ონლაინ-აზარტული თამაშების შეზღუდვის კამპანია გრძელდება.
აღნიშნული კამპანიის ინიციატორია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, რომელსაც უერთდება ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge და გაზეთი “ბანკები და ფინანსები”.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით კვირას, 6 მარტს, პუშკინის სკვერში 16:00 სთ-ზე გაიმართება ღია საჯარო დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული აქცია დაანონსებულია კამპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
შეკრებაზე მოხდება ორგანიზატორთა მხრიდან შემუშავებული კანონპროექტის განხილვა, რამაც მნიშვნელოვნად უნდა დაარეგულიროს აღნიშნული ბიზნეს საქმიანობა, რომელიც დღეისათვის სრულიად დე-რეგულირებულია და მრავალ სოციო-ეკონომიკურ პრობლემასთან არის დაკავშირებული.
აღნიშნული ბიზნეს საქმიანობა მთლიანად შეზღუდული ან მნიშვნელოვნად დარეგულირებულია მსოფლიოს ყველა ცივილურ ქვეყანაში.
აზარტული თამაშების რეგულირების კონკრეტული მექანიზმები:
სპეციალური პროგრამის შექმნა – შემოსავლების სამსახურის ბაზაზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მოთამაშედ რეგისტრირებული პირების ტრანსაქციები. პროგრამა ადაპტირებული იქნება ყველა ლიცენზირებულ ვებ–გვერდთან, რომლებიც აზარტული თამაშების ორგანიზებას ახდენენ. (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).
აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის შექმნა:
საშემოსავლო სამსახურის ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, სადაც ხდება მოთამაშედ რეგისტრაცია, რეალურ სივრცეში (შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სახლი). რეგისტრირების შემდეგ, მოთამაშე იღებს სპეციალურ კოდს, რომლითაც მონაწილეობას იღებს აზარტულ თამაშებში.
მოთამაშის მოსაკრებლის დაწესება – მოთამაშედ რეგისტრაციის შემდეგ, პირი იხდის მოსაკრებელს 1200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
წაგების ლიმიტების დაწესება – მოთამაშედ რეგისტრირების პროცესში პირი ახდენს საკუთარი შემოსავლების დეკლარირებას, ამის შემდეგ მისთვის განისაზღვრება თვეში წასაგები თანხის ლიმიტი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს დეკლარირებული შემოსავლის მაქსიმუმ 30%–ით. დადასტურებული შემოსავლის არმქონე პირისთვის წესდება წაგების მაქსიმალური ლიმიტი 100 ლარის ოდენობით, თვეში. (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).
კაზინოების და სხვა სათამაშო კლუბების ლოკაციის წესების გამკაცრება – უნდა შეიქმნას სათამაშო სახლების სპეციალური ლოკაციები, რაც გულისხმობს მათი მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადატანას. სახელმწიფო ასეთ დაწესებულებებს სთავაზობს სპეციალურ ზონებს, გარკვეული შეღავათებით. აღნიშნული ინიციატივა არ ეხება ისეთ სივრცეებს, სადაც კაზინოსექტორი უკვე სარგებლობს გარკვეული პრეფერენციებით.
თამაშის წესები რეალურ სათამაშო სახლებში – რეალურ სათამაშო სახლებში არ მოქმედებს წაგების ლიმიტები, საჭიროა რეზიდენტ ფიზიკური პირს ჰქონდეს მოთამაშის სტატუსი, ანუ ის უნდა იყოს რეგისტრირებული აზარტული თამაშების რეესტრში და უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი მოსაკრებელი.
არარეზიდენტი ფიზიკური პირები – უცხოელ ვიზიტორებზე რეალურ სათამაშო სახლებში თამაშის შეზღუდვები არ მოქმედებს.
უცხოური ონლაინ აზარტული თამაშების ვებ–გვერდები – ისეთი ვებ–გვერდები, რომლებსაც არ გააჩნით საქმიანობის საქართველოში გაცემული ლიცეზია და არ არის აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის ნაწილი, იბლოკება.
შედეგები:
– აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის შექმნით, მოხდება მოთამაშის მკაცრი იდენტიფიცირება;
– შემოსავლების სამსახურის ერთიანი პროგრამით, საგადასახადო სამსახური იწყებს სისტემაში ფინანსური ნაკადების სრულ კონტროლს, რაც პირველ რიგში განაპირობებს, სრულყოფილ საგადასახადო ადმინისტრირებას;
– წაგების ლიმიტების დაწესებით ამ საქმიანობას დავაბრუნებთ ნორმალურ ეკონომიკურ ლოგიკას, ანუ აზარტული თამაშებში ჩაერთვება საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც გააჩნია რეალური შემოსავალი.