ქართული ბანკების მოგებამ ისტორიულ ზღვარს მიაღწია

lari-dolari1ეკონომიკის ვარდნასა და ეროვნული ვალუტის დევალვაციას კომერციულ ბანკებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის საბოლოო მონაცემები დღეს გამოაქვეყნა. 2015 წლის ბოლო კვარტლების შედეგებით, გასული წელი ამ სექტორმა, რეკორდული რაოდენობის მოგებით დაასრულა. ამ დროისთვის, საქართველოში 19 კომერციული ბანკია, საიდანაც უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ფუნქციონირებს 18 მათგანი, ხოლოდარჩენილი 1 არარეზიდენტი ბანკის ფილიალს წარმოადგენს. ჯამში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.1%-ს შეადგინს. ბაზარზე წარმოდგენილი 19 ბანკი მთლიანობაში 125 ფილიალს და 800-ზე მეტ სერვის ცენტრს ფლობს.

2015 წლის ნოემბრის პერიოდისთვის არსებული მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები – 24,7%-ით გაიზარდა და 24,4 მილიარდ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა და ეს არის მოგების ისტორიული მაქსიმუმი კომერციული ბანკების ისტორიაში. საბანკო სექტორის ფინანსური ინდიკატორების გაანალიზებისას ირკვევა, რომ მოგების მკვეთრი ზრდა ამ დარგის განვითარებასთან ერთად ლარის კურსის ცვლილებამაც მნიშნელოვნად განაპირობა. ერთ წელიწადში თითქმის 1 მილიარდი ლარით გაიზარდა კომერციული ბანკების შემოსავალი და 3,148 მილიარდ ლარის მიაღწია. აქედან, 1,980 მილიარდი ლარი პროცენტებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის და ეს მაჩვენებელი 400 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ პროცენტულ შემოსავლებს. საბანკო სექტორისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ისევ ფიზიკური პირები რჩება და მათთვის განსაკუთრებით მომგებიანი სამომხმარებლო სესხებია, მაღალი პროცენტითა და მოკლე ვადით. 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს 2,5 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული და ამ მიმართულებით ტენდენცია მუდმივად მზარდია. ერთ წელიწადში სამომხმარებლო სესხების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა. საკმაოდ სოლიდურ შემოსავლებს იღებენ ბანკები საკომისიოებიდან და გამონაკლისი არც 2015 წელი ყოფილა. მხოლოდ საბანკო მომსახურებებზე დარიცხული საკომისიოების სახით ბანკების შემოსავალმა – 247 მილიონი ლარს მიაღწია.

ერთ წელიწადში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 71,2 მილიონი ლარით გაიზარდა და ნოემბერში 453 მილიონ ლარს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 18,67%-ით აღემატება 2014 წლის და 16,05%-ით 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 2014 წელი კი კომერციულმა ბანკებმა 475 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს.
ბუნებრივია, აქტივებისა და კრედიტების მოცულობის ზრდასთან ერთად, კომერციული ბანკების შემოსავალიც იზრდება. ამ პროცესსხელს უწყობს უზარმაზარი პრეფერენციები საბანკო სექტორისთვის, რაც ეკონომიკის სხვა დანარჩენი სექტორებისთვის საერთოდ არარსებობს.

ლარის დევალვაციის შედეგად ბანკებმა საკმაოდ დიდი მოგება მიიღეს.  მათი მასშტაბური მოგება მეტყველებს იმაზეც, რომ დევალვაციის შედეგად მათი ფულის ნომინალური ღირებულება გაიზარდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 33.7პროცენტი შეადგინა. საკრედიტო პორტფელის ზრდა მეტწილად გამოწვეულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 10.4 პროცენტი იყო. ამასთანავე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2015 წლის ბოლო კვარტალში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების შემცირება აღინიშნება, მაგალითად ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 12.5 მილიონი ლარით 15.35 მილიარდ ლარამდე შემცირდა. საკრედიტო პორტფელის 80.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდის, რომლის 68.8 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. ანუ დოლარიზაციის მაჩვენებელი ამ მიმართულებითაც თვალშისაცემია.

ბოლო მონაცემებით, საბანკო სისტემის დეპოზიტების მოცულობა 29.5 პროცენტით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდა მთლიანად გამოწვეულია უცხოური ვალუტით დეპოზიტების ზრდით, სადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტით დეპოზიტების ლარით გამოსახული მაჩვენებლის გადაფასებამ. რაც შეეხება დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს, წლისმეორე ნახევარში ამ მიმართულებით მცირედი ზრდა აღინიშნება, ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი 10.9 პროცენტი დაფიქსირდა. ფიზიკური პირების ეროვნული ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთი კი 11.1 პროცენტს შეადგენს.  უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი იურიდიული პირებისთვის 4.3 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირებისთვის განაკვეთი მცირედით შემცირდა 4.1 პროცენტამდე.

წყარო: გაზეთი “ბანკები და ფინანსები”.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ