ალბერტ აინშტაინი: რატომ სოციალიზმი?

ინგლისურიდან თარგმნა ზვიად ავალიანმა
სტატია დაწერილია 1949 წელს, სოციალისტურ ჟურნალ monthly review-სთვის

უნდა გამოთქვას თუ არა საკუთარი აზრი სოციალიზმზე ადამიანმა, რომელიც არ არის ეკონომიკური ან სოციალური საკითხების სპეციალისტი?

რამდენიმე მიზეზის გამო ვფიქრობ, რომ უნდა გამოთქვას!

მოდით თავდაპირველად განვიხილოთ ეს საკითხი მეცნიერული ცოდნის გადასახედიდან. მაგალითად: გარეგნულად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასტრონომიასა და ეკონომიკას შორის არსებითი მეთოდოლოგიური განსხვავება არ არის. როგორც ასტრონომიაში, ასევე ეკონომიკაში მეცნიერები  ცდილობენ აღმოაჩინონ მოვლენათა გარკვეული ჯგუფისთვის დამახასიათებელი საერთო კანონები, რათა ამით, რაც შეიძლება ზუსტად დაადგინონ კავშირი ამ მოვლენებს შორის.

მაგრამ სინამდვილეში მეთოდოლოგიური განსხვავება არსებობს. ზოგადი კანონების აღმოჩენა, ვთქვათ, ეკონომიკაში რთულდება იმით, რომ ხილული ეკონომიკური მოვლენები  განიცდიან ბევრი გარეგანი ფაქტორის ზემოქმედებას, რომელთა სათითაოდ შესწავლა ძალიან რთულია.

ამასთანავე ცნობილია, რომ ის ისტორიული გამოცდილება, რომელიც კაცობრიობამ  ე.წ. „ცივილიზებული პერიოდის“ დადგომის შემდეგ დააგროვა, საკმაოდ შეზღუდულია და ამავდოულად სხვადასხვა, თავისი ბუნებით სრულიად არაეკონომიკური ფაქტორებითაც არის დამახინჯებული.

მაგალითად – ცნობილია, რომ დიდი ქვეყნების უმეტესობა დამპყრობლური ომების შედეგად წარმოიშვა. დამპყრობლები საკუთარ თავს ანიჭებდნენ იურიდიულ და ეკონომიკურ პრივილეგიებს დაპყრობილ ტერიტორიაზე – ითვისებდნენ მიწის განაწილების უფლებას და მხოლოდ საკუთარი რიგებიდან ირჩევდნენ ქურუმებს. თავის მხრივ ეს ქურუმები, რომელთა ხელშიც ექცეოდა კონტროლი განათლებაზე, აძლიერებდნენ კლასობრივ დეფერენციაციას და ქმნიდნენ ღირებულებათა სისტემას, რომლითაც შემდეგ ადამიანებს უნდა ეხელმძღვანელათ უკვე ქვეცნობიერ დონეზე.
ეს ისტორიული ტრადიცია ძალაშია დღესაც. ჩვენ არსად გადაგვილახავს ის, რასაც ტორსტენ ვებლენმა კაცობრიობის განვითრების „მტაცებლური ფაზა“ უწოდა. არსებული ეკონომიკური ფაქტები მიეკუთნებიან სწორედ ამ ფაზას და კანონები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ამ ფაქტებიდან, სრულიად შეუთავსებელი იქნება განვითარების რომელიმე სხვა ფაზისთვის. რამდენადაც სოციალიზმი სწორედ ამ მტაცებლური ფაზის გადალახვას ისახავს მიზნად სხვა, უფრო ამაღლებულ საფეხურზე გადასვლისთვის, თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას არ შეუძლია ბევრი რამ გვითხრას მომავლის სოციალისტური საზოგადოების შესახებ.

ამას გარდა, სოციალიზმი მიმართულია  სოციალურ–ეთიკური მიზნისკენ. მეცნიერებას არ შეუძლია მიზნის შექმნა და მით უმეტეს – ადამიანებში მათი გავრცელება. საუკეთესო შემთხვევაში, მეცნიერებამ შეიძლება მოგვაწოდოს მიზნის მიღწევის გზები, მაგრამ თვითონ მიზანს ყოველთვის მაღალი ეთიკური იდეალების მატარებელი პიროვნებები წარმოშობენ. იმ შემთხვევაში თუ ეს მიზანი მკვდრადშობილი არ არის და თუ მას გააჩნია საკმარისი სასიცოცხლო ძალა, მაშინ მას აიტაცებენ და განახორციელებენ ადამიანთა ის მასები, რომლებიც ნახევრად შეუგნებლად განსაზღვრავენ საზოგადოების ევოლუციას.

ამიტომ,  როცა ვლაპარაკობთ ადამიანურ პრობლემებზე, აუცილებელია გამოვიჩინოთ სიფრთხილე და  არ  დავეყრდნოთ გადაჭარბებულად მეცნიერებასა და მის მეთოდებს. ასევე არასწორია აზრი, თითქოს მხოლოდ ექსპერტებს აქვთ უფლება ილაპარაკონ საზოგადოებრივი მოწყობის საკითხებზე.

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ კაცობრიობა ღრმა კრიზისშია. ასეთი პერიოდებისთვის დამახასიათებელია, რომ ადამიანებს უჩნდებათ გულგრილობა ან აგრესიაც კი იმ მცირე თუ დიდი ჯგუფების მიმართ, რომელთაც ისინი მიეკუთვნებიან. მაგალითისთვის მოვიყვან შემთხვევას ჩემი პირადი გამოცდილებიდან. ამას წინათ ერთ საკმაოდ ჭკვიან და კეთილგანწყობილ ადამიანს ველაპარაკებოდი ახალი ომის საშიშროების  შესახებ, რომელიც, ჩემი აზრით, სერიოზული საფრთხე იქნებოდა კაცობრიობის არსებობისთვის. მე გამოვთქვი აზრი, რომ მხოლოდ ზენაციონალური ორგანიზაცია შეძლებდა ასეთი საფრთხის თავიან აცილებას, რაზეც ჩემმა თანამოსაუბრემ მშვიდად და ცივად მიპასუხა: „რატომ ეწინააღმდეგებით ასე კაცობრიობის განადგურებას?“
დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ ასი წლის წინ ვერავინ გააკეთებდა მსგავს განცხადებას ასე მშვიდად. ეს არის განცხადება ადამიანისა, რომელიც ცდილობდა მოეძებნა წონასწორობა საკუთარ თავში მაგრამ რომელმაც ეს ვერ მოახერხა. ეს არის იმ მტანჯველი მარტოობისა და იზოლაციის გამოხატულება, რომელთც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი? ან არსებობს თუ არა გამოსავალი?

ამგვარი კითხების დასმა ადვილია, მაგრამ ძნელია მათზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა. მე მაინც შევეცდები პასუხი გავცე მათ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში – მიუხედავად იმისა, რომ ძლიან კარგად ვიცი – ჩვენი გრძნობები და მისწრაფებები ხშირად ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია, რის გამოც შეუძლებელია მათი გადმოცემა მარტივი და ადვილად გასაგები ფორმულებით.

ადამიანი ერთდროულად არის ინდივიდუალური არსებაც და სოციალური არსებაც. როგორც ინდივიდი იგი ცდილობს დაიცვას საკუთარი და მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანების სიცოცხლე, დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები და განავითაროს მასში არსებული პოტენციალი. მეორე მხრივ, როგორც სოციალური არსება იგი ეძებს აღიარებასა და სიყვარულს სხვა ადამიანებში, ცდილობს გაუზიაროს მათ ბედნიერება, ანუგეშოს გაჭირვებაში და ზოგადად, გააუმჯობესოს მათი ცხოვრება.

სწორედ ამ განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო მიმართებათა განსაზღვრავს ინდივიდის ხასიათს, ხოლო მათი კონკრეტული კომბინაცია  გვიჩვენებს როგორც შინაგანი წონასწორობის დონეს, რომელსაც ინდივიდმა შეიძლება მიაღწიოს, ასევე იმ წვლილსაც, რომელიც  მან შეიძლება შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში. არ არის გამორიცხული, რომ ამ მისწრაფებათა თანაფარდობა ძირითდად მემკვიდრეობით გადაიცემოდეს, მაგრამ პიროვნების ჩამოყალიბება, საბოლოო ჯამში მაინც განისაზღვრება იმ გარემოცვით, სადაც ადამიანი ვითარდება; იმ საზოგადოების სტრუქტურით, ტრადიციებითა და ფასეულობათა სისტემით,  რომელშიც იგი იზრდება.
ცალკეული ადამიანისთვის აბსტრაქტული ცნება „საზოგადოება“ აღნიშნავს მთელს მის პირდაპირ თუ ირიბ დამოკიდებულებას თანამედროვეებთნ და ასევე გარდასულ თაობებთანაც. ადამიანს შეუძლია იაზროვნოს, იგრძნოს, სურდეს ან იშრომოს თავისთავად, ყველასგან დამოუკიდებლად, მაგრამ ნებისმიერი ფიზიკური, გონებრივი ან ემოციური აქტის დროს იგი იმედნად არის დამოკიდებული საზოგადოებაზე,  რომ შეუძლებელია მისი გააზრება ან გაგება საზოგადოების მიღმა.

„საზოგადოება“ უზრუნველყოფს ადამიანს საკვებით, ტანსაცმლით, სახლით, შრომის იარაღებით, ენით, აზროვნების ფორმებით (და ამ აზროვნების საგანთა უმრავლესობით); თვით მისი არსებობაც კი შესაძლებელი გახდა მრვალი მილიონი თანამედროვე თუ უკვე გარდაცვლილი ადამიანის შრომითა და მიღწევებით, რომლებიც იმალებიან ამ პატარა სიტყვის – „საზოგადოების“ უკან.

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ინდივიდის დამოკიდებულება საზოგადოებაზე არის ბუნებრივი ფაქტი, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია ისევე, როგორც ფუტკრების ან ჭიანჭველების შემთხვევაში. ამასთანავე, თუკი ჭიანჭველებისა და ფუტკრების შემთხვევაში მთელი სასიცოცხლო ციკლი, თვით  უმცირეს დეტალებამდეც კი, უცვლელად რეგულირდება მკაცრი მემკვიდრეობითი ისნტინქტებით, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება და სოციალური ქცევა მკვეთრ რყევებს განიცდის და გააჩნია ცვლილებებისადმი მიდრეკილება.

მეხსიერებამ, ახალი კომბინაციების შექმნის უნარმა და ბოლოს, ვერბალური კომუნიკაციის არსებობამ შესაძლებლობა მისცა ადამიანებს განევითარებინათ ისეთი ქცევები, რომლებიც არ არიან გამოწვეული ბიოლოგიური აუცილებლობით. ეს განვითარება გამოიხატება ტრადიციებში, ინსტიტუციებში, ორგანიზაციებში, ლიტერატურაში, სამეცნიერო და საინჟინრო მიღწევებში, ხელოვნებაში. ეს ყველაფერი გვიჩვენებს თუ როგორ ახდენს გავლენას ადამიანი თავის ცხოვრებაზე თავისივე ქცევით და ასევე იმასაც, რომ ამ პროცესში მონაწილეობს შეგნებული აზროვნება და სურვილი.

ადამიანი დაბადებისთანავე მემკვიდრეობით იღებს საკუთარ ბიოლოგიურ არსს, რომელიც ჩავთვალოთ ერთხელ და სამუდამოდ დაფიქსირებულ და უცვლელ მოცემულობად, ეს არსი თავის თავში  შეიცავს ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც.  დამატებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი საზოგადოებისგან იძენს კულტურულ არსსაც, რომელიც ყალიბდება კომუნიკაციისა და სხვა გავლენების გზით. ძირითადად სწორედ ეს კულტურული არსი განსაზღვრავს ინდივიდისა და საზოგადოებას ურთიერთდამოკიდებულებას და იგი დროთა განმავლობაში იცვლება.

თანამედროვე ანთროპოლოგია ე.წ. პრიმიტიული კულტურების შედარებითი ანალიზის გზით გვიჩვენებს, რომ  ადამიანთა სოციალური ქცევა უაღრესად განსხავებულია და ძირითადად განისაზღვრება იმ კულტურული მოდელითა და ორგანიზაციის ტიპით, რომელიც დომინირებს ამა თუ იმ საზოგადოებაში. ზუსტად ამ ფაქტს ეფუძნება იმ ადამიანთა იმედები, რომლებიც ცდილობენ უკეთესი საზოგადოების აშენებას: მათ იციან, რომ ადამიანები, თავიანთი ბიოლოგიური არსით, არ არიან ურთიერთგანადგურებისთვის განწირულები  ან მიტოვებულები სასტიკი ბედის ანაბარად, რომელიც თვითონვე შექმნეს.

თუ ჩვენ დავსვამთ კითხვას, როგორ უნდა შევცვალოთ საზოგადოების სტრუქტურა და თვით ადამიანი იმისთვის, რომ ადამიანებისთვის სიცოცხლე რაც შეიძლება სასიამოვნო გახდეს, უპირველეს ყოვლისა უნდა გავიაზროთ, რომ არსებობენ მოცემულობები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია.
როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის ბიოლოგიური არსი პრაქტიკული გაგებით უცვლელია. ამას გარდა, უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მომხდარმა ტექნოლოგიურმა და დემოგრაფიულმა განვითარებამ მოიტანა ცვლილებები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდით იქცნენ კაცობრიობის ნაწილად. მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის პირობებში, სადაც არსებობა დამოკიდებულია წარმოებაზე, შრომის მკაცრი დანაწილება და განვითარებული, ცენტრალიზებული საწარმოო სისტემა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ის დრო, რომელიც ახლა ასე იდილიური გვეჩვენება და როცა ცალკეული ადამიანები თუ მცირე ჯგუფები აბსოლუტურად თვითკმარ ცხოვრებას ეწეოდნენ სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ უკვე დღეს კაცობრიობა წარმოადგენს უზარმაზარ პლანეტარულ ერთობას წარმოებისა და მოხმარების კუთხით.

აქ ჩვენ მივუალოვდით იმ წერტილს, სადაც მე შემიძლია ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება ჩვენი დროის კრიზისის მთავარ არსთან დაკავშირებით. ეს ეხება ინდივიდის დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ. დღეს ინდივიდი ისე როგორც არასდროს აცნობიერებს საკუთარ დამოკიდებულებას საზოგადოებაზე, მაგრამ იგი არ განიხილავს ამ დამოკიდებულებას როგორც პოზიტიურ მოვლენას, როგორც ორგანულ კავშირს, როგორც დაცულობის გარანტიას. პირიქით – იგი ამ დამოკიდებულებას უყურებს  როგორც საფრთხეს საკუთარი ბუნებრივი უფლებებისა და ხანდახან თვით ეკონომიკური არსებობისთვისაც.

დღეს ადამიანის მდგომარეობა საზოგადოებაში ისეთია, რომ მასში ჩადებული ეგოისტური ინსტიქტები მუდმივად აქტიურდება და ეს იმ დროს, როცა მასშივე ჩადებული, თავისი ბუნებით უფრო სუსტი სოციალური ისნტიქტები სულ უფრო და უფრო დეგრადირდება.
დღეს ნებისმიერი ადამიანი, რა პოზიციასაც არ უნდა იკავებდეს იგი საზოგადოებაში, განიცდის ამ დეგრადაციის პროცესს. არიან რა საკუთარი ეგოიზმის შეუგნებელი პატიმრები, ადამიანები თავს გრძნობენ დაუცველად და მარტოსულად. მათ მიაჩნიათ რომ უბრალო და უწყინარი ცხოვრებისეული სიამოვნებები მათთვის არ არსებობს.
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და საშიშროებებით სავსე, ხოლო ადამიანმა შეიძლება მასში აზრი იპოვოს მხოლოდ მაშინ, თუკი იგი საკუთარ თავს საზოგადოებას მიუძღვნის.

ჩემი აზრით, თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური ანარქია არის ბოროტების ნამდვილი სათავე. დღეს ჩვენ ვხედავთ მწარმოებელთა უზარმაზარ საზოგადოებას, რომლის თითოეული წევრი ცდილობს წაართვას მეორეს კოლექტიური შრომით შექმნილი სიმდიდრე და რაც მთავარია, ამას აკეთებენ არა ძალის გამოყენებით, არამედ არსებულ კანონებზე დაყრდნობით.
აქ აუცილებელია გავიაზროთ, რომ დღეს წარმოების საშუალებები – ანუ მთელი ის პოტენციალი, რაც კი საჭიროა სამომხმარებლო საქონლისა და დამატებითი კაპიტალის შესაქმნელად – დაშვებულია იყოს და არის კიდეც ცალკეული ინდივიდების კერძო საკუთრებაში.

იმისთვის, რათა ჩემი შემდგომი მსჯელობა უფრო ადვილად გასაგები გახდეს, მე გამოვიყენებ სიტყვას „მუშები“ ყველა იმ ადამიანის აღსანიშნავად, რომლებსაც არავითარი წილი არ გააჩნიათ წარმოების საშუალებათა მფლობელობაში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინტერპრეტაცია არ შეესაბამება ამ სიტყვის ტრადიციულ გაგებას.

წარმოების საშუალებათა მეპატრონეს საზოგადოებაში გააჩნია ისეთი პოზიცია, რომ შეუძლია იყიდოს მუშის სამუშაო ძალა. ამის შემდეგ, წაროების საშუალებებზე დაყრდნობით მუშა ქმნის ახალ პროდუქტს, რომელიც ავტომატურად ხება კაპიტალისტის საკუთრება. არსებითი საკითხი აქ მდგომარეობს იმაში, თუ რას აწარმოებს მუშა და რას უხდიან მას. ორივე სიდიდე უნდა გავზომოთ რეალურ ღირებულებებში.

რამდენადაც სამუშაო კონტრაქტი „თვისუფალია“, ის, რასაც მუშა სინამდვილეში იღებს, არ განისაზღვრება იმ საქონლის რეალური ღირებულებით, რასაც იგი აწარმოებს. იგი განისაზღვრება, ერთ მხრივ  მუშის მინიმალური საჭიროებებით, ხოლო მეორე მხრივ  სამუშაო ადგილზე კაპიტალისტის მოთხოვნასა და ამ ადგილისთვის ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი მუშების თანაფარდობით. ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ მუშის ხელფასი თეორიაშიც კი არასდროს განისაზღვრება მის მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულებით.

კერძო კაპიტალს აქვს მიდრეკილება კონცენტრირდეს ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ხელში. ნაწილობრივ ეს ხდება თვით კაპიტალისტთა შორის არსებული კონკურენციის გამო, ხოლო ნაწილობრივ იმიტომ, რომ ტექნოლოგიური განვითარება და შრომის მზარდი დანაწილება იწვევს სულ უფრო მსხვილი საწარმოო ერთეულების ჩამოყალიბებას პატარა და სუსტი კონკურენტების შთანთქმის ხარჯზე. ამ განვითარების შეგედად ჩვენ ვიღებთ კერძო კაპიტალის ოლიგარქიას, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი ძალა და რომლის ეფექტური გაკონტროლება თვით ყველაზე დემოკრატიულად მოწყობილ პოლიტიკურ სისტემასაც კი არ შეუძლია. ეს მტკიცდება იმითაც, რომ საკანონმებლო ორგანოებს აკომპლექტებენ პარტიები, რომლებიც უმეტესწილად ფინანსდებიან კერძო კაპიტალისტების მიერ ან განიცდიან მათ ძლიერ გავლენას. ეს კაპიტალისტები, თავიანთი პრაქტიკული ინტერესების გამო, აშორებენ ელექტორატს საკანონმდებლო დაწესებულებას. შედეგად ვიღებთ საზოგადოებას, სადაც ხალხის წარმომადგენლები სინამდვილეში საკმარისად არ იცავენ მოსახლეობის არაპრივილეგირებული ფენების ინტერესებს. უფრო მეტიც – არსებულ პირობებში კაპიტალისტები, პირაპირ ან ირიბად, მაგრამ აუცილებლად აკონტროლებენ ინფორმაციის მთავარ საშუალებებს (პრესა, რადიო, განათლების სისტემა). ამის გამო ძლიან ძნელია, უმეტეს შემთხვევებში კი აბსოლუტურად შეუძლებელიც, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ გამოიტანოს ობიექტური დასკვნები და მათზე დაყრდნობით გააზრებულად გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური უფლებები.

კაპიტალის კერძო მფლობელობაზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის დამახასიათებელია სიტუაცია, რომელიც გადმოიცემა ორი ძირითადი პრინციპით: პირველი – წარმოების საშუალებები (კაპიტალი) არის კერძო საკუთრებაში და მას კაპიტალისტი საკუთარი შეხედულებებისამებრ იყენებს; და მეორე – სამუშაო კონტრაქტი ნებაყოფლობითია. რა თქმა უნდა, ბუნებაში არ არსებობს „სუფთა“ კაპიტალისტური საზოგადოება. მაგალითისთვის აღსანიშნავია, რომ თუნდაც მუშებმა, ხანგრძლივი და სასტიკი პოლიტიკური ბრძოლების შედეგად მიაღწიეს „თავისუფალი შრომითი კონტრაქტის“  პირობების გაუმჯობესებას გარკვეული კატეგორიის მშრომელებისთვის, მაგრამ თუ სურათს მთლიანობაში შევხედავთ, დღევანდელი ეკონომიკა ცოტა რამით თუ განსხვავდება აბსოლუტურად „სუფთა“ კაპიტალიზმისგან.

დღეს წარმოების მიზანი არის მოგება და არა მოხმარება. არ არის არავითარი გარანტია, რომ ისინი, ვისაც შეუძლიათ და სურთ მუშაობა, ყოველთვის შეძლებენ სამუშაოს პოვნას. „უმუშევართა არმია“ თითქმის ყოველთვის სახეზეა. მშრომელებს სამუშაოს დაკარგვის მუდმივივი საშიშროების პირობებში უწევთ ცხოვრება. მეორე მხრივ, ვინაიდან უმუშევრები და დაბალანაზღაურებადი მშრომელები არ წამოადგენენ მომგებიან ბაზარს, სამომხმარებლო საქონლის წარმოება კიდევ უფრო იკვეცება და შედეგად ვიღებთ საშინელ გაჭირვებას.

ტექნიკური პროგრესი, იმის ნაცვლად რომ გააუმჯობესოს შრომის პირობები ყველასათვის, უფრო ხშირად იწვევს უმუშევრობის ზრდას. მოგებისკენ მიდრეკილება, კაპიტალისტებს შორის კონკურენციასთან ერთად კომბინაციაში წარმოშობს  არასტაბილურობას კაპიტალის დაგროვებასა და გამოყენებაში, რასაც მივყავართ სულ უფრო ღრმა დეპრესიისკენ. შეუზღუავი კონკურენცია ერთ მხრივ წარმოშობს შრომითი რესურსების არნახულ  ფლანგვას, ხოლო მეორე მხრივ  ინდივიდის შეგნებაში იწვევს სოციალური შეგნების  პარალიზებას, რაზეც უკვე ვლაპარაკობდი.
სწორედ ამ შეგნების პარალიზება მიმაჩნია კაპიტალიზმის ყველაზე დიდ ბოროტებად. მთელი ჩვენი განათლების სისტემა დაავადებულია ამ ბოროტებით. სტუდენტებში ინერგება გადაჭარბებული კონკურენციული მიდგომა. მათ ზრდიან და მომავალი კარიერისთვის ამზადებენ  მომხმარებლური წარმატების სულისკვეთებით.

დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა ამ საშინელი ბოროტებისგან გასათავისუფლებლად. ეს გზა არის სოციალისტური ეკონომიკის შექმნის გზა. ამ ეკონომიკის პარალელურად უნდა შეიქმნას ისეთი განათლების სისტემაც, რომელიც ორიენტირებული იქნება სოციალურ მიზნებზე. ამგვარ ეკონომიკაში წარმოების საშუალებები ეკუთვნის თვით საზოგადოებას და მათი გამოყენება ხდება გეგმიურ საფუძველზე. გეგმიური მეურნეობა, რომელიც წარმოებას შეუსაბამებს საზოგადოების მოთხოვნილებებს, სამუშაოს გაანაწილებს ყველაზე, ვისაც შეუძლია შრომა და გარანტირებულად დაიცავს თითოეული კაცის, ქალის თუ ბავშვის სიცოცხლეს.
ასეთ სისტემაში, განათლება ერთ მრივ განავითარებს ადამიანის ბუნებრივ უნარებს, ხოლო მეორე მხრივ, დღეს არსებული ძალისა და წარმატების თაყვანისცემის  ნაცვლად მათში გააქტიურებს თანამოქალაქეების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობას .

აუცილებელია გვახსოვეს, რომ გეგმიური ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის სოციალიზმი. გეგმიური ეკონომიკა, თავისთვად აღებული, შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდივიდის ტოტალური დამონებისთვისაც. სიციალიზმის მიღწევა მოითხოვს რამდენიმე უაღრესად რთული სოციო–პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტას.
მაგალითად: როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ბიუროკრატიის ყოვლისშემძლე მონსტრად გადაქცევა იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება უკიდურესად კონცენტრირებული იქნება? როგორ უნდა დავიცვათ ინდივიდის უფლებები და როგორ შევქმნათ ამით ბიუროკრატიის ძალაუფლების დემოკრატიული  საპირწონე?

ჩვენს გარდამავალ პერიოდში სოციალიზმის მიზნებისა პრობლემების განსაზღვრა უაღრესად მნიშვნელოვანია. ვინაიდან დღევანდელ პირობებში თავიუფალ დისკუსიას ამ საკითხის ირგვლივ მძლავრი ტაბუ აქვს დადებული, ამ ჟურნალის დაარსება უაღრესად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმედ მიმაჩნია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ