„ვარდისფერი ინტელიგენციის“ დანაშაული და სასჯელი

26905922_323659074791713_1361784026_o

► ზვიად ავალიანი ჟურნალისტი და პოლიტოლოგია. ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სხვა წერილები. 

© European.ge

ზვიად რატიანის დაკავების ისტორიამ სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, კიდევ ერთხელ გააშიშვლა საქართველოს უახლესი ისტორიისა და თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა: კერძოდ – წინააღმდეგობა, უნდობლობა და გაუცხოება ქართული საზოგადოების უმრავლესობასა და კულტურული ელიტების იმ  ნაწილს შორის, რომელიც საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდთან ასოცირდება.

ერთი შეხედვით თითქოს უცნაურია, მაგრამ პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რომელსაც სხვა სიტუაციაში, ალბათ, ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა და შეიძლებოდა გამხდარიყო ძალოვანი უწყებების დამნაშავეებისგან გაწმენდისა და „სახით ადამიანისკენ შემობრუნების“ პროცესის ნაწილი, საბოლოოდ თავად პროტესტის ორგანიზატორების წინააღმდეგ შეტრიალდა. ეს მოხდა მაშინ, როცა საზოგადოებამ რატიანის ინციდენტის დეტალების გარკვევის ნაცვლად იმის გარკვევა დაიწყო, რამდენად ჰქონდათ პროტესტში ჩართულ ცალკეულ პიროვნებებს ძალადობის გაპროტესტების მორალური უფლება და ხომ არ აკეთდებდნენ ისინი ამ დროს ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის საქმეს“.

ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ პოსტ-ავტორიტარულ ან პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებაში, სადაც უბრალოდ ხელისუფლება კი არ იცვლება, არამედ ხდება რეჟიმის დემონტაჟი და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, რეჟიმთან ასოცირებული ნებისმიერი „ცნობადი სახე“ – იქნება ის მეცნიერი, მწერალი, მუსიკოსი თუ ჟურნალისტი – ავტომატურად ხდება “პერსონა ნონ გრატა”.

თუმცა, საქართველოში, როგორც ვიცით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი სამართლებრივად და პოლიტიკურად არ შეფასებულა. 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ ამ გზით არ წავიდა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი და იდეოლოგია ცალსახად დანაშაულებრივია, მოუწოდა საარჩევნო ბიულეტენში დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.

ეს თითქოს ასეც მოხდა და საზოგადოების უმრავლესობა უკვე მეექვსე წელია „არას“ ეუბნება ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა უმრავლესობას არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენით გადაწყვიტოს ის, თუ ვის აქვს მორალური უფლება, იწოდებოდეს მეცნიერად, მწერლად, პოეტად და ა.შ.

ამის გამო, უკვე მეექვსე წელია, გვაქვს საკმაოდ კურიოზული ვითარება, როცა ერთის მხრივ, საზოგადოების უმრავლესობას აქვს უფლება დანაშაულებრივ რეჟიმად თვლიდეს ცხრაწლიან მმართველობას, თუმცა ამავე დროს, ის იძულებულია შეეგუოს ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული სახების გათავისუფლებას ყოველგვარი მორალური პასუხისმგებლობისგან.

მეტიც,  უმრავლესობა იძულებულია შეეგუოს, რომ თუ უშუალოდ ნაციონალურმა მოძრაობამ, 2012 წელს, დათმო პოლიტიკური ძალაუფლება და ეს დათმობა შეაფასა, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მმართველობის პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე, ამ მმართველობის „საყრდენებს“ მეცნიერების, კულტურის, მედიის, სპორტის და სხვა სფეროებში არც პრივილეგირებული პოზიციები დაუთმიათ და არც მორალური ავტორიტეტობის პრეტენზიაზე უთქვამთ უარი.

არადა, ცხრაწლიან მმართველობას, რომელიც თავად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგის – გია ნოდიას განმარტებით, „ნახევრად ავტორიტარული“ მმართველობა იყო, ცხადია ჰქონდა დასაყრდენი მეცნიერებისა და კულტურის სივრცეში. ამ სივრცეებიდან მხარდაჭერის გარეშე, საერთოდ შეუძლებელია, შედგეს ავტორიტარული პროექტი.

ვინ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის საყრდენები?

ნაციონალური მოძრაობის ძირითად ინტელექტუალურ საყრდენს წარმოადგენდა ქართული „ლიბერალური ინტელიგენციის“ რადიკალური ფრთა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ „წითელი ინტელიგენციის“ „ჩარეცხვის“ შემდეგ თავად მოევლინა საზოგადოებას ახალ, „ვარდისფერ ინტელიგენციად“.

ამ ინტელიგენციაში შეგვიძლია მოვიაზროთ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არ იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ჰქონდათ მაღალი სტატუსი მეცნიერების, ხელოვნების, მედიის ან არასამთავრობო სექტორში და სწორედ ამ ტრიბუნებიდან აძლევდნენ ლეგიტიმაციას ხელისუფლებაში მოსულ თანამოაზრეებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა დღემდე განაგრძობს ნაციონალური მოძრაობის ან მისგან გამოყოფილი პარტიების მხარდაჭერას, რომლებიც, საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრით, ზუსტად ისევეა პასუხისმგებელი ცხრაწლიან პროექტზე, როგორც უშუალოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ფრთა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლეგიტიმაციაში არ იგულისხმება მხოლოდ პირდაპირი აგიტაცია, რასაც თავისთავად საკმაოდ ხშირად ჰქონდა ადგილი როგორც 2012 წლამდე, ისე 2012 წლის შემდეგ.

რადიკალური ლიბერალური ელიტების ყველა წარმომადგენელი, ცხადია, არ ეწეოდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო აგიტაციას და ყველა მათგანი შესაძლოა არც კი თვლიდეს საკუთარ თავს ამ პარტიის იდეოლოგიურ საყრდენად, მაგრამ მათი აქტივობა ნებისმიერ შემთხვევაში აძლიერებდა და აძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ავტორიტარული ლიბერალიზმის პროექტის იდეის მატარებელ პოლიტიკურ ძალას.

მაგალითად, თუ თვალს გადავავლებთ „ვარდისფერი ინტელიგენციის“ მიერ შექმნილ ინტელექტუალურ და კულტურულ მემკვიდრეობას,  დავინახავთ რომ მთელი ეს მემკვიდრეობა რეალურად არის სწორედ რადიკალური ლიბერალიზმის პროპაგანდა, რაც ჯერ კიდევ 2003 წლამდე ამზადებდა ნიადაგს ავტორიტარული ლიბერალური პროექტის განხორციელებისთვის.

ამის გამო, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ცხადია ნაციონალური მოძრაობაც ყოველმხრივ უწყობდა ხელს ამ „ბუნებრივი მოკავშირის“ გაძლიერებას და უზრუნველყოფდა მის პრივილეგიებს.

ეს კავშირი განსაკუთრებით გამოიკვეთა სწორედ 2003-2012 წლებში, როცა პრივილეგირებული კულტურული ელიტა ძირითადად აკრიტიკებდა არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებას, ხოლო თუკი ხანდახან ხელისუფლების რომლიმე კონკრეტული ნაბიჯის ან წარმომადგენელის კრიტიკის უფლებასაც მისცემდა საკუთარ თავს, ეს იქნებოდა კრიტიკა ისევ და ისევ ავტორიტარული ლიბერალიზმის პროექტის ფარგლებში და არა თვით ამ პროექტის კრიტიკა.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების კრიტიკა არ ყოფილა ამ ინტელიგენციის „სავიზიტო ბარათი“. პირიქით – მისი სავიზიტო ბარათი იყო და არის  იმ თემების გააქტიურება, რომლებიც ასოცირდება ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიასთან.

ძირითადად ეს არის რუსეთის, საბჭოთა კავშირის, ეკლესიის, ტრადიციების, ქართული მენტალიტეტის თემატიკა და ა.შ.

ამ თემებზე წერა, რასაკვირველია, თავისთავად არ ნიშნავს სისტემის სამსახურში ყოფნას, მაგრამ რეალურ, უახლეს ისტორიაში რუსეთთან კონფლიქტზე პედალირება როგორც წესი, გამოიყენებოდა ისტერიის შესაქმნელად და დემოკრატიის შეზღუდვისთვის; საბჭოთა კავშირის (უფრო სწორად – სოციალიზმის იდეის) ვულგარული კრიტიკა (მმართველობაში ტოტალიტარიზმის ელემენტების აღორძინების ფონზე!) იძლეოდა სოციალური უთანასწორობის გამართლების საშუალებას; ქართული მენტალიტეტის უაპელაციო კრიტიკით ხდებოდა სიღარიბეზე პასუხისმგებლობის ხალხზე გადატანა და ა.შ.

სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, საზოგადოების უმრავლესობა ყოველთვის მოიაზრებდა ამ ინტელიგენციას, როგორც ნაციონალური მოძრაობის პროექტის განუყოფელ ნაწილს და სწორედ ამიტომ უწყობს მას „მცირე ნიურნბერგის პროცესს“ ყოველთვის, როცა ამის საშუალება მიეცემა.

ფაქტია, რომ ქვეყნის იმიჯის არგუმენტით, სამოქალაქო დაძაბულობის საფრთხის არგუმენტით, საგარეო პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინების არგუმენტით და შესაძლოა კიდევ სხვა არგუმენტებითაც, რომელთა შესახებაც საჯაროდ არ გაცხადებულა, 2012 წელს არჩეულმა ხელისუფლებამ  უარი თქვა ცხრაწლიანი ისტორიის შეფასების იდეაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობამ დაივიწყა ან შესაძლებელია დაივიწყოს საკუთარი ტრავმები.

წარსულის შეუფასებლობა და ამ შეუფასებლობიდან გამომდინარე შექმნილი წინააღმდეგობები კი, უკვე მეექვსე წელია, აზიანებს ქართულ დემოკრატიას, რადგან „ვარდისფერი ინტელიგენციის“ მცდელობა, სათავეში ჩაუდგეს ნებისმიერ პროტესტს, იწვევს თავად პროტესტის დისკრედიტაციას და მოქმედი ხელისუფლება, ფაქტობრივად, რჩება კრიტიკის მიღმა.

სად შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან და არსებობს თუ არა იგი საერთოდ?

ყველაზე სწორი გამოსავალი ალბათ იქნებოდა ისევ და ისევ სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება, რაც არასდროს არის გვიან და რაც (ნებისმიერი ვერდიქტის შემთხვევაში) ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს დააყენებდა ამ შეფასების მიღების აუცილებლობის წინაშე.

სხვათა შორის, ამ შეფასებას, ლოკალური მნიშვნელობის გარდა, ექნებოდა გლობალური მნიშვნელობაც, რადგან სამართლებრივად და ფორმალურად მოხდებოდა იმის აღიარება,  რომ რადიკალური ლიბერალიზმი ისევე შეიძლება მივიდეს ავტორიტარიზმამდე, როგორც რადიკალური სოციალიზმი, კონსერვატიზმი, ნაციონალიზმი და საერთოდ, ნებისმიერი პოლიტიკური იდეა.

თუმცა ის, რაც სწორია, ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ამიტომ, დღესდღეობით, ცხრაწლიანი პროექტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არსებული წინააღმდეგობის განმუხტვის ერთ-ერთი რეალისტური სცენარი  შეიძლება იყოს თუნდაც არაფორმალური საზოგადოებრივი კონსენსუსი.

ეს არაფორმალური კონსენსუსი შესაძლებელია დაეფუძნოს მოქალაქეთა შეთანხმებას იმაზე, რომ 2003-2012 წლებში, საქართველოში განხორციელდა რადიკალური პოლიტიკური პროექტი, რომელმაც ცალკეულ პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, შესაძლებელი გახადა უმძიმესი შეცდომების დაშვება და გამოიწვია პოლიტიკური სისტემის მხრიდან საზოგადოებაზე ძალადობის ძალიან დიდი მასშტაბები.

ამ ფაქტორების გამო, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, ზემოთხსენებული პროექტი ცალსახად მიუღებელია და მიუღებელია ის ელიტაც, რომელიც მხარს უჭერდა და ლეგიტიმაციას აძლევდა მას.

შესაბამისად, იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს დღევანდელი პრობლემების გაპროტესტების თავისუფლება, ალბათ ამ ადამიანებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ვეღარასოდეს იქნებიან ისეთი მორალური ავტორიტეტები, რომლებსაც შეუძლიათ პროტესტის სადავეების ხელში აღება და ხელისუფლების მაკონტროლირებელი ფუნქციის შესრულება.

მათი მხრიდან, ამ როლის შესრულებლის მცდელობაც კი მუდმივად დაგვაბრუნებს ცხრაწლიანი ისტორიის (მოუშუშებელ) ტრავმებთან.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ