ლეონარდო ბოფი: ყოვლისმომცველი ომი დედამიწის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს

bofiგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► წარმოგიდგენ ინტერვიუს თარგმანს განთავისუფლების თეოლოგ ლეონარდო ბოფთან.

► ლეონარდო ბოფი – ბრაზილიელი კათოლიკე თეოლოგი. ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა განთავისუფლების თეოლოგიაში. იგი დღემდე ცდილობს ეკლესიის მსახურების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ადამიანის უფლებებისა და ღარიბების დაცვა გახადოს. ბრაზილიაში სწავლობდა ფილოსოფიას და თეოლოგიას. 1959 წელს შედის ფრანცისკანელების ორდენში. 1964 წელს მღვდლად ეკურთხა. შემდგომში სტუმრობდა სტუდენტის სტატუსით ვიურცბურგის, ლუვენის და ოქსფორდის უნივერსიტეტებს. 1965-1970 წლებში სწავლობდა კარლ რანერთან მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა დოგმატიკაში ლეო შეფჩიკთან, მის სადოქტოროს დაცვაზე იმყოფებოდა აგრეთვე პროფესორი იოზეფ რატცინგერი, შემდგომში განთავისუფლების თეოლოგიის მთავარი მოწინააღმდეგე და პაპი ბენედიქტე XVI, რომელმაც ბოფის აკადემიურის სამუშაო უმაღლესი ქულით შეაფასა. 1985 წელს თეოლოგი ვატიკანისგან იღებს ერთწლიან დისციპლინარულ სასჯელს, რომელიც მას კათოლიკურ საგანმანათლებლო ცენტრებში სწავლებას უკრძალავდა. ბოფის „დაცემა“ განაპირობა მისმა ცნობილმა წიგნმა „ეკლესია, ქარიზმა და ძალაუფლება“ (1981), სადაც ის კათოლიკე ეკლესიის იერარქიულ და არადემოკრატიულ სტრუქტურას მწვავედ აკრიტიკებდა, მოითხოვდა ეკლესიის ერთპიროვნულ მხარდაჭერას ლათინურ ამერიკაში ჩაგრული ხალხებისადმი. მოდიოდა წინააღმდეგობაში კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურ ეკლესიოლოგიურ და საკრამენტალუს სწავლებასთან. სასჯელის შემდეგ ბოფი კლვავაც აგრძელებს წერას და პრაქტიკულ მუშაობას იქნება ეს განთავისუფლების თეოლოგების მიერ დაარსებული სამრევლოები და სოციალური ცენტრები, რომელიც ლათინურ ამერიკაში ღარიბების და დაბალი სოციალური ფენის ხალხისათვის არის განკუთვნილი. ეკლესიის მაღალ იერარქიიასთან კონფლიქტის გამო ის კვლავ იღებს სასჯელს რომიდან, 1991 წელს ტოვებს ადგილობრივ კათოლიკურ გაზეთის რედაქტორის თანამდებობას, ხოლო ერთი წლის შემდეგ ფრანცისკანელების ორდენს და მღვდლობას.

მღვდელმსახურების დატოვების შემდეგ ბოფი რიო დე ჟანეიროს უნივერსიტეტში ეთიკისა და სულიერების კათედრის ხელმძღვანელი გახდა. იგი დღემდე გამოირჩევა სოციალური აქტივობით, 85 წლის თეოლოგი ხშირად სტუმრობს და მფარველობს ქუჩიდან მოსულ ბავშვთა თავშესაფრებს. აქტიურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ლექციებს კითხულობს ღვთისმეტყველებაში, ეთიკასა და ეკოლოგიურ თემებზე.

© European.ge

კაცობრიობამ თავისი საყოველთაო ომი დედამიწის წინააღმდეგ უნდა შეწყვიტოს და კვლავ ქმნილების დამცველი უნდა გახდეს. მოგვიწოდებს ბრაზილიელი განთავისუფლების თეოლოგი ლეონარდო ბოფი. „თუ ჩვენ არ გვესმის, რომ ამ ერთიანობის ნაწილი ვართ და როგორც საჭიროა ისე არ ვიქცევით, მალე აღმოვჩნდებით საფრთხეში, ხოლო ყველა ცოცხალი არსება დაიღუპება“.

„როგორც ღარიბები თუ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ყვირიან, ასევე  იქცევიან ტყეები, ტბები, ცხოველები და მთელი პლანეტა. დედამიწა ინდუსტრიული ძარცვის ძალადობის ქვეშ იტანჯება“ აღნიშნა ბოფმა ქ. ბონში ფრანცისკანელების ცენტრში გამართული საჯარო ლექციის შემდეგ IPS-სთან საუბარში.

85 წლის სამხრეთ ამერიკელმა თეოლოგმა ოპტიმისტურად დაგვანახა რეალობა. „ტკივილები, რომელსაც ჩვენ ვითმენთ არ არის აგონიის ნიშნები, არამედ ჩვენ ახალი დაბადების მომსწრენი ვხდებით. ეს მდგომარეობა არ უნდა ჩავთვალოთ ტრაგედიად, არამედ მივიღოთ როგორც კაცობრიობის კრიზისი“.

  • თქვენი მოთხოვნაა ცივილიზირებული პარადიგმა. რას მოიაზრებთ თქვენ ამის ქვეშ?

ლეოანრდო ბოფი: ჩვენ ვსაჭიროებთ ახალ აზროვნებას, რომლის ცენტში არა ეგოისტური მოგების სწრაფვა იქნება, არამედ კაცობრიობა და ცოცხალი პლანეტა. დღევანდელი წარმოების ფორმები მიმართულია მატერიალური ქონების სიჭარბეზე და მომხარებლობაზე. ეს წარმოშობს ორი სახის უსამართლობას: ერთი სოციალური და მეორე ეკოლოგიური. ეკოლოგიურს, იმიტომ რომ დედამიწის ეკოსისტემა უდარდელად იძარცვება და სოციალურს – რადგან ქონება ძალიან არასამართლიანად ნაწილდება. ამის შედეგად წარმოიქმნა ასეთი დამახინჯებული უფსკრული ღარიბებსა და მდიდრებს შორის.

თითქმის ნახევარი კაცობრიობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველდღიურად შიმშილით ათასობით ადამიანი კვდება. ცოტა ხნის წინ იან ზიგლერმა, გაეროს ყოფილმა წარმოამდგენელმა საკვების უფლებაზე, თავის ახალ ნაშრომში „მასების განადგურება-შიმშილის გეოპოლიტიკა“, შიმშილით სიკვდილიანობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ყველა ადამიანისათვის საკმარისი საკვები პროდუქცია აწარმოოს გამიზნულ მკვლელობად შეაფასა. იმედები დაუსრულებელ განვითარებაზე ვერ იქნა ასრულებული. სისტემა, რომელშიც მდიდრების ერთი მეხუთედი მსოფლიოს მთლიანი სიმდიდრის 82,4 პროცენტს მოიხმარს, ხოლო უღარიბესი მოსახლეობის ერთი მეხუთედი მთლიანი რესურსების 1,6 პროცენტით უნდა დაკმაყოფილდნენ ძალზედ უსამართლოა. ამასობაში ჩვენ მივხვდით, რომ აზროვნებას რომელიც ქვედა ფენების, კლასების, ხალხების და დედამიწის ექსპლუატაციამდე მივყავართ. ეს კი საყოველთაო ჩაგვრას ნიშნავს, რომელსაც გამოიხატავს მთელი რიგი ერების, ღარიბების და დედამიწის გოდება. ტრაგიკულია, ის რომ გაბატონებული აზროვნება სიცოცხლესთან წინააღმდეგობაში მოდის.

ინდუსტრიული აზროვნება სწორხაზოვანია. მას მივყავართ მონოკულტურებთან, ყვლეფასთან და სიმდიდრის დაგროვებასთან. ამის საპირისპირო მოდელი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. ესენია: თანადგომის კულტურა, მიზანი კი საყოველთაო კეთილდღეობას და დედამიწის დაცვას უნდა წარმოადგენდეს. სწრაფვა ბუნებასთან წონასწორობის დაცვის, ყოველი ადამიანის და ცოცხალი არსების ინტეგრაცია. დედამიწის წინააღმდეგ ომში ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. ჩვენ გვჭირდება მოფრთხილების და დაცვის რევოლუცია, რომელიც ადამიანებს დედა ბუნების დამცველად გადაგვაქცევს. ეს იმდენად არ შეეხება დედამიწის გადარჩენას, რამდენადაც ჩვენ და ჩვენი დამოკიდებულების რადიკალურ ცვლილებას დედამიწის მისამართით, რათა შემდგომ ცივილიზაციას ჰქონდეს გარანტირებული მომავალი.

  • და რა უნდა შევცვალოთ?

ერთხელ და სამუდამოდ დედამიწა უნდა აღვიქვათ ერთ დიდ ცოცხალ ორგანიზმად. ჩვენ ვიცით, რომ სულ მცირე ერთ მუჭა მიწაში 10 მილიარდი ბაქტერია და ვირუსი მოიპოვება, აქედან 6.000 სხვადასხვა სახეობისაა, დედამიწა ცოცხლობს. ის მრავალგვარია და ადამიანიც მისი ერთერთი შემადგენელი ნაწილია. უნდა შევწყვიტოთ ყოვლისმომცველი ომი დედამიწის წინააღმდეგ. ჩვენ მასზე ვერ გავიმარჯვებთ, ვინაიდან ის წარმოუდგენელ გამძლეობას ფლობს. მას კი შეუძლია შემდგომში ჩვენს გარეშეც განაგრძოს არსებობა. თუმცა ჩვენ მის გარეშე ნამდვილად არ შეგვიძლია ვიარსებოთ.

გვჭირდება ახალი ცივილიზებული პარადიგმა, რომლის ცენტრში არა მოგება, არამედ კაცობრიობა და ცოცხალი სამყარო იქნება. ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მხოლოდ სახელმწიფოებისა თუ ეკლესიების მონოპოლიით ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ. ეს უნდა იყოს თოთოეული ადამიანის მიერ მიდევნებული როგორც სიტყვით ასევე საქმით.

  • რამდენად დიდია ეკლესიების წილი ბუნების დამორჩილებაში?

ისინი არიან ამ პრობლემის ნაწილები. მათ რეაგირება არ მოახდინეს ხალხების, ღარიბების და დედამიწის „გოდებაზე“, მათ არ გაკიცხეს ექსპლუატაცია. ფაქტიურად ისინი იყვნენ თანამონაწილეები. ყველა ეკლესიამ თუ რელიგიამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი სულიერი ღირებულებები: დედამიწის მიმართ პატივისცემა, მოფრთხილება და სიყვარული. ისინი უნდა გახდნენ ახალი პარტნიორები, როგორც ამას ჩვენ ინდიელი ხალხი გვასწავლის. მიწის მიმართ ყურადღება და სიყვარულით აღმოცენდება ცივილიზაციის ახალი ფორმა, ხოლო ჩვენი შემდგომი ცხოვრების წესი კარგი იქნება როგორც დედამიწისთვის და ასევე ჩვენთვისაც.

  • რომის პაპმა ფრანცისკემ დიდი იმედები გააღვიძა რომის კათოლიკე ეკლესიის განახლების მხრივ. რას ელოდებით თქვენ რიგითი განთავისუფლების თეოლოგიის წარმომადგენელი არგენტინელი ხორხე მარიო ბერგოლიოსაგან?

უსამართლოდ დასჯილი განთავისუფლების თეოლოგების[1] რეაბილიტაციას.

ჩემთვის ყველაზე დიდი ესპანელი განთავისუფლების თეოლოგი ხოსე მარია კასტილო, იეზუიტი გრანადადან, ვატიკანის მხრიდან საეკლესიო სასჯელის შემდეგ ჩამოერთვა რა უფლება თეოლოგს და სასულიერო პირს საჯარო საუბრის, წერის და ლექციების კითხვისა. ის იმდენად იყო სასოწარკვეთილი ორჯერ სცადა თავის მოკვლა. ფსიქოანალიტიკოსებს არ შეეძლოთ მისი შველა. მოგვიანებით მეგობარმა წაიყვნა ელ სალვადორში ჩვენს ერთერთ სამრევლოში, ერთი წლის შემდეგ ის სრულად განიკურნა.

ვატიკანი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩვენ მოწინააღმდეგეებს მიეკუთვნებოდა: მმართველ კლასებს, კონსერვატორ სასულიერო პირებს. ჩვენ მათ რიგებში არ ვეწერეთ. ამასობაში კი მდგომარეობა შეიცვალა. განთავისუფლების თეოლოგია ყოველთვის აქ იყო, მაგარამ უხილავად. ის ყოველთვის იყო წარმოდგენილი, იმიტომ რომ ღარიბები ყვირიან. ეხლა ჩვენ ვართ გახარებულები, ვინაიდან გვყავს პაპი რომელიც ამ ტრადიციიდან მოდის. ის თავად განთავისუფლების თეოლოგიის ენაზე არ საუბრობს, რაც ჩვენი აზრით სრულებით არ არის საჭირო. მაგრამ ის დგას უბრალო ხალხის ტრადიციებზე და ამ ხალხის კულტურის თეოლოგიაზე. მან დასაწყისშივე თქვა, რომ ეკლესია ღარიბებისათვის უნდა იყოს და მათ პრობლემებს ზურგი არ უნდა შეაქციოს. მსგავსი გამონათქვამები ჩვენ იმედს გვაძლევს.

ჩემი აზრით, დღევანდელ დღეს რაც ჩვენ ყველაზე ძალიან გვაკლია ეს არის მგრძნობელობა. ჩვენ ვერ ვამჩნევთ სხვებს. ჩვენ მათ ვტოვებთ სასიკვდილოდ, საშიმშილოდ. ჩვენ არ ვხედავთ ადამიანების, ბავშვების გაჭირვებას. ჩვენი გულის ინტელექტი იქნა გაბნეული. საჭიროა მგრძნობელობა კვლავ გავნავითაროთ.

► აქვე გთავაზობთ სხვა ინტერვიუს თარგმანს ლეონარდო ბოფთან: “ბრაზილიელი თეოლოგი ლეონარდო ბოფი ფიდელ კასტროზე, ტრამპზე და რელიგიაზე“.

 

შენიშნვნა:

[1] განთავისუფლების თეოლოგია- XX ს-ის მეორე ნახევარში სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე რომის კათოლიკე ეკლესიაში აღმოცენებული ქრისტიანული მოძრაობა, რომლის წარმომადგენლები სასულიერო პირები და თეოლოგები სოლიდარობას და თანადგომას უცხადებდნენ კონტინენტზე ჩაგრულ და ექსპლუატირებულ ხალხს. კონტინენტეზე არსებულ დიქტატორულ რეჟიმების წინააღმდეგ და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლაში განთავისუფლების თეოლოგიის მთელი რიგი ცნობილი წარმომადგენლები იქნენ მოკლულნი. მათ შორისაა ელ სალვადორის ეპისკოპოსი ოსკარ რომერო, არგენტინელი „ღარიბების მღვდელი“ კარლოს მუხიკა, თეოლოგი იგნასიო ელაკურია და სხვანი. მოგვიანებით განთავისუფლები თეოლოგების ნაწილი რადიკალური ქმედებებისა და ეკლესიის ოფიციალურ სწავლებასთან კონფლიქტის გამო დასჯილ იქნა ვატიკანის მხრიდან. არგენტინელი რომი პაპი ფრანცისკე არ წარმოადგენს ამ თეოლოგიურ მიმართულების, მაგრამ თანამშრომლობს ამ მიმართულების სამხრეთ ამერიკელ ღვთისმეტყველებთან და მთელ რიგ საკითხებზე განიცდის კონტინენტზე წარმოქმნილი „პერიფერიული თეოლოგიის“ გავლენას.


თარგმნა და შენიშვნები დაურთო შოთა კინწურაშვილმა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ