ამ დოკუმენტით ‘სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის’ სადისკუსიოდ წარმოვადგენთ ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევათა საპასუხო, პრობლემების გადაჭრის და განვითარების კონცეპტუალურ საფუძვლებს, რომლებზეც უახლოესი მომავლის უსაფრთხოებისა და განვითარების კონკრეტული პოლიტიკები, პროექტები და პროგრამები უნდა დაფუძნდეს.
როგორ გვესმის უსაფრთხოება
უსაფრთხოება ეხება საზოგადოებას, როგორც ასეთს მთლიანად, და მისი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს – ფიზიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ, ეკოლოგიურ, კულტურულ ასპექტებს.
უმუშევრობა, სიღარიბე, ავადმყოფობა, გაუნათლებლობა, უსამართლობა და უთანასწორობა დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მთლიანობისა და განვითარებისათვის ყველაზე დიდ საშიშროებებს წარმოადგენენ. ეს თავისთავად მძიმე პრობლემები ხელს უწყობენ სხვა პრობლემათა კვლავწარმოშობას (ორგანიზებული დანაშაული, ნარკომანია და ა.შ.) და ამავე დროს, ხელს უშლიან სხვა არსებულ პრობლემათა (მათ შორის, ტერიტორიული პრობლემების) გადაჭრისათვის სათანადო პირობების შექმნას.
არ არსებობს შიდა თუ გარე მტერი, რომელსაც უმუშევარი, ღარიბი, ავადმყოფი, გაუნათლებელი, დათრგუნული, უიმედო საზოგადოება შეიძლება გაუმკლავდეს. და არ არსებობს საფრთხე თუ მტერი, რომელიც მშრომელ, შეძლებულ, ჯანმრთელ, განათლებულ და სოლიდარულ საზოგადოებას დაუდგება წინ.
მხოლოდ სამხედრო ძალაზე დამყარებული უსაფრთხოება ილუზორული, მყიფე და ხანმოკლეა; ქვეყნის რეალური უსაფრთხოების გარანტირება შეუძლია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატიური, საქმიანი თუ პირადი ურთიერთობების, ქვეყნებს შორის ვაჭრობის, კულტურული ურთიერთქმედების, სოციალური თანასწორობის, ჯანსაღი გარემოს, მუდმივი დიალოგის უზრუნველყოფას. ამდენად, ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტორები – მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, კულტურული ურთიერთქმედება, სწორი ეკოლოგიური პოლიტიკა, ინტენსიური და მრავალმხრივი საგარეო ურთიერთობები და უწყვეტი დიალოგი უნდა გახდეს.
მშვიდობის უზენაესობა
უსაფრთხოების ჩვენი კონცეფცია ეფუძნება ღრმა რწმენას, რომ ომი, როგორც კონფლიქტების მოგვარების საშუალება, თანდათან ისტორიის კუთვნილებად უნდა ვაქციოთ. ჯერ კიდევ 2010 წელს, ჩვენი მოძრაობის დაარსებისთანავე მიღებულ ერთ-ერთ პირველ დოკუმენტში ‘ვაქციოთ ომი ისტორიად[1]’ ნათქვამია: ‘„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის’ მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, უარი თქვან ომზე, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების საშუალებაზე.’
სამხედრო ძალის უმთავრეს ინსტრუმენტად აღიარება სისუსტის ნიშანია და მიუთითებს სამწუხარო გარემოებაზე: როგორც ჩანს, ის, ვინც უპირატესად ან მხოლოდ ‘კუნთების’ იმედადაა, არ ენდობა საკუთარ გონებას და შესაძლებლობებს.
XIX საუკუნის ევროპელი სამართალმცოდნე, ჰენრი მეინი ამბობდა: ‘როგორც ჩანს, ომები ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა. ხოლო მშვიდობა – თანამედროვე გამოგონებაა’. ჩვენ უნდა შევძლოთ და ისტორიულ ინერციაზე მაღლა უნდა დავდგეთ; უნდა შევძლოთ პოლიტიკის და დიპლომატიის – გონიერებასა და პრინციპულად პროგრესულ ბაზისზე დაფუძნება; შესაძლოა, წარმოუდგენელი ტრანსფორმაციის ფასად, მაგრამ უნდა შევდგეთ სწორედ თანამედროვე საზოგადოებად – შემოქმედებით, თანამშრომლობის, დიალოგის საზოგადოებად, სადაც პოლიტიკის ცენტრში – თითოეული ადამიანის სასიცოცხლო ინტერესები დგას, და არა რესურსების ხელში ჩაგდების და სხვებზე დომინირების მისწრაფებები.
მსოფლიო ისტორიის მთელი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საზოგადოების ევოლუციის, ეკონომიკის განვითარების, პოლიტიკური ძლიერებისათვის უმთავრეს წინაპირობას – მშვიდობიანი გარემო წარმოადგენს. ჩვენ გვწამს, რომ ადამიანს არა მხოლოდ ძალა შესწევს, არამედ, ამ ევოლუციის სახელით, მომავალი თაობების წინაშე აკისრია პასუხისმგებლობა – უარი თქვას კონფრონტაციულ, სამხედრო ძალით მიზნების მიღწევის პოლიტიკაზე და შექმნას თანამშრომლობისა და დიალოგის მსოფლიო საზოგადოება. ჩვენ ქვეყნის მომავალს სწორედ ასეთი მსოფლიო თანამეგობრობის წევრობაში ვხედავთ.
• როგორც ამ პოზიციის შესაბამისი ერთ–ერთი ნაბიჯი, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრსაც საქართველო წარმოადგენს, დავაყენებთ ინიციატივას ომის წამომწყები ქვეყნის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების შესახებ, თვით ორგანიზაციიდან გარიცხვის ჩათვლით.
ორიენტირი
თანამედროვე ევროპა ამგვარი, მანამდე უპრეცედენტო პოლიტიკის წარმატების საუკეთესო მაგალითია, იმის დასტური, რომ მშვიდობის იდეა – უტოპიური ოცნება კი არა, უკვე ხანდაზმული გამოცდილებაა.
ევროკავშირმა შეძლო ქვეყნებისა და ხალხების დაკავშირება სამეწარმეო, სავაჭრო, კულტურული ინტერესებით, და ამგვარად ისეთი თანამეგობრობის ფორმირება, სადაც ომის აუცილებლობა არასდროს დგება დღის წესრიგში. ჯერ კიდევ წინა საუკუნის პირველ ნახევარში შემზარავ პოლიტიკურ-სამხედრო დაპირისპირებათა კონტინენტზე, რომლის დიდი ნაწილი დღეს ევროკავშირს უკავია, უკვე აღარავის შეუძლია წარმოიდგინოს ომი ამ კავშირის წევრ ქვეყნებს შორის.
ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია სწრედ ამ ევროპულ ფასეულობებს და წარმატებულ გამოცდილებას ეფუძნება, და საბოლოო მიზნად, ამ და სხვა ამოცანების თანმიმდევრული განხორციელების შედეგად, ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად გახდომისკენაა მიმართული.
ახალი იდეალები პრაქტიკაში – ნატო
დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ პროცესისა, თუ როგორ იმარჯვებს და მკვიდრდება ეს ფასეულობები თვით ნატოში, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის მონდომებით როგორ თმობს პოზიციებს ცივი ომის პირობებში ჩამოყალიბებული ლოგიკა, რომლის გადარჩენაც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შეძლო ბუშის ადმინისტრაციამ. არა კონფრონტაციაზე დაფუძნებულ ანტაგონისტურ პოლარობათა მსოფლიოს, არამედ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის პრინციპებზე აგებული მშვიდობიანი საერთაშორისო თანამეგობრობისკენ სვლის პროცესში ნატო ყალიბდება ორგანიზაციად, რომელიც ვეღარ იქცევა განხეთქილების საბაბად დომინირების მოსურნე ძალებს შორის, არამედ გარდაიქმნება ძალზე მნიშვნელოვან, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთ ინსტრუმენტად უსაფრთხო და უწყვეტი განვითარების მსოფლიოს ფორმირების პროცესში[2]. ასეთი ალიანსი კი მიმზიდველი გახდება ყველასთვის, ვისაც ნდობისა და მშვიდობის საერთაშორისო ატმოსფერო აუცილებელ პირობად მიაჩნია განვითარებისათვის.
პრაგმატიზმი
ომისა და მშვიდობის საკითხებისადმი ამგვარი დამოკიდებულების კიდევ ერთი, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ სამხედროსთან შედარებით – ეკონომიკური და დიპლომატიური მეთოდებისთვის უპირატესობის მინიჭება გაცილებით მყარი, შეუქცევადი განვითარების წინაპირობებს ქმნის, და ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაცილებით მომგებიანია – სამხედრო ხარჯების ოპტიმიზაცია, არგუმენტირებული პრინციპულად ახალი ამოცანებით, და სახსრების მიმართვა ეკონომიკის და სოციალური სფეროს განვითარებაზე – ადამიანთა კეთილდღეობისა და განვითარების, და ამგვარად, უსაფრთხოების წინაპირობაა.
საერთაშორისო პასუხისმგებლობის პრინციპი
სამწუხაროდ, ევროპისაგან განსხვავებით, ომები ჯერ კიდევ არ ქცეულა ისტორიად მსოფლიოს დიდ ნაწილში. მრავალი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მენტალურად ჯერაც აგრესიული ეთნიკური ნაციონალიზმის, ძალაუფლებით ტკბობისა თუ მერკანტილური ინტერესების წარსულში ცხოვრობს, და უღირსი მიზნების მიღწევას სამხედრო მეთოდებით იმედოვნებს. სწორედ ამის გამო თვით ევროპაც, მშვიდობის იდეის უზენაესობის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილი კონფლიქტებისას იძულებული გახდა სამხედრო ძალის პრევენციული გამოყენებისათვის მიემართა ბალკანეთში, ერაყში, ლიბიაში…
მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი, ევროპული სამხედრო დოქტრინა განსხვავდება მანამდე ისტორიაში ცნობილი ომის წარმოების მეთოდებისგან. იგი სამხედრო ძალას – პრობლემების მოგვარების მხოლოდ ერთ, და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელ შესაძლებლობად განიხილავს, და მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა ყველა სხვა გზა ამოწურულია. ძალის გამოყენების მიზანი კი არა ‘ურჩი’ ქვეყნისათვის მისთვის მიუღებელი წესრიგის გარედან თავსმოხვევაა, არამედ – მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, თავად ქვეყნის სრულფასოვანი განვითარებისთვის თუ მსოფლიო მშვიდობისათვის საფრთხის აღმოფხვრა, და მისი შემდგომი ინტეგრირება ცივილიზებულ ერთა ოჯახში. ამიტომ, ძალის გამოყენებით და ‘გამარჯვებით’ საქმე კი არ სრულდება, არამედ მხოლოდ იწყება – ამას მოსდევს ღონისძიებები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ისახავს მიზნად. ამ მეთოდთა სრულ კომპლექტში კი უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება დიპლომატიას, სავაჭრო, კულტურული, საგანმანათლებლო, მეცნიერული, ინფორმაციული, ჰუმანიტარული ურთერთობების დამყარებას ხალხებს შორის, ანტაგონიზმისა და გაუცხოების მოხსნაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
ამდენად, ვაცნობიერებთ რა, რომ საყოველთაო მშვიდობის მსოფლიომდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, და რომ თანამედროვე გლობალურ სამყაროში, განადგურების მასშტაბური ატომური და სხვა იარაღების არსებობის პირობებში, ასევე – საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი გაერთიანების ამოცანიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ დამკვირვებელი პროცესებისა, ვთვლით, რომ ვალდებულნი ვართ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ მშვიდობაზე ჩვენ ქვეყანაში, რეგიონსა თუ მსოფლიოში.
• ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ უნდა გვყავდეს მცირერიცხოვანი, კომპაქტური პროფესიონალური სამხედრო კონტიგენტი, რომელიც საზოგადოებრივი ლეგიტიმაციით საერთაშორისო სამშვიდობო მისიების შესრულებაში მიიღებს მონაწილეობას, როცა ეს გარდაუვალი იქნება, და მშვიდობის დამყარების ყველა სხვა გზა – ამოწურული აღმოჩნდება. სამხედრო ძალების მოცულობა, წვრთნის ხასიათი და აღჭურვილობა ამ ამოცანებს უნდა შეესაბამებოდეს.
მშვიდობა – სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკა
ჩვენი ღრმა რწმენით, განსაკუთრებით ბოლო წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველომ გადაჭრით და გულწრფელად უნდა განაცხადოს, რომ აღიარებს მშვიდობის იდეალის, როგორც საზოგადოებისა და ინდივიდის განვითარების აუცილებელი პირობის, უზენაესობას; რომ საკუთარი ინიციატივით არასდროს ეცდება პრობლემების გადაჭრისას მიმართოს იარაღს, როგორც პირველ ან ერთადერთ საშუალებას. ასევე, რომ მაქსიმალურად გამორიცხავს ირიბი პოლიტიკური მეთოდებით სამხედრო ძალის გამოყენებისათვის ხელსაყრელი სიტუაციის შექმნას.
• ამ მიზნით, ჩვენი სამხედრო სფერო მაქსიმალურად ღია უნდა გახდეს საერთაშორისო მრავალმხრივი მონიტორინგისათვის. ჩვენი მიზანია ურთიერთკონტროლის და თანამშრომლობის მექანიზმების შექმნა და ამუშავება საქართველოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, რუსეთისა და გაეროს მონაწილეობით, რაც გაზრდის მხარეთა ურთიერთნდობას, შეამცირებს კონფრონტაციას და ხელსაყრელ პირობებს შექმნის პრობლემების გადაჭრისათვის.
• ამასთან, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეიქმნას სავალდებულო სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახური (ქალებისთვის ეს სამსახური ნებაყოფლობითი იქნება), რომელიც პირველადი სამხედრო საქმიანობის გარდა, მოქალაქეებს ადგილებზე მოამზადებს უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე სხვა ოპერაციების განხორციელებისათვის. კერძოდ – განსაკუთრებულ შემთხვევებში პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის, სამაშველო და აღდგენითი სამუშაოებისთვის, კრიტიკულ სიტუაციებში (ხანძრის, ავტოსაგზაო შემთხვევის…), სტიქიურ უბედურებათა და სხვ. მოქმედებისათვის. გარკვეული პერიოდულობით, ცოდნისა და უნარების გაღრმავების, ახალი მეთოდების დაუფლების მიზნით მოხდება მოქალაქეთა მოკლევადიანი გადამზადება.
სამსახური ორგანიზებული იქნება ტერიტორიული პრინციპით – საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს. მისი გავლისას გაცემული სერთიფიკატი მსურველებს მისცემს შანსს, სამსახური გააგრძელონ პროფესიულ არმიაში, ასევე დასაქმდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებებში – მეხანძრედ, მშენებლად, პოლიციელად, მაშველად, სანიტრად და ა.შ.
კონფლიქტები – მორატორიუმის პოლიტიკა
ჩვენი პრინციპებიდან და ზოგადი პოზიციიდან გამომდინარეობს ჩვენი მიდგომა ტერიტორიული კონფლიქტებისადმი – მორატორიუმის პოლიტიკა.
ამ პოლიტიკის არსი რომ გავაცნობიეროთ, გვერდით უნდა გადავდოთ პოპულიზმი, თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, და შესაძლოა, რამოდენიმე მტკივნეული გარემოება უნდა ვაღიაროთ:
1. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების არანაირი რესურსი. მეტიც – რაც უფრო დრო გადის ამ ხელისუფლების პირობებში, სულ უფრო ღრმავდება დეზინტეგრაცია აფხაზ, ოს და ქართველ ხალხებს შორის, სულ უფრო იზრდება პოლიტიკური თუ კულტურული გაუცხოება, იშლება ნიადაგი, რომელზეც დიალოგისა და თანამშრომლობის პროცესის დაფუძნებაა შესაძლებელი. არსებული პოლიტიკური ლოგიკის და ხელისუფლების გაგრძელების პირობებში კონფლიქტების მოგვარება შეიძლება სამუდამოდ შეუძლებელი შეიქმნას.
2. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ არც სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჩვენში, არ აქვს ამ კონფლიქტების ახლო მომავალში მოგვარების დამაჯერებელი და რეალისტური პერსპექტივა, და რომ სიტუაციას მხოლოდ ართულებს ის, რომ ამ მტკივნეულ და ერთგვარად ტაბუირებულ თემაზე არაპოპულარული საუბრის შიშით, ცივი გონებით განსჯას და რაციონალური გზების ძიებას ხშირად ფსევდოპატრიტული რიტორიკა ცვლის.
3. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ძალა არ შესწევს სამხედრო გზით მოაგვაროს ეს პრობლემა, და არა იმიტომ, რომ საკმარისი სამხედრო ძალა არ გვაქვს – საკითხის ასე დაყენება უბრალოდ ზედმეტია – იმიტომ, რომ სამხედრო ძალით პრობლემა კი არ მოგვარდება, არამედ მისი კიდევ უფრო გაღრმავება და დროში კიდევ უფრო გაურკვეველი ვადით გადადება მოხდება.
4. ამას უნდა დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების პროპაგანდისტული სიცრუის მანქანის გაუჩერებელი მუშაობისა, როდესაც ნატოს თუ სხვა საერთაშორისო მაღალჩინოსნების ვიდეოგამოსახულებას ხშირად ტელევიზიის რედაქტორის, ან სხვა კაბინეტში შეთხზული ‘თარგმანი’ ედება ხოლმე, ცხადია – არც ევროკავშირი, არც გაერთინებულ ერთა ორგანიზაცია, არც შეერთებული შტატები, არც ნატო მხარს არასდროს არ დაუჭერენ კონფლიქტის ‘გადაჭრის’ მილიტარისტულ ინიციატივას. მილიტარისტული რიტორიკა და შესაბამისი ქმედებები მხოლოდ გააღრმავებს ჩვენს იზოლაციას საერთაშორისო საზოგადოებისაგან.
• ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ:
1. საჭიროა გამოცხადდეს დროებითი მორატორიუმი აფხაზეთისა და ოსეთის სტატუსების თაობაზე იმ დრომდე, სანამ მხარეები მზად არ იქნებიან დაიწყონ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დიალოგი კეთილგანწყობისა და ნდობის ატმოსფეროში.
2. საქართველოს ხელისუფლება მორატორიუმს აცხადებს უპირობოდ და ცალმხრივად, თუმცა აქტიური დიპლომატიური ძალისხმევით ცდილობს მორატორიუმის პირობათა საერთაშორისო აღიარებას, ლეგიტიმაციას, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს სტატუსთან და აღიარებასთნ დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მორატორიუმის მოქმედების ვადებში.
3. დასაწყისისთვის მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს 5 წლით, და ამ დროის ამოწურვისას მიღწეული შედეგების ანალიზის შემდეგ უნდა მოხდეს მისი გადასინჯვა.
4. ნდობის ატმოსფეროს ფორმირება შეუძლია მხოლოდ ჩვენ გულწრფელ სურვილს და მონდომებას, მიუხედავად სტატუსისა, განვითარდეთ აფხაზ და ოს ხალხთან ერთად ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გზით. ამასთან, ეს თანამშრომლობა მოტივირებული უნდა იყოს არა სხვა, დაფარული ზრახვებით, არამედ გაცნობიერებით, რომ სხვებისთვის განვითარების უფლების შეზღუდვით – საკუთარ პერსპექტივას ვამახინჯებთ, რომ რევანშიზმს მომავალი არ აქვს, რომ თანამშრომლობა და ურთიერთგაგება – თავისთავადაა ფასეული, და არა როგორც დამხმარე მიზნები რაიმე სხვის მისაღწევად.
განვლილმა წლებმა გვაჩვენა, რომ განვითარების პროცესს ხალხის დაახლოება და სოლიდარული კავშირების შექმნა შეუძლია მხოლოდ იმ პირობებში, თუკი ეს განვითარება – ყველას განვითარებაა. ყოველივე ამისათვის კი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა საჭირო. თუკი მხარეები ერთობლივი რეგულაციის მექანიზმებით უზრუნველყოფენ რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების პირობების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გაუმჯობესებას, ქართულ, ოსურ და აფხაზურ მხარებს შორის მორატორიუმის პირობებში არსებული თანამშრომლობა შეიძლება იქცეს ყველას საერთო განვითარების წინაპირობად.
ჩვენი აზრით, მხოლოდ ამ ნაბიჯებს შეუძლია მიგვაახლოვოს ტერიტორიული კონფლიქტების, ასევე სხვა ჩვენ წინაშე მდგარი საშინაო თუ საგარეო პრობლემების ღირსეულ გადაჭრასთან.
[1] ვაქციოთ ომი ისტორიად. სოციალ–დემოკრატების ოფიციალური ვებ–გვერდი http://www.sdd.ge/ge/?p=645
[2] ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ნატოს ოფიციალური ვებ–გვერდი http://www.nato.int/cps/en/natolive/news_68172.htm