კამპანია “კონსტიტუცია თანასწორობისთვის” ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება

venice► საზოგადოებრივი კამპანია “კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Act-ს“, რომელიც შედგება პროფესიული კავშირების, სტუდენტური ჯგუფების, საინფორმაციო და ანალიტიკური გამოცემებისგან, ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“გვინდა, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საგადასახადო რეფერენდუმს შეეხება.

კამპანიამ „კონსტიტუცია თანასწორობისთვის“ ვენეციის კომისიას 2017 წლის აპრილში მიმართა და საგადასახადო რეფერენდუმის მარეგულირებელი ნორმის შეფასება თხოვა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საგადასახადო რეფერენდუმი ძალიან იშვიათი ფენომენია შედარებით სამართალში. ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციაში საგადასახადო რეფერენდუმის მარეგულირებელი ნორმები საგადასახადო დაბეგვრის პრინციპს „არანაირი გადასახადი წარმომადგენლობის გარეშე“ ცვლის და გარდაქმნის პრინციპად „არანაირი გადასახადი რეფერენდუმის გარეშე“. ამასთან, ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს მთავრობას ენიჭება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ახალი გადასახადის შემოღების საკითხი, უპირველესად, საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, პარლამენტის მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, რეფერენდუმზე დასამტკიცებლად გავიდეს.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საგადასახადო რეფერენდუმის საკითხზე ვენეციის კომისიის ერთადერთი რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ახალი გადასახადის შემოღების საკითხი.

ამასთან, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია არ ეთანხმება საგადასახადო რეფერენდუმის არსებობას საქართველოს კონსტიტუციაში. თავმჯდომარის, ჯანი ბუკუკიოს, თქმით გადასახადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური ორგანოების კომპეტენციაა.

ვენეციის კომისიის პოზიცია ჩვენთვის წინასწარგანჭვრეტადი იყო, ვინაიდან, როგორც არაერთხელ ითქვა, არ არსებობს არც ერთი ევროპული ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც საგადასახადო საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას ითვალისწინებს.”

იხილეთ ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ