2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გასაოცარი მობილიზებულობა და ერთსულოვნება გამოავლინეს და უამრავი მანიპულაციისა თუ ზეწოლის მიუხედავად შეძლეს კონსოლიდირებული და ღრმად ფესვგადგმული ავტორიტარული რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა.
აღნიშნული ცვლილება თავისი არსით საქართველოსთვის უპრეცედენტო და ისტორიულია, მაგრამ პროგრესისა და განვითარებისთვის აუცილებელია წარსული შეცდომებისა თუ მანკიერებების სიღრმისეული ანალიზი, რათა სამართლიანობის აღდგენასთან ერთად გაცნობიერებული იქნას თუ რა ტიპის რეჟიმში გვიწევდა ჩვენ ცხოვრება გასული 9 წლის მანძლზე, რა იყო ამ რეჟიმის სპეციფიკა და რა არ უნდა განმეორდეს რათა ქართველი ხალხის არჩევანს ფასი არ დაეკარგოს.
დღეს ბევრს საუბრობენ ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხზე და ჩადენილი დანაშაულებების სამართლებრივ, ლეგალისტურ შეფასებაზე. ამ საკითხის ირგვლივ ინფორმალციულ-პიარული მანიპულაციებიც მრავლადაა, რის გამოც აზრთა სხვადასხვაობაც შექმნილია.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ რეჟიმის მხოლოდ სამართლებრივი შეფასება საკმარისი არაა. კანონდამრღვევთა აღმოჩენა და დასჯა აუცილებელია, მაგრამ აგრეთვე აუცილებელია მოხდეს რეჟიმის არსის პოლიტიკური გასამართლებაც.
მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო ტიპიური ავტორიტარულობისაკენ გადახრილი არაეფექტური მმართველობა. მას ახასიათებდა რამოდენიმე უაღესად საშიში ასპექტი:
მემარჯვენე ბოლშევიზმი _ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტულ რიტორიკას მუდამ ახასიათებდა კომუნისტური წარსულის დემონიზაცია. ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც უკიდურესად მემარჯვენე ეკომონიკური თუ სხვა მიმართულების პოლიტიკისადმი ჩნდებოდა, ბოლშევიზმის ეტიკეტით ირაცხებოდა და ამგვარად მისი დელეგიტიმაცია ხდებოდა. ამასთან ერთად რეჟიმი ზედმიწევნით ინარჩუნებდა და კიდევ უფრო ეფექტურად ანხორციელებდა პოლიტიკის წარმოებისა და მიზნების მიღწევის ბოლშევიკურ წესს: რაც გულისხმობს საწინააღმდეგო აზრის სრულ ჩახშობას, ადამიანების დაყოფას „სწორად და არასწორად“ მოაზროვნეებად, „ჩვენიანებად“ და „მტრებად“. ინტენსიურად მკვიდრდებოდა აზრი, რომ ქვეყნის განვითარების კურსი ერთადერთი და უალტერნატივოა, ამიტომ ვინც მას არ ეთანხმება „ჩასარეცხი“, მარგინალი, ჩამორჩენილი ან საერთოდ მტრის ინეტესების გამტარებელია.
ამგვარი რეალურად ბოლშევიკური სტილის წარმატებულობას განაპირობებდა თანამედროვე და დახვეწილი რეპრესიული და მანიპულაციურ-პროპაგანდისტული მეთოდების ეფექტური თანშერწყმა. ამგვარი პოლიტტექნოლოგიების ასათვისებლად რეჟიმი უამრავ მატერიალურ თუ ადამიანურ „ინვესტიციას აბანდებდა“.
ბოლშევიკების მსგავსად სააკაშვილის რეჟიმს გააჩნდა „ერთადერთი ჭეშმარიტების“ პრეტენზიის მქონე „წმინდა“ იდეოლოგია _ ნეოლბერალური საბაზრო ფუნდამენტალიზმი. თუკი ბოლშევიკები კომუნისტური იდეალებისა და ადამიანთა საყოველთაო თანასწორობა/კეთილდღეობის უალტერნატივობით ახდენდნე საკუთარი დიქტატის ლეგიტიმაციას, სააკაშვილისთვის ამ ფუნქციას ნეოლიბერალურ/ლიბერტარიანული იდეალები ასრულებდნენ, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფო სრულად თავისუფლდება მოქალაქეთა კეთილდღეობის თაობაზე პასუხისმგებლობისაგან და თითოეული ადამიანის ბედი მხოლოდ საკუთარ უნარებსა და გამართლებაზეა დამოკიდებული.
ბოლშევიკების მსგავსად, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი ძალაა, ვინც იცის და უნარი შესწევს ქვეყანა წაიყვანოს ამ უალტერნატივო გზით, ამიტომაც მათნდამი ნდობა აბსოლუტური უნდა იყოს და ძალაუფლებაც სრულად კონცენტრირებულია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლშევიკთა უმეტესობისათვის კომუნისტური იდეალები მხოლოდ საკუთარი გაბატონებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და განმტკიცების საშუალება იყო, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ამ მიზნის მიღწევის გაცილებით ეფექტურ საშუალებას მიაგნო ნეოლიბერალური საბაზრო ფუნდამენტალიზმის სახით:
- განსხვავებით კომინისტებისაგან, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებელი აღარაა მოქალაქეთა სოციალურ და ეკონომიკურ ყოფაზე, რაც ბუნებრივია ამოცანებს აადვილებს და სახელისუფლებო რესუსრის მთლიანად საკუთარი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინეტერსებისაკენ მიმართვის საშუალებას იძლევა.
- ვინაიდან ბაზარი წმინდათა წმინდაა და მისი შეფერხება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბუნებრივად და ლოგიკურად იქმნება მონოპოლიები, მაგრამ რეპრესიული მეთოდების მეშვეობით ეკონომიკური რესურსები სრულად კონცენტრირებულია პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანების ხელში. შესაბამისად ეს მონოპოლიებიც რეჟიმის მიერვე კონტროლდება, მაგრამ იგივე ბოლშევიკებისაგან განსხვავებით ეს სახელმწიფო მონოპოლიები კი არაა, რომლის განმკარგველი ჩინოვნიკიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი, არამედ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის ოჯახის წევრის ან შორეული ნათესავის კერძო ბიზნესი.
- იდეოლოგიაზე დაყრდნობით რეჟიმი ცდილობს „კონკურენტუნარიანი“ და წარმატებული ადამიანის იდეალის შექმნას, რომელიც მარტo, საკუთარი შრომით ახდენს მიზნების მიღწევას. ამგვარი „ახალი ადამიანის“ აუცილებელი მახასიათებელია უკიდურესი ინდივიდუალიზმი. ინდივიდები წარმატებისაკენ სწრაფვაში ერთმანეთის პოტენციური კონკურენტები არიან. თავისუფალი ბაზრის იდეალი ცხოვრების (არა მარტო ეკონომიკურის) რეგულირების ერთადერთ და საუკეთესო მექანიზმად კონკურენციას ტოვებს. შესაბამისად მცირდება „პოტენციურ მტრებს“ შორის სოლიდარული დამოკიდებულება და არ არსებობს კოოპერაციის პრაქტიკა. ყოველივე ეს ზრდის გათითოკაცებულობას და საზოგადოების ატომიზაციას ახდენს. შეუძლებელი ხდება საერთო ინტერესებისათვის კონსოლიდირება, მათშორის უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაც.
- ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების მფლობელი ახალი გაბატონებული კლასი ახდენს კულტურულ-სიმბოლური კაპიტალის მონოპოლიზებასაც. ის ვინც სრულფასოვანი თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო მატერიალურ და ინფორმაციულ რესურსს ფლობს საზოგადოების ახალი ავანგარდი და ელიტაა, ხოლო ის ვისაც მატერიალური ვითარება არც ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას აძლევს, არც ჯანდაცვითაა უზრუნველყოფილი და არც ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი _ „ბნელი და ჩამორჩენილი“ ხალხია. რეჟიმი მედია საშუალებებით ინტენსიურად აპიარებს „ავანგარდს“, რომელიც უაღრესად დახურული და ვიწრო წრეა. დანარჩენი საზოგადოება სრულად მოწყვეტილია კულტურულ, მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ აქტივობებს. უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობა არც ამის დროს უტოვებს და არც მოტივაციას. შესაბამისად არ იქმნება მასიური საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც ვიწრო ჯგუფის ჰეგემონიას შეუშლიდა ხელს.
- საზოგადოების მასიური გაუცხოება და აპათია კიდევ უფრო ხელს უწყობს ძალაუფლების კონცენტრაციას. ნეოლიბერალური ცნება, რომ ყველამ „მხოლოდ თავისი საქმე უნდა აკეთოს“ პოლიტიკას ეგრეთწოდებული „პროფესიონალი პოლიტიკოსების“, მენეჯერების საქმედ აქცევს. ადამიანები ცდილობენ იპოვონ ეს „მათი საქმე“, ამასობაში კი „პროფესიონალ პოლიტიკოსთა“ ძალიან ვიწყო ჯგუფი სრულ ძალაუფლებას ინარჩუებს.
- ისევ ახალი იდეოლოგიის ხათრით ტოტალურად იგნორირებულია მშრომელი ადამიანების უფლებები. ინვესტიციების ფეტიშიზაცია ქმნის მითს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ინვესტორისა და დამსაქმებლის რაიმე ვალდებულებებით შეხღუდვა, თუნდაც ამის ხარჯზე მშრომელთა მონურ ვითარებაში ყოფნა იყოს საჭირო. სიღარიბე და უმუშევრობის უაღესად დიდი მაჩვენებელი დასაქმებულებს თუნდაც ამ მონური სამსახურის დაკარგვის შიშს უღვივებ და კლავს პროტესტის გამოთქმის, პროფკავშირული სოლიდარობისა და ზოგადად მოქალაქეობრივი აქტივობის სურვილსა და შესაძლებლობას.
- რეჟიმი ყოველი მისი ნაბიჯის ლეგიტიმაციას ახდენს გარეშე მტრის ხატის მეშვეობით. ტერიტორიული კონფლიქტები გამოყენებულია ამ მტრის ხატის კიდევ უფრო გასამძაფრებლად და ამ მიზანს ეწირება კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა, ქვეყნის ტერიტორიები და მოქალაქეთა სიცოცხეც კი. განსაკუთრებით ბოლო წლებში გარეშე მტერი და ოკუპაციის საფრთხე რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთადერთი საშუალება და არგუმენტია, რომლის გამოც ხალხმა უნდა დაივიწყოს ეკონომიკური სიდუხჭირეც, უუფლებობაც, უსამართლობაც, ძალადობაც, უმუშევრობაც და დემოკრატიის არარსებობაც.
- რეჟიმი იყენებს ძალადობის, დაშინებისა და ზეწოლის აქამდე უპრეცენდენტო მეთოდებს, როგორც სასჯელ აღსრულებით დაწესებულებებში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში, სკოლებში, გამგეობებში და ა.შ. სრული კონტროლი მედია საშუალებებზე რეჟიმს ხელ ფეხს უხსნის მოსახლეოიბის დიდი ნაწილი ამყოფოს „ცრუ“ რეალობაში, სადაც არსებული ძალადობა და უპერსპექტივობა იგნორირებული და შელამაზებულია.
- ქვეყანა ექსპერიმენტების ობიექტადაა ქცეული, ვითომდა ინოვაციური პოლიტიკა „ნეოლიბერალიზმის“ ზემოთაღნიშნული თვისებების კიდევ უფრო რადიკალური ფორმების მისაღწევადაა მიმართული. დეკლარირებულად ქვეყანა პროდასავლურია და განვითარების ევროპულ გზას ადგას. რეალურად სრულად იგნორირებულია ევროპელი კოლეგების რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად სწორედ სოციალურ უპასუხისმგებლობას ეხება. ქვეყანა სულ უფრო და უფრო ემსგავსება კერძო კომპანიას, რომლის მეპატრონესაც მაქსიმალური მოგების მიღების მიზნის გარდა არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
ამ და უამრავი სხვა მიზეზების გამო ჩვენი ისტორიული ამოცანაა დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია განვლილი 9 წლიანი პერიოდის შესახებ. თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გაიაზროს თუ რა ტიპის რეჟიმი გამოვიარეთ და ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ მმართველობისა და ცხოვრების ამგვარ სტილზე. თავის დროზე ამდაგვარი გადააზრება შეძლო გერმანელმა ხალხმა და სამუდამოდ დაგმო ნაცისტური რეჟიმი. დღეს ჩვენი ვალია პოლიტიკური განაჩენი გამოვიტანოთ მიშიზმს!