საქართველო: ვალი, ბრალი და ნეოლიბერალიზმი

bank
ავტორი: ოთარ ჭულუხაძე, ფილოსოფოსი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. მას ეკუთვნის ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის, ალან უოტსის წიგნის – “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” – ქართული თარგმანი.

ჩვენს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ მისი წერილი – “ინტერნეტი და თავისუფლება.”

© European.ge

თანამედროვე ეპოქის დახასიათება ბევრი ეპითეტით შეიძლება. მათ შორის ცნებების – „ისტორიისა“ და „ღმერთის“ – მიმართებითაც. ცხადია, ინტერპრეტაციების სიმრავლისა და ინდივიდუალიზმის ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მსჯელობის თანმიმდევრულობისთვის, მნიშვნელოვანია ცნებათა განმარტება, რომელთაც საჯარო სფეროში გამომსვლელი იყენებს.

თავდაპირველად „ღმერთის“ ცნების შესახებ: მას სხვადასხვა აზრით იყენებდნენ. იგი ხან სიყვარულს უიგივდებოდა, ხან დამსჯელ პატრიარქს, ხან სამების ერთ-ერთ ჰიპოსტაზს. ხან კი სუსტთა თავშესაფრად მიიჩნეოდა, როგორც ქართული ანდაზაშია – „ყველამ ღმერთი ახსენა, ლომმა კი არაო“.

ამ ცნებას გამოვიყენებ, როგორც ერთგვარ სიმბოლოს, რომელსაც ადამიანის – უფრო სწორად კი, ქრისტიანული საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანის  – ქმედებების მორალურ მუხრუჭად, ერთგვარ შემაკავებლად გვევლინება. მსჯელობისთვის აუცილებელ, ცნების ჩემეულ დეფინიციას კარგად გამოხატავს ფილოსოფიის ისტორიიდან ერთი ცნობილი ეპიზოდი, რომლის მიხედვითაც გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი სტუმარს „ღმერთის არარსებობის“ არგუმენტებს სთავაზობდა, თუმცა ოთახში მოახლის შესვლისთანავე, „ღმერთი არსებობის“ არგუმენტების მტკიცება დაიწყო. ოთახიდან მოახლის გასვლის შემდეგ, მსჯელობის ხასიათის შეცვლით გაკვირვებულ სტუმარს კანტმა მიუგო, ჩემი მოახლე ღმერთის გამოა ცოცხლად რომ მტოვებსო. ანუ ღმერთი, როგორც არაცნობიერი მუხრუჭი, რომელიც კრიტიკულ მომენტებში გვიბიძგებს „ავი საქციელის“-გან თავის შეკავებაში. ვგულისხმობ სოციალურ კონსტრუქტს, რომელიც სუბიექტივაციის ადრეულ სტადიაზე, შიშის მეშვეობით, სხვადასხვა მორალური ქცევის სიკარგეს ჩაგვიბეჭდავს, რათა სუბიექტურობის შედარებითი მყარი მდგომარეობას მიღწევისას, არ ჩავიდინოთ „ავი საქციელი“. ცხადია, ბევრს „რელიგიური იმედგაცრუების“ შემდეგ, – რაც ინდივიდუალიზაციის ხშირი თანმხლებია ქრისტიანულ კულტურაში, –  ღმერთის, როგორც დამსჯელი პატრიარქის ნაკლებად სწამს, თუმცა არაცნობიერის დონეზე მკაცრად აქვს გასიგრძეგანებული ის მორალური ელემენტები, რომლებიც ღმერთის შიშის მეშვეობით მიეწოდა და რომლებიც მას საზოგადოებისთვის ნაკლებ დესტრუქციულს ხდის; და თუ ამას, სუბიექტად ქცევის მყარ სტადიაზე კანონის შიშიც დაემატება, მეტი შანსია ადამიანი არ მოგვევლინოს საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევად.

რაც შეეხება ისტორიის ცნებას… მასში ვგულისხმობ შემთხვევითობის სარბიელს, რომელიც დოვლათის დაგროვების პარალელურად, ადამიანმა თავისი თავისა და გარემოს სასაკლაოდ აქცია. ჯერ კიდევ ორი ათას ოთხასი წლის წინ არისტოტელე ამბობდა, რომ არა პირველადი საჭიროების, არამედ ნამატის გამო ჩადის ადამიანი ყველაზე დიდ დანაშაულსო[1].  შესაბამისად, არ იქნება აზრს მოკლებული, თუ ისტორიას ვუწოდებთ მორალური საფარველის მიღმა არსებულ, დოვლათისთვის მებრძოლ სიცოცხლეს. სიცოცხლეს, რომელიც სამოთხიდან – ე.ი ბუნებასთან ჰოლისტური ერთობიდან – გამოსვლის შემდგომ, რესურსებისთვის და ნამატისთვის მებრძოლ კაცობრიობაში ვლინდება. სიცოცხლეს, რომელიც მეოცე საუკუნეში სრული დიდებულებით გაიფურჩქნა: ჩამოგდებული ატომური ბომბებით, ორი მსოფლიო და ცივი ომით, ქიმიური იარაღის გამოყენებით, კულტურის ინდუსტრიით, პროპაგანდისტული მანქანის არნახული დომინაციით, ადამიანის კაპიტალიზმის მაშინერიის ჭანჭიკად ქცევით და ასე შემდეგ.

როგორც აღვნიშნე, თანამედროვე ეპოქის გააზრებას სწორედ ამ ორი ცნების ურთიერთმიმართებით ვეცდები: ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც შეგვიძლია „უღმერთო ისტორია“ ვუწოდოთ. ამ სიტყვათშეთანხმების განმარტებისთვის, მსურს დავაზუსტო თუ რას ვგულისხმობ მასში. ადამიანის მიერ დღეს დაგროვილი ცოდნა – პლანეტის კოსმიური მისამართის დადგენა, ევოლუციის თეორიის ემპირიულად დადასტურებული დომინაცია, კაპიტალიზმის მიერ ინდივიდის მარტოობისთვის და გახევებისთვის განწირვა, ძველი წარმოდგენების სწრაფი ტემპებით მსხვრევა – ადამიანს აიძულებს გაიაზროს, რომ მისი ცხოვრება მეტწილადაა განპირობებული შემთხვევითობით, რომ „ღმერთი“ მას ისტორიის ქარტეხილებთან გამკლავებაში არ ეხმარება. ეს ფაქტი კი, სხვებს შორის, ადამიანს მარტოობის გააზრებისკენ უბიძგებს, რაც დამეთანხმებით, არც ისე სასიამოვნო გრძნობაა. შესაბამისად, ადამიანი ეძებს რა „მეორად ბმებს“, რაც მას ექსისტენციალურად ტრავმატულ, მარტოობის მოდუსს შეუმსუბუქებდა, არაცნობიერად ირჩევს ინტეგრაციის კონსტრუქციულ (სიყვარული, საზოგადოებითვის ჭეშმარიტად სასარგებლო შრომა)ან დესტრუქციულ (იდეოლოგიურს, ე.ი სადისტურ ან მაზოხისტურ) ბმას.ამ უკანასკნელს კი დღევანდელობა უხვად სთავაზობს. ნიცშეს მიერ ათეულებით წლის წინ გაჟღერებული – „ღმერთი მკვდარია, ჩვენ მოვკალით ის“ თანამედროვე მდგომარეობის კარგი ამსახველია და ისტორიის სისასტიკეზე პირდაპირ მოქმედებს. ღმერთის, როგორც მუხრუჭის საბოლოოდ გაქრობა კი „პოსტ-საზოგადოების“ „ღიაობაში“ და ძალაუფლების დაუფარავ ცინიზმში ვლინდება.

ვოლტერი (1694-1778), ფრანგი განმანათლებელი და ფილოსოფისი.
ვოლტერი (1694-1778), ფრანგი განმანათლებელი და ფილოსოფისი.

ამ თემასთან დაკავშირებით ფილოსოფიის ისტორიაში ორი საინტერესო და სახასიათო ტექსტი გვხდება: ვოლტერის „პოემა ლისაბონის კატასტროფის შესახებ“, სადაც ის ადრეული განმანათლებლობისთვის დამახასიათებელ კითხვას სვამს: 1655 წლის ლისაბონის მიწისძვრის გააზრების შედეგად, ვოლტერი კითხულობს ღმერთმა ეს საშინელება როგორ დაუშვაო. დაახლოებით იგივეს ამბობს ბერტრან რასელი თავის ესეში: „რატომ არ ვარ ქრისტიანი?“, სადაც რასელს უზენაესში ეჭვი კუ-კლუქს კლანის არსებობის გამო შეაქვს. ეს ორი მაგალითი შეიძლება გვიჩვენებდეს, თუ არაცნობიერ დონეზე რაოდენ მტკივნეულია იმის საბოლოოდ გაცნობიერება, რომ ისტორია „ხუშტურებსა“ და „სისასტიკეებს“ უმორჩილებს ადამიანს და რომ მათ წინაშე არც კეთილი ღმერთის იმედზე ყოფნა შეიძლება და არც გერმანული ისტორიის ფილოსოფიის ტელეოლოგიურ დიალექტიკაზე, რომელიც ადამიანს ადრე თუ გვიან თავისუფლების მიღწევას ჰპირდება, ხოლო წარსულის უბედურებებს თავისუფლების მზადებად მიიჩნევს. თუ ამ მომენტებს დავუმატებთ ევოლუციის, როგორც სააზროვნო პარადიგმის საბოლოო გამარჯვებას და პლანეტის კოსმიური მისამართის დადგენას, იდეოლოგიისთვის აუცილებელ ადამიანის ატომიზაციის გარემოს მივიღებთ, რაც ადამიანის ექსისტენციალურად გატეხვას გულისხმობს.

სიკვდილის გაცნობიერება პირველი დიდი იმედგაცრუებაა, რასაც ყველა შემდეგი იმედგაცრუება მოყვება. ადამიანი, იაზრებს რა, რომ სიამოვნება ხანმოკლეა, რომ ბოლოვადი არსებისთვის დაბადების საათი მისი სიკვდილის საათია, ის უკვე იქცევა კონფორმისტად მანამ, სანამ საზოგადოება მეთოდურად გაავარჯიშებს შეგუებაში[2]

ცხადია, არც დარვინი და არც ჰაბლი არ შეიძლება იდეოლოგიის მსახურებად წარმოვაჩინოთ, მაგრამ აშკარაა, რომ მათი აღმოჩენები რეფლექსური ინდივიდუალიზმის გზაზე მდგარ ადამიანს საბრძოლო განწყობას ვერ უჩენს. ინდივიდუალობა რეფლექსურია, ხოლო გაცნობიერება მოტივაციად მხოლოდ სიმწიფედ ახარისხებისშემთხვევაში იქცევა.

რას ვგულისხმობ? რომელი ტიპის ადამიანი იქნება უფრო მოტივირებული: ის, რომელსაც კულტურის წყობა, განპირობებული თავისი წინარე შეხედულებათა სისტემით, ეუბნება, რომ  იგი საკრალური არსებაა – „ქმნადობის გვირგვინია“, თუ ის რომელიც ხვდება, რომ კოსმიური მტვერია, შემთხვევითი დისკრეციაა, მომაკვდაობაა და განვითარებული პრიმატია? ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლობით არ გულისხმობს პირველი ვარიანტის არჩევას. მეორე ვარიანტი შეიძლება არჩეული იყოს მაშინ იყოს, როცა ადამიანი, კანტის სიტყვებით რომ ვთქვათ -„უმწიფრობიდან გამოვა“. „უმწიფრობაში“ კი კანტი გონების დამოუკიდებლად ვერ გამოყენებას გულისხმობდა. თანამედროვე ვითარება – დაგროვილი ცოდნის მიერ განადგურებული ან მნიშვნელობადაკარგული სახით გლობალურ მაშინერიაში ასიმილირებული ძველი მსოფლმხედველობრივი სისტემები, კაცობრიობის გადაშენების რეალური საფრთხე – ადამიანს აყენებს არჩევანის წინაშე: ან გააცნობიეროს თავისი შეზღუდულობა (მათ შორის, მომაკვდაობაც), რაც მას სამყაროში ბევრი რაიმეს დაფასებისკენ უბიძგებს, (მათ შორის, fossil fuel-ის გამოყენების გამო განადგურების წინაშე მდგარი ეკოსისტემის დაფასებისკენაც) ან განაგრძოს ფეტიშიზმის კაპიტალისტურ ნაირსახეობაში ცხოვრება.

rus
ბერტნარ რასელი (1872-1778), ბრიტანელი ფილოსოფისი, ისტორიკოსი და სოციალური კრიტიკოსი.

ამრიგად, „უღმერთო ისტორია“ შეგვიძლია, ნათქვამთან ერთად, დავსახოთ, როგორც ადამიანის იძულებითი შეგდება ზრდასრულობის ასაკში. ეს კი აიძულებს ადამიანს იფიქროს დამოუკიდებლად, გააცნობიეროს და ხელახლა გაიაზროს საკუთარი შეზღუდული როლი სამყაროს სხვადასხვა ტოტალობებში – იქნება ეს ისტორიული, გეო-პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კოსმიური ტოტალობა. ამის გაცნობიერება კი შეიძლება დაეხმაროს მას იმაში, რასაც კანტი, თავის ცნობილ ესეში „რა არის განმანათლებლობა?“, უწოდებს გონების საჯარო გამოყენებას, ე.ი გონების დამოუკიდებლად გამოყენების უნარს. „უღმერთო ისტორიის“ ხანა დაცლილია ილუზიისგან, რომ ადამიანს შეიძლება ვინმე დაეხმაროს საკუთარი თავის გარდა და შესაბამისად, გონების საჯარო გამოყენება, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ფონზე, სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება. ცხადია, თავის მოტყუება იქნებოდა იმის თქმა, რომ თვითგამოხატვის თავისუფლება თვითგამოხატვის ხარისხთან არის პირდაპირპროპორციულად დამოკიდებული (მით უმეტეს, დღევანდელი პროპაგანდისტული მანქანის ფონზე), მაგრამ ისიც ცხადია, რომ ინტერნეტი შესაძლოა „რევოლუციის დაუსწრებელი პროცესის“ წინაპირობა გამოდგეს. ისევ და ისევ კანტი რომ მოვიშველიოთ:

„[გონების საჯარო გამოყენების შემდეგ] ადამიანები თანდათანობით თვითონვე ახერხებენ სიუხეშის მდგომარეობიდან გამოსვლას, თუ მათ განზრახ გამოგონილი ხერხებით არ აიძულებენ, მასში დარჩნენ.“[3]

ამ წერილის წამკითხველს ალბათ გაუჩნდება შეკითხვა, თუ რა შუაშია ცნების -„უღმერთო ისტორია“ ავტორისეული, ინდივიდუალური განსაზღვრება წერილის სათაურთან. პასუხი ზემოთ უკვე ნახსენებია: ეს არის აუცილებლობა იმისა, დავადგინოთ თუ სად ვართ? რომელი ტოტალობის ნაწილები ვართ? მეტადრე, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის, რომელსაც ისტორიამ არც ისე კარგი მოგონებები დაუტოვა. არაბეთის, ოსმალეთის, სპარსეთის იმპერიები, ცარიზმი და რკინის ფარდა, დამოუკიდებლობის პირველი წლები, თავისი ნაციონალისტური ილუზიებით, რაც ტერიტორიების დაკარგვაში გამოლინდა; უშუქობის პერიოდით, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ცხრაწლიანი ჯოჯოხეთით და ოთხწლიანი გარდამავალი სტადიით.

დამოუკიდებლობის პერიოდში დაიმსხვრა ილუზიები იმის შესახებ, რომ „რკინის ფარდის“ მიღმა „სამოთხეა“ და რომ „ისტორიის დასასრული“ – მრავალგზის აბუჩად აგდებული ეს ტერმინი – ნაჩქარევი დასკვნა აღმოჩნდა. ასევე გაირკვა ისიც, რომ ურა-ნაციონალიზმი საქართველოს გეო-პოლიტიკური მდგომარეობის ქვეყანას არაფრად გამოადგება. საქართველოს მოსახლეობა თანდათან იდეურად ერთვება გლობალურ საზოგადოებაში მიმდინარე დინებაში. რკინის ფარდიდან ღია საზოგადოებაში აღმოჩენას მოსახლეობაზე სწრაფად ქართველმა პოლიტიკოსებმა აუღეს ალღო და ჩაერთვნენ ნეოლიბერალურ, გლობალისტურ თამაშის წესებში, რადგან ისტორიულად დადგენილი ჭეშმარიტებაა, რომ დაპყრობილი ან დაქვემდებარებული ჯგუფის თვითგადარჩენას დისიდენტებზე არანაკლებად ისინი განაპირობებენ, ვინც იმპერიის პოლიტიკურ, ბიუროკრატიულ სისტემასთან ადაპტირებას ახდენენ, რითაც ერთგვარად ინახავენ ჯგუფს (ცხადია არა ამ, არამედ თვითგადარჩენის მოტივაციით,) სანამ თავისუფლების მებრძოლთა, მიწისქვეშა თუ მიწისზედა დისიდენტების ბრძოლა და რაც მთავარია, გეო-პოლიტიკური რყევები ჯგუფს შედარებით მეტ თავისუფლებას არ მოუტანს. საქართველოს ისტორია კი მეტწილად, „შედარებით მეტი თავისუფლების“ ძიებაა და „შედარებით უკეთესი იმპერიის არჩევაა“.

კიდევ ერთი მომენტი, რაც წერილის სათაურს „უღმერთო ისტორიასთან“ აკავშირებს ინდივიდუალისტური კულტურის თავისებურებაში უნდა ვეძებოთ. ინდივიდუალიზაცია, თავისი რეფლექსიური ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანს დაბნეულობის, რეალობის აღრევის ფაზაში გაატარებს, სადაც არც ძველებური „კარგი“ და „ცუდი“ და არც თვითდადგენის წინამოდერნული მექანიზმები არ მუშაობენ. ადამიანის ირონიას კი სხვებს შორის, საზოგადოებრივი რეალობის მეტი კომპლექსურობა და პროპაგანდისული მანქანის მიერ გადაფარული ეს რეალობა იწვევს, რაც დღესდღეობით იმაში ვლინდება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რომელ იდეოლოგიაში ცხოვრობს და რა ახასიათებს ამ იდეოლოგიას. ეს კი წარმოუდგენელი იყო საბჭოთა კავშირის ტიპის სახელმწიფოში, სადაც უმრავლესობამ იცოდა, რომ აბსოლუტური მიზანი იმპერიისგან გათავისუფლება იყო. დღეს კი ნეო-ლიბერალიზმის გაგებაზე მოქალაქეთა ნაწილი მხრებს ისევე აიჩეჩავს, როგორც რომელიმე ჩინური პოემის ჩინურად მოსმენის შემთხვევაში.

ნეოლიბერალური იდეოლოგიის დაფარულობის და დეპერსონალიზებულობის გამო, წერილის მეორე ნაწილი რეალობის ისტორიულ, იდეურ და ფაქტობრივ-ანალიტიკურ რეკონსტრუქციას ემსახურება, რომელშიც ჩვენ – ვგულისხმობ ქართველებს – ვცხოვრობთ.

II

თანამედროვე გლობალური საზოგადოების მდგომარეობის გასააზრებლად შეგვიძლია მარქსის ძველი და კარგად ნაცნობი მოდელი გამოვიყენოთ, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური ბაზისის პირველადობას საზოგადოებრივ ურთიერთობათა ზედნაშენთან მიმართებით.

მარქსის მიხედვით,

„ეკონომიკური საფუძველის ცვლილებასთან ერთად, მეტ-ნაკლებად სწრაფად გადატრიალდება მყარი ზედნაშენიც. ასეთი გადატრიალებების დროს აუცილებელია განვასხვავოთ მატერიალური, წარმოების ეკონომიკურ პირობებში ბუნების მეცნიერებათა სიზუსტით კონსტანტირებული გადატრიალება იურიდიული, პოლიტიკური, რელიგიური, მხატვრული ან ფილოსოფიური, – მოკლედ რომ ვთქვათ, იდეოლოგიური ფორმებისაგან, რომლებშიც ადამიანები იაზრებენ ამ კონფლიქტს და იბრძვიან მისი გადაწყვეტისთვის.  ისევე როგორც ცალკეულ ადამიანზე არ უნდა  ვიმსჯელოთ იმისდა მიხედვით, რასაც ის საკუთარ თავზე ფიქრობს, ასევე არ უნდა ვიმსჯელოთ გადატრიალების ეპოქაზე მისი ცნობიერების მიხედვით. პირიქით, ეს ცნობიერება უნდა ავხსნათ მატერიალური ცხოვრების დაპირისპირებებით.  [ანუ] საწარმოო ურთიერთობებსა და საზოგადოებრივი წარმოების ძალებს შორის არსებული კონფლიქტით“ [4]

ამ მოდელს თანამედროვეობას თუ მივუყენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კულტურა ერთგვარი წილადია, რომლის მნიშვნელს – ნეოლიბერალიზმი, ხოლო მრიხველს კულტურის ინდუსტრია წარმოადგენს. ქართული რეალიების გასააზრებად მნიშვნელოვანია, ორივე ცნების განსაზღვრა.

ლიბერალიზმი ახალი დროის გამარჯვებული იდეოლოგიაა. მისი თავდაპირველი სახე იყო ანტიმონარქისტული, ინდივიდუალისტური  და საკუთრების უფლებაზე ორიენტირებული;

საწყისი ლიბერალიზმი:

  • იყო რელიგიურად ტოლერანტული, რადგან რელიგიური ომები აფერხებდნენ თავისუფალ ვაჭრობას;
  • მიმართული იყო მთავრობის მხრიდანეკონომიკის სფეროში რაც შეიძლება ნაკლებ ჩარევაზე;
  • დაინტერესებული იყო იმით, თუ რა როლი უნდა მინიჭებოდა მთავრობას, სადაც სამომხმარებლო ღირებულება ადგენს საგანთა ფასს. სად შეიძლება მთავრობაჩარეულიყო და სად არა?
  • ცდილობდა ვაჭრობის მეშვეობით საერთაშორისო წონასწორობის ძებნას, რათა ერთ სახელმწიფოს არ მონდომოდა მეორესთან შედარებით დაწინაურება;
  • მერკანტილისტური ეკონომიკისგან განსხვავებით, რომელიც ნულოვანი მოგების პრინციპს ეფუძნება, ლიბერალური პოლიტ-ეკონომია გულისხმობდა WIN-WIN სტრატეგიას, სადაც მყიდველი და გამყიდველიც მოგებული უნდა დარჩენილიყო.

„ჩვენ ვხვდებით იდეას, რომელიც იქნება ლიბერალების მიერ განმარტებული ეკონომიკური თამაშის ცენტრში, რომ ერთი ქვეყნის გამდიდრება, ისევე როგორც ერთი ინდივიდის გამდიდრება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დამყარდეს და შენარჩუნდეს გრძელი ვადით ორმხივი გადმიდრებისას.“[5]

  • ნატურალისტურია, რაშიც მიშელ ფუკო, ლექციათა ცნობილ კურსში ბიოპოლიტიკის შესახებ, ლიბერალიზმის საწყისი თეორიული საყრდენების მიერ ეკონომიკური მექანიზმების სპონტანურობისთვის (ბუნება – კანტთან; უხილავი ხელი – სმიტთან) მინდობაში ხედავს.

ტერმინი ნეოლიბერალიზმი „ლიპმანის კოლოქვიუმის“ სახელით ცნობილ შეხვედრაზე გერმანელმა სოციოლოგმა ალექსანდრ რუსტოვმა გამოიყენა. კოლოქვიუმი მიძღვნილი იყო კლასიკური ლიბერალიზმის გადახედვისკენ და მმართველობის ადაპტირებული სისტემის ჩამოყალიბებისკენ.

ნეოლიბერალიზმის იდეურ დაბრკოლებებად დაისახეს:

  • კოლექტივიზმი;
  • ბისმარკისეული ეტატიზმი;
  • დაგეგმილი ეკონომიკა;
  • კეინზიანური ინტერვენციონიზმი.

ერთ-ერთი უმთავარი რაც, ფუკოს მიხედვით, ნეო-ლიბერალიზმს ლიბერალიზმისგან გამოარჩევს, არის იურიდიულისა და ეკონომიკურის სფეროს დაახლოება. ანუ, მარქსის ტერმინებს თუ გამოვიყენებთ, კანონმდელობა უნდა ყოფილიყო არა ზედნაშენი, არამედ ბაზისში უნდა შეჯვარებოდა ეკონომიკურ დინამიკას. ეს ნიშავდა, რომ სახელმწიფო უნდა ჩარეულიყო ეკონომიკის საქმიანობაში, ოღონდ არა სუვერენის პოზიციიდან, ანუ არა ჰიტლერულ-სტალინურად, არამედ კანონთა მექანიზმით, რაც ეკონომიკის ფუნქციონირებას და საზოგადოებრივი პოლიტიკის რეგულირებას ერთდროულად შეუწყობდა ხელს. ანუ, ისევ და ისევ ფუკოს სიტყვებით თუ ვიტყვით: გვაქვს არა შეკითხვა – სად ჩავერიო და სად არა?, არამედ როცა ჩავერევი, როგორ ჩავერიო?

ამასთანავე, ნეოლიბერალებმა მოახდინეს laissez faire-სა და საბაზრო ეკონომიკის დისოციაცია; ამით უნდა მომხდარიყო სპონტანურობის უარყოფა, რაც გულისხმობდა კონკურენციის თეორიულად წინ წამოწევას. რაც მთავარია, კონკურენცია უნდა ყოფილიყო არა ბუნებრივი, არამედ ფორმალურ-სტრუქტურირებული მმართველობის შედეგი, რაც დააფუძნებდა ფასის მექანიზმს.

„[ნეო-ლიბერალიზმის ერთ-ერთი პრინციპია] საბაზრო ეკონომიკის laissez faire-ს პოლიტიკური პრინციპისგან დისოციაცია. ვფიქრობ, ეს გამიჯვნა მიიღწეოდა ან სულ მცირე თეორიულად განისაზღვრა, როგორც  წმინდა კონკურენცია, რომელიც წარმოდგენილი იყო არა როგორც პრიმიტიული და ბუნებრივად მოცემული, [არამედ] … კონკურენცია წარმოადენდა სტრუქტურას ფორმალური მახასიათებლებით და ის იქ იყო, რათა მოეხდინა ეკონომიკის რეგულაცია ფასის მექანიზმით“[6]

ნეოლიბერალურ მმართველობაში, მნიშვნელოვანია გამოვყოთ ბიო და სოციალური პოლიტიკა.

ფუკოს მიერ შემოღებული ტერმინი – „ბიოპოლიტიკა“, ნეოლიბერალიზმის შემთხვევაში, კაპიტალისტური ლოგიკის ადამიანის ბიოლოგიაზე გავრცელებას გულისხმობს.ბიოპოლიტიკა ადამიანთა გაყოფაა ბიოლოგიური კრიტერიუმით, როდესაც გამყოფის ერთ მხარეს აღმოჩენილები სასარგებლოდ, ხოლო მეორენი უსარგებლოდ მიიჩნევიან.

ადამიანი, რომელიც კაპიტალიზმის წესების მიხედვით ცხოვრობს, უნდა ზრუნავდეს თავის ბიოლოგიაზე – გენეტიკის მეშვეობით – რათა სისტემასთან უფრო ადაპტირებადი გახდეს. მაქსიმალურად თავიდან აიცილოს დაბერება, გენეტიკური დაავადებები და ასე შემდეგ. დღესდღეისობით ამგვარი ბიოპოლიტიკის მაგალითებად შეგვიძლია წარმოვადგინოთ ტრანსჰუმანისტი ფილოსოფოსების აქტიურობა აკადემიურ სივრცეში, რომლებიც ადამიანის სხეულზე ბიოლოგიური მანიპულაციებისთვის იდეური ნიადაგის შემზადებას ცდილობენ, რითაც თანდათანობით, კაპიტალიზმისეული დამგეგმავი გონების ლოგიკის ბიოლოგიურ მანიპულაციებად გაგრძელებას უწყობენ ხელს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ნეოლიბერალიზმის სოციალური პოლიტიკა, რაც გულისხმობს საზოგადოების რეგულირებას, მაქსიმალურ პრივატიზაციის, „ქამრების შემოჭერის“ სოციალურ პოლიტიკას, პროლეტარიატის პრეკარიატიზაციას – ანუ პროლეტარიატის არასაიმედო დასაქმებულებად ქცევას და ეკონომიკური ზრდის ლოგიკისთვის სოციალურ დახმარებათა მსვერპლად შეწირვას.

სოციალური პოლიტიკის თანამედროვე სახეს წარმოადგენს კრედიტორი-მოვალის, როგორც საზოგადოებრივი იერარქიის დაფუძნება: მდიდართა გამდიდრებას (2008 წლის ფინანსური კრიზისი, საბერძნეთის კრიზისი) და ღარიბთა გაღარიბებას – ცნობილი პრინციპით „ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.“

ვალი, თავისი ბუნებით არის არა ეკონომიკური, არამედ მართვის, კონტროლის მექანიზმი. კრედიტორი ფლობს მოვალის დროს. დრო ისაზღვრება კრედიტებში[7]. ადამიანის ცხოვრებას მაშინ აქვს აზრი, თუ ის მთელი ცხოვრება იხდის ვალს. სესხებისადმი ისტერიული მოწოდება, ერთის მხრივ, კაპიტალიზმის ზრდის ლოგიკას პირდაპირ ემსახურება და მეორეს მხრივ, როგორც ამას ნიცშე „მორალის გენეალოგიის“ მეორე ესეში ამბობს, არის ადამიანის გაწვრთნის, მისი მორჯულების, მომავლის კონტროლის ერთგვარი მექანიზმი.

ნიცშემ გერმანულის სიტყვების Schuld (ბრალი) და Schulden (ვალები)[8] მსგავსებით ადამიანის მართვის უნიკალურ მექანიზმს ჩაავლო. თანამედროვე იდეოლოგია ორ კურდღელს ერთდროულად იჭერს: ერთის მხრივ, ის აყალიბებს ადამიანის სუბიექტურობას, ახდენს რა არაცნობიერში არსებული მოვალის, დამნაშავის, ბრალეულის სულიერი მდგომარეობის რეგენერირებას და მეორეს მხრივ, რეალურ ცხოვრებაში ადამიანის მართვას საზოგადოებრივი აქტივობის დონეზე. ნეოლიბერალური პოლიტიკის მიზანია ადამიანისგან მარადიული მოვალის შექმნა და ეს ასეც ხდება; დღეს, სახელმწიფოებისა და ინდივიდების  სრული უმრავლესობა ჯგუფურ ვალში იმყოფება. „ამა ქვეყნის ძლიერები“ და მათი დაქვემდებარებული ბიზნეს ორგანიზაციები უბრალო მოქალაქეს ყველანაირად უბიძგებენ ვალის აღებისკენ. მოქალაქეც იძულებულია საკუთარი გაჭირვების (რადგან ის პრეკარიატად, ე.ი არასაიმედო სამსახურის მქონედ არის ქცეული) ან კონზუმერული პროპაგანდის გამო აიღოს ვალი და ამით თანამედროვე საზოგადოების იერარქიაში – კრედიტორი-მოვალე იძულებით ან გაუაზრებლად გაწევრიანდეს.

რა საჭიროა ეს? ადამიანი, ბუნებიდან გამოყოფის შემდეგ, ცდილობს მომავლის მართვას, სამყაროს ახირებების მინიმუმამდე დაყვანას. შესაბამისად, მან უნდა აკონტროლოს მომავალი (მით უმეტეს სამყაროს ყველაზე ახირებული არსების – ადამიანის მომავალი). იცის რა რომ სიკვდილი არ აცდება, ის ცდილობს სიცოცხლეზე სიცოცხლეშივე გაბატონებას, ე.ი მომავლის მაქსიმალურად განსაზღვრებად ქცევას, დღესდღესიბოით ამას აქვს კრედიტორისა და მოვალის სადო-მაზოხისტური სიმბიოზის სახე.

„რამდენადაც ადამიანს უნდა ემართა მომავალი, მას თავდაპირველად უნდა განესხვავებინა შესაძლებელი შემთხვევითისგან, განევითარებინა მიზეზშედეგობრივი აზროვნება, დარწმუნებით ეთქვა, თუ რა არის მიზანი და საშუალება. ამდენად, ადამიანი თავად უნდა გამხდარიყო გამოთვლადი, რეგულირებადი.“[9]

ის, რასაც ნიცშე გულისხმობს გამოთვლადსა და რეგულირებადში, ნეოლიბერალიზმი, თავისი კულტურული ზედაშენით – კულტურის ინდუსტრიით კარგად ახერხებს; ადამიანთა კულტურულ დაზომბირებას „კულტურის ინდუსტრია“ ცდილობს.

ტერმინი – „კულტურის ინდუსტრია“ ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსების თეოდორ ადორნოსა და მაქს ჰორკჰაიმერის მიერ გამოქვეყნებული წიგნის -„განმანათლებლობის დიალექტიკა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ წიგნის მონახაზში გამოყენებული იყო ტერმინი მას-კულტურა. თუმცა, ავტორებმა საჭიროდ ჩათვალეს გამოეყენებინათ ტერმინი „კულტურის ინდუსტრია“, რადგან ის უფრო მეტად შეესაბამება მასების თვალის ახვევის ალგორითმს:  კულტურა ამოიზრდება არა მასებისგან, არამედ თავს მოხვეულია „ზემოდან“.

კულტურის ინდუსტრია არის ყველა სტილზე ძლიერი სტილი. კულტურის ინდუსტრიის მთავარი მახასიათებლებია – ცრუ მრავალფეროვნება, ფსევდოინდივიდუალიზმი და დამგეგმავი გონება, რომელიც წინასწარ მოცემული ცხრილებისა და ალგორითმების მეშვეობით ახდენს ადამიანთა კლასიფიკაციას, გადამისამართებას და მართავს მათ.

ჰორკჰაიმერისა და ადორნოს მიხედვით, ხელოვნების ნაწარმოებები, ფილოსოფიური განაზრებანი იქცევიან იმ დიდი მანქანის ერთგვაროვან შემადგენლებად, რომელსაც „კულტურის ინდუსტრია“ ჰქვია. ინდუსტრიის ბირთვი და მოტორი – დამგეგმავი გონება ყოველივეს „სარგებლიანობის დაფაზე“ გადაწერს და ამით ცდილობს სუნთქვის საშუალება მოუსპოს ყოველგვარ საწინააღმდეგო აზრს. თუმცა, ამავე დროს საწინააღმდეგო აზრი სისტემას აწყობს, რადგან ის საკუთარ წიაღში ინკორპორირებით, კრიტიკულ აზრს თავისი ღიაობის დასამტკიცებლად იყენებს. კულტურის ინდუსტრია, რომელიც კრიტიკულ აზრს არც შეიმჩნევს და ვითომც არაფერიაო – მის ხმას თავისი უამრავი საცეციდან ერთ-ერთით: კომუნიკაციის, რეკლამის თუ სხვა ინდუსტრიით –  გადაფარავს.

კულტურის ინდუსტრია მოგუდავს კულტურის სულს – ხელოვნებას და მას დაიყვანს ნაწარმის ლოგიკაზე, რაც ხელოვნების ისტორიულად ჩამოყალიბებულ უმაღლეს ლოგიკას – ინდივიდუალიზმსა და მართლის თქმას – ეწინააღმდეგება. ეს, როგორც ადორნო და ჰორკჰაიმერი ამბობენ,  თავად ხელოვნების ბრალი არაა, ეს მართველობის ფორმების ცვლილებითაა გამოწვეული. მმართველებს დღეს ნაკლებად აფრთხობთ და ესაჭიროებათ „მაღალი ხარისხის“ ხელოვნება. პირიქით, ისინი მას ცრუ მრავალფეროვნებისათვის იყენებენ. მათ ჰოლივუდური ფილმები, მულტფილმები და „ნიუსებიც“ იოლად გამოადგებათ ადამიანთა „ტვინების გამოსარეცხად“. კარის ხელოვნების დრო საბოლოოდ დამთავრდა და ეს სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც სწორედ თავიანთი პატრონების ფრთის ქვეშ ეწეოდნენ ხელოვანები ძალაუფლების ძირგამომთხრელ საქმიანობას. გაქრა პატრონის ფრთა – გაქრა ლავირების შესაძლებლობა, ლავირების სივრცე:

„ადრე ხელოვანები, როგორც კანტი და იუმი, წერილებს ხელს აწერდნენ „თქვენი უერთგულესი მონა მორჩილი“-თ. ამავე დროს კი ტახტისა და საკურთხევლის საყრდენებს ძირს უთხრიდნენ. დღეს მთავრობის მეთაურებს ისინი [ხელოვანები – ო.ჭ] საკუთარი სახელებით მიმართავენ, თუმცა … გაუნათლებელი ბოსების თითოეულ მსჯელობას ემორჩილებიან“  .[10]

ეკონომიკურ მანქანას ნაკლებად აინტერესებს, თავის სადინარებში სერვანტესის „დონ კიხოტით“ შემოსულ თანხას გაატარებს, თუ ჰიგიენისთვის განკუთვნილი რომელიმე ნივთით შემოსულს. უძველესი ხელოვნების სახეები ინტეგრირდება კულტურის ინდუსტრიის წიაღში – რეპროდუქციის, რიმეიქინგის მეშვეობით. ეს რეპროდუქცია კი წინა საზოგადოებრივ წყობილებებში წარმოშობილი კულტურული ფორმებისა და მიმართებების, – ე.ი. მარქსის ტერმინით რომ ვთქვათ, ზედნაშენის, –  თანამედროვე ტოტალობაში გაუფასურებული სახით ინკორპორირებას და მათი შეუმჩნეველი ძაფებით დაკავშირებას იწვევს: დიდ ჰიპერმაკრეტში გაჟღერებული Merry Christmas, ხორუმი ტაქსის მძღოლის რადიომიმღებში, გალაქტიონის ლექსი ფეისბუქის ნიუს-ფიდში. კულტურის ინდუსტრია ყოველგვარი Mix-ისთვის ღიაა. რეპროდუქცია და იმიტაცია, დროსა და აზრში დაშორებულ კულტურულ ელემენტებს  შორის „ფსევდო-ხიდების“ გადების საშუალებაა.

გართობის და „ცნობილების“ ინდუსტრიაც აქვეა. სამუშაოთი გათანგული მოქალაქე იძულებულია არ იფიქროს რეალობაზე და ტელევიზორისა ან სოციალური ქსელების წინაშე გადაიტვირთოს „ნიუსებითა“ და „ცნობილების“ ცრუ მრავალფეროვნებით; ამ უკანასკნელთა შთაგონებით კი, მასზე განხორციელებული ობიექტური ძალადობა საკუთარი, ინდივიდუალური უსუსურობით გაამართლოს. გართობაც ისევე ქმნის მრავალფეროვნების ილუზიას, როგორც კულტურის ინდუსტრიის სხვა ელემენტები. კულტურის ინდუსტრიის სიყალბის მთავარი გამოხატულება ცრუ თავისუფლებაა.

III

ნეოლიბერალიზმი, კულტურის ინდუსტრია, რკინის ფარდიდან ქსელურ საზოგადოებაში შესვლის გამო გამოწვეული გაურკვევლობა… ქართული საზოგადოება გლობალურ დინებასთან ადაპტაციის პროცესშია, რაც მრავალ ასპექტს წამოწევს წინ. მათ შორის რამდენიმეს გამოყოფა შეიძლება:

შიში სიახლისადმი – წერილის დასაწყისში „უღმერთო ისტორიის“ ცნების გამოყენება საჭირო გახდა ერთი ფუნდამენტური ისტორიული მომენტის გასათვალისწინებლად, რაც საქართველოს ისტორიის მოცემულ მომენტში უდგას: კერძოდ, იმისა რომ ჩვენს ერის თვითგადარჩენაში ქრისტიანობამ დიდი როლი ითამაშა. დღეს, როდესაც ნეოლიბერალური იდეოლოგია მთელს დედამიწას პროტესტისა და ზიზღით იწვევს, საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანია ამ როლის გააზრება, რადგან, ჰოლისტური ცნობიერების ბუნებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ქრისტიანულ კულტურაში დაბადებული ადამიანის არაცნობიერში ერთმანეთში გადაკვანძულია რამდენიმე მომენტი, რომელთა ერთმანეთისგან გამიჯვნა და სათანადო აქცენტირება ვფიქრობ, სამომავლოდ მნიშვნელოვანია.
ეს მომენტებია:
ა) ქრისტიანობის ამაღლებული მორალი;
ბ) ქრისტიანობაში არსებული მითები;
გ) ეკლესიისადმი ერთგულება; რიტუალის – ქრისტეს სახელთან გაიგივება.
დ) ქრისტიანობა, როგორც ჩვენი ერის თვითგადარჩენის ერთ-ერთი წინაპირობა.
ე) რწმენა დამსჯელი მამა ღმერთისადმი.

ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ თანამედროვე ქართველ ლიბერალური განწყობების ინტელექტუალთა მხრიდან ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა იწვევს ისეთი რეაქციებს, როგორებიცაა „ქართველობას გვართმევენ“ „ლიბერასტები“ -ანუ  ფრაზებს, რომელიც არც ისე აბუჩად ასაგდებია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

ჰეგელის თქმით,

„საზოგოებრივი აზრი … თანაბრად იმსახურებს პატივისცემას და ზიზღს. ზიზღს – თავისი კონკრეტული გამოხატულების გამო და კონკრეტული ცნობიერების გამო, რომელსაც ის გამოხატავს; პატივისცემას, საერთო საფუძვლის გამო, რომელიც მეტ-ნაკლებად ბუნდოვნად ანათებს ამ კონკრეტულ გამოხატულებაში. მაგრამ მას, როგორც ასეთს, არ გააჩნია დისკრიმინაციის კრიტერიუმი, და არც შესაძლებლობა გამოყოს არსებითი ელემენტი, რომელსაც ის შეიცავს და აიყვანოს ის კონკრეტულ ცოდნამდე.“[11]

ჰეგელის ამ შენიშვნას თუ თანამედროვე ქართულ რეალიებს მივუყენებთ, შეიძლება ფრაზები – „ლიბერასტები“, „ქართველობას გვართმევენ“ ასე ითარგმნოს: საზოგადოებრივი აზრის გამაჟღერებელი ერთი ქართველი, რომელიც ამბობს: „ქართველობას გვართმევენ“, „ლიბერასტები“, შესაძლოა არ გადმოსცემდეს ზუსტად და რაციონალურად იმ მდგომარეობას, რომელშიც საზოგადოება იმყოფება. თუ ამ მოსაზრებას ინტელექტუალურ ექსპლიკაციას მოვახდენთ, შეიძლება ფრაზამ ასეთი სახე მიიღოს: „მე ვარ ქართველი და ისტორიაში მრავალი იმპერიის მნახველი. ჩემს არაცნობიერში არსებობს იდენტობა, რომელსაც მე ქართველობას ვეძახი და რომელიც ჩემი თვითგადარჩენისთვის და თვითშეფასებითვის უმთავრესია. ახლა კი შენ, ეკლესიაში არსებული გაუგებრობით გულწრფელად შეწუხებული ლიბერალი, თუ გლობალისტების მიერ დაფინასებული არასამთავრობო, შეტევას ახორციელებ ჩემს არაცნობიერზე, ემუქრები რა ჩემს ღირებულებათა სისტემას და შესაბამისად ჩემს თვითგადარჩენას. და თუ ნეოლიბერალიზმისა და კულტურის ინდუსტრიის ალგორითმებსაც გავითვალისწინებთ, მგონია, რომ დღევანდელი გარემო და საზოგადოებრივი დინებები ჩემს იდენტობაზე ახდენს შეტევას, რაც საზოგადოების ატომიზაციისთვის ხდება; ატომიზაცია, დაქსაქსვა და გათითოკაცება კი ჩემი ჯგუფის დისოციაციას ემსახურება. ეს კი სამომავლოდ შეიძლება ჩემს განადგურებას (სულიერად ან ფიზიკურად ) გულისხმობდეს.“

აპოკალიფსის შიში – აპოკალიფსის შიში, როგორც ქრისტიანული წარსულის (ან აწმყოს) მქონე ყველა კულტურაში, ისევეა ქართველთა არაცნობიერში ჩაშენებული. ის ერთგვარი გამაფრთხილებელია სიახლის მიმართ. ასეთი სენტიმენტები, წარმოჩნდებიან სწორედ იმ პერიოდში, რომელშიც საქართველო იმყოფება: რკინის ფარდის და სახელმწიფოს შენების უმტკივნეულეს პროცესში გატარებული ორნახევარი ათწლეული მოხმარდა იმ პრობლემას, რასაც ფიზიკური ძალადობის ინსტიტუციურად დაგმობა ქვია.  ამის შემდეგ ჩნდება შიშნარევი მიდგომა ახლისადმი, რაც ჩვენს შემთხვევაში ინდივიდუალისტური კულტურის დღევანდელ ასპექტებთან – პლიურალიზმი, ღია დისკურსი, უმცირესობათა უფლებები და სექსუალური თავისუფლება, პრივატიზაციის მაღალი დონე – გულისხმობს. ქართველისთვის ძლიერი იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ ის იყო, რომ მას გააჩნია „პატარა მიწა“, გააჩნია კომუნარული სული, მაგრამ დეტერიტორიალიზაციისა და პრივატიზაციის მძლავრი მოძრაობების ფონზე, ამ იდენტობის დაკარგვის საფრთხე აშკარად ჩანს. მით უმეტეს, რომ ატომიზაციის გლობალურმა ალგორითმმა საქმის გაკეთება საქართველოში უკვე მოასწრო.

ეს ერთის მხრივ ვლინდება სიმბოლოებზე განხორციელებული შეტევით („ქართლის დედის“ ეროტიულ კონტექსტში მოხსენიება და სხვა), ხოლო სოციალურ დონეზე მაქსიმალური დისოციაციით, რაც სხვებს შორის, დისკურსში სიტყვა ქართველისთვის სირცხვილთან გაიგივებით ხდება. ხოლო თუ ამას კორპორაციული ლოგიკის გლობალურ დომინაციასა და ახალ-ახალი გაჯეტების სწრაფწარმოებას დავუმატებთ, მივიღებთ მდგომარეობას, როდესაც ეროვნული სენტიმენტის (რაც ჯგუფის „შეკვრის“ სასიცოცხლოდ აუცილებელი მომენტია ქართველებისთვის) გახარების ნაკლები საშუალება ეძლევა. მომავალი თაობა დასვამს შეკითხვას: აი, მე აი-ფონი მაქვს და ნეგატიურ თავისუფლებებს ვფლობ, შესაბამისად, ჩემში ნარატივი „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაქტიონი“ დაახლოებით ასეთ ფიქრს იწვევს: მათ აიფონი და ვაიფაი არ ქონიათ… რატომ უნდა ვცე პატივი მათ? ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მიმდინარე დიგიტალური და კულტურული რევოლუცია უწინდელ კულტურულ მუდმივებს თავიანთ მუდმივობას ართმევს და მათ ინტერპრეტაციის მეტად არასაიმედო მექანიზმს უტოვებს, რაც თვითგამოხატვის სიჭრელის და ფსევდოინდივიდუალიზმის ფონზე, თემური სულის კიდევ უფრო დაქვეითებას შეიძლება მოასწავებდეს; ეს კი, თავის მხრივ, ჯგუფის სიჯანსაღისთვის არც ისე სასარგებლოა.

სუბიექტური და ობიექტური ძალადობა – როგორც ზემოთ ვახსენე, საქართველოს მოსახლეობამ სულ რამდენიმე წლის წინ აიცილა თავიდან სუბიექტურ ძალადობაზე (ინდივიდზე უშუალოდ განხორციელებული ძალადობა) ორიენტირებული მთავრობა და ჩაერთო მორალური თამასის აწევის იმ საერთაშორისო მოძრაობაში, რასაც ობიქტური ძალადობის (სისტემაში ჩაშენებული ძალადობა, რომელიც თავისი ლოგიკიდან გამომდინარე აუძლურებს ადამიანს) მორალურად და ინსტიტუციურად დაგმობა ქვია.

სწორედ ამ ობიექტური ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული ქართული საზოგადოების ყურადღების გადატანა საფინანსო და საბანკო სექტორების უკონტროლობაზე. ზოგადად, ადამიანისთვის ყოველთვის უფრო რთული აღსაქმელი იყო ობიექტური ძალადობა, ვიდრე სუბიექტური. მაგალითად: აი, წინა მთავრობა უშუალო ძალადობით გვართმევდა ქონებას, არ იყო დაცული კერძო საკუთრება (სუბიექტური ძალადობა), მაგრამ თუ იგივეს აქვს ადგილი საბანკო სექტორის მხრიდან (ობიექტური ძალადობა), ის შედარებით რთულად თუ აღიქმება ძალადობად, რადგან კ ო ნ ტ რ ა ქ ტ ს ხელი „თავისუფალი ნებით“ ეწერება და კერძო საკუთრების ჩამორთმევაც დროშია გაწელილი.

ნაკლები გათითოკაცების შესაძლო განმაპირობებლები – ცხადია, ისმის კითხვა, რამ შეიძლება გათითოკაცების ტემპები შეაჩეროს?
ერთ-ერთი შესაძლო პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ „ღია საზოგადოებაში“, გლობალურ დინებაში გვიან ანუ მაშინ ჩავერთეთ, როდესაც გლობალიზმი ღრმა კრიზისშია და აშკარაა, რომ მისი კონკურენტები – ვაშა- და ზომიერი ნაციონალისტები, მემარცხენე მოძრაობები, გეოპოლიტიკური კონკურენტები (რუსეთი, ჩინეთი) – წინა წლებთან შედარებით მოძლიერებულნი არიან.

გეოპოლიტიკური პერსპექტივა –  გეოპოლიტიკური პერსპექტივა (რუსეთის გაძლიერება, დეზინტეგრაციული ძვრები ევროკავშირში) ნაკლებ სახარბიელო მდგომარეობაში გვაყენებს, რადგან მართალია, რომ „ამერიკა ასე იოლად არ დაგვთმობს“, მაგრამ აშკარაა რომ ევროკავშირში დეზინტეგრაციული ტენდენციები იზრდება, რამაც თუ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ამას ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის დროში გაწელვა დაემატა, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობის პრო-რუსული განწყობები გაღვივდეს. მოსახლეობის ნაწილი ევროპას კონჩიტა ვურსტთან აიგივებს და თუ ევროპამ ეკონომიკური სარგებელი არ მოგვცა, პრორუსული სენტიმენტების გაღვივება არ შეიძლება გამოირიცხოს. მართმადიდებლური „საერთო რწმენის“ ნარატივები შეიძლება იმდენად აქტუალური არ არის დღევანდელ დისკურსში, მაგრამ, როგორც საბლანკო სოციოლოგიის კრახმა დაგვანახა: მთავარია არა ის, თუ რას ამბობს ადამიანი, არამედ ის თუ რას არ ამბობს.

დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობა – საქართველო გაეროს მიერ მომაკვდავი ერების სიაშია შეტანილი. ხოლო ეკონომიკური სიდუხჭრის, ეროვნული განწყობის კლებადი ტემპის (რაც ადამიანის Homo Economicus-ად რედუცირების შედეგიცაა), ინდივიდუალისტური კულტურის მიერ შემოტანილი დაბნეულობის, ადგილობრივი სოციალური გარემოს აუტანლობის გამო, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვიზალიბერალიზაციას მოუთმენლად ელოდება. ეს ფაქტი კი საზოგადოების არა მხოლოდ ქვეყნის ჯანსაღ განვითარებას არ შეუწყობს ხელს, არამედ შესაძლოა სამომავლოდ ერის თვითგადარჩენასაც შეუქმნას საფრთხე.

P.S დამატების სახით, საჭიროდ მივიჩნევ, ერთგვარი ფაქტობრივ-შეფასებითი რეკონსტუქციას იმ მნიშვნელობანი მოვლენებისა, რომლებმაც განაპირობეს ჩვენი დღევანდელობა. მით უმეტეს, ეს უადგილო არ უნდა იყოს დღევანდელ, დიგიტალურ ეპოქაში, რომელსაც სხვა მრავალ სიავეს შორის, უშინაარსო ფაქტების დიდი დოზებით გენერირებაც ახასიათებს.

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტი შესაძლოა პირდაპირ გავლენას არ ახდენდნენ ჩვენს რეალობაზე, მაგრამ წარსულის მოცემული მონაკვეთის გააზრებაში კი შეიძლება დაგვეხმაროს. ქრონოლოგიურ მონაკვეთად ვიღებ 1938-2016 წლებს. პირველი თარიღი ლიპმანის კოლოქვიუმის ჩატარებისაა, მეორე – ტრამპის გაპრეზიდენტების.

აგვისტო 1938 – ჩატარდა ლიპმანის კოლოქვიუმი, სადაც გერმანელმა სოციოლოგმა ალექსანდრ რუსტოუმ პირველად გამოიყენა ტერმინი „ნეოლიბერალიზმი“; კოლოქვიუმის რამდენიმე მონაწილე მოგვიანებით „ფრაიბურგის სკოლასთან“ ერთად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის „ეკონომიკურ სასწაულში“.

8 მაისი 1945 – გერმანიამ გამოაცხადა კაპიტულაცია და აღიარა მეორე მსოფლიო ომში დამარცხება.

1947 – ჰიტლერის რეჟიმს გაქცეული გერმანელი ფილოსოფოსები – თეოდორ ადორნო და მაქს ჰორკჰაიმერი წერენ „განმანათლებლობის დიალექტიკას“ – მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წიგნს, სადაც ევროპული ცივილიზაციის ავ-კარგს იაზრებენ მითიური სტადიიდან მეორე მსოფლიო ომამდე. წიგნი, ნაციზმის კრიტიკასთან ერთად, წარმოადგენს ერთ-ერთი პირველ სრულყოფილ მცდელობას ახლადაყვავებული ამერიკული სატელეკომუნიკაციო კულტურის, რეკლამის, PR ინდუსტრიის პირველ ძირეული კრიტიკისა.

5 მარტი 1953 – გარდაიცვალა სტალინი, რასაც საბჭოთა კავშირის რეჟიმის თანდათანობითი შერბილება და საბოლოოდ იმპერიის დაშლა მოყვა.

1964 – ჰერბერტ მარკუზე აქვეყნებს წიგნს „ერთგანზომილებიანი ადამიანი“, სადაც ინდუსტრიული საზოგადოების ადამიანის შეზღუდული სასიცოცხლო გარემოს ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ კუთხით აკრიტიკებს. ჰერბერტ მარკუზეს 60-იანელთა „ახალი მემარცხენეები“ თავიანთ „გურუდ“ აცხადებენ. წიგნი – „ერთგანზომილებიანი ადამიანი“ კი „ახალ მემარცხენეთა“ ერთგვარ ბიბლიად იმკვიდრებს ადგილს.

21 ივლისი 1969 – კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ირონიული ფრაზა, ბედის ირონიით მთვარეზე წარმოითქმება. ნილ არმსტრონგი ამბობს: „ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ დიდი ნაბიჯი კაცობრიობისთვის.“ 
მართლაც, რა არის იმაზე დიდი ნაბიჯი თუ არა ა-პუნქტიდან ბ-პუნქტზე ადამიანის გაგზავრება, მაშინ როცა ამ ა პუნქტში ერთმანეთს ბიოლოგიური იარაღით, ატომური ბომბებით ვანადგურებთ?

4 აპრილი 1979 – მიშელ ფუკო Collège de France-ში კითხულობს ბოლო ლექციას ლექციათა სერიიდან             „ბიოპოლიტიკის დაბადება“, სადაც ის ძირითადად ნეო-ლიბერალიზმის მმართველობის ფორმებს მიმოიხილავს. წიგნი ერთგვარ ბიბლიად ითვლება ნეო-ლიბერალიზმის კრიტიკისა.

9 აპრილი 1989 –  ნგრევის გზაზე დამდგარი საბჭოთა კავშირის კუდის მოქნევას ეწირება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტოდ გამოსული 21 ქართველი.

9 აპრილი 1991 – საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას. პირველი პრეზიდენტი დისიდენტი ზვიად გამსახურდიაა. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები ჯოჯოხეთური გამოდგა: დაკარგული ტერიტორიები, სამოქალაქო ომი, ვაშა-ნაციონალისტური ნარატივები, „პურის რიგები“,  საერთაშორისო ინტეგრაციისთვის არამზაობა…

26 დეკემბერი 1991 – დაიშალა საბჭოთა კავშირი, რასაც მთელი რიგი პროცესებისა მოყვა. რუსეთში გაძლიერდნენ ლიბერალური ელიტები (ბერეზოვსკი და გუსიცკი). რუსეთის პირველი პრეზიდენტი – ბორის ელცინი საკმაოდ ყოყმანა პოლიტიკოსი გამოდგა. რუსეთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში მიმდინარეობდა ჩეჩნეთის ომი, რაც პირველი ბიძგი უნდა აღმოჩენილიყო რუსეთის დაშლის საქმეში.

1992 – ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა აქვეყნებს წიგნს, „ისტორიის დასასრული, უკანასკნელი ადამიანი“, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ ეიფორიაზე დაყრდნობით, საუბარია ისტორიის დასასრულზე, რომლის მიხედვითაც ლიბერალური-დემოკრატია უნივერსალური სოციო-კულტურული და სამთავრობო მოდელია.

1995 – ედუარდ შევარდნაძე ხდება საქართველოს მეორე პრეზიდენტი. მისი მმართველობა კორუფციის, უშუქობის სინონიმებად შედის ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

31 დეკემბერი 1999 – რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ვლადიმერ პუტინი, რომლის სახელსაც უკავშირდება რუსეთის დაშლის შეჩერება, ჩეჩნეთის სისხლისმღვრელი კამპანიაში გამარჯვების მოპოვება, რამდენიმე ჟურნალისტის მკვლელობა, ახალი გეოპოლიტიკური ერთობის „ევრაზიის კავშირის“ შექმნა და სხვა ფაქტორებთან ერთად, გლობალიზმის საწინააღმდეგო ძალების გაძლიერება.

11 სექტემბერი 2001 – ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ტერორისტული შეტევის შედეგად განადგურდა. ამას მოყვა ამერიკის ლაშქრობები ავღანეთსა და ერაყში. შემდეგ კი 10-იანი წლების დასაწყიში „არაბული გაზაფხული“. ამ კამპანიებში რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაიხარჯა, რამაც ამერიკელი მოქალაქეების საპროტესტო განწყობები გაზარდა.

23  ნოემბერი 2003 – „ვარდების რევოლუცია“, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი ხდება შევარდნაძის ყოფილი იუსტიციის მინისტრი – მიხეილ სააკაშვილი. არჩევნებში მიღებულ 97% პროცენტს მოყვა: სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ამ ინსტიტუტების ჩაგვრის ინსტრუმენტად ქცევა, წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორია, უსამართლო დაპატიმრებებისა და ქონების ჩამორთმევათა სერია, ტელევიზიათა დახურვა-დაყადაღებები. ამ ყოველივეს შედეგადაც, სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 2011 წლის არჩევნებში დამარცხდა.

08 აგვისტო 2008 – რუსეთი საქართველოს ამარცხებს „აგვისტოს ომში“, რაც ერთგვარი გეოპოლიტიკური ნიშანია რუსეთის მხრიდან, რომელსაც „ერთპოლუსიანობის“ და „ისტორიის დასასრულის“ ნარატივებში ეჭვი შეაქვს. საქართველო კარგავს ახალგორისა და კოდორის რეგიონს.
მოგვიანებით რუსეთი მოახდენს ყირიმის ანექსიასაც.

2008 – გლობალური ფინანსური კრიზისის პიკი, რომელიც საბანკო სექტორის მიერ წახალისებული ე.წ Subprime Mortgage-ის გაცემა გამოდგა. 
მეტი მოგების ნახვის მიზნით, საბანკო სექტორმა დაიწყო სესხების გაცემა ადამიანებზე, რომელსაც სესხის გადახდის დაბალი შესაძლებლობა ჰქონდათ. ამან, მილიონობით ამერიკელს ბინა დააკარგვინა და გააკოტრა ამერიკული საინვესტიციო ბანკი Lehman Brothers. კრიზისი მთელს პლანეტას მოედო, რამაც სხვადასხვა ქვეყნებში უმუშევრობის დონის ზრდა და ნეო-ლიბერალური პოლიტიკის აუცილებელი მანტრა – ქამრების შემოჭერის პოლიტიკა გამოიწვია. ამერიკის კონგრესმა 700 მილიარდიანი Bail-out დაამტკიცა საბანკო სექტორის სახსნელად. ნეო-ლიბერალური პოლიტიკის ცინიზმით, კრიზისის გამომწევთა გადარჩენა მსხვერპლის ჯიბეებისგან მოხდა.

ფინანსურმა კრიზისმა ბიძგი მისცა მთელ რიგ პოლიტიკურ მოვლენებს. ერთის მხრივ, მემარცხენე შეხედულების მოძრაობების გააქტიურებას, მეორეს მხრივ კი გააძლიერა პოპულისტური, რასისტული და ვაშა-ნაციონალისტური შეხედულებები. ინტელექტუალურ წრეებში კვლავ აქტუალური გახდა საუბარი კაპიტალიზმის დასასრულის შესახებ.

1 ოქტომბერი 2011 – ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც საქართველოს ისტორიაში პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად მმართველი პარტია დამარცხდა. პრემიერ-მინისტრი გახდა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი.

6 ივლისი 2015 – საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი იანის ვერუფაკისი ტოვებს თანამდებობას. მას შემდეგ რაც, დაპირების საწინააღმდეგოდ, საბერძნეთის მემარცხენე მთავრობამ გამოაცხადა კაპიტულაცია და ვალის მორიგ პორციას დათანხმდა. საინტერესო იყო ვერუფაკისის მოლაპარაკება ე.წ ტროიკასთან (EC, ECB, IMF), სადაც გერმანიის ფინანსთა მინისტრმა – გერჰარდ შოიბლემ ვერუფაკისს პირდაპირ უთხრა, რომ დემოკრატიულმა არჩევნებმა არ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფინანსური გადაწყვეტილებების ბედზე.

ივნისი 2016 – რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე აფრთხილებს დასავლეთს, რომ ამერიკის მხრიდან მილიტარიზაციის გაგრძელების და რუსეთის საზღვართან ანტისარაკეტო დანადგარების განთავსების გაგრძელების შემთხვევაში, ის მზად არის მიიღოს ასიმეტრიული ღონისძიებები.

8 ნოემბერი 2016 – დონალდ ტრამპი ხდება პრეზიდენტი, რაც რამდენიმე  მიზეზმა განაპირობა. ნეოლიბერალური ელიტებით ხალხის უკმაყოფილებამ, პოლიტ-კორექტულობის კრახმა, რასიზმის გაძლიერებამ და ტრამპის პუტინისადმი შერბილებულმა რიტორიკამ და ინტერნეტში არსებულმა ალტერნატიულმა მედია წყაროებმა.

ტრამპმა დაგროვილი ბოღმა და უკმაყოფილება მეტად ეშმაკური კამპანიით გამოიყენა. ტრამპი უარყოფს კლიმატის ცვლილებას მიიჩნევს რა მას ჩინურ ტყუილად. ბოლო ინტერვიუში მან განაცხა და, რომ „ის ღიაა ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად“, თუმცა სახელმწიფო მდივნად ნავთობმომპოვებელი მაგნატის „Exon Mobile“-ის  ყოფილი აღმსარულებელი დირექტორის – რექს ტელერსონის დანიშნა საპირისპიროს ეჭვებს ბადებს.

ბიბლიოგრაფია:

[1]Аристотель Политика;; Эксмо; Москва; 2015;გვ 67.

[2]Маркузе Г. Эрос и Цивилизация. Киев. Port-Royal. 1995, გვ 241;

[3]კანტი ი. „პასუხი კითხვაზე – რა არის განმანათლებლობა?“ https://burusi.wordpress.com/2011/06/26/immanuel-kant-3/

[4]Маркс К. К Критике Политической Экономии. К. Маркс Ф.Энгельс Сочинения, Том 13. Москва. Государственное издательство политической литературы. 1959, გვ. 7

[5]MichelFoucaultTheBirthofBiopolitics; PalgraveMacMilan; Houndmills. 2008, გვ 54

[6]MichelFoucaultTheBirthofBiopolitics; PalgraveMacMilan; Houndmills. 2008, გვ 131

[7]აქედან არის საუნივერსიტეტო მოსწრების კრედიტებში გაზომვა.

[8]შეგვიძლია დაახლოებით მსგავსი წყვილი ქართულ ენაშიც მოვძებნოთ. ვალი >> მოვალეობა

[9]Ницше Ф „К Генеалогии Морали“; Ницше Ф. – Сочинение Том 2. Издательство „Мысль“ Москва1990 , გვ 440

[10]ჰორკჰაიმერი მ. ადორნო თ. ვ.  „განმანათლებლობის დიალექტიკა“ ფილოსოფიური ფრაგმენტები. თბილისი. არაკომერციული გამომცემლობა საგა.2012, 194;

[11]HegelG.W.H  `PhilosophyofRight`; BatocheBooksKitchener 2001; გვ 254

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ