მილიტარიზმი VS კეთილდღეობა

ლევან მურადაშვილი

ყოველი დამოუკიდებელი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხთა წრეს მიეკუთვნება ეკონომიკის მილიტარიზაციის საზღვრების დადგენა. სანამ უშუალოდ იმის გამორკვევას დავიწყებდეთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს მილიტარიზმმა საზოგადეობის კეთილდღეობას, მანამდე მოკლედ დავახასიათოთ თუ რა არის ზოგადად ეკონომიკის მილიტარიზაცია. შემდგომ კი სხვადასხვა ისტორიულ მაგალითების მოშველიებით გამოვარკვიოთ, როგორ ზემოქმედებს მილიტარიზაცია ქვეყნის კეთილდღეობაზე ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ თუ სხვ. ასპექტებში.

ყველაზე მარტივად, ეკონომიკის მილიტარიზაცია გულისხმობს რესურსების გადართვას სამხედრო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების წარმოებაზე. ამ უკანასკნელის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ ყველა ის პროდუქცია, რომელიც დანიშნულია სამხედრო – საომარი თუ თავდაცვითი – მიზნებისათვის: დაწყებული ბირთვული, ბომბით დამთავრებული ოფიცრის ხელფასით. რა შეიძლება იყოს მიზანი სამხედრო ხარჯებისა? – ცხადია, თავდაცვა ან თავდაცვა აღმატებულ ხარისხში – თავდასხმა. მაშასადამე, რატომ გასწევს ესა თუ ის ქვეყანა სამხედრო ხარჯებს? – რათა თავი დაიცვას რომელიმე კაპიტალისტი სახელმწიფოს თავდასხმისაგან; ანდა იმ მიზნით, რომ თავად დაესხას სხვას.

დღეისათვის უკვე მრავალი ისტორიული მაგალითით დადასტურებულია და ყველა ცივილიზებული ერისათვის ნათელ გარემოებას წარმოადგენს ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვერცერთი ცალკეული სახელმწიფო თავისი სამხედრო ძლიერებით ვერ გაბატონდება დანარჩენ მსოფლიოზე; რომ ძალმომრეობით ვერავინ ვერაფერს მიიღებს, გარდა დამოურჩილებლობისა. დღეისათვის, მაშასადამე, უკვე მოძველებულია წარმოდგენა, თითქოს ქვეყნისა და ერის ყოველმხრივი ძლიერების საფუძველი მის სამხედრო ძალმოსილებაში მდგომარეობდეს.

ამის საპირისპიროდ, სხვათაშორის, ცნობილი ფრანგი ეკონომისტი, ფრედერიკ ბასტია მიუთითებდა, რომ ანტიკურ რომაულ და ბერძნულ საზოგადოებებში ერის მატერიალურ საარსებო წყაროს დაპყრობითი ომებისა და ძარცვის წარმოება შეადგენდა. მოგვიანებით კი, წინააღმდეგ ბასტიას მსჯელობისა, მარქსმა ცხადყო, რომ ყოველი ეპოქის ყოველ საზოგადოებაში არსებობის უმთავრეს წყაროსა და მის მატერიალურ ბაზას შეადგენს ეკონომიკა; რომ სანამ ერთი ერი მეორეს რამეს წაგლეჯდეს, მანამდე უკვე უნდა მოიპოვებოდეს თვით ,,წასაგლეჯი რამ’’, ე.ი. საძარცვი საგნის განუწყვეტელი კვლავწარმოებაც უნდა ხდებოდეს და, მაშასადამე, ცხადია, რომ საზოგადოებას ამისათვის გარკვეული წარმოების წესი უნდა გააჩნდეს. ეს ისეთივე დამახასიათებელია ძველი საზოგადოებებისათვის, როგორც თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოებისათვის. ბუნებრივია, აქედან, და არა მხოლოდ აქედან, გამოდის, რომ სამხედრო ძლიერება ვერ იქნება ეკონომიკური ძლიერების საწინდარი და რომ პირიქით, სწორედ ეკონომიკური კეთილდღეობაა პრიმატი ყოველმხრივ საერთო კეთილდღეობასთან მიმართებაში. იგივე სამხედრო ძლიერებაც აზრს კარგავს და შეუძლებელია ეკონომიკური ძლიერების გარეშე. ყოველმხრივი საზოგადოებრივი კეთილდღეობის – ამ ზემიზნის მისაღწევად კი სწორედ ეკონომიკური ძლიერება უნდა იყოს უმთავრესი საშუალება.

.     .     .

მილიტარიზმის ეკონომიკური შედეგების გამოსავლენად, უფრო სწორად კი, იმ დამღუპველი ზემოქმედების გამოსავლენად, რაც მილიტარიზაციამ შეიძლება იქონიოს ეკონომიკურ ეფექტიანობაზე – მნიშვნელოვანია, თავიდანვე აღინიშნოს, რომ სამხედრო ხარჯები, თავისი ბუნებით, არამწარმოებლური ხარჯებია. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც არაფერს ქმნის გარდა შიშისა, საფრთხისა და ტერორისა; ეს არის ხარჯები, რომლებიც მოსახლეობის რაღაც ნაწილისათვის (ჯარისკაცებისათვის, იარაღის მწარმოებელი მუშებისათვის და სხვ.) იქცევა შემოსავლებად, მაგრამ რომლის საპირისპიროდ არ იქმნება სამომხმარებლო ან თუნდაც საწარმოო დანიშნულების პროდუქცია. შესაბამისად, ეკონომიკის მილიტარიზაცია ერთ პოლუსზე თავს უყრის ნომინალურ შემოსავლებს, რომლებიც მოკლებულია სასურველ ,,რეალურ დაფარვას’’, მეორე პოლუსზე კი – ,,სიმდიდრეს’’,  რომელსაც მხოლოდ ომში აქვს თავისი სახმარი ღირებულება; ,,სიმდიდრეს’’, რომლის მოხმარება ანადგურებს ერის ნამდვილ სიმდიდრეს.სამხედრო ხარჯების არაეფექტურობა და არამწარმოებლური ხასიათი კიდევ უფრო აშკარა ხდება, თუ მას დავუპირისპირებთ სახსრების დაბანდების უფრო მშვიდობიან და მომგებიან ალტერნატივებს – მაგ. სოციალურ პროგრამათა დაფინანსებას, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის სრულყოფასა და ა.შ.

მარქსი საზოგადოების მთელ ეკონომიკურ სტრუქტურას – თავისი საწარმოო სიმძლავრეებითა და წარმოებით ურთიერთობათა ერთობლიობით – ორ უმსხვილეს ქვედანაყოფად მიჯნავდა: წარმოების საშუალებათა მწარმოებელ და მოხმარების საშუალებათა მწარმოებელ ქვედანაყოფებად. მან აჩვენა, რომ გაფართოებული კვლავწარმოების სტიქიურ პირობებში პრაქტიკულად გარდაუვალია ამ ორ სფეროს შორის კარკვეული წარმოებითი პროპორციების რღვევა, რაც მათშორის განაწილებით ურთიერთობებში გამოვლინდება და საბოლოოდ სიტუაციის ეკონომიკური კრიზისისკენ წამყვანი ინერციის პირობებს შექმნის. მაგრამ მარქსმა ამ კონტექსტში აბსტრაგირება მოახდინა საზოგადოებრივი წარმოების კიდევ ერთი მსხვილი ქვედანაყოფისაგან – სამხედრო დანიშნულების საშუალებების წარმოების სექტორისაგან, რომლის გათვალისწინებაც მოგვიანებით დაიწყეს[1]. აქედან, კვლავწარმოების პროპორციების გამორკვევის ისედაც რთულ საკითხში ეს გარემოება კიდევ მეტ სიძნელეებს წარმოშობს. და რადგან გავარკვიეთ, რომ სამხედრო ხარჯები არამწარმოებლური ხარჯებია, მაშინ გასაგები ხდება, რომ ეკონომიკის მილიტარიზაციის დიდმა მასშტაბებმა დიდი საფრთხეები და ეკონომიკური არასტაბილურობის მძლავრი მუხტი შეიძლება წარმოშვას.

მილიტარიზაციის პროცესები განსაკუთრებით საგანგაშო შეიძლება გახდეს განვითარებადი ქვეყნებისათვის. მათგან განსხვავებით, განვითარებულ ქვეყნებს უკვე მიღწეული აქვთ წარმატებები ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ თუ სხვა სფეროებში. მათ საზრუნავთა სიას ნაკლებად მიეკუთვნება, მაგალითად ჯანდაცვა ან განათლება, რადგან ამ კუთხით მათ, როგორც წესი, უკვე მოწესრიგებული აქვთ მდგომარეობა. ამიტომ, მაღალგანვითარებული სახელმწიფოებისათვის აუცილებლად საგანგაშო საფრთხეებს არ შექმნის მათ მიერ სამხედრო ხარჯების გაწევა. უფრო მეტიც, თუ ეს ისეთ პოლიტიკურად არანეიტრალურ ზესახელმწიფოებს ეხებათ, როგორებიც არიან აშშ და რუსეთი, მაშინ ისინი მეტად იძულებულნიც კი არიან, გააჩნდეთ ძლიერი თავდაცვა. მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე მათ მიერ შექმნილი გარემო მათვე ხდის იძულებულს, შეინარჩუნონ სამხედრო ძლიერება. მათი განსამხედროებაც (მილიტარიზაციის მასშტაბების შემცირება), უპირველეს ყოვლისა, სწორედ საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაციების განმუხტვის საფუძველზე უნდა მოხდეს.

და რა სიტუაციაა ამ მხრივ განვითარებად ქვეყნებში? – ცხადია, მათი მილიტარიზმიც ნაკარნახევია გარკვეული აუცილებლობით და მხოლოდ მათსავე კეთილ ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული სამხედრო ხარჯების შეკვეცა. ერთი რამ კი ნათელია: განვითარებადი ქვეყნებისათვის – მით უფრო პოლიტიკურად არანეიტრალური განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომელთათვის უფრო იძულებითია აუცილებლობა სამხედრო დანახარჯების გაწევისა – გაცილებით არასახარბიელო შედეგების მოტანა შეუძლია მილიტარიზაციის მაღალ მასშტაბებს. მათთვის, როგორც წესი, პრობლემატურია ისეთი სფეროები, როგორებიცაა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საერთოდ, ეკონომიკური განვითარების არსებული დონე. ამიტომ, ამ ფონზე განსაკუთრებით საგრძნობი ხდება არაეფექტიანობა მათი იმ ხარჯებისა, რომლებიც თავდაცვაზე გაიწევა, ნაცვლად იმისა, რომ იგი, ვთქვათ, განათლებაზე გაწეულიყო.

ამ მხრივ, არცთუ დამამშვიდებელი მდგომარეობაა თუნდაც საქართველოში. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში აღნიშნულია მთლიანი საიუჯეტო ხარჯების დინამიკა 2007-12 წლების განმავლობაში და მათგან იმ ხარჯების მოცულობა, რომლებიც მიმართული იყო/არის სამ ჩვენთვის საინტერესო სფეროზე: განათლებაზე, ჯანდაცვასა და თავდაცვაზე (ათას ლარებში). აქედან, 2012 წლის მაჩვენებლები მოყვანილია როგორც პროექტი (მაისის საბიუჯეტო ცვლილებებით) და არა როგორც ფაქტი. ჩანს, რომ სამხედრო ხარჯები განსაკუთრებით მაღალი იყო 2007-2008 წლებში (ბიუჯეტის 39% და 29%-ებამდე), რაც გასაგებია რუსეთ-საქართველოს ომის გამო; მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავდაცვაზე გაწეული ხარჯების მოცულობა იკლებს, როგორც აბსოლუტურად, ისე შეფარდებით მთლიან ხარჯებთან, მაგრამ 2011 წელს კვლავ გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება. 2012 წლისათვის ნავარაუდევია თავდაცვის ხარჯების 10%-მდე მაჩვენებელი, რაც მართალია წინა პერიოდთან შედარებით დაბალია, მაგრამ მაინც გაუმართლებელად მაღალია. ჯანდაცვაზე ხარჯები ამ წლების განმავლობაში მთლიანი ხარჯების 6-7%-ზე მერყეობს, 2012 წლის პროექტით იგი იკლებს, წინა პერიოდთან შედარებით. დაბოლოს, ხარჯები განათლების სფეროში ასევე მერყეობით ხასიათდება, არაერთმნიშვნელოვნად, ზრდით და კლებით. იგი მერყეობს მთლიანი ხარჯების 7-10%-მდე მაჩვენებლებში. 2012 წლისთვის ნავარაუდევია მისი კლება (პროცენტულად).

მაჩვენებლები

2007

2008

2009

2010

2011

2012

მთლიანი საბიუ-ჯეტო ხარჯები

3,866,236,1

5,554,684,8

5,367,210,0

5,466,466,8

5,823,849,9

6,778,157,5

ხარჯები განათლებაზე

397,251,5

419,547,5

497,599,2

542,128,3

564,920,6

620,811,0

ხარჯები ჯანდაცვაზე

235,580,4

285,992,6

337,929,5

414,821,3

362,528,2

405,085,7

ხარჯები თავდაცვაზე

1,495,053,9

1,548,412,2

862,182,9

667,341,9

715,476,8

657,927,1

როგორც ირკვევა, საქართველოში, განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები სავსებით არასაკმარისი მოცულობისაა, მაშინ როცა ჯანდაცვაზე დახარჯული სახსრები გაუმართლებლად მაღალ ნიშნულებს აღწევს. თავდაცვისა და უსაფრთხოების თუნდაც 10-15%-ით შეკვეცის შემთხვევაში და გამოთავისუფლებული თანხების განათლების ანდა ჯანდაცვის სისტემაში ინვესტირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული, ერთი მხრივ, ქვეყნის დემილიტარიზაციის და, მეორე მხრივ, სოციალური პროდუქტის შემნის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე მიუთითებდა, ევროპის მილიტარიზაციის ასეთი ტემპების გაგრძელების შემთხვევაში (მაშინდელი ვითარებით, ევროპა უდიდეს ხარჯებს იღებდა მილიტარიზაციაზე აშშ-სთან შედარებითაც კი) ევროპულ სახელმწიფოებს სერიოზული კრიზისი მოელითო. ჭავჭავაძე იგივე ფაქტორებზე უსვამდა ხაზს, რაც ზემოთ უკვე აღინიშნა: შრომის არამწარმოებლური ხარჯვა იარაღის შექმნაზე, ჯარსკაცთა დიდი რაოდენობა, რომლებიც წლიდან წლამდე არაფერს აკეთებენ, გარდა სამხედრო წვრთნებისა. შედარებითი მაგალითისთვის კი ჭავჭავაძეს მოჰყავს აშშ, რომელიც მკვეთრად ცამორჩებოდა ევროპას მილიტარიზაციის დონით და შესაბამისად, ცხოვრების უფრო მაღალი დონეც გააჩნდა.

სრულიად საპირისპირო ვითარებაა დღეს. მსოფლიოს უდიდეს მილიტარისტ მფლანგველად გვევლინება აშშ, რომელიც ამავდროულად ყველაზე მეტად ჩაფლულია კრიზისში. მართალია ამ კრიზისს უფრო სხვა გარემოებები უდევს საფუძვლად, მაგრამ მთლიანობაში კრიზისი არამწარმოებლური ფიქტიური ინესტიციების შედეგია, რაშიც სამხედრო ხარჯებს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა მიუძღვოდეთ. ევროპის ის ქვეყნები კი, რომლებიხ მეტად ორიენტირებულნი არიან სოციალურ პროგრამებზე და ნაკლებად – თავდაცვაზე, შესაბამისად, გაიღებენ არამწარმოებლური ხარჯების ნაკლებ მოცულობას, მეორე მხრივ კი, ზრდიან ისეთ კაპიტალს, როგორიცაა განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობა და სხვ. ეს მათ სტაბილურობაზეც აისახება მიმდინარე გლობალური კრიზისის ფონზე.

შეიძლებოდა სხვა მაგალითების მოყვანაც იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად უარყოფითი მოვლენაა მილიტარიაცია და, პირიქით, რამდენად დადებითია დემილიტარიზაცია. ჰიპერინფლაციის ცნობილი გერმანული მაგალითი, რომლის პროვოცირებაც პირველი მსოფლიო ომის შედეგად გაზრდილმა სამხედრო ხარჯებმა მოახდინა, ნათელი დასტურია  გადაჭარბებული მილიტარიზმის დამღუპველობისა. და მეორე მხრივ, დემილიტარიზაციის სასიკეთო ეფექტების ერთ-ერთისა უკეთესო მაგალითია მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული გერმანული ეკონომიკის სასწაულებრივი ზრდა. ყველა ამ მოვლენას, ცხადია, ვერ გავამართლებთ მხოლოდ მილიტარიზაციით ან დემილიტარიზაციით, მაგრამ ამ ფაქტორების წვლილი მნიშვნელოვანწილად მაღალია. და თუკი ოდესმე რომელიმე სახელმწიფოს სამხედრო ხარჯებით რაიმე სარგებელი უნახავს, ეს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვათა მდგომარეობა გაუუარესებია, სხვთა სამხედრო ექსპლუატაცია მოუხდენია.

.     .     .

მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებულ ერებს დიდი ხანია, შეგნებული აქვთ ომის დესტრუქციულობა და მშვიდობის ყოველმხრივი უპირატესობა, გლობალური დემილიტარიზაციის რეალური, პრაქტიკული რეალიზაციის კუთხით სასარგებლო ძვრები არ ჩანს. დღესდღეობით (2011 წლის მონაცემებით) მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტი 69,659,626 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს[2]. აქედან, 2,2%, ანუ 1,546,529,2 ათასი აშშ დოლარი, სამხედრო ხარჯებზე მოდის. მსოფლიოს უდიდეს მილიტარისტ სახელმწიფოებად გვევლინებიან აშშ, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

ფაქტია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიო, როგორც ერთიანი ცივილიზაცია, და მშვიდობიანი ურთიერთკავშირები სხვადასხვა ერებს შორის ჯერ ვერ განვითარებულა იმ დონემდე, რომ არათუ გაქრეს საერთოდ აუცილებლობა იარაღის წარმოებისა, არამედ სასარგებლო ცვლილებები მაინც დაიწყოს მილიტარიზმის მასშტაბების შეკვეცის მხრივ. ერთიანი მსოფლიო საზოგადოების უმაღლესი მიზანი ერების ეკონომიკური კეთილდღეობა და მათი მშვიდობიანი, ურთიერთსარგებლიანი თანაარსებობა უნდა იყოს. ამ უმაღლესი იზნის მიღწევის ხანგრძლივ გზაზე უდიდესი როლი უნდა ითამაშოს ხალხებს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობების განმუხტვის ამოცანამ, რაც მეტად საეჭვო ხდება მაშინ, როცა იარაღის წარმოება ამხელა მასშტაბებს აღწევს. ცივილიზაციის ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე გადასასვლელად გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოს მილიტარიზმის მასშტაბების შემცირებას და, ბოლოსდაბოლოს, მის სრულად აღმოფხვრას რაც ჯერჯერობით წარმოუდგენელ ილუზიად გვეჩვენება. თუმცა, ჯანსაღი საერთაშორისო ეკონომიკური და სხვა მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარების საერთო ლოგიკამ წესით აქამდეც უნდა მიგვიყვანოს.

გასაგებია, რომ ვერცერთი ცალკეული სახელმწიფო ვერ გამოვა ლოზუნგით, რომ იგი წყვეტს იარაღის წარმოებას და აუქმებს თავდაცვას. ამ გაბედულ მაგალითს მსოფლიოს ვერცერთი სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ მოგვცემს. ამ სასარგებლო ვითარებამდე, ანუ ახალ, დემილიტარიზებულ, მშვიდობიან მსოფლიო წესრიგამდე მისვლა ყველა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით, თანადროულად უნდა მოხდეს. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან განვითარების დონით. ამიტომ იარაღის წარმოების შემცირების, ჯანსაღი ეკონომიკური თანამშრომლობისა და სხვა მშვიდობიანი ინიციატივებით გამოსვლა მაღალგანვითარებულმა სახელმწიფოებმა უნდა იტვირთონ.

გასაგებია ისიც, რომ მილიტარიზმის სრული აღმოფხვრის კვალობაზე შეილახება იარაღის უშუალო მწარმოებელთა ეკონომიკური ინტერესები; მაგრამ არ შეიძლება, ცივილიზებულმა მსოფლიომ საერთო სამშვიდობო ინტერესებზე მაღლა დააყენოს მათი ინტერესები, ვინც სიკვდილს და ტერორს აწარმოებენ.

სახელმწიფომ – იქნება იგი განვითარებული თუ განვითარებადი – შეიძლება იამაყოს გამართული ჯანდაცვის სისტემით, მაგრამ არა – იარაღის წარმოების მოცულობით; იამაყოს მასშტაბური ინვესტიციებით განათლების სფეროში და არა – კვლევების დაფინანსებით ნაღმების გასაუმჯობესებლად; სახელმწიფომ შეიძლება იამაყოს სოციალურად დაცული და ბედნიერი მოქალაქეების რიცხოვნობით, მაგრამ არა – გენერლების სიმრავლით. არ შეიძლება სწორი გზით მიდიოდეს ქვეყანა, რომლის უკანასკნელი ილუზია ,,ნატოში’’ გაწევრიანებაა: ძნელი წარმოსადგენია, მშვიდობიანი მომავალი ჰქონდეს ერს, რომელიც პრიორიტეტად სამხედრო ძლიერებას გაიხდის.

საყოველთაო მშვიდობისა და ხალხთა კეთილდღეობის დამყარება დემილიტარიზმის უმნიშვნელოვანესი ელემენტით, ეს იქნება საკმაოდ რთული და მრავალმხრივი პროცესი, რომელიც შესაძლოა საუკუნეები გაგრძელდეს, მაგრამ იგი ერთადერთი მშვიდობიანი გზაა ყოველმხრივი საერთო კეთილდღეობის დასამყარებლად. მთავარია, ცალკეულმა სახელმწიფოებმა შეიგნონ, რომ მშვიდობით უფრო მეტს მოიგებენ, ვიდრე ომით; რომ საბოლოო ჯამში, ,,ყველას კეთილდღეობა’’ იმაზე მეტად მომგებიანია ,,ცალკეულებსათვისაც’’, ვიდრე მხოლოდ ,,ცალკეულთა’’ ბედნიერება ყველას ხარჯზე, რაც ყოველთვის შეუძლება უკუ შემობრუნდეს. მთავარია ყველამ ცალ-ცალკე გააცნობიეროს, რომ მილიტარიზმი ძვირი ჯდება, მშვიდობას კი ფასი არა აქვს.


[1]  თუმცა მარქსმა იგი სხვა კონტექსტში – კერძოდ, არამწარმოებლურ ხარჯთა კატეგორიაში – მაინც განიხილა, რაც საბოლოო ჯამში დიდად არ ცვლის ვითარებას.

[2] International Monetary Fund

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ