ჯეფრი საქსი: ბრექსიტი გლობალიზაციის უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომია

JeffreySachsწარმოგიდგენთ კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, ამერიკელი ეკონომისტის ჯეფრი საქსის გამოცემა The Boston Globe-ში 2016 წლის 27 ივნისს გამოქვეყნებული წერილითარგმანს.

ჯეფრი საქსი გახლავთ გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის სპეციალური მრჩეველი ათასწლეულის განვითარების მიზნების მიმართულებით. იმავე თანამდებობას იკავებდა კოფი ანანის მდივნობის პერიოდშიც. ჯეფრი საქსი ბესტსელერი წიგნების ავტორია, რომელთა შორისაა The End of Poverty (2005), Common Wealth (2008) და The Price of Civilization (2011).

2004-2005 წლებში ის გამოცემა TIME-ის მიერ დასახელებულ იქნა პლანეტის 100 ყველაზე დიდ მოაზროვნეს შორის. შეგახსენებთ, რომ ჯეფრი საქსი არის “შოკის თერაპიის” იდეური არქიტექტორი, რომელსაც მისდევდა პოსტკომუნისტური სივრცე კაპიტალიზმზე გადასვლისას 90-იან წლებში. განსაკუთრებით 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, საქსმა არაერთ მის პუბლიკაციაში გააკრიტიკა მისი ადრინდელი იდეები განვითარებასთან დაკავშირებით და აღიარა შეცდომები, რომელიც პრივატიზაციის პროცესმა მოიტანა როგორც აშშ-ში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში.

© European.ge

ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილება, ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, სამ მთავარ კითხვას აჩენს: რატომ მიიღო უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება?  რა მოყვება ამ ყველაფერს? და რა უნდა გაკეთდეს ახლა? ეს კითხვები შესაფერისია, როგორც დიდი ბრიტანეთისა და ევროპისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც.

xe
DAVIDE BONAZZI-ს ფოტო გამოცემა Boston Globe-სთვის.

ბრექსიტი ნაწილია, იმ ღრმა ტენდენციისა, რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ეს ტენდენცია კი შემდგომში მდგომარეობს: თითქმის ნახევარი მოსახლეობისთვის მიუღებელია გლობალიზაცია, იმ ფორმით რა ფორმითაც ის დღეს ხორციელდება. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ძლიერდება პოპულისტური, ანტი-ემიგრანტული პარტიები, ამის პარლელურად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა დონალდ ტრამპი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული განსხვავებები, ცალკეულ მოძრაობებს, პარტიებსა და პიროვნებებს შორის, მაგრამ ასევე უტყუარია მათ შორის მსგავსებაც.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეებს შორის, ჭარბობენ:  შედარებით უფროსი ასაკის, თეთრკანიანი, ნაკლებად განათლებული, მშრომელთა კლასის წარმომდგენლები. მათ მიაჩნიათ რომ ემიგრაცია უკონტროლოა, იწვევს კულტურულ დესტაბილიზაციას და უარყოფითად მოქმედებს მათ ეკონომიკურ ინტერესებზე. ამ ადამიანების აზრით, პოლიტიკური და ფინანსური ელიტა ერთმანეთს შეეკრა, რათა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, თავიდან აირიდონ გადასახადები და გლობალიზაციის ბედი უარესობისკენ შემოაბრუნონ.

მათი ეს დამოკიდებულება არ გახლავთ რასისტული, ქსენოფობიური ან ფაშისტური (თუმცა,ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ასეა; ასევე მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენს შორის ნამდვილად არსებობენ ქსენოფობები და რასისტები). სინამდვიელში, ამ განწყობებს საკმაოდ რეალისტური საფუძველი აქვს. გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ განიცადეს მიგრაციის მასიური ტალღების მოზღვავება, როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური სახის. 1970 წლის მონაცემებით, აშშ-ს მოსახლეობაში, უცხოეთში დაბადებულ მოქალაქეთა წილი, 4.8 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს,  13.9 პროცენტამდე გაიზარდა. რაც შეეხება ბრიტანეთს, ეს რიცხვი 5.8 პროცენტიდან  13.1 პროცენტამდეა გაზრიდლი. პარალელურად ხდებოდა შემოსავლების უთანასწორობის მკვეთრი ზრდა, ამ ყველაფრიდან სარგებელს კი ელიტები ნახულობდნენ.

საზოგადოების ნაწილის აზრით, მდიდარმა ქვეყნებმა დაკარგეს სახელმწიფოს საზღვრებზე ეფექტური კონტროლი. ქვეყენებმა, რომლებიც მიგრაციის მთავარი წყაროა, განიცადეს მოსახლეობის მკვეთრი მატება, ამან თავის მხრივ გამოიწვია ამ ქვეყნებიდან გარე მიგრაციის გაზრდა. (მექსიკა და კარიბის ზღვის აუზი აშშ-სთვის ემიგრანტების მთავარი წყაროა, ხოლო ევროპისთვის მთავარი წყარო გახლავთ: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, დასავლეთ და ცენტრალური აზია და აფრიკის საჰარის სამხრეთ რეგიონები). ეკონომიკურმა ელიტებმა ამ ყველაფერში საკუთარი ინტერესი დაინახეს: მაგალითად, კომპანიებმა დიდი სარგებელი ნახეს ემიგრანტების დაქირავებით, რომლებიც იაფ მუშახელს წარმოადგენენ, ასევე იხეირეს მდიდარმა მომხმარებლებმა, ემიგრანტების მიერ მიწოდებული იაფი სერვისებით. ელიტებმა თვალი დახუჭეს მშრომელთა ხელფასების კლებაზე, რომლებიც, ამავდროულად, განიცდიდნენ გაზრდილი სავაჭრო კონკურენციის, ოფშორული სამსახურებისა და ავტომატიზაციით გამოწვეულ უდიდეს წნეხს.

მიგრაციას ხელი შეუწყო ასევე აშშ-ს მილიტარისტულმა პოლიტიკამ.  აშშ-ს მიერ ლათინურ ამერიკაში ნარკოტიკებზე გამართულ ომს მოყვა მასიური ძალადობა და ლტოლვილების გადინება აშშ-ში. 1980-იან წლებში, ცენტრალურ ამერიკაში მიმდინარე უაზრო, აბსურდულმა კონტრ-ომებმა კი აშშ-ს მეზობელ სახელმწიფოებში დესტაბილიზაცია გამოიწვია. აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ბოლო წლების მცდელობები ჩამოგდოთ მთავრობები ავღანეთში, ერაყში, სირიაში, სუდანში, სომალიში ლიბიასა და იემენში, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ევროპაში ლტოლვილთა ნაკადის გაზრდისა.

ბრექსიტი თავისთავად არ გამოიწვევს დიდ კატასტროფას. დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას შეიძლება მხოლოდ ზომიერი ეკონომიკურ შოკი მოყვეს. ბრიტანეთის მოსახლეობა, მსოფლიო მოსახლეობის  0,9 პროცენტს შეადგენს, ბრიტანული წარმოების წილი კი მსოფლიოს წარმოებაში 2.4 პროცენტია,  ხოლო მსოფლიო რეზერვების 4 პროცენტი ფუნტ სტერლინგშია. დიახ, მთავარი დარტყმის ქვეშ სწორედ ბრიტანეთის ეკონომიკა და ფუნტი მოექცევა, მოხდება მსოფლიო რეზერვების გადატანა ფუნტიდან სხვა ვალუტაში. მიუხედავად ამისა, უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი, თუნდაც დიდი ბრიტანეთისთვის არ იქნება დიდი, თუ რა თქმა უნდა არ მოხდა ამ შედეგებთან არასწორი მეთოდებით გამკლავება.

ბრექსიტის შედეგი, იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს დამანგრეველი, თუ ამ ყველაფერს მცდარი პოლიტიკური რეაგირება მოყვება. ყველაზე უარესი კი იქნება თუ მოხდება ბრექსიტის გამომწვევი მიზეზების იმიტირება ან იგნორირება. ანტი-ემიგრანტული პოპულისტური პოლიტიკა მოითხოვს პოლისების ცვლილებებს როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში.

მდიდარ ქვეყნებს ნამდვილად ესაჭიროებათ სასაზღვრო კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეღარ გაუძლებენ არალეგალური ემიგრანტების უდიდეს ნაკადს, რომლებიც მშვიდობიანი გარემოს, სამსახურისა თუ გულუხვი სოციალური დახმარების ძიებაში არიან. მიუხედავად ამისა, მიგრაციის წნეხის შეჩერება შეუძლებელია, თუკი თავად იმ რეგიონებში საიდანაც ლტოლვილები მოდიან არ დაისადგურებს  მშვიდობა და არ იქნება სიცოცხლიუნარიანი ეკონომიკა. საჭიროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ თავს დაუსვას კითხვა იმის თაობაზე,  თუ რატომ არის მის მეზობელ ქვეყნებში ასეთი სიღარიბე, ფინანსური გაჭირვება, (მათ შორის ახლახანს პუერტო რიკოს გაბანკროტებაც), რატომ არიან ისინი ომისგან გახლეჩილი და ასეთი ძალადობრივი. ამის შემდეგ კი სარკეში ჩაიხედოს და გაიხსენოს, თუ როგორ შეუწყო ხელი მისმა პოლიტიკამ მსგავსი საზარელი შედეგის დადგომას.

ამერიკის შეერთებული შტატები ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის მაგნიტია. ის არის ცენტრალური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი. წარმოადგენს რეგიონული ორგანიზებული დანაშაულის მთავარ ჰაბს. აშშ ავტორია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ განხორციელებული უამრავი შეიარაღებული ამბოხისა დემოკრატირული მთავრობების წინააღმდეგ, ხშირ შემთხვევაში ეს ხდებოდა შეერთებული შტატების კორპორატიული ინტერესების დაცვის მიზნით. ასევე, აშშ წამყვანია ადამიანის მიერ კლიმატის ცვლილების გამოწვევის ხელშეწყოაბაში, რაც უკვე იწვევს ლტოლვილების გაჩენას (environmental refugees). მთელი ამ ხნის მანძილზე, ამერიკის პოლიტიკური ელიტა არ ზრუნავდა ამ ყველაფრით გამოწვეულ შედეგებზე.

რაც შეეხება ევროპას, აქ ვითარება უფრო ჩახლართულია. ევროპის წინაშეა საემიგრაციო ზეწოლა: აზიის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის მხრიდან. გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით, აფრიკის მოსახლეობა, რომელიც 1950 წლის მონაცემებით  228 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს 1.19 მილიარდამდე  გაიზარდა, 2100 წლისთვის 4.39 მილიარდს მიაღწევს. ეს რიცხვი შევადაროთ ევროპის მოსახლეობას, რომლის რიცხვიც 2100 წლისთვის სავარაუდოდ 646 მილიონი იქნება (რუსეთისა და უკრაინის ჩათვლით). ამ დემოგრაფიულ ზეწოლას აძლიერებს ომები, რომელიც ძირითადად ამერიკის მიერ იწარმეობა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, რაც აიძულებს მილიონობით გადაადგილებულ ადამიანს ხმელთაშუა ზღვის გავლით გადავიდნენ ევროპაში.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა, ამ შემთხვევაშიც არსებობს პრაქტიკული გამოსავალი. აფრიკის გამაოგნებელი დემოგრაფიული ზრდის შემცირება შესაძლებელია: მარტივი, ჰუმანური და გონივრული პოლიტიკის გატარებით, რომელიც უზრუნველყოფს აფრიკელი ბავშვებისთვის სულ მცირე საშუალო სკოლის განათლების მიღების გარანტიას. ამის შედეგი კი იქნება  შობადობის ამჟამინდელი უაღრესად მაღალი მაჩვენებლის დრამატული შემცირება და ეს მოხდება ნებაყოფლობით. და მაინც, განათლების ხელმისაწვდომობის დაფინანსება ღარიბ ქვეყნებში, მოითხოვს აშშ-ს და ევროპის მიერ ომებისა და შეირაღებისთვის განკუთვნილი ხარჯების მიმართვას გოგონათა განათლებაზე.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბრექსიტი გახლავთ მძლავრი გამოძახილი იმ ძირეული და ყოვლისმომცველი პრობლემებისა, რომელიც არსებობს გლობალიზაციასთან დაკავშირებულ ჩვენ მიდგომებში. ამ ყველფერზე სწორი რეაგირება იქნება, სწორედ ამ ძირეული პრობლემების მოგვარება. უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენივე ეკონომიკაში გავაერთიანოთ მიგრაციის რეალისტური ზღვარი და სოციალ-დემოკრატიული სული, რათა ვიზრუნოთ მათზეც ვინც გლობალიზაციის მიღმა დარჩა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ ომი მდგრადი განვითარებით. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია სწორედ მისი სამეზობლოს კეთლდღეობასა და უსაფრთხოებაზე.

 


ინგლისურიდან თარგმნა მაგდა ლაბაძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ