კინოს განვითარება კინოტექნოლოგიების განვითარებაზეა დამოკიდებული. კინემატოგრაფის გამომსახველობითი საშუალებები გამუდმებით იცვლება და იხვეწება. ამოძრავებული გამოსახულების შექმნის სურვილი ადამიანს ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრების დროს ჰქონდა. გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილია ნახატები, რომლებიც ერთი და იმავე ფიგურის სხვადასხვა მოძრაობებს იმეორებს.
ოპტიკურ ილუზიაზე გათვლილი სათამაშო ჯერ კიდევ ჩვ. წ. 180 წელს შეიქმნა ჩინეთში, ტინგ ჰუანის მიერ. იგი წარმოადგენდა თავღია დისკოს, რომლის შიდა კუთხეებზე გამოსახულია ცხოველები განსხვავებულ პოზიციებში. დისკოს ბრუნვა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შიგ ჩახატული საგნები მოძრაობენ.
შუა საუკუნეებში არსებობდა ასევე ჯადოსნური ფარანი. მრავალი საუკუნის წინათ ეგვიპტეში ტაძრის კედელზე ან სამსხვერპლოზე, სინათლისა და სარკის საშუალებით, ცხოველების გამოსახულებით ლანდებს აჩვენებდნენ. ჯადოსნური ფარანი წარმოადგენდა ყუთს, რომელშიც დგამდნენ ზეთის ჩვეულებრივ ლამპას. მისი სხივები გაივლიდა მინაზე დახატულ სურათს და თეთრ კედელზე ბუნდოვან გამოსახულებას იძლეოდა.
XIX საუკუნეში შექმნილი აპარატები საბოლოოდ კინოკამერის შექმნით დასრულდა, თუმცა მანამდე იყო ოპტიკური აპარატების ეპოქა, რომელმაც ნიადაგი შეუმზადა კინოს დაბადებას.
1700 წელს ეგვიპტელმა სწავლულმა პატოლომემ აიღო მრგვალი მუყაო, მისი ერთი მხარე წითლად შეღება, ხოლო მეორე – თეთრად. როდესაც სწრაფად დაატრიალა მიიღო ერთი ფერი – ვარდისფერი. მოძრაობის სიჩქარის დროს თვალი ფერებს ერთმანეთს ურევდა. თვალის ამ თვისებას XVII- XVIII საუკუნეებში ნიუტონი, შევალიე დ’ არსი და სხვა მეცნიერები სწავლობდნენ, მაგრამ სრულყოფილი ახსნა ვერავინ მოუძებნა. მარტივი ცდა თქვენც შეგიძლიათ ჩაატაროთ: ავიღოთ ხის ნაფოტი, მოვუკიდოთ ცეცხლი, შევიდეთ სრულიად ბნელ ადგილას და ნაფოტი ჰაერში წრიულად სწრაფად დავატრიალოთ. გარკვეული სიჩქარის დროს წერტილს ვეღარ დავინახავთ – ჩვენ თვალწინ იქნება მთლიანი მანათობელი წრე. სინამდვილეში არავითარი მანათობელი წრე არ არსებობს. ჩვენ იმიტომ ვხედავთ ასეთ წრეს, რომ ნაფოტს ვატრიალებთ უფრო სწრაფად, ვიდრე მას თვალი აღიქვამს. მანათობელი წერტილის ერთი მდგომარეობის გამოსახულება ვერ ასწრებს თვალის ბადურაზე გაქრობას, რომ მის გვერდით ჩნდება უკვე მეორე ასეთივე გამოსახულება. ორი მსგავსი გამოსახულება უერთდება ერთმანეთს და წარმოიქმენება ერთი მთლიანი ცეცხლის წრე – რკალი.
პირველად 1824 წელს ინგლისელი ექიმის პეტერ მარკ როჯეტის გამოკველევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანის თვალი მხედველობით შთაბეჭდილებას მოვლენის გაქრობის შემდეგ 0,1 წამის განმავლობაში ინარჩუნებს. თუ ორ მხედველობით შთაბეჭდილებას შორის ინტერვალი 0,3 წამს არ აღემატება მაშინ ეს ორი შთაბეჭდილება ერთმანეთს ერწყმის და ერთი სახეშეცვლილი საგანი მიიღება. ამ თვისების გამოყენების პრინციპს ეფუძნება არაერთი ოპტიკური აპარატი და სათამაშო. (ტაუმატროპი, ფარადეის ბორბალი, სტრობოსკოპი, ზოოტროპი, ჯადოსნური ფარანი, პარასკინოსკოპი, ფოტოგრაფი თოფი, ედისონის კინეტოსკოპი და სხვა.)
ოპტიკური აპარატები არ იყო კინო. ისინი მსგავსი კადრების დროში სწრაფი მონაცვლეობით ქმნიდნენ ოპტიკურ ილუზიას. ტვინი სწრაფად მონაცვლე კადრებს ერთ ცვლად გამოსახულებად აღიქვამდნენ. მეცნიერების მიერ შექმნილი აპარატები მხოლოდ სათამაშოები იყო და ზოგიერთი მათგანით მოძრავი სურათების ცქერა მხოლოდ ერთ კაცს შეეძლო. ყველა ამ სათამაშოს სახელი ლათინური და ბერძნული წარმოშობის სიტყვებიდან მოდის. მოძრაობის შთაბეჭდილების შექმნით ადამიანი მივიდა კინემატოგრაფიის გამოგონებამდე. ხანგრძლივი ისტორიული პროცესი საბოლოოდ ფირზე მომუშავე კინოკამერების გამოგონებით დაგვირგვინდა. ფირიანი კინოკამერები ე. წ. ძველი გვარდიაა, რომელმაც სახელოვნებო დარგი – კინო ჩამოაყალიბა და მთელი ეპოქა შექმნა. ეს უკვე აღარ იყო თამაში.
1797 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა რობერტსონმა პარიზში დააპატენტა საპროექციო მოწყობილობის მექანიზმი. XIX საუკუნეში საპროექციო კინოკამერის შექმნას ცდილობდნენ უდიდესი კომპანიები და უბრალო თვითნასწავლი ჩხირკედელაობის მოყვარული ადამიანებიც. ათობით გამომგონებელი სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად მუშაობდა კინოკამერის შექმნაზე. შეჯიბრში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ინგლისელი პოლი და რობერ პაული, რუსი ტიმჩენკო და აკიმოვი, ამერიკელი ლე როი და ედისონი, ფრანგი ანრი ჟოლი, იტალიელ ფილოტეო ალბერინი, გერმანელი სკლადანოვსკი და სხვა.
დღეს ბავშვმაც კი იცის, რომ კინოს დაბადება ძმები ლუმიერების სახელთან არის დაკავშირებული. მაგრამ იყო ერთი კაცი, რომელმაც ლუმიერების სეანსამდე რამდენიმე წლით ადრე ააწყო კინოაპარატი და ფილმებიც გადაიღო. ეს იყო ფრანგი ლუი აგუსტინ ლეპრენსი. ბევრი მკვლევარის აზრით სინამდვილეში ლეპრენსი არის კინოს ნამდვილი მამა. ლეპრენსი საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ ინგლისსა და ამერიკაში მუშაობდა. იგი ექსპერიმენტებს ნიუ-იორკის ყრუ-მუნჯთა ინსტიტუტში ატარებდა, სადაც მოძრავი ფოტოსურათები გამოიყენა. მის ლე პრინსი, გამომგონებლის ქალიშვილი, წერდა, რომ ჯერ კიდევ 1885 წელს მან თეთრ კედელზე კადრები იხილა, რომლებიც სხვადასხვა ფიგურების უწყვეტ მოძრაობას უჩვენებდა. 1886 წლის ნოემბერში, ლეპრენსმა ამერიკულ პატენტზე განაცხადი შეიტანა – ”ეს აპარატი საგნების ჩვენებას უზრუნველყოფს, ისე რომ მოქმედება არ წყდება და მისი ნახვა გამეორებით, იგივე მიმდევრობით არის შესაძლებელი” – ეწერა განაცხადში. XIX საუკუნის მიწურულს 1885-1887 წლებში ნიუ-იორკში, ლეპრენსი საჯაროდ აჩვენებდა ხალხს თავისი გამოგონებული აპარატით გადაღებულ მოძრავ, ბუნდოვან გამოსახულებებს. რის შემდეგაც 1888 წელს ინგლისის ერთ-ერთ ფაბრიკაში წარადგინა თავისი ძალიან პატარა კინოფილმი ,,ტრანსპორტის მოძრაობა ლიდსის ხიდზე’’. ამ სეანსების შესახებ მაშინდელი პრესაც წერდა.
1888 წელს ლეპრენსის ერთობიექტივიანი კინოკამერა ქაღალდის ფირზე მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ გამომგონებელმა გადასაღებად ცელულოიდის ფირი გამოიყენა და თავისი ფილმები (,,აკორდეონისტი’’ და ,,ტრანსპორტის მოძრაობა ლიდსის ხიდზე’’) გადაიღო სიდედრის სახლში – ინგლისში, სადაც ცხოვრობდა. ლეპრენსმა სახლის ეზოში ფირზე ასახა თავისი სიდედრი ფილმში ,,სცენა ბაღში’’. გადაღებიდან ათი დღის შემდეგ სიდედრი გარდაიცვალა, ამდენად ის შეგვიძლია კინოს პირველ მსახიობად მივიჩნიოთ. ლეპრენსი ხვდებოდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აპარატზე პატენტის აღება და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. თავდაპირველად ლეპრენსი ამერიკაში გაემგზავრა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა კინოაპარატის საშუალებით ფულის ამერიკაში შოვნა. ეს ქვეყანა იმ ხანად ძალიან ჩქარი ტემპით ვითარდებოდა. ლეპრენსი იმედოვნებდა რომ საქვეყნოდ ცნობილ გამომგონებელთან ედისონთან ითანამშრომლებდა. ედისონი არამხოლოდ ფლობდა პირველი კლასის წარმოების ტექნოლოგიურ ბაზას, არამედ ლეპრენსისთვის რეალური დახმარების გაწევა შეეძლო კინოაპარატის დახვეწასთან დაკავშირებით. დღემდე უცნობია ლეპრენსსა და ედისონს შორის შედგა თუ არა ეს შეხვედრა. 1890 წელს 16 სექტემბერს ამერიკიდან შინ დაბრუნებულმა ლუი ლეპრენსმა თავისი კინოაპარატი აიღო და პარიზში მიმავალ მატარებელში ჩაჯდა. იგი უნდა გადამჯდარიყო ინგლისის რეისზე. იმ დროს პატენტის ინგლისში აღება ხელსაყრელი იყო, რადგან გამომგონებელი დაცული იყო შპიონებისგან, რომლებიც კონკურენტებს აწვდიდნენ ინფორმაციას. მატარებელი, რომლითაც ლეპრენსმა იმგზავრა ექსპრესი გახლდათ, გზაში არსად ჩერდებოდა და მგზავრობის დროს კარებები ავტომატური ბლოკირების სისტემით იკეტებოდა. მისი გაღება მხოლოდ გამცილებელს შეეძლო. საქმე ის არის, რომ პარიზში ჩასულ მატარებლის კუპეში ლეპრენსი არ აღმოჩნდა. დაიკარგა არა მხოლოდ გამომგონებელი, არამედ მისი კინოაპარატიც. ლეპრენსის მიერ ნაყიდი ბილეთის თანახმად, ის მატარებლის ბოლო გაჩერებაზე უნდა ჩასულიყო. თუმცა სადგურზე მისულ მატარებელში კუპე ცარიელი აღმოჩნდა. მტვირთავები, მებარგულები, უბრალო ნაცნობები თუ ლეპრენსის მშობლები ირწმუნებოდნენ, რომ დაინახეს როგორ ავიდა ლეპრენსი მატარებელში და გაემგზავრა, მაგრამ ჩასულ მატარებელში ლეპრენსი და მისი აპარატი აღარ იყო. ატყდა სკანდალი, ფრანგული გაზეთები წერდნენ ლეპრენსის დაკარგვის შესახებ.
ასი წლის შემდეგ პოლიციის არქივებში ერთი საუკუნის წინანდელ ფოტოს მიაკვლიეს, სადაც უცნობი დამხრჩვალი ადამიანია გამოსახული. შესაძლოა ეს იყოს ლუი ლეპრენსი. რადგან წყლის ორი წვეთივით ჰგავს ლეპრენსის დღემდე ცნობილ ფოტოს.
1902 წელს გამომგონებლის უფროსი ვაჟი ლაფრონს ლეპრენსი, რომელიც მამამისმა გადაიღო ფილმში ,,აკორდეონისტი’’ გაემგზავრა ნიუ-იორკში ედისონთან შესახვედრად. ლეპრენსის ვაჟს სურდა პირველი პირისგან, ედისონისგან გაეგო 1890 წელს ლეპრენსი შეხვდა თუ არა მას. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ უფროსი ლეპრენსი სასტუმროს ნომერში დაბინავდა. დილით კი დახვრეტილი იპოვეს. ნომერში იარაღი არ იყო. ოთახის კარები კი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. პოლიციამ საქმე ვერ გახსნა და დღემდე ეს მკვლელობა ერთგვარ გამოცანად ითვლება.
შეიძლება გვეფიქრა რომ ლეპრენსი იყო ავანტურისტი (რომლებიც იმ დროს მრავლად იყვნენ) და მას სინამდვილეში არ ჰქონდა კამერა, მაგრამ ლეპრენსის ფილმები დღემდე შემორჩა და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინტერნეტში. პატენტის ასაღებად წასული კაცის განზრახვაში თვითმკვლელობის მოტივიც არადამაჯერებელია. ერთი სიტყვით ლეპრენსის გაქრობა დღემდე მისტიკური და ამოუხსნელი ფაქტია.
ლუი ლეპრენსი შეგვიძლია მივიჩნიოთ კინემატოგრაფიის დამფუძნებლად, რადგან მან პირველმა აღბეჭდა მოძრავი გამოსახულება. რაც მთავარია თავის გამოგონილი გადასაღები აპარატით, რომელსაც ერთი ობიექტივი ჰქონდა.
ედისონი უარყოფდა ლეპრენსთან შეხვედრას, ბევრი ფრანგი აღნიშნავდა რომ ედისონი იმ დროს ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და ლეპრენსის გამოგონება მას დიდ ზიანს მიაყენებდა. ედისონი მომდევნო წლებში განაგრძობდა თავის გამოგონებებზე მუშაობას და 1893 წელს მისი კინეტოსკოპი გამოვიდა. კინეტოსკოპმა იმდენად მოიპოვა პოპულარობა რომ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყო. ლეპრენსის გარშემო ატეხილი სკანდალი მალე ჩაცხრა. კინოს დაბადება მაინც ფრანგების ხელში დარჩა. 1985 წლის 22 მარტს ძმებმა ოგუსტ და ლუი ლუმიერებმა ვიწრო წრეში მოაწყვეს პირველი ჩვენება. მათი განცხადებით, კინოაპარატი ერთ ღამეში ააწყვეს, როდესაც თავი ძალიან სტკიოდათ. ძმებს დახმარებას უწევდა ცნობილი ინჟინერი კარპანტიე. ლუმიერებმა თავიანთ გამოგონებულ ,,სინემატოგრაფზე’’ პატენტი აიღეს და 28 დეკემბერს ფასიანი სეანსები უჩვენეს. კაპუცინების ბულვარზე ,,გრანდ კაფეს’’ წინ ინდურ სალონში მაყურებელმა იხილა რამდენიმე წუთიანი ფილმები. პირველი სეანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჟეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა დღეისათვის ცნობილი ფილმები: ,,მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან’’, ,,მატარებლის შემოსვლა’’, ,,ბავშვის საუზმე’’ და ,,გაწუწული მებაღე’’ იხილა. ეკრანზე ამოძრავებულმა სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე.
ლუმიერების სეანსი დღემდე კინოს დაბადების ათვლის წერტილად არის მიჩნეული. ძმები ოგუსტ და ლუი ლუმიერების მამა ანტუან ლუმიერი ლიონის ფოტოქაღალდის ფაბრიკის დირექტორი და საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, რომელიც ყოველმხრივ უწყობდა ხელს თავის შვილებს, რომ სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ. მას დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა და მალე შეძლო ამ გამოგონების პოპულარიზაცია.
კინო სწრაფად გავრცელდა ამერიკაში და ევროპაში. 1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ-პეტერბურგში, ამავე წლის 26 მაისს მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს თბილისში. ყველგან უჩვენებდნენ ლუმიერების ფილმებს, რომლებიც ძირითადად საოჯახო ალბომის პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისაგან შედგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაქს და ემილ სკლადანოვსკიმ ლუმიერებამდე ერთი თვით ადრე მოაწყვეს ცვლადი გამოსახულებების ფასიანი სახალხო ჩვენება ბერლინში. კინოს ისტორიკოსები გრან კაფეს თვლიან კინოს დაბადების ნამდვილ ადგილად. სკლადოვსკების ჩვენება არ იყო მოძრავი სურათების ფილმი არამედ უბრალოდ უძრავი ფოტოების მონაცვლე სლაიდები, რაც თავისი არსით კინემატოგრაფიას არ წარმოადგენს. არის ცნობა ასევე რომ 1888 წელს ინგლისელ, ვინმე დიუმონტის ჰქონდა პატენტი მსგავს გამოგონებაზე. მისი აპარატი ძალიან რთული კონსტრუქცია იყო 16 ლინზით და პრიზმული ეფექტისგან შედგებოდა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კინოპროექტორის ავტორი დიუმონტია და პირველი ,,ცოცხალი სურათების’’ მაჩვენებელი” აპარატი, სწორედ მან შექმნა.
ლუმიერების კინოაპარატს უდიდესი უპირატესობა გააჩნდა სხვა აპარატებთან შედარებით. ეს იყო მსუბუქი, კარგად კონსტრუირებული, პორტატული აპარატი, რომელიც უბრალო სახელურების მეშვეობით მუშაობდა. მას ჰქონდა ფირის წყვეტილად მოძრაობის მარტივი პრინციპი და გრეიფერი, რომელიც ამ წყვეტილ მოძრაობას უზრუნველყოფდა. იგი გამოიყენებოდა როგორც კინოკამერა, საპროექციო და პოზიტივების საბეჭდი აპარატი. ამ აპარატით აღჭურვილი კინო ოპერატორი თან მთელ კინოფაბრიკას დაატარებდა და შეეძლო მისი გამოყენება ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება. მოწყობილობა მოგვიანებით ძმებმა ლუმიერებმა დახვეწეს და მან ფართო გავრცელება ჰპოვა.
ლუმიერებისთვის კინო მხოლოდ დოკუმენტური რეპორტაჟი და ცოცხალი ფოტოგრაფია იყო – ცხოვრების ამსახველი ქრონიკა. კინოს როგორც სახელოვნებო დარგის ფორმირება შემდეგი დროის მოღვაწეების ხელში ჩამოყალიბდა.