სიმართლე და ფუნა-გორია ანუ ჩვენი საზმაუს ვნებები

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
ამერიკულ ინგლისურში კარგად შემოსაღებულ ტყუილს ან პროპაგანდას როგორც წესი Bullshit-ს, ანუ ქართულად რომ ვთქვათ ფუნას უწოდებენ.  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას მას მედიის წარმომადგენლები აკეთებენ.  კომუნიკაციების თეორიებში ცნობილია რომ კომერციულ მედიაში გავრცელებულია ეგრეთწოდებული ‘სპინი’, რომელიც სიმართლის აქცენტებითა თუ ტონით მოღრეცვის საშუალებაა.  როდესაც ჟურნალისტი ან ტელეგადაცემის წამყვანი აქცენტებით, ტონით თუ დახურული ტიპის შეკითხვებით ცდილობს მკითხველს ან მაყურებელს საკუთარი აზრი მოახვიოს, ასეთ ინფორმაციას როგორც წესი ფუნას უწოდებენ.  რაღა თქმა უნდა არა აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ იდეოლოგიას თუ მიმდინარეობას ემსახურება – პროპაგანდა პროპაგანდაა და ის თანაბრად მიუღებელია ნებისმიერი მხრიდან.
Jpg_1Tv_ logo_For_FBეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის მიმართ მაყურებლის მთავარი პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ ისინი საკუთარი იდეოლოგიის და პოლიტიკური სიმპათიების გატანას ლამისაა ჟურანლისტური ტანკებით ცდილობდნენ.   ისინი არათუ თავის სიმპათიებს აშკარად გამოხატავდნენ და ვერ მალავდნენ სააკაშვილის ნეოლიბერალური ავტოკრატიის სიყვარულს, არამედ ნაჯახის მეთოდებით ცდილობდნენ ‘მორჩილების დამზადებას’ (ეს ცნობილი კომუნიკაციების თეორეტიკოსის და ლინგვისტის ნოამ ჩომსკის წიგნის სათაურია).  მათთვის არ არსებობდა კლასობრივი საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია, სამაგიეროდ ისინი ბეჯითად საუბრობდნენ ‘უსაფრთხოების პოლიტიკაზე’, მუდმივად ავიწყდებოდათ სიტყვა ‘მშვიდობის’ ხსენება, მაგრამ არასდროს ეზარებოდათ ‘ჯაშუშებისა და მტრების’ გამოვლენა.  განსხვავება მათსა და საბჭოთა იდეოლოგებს შორის მხოლოდ ის იყო, რომ მათი იდეოლოგიური ცენტრის ადგილმდებარეობა შეცვლილი იყო.  ეს თავისთავად იმას ნიშნავდა რომ ამ ‘ტვინის რეცხვას’ გარკვეული ტიპის მაყურებელი ემორჩილებოდა – როგორც ცნობილია ასეთი ძალოვანი პროპაგანდის მსხვერპლი ხდება ხშირად საკუთარ პოლიტიკურ მრწამში არასაკმარისად გაცნობიერებული მაყურებელი, რომელსაც ყოველდღიურად გადარჩენაზე ფიქრიც უწევს.
ტვინის რეცხვის დახვეწილი მეთოდოლოგიის ავტორად ხშირად ვალტერ ლიპმანს მოიხსენიებენ, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მედია დემოკრატიული ვერ იქნება, რადგან ადამიანების უმრავლესობას არ ძალუძს სიმართლის გაგება და მიღება, და ეს მოჩვენებითი ‘სიმართლე’ მას საზოგადოების ‘რჩეულებმა’ უნდა აჩვენონ.  ეს ‘რჩეულები’ კი როგორც წესი კორპორატიულ და პოლიტიკურ ელიტაში ბინადრობენ.  მოკლედ, ნეოლიბერალური მედიის მთავარ პრინციპად ლიპმანმა განსაზღვრა ‘რჩეულების მიერ შექმნილი სიმართლის’ პროპაგანდა და არა მშრალი სიმართლე.  მაგრამ, ეს იყო მეოცე საუკუნის 20-იან წლებში და მას მერე ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში და მათს შორის მედიაშიც.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო მედიის დემოკრატიზაცია და შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლები, რომლებიც არა კორპორატიულ ან პარტიულ, არამედ პირდაპირ საზოგადოებრივ დაკვეთას ასრულებენ.   PBS, BBC, CDF, RAI UNO და სხვა საზოგადოებრივი არხები ამის არაჩვეულებრივი მაგალითებია.  ეს უკვე აპრობირებული გზაა იმისათვის, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის პრივატიზაცია ნებისმიერი ინტერესთა ჯგუფის მიერ.
ცხადია, არ არსებობს სრულიად ნეიტრალური ადამიანი – მაგრამ არსებობს გადაცემის წაყვანის შედარებით მიუკერძოებელი სტილი, სადაც წამყვანი არ ცდილობს რესპონდენტებს საკუთარი აზრი მოახვიოს თავს.  არსებობენ უფრო მიკერძოებული გადაცემებიც – სადაც ორი მიკერძოებული კომენტატორი ერთმანეთს უპირისპირდება, როგორიც იყო CNN-ის ცნობილი გადაცემა Crossfire ან კი ამდაგვარი შოუ FOX News-ზე.  აქაც ბალანსი დაცულია – თუ ერთი კომენტატორი ან ფასილიტატორი მემარჯვენეა, მეორე აუცილებლად მემარცხენე და საწინააღმდეგო აზრს იცავს.
ჩვენთან საზოგადოებრივი მედია, რომელიც დემოკრატიული მედიის ერთადერთი სახეობაა, ნელ-ნელა იდგამს ფეხს.  ჩვენი პოსტ-საბჭოთა გამოცდილების 20 წლის განმავლობაში ძალიან მტკივნეული ნაბიჯები გავიარეთ იმისათვის, რომ მედიაში ნაკლებად იყოს პირღია პროპაგანდა და მიკერძოება და იყოს სივრცე ნებისმიერი რესპონდენტისათვის საკუთარი აზრის დამახინჯების გარეშე გამოხატვისათვის.  ის რომ ‘რუსთავი 2’ ან სხვა კერძო არხები საკუთარი დამფინანსებლებისა თუ სპონსორების კომერციულ და პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ მე მგონი არავისთვის საიდუმლო არ არის.  მათ კერძო ტელევიზიის სტრუქტურა არ აძლევთ საშუალებას რომ საკუთარ დამფინანსებელს დაუპირისპირდნენ – ეს სტრუქტურული საკითხია.  სწორედ ამიტომ არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ მაყურებელს სიმართლე ყოველგვარი კომერციული შელამაზებისა და სპინის გარეშე მიაწოდოს.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზაციამ თავის უმაღლეს წერტილს სწორედაც რომ ეკა კვესიტაძის მეტად მიკერძოებული ‘აქცენტების’ და დავით პაიჭაძის ცალსახა, პროპაგანდისტული ‘მონოლოგის’ დროს მიაღწია.  აქ ყოველთვის წამყვანის იდეოლოგიურად გამიზნული ხმები – და ყოველთვის ჩნდებოდა შთაბეჭდილება რომ ეს წამყვანები ომის იდეოლოგიურ ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ.  მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანი ფორმალურად ცდილობდა დაეფარა საკუთარი აშკარა მიკერძოება, მათ ეს არ გამოსდიოდათ, რადგან ინსტიქტის დონეზე მათგან გადმოდიოდა ცალმხრივი შეფასებები.   ეს წამყვანები ბევრ ჰიპოტეზას აქსიომად ასაღებდნენ და არც რესპონდენტს და არც მაყურებელს საკუთარი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.
სწორედ ამიტომ უწოდებს მაყურებელი ამგვარ ‘ინფორმაციას’ ფუნას – ანუ ფუნა-გორიას.   ეს სიტყვა ქართულშიაც არის.  და მისი არის დიდად არ განსხვავდება ინგლისური Bullshit-ისგან.  ზოგადად ჩვენს პრესაში და ტელევიზიაში ასეთი წაყვანის სტილი თითქმის ნორმად იქცა.  მაგრამ არის კარგი გამონაკლისებიც.
პირველი ვინც მაგონდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასეთი ტიპის – არა მიკერძოებული და თავისუფალი სივრცის შემცველი გადაცემის მაგალითად – ეს არის ეკა მიშველაძის ‘საჯარო პოლიტიკა’ – ეს გადაცემა ნამდვილად იძლევა რესპონდენტისთვის და მაყურებლისთვის თავისუფალი სუნთქვის საშუალებას.   აქ წამყვანი არ გისვამს ისეთ შეკითხვას, რომელზეც პასუხი წინასწარ გამზადებული აქვს.  რესპონდენტს აქვს საშუალება რომ თვითონ მოიფიქროს პასუხი საკუთარი პოზიციის შესაბამისად.  აქ აგრეთვე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მოქალაქეებს აქვთ საშუალება რომ მონაწილეობა მიიღონ ამ შოუში და საკუთარი აზრი გამოხატონ.  ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ეს არის ნამდვილი მოქალაქეების თანამონაწილეობა – რასაც Grass Roots დემოკრატიას უწოდებენ დასავლეთში.   ასეთი ტიპის გადაცემიდან დადებითი აურა მოდის და მაყურებელიც კონსტრუქციულად განეწყობა და არა აუცილებალდ საჩხუბრად და ‘ხალხის მტრების’ ჩასაქოლად.
კეთილგანწყობილ აურასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადაცემის წაყვანისას.  მნიშვნელოვანია რომ წამყვანმა შექმნას განცდა რომ გადაცემა არ არის ‘ნულოვანი ჯამის’ თამაში – საჭიროა რომ არსებობდეს თავისუფალი სივრცე ყველა მონაწილისათვის.    სივრცე არის ის რაც გადაცემას ათავისუფლებს იდეოლოგიური ფეკალიებისაგან.   ასეთ ენერგიას ქმნის ‘მაესტროს’ წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილიც – და არიან კიდევ სხვა წამყვანებიც, რომლებიც კეთილგანწყობილ, მაგრამ კონკურენტულ ჰაერს ქმნიან.  საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას ეკა მიშველაძე აკეთებდა აქამდე, თუმცა მას სამწუხაროდ კვირაში მხოლოდ ერთი გადაცემა მიჰყავდა.  ამას კი ჩრდილავდა იდეოლოგიური სიკაპასით ცნობილი კვესიტაძის და პაიჭაძის შოუები.  ახლა დროა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაადგეს მიუკერძოებელი მაუწყებლობის სტანდარტს, სადაც წამყვანები რომელიმე ‘ბელადს’ კი არ ემსახურებიან, არამედ სიმართლეს.
ვფიქრობ, ჩვენმა ახალმა ხელისუფლებამაც და მისმა პიარ მენეჯერებმაც კარგად უნდა იცოდნენ რომ სააკაშვილის პერიოდის პროპაგანდისტული ტელევიზია დროა ისტორიას ჩავაბაროთ და სიმართლის სტანდარტი ავწიოთ.   ამისათვის რესპონდენტებსაც და მაყურებელსაც თავისუფლად სასუნთქი აირი სჭირდება და რაც მთავარია თავისუფალი სივრცე.
მე იმედი მაქვს რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად საზოგადოებრივი გახდება და აღარ იქნება პროპაგანდისტული ფუნა-გორიების ცენტრი.
Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.