ხატია ნადარაია
ბოლო დროს ხშირად ვკამათობ მეგობრებთან ფემინიზმისა და გენდერის საკითხებზე. მეგობრები სოციალისტები არიან, შესაბამისად გასაკვირი არაა რომ კლასობრივი პოლიტიკის სქესობრივ პოლიტკაზე უპირატესობის იდეას ემხრობიან. ფემინიზმის თეორიები ამირან ბრძენიშვილმა გაგვაცნო თანამედროვე სოციალური თეორიების კურსში, მასალა ბევრი იყო და წაკითხვა კი შეგვეზარა, მაგრამ მეორე დღეს მე და ანი თვალებგაფართოებული ვუყვებოდით ერთმანეთს,- ” გოგო, რომელი მოგეწონა ყველაზე მეტად სოცილისტური ფემინიზმი ხო? აუ მართლა რა მაგარია…”
კი, სოციალისტური ფემინიზმი მაგარია, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ სოციალიზმი თავისთავად არ გულისხმობს პატრიარქალობის დასასრულს. ქალთა მდგომარეობის გაანალიზება მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით, პატრიარქალური კულტურის გაშიფრვის გარეშე შეუძლებელია. ეს აზრი მე არ მეკუთვნის, მაგალითად სოციალისტი ფემინისტი ჯულიეტ მიტჩელი ამბობს, რომ ქალები 4 სოციალურ ფუნქციას ასრულებენ: 1) მუშა ძალის ნაწილი არიან. 2) რეპოდუქციას უზრუნველყოფენ. 3) ბავშვების სოციალიზაციაზე პასუხსიმგებლები არიან. 4) სექსუალური ნდომის ობიექტები არიან. გამომდინარე აქედან, ქალების გათავისუფლება ოთხივე სფეროში ემანსიპაციის მიღწევას გულისხმობს და არა უბრალოდ კაპიტალისტური სისტემის სოციალიზმით შეცვლას.
რატომ მომწონს ფემინიზმის რადიკალური მიმართულება?ის ლიბერალური და სოციალისტური ფემინიზმის იდეების ნარევია და საუკეთესოდ ხსნის დღევანდელ პირობებში ქალთა ჩაგვრის მიზეზებს. ოცდამეერთე საუკუნეში ქალების ფორმალური თანასწორობის არსებობის პირობებში რადიკალური ფემინიზმი ქალთა საბოლოო გათავისუფლებისათვის ერთადერთი ადეკვატური ფორმაა. ევა ფიგისსა და ჟერმენ გრირსაც ასე მიაჩნდა.
ფიგისი პატრიარქალურ მიდგომებში (Patriarchal Attitudes, 1970 ) ქალთა დაქვემდებარებულობის მიზეზად იურიდიულ და სოციალურ შეზღუდვებზე მეტად პატრიარქალურ ღირებულებებს მიიჩნევს. ყველა სფეროში: ფისოლოფიაში, მორალში, რელიგიაში, განათლებასა და ა.შ ქალებს კაცებზე დაქვემდებარებულებად წარმოაჩენენ. მამაკაცები ”ფემინურობის” სხვადასხვა სტერეოტიპებს თხზავენ და ამით ახდნენ ქალების სტიგამტიზებას, ისინი როცა სურთ, სიყვარულსაც უკრძალავენ მათ, კულტურის მეშვეობით ძალადობენ ქალის ცნობიერებაზე და თავს ახვევენ ”სიყვარულის მსხვერპლობას”. არსებობს წარმოდგენა, რომ ქალი მით უფრო კეთილშობილი არსებაა რაც უფრო ნაკლებად სექსუალურია და მით უფრო მეტად არის მისაბაძი, რაც უფრო უკარებაა.
სწორედ ამაზე საუბრობს ჟერმენ გრირი ”საჭურის ქალში”, ქალებს პასიურ სექსუალურ როლში ყოფნას აიძულებენ, ამან მათი ჭეშმარიტი სექსუალობის დათრგუნვა გამოიწვია, შესაბამისად მოხდა ქალების კასტრაცია და გარდაქმნა უსქესო ობიექტებად. მე რადიკალი ფემინისტი ვარ, ანუ ვფიქრობ რომ პატრიარქალურუ კულტურის ფუნდამენტური გარდაქმნის გარეშე, მხოლოდ ეკონომიკური გათავისუფლებით. ქალები ვერასდროს მიაღწევენ თავისუფლებას. თუმცა არ ვიზიარებ, ფემინიზმის ამ მიმართულების მთავარ სულისკვეთებას, რომ სქესობრივი ჩაგვრა საზოგადოების ყველაზე ფუნდამენტური მახასიათებელია და ჩაგვრის ყველა სხვა სახეობა მეორეხარისხოვანია.
ვფიქრობ,თანამედროვე ფემინისტებმა ტერმინი პატრიარქალობა იმავე გაგებით უნდა გამოიყენონ, როგორც სოციალსიტები იყენებენ ტერმინ ”კაპიტალიზმს”, ანუ პატრიარქალობა გენდერული ჩაგვრის სისტემატიზებული და ყოვლისმომცველი პროცესია.
ამერიკელი მწერალი ქეით მილეტი სქესობრივ პოლიტიკაში, პატრიარქალობას სოციალურ მუდმივად განიხილავს, ანუ ის ყველა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურისთვის და ასევე ყველა დროისთვისაა დამახასითებელი. მის კვლავწარმოებას პატრიარქალობის მთავარი ინსტიტუტი -ოჯახი, უზრუნველყოფს, ის უბიძგებს ბავშვებს გენდერულად დაყოფილი როლები აითვისონ. გოგონას მამა ევლინება პირველ პატრიარქად, დამთრგუნავად, მაკონტროლებლად, მიმთითებლად, განმსაზღვრელად. მამა ალერსიანია, ყურადღებიანი, მზურნველი, მაგრამ სინამდვილეში ის ტოტალურად აკონტროლებს. მამამ იცის, ის ხომ პატრიარქია, ამიტომ იცის როგორ გაგაბრუოს. შენ უნდა გეგონოს რომ თავისუფალი ხარ, თან ამ დროს კანით უნდა გრძნობდე რომ შენი სული ( ქართულ-ხალხურ ზღაპრებში როგორცაა, დევების სული პატარა ყუთშია ჩადებული, რომელიც სადმე მიუვალ ადგილას ინახება ) პატარა ყუთში დევს, ეს ყუთი მამას უპყრია ხელთ, როცა სურს ხელს მოუჭერს და სულს გაგაფრთხობინებს,შემდეგ ამ ყუთს ქმარს გადასცემენ, მეორე დემიურგს. სად ხარ ამ დროს შენ? შენ მექანიკურად მოქმედებ, ბოლოსდაბოლოს შენი სული ყუთშია გამოკეტილი, რომლის ნაწილი მამას აქვს, ნაწილი მთელი საზოგადოების მამებს… და მერე ასეთ სულგანაწამებს, ერთ მშვენიერ დღეს ფაიერსთოუნის სქესის დიალექტიკა თუ ჩაგივარდა ხელში ( როგორც ბაქარი იტყოდა, მტეეეერს… )
ფაიერსთოუნის აზრით, ქალების ”დაფეხმძიმების” უნარს შედეგად შრომის გენდერული დანაწილება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, პატრიარქალობა მას გარდაუვლად არ მიაჩნდა, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით, ხელოვნური რეპროდუქციით სინჯარებში და ბავშვის აღზრდის სოციალური ინსტიტუტებისათვის გადაბარებით ქალებს ”ევას წყევლისაგან” თავის დაღწევა შეუძლიათ. ამ მიდგომას, რადიკალური ფემინიზმის პრო-ქალური პოზიცია ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ქალები კაცებს კი არ უნდა დაემსგავსონ, არამედ საკუთარი იდენტობა განავითარონ.
იდენტობის პოლიტიკას ემხრობა რადიკალური ფემინიზმის ერთერთი მიმართულება ლესბოსური ფემინიზმიც, ისინი ამბობენ რომ ”ყველა მამაკაცს” ფიზიკურად და ფიზიოლოგიურად აქვს მიდრეკილება, დაჩაგროს ”ყველა ქალი”, ამიტომაც” მამაკაცები მტრები არიან”. მაგალითად, რადიკალი ფემინისტი სიუზენ ბრაუნმილერი წიგნში ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ამბობს, (Susan Brownmiller ,Against Our Will) რომ “გაუპატიურების იდეოლოგია” კაცებმა შექმნეს. ის მამაკაცებიც კი რომლებიც არ აუპატიურებენ, სარგებლობენ იმ შიშითა და დაძაბულობით, რომლებსაც ქალებში გაუპატიურება იწვევს. საბოლოოდ რადიკალი ფემინისტების ეს ნაწილი იმ დასკვანმდე მივიდა, რომ ჰეტეროსექსუალი ქალები ”მამაკაცთან იდენტიფიცირებულნი” არიან და სწორედ ამიტომ არ შეუძლიათ თავინთი ჭეშმარიტი ბუნების რეალიზება, ამისათვის ისინი ”ქალთან იდენტიფიცირებულნი”, უნდა გახდნენ, ამ მიდგომის შედეგად ლესბოსური ფემინიზმი განვითარდა, მთავარი დევიზით, -”ფემინიზმი თეორიაა, ლესბიანიზმი -პრაქტიკა” (Ti-Grace Atkinson)
მე რადიკალი ფემინისტი ვარ ორი მიზეზის გამო 1) მიმაჩნია, რომ ქალს თავისთავადი ღირებულება გააჩნია,მიუხედავად იმისა იქნება ის დედა ან ცოლი თუ არა 2) მიმაჩნია, რომ ქალები იჩაგრებიან პატრიარქალური კულტურის მიერ.
პოსტ-ფემინიზმი ხომ არ არის? სანამ იარსებებს მოდისა და სილამაზის სტანდარტები,(ქალებისთვის განსაკუთრებულად მკაცრი) დედობის იდეალები, მონოგამიასა და პატიოსენბაზე პატრიარქატის მიერ შეთხზული მითები (ვგულისხმობ იმას რომ მონოგამიაც და პატიოსნებაც ცალმხრივია, მხოლოდ ქალებს მოეთხოვებათ) აუნაზღაურებელი შრომა სახლში, დაბალანაზღაურებადი შრომა სამსახურში, ქალების ჩაქოლვა ღალატის გამო, ლესბოსელების დევნა, სელექცური აბორტები, კლიტორის მოცილების წესი და ა.შ და ა.შ მანამდე პოსტ-ფემინიზმზე საუბარი ნაადრევია და რადიკალური ფემინიზმი უფრო ავთენტურია ( მშვენიერი სიტყვაა,ეს ავთენტური )
p.s ეს ახლა გამახსენდა, სანამ ქალების მიერ – Hey, sexy boy i want u -ს თქმა მარგინალური იქნება, პატრიარქატი იბოგინებს