“ისტერიას, რომელსაც წლებია ადგილი აქვს პროდასავლურობასთან მიმართებაში, სჭირდება ტრანსფორმირება:”
► “ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული ინტეგრაცია და სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში მჭიდრო ურთიერთობები ევროპასთან, ნიშნავს რომ ვეღარ გაგრძელდება განვითარების ის იდეოლოგიური სტილი, რა სტილიც ჯერ კიდევ წამყვანია საქართველოში. ჩვენი მთავარი პრობლემა – პოლიტიკური კლასის, იგივე ჟურნალისტთა დიდი ნაწილის და ზოგადად მედია სივრცისა და აკადემიური ელიტის – არის იმაში, რომ წლების განმავლობაში ევროპეიზაცია და პროევროპულობა განიხილებოდა იდეოლოგიზირებულ ჭრილში და განიხილებოდა ძალიან სტერილურ ჭრილში, რომელშიც არ შედიოდა საკითხის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კონტექსტი, რაზეც არის აგებული ევროკავშირის შინაარსი, რომელიც ჩვენ ესე ძალიან მოგვწონს. ჩვენ პროევროპულებად გვევლინებოდნენ პოლიტიკური ელიტები, რომლებიც თავიანთი არსით არ არიან ევროკავშირის სოციალური და ეკონომიკური ღირებულებების მატარებლები. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს პროევროპულობის სახელით ვაშენებდით სინგაპურს, მაგრამ თუნდაც სინგაპურიზაციის ის იდეა, რომელიც იქნა შემოთავაზებული, არამხოლოდ ევროპული შინაარსისგან, არამედ თავად რეალურად რაც ხდებოდა სინგაპურში იმისგანაც შორს იყო.
პირველ რიგში ევროპეიზაცია ნიშნავს საზოგადოებრივ ღირებულებებს, რომელიც ვლინდება სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის მშენებლობაში. ეს გულისხმობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას – ანუ საზოგადოების პასუხისმგებლობას ერთმანეთზე. სახელმწიფოს იდეა არ შეიძლება გაგებული იქნას ისე, როგორც ჩვენ ეს გვესმის ჩვენივე ტრავმებიდან და წარსულის კომპლექსებიდან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფო ერთის მხრივ არის შენი მჩაგვრელი და ჩვენ იმისთვის გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოება, რომ ჩვენ სახელმწიფოს რეპრესია გავაჩეროთ.
ეს არ არის ევროპეიზაცია. ჩვენ სახელწმიფო გვჭირდება განვითარებისთვის. ევროპეიზაცია ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ეს არის საზოგადოებრივი პოლიტიკური მანიფესტი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას განვითარებაზე. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდის გადარჩენა მეორე ინდივიდის ქველმოქმედების სურვილის ამარა არაა მიტოვებული, არამედ ესაა მდგომარეობა, როდესაც საზოგადოება თანაცხოვრობს ერთმანეთთან, რა დროსაც მოქალაქეები გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ ერთმანეთზე.
თუ ისევ იმ კუთხით გაგრძელდა ევროპეიზაციის იდეის პროპაგანდა, რა კუთხითაც მიდის წლებია, რა კუთხითაც ჩვენი აკადემიური ელიტა ესაუბრება სტუდენტებს უნივერსიტეტებში, ამ ტიპის ინტეგრაცია აუცილებლად კრახს განიცდის. ადამიანებს ევროპის სახელით ესაუბრებიან კონკრეტულ იდეოლოგიურ და ეკონომიკურ იდეებზე, რომელსაც მოჰქონდა უბედურება, უმუშევრობა და ეს ყოველივე საღდებოდა როგორც ევროპა. ბუნებრივია არავის არ მოსწონს ის ევროპა, რომელსაც მოაქვს უმუშევრობა. არავის არ მოსწონს იმ ტიპის განვითარება, რომელსაც მოაქვს რეპრესია.
მაგალითად, იგივე არასამთავრობო სექტორშიც როგორ განიხილავენ ევროპეიზაციას, როგორც სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს: განიხილავენ მხოლოდ ადამიანის უფლებების კონტექსტში, ე.წ. სამართლებრივ კონტექსტში მხოლოდ. მაგალითად კანონის უზენაესობის იდეა. ცხადია ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ კანონის უზენაესობა იმ ტიპის საზოგადოებებში, რომლებიც არის ეკონომიკურად და სოციალურად აბსოლუტურად უთანასწორო და უსამართლო, ამ ტიპის საზოგადოებებში შეუძლებელია მოხდეს კანონის უზენაესობის დაცვა. ამ ტიპის საზოგადოებებში სახელმწიფო ბიუროკრატია ყოველთვის რეპრესიის მექანიზმად იქცევა. ამ წუთას მახსენდება გერმანელი პოლიტოლოგი კლაუს ოფე, რომელსაც აქვს საინტერესო თეზა, რომ თუ საზოგადოებაში უთანასწორობის (ჯინის) ინდექსი 0,4-ზე მაღალია, აქ დემოკრატია შეუძლებელია შედგეს. საზოგადოებებში, სადაც ადამიანებს არ აქვთ უფლება და ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მათთვის არ არსებობს შესაძლებლობათა არხები, ამ საზოგადოებებში შეუძლებელია ვილაპარაკოთ ჩვენ დემოკრატიაზე.
ამ ყველაფერზე საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ეს სწორედ კონსტიტუციაში უნდა გამოვლინდეს, რომელიც გახლავთ საზოგადოების უმაღლესი მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური მანიფესტი, სადაც საზოგადოება საკუთარი მორალური ფასეულობების დეკლარირებას ახდენს. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა იყოს ასახული სოციალური და ეკონომიკური უფლებები.
ასევე, იმისთვის რომ იცოცხლოს იდეამ, მას აუცილებლად სჭირდება კრიტიკოსები. არ შეიძლება ევროცენტრიზმი გამოცხადდეს ერთადერთ აზრობრივ დიქტატურად და ევროსკეპტიკოსები განიდევნონ სააზროვნო სივრციდან.
► “პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სადმე შესასწრები არაფერი გვჭირს. ჩვენი მთავარი პოლიტიკური გეზი უნდა იყოს ამ ქვეყნის განვითარება, ამ ქვეყნის მოდერნიზაცია და ეკონომიკური ინდუსტრიალიზაცია. სწორედ ამ სტრატეგიიდან უნდა გამოდიოდეს ყველაფერი დანარჩენი. თუ რა დონის და რა დოზის პოლიტიკური ურთიერთობები იქნება ხელსაყრელი ევროკავშირთან. რაც შეეხება მოსახლეობასა და ეკონომიკებს შორის მჭიდრო ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ, შეუძლებელია უპირველესი თვითმიზანი და ერთადერთი პანაცეა იყოს იმ ტიპის პოლიტიკური ინტეგრაცია, როდესაც ჩვენ აუცილებლად ბრიუსელში უნდა გვყავდეს პოლიტიკური წარმომადგენელი და პირდაპირ ევრო ბიუროკრატების პოლიტიკურ დირექტივებს ვემორჩილებოდეთ. შეიძლება ეს ვერსია განიხილებოდეს, სტრატეგიის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად, მაგრამ არ შეიძლება ეს თვითმიზანი იყოს. ერთადერთი თვითმიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის მოდერნიზაცია და მოსახლეობასა და ეკონომიკებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის ხელშეწყობა.”
– მცირე ამონარიდი ჩვენი ვებგვერდის რედაქტორის, მათე გაბიცინაშვილის ინტერვიუდან გადაცემაში “არგუმენტების დრო” ევროინტეგრაციის ფართო კონტექსტზე საუბრისას: