რა არის სოციალ-დემოკრატია? (თავი I)

european.ge ქართულ საზოგადოებას სთავაზობს ინგვარ კარლსონისა და ანა მარია ლინდგრენის ცნობილ წიგნს „რა არის სოციალ–დემოკრატია“.

წიგნში პოპულარული ენით არის გადმოცემული სოციალური დემოკრატიისა და ზოგადად სოციალური სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები. აგრეთვე განხილულია სოციალ–დემოკრატიის, როგორც იდეოლოგიის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები, რაც მან ევროპაში გაიარა.

წიგნს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის გარემოება, რომ მისი ერთი თანაავტორი, ინგვარ კარლსონი, შვედეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი და შვედეთის სოციალ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა.

წიგნი ჩვენს საიტზე გამოქვეყნდება ცალკეულ თავებად. ვფიქრობთ ქართველი მკითხველისთვის, რომელიც აშკარად არ არის განებივრებული ინფორმაციით ევროპული სოციალ–დემოკრატიის შესახებ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს წინამდებარე წიგნის გაცნობა.

წიგნის თარგმნასა და მომზადებისთვის გაწეული დახმარებისთვის european.ge მადლობას უხდის ქალბატონ ქეთევან ამირეჯიბს.

 

რა არის სოციალ-დემოკრატია? 

(წიგნი იდეებისა და მისწრაფებების შესახებ)

თავი I

სოციალ-დემოკრატების, როგორც პოლიტიკური პარტიის ისტორია 120 წელს ითვლის, ამასთანავე, სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი მმართველი პარტია იყო. ეს საკმაოდ დიდი დროა და რა თქმა უნდა, პარტიის აქტიურმა მიმდევრებმაც კი არ იციან ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში მოხდა. ამიტომ, თხრობას მოკლე ისტორიული მიმოხილვით დავიწყებთ. ეს მიმოხილვა ძირითადად აღწერითი ხასიათისაა, თუმცა, მაინც შეიცავს ზოგიერთ შეფასებით და სადისკუსიო მომენტს.  შვედეთის სოციალ-დემოკრატიის ისტორია შეიძლება ოთხ ეტაპად დავყოთ:

– ბრძოლის პერიოდი – 1870 წლების ბოლოდან 1920-იანი  წლების დასაწყისამდე, როდესაც საყოველთაო საარჩევნო უფლების პრინციპმა გაიმარჯვა.

– გარდატეხის პერიოდი – 1940-იანი წლების შუა ხანებამდე. ამ დროს პარტია ქვეყანაში ყველაზე მრავალრიცხოვან პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა.

– სახალხო სახლის მშენებლობის პერიოდი – მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე. ამ დროს ქვეყანაში გატარდა ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმები.

– ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდი – ამ დროს ინდუსტრიულ საზოგადოებაში მომხდარმა ცვლილებებმა და მზარდმა ინტერნაციონალიზაციამ  შეცვალა პოლიტიკის გატარების პირობები და შესაძლებლობები. ეს არის დრო, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ.

ბრძოლის პერიოდი

XIX  საუკუნის შუა ხანებისთვის აშკარა გახდა, რომ მუშებს გაუჩნდათ პოლიტიკური და პროფესიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების სურვილი. 1880-იანი წლებისთვის ეს მისწრაფება სასიცოცხლო მოთხოვნილებად იქცა.

სოციალ-დემოკრატიული პარტია 1889 წელს ჩამოყალიბდა. მისი შექმნის ინიციატორი იყო  სტოკჰოლმის სოციალ-დემოკრატიული საზოგადოება. ამ საზოგადოებამ დამფუძნებელ კონგრესზე დაპატიჟა ყველა მაშინ არსებული სოციალ-დემოკრატიული  და პროფესიული ორგანიზაცია.  პროფესიული კავშირების დაპატიჟება იმით იხსნებოდა, რომ ორგანიზატორების რწმენით, პოლიტიკური და პროფკავშირული საქმიანობა ერთმანეთისგან განუყოფელი იყო, ვინაიდან, ორივე მშრომელთა გათავისუფლების საქმეს ემსახურებოდა. მაგრამ, ასეთ თვალსაზრისს ყველა პროფკავშირული ორგანიზაცია როდი ეთანხმებოდა. ამიტომ კონგრესს ქვეყანაში იმხანად არსებული პროფკავშირების მხოლოდ მეხუთედი დაესწრო. პოლიტიკური და პროფესიული საქმიანობის მტკიცე კავშირი, რომელიც შვედური სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია, შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა.

პარტიის პირველი კონგრესის მთავარი მოთხოვნები იყო: საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლება, პროფესიული გაერთიანებების შექმნის უფლება და დღიური სამუშაო დროის რვა საათამდე შემცირება.

პარტიის ისტორიის პირველი ათწლეულები სახელისუფლებო ძალებთან მძაფრი ბრძოლით გამოირჩეოდა. საარჩევნო უფლებებისათვის ბრძოლაში სოციალ-დემოკრატია ლიბერალურ დაჯგუფებებთან ერთად გამოდიოდა. რიკსდაგში სოციალ-დემოკრატიის პირველი წარმომადგენელი ელმარ ბრანტინგი სწორედ ლიბერალებთან თანამშრომლობის შედეგად იქნა არჩეული. მაგრამ, რიკსტაგის კონსერვატიული ისტებლიშმენტი ძალიან ხისტი მეთოდებთ თრგუნავდა მშრომელთა პოლიტიკურ და პროფკავშირულ მისწრაფებებს. მუშათა მოძრაობის ზოგიერთი ხელმძღვანელი გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს მკრეხელობის, მეფის შეურაცხყოფის და არსებული წესრიგისათვის საფრთხის შექმნის ბრალდებით – ე.ი. პოლიტიკური აგიტაციის გამო. მუშები, რომლებიც პროფკავშირებში აქტიურობდნენ, ხშირად კარგავდნენ სამუშაოს და ხვდებოდნენ ე.წ. “შავ სიებში“. ეს კი ნიშნავდა, რომ ისინი ხელახლა ვეღარასდროს დაიწყებდნენ  მუშაობას. ამიტომ, ბევრი მათგანი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

ზოგი რამ 1895 წლის რეალური ფაქტებიდან:

ოთხბავშვიანი ოჯახი ნორჩეპინგში თვეში 36 კრონზე ცხოვრობდა.

1895 წლის 1 დეკემბერს ფაბრიკის მუშის ცოლი წავიდა სასურსათო მაღაზიაში, რომელიც ნორჩეპინგის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა და იყიდა 4 ლიტრი რძე, 1კგ. თევზი, 12კგ. ფქვილი, 2ლიტრი ლამპრის საწვავი, ცოტაოდენი ბურღული, ბრინჯი, კარტოფილი, მარგარინი, ძეხვის ნაჭერი და ნახევარი კილოგრამი ყავა.

რძე ოჯახს სამი დღე ეყო. ამიტომ, ქალმა კიდევ 4 ლიტრი შეიძინა. ბურღული და ფქვილი ერთ კვირაში გამოილია. ფქვილისაგან პურს აცხობდნენ, ბურღულისაგან კი ფაფას ხარშავდნენ; ეს იყო ოჯახის ძირითადი საკვები.

ასე გამოიყურებოდა შესაძენი პროდუქტების სია და ოჯახის მენიუ კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე: რძე, ფქვილი, კარტოფილი, იაფასიანი თევზი, ცოტაოდენი ხორცი ან ძეხვი, სოდა და საპონი. ერთადერთი ფუფუნება იყო ყავა.

პროდუქტების შესაძენად თვის განმავლობაში 35 კრონი და 37 ერე (ხურდა ფული) იხარჯებოდა. ამის შემდეგ საოჯახო ბიუჯეტში მხოლოდ 63 ერე რჩებოდა.

ეს მუშა ოჯახითურთ ცხოვრობდა ბინაში, რომელიც ერთი ოთახისგან და სამზარეულოსაგან შედგებოდა. იგი  მუშაობდა კვირაში ექვსი დღის განმავლობაში 11-12 საათს და ამაში 36 კრონს იღებდა. ეს ხელფასი ექვსს ადამიანს უნდა გასწვდომოდა,  ვინაიდან მისი ცოლი ოთხ მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა და შინ იჯდა. რაიმე სახის ბავშთა დაწესებულებები, რა თქმა უნდა, არ არსებობდა.

ოჯახის ჩანაწერების წიგნაკი დეკემბერში დახარჯული  თანხების სურათს ასახავს. როგორც ჩანს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყიდულობდნენ თანხით, რომელსაც მამაკაცი რაღაც დამატებითი სამუშაოს შესრულებით შოულობდა. ამ წიგნაკის კითხვისას ვერაფრით მიხვდებით, რომ ჩანაწერები ახალი წლის დამდეგს არის შეტანილი. საახალწლო საჩუქრებისა და სუფრისთვის ერთი ერეც კი არ არის გათვალისწინებული.

ასეთი იყო მუშათა ცხოვრება 1890-იან წლებში: უსასრულოდ გრძელი სამუშაო დღე, მძიმე საცხოვრებელი პირობები, ხელფასი, რომელიც მხოლოდ ყველაზე აუცილებელ ხარჯებს წვდებოდა.   არაჯანსაღი სამუშაო გარემოს გამო მშრომელები ხშირად ავადდებოდნენ, მიუხედავად ამისა, მათ არ ჰქონდათ საშუალება სამედიცინო დახმარება მიეღოთ. ნორჩეპინგის საფეიქრო მრეწველობაში დასაქმებული მუშების გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი საწარმოო მტვრისგან გამოწვეული ფილტვების დაავადებები იყო.

მუშებს არ შეეძლოთ თავიანთი შვილებისთვის განათლების მიცემა ( მათი ბავშვები ექვსი წლის განმავლობაში სკოლაში სწავლობდნენ, შემდეგ კი მათ ფაბრიკა ელოდათ), სიბერეში   პენსია არ ეძლეოდათ. ბევრი მათგანი 60 წელსაც ვერ აღწევდა, თუ მუშაობა აღარ შეეძლოთ უნდა ემათხოვრათ და ღარიბთა თავშესაფარში ეცხოვრათ. ისინი ვერ მონაწილეობდნენ არჩევნებში. რიკსდაგის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ მამაკაცებს, რომელთა წლიური შემოსავალი 800 კრონს მაინც შეადგენდა (ქალები საერთოდ ვერ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას). მამაკაცის საშუალო წლიური შემოსავალი XIX საუკუნის დასაწყისში 600-700 კრონი იყო. ქალების გაცილებით უფრო მცირე, რადგან იმავე სამუშაოში, რაც მამაკაცებს, მათ საგრძნობლად ნაკლებს უხდიდნენ. მუშებს არ ჰქონდათ უფლება რაიმე მოლაპარაკება ეწარმოებინათ. ხელფასს დამქირავებელი აწესებდა და მუშაკის დათხოვნა მას ყოველ წუთს შეეძლო.

სამუშაოზე უბედური შემთხვევების შედეგად მიღებული ტრავმების კომპენსაცია არ არსებობდა, ისევე, როგორც უმუშევრობის დახმარება. რაიმე პროტესტის გამოთქმა, მითუმეტეს პროფკავშირის შექმნის მცდელობა ინიციატორთათათვის სავალალოდ მთავრდებოდა. ისინი სამუშაოს კარგავდნენ.

ასეთი იყო მუშათა მოძრაობის აღმოცენების მთავარი მიზეზები. ეს მოძრაობა იშვა იმ ადამიანების მოთხოვნებიდან, რომლებიც მძიმე მომქანცველ შრომას ეწეოდნენ ფაბრიკებსა და შახტებში, ტყეებსა თუ მინდვრებში და სურდათ ამისათვის ღირსეული ანაზღაურება მიეღოთ. ამ  მოთხოვნებში შედიოდა ხელფასის მომატება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო დღის შემცირება და სამედიცინო დახმარების დაწესება. ამასთან, იგულისხმებოდა შრომის მნიშვნელობის აღიარებისა და მისადმი პატივისცემის ამაღლების მოთხოვნა. ეს კარგად  გამოჩნდა არჩევნებში მონაწილეობისათვის და პროფკავშირული ორგანიზაციების შექმნის უფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში. უკვე სრულიად ნათელი იყო, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა –  ხელფასის გაზრდაზე, შრომით პირობებზე, პენსიაზე თუ ბავშვებისათვის განათლების მიცემაზე მოლაპარაკების დაწყება.

მიუხედავად სიძნელეებისა, პარტიის წევრთა და პროფკავშირული ორგანიზაციების რიცხვი იზრდებოდა. საყოველთაო არჩევნების შემოღებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო რიკსდაგის 1907 და 1909  წლების გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც 24 წელს მიღწეულ შვედ მამაკაცებს მიენიჭათ რიკსდაგისა და კომუნების არჩევნებში ხმის მიცემის უფლება; მაგრამ, კომუნაში ხმის მიცემა პირდაპირ უკავშირდებოდა მატერიალურ მდგომარეობასა და შემოსავალს. რაც უფრო შეძლებული იყო ადამიანი, მით უფრო მეტი ხმა ჰქონდა. (შესაძლებელი იყო, რომ ერთ ადამიანს 40 ხმაც კი ჰქონოდა). ამის გამო, გაჩნდა სახელწოდება „ორმოცგრადუსიანი სკალა“. ეს პირობა წამოაყენა მემარჯვენე პარტიამ. ამის გარეშე იგი არ თანხმდებოდა რომ ხმის მიცემის უფლება გაფართოებულიყო.

ეს გადაწყვეტილება   სოციალ-დემოკრატიის და ლიბერალების ნაწილობრივი გამარჯვება იყო. ამასთანავე, დასკვნით ტურში სოციალ-დემოკრატებმა ხმა მისცეს საკუთარ მოთხოვნას, რომ ქალებისა და მამაკაცებისთვის  საყოველთაო, თანასწორი ხმის მიცემის უფლება მინიჭებოდათ. ახალი წესების მიხედვით, ქალებს მაინც არ მისცეს რიკსდაგის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ, გადაწყდა, რომ ისინი ხმას მისცემდნენ კომუნებში არჩევნების დროს, თუ მათი შემოსავალი და მატერიალური მდგომარეობა დააკმაყოფილებდა წამოყენებულ მოთხოვნებს.

1917-1918  წლებში მემარჯვენეები მძაფრად ეწინააღმდეგებოდნენ საყოველთაო, თანასწორუფლებიანი ხმის მიცემის დაწესებას. მათ დათმეს პოზიციები მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გახშირდა შიმშილის გამო მოსახლების მღელვარება და  მსოფლიოში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც რუსული და გერმანული რევოლუციები იყო. ხმის მიცემის რეფორმა, რომელმაც ყველა ზრდასრულ ქალსა და მამაკაცს თანაბარი უფლება (თითოეულს -თითო ხმა) მიანიჭა, ლიბერალებისა და სოციალ-დემოკრატების სამთავრობო კოალიციამ შემოიღო. ამავე მთავრობამ 1919 წელს წამოაყენა რვა საათიანი სამუშაო დღის პროპოზიცია; ეს მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა იყო.

ხმის მიცემის უფლების რეფორმა ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ორ რიკსდაგს უნდა მიეღო. მაგრამ, პირველი და მეორე რიკსდაგის სხდომებს შორის მოეწყო არჩევნები, რომლებიც ძველი კანონმდებლბით ჩატარდა. მხოლოდ 1921  წელს შედგა პირველი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შვედმა ქალებმა. ახალ სამანდატო პერიოდში რიკსდაგში უკვე გამოჩნდნენ ქალი დეპუტატები – ოთხი მეორე პალატაში და ერთი პირველში.

დაახლოებით იმავე დროს, როდესაც გატარდა ეს რეფორმა, დაიშალა სოციალ-დემოკრატიული პარტია. ამის მთავარი მიზეზი იყო აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პარტიული მუშაობისა და ბრძოლის მეთოდები – მშვიდობიანი და რეფორმისტული თუ შეიარაღებული და რევოლუციურ გარდაქმნებზე ორიენტირებული.

ეს კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა თავდაცვის საკითხში წარმოშობილი უთანხმოებების გამო. ოპოზიციურმა ჯგუფმა მოითხოვა რადიკალური განიარაღება და 1917 წლის პარტიულ კონგრესზე წააგო კენჭისყრა. ეს იქცა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორად გაყოფის წინაპირობად.  გამოყოფილი ახალი ორგანიზაცია თავდაპირველად შვედეთის მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიად იწოდებოდა, მაგრამ 1921 წელს იგი შეუერთდა კომუნისტურ ინტერნაციონალს და შვედეთის კომუნისტური პარტია დაირქვა. გავიდა კიდევ რამდენიმე ათწლეული, ამ პერიოდში პარტია კიდევ რამდენჯერმე გაიყო და სახელიც არაერთხელ შეიცვალა. დღეს მას მემარცხენე პარტია ეწოდება.

გარდატეხის პერიოდი     

1920-იან წლებს, ჩვეულებრივ, პარლამენტში უმცირესობათა ხანას უწოდებენ. ამ პერიოდში არც ერთ პარტიას არ ჰქონდა უმრავლესობა რიკსდაგში და ვერ ხერხდებოდა ორი და მეტი პოლიტიკური ორგანიზაციის სტაბილური თანამშრომლობა. 1920 წლის დასაწყისიდან 1932 წლის შემოდგომამდე შვედეთში ათი სხვადასხვა მთავრობა გამოიცვალა. თითქმის ყველა მათგანმა ორ წელზე ნაკლები  იმუშავა. ამ მთავრობათაგან სამი სოციალ-დემოკრატიული იყო. 20-იანი წლებში გამეფებული იყო ეკონომიკური დეპრესია  და ძალიან გაიზარდა უმუშევრობის დონე. პარლამენტის არამდგრადობისა და ეკონომიკური პრობლემების გამო მნიშვნელოვნად შეიზღუდა  მთავრობების მოქმედების არე და საზოგადოებრივი რეფორმები შენელდა.

ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ ბევრი ადამიანი სოციალ-დემოკრატიას საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნევდა, ამ პერიოდში კი ეს პარტია გაძლიერდა და ხელისუფლებაში მოვიდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. კონსერვატულ ჯგუფებს ჯერ კიდევ ძალიან ეშინოდათ მუშათა მოძრაობის და ამიტომ აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მას. ეს ნათლად წარმოაჩინა პროპაგანდამ, რომელიც 1928 წლის არჩევნების დროს სოციალ-დემოკრატების მოწინააღმდეგენი ეწეოდნენ. იგი მიზნად ისახავდა ხალხში შიშის დათესვას. მემარჯვენეთა ერთ პლაკატზე დახატული იყვნენ ოჯახებიდან გამოგდებული ქალები, რომლებსაც შავკანიანი მონებით მოვაჭრე ყიდულობდა; მეორე პლაკატი იმუქრებოდა, რომ თუ სოციალ-დემოკრატები გაიმარჯვებდნენ, ადამიანები საცხოვრებელ ბინებსა და ფულად დანაზოგს დაკარგავდნენ.

1932 წელს, რიკსდაგის არჩევნებში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, სოციალ-დემოკრატებმა თავიანთი მეორე მთავრობა ჩამოაყალიბეს. წინასაარჩევნო დაპირებებიდან უმთავრესი უმუშევრობასთან ბრძოლა იყო. მაგრამ, მიუხედავად გამარჯვებისა, სოციალ-დემოკრატიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა რიკსდაგში. ამიტომ, სტაბილური სამთავრობო პლატფორმის შესაქმნელად, საჭირო გახდა ეკონომიკური თანამშრომლობის  ხელშეკრულების გაფორმება გლეხთა პარტიასთან (ე.წ.1933 წლის კრიზისული შეთანხმება). ამან ჩაუყარა საფუძველი თანამშრომლობას, რომელიც პერიოდულად ახლდებოდა XX საუკუნის განმავლობაში. ბოლო ასეთი პერიოდი 1990-იანი წლების შუახანებში იყო.

კრიზისული შეთანხმება შეიცავდა ეკონომიკური კურსის ახალ გაგებას და მოასწავებდა იმ კონიუნქტურულ პოლიტიკაზე გადასვლას, რომელსაც ჩვეულებრივ კეინსიანიზმს უწოდებენ.

პარტიები  იზიარებდნენ აზრს, რომ კონიუნქტურის დაქვეითების პირობებში, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები პროდუქტიულობისა და დასაქმების დონის ასამაღლებლად. პირველად ეს პოლიტიკა სრულად განხორციელდა 1950-60 -იან წლებში  და რადგან იგი მშრომელთა  ბაზრის მოწესრიგების აქტიურ პოლიტიკასთან ერთად ტარდებოდა, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა.

1930-იანი წლების მეორე ნახევარში სახელმწიფოს მონაწილეობა სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში შედარებით შემცირდა. ეკონომიკური აღორძინება ძირითადად ეყრდნობოდა იმ მაღალ კონიუნქტურას, რომელიც ევროპის მილიტარიზაციამ მოიტანა, მაგრამ, კრიზისული შეთანხმების პრინციპული მნიშვნელობა ძალიან დიდი იყო. ის მოწმობდა, რომ მოსახლეობის დასაქმების მაღალი დონის უზრუნველყოფის საქმეში სახელმწიფოს როლის ახალი გაგება გაჩნდა.

ბაზრის თვითრეგულაციის გადაჭარბებული რწმენა იყო მთავარი მიზეზი იმ პერიოდში გაბატონებული უსუსურობისა უმუშევრობასთან ბრძოლის საქმეში. კრიზისულმა შეთანხმებამ უჩვენა ამ უსუსურობის დაძლევის გზა.

1930-იან წლებში გატარდა პირველი სოციალური რეფორმები – გაუმჯობესდა ბავშვიანი ოჯახების უზრუნველყოფა, დაკანონდა ორკვირიანი შვებულება და გაეზარდა დახმარება ინვალიდთა ზოგიერთ კატეგორიას. პენსია იმდენად მცირე იყო, რომ  ყოველი მესამე პენსიონერი საჭიროებდა ღარიბთა სამსახურის დახმარებას, მაგრამ წინადადებამ დამატებითი პენსიის შესახებ   მხარდაჭერა რიკსდაგში ვერ ჰპოვა. ეს იმიტომ მოხდა, რომ გლეხთა კავშირი მაშინ სხვა ბურჟუაზიული პარტიებთან თანამშრომლობდა. ამის გამო პერ ალბინ ჰანსონის მთავრობა 1936 წლის გაზაფხულზე გადადგა, თუმცა , იმავე გაზაფხულზე, რიკსდაგის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კვლავ დაბრუნდა.

1939 წლის შემოდგომაზე, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, შეიქმნა კოალიციური მთავრობა, რომელშიც ყველა მმართველი პარტია შევიდა (კომუნისტების გარდა). სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე პერ ალბინ ჰანსონი კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს მთავრობა დაითხოვეს ომის დამთავრების შემდეგ. ამის შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა კვლავ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს მთავრობა.

ციტატა სტატიიდან: „ჩვენ არაფერი მიგვიღია უფასოდ“ (გამოქვეყნებულია აღმოსავლეთ-გიოტლანდური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ქალთა განყოფილების საიუბილეო წიგნში 1984წ.)

„ჩვენ ვცხოვრობდით სხვენის ოთახში. იქ იდგა ერთი რკინის ღუმელი, რომელიც უამრავ შეშას ნთქავდა. ჩვილით ხელში, ბავშვის ეტლით, შეშის შეკვრებით და სურსათით სავსე ჩანთებით დატვირთულს უნდა აგევლო უსაშველოდ გრძელი კიბე. წყალიც ეზოდან უნდა გეტარებინა ამ სხვენში. საზიზღარი ტუალეტიც ეზოში იყო.

როგორც იქნა, პირველ სექტემბერს თანამედროვე,  ერთოთახიანი ბინა მივიღეთ. რა ბედნიერება იყო იმ კარის გაღება: ახალი, ლამაზი, მბზინავი იატაკი, ლაპლაპა ონკანები, თბილი წყალი, ნამდვილი საკუჭნაო, გარდერობი და ტუალეტი სარეცხისათვის განკუთვნილი ადგილით. სააბაზანო ოთახი სარდაფში მდებარეობდა. უსაზღვრო სიხარული დამეუფლა. ვფიქრობ,  ის ბედნიერი დღე არასოდეს დამავიწყდება“.

სახალხო სახლის მშენებლობის პერიოდი

ათწლეულებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მოჰყვა, ადრე, ზოგჯერ, მოსავლის აღების დროს უწოდებდნენ. იმხანად სოციალ-დემოკრატებს  უკვე შეეძლოთ განეხორციელებინათ ის ფართო სოციალური რეფორმები, რომლებზეც ოცნებობდნენ წინა წლებში. ყოველივე ამას ერთად სახალხო სახლის მშენებლობა ეწოდა. ამ რეფორმების გატარებისათვის ორი ძირითადი წინაპირობა არსებობდა – პოლიტიკური ნება, რომ დოვლათი სამართლიანად გადანაწილებულიყო და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომს მოჰყვა. (იმ დროს ინდუსტრიული წარმოება ნამდვილად მასობრივი გახდა და შვედეთის მრეწველობამ მსოფლიო ბაზარზე ძლიერი პოზიციები მოიპოვა).

მაგრამ, შვედური ინდუსტრიის სიძლიერე განპირობებული იყო ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის ბაზარზე პროფკავშირებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის ფორმების (შრომითი ბაზრის პოლიტიკის) მჭიდრო ურთიერთკავშირით. სწორედ ამას ეწოდა ,,შვედური მოდელი“.

ასე შენდებოდა „სახალხო სახლი“ და იზრდებოდა კეთილდღეობის დონე. 1947 წელს გაჩნდა ბავშვების დახმარება და დიდი დანამატი პენსიაზე. 1950 წელს რიკსდაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოღებული ყოფილიყო ცხრაწლიანი სავალდებულო სწავლება ყველა ბავშვისათვის. 1951 წელს გამოვიდა კანონი, რომელმაც ყველა დასაქმებულს მიანიჭა სამკვირიანი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების უფლება. ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა 1950-იანი წლების განმავლობაში ეტაპობრივად შენდებოდა. ბინების რაოდენობის გაზრდისა და საცხოვრებელი პირობების სტანდარტის ამაღლების მიზნით დაწესდა სპეციალური სუბსიდიები.

ბევრი სოციალური რეფორმა საკმაოდ მდგრადი პოლიტიკური ერთიანობის პირობებში გატარდა, მაგრამ, ბურჟუაზიული, ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ მზად, რომ დათანხმებულიყვნენ გადასახადების გაზრდას, რაც რეფორმების დაფინანსებისათვის იყო აუცილებელი.  სამომხმარებლო ბაზარზე უამრავი წინააღმდეგობის გაჩენის მიზეზად იქცა ბრუნვის გადასახადის (ე.წ. oms-ის) შემოღებამ სამომხმარებლო ბაზარზე ბევრი წინააღმდეგობა გააჩინა. მოგვიანებით oms-ი დამატებითი ღირებულების გადასახადად (moms-ად) იქცა.

ერთ-ერთმა რეფორმამ 1950-იან წლებში მაინც გამოიწვია ფართო და ხანგრძლივი პოლიტიკური ომი. ეს იყო საკითხი საყოველთაო ნამსახურეობის პენსიისა, რომელიც სახალხო პენსიასთან ერთად ხანდაზმულებისათვის დამატებით უნდა გადაეხადათ.

პრაქტიკულად, ეს რეფორმა მუშებსა და წვრილ მოსამსახურეებს ეხებოდა. მსხვილ მოსამსახურეთა უმრავლესობას ხელშეკრულებით უკვე ჰქონდა უფლება მიეღო დამატებითი პენსია, რომელსაც  შემოსავლებიდან ანგარიშობდნენ. დამსაქმებლები ეწინააღმდეგებოდნენ მუშებისათვის და წვრილი მოსამსახურეთათვის ასეთი ხელშეკრულების შემოღებას, ამიტომ კვლავ საჭირო გახდა  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

იმ დროისათვის ქვეყანას სოციალ-დემოკრატებისა და გლეხთა კავშირის (ამჟამად ცენტრის პარტია) კოალიციური მთავრობა ედგა სათავეში, მაგრამ, ეს ორი პარტია ძალიან განსხვავდებულად უყურებდა სოციალური პენსიის საკითხს. ამიტომ, 1957 წელს მთავრობამ გადაწყვიტა ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანა. შეთავაზებული იყო სამი ალტერნატივა: სოციალ-დემოკრატების წინადადება (ე.წ. პირველი მიმართულება) იყო ის, რომ დაკანონებულიყო ნამსახურეობის პენსია, რომელიც მუშაობის პერიოდში მიღებული  შემოსავლებიდან დაითვლებოდა. იგი დამსაქმებელს უნდა დაეფინანსებინა. გლეხთა კავშირის წინადადებაში საუბარი იყო პენსიაზე, რომლის ოდენობასაც ადამიანი თვითონ განისაზღვრავდა. ეს პენსია მშრომელებს საკუთარი დანაზოგიდან უნდა მისცემოდათ, ოღონდაც სახელმწიფო უნდა ყოფილიყო  ამ თანხის გარანტი, ე.ი. უზრუნველყო მისი ინფლაციისგან დაცვა. სახალხო პარტიისა და მემარჯვენეთა ერთობლივი წინადადებით კი, პენსია უნდა დაწესებულიყო დამქირავებლისა და დაქირავებულის ურთიერთმოლაპარაკების შედეგად, მათ მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და სახელმწიფოს არ უნდა ეკისრა გარანტის როლი.

რეფერენდუმის შედეგად სოციალ-დემოკრატების წინადადებამ მიიღო ხმების 47,1%, მეორე მიმართულებამ – 15%, ხოლო  – მესამემ – 35%;

კოალიციური მთავრობა დაიშალა და სოციალ-დემოკრატები  უმცირესობაში დარჩნენ. 1958 წლის შემოდგომაზე  მთავრობამ წამოაყენა წინადადება, რომ ნამსახურეობის პენსია პირველი მიმართულების მიხედვით განსაზღვრულიყო. მაგრამ, რადგანაც, სოციალ-დემოკრატებს არ ჰქონდათ რიცხობრივი უმრავლესობა რიკსდაგში, ეს პროექტი ვერ გავიდა და ხელისუფლებამ ახალი არჩევნები დანიშნა.

ამ არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაცილებით წინ წაიწიეს, მაგრამ საბოლოო კენჭისყრა რიკსდაგში შეიძლება ისევ უშედეგოდ დამთავრებულიყო, სახალხო პარტიის წარმომადგენელი და ყოფილი მუშა ტურე კიონიგსონი რომ არა. მან თავისი ხმა ამ კანონპროექტს მისცა.

რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო ის, რომ საპენსიო ანარიცხებმა შეადგინა კაპიტალის დიდი ფონდები; მათ სახელმწიფო აკონტროლებდა. ამ კაპიტალს აბანდებდნენ  უპირველესად მშენებლობაში, ამიტომ 1950-იან წლებში  მოხერხდა საცხოვრებელი ფართების დეფიციტის სწრაფი ლიკვიდაცია. ამდენად, ეს პერიოდი დაკავშირებულია საცხოვრებელი ფართებით ადამიანთა დაკმაყოფილების ახალ პოლიტიკასთან.

მოსახლების დასაქმებისა და კაპიტალის ზრდის პოლიტიკები მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ეს იყო ეკონომიკური და პროფკავშირული სტრატეგიის გააზრებული კურსი -მოძველებული დარგები და საწარმოები, რომელთაც არ შეეძლოთ ხელფასების გაცემა, არ იღებდნენ ეკონომიკურ მხარდაჭერას (სახელმწიფო სუბსიდიებს) და ამავე დროს არ ჰქონდათ უფლება შეემცირებინათ ხელფასი. საზოგადოება დაინტერესებული იყო, რომ ასეთი საწარმოები გამქრალიყო და სამუშაო ძალა გადანაწილებულიყო ისეთ ფაბრიკა-ქარხნებში, რომელთაც განვითარების უკეთესი პერსპექტივა და ხელფასის გადახდის უფრო კარგი პოტენციალი ჰქონდათ. ადამიანებს, რომლებიც ამ დროს სამუშაოს კარგავდნენ, შეეძლოთ მიეღოთ სახელმწიფო დახმარება  ახალი პროფესიების დასაუფლებლად და უკეთესი სამუშაო. მუშათა კომპეტენტურობის ზრდა თავის მხრივ განაპირობებდა შრომითი ბაზრის პროფესიული პროდუქტიულობის ამაღლებას.

1960-იან წლებში გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა სოციალურ სექტორში, რადგან, ამ პოლიტიკის გამო, ეს სფერო დომინანტური გახდა. ეს კარგად ეხამებოდა მოსახლეობის სხვადასხვა ფენების, როგორც მუშების ისე მოსამსახურეთა, მთავარ მოთხოვნილებებს. ეს მოთხოვნილებები იყო: განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა,    ბავშვებზე და მოხუცებზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება.

კანონი ცხრაწლიანი სავალდებულო სასკოლო განათლების შესახებ ჯერ კიდევ 1950 წელს იქნა მიღებული. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ გატარდა და 1960 წელს მთლიანად დაინერგა. 1960-იან წლებში გაიზარდა ინვესტიციები გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში. ამ პერიოდში ბევრი ახალი უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა. ჯანდაცვის სფერო ფართოვდებოდა და იხვეწებოდა ხარისხობრივად. ქალებს უნდოდათ ჰქონოდათ პროფესია  და ემუშავათ, ამიტომ საჭირო გახდა საბავშვო ბაღების რაოდენობის სერიოზული გაზრდა. ბაღების მშენებლობა 1960-იან წლებში დაიწყო, მაგრამ საკმაო რაოდენობას მხოლოდ 1980-იან წლების დასაწყისში მიაღწია.

1970-იანი წლების განმავლობაში შრომითი ბაზრის მოწესრიგების მიზნით კანონმდებლობაში  შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება.  ამ ცვლილებებმა განამტკიცეს მშრომელთა კოლექტივების უფლებები დამსაქმებელთან ურთიერთობაში ( თანამშრომლებმა მიიღეს კანონიერი უფლება საწარმოს მართვის გადაწყვეტილებებში მონაწილეობისა). დასაქმებულთა დაცვის კანონი აწესრიგებდა სამუშაოზე მიღებისა და სამუშაოდან გათავისუფლების ფორმებს. დამქირავებელს აღარ შეეძლო  ერთპიროვნულად გადაეწყვიტა ეს საკითხები. იგი ვალდებული იყო შეეთანხმებინა ეს  თანამშრომელთა ორგანიზაციებთან. დაკანონდა აგრეთვე მშრომელების უფლება შეეფასებინათ შრომის პირობები. ამან მისცა საშუალება კოლექტივების სპეციალურ წარმომადგენლებს აეკრძალათ ჯანმრთელობისათვის საშიში სამუშაოები.

ცვლილებათა პერიოდი

 1950-60-იან წლებში კეთილდღეობის დონის ამაღლება დაკავშირებული იყო სიკეთეების სოციალ-დემოკრატიულ გაგებასთან.

ამ ხედვის ძირითადი პრინციპებია: განათლებისა და შემოსავლის სიდიდისგან დამოუკიდებლად, სამედიცინო დახმარების მიღების, აგრეთვე, უმუშევრობისა და ავადმყოფობის დროს ეკონომიკური მხარდაჭერის უფლება, მშვიდი მოხუცებულობის ქონისა და საკუთარ სამუშაო ადგილზე შრომის პირობების გაუმჯობესებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. მაგრამ, ყოველივე ამას საფუძვლად ედო ძლიერი ეკონომიკა, რომელიც მუდმივად მზარდ რესურსებს ქმნიდა.

სახალხო სახლის მშენებლობის პერიოდი დაემთხვა ვითარებას, რომელსაც ეკონომიკის ისტორიაში, ჩვეულებრივ, მომწიფებულ ინდუსტრიულ საზოგადოებას უწოდებენ. სტაბილურმა შრომითმა ბაზარმა, მაღალმა ტექნიკურმა ხარისხმა, მუშათა და დამსაქმებელთა თანამშრომლობამ, რომელიც მიზნად ისახავდა წარმოების ეფექტურობის მუდმივ ზრდას, მოუტანა წარმატება შვედურ ეკონომიკას არა მარტო საექსპორტო დარგებში. ამასთან ერთად, ვითარდებოდა ტექნიკა და შრომის ორგანიზაცია. ეს იწვევდა პროდუქტიულობის ზრდას. ამიტომ 1960-იან წლებში ამაღლდა ეკონომიკური ნამატის დონე. ამან კი თავის მხრივ გააჩინა როგორც საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ასევე მსყიდველუნარიანობის ზრდის რესურსები.

ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო სავალუტო ბაზრის სტაბილურობა. მას განაპირობებდა ეროვნული ვალუტის მუდმივი კურსი, რომელიც თავის მხრივ ამერიკული დოლარის სიმყარეს ეფუძნებოდა. საკრედიტო ბაზრის რყევები, რენტის დონე და ქვეყნის გარეთ ჩატარებული სავალუტო ოპერაციები კონტროლს ექვემდებარებოდა, მაგრამ 1970-იან წლებში ეკონომიკური პირობები შეიცვალა. ამან გავლენა მოახდინა პოლიტიკურ კლიმატზეც. ყოველთვის ადვილი არ იყო იმის გაგება, რომ ეკონომიკის ბევრ მნიშვნელოვან სექტორში ძირეული ცვლილებები ხდებოდა და ახალ ეტაპზე ადრინდელი პოლიტიკური მეთოდები არაეფექტური იქნებოდა.

ახალ პირობებთან შეგუებას გარკვეული დრო დასჭირდა, ამიტომ 1970-იანი – 1980-იანი წლები პოლიტიკური და ეკონომიკური  ტურბულენტურობის ხანა იყო.

შვედური ინდუსტრია წინანდელზე უფრო მძაფრ კონკურენციას შეეჩეხა. იმავდროულად, ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი ინდუსტრიული ქვეყნები, რომლებიც უფრო ნაკლები საწარმოო დანახარჯებით უძლებდნენ კონკურენციას.

ამასთან ერთად, შეიცვალა შრომის ბაზარი. ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი შემცირდა, რადგან  ტექნიკური განვითარება იმას ნიშნავდა, რომ შესაძლებელი გახდა მეტი პროდუქციის ნაკლები რაოდენობის მუშახელით წარმოება.

იმავდროულად, გაიზარდა სამუშაო ადგილები მომსახურების როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ სექტორში, (ამ უკანასკნელს საგადასახადო სისტემა აფინანსებდა).  გაიზარდა უზრუნველყოფის დონე,  ადამიანებს გაუჩნდათ უფრო მეტი ფული, ვიდრე ეს აუცილებელი იყო. კონკურენციის გამძაფრებამ და შრომითი ბაზრის განვითარებამ გავლენა იქონია ხელფასის დონეზე. გარკვეული დრო დასჭირდა იმას, რომ ადამიანები ამ მდგომარეობას შეჩვეოდნენ. საქონლის წარმოებისას შესაძლებელია სამუშაო ძალის ტექნიკით მნიშვნელოვანი გაძლიერება. ეს კი ძალიან მაღალი ეფექტურობის მიღწევას უწყობს ხელს. მომსახურების სექტორში სამუშაო ძალის გამოყენების ხარისხი განსხვავებულია. ბევრი პროფესიის შეცვლა ტექნიკური აღჭურვილობით საერთოდ შეუძლებელია, ამიტომ შრომის პროდუქტიულობა უფრო დაბალია.

თუ მშრომელთა უდიდესი ნაწილი მომსახურების სექტორში არის დასაქმებული, მაშინ შრომითი ანაზღაურების მთელი სისტემა უფრო ნელა ვითარდება: საყურადღებოა, რომ ამან არ შეანელა ხელფასების ზრდა 1970-იან – 1980-იან წლებში, მაგრამ შექმნა დანახარჯების პრობლემა საექსპორტო ინდუსტრიის სფეროში. ეს პრობლემა ძირითადად შვედური კრონის დევალვაციით იყო გამოწვეული.

ინტერნაციონალური, მყარი სავალუტო კურსების, (ე.წ. ბრეტონ-ვუდის სისტემა) დაინგრა. ნაწილობრივ, ეს გამოწვეული იყო კაპიტალის  ინტერნაციონალური ბაზრების გაფართოვებით. ამან საგრძნობლად შეზღუდა ვალუტის გარანტირებული ღირებულების შენარჩუნების შესაძლებლობა. მაგრამ, მთავარი მიზეზი მაინც ამერიკული ეკონომიკის მუდმივად მზარდი დეფიციტი იყო. ეს მთელი სისტემის სტაბილურობას უთხრიდა ძირს. 1980-იან წლებში სულ უფრო მცირდებოდა კაპიტალის ნაკადების პოლიტიკური და ეროვნული კონტროლის შესაძლებლობები. ისეთ  ქვეყნებში, როგორიც იყო აშშ და დიდი ბრიტანეთი, ახალი ლიბერალური რეჟიმების შექმნა და საკრედიტო ბაზრის რეგულირების მოშლა, ნაწილობრივ, იდეოლოგიური კურსით იყო განპირობებული. მაგრამ, ამასთან ერთად, საჭირო იყო შეგუება ფაქტობრივ განვითარებასთან. – ამ პერიოდში კაპიტალის ინტერნაციონალური ბაზრები და დიდი მულტინაციონალური საწარმოო კონცერნები სულ უფრო ართულებდნენ ფულადი ნაკადების ეროვნულ დონეზე კონტროლს.

სახელმწიფოების  უმეტესობა, შვედეთის ჩათვლით, იძულებული იყო ფეხი აეწყო ინტერნაციონალური ტენდენციებისათვის. ამასთანავე, 1970-1980-იან წლებში ქვეყანაში პერიოდულად ბრუნდებოდა ძალიან მაღალი ინფლაცია.

ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. მაგ. – 1970-იანი წლების დასაწყისში ნავთობზე ფასების ზრდა; კაპიტალის უფრო თავისუფალი ბაზრები, რომლებიც სესხების მეშვეობით აფინანსებდნენ მოთხოვნის დონის ზრდას და აგრეთვე ის, რომ ხელფასის ოდენობის განსაზღვრა არ იყო მოწესრიგებული.

ინფლაციის პრობლემები გაღრმავდა იმიტომ, რომ 1980-იან წლებში გაბატონებული იყო მყარი, მაღალი კონიუქტურა. ეს თავისთავად უწყობდა ხელს ფასების ზრდას.

მაღალ კონიუქტურასთან შერწყმულმა ინფლაციამ მოგვცა მოკლევადიანი, მაგრამ საკმაოდ დიდი უპირატესობა – დასაქმების ძალიან მაღალი დონე. 80-იანი წლების ბოლოს უმუშევრობა მხოლოდ 2 %-ს შეადგენდა. მაგრამ, ამ პროცესს მეორე მხარეც ჰქონდა. ფულის მოკლევადიანი, სპეკულაციური დაბანდება უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე პროდუქიაში ხანგრძლივი ინვესტიცია. ხელფასის მაღალმა ნომინალურმა ზრდამ გააუარესა საწარმოების კონკურენტუნარიანობა. რეალური მსყიდველობითუნარიანობა არ ვითარდებოდა, რადგან ფასები იმავე სიჩქარით იზრდებოდა. არ მაღლდებოდა მოსახლეობის მოთხოვნის დონე და ამიტომ, სამუშაო ადგილების რაოდენობაც არ იზრდებოდა. ასეთი მდგომარეობა აღარ უნდა გაგრძელებულიყო.

ყველაფერთან ერთად, ინფლაციამ უძრავ ქონებაზე ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვია, როდესაც 1991 წელს ზოგიერთი სპეკულაციური გაერთიანება გაკოტრდა, ამან იმ ბანკების კრიზისი გამოიწვია, რომელთაც  გაკოტრებულ გაერთიანებებთან დადებული გარიგებები მატერიალურად არ ჰქონდათ უზრუნველყოფილი.

ბურჟუაზიული მთავრობა, რომელმაც 1991 წელს მოუგო არჩევნები სოციალ-დემოკრატებს, იძულებული იყო ჩარეულიყო ამ პროცესში და დაეწყო საბანკო სექტორის რეკონსტრუქცია.  შესაძლოა, ეს ეწინააღმდეგებოდა მის იდეოლოგიას, მაგრამ იგი იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა, რადგან შესაძლებელი იყო, რომ საბანკო სისტემის კრიზისი ეკონომიკის სხვა სფეროებზე გავრცელებულიყო. დაახლოებით იმავე პეროიდში ინტერნაციონალურმა კონიუქტურამ კლება იწყო.

შვედეთში ეს საკმაოდ მძაფრად იგრძნობოდა. მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ინფლაციის შესაზღუდავად ( ამ დროისათვის იგი უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა); მაგრამ, ამის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ადვილია კამათი იმაზე, თუ 1980-იანი წლების რომელი პრობლემები წარმოიშვა პოლიტიკური შეცდომების გამო, ისევე როგორც, ვთქვათ, 1920-იანი წლების რომელი სიძნელეებისათვის  შეიძლებოდა თავის არიდება, თუკი სხვაგვარი პოლიტიკა გატარდებოდა. გასაგებია, რომ ბევრი რამ კეთდებოდა ინფლაციის დასამუხრუჭებლად. ამასთან ერთად იღებდნენ სხვა ზომებსაც, რომლებიც თავისთავად საჭირო იყო; მაგრამ ეს ზომები შეუფერებელ დროს  და არასწორი თანმიმდევრობით ხორციელდებოდა.

როდესაც სწორი პასუხები ვიცით, ყოველთვის ადვილია იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა გვემოქმედა, მაგრამ, პოლიტიკის მოთხოვნები ცვალებადია და როდესაც მომავლისათვის მუშაობ, შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრო, თუ როგორი იქნება შედეგი.

ჩვენი მიზანი არ არის 1970-1980-იანი წლების პოლიტიკის შეფასება, მაგრამ ვთვლით – იმ დროის და უფრო ადრეული პერიოდების ნამდვილი გაკვეთილი არის ის, რომ ძალიან ძნელია მყისიერად ცვლილებათა ზუსტი ანალიზი, აუცილებელია დრო, რომ ეს ცვლილებები ყველასთვის ნათელი გახდეს.

1980-იან წლებში სოციალ-დემოკრატების შიდაპარტიული დისკუსიების უმეტესობა ეძღვნებოდა ახალი სინამდვილის გაგება-გააზრებას. სანამ მთელი პარტიისათვის ნათელი  გახდებოდა, რომ საქმე გვქონდა მართლაცდა ახალ რეალობასთან, რომელმაც წარმოების სიღრმისეული პირობები შეცვალა, ძნელი გასაგები იყო, რომ შექმნილი ვითარება ზოგიერთი ახალი პოლიტიკური ზომის გატარებას მოითხოვდა –  იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯერ კიდევ შეგვეძლო დაგვეცვა კლასიკური, ღირებულებები, რომლებიც ჩვენი იდეოლიგიის საფუძველს წარმოადგენდნენ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ცვლილებათა პეროიდები ხშირად ტურბულენტურია. ისინი ბიძგს აძლევენ  ბევრი ძალის მოძრაობის დაწყებას. ეს მრავალ შესაძლებლობას და არანაკლები რაოდენობის პრობლემას. შესაძლებელია სწორედ ეს იყოს  პოლიტიკის მთავარი პირობა: საჭიროა დრო იმისათვის, რომ დაინახო პრობლემები და შესაძლებლობები და აგრეთვე იმისთვისაც, რომ მოიძებნოს ზემოქმედების მეთოდები.

რა გვაქვს დღეს

სოციალ-დემოკრატები  კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში 1994 წლის არჩევნების შემდეგ. ამ პერიოდში უმუშევრობამ და სახელმწიფო საფინანსო სისტემის დეფიციტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამასთანავე, ბიუჯეტის ხარჯებში ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სესხის რენტას ეკავა.

ბიუჯეტის დეფიციტი სახელმწიფო გადასახადების მნიშვნელოვან შეზღუდვას მოითხოვდა. პარტიას არ უნდოდა იმის დანახვა, რომ ეს გამოიწვევდა კეთილდღეობის დონის საგრძნობ გაუარესებას.

განახლებამ შედეგი მაინც მოიტანა. რამოდენიმე წელიწადში ბიუჯეტის დეფიციტი გაქრა, შვედური ეკონომიკა მკვდარი წერტილიდან დაიძრა და უმუშევრობის დონემაც კლება იწყო. გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ახალი რესურსები კვლავ კეთილდღეობის პოლიტიკაში დაგვებანდებინა – მაგ. უმაღლესი განათლების, ზრდასრულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და შეცვლის, სამეცნიერო კვლევების სფეროში დიდი ინვესტიციების ფორმით.

სოციალური უზრუნველყოფის სისტემა კრიზისიდან ისე გამოვიდა, რომ მას ჩრდილი არ მიდგომია. ყველაზე მძაფრი პრობლემა, რომელიც 1980-90-იანი წლებიდან მემკვიდრეობით გვერგო, შრომითი ბაზრის საკითხი იყო. უმუშევრობა რეკორდულ 1990-იან წლებთან შედარებით,  მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ  მაინც უფრო მაღალი იყო, ვიდრე 1970-80-იან წლებში.

უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზია ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება. ეს კი საერთაშორისო პრობლემებთან არის დაკავშირებული. მეორე ფაქტორი არის ეკონომიკის რეგიონალური განსხვავებები, მესამე მიზეზი კი –  მზარდი მოთხოვნები მუშა მოსამსახურეთა განათლების დონის, აგრეთვე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის და სტრესებისადმი მდგრადობის მიმართ. ამასთან ერთად, ბევრი დარგი მაღალ სოციალურ კომპეტენციას მოითხოვს. ყოველივე ამის შედეგად კი, ბევრი ადამიანი, რომელსაც ძალუძს ამა თუ იმ სამუშაოს შესრულება, განიდევნება ბაზრიდან იმის გამო, რომ რაიმე მიზეზით ვერ პასუხობს წამოყენებულ მოთხოვნებს.   იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მუშაობენ,  საავადმყოფო ფურცელზე მყოფთა და ვადაზე ადრე პენსიაში გასულთა რაოდენობა.

დღეს საავადმყოფო ფურცელზე გადასვლის საკითხს ხშირად ხსნიან ზედმეტად ლმობიერი წესებით.  არსებობს მოსაზრება, რომ ზოგი ადამიანი ბოროტად იყენებს დაზღვევას და პრობლემის გადაწყვეტა კონტროლის მეშვეობით და წესების გამკაცრებით შეიძლება.

რა თქმა უნდა, აუცილებელია წინ აღვუდგეთ სოციალური საიმედოობის სისტემის ბოროტად გამოყენებას, მაგრამ ემპირიული მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ,,ბოროტად გამოყენება“  დაკავშირებულია ინდივიდუალური მორალის გაუარესებასთან, ან იმასთან, რომ ადამიანებს უბრალოდ არ სურთ მუშაობა, ძალზე მწირი და არასარწმუნოა. უფრო სწორი იქნება ვივარაუდოთ, რომ ეს დაკავშირებულია მუშათა მიმართ მოთხოვნების  გამკაცრებასთან, რადგან, ამის შედეგად, უმნიშვნელო ავადმყოფობამ ან მცირე ტრავმამ შეიძლება ნამდვილად შეუშალოს ხელი ადამიანს სამუშაოს შესრულებაში. ოცდახუთი ან ოცდაათი წლის წინ ეს ასე არ იყო.

არსებობს აშკარა კონფლიქტი მუშაობის ეფექტურობასა და მუშა-მოსამსახურის კონკურენტუნარიანობას შორის, ისევე როგორც საზოგადოებრივი ეკონომიკისა და საზოგადოებრივი მორალის მოთხოვნებს შორის. ეფექტურობის ამაღლებისაკენ მუდმივი სწრაფვა არ უნდა გახდეს ვადამდელი შრომის უუნარობის, მკურნალობის საფასურის ზრდისა და პენსიაზე ადრეული გასვლის მიზეზი.

შრომის ბაზარზე არსებული პირობები და საზოგადოების კეთილდღეობის სისტემის ბედი მომავალი ათწლეულების უმნიშვნელოვანეს პრობლემათა რიგს განეკუთვნება. შესაძლოა, რომ სტაბილურ ეკოლოგიურ განვითარებაზე გადასვლამ კიდევ უფრო დიდი ამოცანები წამოწიოს წინ. ამას წიგნის ბოლო თავში დავუბრუნდებით.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ