კამპანია: შეიზღუდოს ონლაინ აზარტული თამაშები

European.ge უერთდება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“-ს მიერ დაწყებულ კამპანიას ონლაინ აზარტული თამაშების შეზღუდვის თაობაზე.

ზურა კუკულაძე. ეკონომისტი.
ზურა კუკულაძე.
ეკონომისტი. გაზეთ “ბანკები და ფინანსების” მთავარი რედაქტორი. “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი.

ჩვენი პლატფორმის წევრისა და აფბა–ს ანალიტიკოსის, ზურა კუკულაძის პოზიციით, აზარტული თამაშების საკითხი პრობლემატურია არა მარტო სოციალური ან  ზოგადად ემოციური ასპექტით, არამედ წმინდა ეკონომიკური კუთხითაც. ასოციაციის პოზიციით, მკაცრი რეგულაციები, პირველ რიგში, ონლაინ–თამაშებზე უნდა დაწესდეს. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ონლაინ–თამაშები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამას დასტურებს სათამაშო ბიზნესის ბრუნვების ზრდის ტემპის შესახებ ოფიციალური მონაცემები, – 2011 წელი –  366 მილიონი ლარი, 2012 წელი – 996 მილიონი ლარი, 2013 წელი – 1.213 მილიარდი ლარი, 2014 წელი – 2.032 მილიარდი ლარი, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით – 1.353 მილიარდი ლარი. ასოციაციის მიერ ჩატარებული მოკვლევით, მხოლოდ ონლაინ–თამაშებში ყოველდღიურად საქართველოს 400 000 მოქალაქეა ჩართული. „ზოგადად, აზარტული თამაშები არის გართობისა და მომსახურების სფეროს ნაწილი. ონლაინ–თამაშების მაქსიმალური ხელისაწვდომობის გაზრდით და წახალისებით, აზარტული თამაშების, როგორც პროდუქტის აღქმა ხდება არასწორად. ამ პროდუქტით სარგებლობს ეკონომიკაში არსებული ისეთი სეგმენტი, სადაც ამ პროდუქტზე არ არსებობს რეალური მოთხოვნა, ამ ტერმინის ეკონომიკური გაგებით. ანუ, ამ პროდუქტს საზოგადოება აღიქვამს, როგორც ფულის შოვნის საშუალებას და შემოსავლის წყაროს და არა როგორც გართობას, რომელშიც ჩვეულებრივად იხდის ფულს. ანუ, ხდება ისეთი მოხმარების წახალისება, რომელზეც რეალური მოთხოვნა არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა, თავის მხრივ, იწვევს როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ პრობლემებს.

„სათამაშო ბიზნესი სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, ანუ ეს სფერო ბიუჯეტში იხდის მხოლოდ მოსაკრებლებს (5 წელიწადში ერთხელ), ხოლო ონლაინ–თამაშების ორგანიზებისთვის დამატებითი გადასახადები არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ონლაინ–თამაშების ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში არანაირი ფისკალური ეფექტი არ აქვს, ანუ ონლაინ–თამაშებიდან ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის.

ვინაიდან აზარტული თამაშები ონლაინ–სივრცეში მაქსიმალურად ადაპტირებული გახდა, გაიზარდა მისი ხელმისაწვდომობა. ეს ნიშნავს, რომ ამ სექტორში გადადის ისეთი ფინანსური რესურსები, რომელიც, ჩვეულებრივ შემთხვევაში, ბიზნესის სხვა სექტორებში წავიდოდა. აზარტული თამაშები, თავისი არსით, არის გასართობი ბიზნესი, მის მიმართ ხელმისაწვდომობის გაზრდით და ფაქტობრივი წახალისებით, ამ ბიზნესში მიდის ისეთი ფული, რომელიც, ეკონომიკური ლოგიკით, არ შეიძლება, რომ გასართობ ბიზნესში წასულიყო. შესაბამისად, ირღვევა ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი, ვინაიდან ისეთი ფული, რომელიც უნდა წასულიყო ჩვეულებრივ სამომხმარებლო ბაზარზე, ვარდება ეკონომიკიდან და ილექება, გაურკვეველი წარმოშობის ბიზნესსუბიექტების ანგარიშებზე“, – აცხადებენ ასოციაციაში.

საკითხის სოციალური მხარე

ვინაიდან ონლაინ–თამაშებში მასობრივად ჩართულია ინტერნეტთან ადაპტირებული ახალგაზრდობა და შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები და ეს კატეგორია დღის ძირითად ნაწილს ატარებს ონლაინ–თამაშებში, ვთვლით, რომ ეს ადამიანები კარგავენ განათლების, უნარ–ჩვევების ამაღლების და, ზოგადად, განვითარების ინტერესსს. შესაბამისად, ეს ადამიანები ვარდებიან ეკონომიკური განვითარების ციკლიდან.  ისინი კარგავენ განვითარების შანსს. შესაბამისად,  იქმნება არარეალურ მომავალზე ორიენტირებული სოციალური ჯგუფი. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეკონომიკაში და ზოგადად ქვეყანაში ასეთი, სამწუხაროდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობა ამწვავებს ისედაც რთულ სოციალურ ვითარებას.

ზოგადად, აღიარებულია, რომ აზარტული თამაშები პოპულარულია დაბალი სოციალური მდგომარეობის მქონე საზოგადოებებში, ანუ საზოგადოება აზარტულ თამაშებს უყურებს არა გართობის, არამედ გამდიდრების საშუალებად. ასეთი ადამიანებისთვის წაგებაზე ორიენტირებული საქმიანობის შეთავაზება, ამ ადმიანების ურთულეს მდგომარეობაში ჩაყენებას იწვევს და არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამწვავებს.

ონლაინ–თამაშების სპეციფიკა გულისხმობს, რომ აზარტულ თამაშებში მასობრივად არიან ჩართულნი არასრულწლოვანები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს სარეკლამო კანონმდებლობა, რაც თავისუფლად უშვებს, განსაკუთრებით ონლაინსივრცეში, არასრულწლოვანებისთვის წამახალისებელი ვიდეორგოლებისა თუ სხვა ტიპის სარეკლამო მასალების მიწოდებას. ასევე, ონლაინ–თამაშებში რეგისტრაციის უაღრესად გამარტივებული პირობები პრაქტიკულად არ ზღუდავს არასრულწლოვანების მონაწილეობას აზარტულ თამაშებში.

ზურა კუკულაძის განცხადებით, ონლაინ–თამაშები სხვა დამატებითი რისკების მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებაზე და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომლებიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში პირების რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.

წყარო: გაზეთი “ბანკები და ფინანსები”

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ