა ცხოვრებისთვის აუცილებელი ინტეგრაციონისტული ელემენტები, რომლებმაც, როგორც მიღმურობისა და მეტაფიზიკურობის გადმონაშთებს, გლობალიზმმა, ნომინალიზმის საუკეთესო ტრადიციებით, ოკამის სამართებელი გადაატარა.

გლობალიზმის მიერ იდეალების შეკვეცის შედეგად, მივიღეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც, – თუ ის აღმოაჩენს ტრადიციის ჩაჩუმების მავნე და დამღუპველ შედეგებს, – რეფლექსიისა და ძალისხმევით უწევს იმის გამომუშავება, რაც „მამების“ თაობებს მზამზარეული მიეწოდებოდათ ეროვნული კულტურის მიერ. „მამათა თაობიდან“ მხრიდან შეინიშნება თანამედროვე ვითარებისადმი გვიანდელი ადაპტაცია და დაბნეული გაუცხოება, რაც შეიძლება გარკვეულ აზრით, მაგალითის მიმცემიც კი იყოს ახალგაზრდა თაობისთვის. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, „მამათა რეაქცია“, როგორც ტრადიციის ხმა, რომელსაც ახალგაზრდამ ყურადღებით უნდა მოუსმინოს.

* * *

ლიბერალიზმის გავლენა – ლიბერალიზმმა ქართულ საზოგადოებას, მცირეხნიანი კავშირის მიუხედავად, დიდი კვალი დაამჩნია. მათ შორის განაახლა განსხვავებული აზრის მოსმენის კულტურა, რაც ბოლო წლებში მეტად აკლდა ქართულ საზოგადოებას. ეს ჩანდა დაწყებული სკოლიდან: „კაი ბიჭობის“ აპოლოგეტიკით, დამთავრებული „დიდი პოლიტიკით“: საპირისპირო აზრის ფიზიკური მოშორების ბარბაროსული სიხშირით.

* * *

ერთი ტრუიზმი – აშკარაა და ალბათ ტრუიზმიცაა, რომ ის, რასაც პოლიტ-ეკონომიკის ენაზე ნეოლიბერალიზმი ჰქვია, სულიერ ტერმინებში უსიცოცხლობა, სულის დინამიკის გაქვავებულ ფორმებში მოქცევის მცდელობაა. შესაბამისად, არ იქნება საზიანო თუ გავიხსენებთ ერიხ ფრომის სიტყვებს: „პირველად ისტორიაში კაცთა მოდგმის გადარჩენა ადამიანის გულის რადიკალურ ცვლილებაზეა დამოკიდებული“.[1]

* * *

მედია პლურალიზმის შესახებ – საქართველოში ლიბერალური ცნობიერების ბუმს ჩვენი „ცუდი“ ისტორიაც განაპირობებს. „არა-ღია“ საზოგადოებაში ცხოვრებიდან გამომდინარე, ლიბერალიზმის მთელი რიგი ელემენტები ქართული საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი აღმოჩნდა. მაგალითისთვის, მედია-პლურალიზმი ავიღოთ.

მერე რა, თუ მედია სივრცე კონკრეტული, სამთავრობო ინტერესების ატარებს და თემების შერჩევით, აქცენტების დასმით, „ბადის პოლიტიკით“ მედია პლურალიზმს ცრუ მრავალფეროვნების მორიგ გამოვლინებად აქცევს. არც ისე ცოტა ხნის წინ, განსხვავებული აზრი საქართველოში პირდაპირი, ფიზიკურად იდევნებოდა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ლიბერალიზმის ოპონენტისათვის, ლიბერალის მიერ საეთერო დებატებში წამოყენებული არგუმენტი, „ლიბერალიზმი რომ არა, შენ არავინ დაგალაპარაკებდაო,“ სიმართლის მწარე მარცვალს შეიცავს. მერე რა, თუ მედია გამჭვირვალობას პროპაგანდა აბნელებს. ზოგადად, ე.წ „ნეგატიური თავისუფლებები“ ნებისმიერი კრიტიკული აზრისთვის აუცილებელი პლატცდარმია, რომელიც საშუალებას გაძლევს გაღიაროს და აზრის გამოთქმის საშუალება მოგცეს – პირდაპირი გზით არ ჩაახშოს შენი აზრი. მსგავსი მიდგომის ერთგვარი ცინიკური პრინციპია „ილაპარაკე რამდენიც გინდა და მერე შენ იცი. აი, მე მილიარდელი ვარ და ვლაპარაკობ, შენ მოხალისე და შენც ილაპარაკე. ვნახოთ ვისი აჯობებს!“

ამ კუთხით შეგვიძლია განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ ინტერნეტმა მედია სივრცეს ბოღმის უბრალო განიავებიდან, რეალური საზოგადოებრივი ინტეგრაციის შტრიხები შესძინა. მაგალითად, თუ ფეისბუქზე არასასურველი მეგობრების „ბრძნულ“ პოსტებს დამალავ და სულ უფრო და უფრო მომრავლებულ ალტერნატიულ მედიებს მიმართავ, მეტი შანს ჩნდება კრიტიკული და ალტერნატიული ინფორმაციის მისაღებად. საქართველოს შემთხვევაში პრობლემა ისიცაა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სოციალიზაცია „რკინის ფარდის“ პერიოდში აქვს გავლილი და ინტერნეტისა და მედიის მიმართ დაახლოებით ასეთ დამოკიდებულებას ამჟღავნებს: „თქვენ ამას ვერ აფასებთ“ და ევროპაში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრთან უფასო კონტაქტის უდავო ფუფუნების გააზრებით, ხშირ შემთხვევაში, იმ პოლიტიკურ, კომუნიკაციურ ვერტიკალებს საერთოდ არ იაზრებს, რომლებიც ინტერნეტში გხვდება.

* * *

ინტერნეტი, როგორც პოტენციის ზეწოლა – ინტერნეტი ინდივიდის გამოწრთობის ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა. ის, ერთი მხრივ, იძლევა რა წვდომის არნახულ შესაძლებლობას, მეორე მხრივ, შესანიშნავი საცდურია იმისათვის, რომ გააღვივოს ასე გავრცელებული ბურჟუაზიული ნიჰილიზმი, რომლის მიხედვითაც „ყველაფერი დიდი უკვე შექმნილია და არაფერს აზრი არ აქვს“. ეს საცდური მზარდ სოციალურ განურჩევლობასაც აღვივებს მეტარდე საქართველოში და გვევლინება, როგორც ინფორმირებულობის ფეტიში და ბადებს ილუზიას, რომ „აი, ყველაფერი ისედაც ცნობილია და მე რაღა ვქნა.“ ანუ, ინტერნეტი არის პოტენციის ერთგვარი ზეწოლა გახდე მეტად თავისუფალი და უკვე ბევრი რამ დამოკიდებულია არჩევანზე თუ რას აირჩევ.

* * *

გამორჩეულობის გრძნობა – ნეოლიბერალიზმმა ცივი წყალი გადაასხა გამორჩეულობის გრძნობას, რომელსაც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველი გრძნობდა. ქართველთა უდავოდ გამოკვეთილ თვისებებს – ინდივიდუალურ ქარიზმას, მხიარულებას, კავკასიურ ვაჟკაცობას, მამაკაცურობას – დიდი გასაქანი ეძლეოდა საბჭოთა კავშირში, რომელშიც განსხვავებით „გლობალური სოფელისა“ უშუალო ურთიერთობები უფრო მეტი იყო. ნეოლიბერალურ გლობალიზმს, რომელიც „ყველას ერთ დაზგაზე ქსოვს“ ეროვნული თვისებები ნაკლებად ანაღვლებს და მხოლოდ და მხოლოდ სამუზეუმო მრავალფეროვნებისთვის შეიძლება გამოიყენოს, რომელსაც კომპანიები თავიანთ რეკლამებსა თუ საქველმოქმედო აქტივობაში გამოსახავენ.

* * *

ეროვნულობა – „ამ ქვეყანაში რა მინდა“ – ფრაზა, რომელიც ბევრ ქართველს უთქვამს საკუთარი თავისთვის, და კიდევ უფრო მეტი ეტყვის ტრადიციული ძაფების რღვევის, ღია საზღვრების, ეკონომიკური სიდუხჭირისა და „აქედან გაქცევის“ მეტი შესაძლებლობის ფონზე. ამ აზრით, მემარცხენე დისკურსისთვის ეროვნული სეგმენტის ათვისება მნიშვნელოვანია, რადგან მეოცე საუკუნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ჭეშმარიტი“ საერთაშორისო ბმისთვის აუცილებელია, ეროვნული მომენტის წინა პლანზე – იქნება ეს თეორიული თუ მორალური – წამოწევა.

* * *

ერთი ფრაზით… ერთი ფრაზით ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს დახასიათება: „სამოთხე ტურისტებისთვის, ჯოჯოხეთი ადგილობრივებისთვის.“

* * *

პროფესიონალიზმის ნაკლებობა – საქართველოში ბევრი ადამიანი, სავსებით სამართლიანადაც, პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე ჩივის. პროფესიონალიზმის დეფიციტი კი ბოლო პერიოდის ისტორიულ ხდომილებებთან ერთად, ქართველის სულის პრემოდერნული წყობითაც შეიძლება აიხსნას. პროფესიონალიზაცია, როგორც მოდერნის შედეგი, ქართულ კულტურასთან მტკივნეული ადაპტაციის პროცესშია. საქმისთვის აუცილებელი დისტანცირება და თანმიმდევრულობა ხშირ შემთხვევაში ქართველი მსუბუქი ბუნებასთან რეაქციაში იკარგება.

* * *

„ბულინგის“ შესახებ – ქართულ სკოლებში არსებული „ბულინგი“-ს განმაპირობებელი ის ისტორიულ გარემოებაცაა, რომელშიც ჯგუფს, – ამ შემთხვევაში, ქართულ საზოგადოებას – უწევს ყოფნა. თვითგადარჩენის განსაკუთრებული მოთხოვნები, ჯგუფს, თვითგადარჩენის მიზნებიდან გამომდინარე, არ აძლევს საშუალებას აიტანოს სუსტი წევრები. ანუ „ბულინგი“, როგორც კოლექტიური გონის მოქმედება.

* * *

ქართველთა ევროპელობის შესახებ – ნიცშე წერდა: „ის, ვისაც არ შეუცვლია სხვადასხვა შეხედულება და გაიჭედა რწმენაში, რომლის ბადეშიც ის თავდაპირველად გაეხვა, სწორედ ამ უცვლელობის გამო, ჩამორჩენილი კულტურის წარმომადგენელია; სწორედ კულტურის არასაკმარისობის გამო, ასეთი ადამიანი უხეშია, შეუგნებელია, დასწავლის უუნაროა, მოკლებული მორიდებას, მუდამ ეჭვიანი და განუსჯელია; ის ყველა შესაძლებლობას ეპოტინება, რათა დაიცვას საკუთარი მოსაზრება, რადგან მას საერთოდ არ შეულია გაიგოს, რომ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი. ამ გაგებით ის, შეიძლება ითქვას, რომ ძლიერების წყარო და მკურნალია ზედმეტად თავისუფალი და მოდუნებული კულტურებისთვის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის იწვევს ძლიერ მოტივაციას საკუთარი თავის წინააღმდეგ; ამით ახალი კულტურის შედარებით უწყინარი პროდუქტი იძულებულია ებრძოლოს მას, რითაც თავად ის [შედარებით უწყინარი – ო.ჭ] ძლიერდება“[2]

ნიცშეს ეს რეფლექსია ბოლო პერიოდის ქართულ საზოგადოებას კარგად მიესადაგება. შეგვიძლია, ჩვენი საზოგადოების ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯები დავაფიქსიროთ და ის ჩვენს ევროპელობას, ქართველის ინდივიდუალურობას მივაწეროთ. განსხვავებული აზრის ფიზიკურად ჩაქოლვა სულ რამდენიმე წლის ხნის წინ ფართოდ გავრცელებული იყო; ხოლო ნიცშეს მიერ აღწერილი ფსიქოტიპების მოძებნა არც დღეს ჭირს ჩვენს საზოგადოებაში.

* * *

ევროპელობის ერთი მახასიათებელი – ის რომ ჩვენში ევროპული ბევრია, ამას ჩვენი კულტურაც მიანიშნებს. დღეს ევროინტეგრაცია თითქოს ჩვენს საზოგადოებაში აღიარებული დოგმაა. და მაინც, რა არის ის „კარგი“, რის გამოც გვიზიდავს ევროპა? პირველი ასოციაციები რაც ადამიანს გონებაში მოსდის არის: სიტყვის თავისუფლება, პლურალიზმი და რაციონალობა.

უთუოთ გამოსაყოფია ევროპული კულტურის კიდევ ერთი თვისება. ეს არის მისი ექსპლიკაციურობა, ნახევარ-აზრებისა და წარმოდგენების აზრად და მრავალპლანიან მსჯელობად ქცევის უნარი. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია აღმოსავლური და დასავლური ფილოსოფიის ორი დიდი ტექსტი შევადაროთ: ლაო ძის „დაო დე ძინი“ და არისტოტელეს „ნიკომახეს ეთიკა“. ლაო-ძიცა და არისტოტელეც, ბრძენკაცთა უმრავლესობის მსგავსად, შუალედურს აქებენ, მაგრამ განსხვავებით ლაო ძისა, არისტოტელე ეთიკის საკითხს „მეცნიერულად“ განავრცობს, ჩამოთვლის „ოქროს შუალედში“ არსებულ „სულის სათნოებებს“ – განშლის რა მათ დისკურსულად და ანალიტიკოსის გულმოდგინებით მიმოიხილავს მათ.

* * *

ხატები, როგორც ნუგეში მევახშეობის კომპანიებში ხშირად შევხვდებით კოხტად მილაგებულ ხატებს, რაც თითქოს საქმიანობის სფეროსთან შეუფერებელი უნდა იყოს, მაგრამ მევახშე, იცის რა, რომ არც ისე სასიამოვნო და საზოგადოებისთვის საყვარელ საქმეში მონაწილეობსო, ხატების დაფიქსირებით იტოვებს სულში წმინდას ადგილს. ხატი არაცნობიერის მიერ საკუთარი თავისთვის დემონსტრირებაა, რომ ყველაფრის მიუხედავად ამ ქვეყნად რაღაც მაინც არის წმინდა.

* * *

მორალის შესახებ – თანდათან მოვა თაობა, რომლისათვისაც სამყარო საბოლოოდ იქნება განჯადოებული, ხოლო ღირებულებების მიწიერი და ევოლუციური სტატუსი შოკისმომგვრელი და ნიჰილიზმის გამომწვევი აღარ იქნება. ასეთი თაობის გზა მხოლოდ ე.წ „სულიერი იმანენტიზმი“ შეიძლება იყოს. აქ კი წავაწყდებით უდიდეს დაბრკოლებას, რაც ევროპის ქრისტიანულმა ქვეყნებმა გამოიარეს. ამას მორალური ქცევებისთვის მიღმური საფუძველის გამოცლის შედეგად გამოწვეული შოკი შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს კი მეტად სახიფათო მომენტია, რადგან ხშირად ადამიანი ამ სტადიას ვერ ან არ ძლევს და პასუხების გაცემის გარეშე განდევნის წარმოშობილი შეკითხვებს არაცნობიერის ბნელეთში. ანუ რწმენისადმი იმედგაცრუების მიერ გამოწვეულ ერთგვარ „ბუფერულ ზონაში“ დიდხანს ჩერდება, რა დროსაც მარტივდება ადამიანის ინდოქტრინაცია უკვე თანამედროვე ტექნოლოგიური იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი ხერხებით. შედეგად, ადამიანს გამოეწერება იდეოლოგიური განაჩენი – ფუნქციონალური ნიჰილიზმი.

* * *

შეუსაბამობის გაუცნობიერებლობის შესახებ – საოცარია ის ურეფლექსიო ადაპტაცია ეპოქის პირობებთან, რაც ცოცხალ ორგანიზმებს ახასიათებთ. ფეისბუქზე გახსნილი უფლის სადიდებელი გვერდები ამის კარგი მაგალითია.

თითქოს არავის უჩნდება კითხვა: რაიმე წინააღმდეგობა ხომ არ არსებობს სოციალურ მედიასა და ამავე სოციალურ მედიაში „დაპოსტილ“ რომელიმე წმინდანის ხატის „დალაიქებას“ შორის? თითქოს არ ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ცნობიერებამ, რომელმაც ანგელოზებზე და ხატებზე უარი თქვა, დაბადა ტექნიკა და ტექნოლოგიები – და მათ შორის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიც.

* * *

ხასიათის სიმსუბუქე – რეფლექსიის პირველი სტადიები ადამიანისთვის მეტად ხიფათის შემცველია. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში ეს სტადიები უკანასკნელიც აღმოჩნდებიან ხოლმე. ეს განსაკუთრებით შეიძლება ეხებოდეს ქართველის მეოცნებე ნატურას, რომელიც „ზეციური სამყაროს“ ჩამოშლა, ქმედებათა ნამდვილი ინსტინქტების გაცნობიერებას, ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტურ ჰობსიანელობამდე და ადამიანისადმი რწმენის საერთოდ დაკარგვამდე მიჰყავს.

ამის საწინააღმდეგოდ, ქართულ კოლექტიურ არაცნობიერში არსებობს ერთგვარი „ანტიდოტი“, რომელსაც ხასიათის სიმსუბუქე ქვია; ეს ანტიდოტი მეტად ამბივალენტურია: ერთის მხრივ მისი გამომწვევი, ქართული ისტორიის დაუსრულებელი ტრაგედიულობა, მას აძლევს საშუალებას მორიგ, ამ შემთხვევაში, სულიერ გამოწვევასაც მსუბუქად, ზედმეტი მიჯაჭვულობის გარეშე შეხედოს; თუმცა, ამ ანტიდოტმა ადამიანი შეიძლება ტრადიციის კონფორმისტულ ნაწილშიც დააბრუნოს და დაგროვილი კითხვებზე პასუხის აუცილებლობა, ანტიდოტის მსუბუქი ბუნებიდან გამომდინარე, არაცნობიერ შხამად აქციოს.

* * *

ზეცის ჩამოქცევის შესახებ – მორალური რელატივიზმი და მისი პირმშო Post-Truth ეპოქა ინტერპრეტაციათა სიმრავლით ხასიათდება. რა შეიძლება იყოს მორალური რელატივიზმი ჰიპოთეტური მარსიანელი დამკვირვებლისათვის?

მის თვალში ჩვენ წარმოვჩინდებოდით პრიმატთა განვითარებულ ჯგუფად, რომელმაც სიკვდილთან და სიცოცხლესთან ბრძოლაში გამომუშავებული ღირებულებები „ცაში აიტანა“ – მოახდინა მათი ჰიპოსტაზირება. შემდეგ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარების ფონზე, „ცა ჩამოიქცა“ და დაიბადა „ღმერთის სიკვდილის“ პათოსი და ამ ტრავმის მოუშუშებლობა, რაც საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობის ევროპულ ისტორიას „მიწისქვეშა დინებად“ გასდევდა. ინდუსტრიალიზაციამ და კაპიტალიზმმა ექსისტენციალურ ტრავმას სოციალური გაუცხოება დაურთო, რის შედეგადაც ადამიანის ფსიქეზე ორმხრივი შეტევა ხორციელდება. ერთი მხრივ, სოციალურ დონეზე – კაპიტალიზმის გამოწვეული პირობები და გაუცხოება; ხოლო მეორე მხრივ, – „მარადიული ღირებულებების“ ნგრევის შედეგად გამოწვეული „სულიერი სიცარიელე“.

ამ ღირებულებებს გააჩნიათ შინაგანი საზრისი, მაგრამ სამყაროს საწყის კონსტიტუციას არ განეკუთვნებიან. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი მიხვდა, რომ შიშველი ბუნება ამორალურია (მორალის ქრისტიანული გაგებით) და სულში გაუჩნდა ნიჰილიზმის განცდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია მსგავსი ნიჰილისტური პათოსის „ანტიდოტი“; ანუ აღიარება იმისა, რომ „კარგი“ და „ცუდი“ მნიშვნელობენ, და რომ კარგს მიღმური კი არა ადამიანური ინსტინქტებიდან ამოზრდილი საწყისები გააჩნია, რომელსაც სწორედ ადამიანი აქცევს მნიშვნელოვნად. იმის მიუხედავად, რომ „მორალი“ ჩვენი მოგონილი და ჰიპოსტაზირებულია და კულტურათა შორის განირჩევა, მათ გააჩნიათ სწორედ ინსტიქტური საწყისი, რომლის გამოც მათ პატივისცემა და მათდამი მიყოლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ შემთხევაში იყო, როდესაც მათ „მიღმური ავტორიზაციის“ გამო მივსდევდით. ამის გააზრება მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან საყრდენის დაკარგვა, რომელიც ინდივიდუალისტურმა ეპოქის სულმა მოიყოლა, ახალი ხილია ქართველის ფსიქოლოგიისთვის, რომელზეც ქრისტიანული მორალის გავლენა დიდია.

* * *

„როგორღაც“… – ინტელექტუალურ საუბრებში ნეოლიბერალიზმისა და კაპიტალიზმის უსამართლობაზე გაცხარებით მოდავე ახალგაზრდას მიუგებენ ან აგრძნობინებენ ხოლმე, რომ „კაცობრიობა აქამდე როგორღაც მოსულაო“. ზოგადად, ამ ფრაზის შინაგანი დანიშნულება ის არის, რომ პრობლემას მანძილიდან შეხედო და საკითხის გააზრებისას მოწიფულის დისტანცირება და „სიცივე“ გამოიმუშაო – დაახლოებით ისეთი, გამოცდილ ქირურგს რომ აქვს გადახსნილი, საოპერაციოდ გამზადებული სხეულის წინ.

მიუხედავად ამ ფრაზის საზრისისა, დღევანდელ ეპოქაში ეს „როგორღაც“ მთელი დაძაბულობით იშლება და იბადება რეაქცია,რომ ჰო – „როგორღაც“ მოვედით, მაგრამ ასე ვეღარ გავაგრძელებთ. დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ბუნებისთვის კოლექტიური ბოდიშის მოხდის პროცესში, რომელსაც დედამიწა ან მიიღებს ან „ნამატს“, როგორც ადამიანებს ისე კაპიტალს, ჩამოიფერთხავს კალთიდან და მშვიდად განაგრძობს ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო.

* * *

სიბრმავის დაკარგვის ამბივალენტურობა – კოორდინაციის ნაკლებობის, სოციალური გათითოკაცების ერთ-ერთი მიზეზი (გარდა მმართველთა ეკონომიკური ინტერესებისა) სწორედ ინტერპრეტაციათა კულტურაა, რომელიც კოლექტიური არაცნობიერის დონეზე, ჭეშმარიტების დაკარგვის დემონის სახით აწუხებს ადამიანს. მოდერნის ეპოქამ, რომელმაც ჭეშმარიტებაზე პრეტენზია წინა ეპოქისგან გადმოიბარა, კაცობრიობას ჭეშმარიტების პროექტების კრახი მოუტანა. პოსტ-მოდერნული რელატივიზმი კი შეშინებული კაცობრიობის რეაქციაა, რომ ვინმემ, რომელიმე სოციალურმა ჯგუფმა ჭეშმარიტების ფლობა არ დაიჩემოს და კიდევ ის უბედურებები არ დაატეხოს თავს კაცობრიობას, რაც მეოცე საუკუნეში ხდებოდა. რელატივიზმი და ინტერპრეტაციები კი აზიანებს იმ სიმბოლისტურ და სტატიკურ სფეროს, რომელშიც ადამიანის რწმენა შეგვიძლია განვათავსოთ. აქ საუბარი არაა მორალური რელატივიზმის აბსტრაქტულ ფილოსოფიურ განხილვაზე და არც რელატივიზმზე შედარებითი ანთროპოლოგიისა და ნეიროფიზიოლოგიის მონაცემების მიხედვით მსჯელობაზე. მნიშვნელოვანია ის, რაც აღქმის „პრიმიტიულ“ სფეროში მიეცემა ადამიანს, რომელიც ინტელექტუალურ სივრცეში მოგზაურობით ნაკლებად ანებივრებს საკუთარ თავს. მართლაც, ის ბრმა ენთუზიაზმი, რომელიც ნებისმიერი დიდი მოძღვრების მიმდევრებს ახასიათებდათ, და რაც მოძღვრების სიცოცხლისუნარიანობის მთავარი წყარო გახლდათ, უცხოა დღევანდელი რელატივიზებული ინდივიდისთვის, რადგან რწმენა სინამდვილეში სოციალური ფენომენია, რომელიც ზედმეტ „კარტეზიულ“ ეჭვებს არ უნდა ბადებდეს.

ამ რწმენის ალტერნატივა ან თუნდაც რეგენირება შესაძლებელია, როგორც რაციონალური გაცნობიერება თვითმოსპობის შიშისა, რომელიც კაცთა მოდგმას ჯოჯოხეთური თვალებით შეჰყურებს მომავლიდან.

* * *

ორი ეჭვი – მნიშვნელოვანია ეჭვის ორი სახეობის გამოკვეთა. ესენია: ეჭვი, როგორც ყოველგვარი კრიტიკის წინაპირობა და ეჭვი, როგორც ყოველგვარი ნიჰილიზმის წინაპირობა. ამ ორს ხშირად ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვთ.

* * *

ორი კრიტიკა, ორი მმართველობაქართულ კულტურაზე მხატვრული ლიტერატურის გავლენა საქართველოში ე.წ Non-Fiction-ის არაპოპულარობაზეც მიუთითებს. ეს კი დღევანდელ ეპოქაში, ქვეყანაში კრიტიკული აზრის სავალალო დეფიციტსაც იწვევს. ის „კრიტიკული ჩირაღდანი“, რომელიც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურაში მხატვრულ ლიტერატურა ეჭირა, დღეს უფრო მეტად უნდა იკისროს პოლიტ-ეკონომიკამ, სოციოლოგიამ და ფილოსოფიამ. კრიტიკის რაობას მმართველობის ფორმები განაპირობებს. თუ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც სუბიექტური ძალადობა მთავარი იარაღი იყო ჩახშობისთვის, მწერლობა – თავისი სიმბოლისტურ, ხატ-სახოვანი ბუნების გამო იყო წინა პლანზე.ხოლო გლობალურ საზოგადოებაში, ეკონომიკური და სოციალური სფეროების კომპლექსურობისა და ანონიმურობის გამო, მეტი როლი ენიჭება ცნებით, ექსპლიკაციურ კრიტიკას.

* * *

კაპიტალიზმის ხსენების იშვიათობა – ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში შემაძრწუნებლად იშვიათად ხდება სიტყვის კაპიტალიზმის ხსენება, რაც ჩვენში მედია ფეოდალიზმის გლობალური ტენდენციის გამოძახილია. დასავლეთის ცივილიზაციის იდეოლოგიის მთავარი პრინციპი – ცრუ-მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებრივ დინამიკაში უფრო აშკარა ხდება.

* * *

ჰომოსექსუალობის შესახებ – რადგან ჩვენს თაობას გააჩნია ფუფუნება ევოლუციის თეორიის ანა-ბანა საერთო ინტელექტუალურ საკუთრებად მიაჩნდეს, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ინტერნეტის მეშვეობით ეს ცოდნა საერთო ცოდნის – ერთგვარი Common Sense-ის სტატუსს იძენს. ამ კონტექსტში საინტერესო იქნებოდა ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ არსებული დისკურსის განხილვა.

რადგან კაცთა მოდგმის ქმედებათა უმრავლესობა კაცობრიობის თვითგადარჩენით და შთამომალობის გაგრძელებთ არის ნაკურთხი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვაზე ასე ღიად საუბარი კაცობრიობის სიმრავლით და თვითგადარჩენის საქმეში ამ უფლებების აღიარების შედარებით ნაკლები საფრთხითაც არის გამოწვეული. ხოლო ის კონსერვატორული პათოსი, რომლითაც ამ უფლებათა აღიარებას ეწინააღმდეგება კოლექტიურ ხმის მიერ გაჟღერებულ სკეპსისად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ხმისა, რომელიც ყველაზე ძველია და საფრთხეს – მიუხედავად იმისა, ეს საფრთხე შეიძლება არც ისე მაღალი იყოს – განსაკუთრებული სიმწვავით აფიქსირებს.

ტრადიციის რეაქცია იმდენადაცაა მისაღები, რამდენადაც მიუღებელი. ზოგადად, ადამიანური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ მორალური მსჯელობების უმრავლესობა რაციონალურ დონეზე ფრედ მთავრდება. ეს კი სწორედ იმის გამო ხდება, რომ მსჯელობის მონაწილენი ხშირად ამ მსჯელობათა მიღმა არსებული „ირაციონალური ძალების“ ავტომატურობას ვერ აცნობიერებენ. ერთნი ამბობენ: „არ დავუშვათ ჰომოსექსუალთა ქორწინება“, ამ დროს კი ჯგუფის ხმა ამბობს „მეშინია შთამომავლობის გაგრძელებას საფრთხე არ შეექმნას“. მეორენი ამბობენ, „დავაკანონოთ ჰომოსექსუალთა უფლებები“ და ამ დროს ჯგუფის ხმა ამბობს: „ნუ გეშინია, დრო შეიცვალა, არ გვემუქრება გადაშენება მათი აღიარების გამო“.

შეკითხვა: ვის მხარეს არის არარსებული ჭეშმარიტება?

* * *

აპათია – მთელი რიგი ისტორიული ხდომილებების გამო კაცობრიობის ისტორიაში დგება ეპოქა, როდესაც ადამიანებს განსაკუთრებით მძიმედ აწვებათ „ყოფიერების არარაობის“ შეგრძნება, რაც, როგორც წესი, სურვილების ვერ განახლებით და სააზროვნო, მორალური პარადიგმების ცვლილებით არის ხოლმე განპირობებული. მაგრამ, როგორც, წესი ისინი მაინც ახერხებენ ამ კოლექტიური აპათიიდან გამოსვლას. ნაციზმის დაბადება ამის კარგი მაგალითია.

ჩვენს ეპოქაში კი შესაძლებელია რეაქციამ და აპათიიდან გამოსვლამ, – ე.ი სასიცოცხლო ენერგიის მიზნისკენ მიმართვამ – მორალურად უფრო მწიფე ხასიათი მიიღოს და დედამიწის გადარჩენის დიდ საერთო სურვილად დაფიქსირდეს. თანამედროვე საზოგადოება მძიმედ, ფრაგმენტულად და ისტორიის ჯოჯოხეთური სინელით დისტანცირდება მეცნიერული ტექნოლოგიების ბრმა რწმენისგან და მეოცე საუკუნის ჯოჯოხეთის შემდგომ დამდგარი აპათიისგან. და თუ ამას დემოგრაფიული, ეკოლოგიური კატასტროფის გაცნობიერების მეტი „კოლექტივიზაციაც“ მოჰყვა, აპათიამ შეიძლება უფრო სწრაფი ტემპით დატოვოს ადამიანთა სულები.

* * *

არაზუსტი, როგორც პრინციპი – ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობა შიშით არის ნაკურთხი. შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ იდეოლოგიაც მთავარი მიდრეკილება არაზუსტის ზუსტად გადაქცევა, შიშითვე იყოს განპირობებული. რადგან სიზუსტე და მეცნიერება, სწორედ ბუნებასთან, როგორც საკუთარ ისე გარე სამყაროსთან – პროგნოზირებისა და გამოთვლადობის მიზნით შეიქმნა, ამიტომაც არაა გასაკვირი თუ რატომ ახასიათებს ყოველ იდეოლოგიას სულის უნივერსალური სტანდარტიზაციისკენ სწრაფვა. ა რ ა ზ უ ს ტ ი, როგორც სამყაროს პრინციპი, მრავალფეროვნების ელემენტი და დავის საგანია, ხოლო დავა და მრავალფეროვნება ნებისმიერი იდეოლოგიისთვის ზედმეტი თავის ტკივილია.

* * *

მრავალში ერთი – მრავალში ერთის დანახვა, პლატონით თქმით, დანახვის უნარი ადამიანთათვის ღმერთების მიერ ნაბოძები საჩუქარია. თუმცა, ისიც ცხადია, რომ მხოლოდ დანახვა არ კმარა და საჭიროა მისი შეფასება და მისი სხვა ერთებთან შედარება. მაგალითად, თუ ვიტყვით: აი, სიმრავლეა, რომ ბევრს ბანკის ვალები აქვს და ამით ტენდენციას, ანუ ერთს დავაფიქსირებთ. მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რადგან არ მომხდარა მთავარი ოპერაცია გონებაში – ანუ განსაზღვრა იმისა, თუ რა როლი აქვს ერთს სოციალურ იერარქიაში.

* * *

სხვაგან გამომუშავებული – ერთი კულტურისა და ისტორიის წიაღში გამომუშავებული ელემენტი სხვა კულტურაში გადატანის შემდეგ, გაუცხოებას და პროტესტს იწვევს იმ კულტურაში, რომლის დინამიკისთვის ეს მომენტები უცხოა. ეს შეიძლება ითქვას პოლიტკორექტულობისა და საქართველოს შესახებ. ნაციონალიზმის შემაკავებელი პრიმიტიული ბერკეტი, – პოლიტკორექტულობა, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, ევროპული ისტორიის კონკრეტულ წიაღში გამომუშავდა, ხოლო ქართულ სივრცეში ის დამსახურებულად იწვევს გაურკვევლობას, რადგან ის სხვა მოთხოვნებიდან, მოვლენათა განსხვავებული ლოგიკიდან არის დაბადებული.

ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ოთარ ჭულუხაძის სხვა წერილებიც:

საქართველო: ვალი, ბრალი და ნეოლიბერალიზმი

ინტერნეტი და თავისუფლება

გამოყენებული ლიტერატურა

[1]Erich Fromm; To have or To be; Continuum, London and New York, 1976; გვ 8.

[2]Фридрих Ницше; Сочинения в двух томах, Том 1. Издательство „Мысль“, Москва, 1990; გვ 485.

Share on Facebook97Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*