სტუდენტების მონაწილეობა სტუდენტური თვითმმართველობის მმართვაში

ძირითადი მიგნებები:

• სტუდენტები ნაკლებად არიან ინფორმირებულები როგორც თავიანთი, ასევე
თვითმმართველობის უფლება-მოვალეობის შესახებ უსდ მართვაში
მონაწილეობასთან მიმართებაში; სტუდენტების 70% აცხადებს, რომ არ იცის,
რა უფლებები და მოვალეობები აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას.
• თვითმმართველობის საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს სპორტული,
შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას; ამ მიმართულებით
მათი საქმიანობა მრავალფეროვანია. გამოკითხული სტუდენტები ყველაზე
ხშირად ასახლებენ თვითმმართველობების მიერ სილამაზის კონკურსებისა და
სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას. გვხვდება შემთხვევები, როცა
თვითმმართველობა ფინანსურ დახმარებას უწევს ფინანსური პრობლემების
მქონე სტუდენტებს, ეხმარება სტუდენტებს სწავლების გადასახადის
გადავადებაში. თვითმმართველობა ნაკლებად ახორციელებს ისეთ
ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ხარისხის
გაუმჯობესებაზე. სტუდენტების მოთხოვნა მსგავსი პროექტების
განხორციელებაზე ნაკლებია;
• სტუდენტების 59% აცხადებს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის
წევრები სარგებლობენ გარკვეული პრივილეგიებით;
• სტუდენტები თვითმმართველობის მუშაობას ათბალიან შკალაზე 6 ქულით
აფასებენ;
• ასევე, აღსანიშნავია სტუდენტების პასიურობა თვითმმართველობასთან
თანამშრომლობისას. გამოკითხული სტუდენტების 73% აღნიშნავს, რომ
არასდროს მიუმართავს თვითმმართველობისთვის რაიმე ინიციატივით.
• ფოკუს ჯგუფზე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სტუდენტების მოთხოვნები
და საჭიროებები ნაკლებად ახდენს გავლენას თვითმმართველობის
საქმიანობაზე და მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არის მათზე
მოქმედი მთავარი ძალა; გამოკითხული სტუდენტების მეოთხედზე მეტი
ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი გავლენა თვითმმართველობის საქმიანობაზე
უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აქვს;
• რიგ შემთხვევებში, სტუდენტის როლი წარმომადგენლობით საბჭოში
ფორმალურია და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ვერ ან არ ახდენს.
ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ სტუდენტს არ აქვს
საკმარისი კომპეტენცია განსახილველ საკითხში;
• უსდ თვითმმართველობების ბიუჯეტები, ხშირ შემთხვევაში, არ შეადგენს უსდ
ბიუჯეტის 1 პროცენტს, რისი არგუმენტირებაც, როგორც წესი, უსდ ბიუჯეტის
დეფიციტით აიხნსნება.

ჩვენი კვლევა, მასში გამოყენებული მეთოდებიდან გამომდინარე, არ იძლევა
ინდივიდუალური უსდ-ში არსებული სიტუაციის შესახებ მსჯელობის
საშუალებას. მოცემული შედეგები, სავარაუდოდ, განსხვავებულად ვრცელდება
სხვადასხვა უნივერსიტეტზე.

კვლევის მიზანი და საკვლევი საკითხები

საქართველოს განათლების სისტემის უმაღლეს საფეხურზე განხორციელებულმა
რეფორმამ ცვლილებები შეიტანა უსდ-ს მართვის სისტემაში. უმაღლესი
განათლების კანონის მიხედვით სტუდენტურ თვითმართველობებს უსდ-ს
მართვაში მონაწილეობის გარკვეული უფლებები მიენიჭა. უმაღლესი განათლების
შესახებ კანონის 45-ე მუხლის თანახმად, სტუდენტთა თვითმართველობას
უფლება ენიჭება თავისი დებულების შესაბამისად უზრუნველყოს სტუდენტთა
მონაწილეობა უსდ-ს მართვაში, ხელი შეუწყოს სტუდენტთა უფლებების დაცვას,
აირჩიოს წარმომადგენელი ფაკულტეტის საბჭოში, შეიმუშაოს წინადადებები
ფაკულტეტის ან უსდ-ს მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის
გასაუმჯობესებლად, წარუდგინოს ფაკულტეტის, წარმომადგენლობით ან
აკადემიურ საბჭოს და განახორციელოს დებულებით გათვალისწინებული
უფლება-მოსილებები.
ჩვენი კვლევის მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად არიან სტუდენტები ჩართული
უსდ-ს მართვაში და პასუხები გასცეს შემდეგ კითხვებს:
რამდენად ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის უსდ-ს მართვაში
მონაწილეობა?
როგორია სტუდენტების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების
პროცესში?
რამდენად უწყობს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს სტუდენტების
ჩართვას უსდ-ს მართვაში?
რა ხასიათს ატარებს თვითმმართველობის საქმიანობა?
რამდენად ხდება სტუდენტების აზრის გათვალისწინება გადაწყვეტილების
მიღებისას?
რამდენად არიან სტუდენტები ინფორმირებულები უსდ-ს მართვაში
საკუთარი უფლებამოსილების შესახებ?
რა ბარიერები არსებობს სტუდენტების უსდ-ს მართვაში ჩართვასთან
დაკავშირებით?

კვლევის შედეგები

თვითმმართველობის აქტივობები

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ თვითმმართველობის მიერ გახნორციელებული
აქტივობები, ამ აქტივობებზე სტუდენტების ინფორმირებულობის ხარისხი და
განსახორციელებელი ღონისძიებების ირგვლივ გადაწყვეტილების მიღების
უნივერსიტეტში არსებული პრაქტიკა, იქნებოდა კარგი წყარო ჩვენთვის
საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისთვის. გამოკითხვის,
ინტერვიუებისა და დოკუმენტების ანალიზიდან მიღებული მონაცემები
მეტყველებს იმაზე, რომ უსდ თვითმმართველობების აქტივობები
კონცენტრირებულია ცალკეული ღონისძიებების ორგანიზების ირგვლივ.
სწავლების ხარისხის გაზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებების წილი
თვითმმართველობების საქმიანობაში შედარებით ნაკლებია.
უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობის პრეზიდენტების განცხადებით,
მათი მუშაობის ძირითადი მისიაა უნივერსიტეტის მართვაში სტუდენტთა
ჩართულობის უზრუნველყოფა, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება,
სტუდენტების შუამდგომლობა ადმინისტრაციასთან და მათი სამართლებლივი
უფლებების დაცვა. “ჩვენ ვართ სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის
მარეგულირებელი ორგანო, მაგრამ, ამავედროს, ვალდებულება გვაქვს აღებული
სტუდენტებთან, რომ მათი ცხოვრება უფრო გავახალისოთ და მათ
ინტელექტუალურ მხარეშიც შევუწყოთ ხელი” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-
ერთი თვითმმართველობის პრეზიდენტმა. დანარჩენი თვითმმართველობების
წარმომადგენლებიც მსგავსად წარმოადგენენ თავიანთ როლს. რიგ შემთხვევებში,
ასევე, სახელდებოდა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია (კონსერვატორია) და
სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიებაში (სამედიცინო
უნივერსიტეტი).
ბევრ უნივერსიტეტში თვითმმართველობაში შექმნილია დეპარტამენტები:
სპორტის, კულტურის, განათლების, სტუდენტთა უფლებების დაცვის, ტურიზმის,
საერთაშორისო ურთიერთობების. ეს დეპარტამენტები თავიანთ ფუნქციებს
ახორციელებენ წესდებით მინიჭებული უფლებების შესაბამისად.
თვითმმართველობების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები
დავყავით შემდეგ კატეგორიებად:

კულტურული – შეხევდერები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს
წარმოამდგენლებთან, გამოფენები;
სასწავლო-შემეცნებითი – კონფერენციები, ტრენინგ-სემინარები,
ინტელექტუალური თამაშები;
გასართობი – სტუდენტური დღეები, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი,
კლუბური საღამოები;
სპორტული – ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობაში;
საქველმოქმედო – საქველმოქმედო კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები,
დასუფთავებისა და გამწვანების აქციები;
8
ექსკურსია/ექსპედიციები – ტურისტულიტურები, ლაშქრობები, მიზნობრივი
ექსპედიციები;
საინფორმაციო- სხვადასხვა სახის საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი
ღონისძიებები და პრეზენტაციები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თბილისისა და რეგიონების უსდ-ები ერთმანეთთან
გარკვეული მემორანდუმების მიხედვით თანამშრომლობენ. ძირითადად კი
სასწავლო-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები გამოირჩევა სიხშირით.
თვითმართველობების მიერ განხორციელებული პროექტები, ხშირშემთხვევაში,
უკავშირდება უსდ–ს პროფილს. სასწავლო-შემოქმედებითი ღონისძიებების
რაოდენობების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს
გამოვყოფთ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ორი დიდი უნივერსიტეტის (თბილისის ივ.
ჯავახიშვილის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების)
თვითმმართველობები ვიზისა და მგზავრობის ხარჯებს უნაზღაურებენ იმ
სტუდენტებს, რომლებმაც მოიპოვეს საზღვარგარეთ სწავლის უფლება და
დაფინანსება და განცხადებითმ იმართავენ თვითმმართველობებს.

კვლევის ფარგლებში ბიუჯეტის დასამტკიცებლად პროექტების და
ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვების ასლები მოვითხოვეთ თბილისის ვანო
სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიდან, სადაც განგვიცხადეს, რომ
აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობამ
უარი თქვა ჰქონოდა ბიუჯეტი და გადაწყვიტა მათთვის განკუთვნილი ფინანსები
დახარჯულიყო სტუდენტთა სტიპენტიებზე და პროფესორ-მასწავლებლების
ხელფასებზე. თვითმმართველობა ღონისძიებების ჩასატარებლად იძიებს
სპონსორებს.

არის ერთეული უნივერსიტეტები, რომელთა თვითმმართველობის
პრეზიდენტები აღნიშნავენ, რომ მათთვის პრიორიტეტი სწავლასთან
დაკავშირეებული ღონისძიებებია. “ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება
პრიორიტეტი სამეცნიერო კონფერენციები, სამეცნიერო სექტორი იმიტომ, რომ
ჩვენ ვართ სტუდენტები და უნივერსიტეტის ძირითადი მისია არის სწავლა”
(თეუსუ). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრიორიტეტად სახელდება
სოციალური პროგრამები, უაღრესად გაჭირვებული სტუდენტების დახმარება.
სამედიცინო უნივერსიტეტში პრიორიტეტულია სამედიცინო ღონისძიებები.
ზოგიერთ უნივერსიტეტში, პრიორიტეტად ის ღონისძიება ითვლება, რომელიც
უფრო მეტი სტუდენტის ჩართვას ითვალისწინებს. “პროექტების
განხორციელებისას უპირატესობა და პრიორიტეტი ენიჭება იმ პროექტს,
რომელშიც უფრო მეტი სტუდენტია ჩართული. თუ, მაგალითად, შემოდის
პროექტი, რომელიც 14 სტუდენტის მონაწილეობას გულისხმობს და პროექტი,
რომელშიც 3 სტუდენტი იქნება დაკავებული, თვითმმართველობა უპირატესობას
პირველ პროექტს ანიჭებს.” (სამხატვრო აკადემია)
ასევე, არის უნივერსიტეტები, სადაც თვითმმართველობამ ჩაატარა სტუდენტთა
გამოკითხვა და ამ გამოკითხვების საფუძველზე დაადგინა პრიორიტეტული
საკითხები. თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებმა უპირატესობა მიანიჭეს
ექსკურსიებს და შემეცნებით ღონისძიებებს. ახალციხის უნივერსიტეტში კეთდება
5-თვიანი გეგმები და განიხილება გენერალურ თათბირებზე. იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტებისგან არ მოდის წინადადებები, მაშინ თვითმმართველობა მათ
თვითონ სთავაზობს ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ
თვითმმართველობის ბიუჯეტს და ამ შემთხვევაშიც შეიძლება პრიორიტეტი იმ
აქტიობას მიენიჭოს, რომლისთვისაც საკმარისი თანხა აქვთ.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ