ზვიად ავალიანი: ორუელი თუ ჰაქსლი?

zvio
ზვიად ავალიანი, პოლიტოლოგი და ჟურნალისტი.

ე.წ. ინტელექტუალურ ლიტერატურაში არსებობს ასეთი ჟანრი – ანტიუტოპია, სადაც კლასიკური უტოპიის მსგავსად, მოქმედება ავტორის მიერ საგანგებოდ გამოგონილ ვირტუალურ რეალობაში ვითარდება, მაგრამ ოპტიმისტური უტოპიისგან განსხვავებით ეს რეალობა სულაც არ არის იდეალური.

პირიქით, ანტიუტოპია ზუსტად იმით არის საინტერესო, რომ აქ ავტორი გროტესკული ფორმით აღწერს ამა თუ იმ საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ნეგატიურ ტენდენციებს ან წარმოგვიდგენს განვითარების ყველაზე პესიმისტურ სცენარს იმ უარყოფითი მახასიათებლების ჰიპერტროფირებით, რასაც იგი ამჩნევს ამ საზოგადოებაში.

ანტიუტოპიის კლასიკურ და საქართველოში ალბათ ყველაზე ცნობილ ნიმუშებს წარმოადგენს ჯორჯ ორუელის „ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი“ და „ცხოველების ფერმა“.

ამ რომანებში, როგორც ცნობილია, ორუელი ალეგორიულად აღწერს მის თანამედროვე საბჭოთა საზოგადოებას, თუმცა გავრცელებული, მაგრამ მცდარი შეხედულების მიუხედავად არ შემოფარგლება მხოლოდ სტალინიზმის კრიტიკით. “ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი” (და განსაკუთრებით – „ცხოველების ფერმა“) – ეს არის პაროდია მთლიანად მარქსიზმზე და მარქსისტულ ფილოსოფიაზე.

ორუელი ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან პოპულარული ავტორია საქართველოში. საბჭოური ტოტალიტარიზმისაგან გაღიზიანებული მკითხველი აშკარად ბევრ საერთოს პოულობდა საბჭთა რეალობასა და ორუელისეულ ოკეანეთს შორის. ოკეანეთის ყველგანმყოფ და ყოვლისმხედველ „დიდ ძმაში“ საბჭოთა კავშირში ალბათ ძალიან კარგად შეიძლებოდა „ყოვლისმცოდნე და უცდომელი ბელადის აჩრდილის“ დანახვა. „ჭეშმარიტების სამინისტროში“ კარგად იკვეთებოდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის სახე. „ახალმეტყველებაში“ (Newspeak) – ბოლშევიკური „ლინგვისტური რევოლუციის“ კარიკატურა. სამწლიან ციკლებში – გეგმიური ეკონომიკისა და ხუთწლედების პაროდია. „ანტისექსუალურ ლიგაში“ სტალინური იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი სექსუალური ასკეტიზმის კულტის შარჟი და ა.შ.

ერთი სიტყვით – ითვლება, რომ ორუელმა შექმნა ჟანრის შედევრები. ალბათ ამიტომაცაა რომ ინტელექტუალურ დისკუსიებსა თუ გადაცემებში საქართველოში დღემდე ორუელის ფრაზებით ლაპარაკობენ, მაგრამ ამ წერილის მიზანი არის ერთი „პროვოკაციული“ კითხვის დასმა:

კერძოდ – გასაგები და ცხადია, რომ ორუელი ყოველთვის აქტუალური იქნება ლიტერატურული (და ისტორიული) გაგებით, მაგრამ რამდენად აქტუალურია ორუელი დღევანდელ საქართველოში ინტელექტუალური გაგებით?

შევეცდები უფრო მკაფიოდ განვმარტო თუ რას ვგულისხმობ „ინტელექტუალურ გაგებაში“.

ინტელექტუალი იმით განსხვავდება „ჩვეულებრივი ერუდიტისგან“, რომ იგი არ არის „მხოლოდ განათლებული ადამიანი“. ერუდიტისგან განსხვავებით, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე, ინტელექტუალი პირველ რიგში სწორედ აქტიური მოქალაქეა. თავისი „ინტელექტის პრიზმაში“ იგი უპირველეს ყოვლისა ატარებს სწორედ საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემებს, ფიქრობს მათი გადაჭრის გზებზე, არ ერიდება საუბარს სისტემური ნაკლოვანებების შესახებ და ა.შ.

სწორედ ამ ნიშნით ფასდება თავად „ინტელექტუალური ლიტერატურაც“ – კერძოდ, იგივე ორუელის შემოქმედების „ფასი“ კონკრეტულ დროსა და სივრცეში განისაზღვრება არა მხოლოდ (და არა იმდენად) მისი ლიტერატურული ღირებულებებით, არამედ უპირველეს ყოვლისა მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტუალობით.

სტალინიზმის ეპოქაში ორუელი პოლიტიკურად ძალიან აქტუალური უნდა ყოფილიყო: ორუელი წერდა იმ სიმახინჯეების შესახებ, რომლებიც რეალურად არსებობდა საბჭოთა კავშირში და შესაბამისად, საბჭოთა საქართველოში. ორუელი აღწერდა სისტემას, რომელსაც „პირდაპირი ტოტალიტარიზმი“ შეიძლება ვუწოდოთ. აქედან გამომდინარე მაშინ, 1949 წელს „ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი“ ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის ერთ-ერთი „სამაგიდო წიგნი“.

მაგრამ დღეს, როდესაც არათუ სტალინიზმი, არამედ თვით საბჭოთა კავშირიც კი აღარ არსებობს ხოლო ბოლშევიზმის, როგორც „პირდაპირი ტოტალიტარიზმის“ „რეანიმაციის“ საფრთხეზე საუბარი მხოლოდ პროპაგანდისტულ დისკურსში შეიძლება იყოს აქტუალური, „ნამდვილი ინტელექტუალისთვის“ ორუელი უკვე აღარ შეიძლება იყოს „პოლიტიკურად საინტერესო ავტორი“.

საზოგადოების მიზნები და იდეალები საქართველოში ფუნდამენტურად შეიცვალა (შეტრიალდა) 1991 წლის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენს დღევანდელ რეალობაში საქართველოს ვერანაერად დაემუქრება ის, რის შესახებაც წერდა ორუელი.

სამაგიეროდ საქართველოს, ისევე როგორც მთელს იმ სივრცეს, რომელსაც ჩვენ „ცივილიზებულ სამყაროს“ ვუწოდებთ იდეაში შესაძლოა დაემუქროს ტოტალიტარიზმის სხვა, „ალტერნატიული“ გამოვლინებების საფრთხე.

მაგალითად – ოლდოს ჰაქსლის „ახალ სამყაროში“ აღწერილი საფრთხეები.

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი ორუელზე ადრე წერდა ტოტალიტარიზმზე, როგორც საზოგადოების ცნობიერებაზე ტოტალური კონტროლის დამყარების საფრთხეზე, მაგრამ ორუელისგან განსხვავებით, ჰაქსლი არ წერდა მხოლოდ საბჭოთა კავშირზე და სტალინური იდეოლოგიისთვის დამახასიათებელ მეთოდებზე.

თუ ორუელის მიზანი კონკრეტულად სტალინური კომუნიზმის კრიტიკა იყო, ჰაქსლის ამოცანა მთლიანად მის თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვებაა. ორუელი ცდილობს დაგვანახოს, თუ რა ხდება საბჭოთა კავშირში. ჰაქსლი ცდილობს გამოიცნოს, საით მიდის კაცობრიობა ზოგადად.

აქედან გამომდინარე, ჰაქსლის ჰორიზონტი უფრო ვრცელია. ამოცანის მასშტაბებიდან გამომდინარე, ჰაქსლი საუბრობს არა მხოლოდ ბოლშევიკური ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელ ანტიჰუმანისტურ ტენდენციებზე, არამედ მისი თანამედროვე დასავლური საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ანტიჰუმანისტურ ტენდენციებზეც.

ორუელისგან განსხვავებით, ჰაქსლი ამჩნევს იმ “ფარული ტოტალიტარიზმის” კონტურებსაც, რომელიც მხოლოდ დასავლური ტიპის საზოგადოებაში შეიძლება განვითარდეს, როგორც აღმოსავლური “პირდაპირი ტოტალიტარიზმის” ალტერნატივა.

ასე, მაგალითად, ჰაქსლის სამყარო გარეგნულად თითქოს უფრო თავისუფალია, ვიდრე ორუელის სამყარო. ორუელისგან განსხვავებით, ჰაქსლის თითქოს ნაკლებად ეშინია აშკარა ტოტალიტარიზმის, მაგრამ ჰაქსლის ეშინია იმის, რასაც შეიძლება ფარული ტოტალიტარიზმი ვუწოდოთ.

ამერიკელი კრიტიკოსი, ნილ პოსტმენი, ადარებს რა ერთმანეთს ორუელისა და ჰაქსლის სამყაროს, წერს რომ თუ ორუელთან საზოგადოების კონტროლი დასჯის შიშის ჩანერგვით ხორციელდება, ჰაქსლისთან იგივე მიზანს სიამოვნების მიღების ინსტიქტებზე თამაშით აღწევენ.

საგულისხმოა, რომ ორუელის სამყაროსგან განსხვავებით, ჰაქსლის სამყაროში ასკეტიზმის ნატამალიც კი არ არის. პირიქით – აქ სიამოვნების და კომფორტის კულტია და სწორედ ამ კულტის მეშვეობით ხორციელდება ცნობიერების მართვა.

ორუელის სამყაროსგან განსხვავებით, ჰაქსლის სამყაროში სექსუალური თავისუფლება არათუ არ იზღუდება, არამედ სრულად მხარდაჭერილია სისტემისგან. ჰაქსლის სამყაროში ლეგალიზებულია ნარკოტიკებიც.

ზოგადად, ჰაქსლი მეტ ყურადღებას უთმობს საზოგადოების ფსიქოლოგიურ „დამუშავებას“, ვიდრე ორუელი, რომელიც სისტემას თითქმის მხოლოდ „უხეშ ძალაზე“ აფუძნებს. ორუელთან ყველაფერი „მარტივია“ – სისტემა ღიად თრგუნავს ადამიანს და ძალადობის „კონვენციური“ მეთოდების გამოყენებით უზღუდავს მას თავისუფლებას. ორუელის სამყარო – ეს არის საიდუმლო პოლიციისა და ცენზურის სამყარო. ჰაქსლის სამყაროში ფაქტობრივად არ არსებობს ცენზურა, როგორც ასეთი, მაგრამ ჰაქსლის სამყაროს ტრაგედია სწორედ იმაშია, რომ ცენზურა აქ უბრალოდ საჭიროც აღარ არის: ჰაქსლის სამყაროში მაინც არავინ კითხულობს იმას, რისი წაკითხვაც სისტემისთვის სასურველი არ არის. ორუელის სამყაროსგან განსხვავებით, აქ სიმართლე კი არ იმალება, არამედ შეგნებულად გავრცელებულ უსარგებლო ინფორმაციის ზღვაში „იძირება“.

შედეგად, აქ არ ვიღებთ „მონურ კულტურას“ რის შესახებაც გვაფრთხილებს ორუელი, მაგრამ აქ ვიღებთ რაღაც „წყალწყალა“, ფსევდო-გრძნობებითა და ფსევდო-სოლიდარობით გაჯერებული კულტურის კარიკატურას, რომელიც სულაც არაა ორუელისეულ კოშმარზე უკეთესი…

პოსტმენი საბოლოოდ ასკვნის: შესაძლოა ჰაქსლი უფრო მართალი იყოო ვიდრე ორუელი. ჩემი აზრით ორივე „თავისებურად“ მართალი იყო, მაგრამ თუ ორუელი აღწერს კომუნისტური იდეალების მქონე სახელმწიფოს შესაძლო დეგრადაციის უმაღლეს წერტილს, ჰაქსლისთან შეგვიძლია დავინახოთ საზოგადოების ცნობიერების ტოტალური მართვისა და მანიპულაციის მეთოდების გაცილებით ვრცელი „დიაპაზონი“, მათ შორის – „სამომხმარებლო საზოგადოების“ პირობებში წარმოშობილი საფრთხეები და ამ ტიპის საზოგადოებების შესაძლო დეგრადაციის კონტურებიც.

საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი უფრო აქტუალური უნდა იყოს ქართულ ინტელექტუალურ დისკურსში, ვიდრე ერიკ ართურ ბლერი, იგივე ჯორჯ ორუელი.

უფრო აქტუალური უნდა იყოს, რადგან ორუელის პოლიტიკურ დღის წესრიგში დატოვება და პირდაპირი ტოტალიტარიზმის კრიტიკის ხაზის გაგრძელება დღეს რეალურად არის საბჭოთა კავშირში ჩარჩენის ყველაზე ნათელი მაგალითი, რადგან ორუელი მხოლოდ საბჭოთა კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკურად აქტუალური…

დღევანდელ საქართველოში კი ინტელექტუალის ფუნქცია არ შეიძლება იყოს საბჭოთა კავშირის კრიტიკა. ის, ვინც ისედაც მარგინალიზებულ პროექტებს აკრიტიკებს და ამით (პირდაპირ თუ ირიბად) ისედაც მეინსტრიმული იდეების პოპულარიზაციას ეწევა, ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივისტია და არა ინტელექტუალი. ინტელექტუალი არ უნდა ერიდებოდეს სწორედ მეინსტრიმული იდეების კრიტიკას და უნდა სვამდეს კითხვებს, რომელთა დასმაც საშიშია დღეს (და არა იმ კითხვებს, რომელთა დასმაც საშიში იქნებოდა 70 წლის წინ).

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ