ლუკა ეხვაია: ლიტერატურის ექსჰუმაცია

პამფლეტი ქართულ ლიტერატურაზე

ალბათ ბევრი გრძნობს ინტუიციურად, რომ რაღაც რიგზე ვერაა ჩვენს მიკრო-ლიტერატურულ სამყაროში, ასეთი განწყობები კი უმიზეზოდ არასოდეს ჩნდება. რატომღაც ქართველი მწერლების უმეტესობას ორეოლივით დასდევთ მოსაწყენი იმიჯი, სტილურ-ვიზუალური დივერსიფიცირებულობის მიუხედავად ინტერესს მაინც ვერ აღძრავენ საზოგადოებაში, რადგან მეტწილად მათი სტილურობა კიჩია. თანამედროვე  ქართველი მწერლების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანისას აღმოვაჩენთ, რომ უღიმღამოები და ალაგ-ალაგ პრიმიტიულად ეპატაჟურები არიან, ზოგი მათგანი ზეცად ამაღლებას ლამობს, მაგრამ თან მეშჩანობაში ეჟენი გრანდეს მამას უტოლდებიან. ასევე გადააწყდებით მგოსნებს, რომლებიც ფილოსოფიური დატვირთვებისგან სრულიად დაცლილნი დალასლასებენ სტრიქონებს შორის. ნაივური აზროვნება ქართულ ლიტერატურაში დომინანტურ ნარატივს ქმნის, რაც თავის მხრივ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებითაა ნაკარნახევი. ეს უშინაარსო ბუტაფორიები, რომლებიც თავიანთი სიყალბით ძრწოლვას იწვევენ, მხოლოდ ფასადის მოვარაყებაზე ფიქრობენ, ფასადებს მიღმა კი სულიერი სიდუხჭირე დაბუდებულა.

ქარაც შეეხება თანამედროვე ქართული მწერლობის ჰეგემონური სტილის და თემატიკის ტიპოლოგიას, აქაც საინტერესო პათოლოგიები იკვეთება. არიან მწერლები, რომელთა მთელი შემოქმედება უხამსი ჭორების ადაპტაციასთანაა დაკავშირებული და ორიგინალური კონსპირაციების შექმნამდეც ვერ ანვითარებენ სიუჟეტს. არიან ავტორები, რომლებიც ახალ ფანტასტიკურ სამყაროებს ძერწავენ, რაც სამწუხაროდ ტოლკინის უნიჭო ინტერპრეტაციის ჩარჩოებს ვერ სცდება. არის კატეგორია, რომლებიც 90-იანების თბილისურ ყოფაზე წერით არიან შეპყრობილნი, ეს ობსესია საკმაოდ ტრივიალური და გულისამრევი ხდება მკითხველისთვის. არიან უფრო მოხერხებული შემოქმედები, რომლებმაც ალღო აუღეს ახალ გამოწვევებს და სოციალურ-პოპულისტურ თემებს იყენებენ ლიტერატურული პრემიების მოსაპოვებლად. ეს იაფფასიანი ფანდი ფართო აუდიტორიის სენტიმენტებით მანიპულაციის უსინდისო მცდელობად ითარგმნება. არსებობენ მყვირალა პოეტები, რომლებიც გინებას და მოსწრებულ პლაგიარიზმს პოეზიად ასაღებენ, ზოგის შემოქმედება სევდიანი მთვარის, მურაბის, ბუხრისა და შემოდგომის თემატურ ხაზს ვერ სცილდება და ა.შ. ერთი დიდი უცნაურობაც უნდა აღინიშნოს, ჯეელი ავტორების სტიქიური აკვიატება მოგვითხრონ თავიანთ მოგონებანზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ვეჭვობ, რომ ეს ის კასტაა, რომელსაც თავიანთი ინტელექტუალური სიმყიფის კომპენსაციისთვის მხოლოდ მხცოვანი ბრძენის ამპლუაში შეჭრაღა დარჩენიათ. ექსპერიმენტალური ლიტერატურის დეფიციტურობა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ლიტერატურულ დიდ გამყინვარებასთან.

ესკაპიზმი, როგორც იანუსი  

გამორჩეულად მწვავე და ყურადღების მიღმა დარჩენილი პრობლემა ესკაპიზმია, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი ფენომენია, რეალურად კი ბილინგვური და ამბივალენტური ბუნებით ხასიათდება. ლიტერატურის ეს ფუნდამენტური ელემენტი რეალობიდან ტელეპორტაციის მექანიზმია, ამ პროცესის მართვა და ბალანსირება ჩვეულებრივი მკითხველისთვის საკმაოდ რთულია. როდესაც ესკაპიზმის ორსახოვანებაზე ვიწყებთ საუბარს, უპრიანი იქნება პოზიტიური და ნეგატიური ესკაპიზმის ცნებები შემოვიტანოთ, რადგან ანალიზის პროცესი გავამარტივოთ.

პოზიტიური ესკამიზმში მოვიაზრებ რეალობიდან დროებით, ძალების აღსადგენად, ენერგიის რეგენერაციისთვის გაქცევას. ესკაპიზმი ამ შემთხვევაში იმას ემსახურება, რომ ვირტუალობიდან დაბრუნებული პერსონა განახლებული ძალებით ჩაებას სოციალურ ცხოვრებაში, რომლის განმსაზღვრელიც გლობალური პოლიტ-ეკონომიკური წყობა და მისი განუყრელი რუტინაა. ნეგატიური ესკაპიზმი კი სოციალურ ცხოვრებაში ითარგმნება განდეგილობად, სხვა სიტყვებით, ნეგატიური ესკაპიზმი დაიყვანება აპოლიტიკურობამდე, რაც აპრიორი ილუზიური მდგომარეობაა. ასე რომ ნეგატიური ესკაპიზმი ხელს უწყობს ინდივიდში კონფორმისტული იმპულსების ზრდას, აჩლუნგებს წინააღმდეგობას, რაც საბოლოოდ ინდივიდუალიზმის გისოსებში გამოკეტვით და პიროვნების მიერ საზოგადოების წინაშე ყველანაირი პასუხისმგებლობის მოხსნით სრულდება. ასოციალიზაციას და პირქუში სინამდვილიდან გაქცევას თავის მხრივ შეიძლება ფატალური შედეგებიც მოჰყვეს. ესკაპიზმთან დაკავშირებული პრობლემატიკა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლოკალურ დონეზე არ ვრცელდება, მსოფლიო ლიტერატურა დგას ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიცაა ლიტერატურისა და პოლიტიკური ყოფის ტოტალური დისტანცირება.

ნობელი, ლიბერალიზმი და დომინოს ეფექტი sarah

სარა ბრუილტი ქარლეტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ინგლისურ ენაში, იგი შეასწავლის თანამედროვე ბრიტანულ, ირლანდიურ და პოსტ-კოლონიურ ლიტერატურას. მან დაახლოებით ერთი წლის წინ პრესტიჟულ მემარცხენე ჟურნალში „იაკობინელებში“ გამოაქვეყნა სტატია  სახელწოდებით – „ლიტერატურა ლიბერალიზმია“. სტატია ნობელის პრემიის წინააღმდეგ მიმართული მანიფესტია, იგი აკრიტიკებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებულ მანკიერ ღირებულებათა სისტემას, რომელიც არამარტო ნობელის პრემიის თამაშის წესებს ადგენს, არამედ დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო ლიტერატურაზეც. ეს ინსტიტუტი ქმნის იმ უალტერნატივო ლიტერატურულ სტანდარტებსა და წარმოდგენებს, რომლისკენაც ყველა მწერალი დაუოკებლად ისწრაფვის. ბრუილტი იშველიებს პატრიკ მოდიანოს შემთხვევას და ანზოგადებს პრეცენდენტს. მისი აზრით, ლიბერალურმა, ჰუმანისტურმა და იდეალისტურმა უნივერსალიზმა მოიცვა თანამედროვე ლიტერატურა, რის გამოც გადამეტებული ყურადღება ენიჭება მორალურ ამბივალენტურობას და ინდივიდუალისტურ რეფლექსიებს. ეს კომპონენტები კი საბოლოოდ აპოლიტიკურ ნარატივამდე აიჯამება. სტატიაში საუბარია მომძლავრებულ და ფატალურ დოქსაზე, რომლის მიხდვითაც მწერლები უნდა განცალკევდნენ სოციო-პოლიტიკური ცხოვრებიდან, რათა შეძლონ არაიდეოლოგიზირებულად აზროვნება. გარდა ამისა ფამუქის, კუტზეესა და მაჰფუზის შემოქმედების ზოგადი დახასიათებით ნაჩვენებია თუ როგორ ხდება სტანდარტული ლიბერალური კონცეფციების კულტივირება ლიტერატურაში. მათ ტექსტებში თითქმის ვერ შეხვდებით დეილუზირებულ სოციალურ ურთიერთობებს და ძალაუფლების კონცენტრაციის წერტილების კრიტიკას. როგორც წესი, ნობელის კომიტეტი ლოიალურადაა განწყობილი იდეალისტური სურათების მიმართ მარტოსულობაზე და კრეატიულ ინოვაციებზე, როგორც თვითორიგინალურობის დემონსტრაციაზე. პრინციპში სარა ბრუილტის საკმაოდ ვრცელი, კრიტიკული და ზედმიწევნით ზუსტი აქცენტებით შეკაზმული წერილი პირდაპირი დეკონსტრუქციაა სარტრის მოსაზრებისა ამ საკითხზე, „პოლიტიკისგან მოწყვეტილი ლიტერატურა ვნებს, მეტიც, ბოროტებაა.“

sartreსარტრმა 1964 წელს ნობელის პრემიაზე უარი თქვა: „მწერალმა არ უნდა მისცეს თავს უფლება, იქცეს ინსტიტუციად“. ამ პოზიციით და ხედვით იგი დაუპირისპირდა ფორმალურობას და ლეგალიზმს, მაგრამ სამწუხაროდ კონფრონტაციას მნიშვნელოვანი შედეგები არ გამოუღია. როგორც სარტრმა აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, ნობელის პრემია არის ერთგვარი ლეგიტიმაცია ბურჟუაზიის მხრიდან, რომლის მიხედვითაც ავტორი არათუ უბრალოდ კარგ მწერალად განიხილება, არამედ დამჯერად და მოთვინიერებულადაც. ასე რომ გასაკვირი არაა რატომ ვერ მიიღეს პრემია კაფკამ, ჯოისმა და პრუსტმა.

კრიზისულ ნიშნულამდე მიღწევის მორიგი დემონსტრაცია წელს სვეტლანა ალექსეევიჩის გამარჯვება გახდა. რაღა თქმა უნდა, შექნილი ვითარება გადადენის ეფექტით ახალისებს და სტიმულირებას უწევს სხვა ლოკალურ საფესტივალო და საკონკურსო პრობლემებს. გარდა ლიტერატურის სრული დისტანცირებისა პოლიტიკისგან, საქართველოში განსაკუთრებით მძაფრი პრობლემაა ლიტერატურული წრეების თვისობრივი ჩაკეტილობა და ელიტურობა. ეს ფენომენი უცხო არაა სოციუმის სხვა ჯგუფებისთვისაც, როგორიცაა ნეოლიბერალური ნომენკლატურა ან თუნდაც თბილისიური ბომონდი. თითოეულ ჯგუფში დეკადების მანძილზე ხდება ერთიდაიმავე სახეების ცირკულირება, რაც თავის მხრივ საზოგადოების მოწყობის ლიბერალური მოდელის რეფლექსიად ფორმულირდება, სექტურობა კი თავის მხრივ მთავარი სამკაულია. სექტურობის ერთ-ერთი ემანაციაა ისიც, რომ ლიტერატურულ კონკურსებში ჟიურის არსებითი როტაცია არ ხდება, მასონთა ლოჟის მაგვარი სალონები „უხილავი ხელის“ პრინციპით იმართება. არის კიდევ ერთი პრობლემა და გამოწვევა, რომელიც ლიტერატურულ კონკურსებს უკავშირდება, – ხარისხი. თუ დავაკვირდებით საუნივერსიტეტო სივრცეს, აღმოაჩენთ, რომ უნივერსიტეტები სოკოებივით მომრავლდა, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ განათლების სისტემის ირგვლივ ყველაფერი რიგზეა. ასევეა კონკურსების შემთხვევაშიც, მათი რაოდენობის ზრდა ნამდვილად არ მიანიშნებს ლიტერატურულ რენესანსზე.

რთულია დღესდღეობით მეინსტრიმული და ცალსახად ჰეგემონური ლიტერატურული ნარატივიდან განყენებულმა წერო, ეს იგივეა, რომ საბაზრო პრინციპების წინააღმდეგ წახვიდე, რაც პირდაპირ ნიშნავს არაკომერციულ ავტორად ქცევას. მაგრამ ეს ერთადერთი გზაა რეალურად სოციალური და საყოველთაოდ სასარგებლო ტექსტის შესაქმნელად. ხოლო ვინც ნობელის და სხვა პრესტიჟული პრემიების მიერ კულტივირებული მოდუსით იხელმძღვანელებს, ის კიდევ უფრო გააძლიერებს არსებულ პროფანულ იდეოლოგიას და რეტროგრადულ ძალებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ