ლიბერალური ტოტალიტარიზმი – რატომ ცდილობენ ჩვენს გამარტოსულებას?

precarious2

► ავტორი: ირაკლი ჭედია  – სლოვაკეთის კომენიუსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მაგისტრი

ურბანიზაცია, მცირედ დასახლებული არეალების დეპოპულაცია, ოჯახური ღირებულებების გაუფასურება, ისეთი უაზრო ტერმინებისა და კლიშეების შექმნა, როგორიცაა „კანონმორჩილი მოქალაქე“; „გადასახადების გადამხდელი“, „ამომრჩეველი“ – ეს ყველაფერი ხელს უწყობს უფრო და უფრო ატომიზირებული საზოგადოების შექმნას და მარტოსული ინდივიდების მომრავლებას. რა თქმა უნდა, მსგავსი სიტუაცია ყველანაირად აწყობთ ნეოლიბერალურ ელიტებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ჰომოგენური, არა კონკურენციაზე, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული საზოგადოების არსებობა, რადგან მათი კონტროლი და ინდოქტრინაცია გაცილებით უფრო რთულია. თუ პარალელს ნაცისტურ და კომუნისტურ რეჟიმებთან გავავლებთ, პოპულაციის მთელ სეგმენტთა მასობრივი დახვრეტა, გადასახლება, გესტაპოს და ნკვდ-ს მიერ წარმოებული ტერორი და სხვა –  გაგვახსენდება, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების დასუსტების, ატომიზირებისა და მისი კონტროლის გამარტივების მიზნით კეთდებოდა, მკაცრი თვით-ცენზურის დასამკვიდრებლად, განსხვავებული აზრის მქონე, რეჟიმისთვის საშიში ჯგუფების გასანადგურებლად ან აქტიური საზოგადო ცხოვრებიდან მათ გასარიყად.

დღეს, ნეოლიბერალური ელიტები და მათი მხარდამჭერი ინტელექტუალები აქტიურად იბრძვიან პროფკავშირების, საყოველთაო ჯანდაცვის, სხვადასხვა ახალგაზრდული მოძრაობების წინააღმდეგ. მუდმივად ცდილობენ უფრო მკაცრი საპოლიციო და სათვალთვალო კონტროლის დანერგვას და მიზეზად ისევ და ისევ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოჰყავთ (ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, უკონტროლო მიგრაციის ტალღა და ა.შ). „ქამრის შემოჭერის“ პოლიტიკის გატარება; დასაქმებულთა უფლებების უფრო მეტად შეზღუდვის მიზნით შრომის ბაზრის მოქნილობის ზრდა, კორპორაციებთან და ფინანსურ ჯგუფებთან უზარმაზარ დათმობებზე წასვლა… ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს ძველი ევროპისათვის ჩვეულ კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებს. (Bourdieu, 1998) გარდა ამისა, ხალხი, რომელიც აღნიშნულ ტენდენციებსა და პოლიტიკას წინააღმდეგობას უწევს, მაშინვე საზოგადოების მტრად, საშიშ ჯგუფად და “რადიკალებად” ირაცხებიან. აგრესიულად გვარწმუნებენ, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ან რომელიმე სახელმწიფო წარმოადგენს ჩვენი კონკრეტული საზოგადოებისთვის, ან ჩვენი ცხოვრების სტილისთვის, ან ჩვენი ქვეყნისთვის სასიკვდილო საფრთხეს. საკმაოდ განათლებული და კარგად ინფორმირებული ადამიანები და საზოგადოებებიც კი ებმებიან ამ მახეში და მიესალმებიან ამ „საშიში“ ჯგუფების ან სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. მაგალითისათვის, შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ როგორ გააფთრებით იბრძვის დომინანტური ნეოლიბერალური დისკურსი სხვადასხვა კომუნების, ნაციონალისტური, სოციალისტური, ანარქისტული, სხვადასხვა ულტრამემარჯვენე თუ ულტრამემარცხენე ჯგუფების წინააღმდეგ; ცდილობს ანტიგლობალისტთა; მწვანეთა; „ქამრის შემოჭერის“, დიდი კორპორაციების და თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა მარგინალიზაციას და ფართო საზოგადოების თვალში მათ დისკრედიტაციას, რისთვისაც მის ხელში არსებულ ყველა საშუალებას იყენებს, მათ შორის – უძლიერეს მანქანას მედიაპროპაგანდისა. ძალზე მარტივი დასანახია, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიები არაა შემთხვევითი და ისინი მიმართულია კონკრეტულ ჯგუფებზე ნეგატიური შთაბეჭდილების შესაქმნელად და საჭიროების შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ ძალადობის გასამართლებლად.

ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ იმ ფაქტით, რომ თანამედროვე სახელმწიფოში აღარ არსებობს ტერორი, დახვრეტები და გადასახლებები. ამის ერთ-ერთ მიზეზი ისაა, რომ ისინი, ვინც დღეს ძალაუფლებას ფლობენ, არ ჩანან ისე მკვეთრად, როგორც ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, სადაც ლიდერის ფიგურა ყოველთვის წინა პლანზეა, ხოლო მისი გაღმერთება ან დადანაშაულება ძალიან მარტივია. დღეს ძალაუფლება ჩაკარგულია უზარმაზარ ლაბირინთში, რომლის შემადგენელი ნაწილებია როგორც სახელმწიფო აპარატი, ასევე მედია, ლობისტები, კორპორაციები და ფინანსური სისტემა, პოლიტიკური და აკადემიური ელიტები. აქედან გამომდინარე, რეპრესის ისეთი ფორმები, როგორიცაა ტერორი, მკვლელობა და გადასახლება, უკვე არც მარტივად გასახორციელებელია და არც საჭირო ან სასურველი.  საზოგადოებისა და ინდივიდების ატომიზირებისთვის დღეს საკმარისია, მათ უბიძგოთ კონფორმიზმისკენ, გადამეტებული მომხმარებლობისაკენ და ამავდროულად განუწყვეტლივ აწარმოოთ მათი ინდოქტრინაცია პროპაგანდის ყველა იმ თანამედროვე საშუალებით, რომლებიც ფრიდრიხ გებელსს არც კი დასიზმრებია. პარალელურად, გავლენის ქვეშ მყოფი მედია და ფსევდოინტელექტუალთა ჯარი განუწყვეტლივ ცდილობს არამეინსტრიმული და არაპოლიტკორექტული ხედვების, ასევე არასასურველი პიროვნებების მარგინალიზაციას; დასცინის და ამცირებს მათ. არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანებს ფიზიკურად აღარ ხვრეტენ და არც ასახლებენ, თუმცა ხდება მათი იზოლირება სოციუმიდან გარიყვის გზით. ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური განადგურება ჩანაცვლდა არანაკლებ ეფექტური ვირტუალური განადგურებით.

აღსანიშნავია, რომ ტოტალიტარული რეჟიმები ყოველთვის ცდილობდნენ დაეპყრონ მასების აზრები და განცდები მათში სხვადასხვა სახის შფოთვისა და იდეაფიქსების ჩანერგვით. ეს აზროვნების იძულებითი მოძრაობაა – ცრუ და მათრობელი შეგრძნება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება; რომ ჩვენ გვყავს მტერი ან რომ ჩვენ ვუახლოვდებით კომუნიზმს; ან, მაგალითად ის, რომ არიული რასა მალე მსოფლიო დომინანტად ჩამოყალიბდება და ასე შემდეგ.

თუ ამ მეთოდებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ნეოლიბერალური ელიტებიც მსგავს მეთოდებს იყენებენ. ქვევით მინდა შემოგთავაზოთ მანიპულაციის იმ 10 ხერხის განხილვა, რომელსაც შეცდომით ნოამ ჩომსკის მიაწერენ, სინამდვილეში კი ფრანგი ბლოგერის, სილვიან ტიმსიტის შედგენილია ნოამ ჩომსკის იდეებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ,  ტოტალიტარისტულ გავლენებს ამ წანამძღრებებში მარტივად შეამჩნევთ და იმასაც დაინახავთ, რომ მათ ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკური, ინტელექტუალური თუ ფინანსური ელიტები ყოველდღე იყენებენ.

  1. ყურადღების გაფანტვის სტრატეგია – საზოგადოების ყურადღება იფანტება სხვადასხვა ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენებზე. პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები ამას აღწევენ ინფორმაციისა და მოვლენების მუდმივი ნაკადის შექმნით.
  2. შექმენით პრობლემა, შემდეგ შესთავაზეთ გამოსავალი – მოსახლეობას აშინებენ და აღელვებენ მანამდე არ არსებული ან ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემით, შემდეგ კი მესიანისტური ხედვით სთავაზობენ ამ პრობლემის მოგვარებას.
  3. თანდათანობითი სტრატეგია – ყველა არაპოპულარული გადაწყვეტილება უნდა განხორციელდეს ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ რათა მოსახლეობამ ეს უფრო უმტკივნეულოდ მიიღოს. ხშირად მოსახლეობა მადლობელიც კი რჩება, რომ უარესი არაფერი მოხდა.
  4. გადავადების სტრატეგია – როდესაც მოსახლეობას სთხოვენ მიიღონ და აიტანონ განსაკუთრებით მძიმე და არაპოპულარული ნაბიჯები უკეთესი მომავლის იმედით და იმის შეპირებით, რომ თუკი ჩვენ ამ მძიმე ნაბიჯს გადავდგამთ, მომავალი თაობები მაინც იცხოვრებენ უკეთ.
  5. მოეპყარით საზოგადოებას როგორც პატარა ბავშვს, შეზღუდეთ მათი აზროვნების უნარი – პოლიტიკოსებმა, ინტელექტუალებმა, ჟურნალისტებმა, მენეჯერებმა და ა.შ., საკუთარი გზავნილები რაც შეიძლება უბრალოდ, ხანდახან ინფანტილურ დონეზეც კი უნდა გადმოსცენ. უნდა გამოიყენონ სიტყვების შეზღუდული რაოდენობა და მოკლე წინადადებები.
  6. უფრო მეტად გამოიყენეთ ემოციური მუხტი და ერიდეთ თვითრეფლექსიას – რაციონალური დისკურსი თავიდან უნდა ავირიდოთ და უპირატესობა მივანიჭოთ ემოციებს , რადგანაც ემოციებით მანიპულირება გაცილებით უფრო მარტივია ვიდრე რაციონალური დისკუსიით.
  7. ხელი შეუწყვეთ უმეცრებას და უვიცობას – აქციეთ განათლების სისტემა ინდოქტრინაციის ინსტრუმენტად, რომელიც განათლების მაგივრად ადამიანებს ბავშვობიდანვე აჩლუნგებს და ხელს უშლის თავისუფალი აზროვნების უნარს.
  8. ჩაძირეთ საზოგადოება სიმდარეში, ხელი შეუწყვეთ საზოგადოების თვითკმაყოფილებას – წარმოადგინეთ მასობრივი მედია, სოციალური, გასართობი თუ ფსევდოინტელექტუალური შოუები, რომლებიც არიან მდარე ხარისხის და სულელური, მაგრამ იქცევენ ყურადღებას. ამ ნაბიჯით ელიტები ხელს უწყობენ ვულგარიზმს და ადამიანების დაშტერებას, ძირს უთხრიან განათლებას.
  9. საკუთარი თავის დადანაშაულების წახალისება და წაქეზება – დაე, ინდივიდებმა საკუთარი თავი დაადანაშაულონ ყველა იმ გაჭირვების გამო, რაც კი გადახდებათ. ჩათვალონ საკუთარი მარცხები და უბედურებები თავიანთვე ბრალად. არ დაადანაშაულონ სხვა არავინ. დაე იფიქრონ რომ აკლიათ ჭკუა, გონება, უნარები, კვალიფიკაცია, ან ის, რომ უფრო მეტი უნდა ეცადათ. ამ სტრატეგიით ელიტები თავიდან იცილებენ საზოგადოების ზედმეტ მღელვარებას და ნიჰილიზმის ჭაობში სძირავენ მას.
  10. შეისწავლეთ პიროვნება უკეთ, ვიდრე ის იცნობს საკუთარ თავს – დღესდღეობით სისტემა გაცილებით უკეთ იცნობს ინდივიდს, ვიდრე იგივე ინდივიდი საკუთარ თავს. ამავდროულად, ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა ის, რომ ძველ, კლასიკურ ტოტალიტარისტულ რეჟიმებთან შედარებით, სისტემას გაცილებით მეტი ინფორმაცია გააჩნია ჩვენზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გაცილებით უფრო მარტივად შეუძლია ჩვენი კონტროლი და ჩვენზე გავლენის მოხდენა.

საზოგადოების ატომიზირება, გადამეტებული მომხმარებლობის მუდმივი წაქეზება, არაპოლიტკორექტული და არამაინსტრიმული შეხედულებების დემონიზება და მარგინალიზება, ინდოქტრინირებული და იძულებით თვით-ცენზურა, ისტორიულად დამკვიდრებული კეთილდღეობის სახელმწიფოს პოლიტიკების დაშლა-გაუქმება, ფინანსური ჯგუფებისა და ლობისტების გავლენის უწყვეტი ზრდა, უნაკლო და მასიურად დამაჯერებელი მედია პროპაგანდის მანქანა – ეს არის თანამედროვე ნეოლიბერალური სახელმწიფოს ყველაზე თვალშისაცემი ტრენდები. ჩემი აზრით, ასეთი ტრენდები ძალიან საგანგაშოა, არადემოკრატიულია და აშკარად იხრება ტოტალიტარიზმისკენ. მსგავსი ტრენდები ახრჩობენ საზოგადოების უზარმაზარ სეგმენტებს, ანადგურებენ მთელი თაობების მსოფლმხედველობებს და ამასთან ერთად, რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, ხელს უწყობენ ყველაზე რადიკალური, ირაციონალური და უკონტროლო ელემენტების წარმოქმნას იგივე საზოგადოებაში, რომლის გაკონტროლებასაც ნეოლიბერალური ელიტები ასე ცდილობენ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ