ბრაზილიელი თეოლოგი ლეონარდო ბოფი ფიდელ კასტროზე, ტრამპზე და რელიგიაზე

bofiგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

ბრაზილიელი თეოლოგი ლეონარდო ბოფის ინტერვიუ გერმანულ გამოცემა “დოიჩე ველესთან” (Deutsche Welle), სადაც მან ისაუბრა ფიდელ კასტროსთან მეგობრობაზე, კუბის მომავალზე, აშშ-ის ახალ პრეზიდენტსა და რელიგიაზე, რომელიც ბაზარმა სავაჭრო პროდუქტად აქცია.

© European.ge

“ფიდელ კასტრო იყო განთავისუფლების თეოლოგიის მომხრე. კასტროს დადებითმა შეხედულებებმა გათავისუფლების თეოლოგებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კუბის ხელისუფლების და კათოლიკური ეკლესიის დაახლოებაში. Deutsche Welle ფიდელ კასტროს მეგობარს და განთავისუფლების თეოლოგ ლეონარდო ბოფს ესაუბრა.”

fidelთქვენ ხართ რევოლუციონერი თეოლოგი, ფიდელ კასტრო კი პოლიტიკური რევოლუციონერი იყო. პირადად თუ იცნობდით ფიდელ კასტროს?

– დიახ, ჩვენ ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა. როდესაც 1985 წელს ვატიკანმა საეკლესიო სასჯელი გამომიტანა, რომელიც მიკრძალავდა აკადემიურ მოღვაწეობას კათოლიკური ეკლესიის საგანმანათლებლო სივრცეში, იქნებოდა ეს უნივერსიტეტი, გიმნაზია თუ სემინარია, ფიდელმა კუბაზე მიმიწვია. იგი დაინტერესებული იყო გათავისუფლების თეოლოგიით და ჩვენ შეხვედრამდე მას უკვე წაკითხული ჰქონდა ჩემი, გუსტავო გუტიერესის[1] და ფრაი ბეტოს[2] თეოლოგიური წიგნები. იგი მრავალგზის მარწმუნებდა, რომ მარქსიზმის ნაცვლად რევოლუციას იდეოლოგიურ საფუძვლად გათავისუფლების თეოლოგიას დაუკავშირებდა, ამ მიმდინარეობას უკვე იმ დროს რომ ეარსება. რევოლუციის პირველ თვეებში ის მუდამ ატარებდა გულზე ჩამოკიდებულ ჯვარს. თუმცა იყო სხვა ფაქტორიც. იმ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები კუბაზე ჯარების შეყვანით იმუქრებოდა, ფიდელ კასტროც იძულებული გახდა საბჭოთა კავშირს მიკედლებოდა. აშშ-ს სურდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ სოციალიზმს ფუნქციონირება არ შეეძლო. მათ მოახდინეს კუბის იზოლიაცია ემბარგოს სასტიკი ფორმით.

რევოლუციის შემდეგ ათასობით ქრისტიანმა დატოვა კუბა, ეკლესია მიჩნეულ იქნა სახელმწიფოს კონტრევოლუციურ მტრად. მხოლოდ 1992 წელს, ფიდელ კასტრომ კონსტიტუცია შეცვალა და კუბა ლაიცისტურ სახელმწიფოდ გამოაცხადა. როგორ ფიქრობთ, თქვენმა შეხვედრებმა ფიდელის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმაში წვლილი შეიტანეს?

– მე და ფრაი ბეტო ხუთი წლის განმავლობაში კუბაზე კათოლიკე ეპისკოპოსების და მთავრობის ერთმანეთთან შერიგებისათვის ვმუშაობდით. ჩვენ ორივე მხარესთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. ფრაი ბეტომ ფიდელს საწინააღმდეგო არგუმენტი მოუყვანა, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა: „სახელმწიფო არ შეიძლება იყოს კონფესიური, მაგრამ კუბა ზუსტადაც რომ კონფესიურია, ეს არის სახელმწიფო მარქსისტული აღმსარებლობით“. ამ წინადადებამ ფიდელზე დიდი გავლენა მოახდინა. დიახ, ის იყო შოკირებული. ლაიცისტურ სახელმწიფოში 1992 წლიდან ცვლილებები დაიწყო, კათოლიკე მღვდლებსა და მონაზვნებს უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. 1998 წელს ფიდელმა კუბაზე, ჯერ პაპი იოანე პავლე მეორე მიიწვია, ხოლო შემდეგ მას პაპი ბენედიქტე XVI და ბოლოს პაპი ფრანცისკეს ვიზიტი მოყვა.

fidel1

papi-da-kastro„რევოლუცია შიმშილის წინააღმდეგ არ არის საკმარისი“

როგორ ხედავთ კუბის პოლიტიკურ მომავალს? გახდება კუბა ფიდელის სიკვდილის შემდეგ კარიბების ჩვეულებრივი კუნძული ყოველგვარი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გარეშე?

– ამის მე არ მჯერა. სოციალიზმი უკვე კუბელი ხალხის კულტურას ეკუთვნის. ისინი ძლიერ ამაყობენ თავიანთი გრძელვადიანი დაუმორჩილებლობით პოლიტიკური გიგანტების წინააღმდეგ. ყველას მიერ რევოლუციის აღიარების მიუხედავად ფიდელ კასტრო ჩვენ მუდამ გვიმეორებდა: „რევოლუცია შიმშილის წინააღმდეგ არ არის საკმარისი, საჭიროა თავისუფლების რევოლუცია“.

ბევრ კუბელს აქვს სურვილი ასეთი თავისუფლების. ისინი ვერ ხედავენ მომავალს სამშობლოში და ემიგრაციაში მიდიან. სოციალიზმის დღეები დათვლილია?

– მე ვფიქრობ, რომ რეჟიმი ნელნელა კვლავ გაიხსნება. შესაძლებელია განვითარდეს თავისუფალი სოციალიზმი, რომელიც ფუნდამენტურ ეკონომიკურ და სოციალურ პრინციპებს შეინარჩუნებს. ასე მაგალითად, ნაცვლად კერძო საკუთრებისა მნიშვნელოვანი იქნება საერთო საკუთრება. ეს არის ის ალტერნატივა, რომელსაც სოციალიზმი კაპიტალიზმთან დაკავშირებით მოითხოვს.

რა გაიფიქრეთ პირველად, როდესაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ შეიტყეთ?

– ჩემთვის ტრამპი არის უსაშინლესი გამოვლინება, რომელიც ამერიკული კულტურიდან შეიძლებოდა ამოზრდილიყო. ჩვენ არ ვიცით, თუ რისგან შედგება მისი აშშ-ს პოლიტიკური პროექტი. ამიერიდან ეს არის საიდუმლო, თუ როგორ სურს მას მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მართვა. ეს მე საფრთხედ მეჩვენება. კაცობრიობა შეშინებული შესცქერის ვაშინგტონს.

„რელიგია გადაიქცა სავაჭრო პროდუქტად“

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე ევანგელიკალებს დიდი გავლენა გააჩნდათ. იზრდება რელიგიის გავლენა პოლიტიკაზე?

სხვადასხვა რელიგიები და განსაკუთრებით ევანგელისტი ორმოცდაათიანელები[3] საბაზრო ეკონომიკის ლოგიკას მიჰყვებიან. ისინი გამოიმუშავებენ ბევრ ფულს თავიანთი სატელევიზიო პროგრამებით და მხარს უჭერენ მას ვინც მათ ინტერესებს დაიცავს, ახდენენ რა საკუთარი მიმდევრების მობილიზირებას და შემდგომ მანიპულაციას. კაპიტალისტურ აზროვნებაში რელიგია – ეს არის სავაჭრო პროდუქტი, ნაწარმი.

არ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე საზოგადოებაში თქვენ მიერ წარმოდგენილი ეთიკური ფუნდამენტი მსოფლიოს პოლიტიკურ განვითარებასთან წინააღმდეგობაში მოდის?

– თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ერთგვარ ბაზრის საზოგადოებად ჩამოყალიბდა: ყველაფერი პროდუქტად იქცა, სექსიდან დაწყებული წმინდა სამებით დამთავრებული. გლობალიზაცია ყველა კულტურას ნიველირებას უკეთებს. ჩვენ განვიცდით კაპიტალიზმის უმაღლეს ფაზას.

„რელიგიები იწყებენ ომს“

კაპიტალიზმს რომის პაპიც აკრიტიკებს. პოზიცია, რომელსაც ის სხვა რელიგიების მმართველებთან ერთად იზიარებს. შეძლება მისი ინიციატივა რელიგიებს შორის დიალოგთან დაკავშირებით, გარკვეული სახის საპირწონე გახდეს გლობალიზაციისთან მიმართებაში?

– რელიგიათაშორისი დიალოგის არანაირი იმედი არ მაქვს. ყველაზე დიდი საკითხი არის არა რელიგია, არამედ სულიერება. რელიგიები იწყებენ ომებს, ისინი არიან ისტორიული წარმონაქმნები, ხოლო ყოველი კულტურა საკუთარ რელიგიას ავითარებს. ამის საპირისპიროდ სულიერება იკვებება ფუნდამენტური ადამიანური თვისებებისაგან, როგორებიცაა სოლიდარობა, ინტელექტი, სექსუალობა, ნებისყოფა, თანაგრძნობა, ქმნილებების მოფრთხილება. სულიერება განყოფის ნაცვლად აკავშირებს, ის არ არის რელიგიის მონოპოლია. სწორედ ასეთ სულიერებას უნდა შევუწყოთ ხელი.

ეს შეხედულება კათოლიკე, მართლმადიდებელი ან სხვა ქრისტიანისათვის არ იქნება შემაძრწუნებელი?

არა, სრულებითაც არა. ეკლესია უნდა ემსახუროს კაცობრიობას და არა საკუთარ თავს. მან უარი უნდა თქვას პრეტენზიაზე წარმოადგენდეს მხოლოდ ერთადერთს და გაერთიანდეს სხვა ეკლესიებთან ერთად ბუნების და სიცოცხლის დასაცავად. რელიგიებმა საკუთარი მომავლის გეგმები უნდა შეცვალონ. ეს არ ეხება იმას, თუ რა მომავალი აქვს ქრისტიანობას ან სხვა რელიგიებს, არამედ იმას თუ რა მომავალი აქვს ჩვენს პლანეტას, ხოლო რელიგიები თუ როგორ შეძლებენ მომავალში საკუთარი წვლილის შეტანას ჩვენი პლანეტის დასაცავად.

 

ლეონარდო ბოფი – მოკლე ბიოგრაფია

ბრაზილიელი თეოლოგი და ერთერთი ცენტრალური ფიგურა გათავისუფლების თეოლოგიაში. ბოფი სწავლობდა ფილოსოფიას და თეოლოგიას ბრაზილიაში. 1959 წელს უერთდება ფრანცისკანელების ორდენს, ხოლო 1964 წელს მღვდლად ეკურთხა. შემდგომში სტუმრობდა ვიურცბურგის, ლუვენის და ოქსფორდი უნივერსიტეტებს. 1965-1970 წლებში სწავლობდა კარლ რანერთან მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა დოგმატიკაში ლეო შეფჩიკთან, მის სადოქტოროს დაცვაზე იმყოფებოდა აგრეთვე პროფესორი იოზეფ რატცინგერი, მოგვიანებით რომის სარწმუნოების კონგრეგაციის პრეფექტი, განთავისუფლების თეოლოგიის მთავარი მოწინააღმდეგე, 2005-2013 წლებში რომის პაპი ბენედიქტე XVI, რომელმაც ბოფის აკადემიურის სამუშაო უმაღლესი ქულით შეაფასა. 1985 წელს თეოლოგი ვატიკანისგან იღებს ერთწლიან დისციპლინარულ სასჯელს, რომელიც მას კათოლიკურ საგანმანათლებლო ცენტრებში სწავლებას უკრძალავდა. ბოფის „დაცემა“ განაპირობა მისმა ცნობილმა წიგნმა „ეკლესია, ქარიზმა და ძალაუფლება“ (1981), სადაც ის კათოლიკე ეკლესიის იერარქიულ და არადემოკრატიულ სტრუქტურას მწვავედ აკრიტიკებდა, მოითხოვდა ეკლესიის ერთპიროვნულ მხარდაჭერას ლათინურამერიკაში ჩაგრული ხალხებისადმი. მოდიოდა წინააღმდეგობაში კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურ ეკლესიოლოგიურ და საკრამენტულ სწავლებასთან.     სასჯელის შემდეგ ბოფი კლვავაც აგრძელებს წერას და პრაქტიკულ მუშაობას იქნება ეს განთავისუფლების თეოლოგების მიერ დაარსებული სამრევლოები თუ სოციალური ცენტრები, რომელიც ლათინურამერიკაში ღარიბების და დაბალი სოციალური ფენებისთვის არის განკუთვნილი. ეკლესიის მაღალ იერარქიიასთან კონფლიქტის გამო ის კვლავ იღებს მეორე სასჯელს რომიდან, 1991 წელს ტოვებს ადგილობრივ კათოლიკურ გაზეთის რედაქტორის თანამდებობას, ერთი წლის შემდეგ ფრანცისკანელების ორდენს და მღვდლობას. მღვდელმსახურების დატოვების შემდეგ ბოფი რიო დე ჟანეიროს უნივერსიტეტში ეთიკისა და სულიერების კათედრის ხელმძღვანელი გახდა. იგი დღემდე გამოირჩევა სოციალური აქტივობით, 85 წლის თეოლოგი ხშირად სტუმრობს და პირადად მფარველობს უპატრონო ბავშვთა თავშესაფრებს. აქტიურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ლექციებს კითხულობს ღვთისმეტყველებაში, ეთიკასა და ეკოლოგიურ თემებზე.

შენიშვნები:

[1] გუსტავო გუტიერესი – პერუელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და სასულიერო პირი. იგი ითვლება განთავისუფლების თეოლოგიის ერთერთ დამფუძნებელად. გუტიერესმა თავის ცნობილ წიგნში „განთავისუფლების თეოლოგია“( Teología de la Liberación) პირველმა მოახდინა ამავე სახელწოდების თეოლოგიური მიმართულების სწავლების ერთად თავმოყრა.

[2] ფრაი ბეტო- ბრაზილიელი განთავისუფლების თეოლოგი და დომინიკანელთა ორდენის წევრი. აქტიურად იბრძოდა ბრაზილიაში არსებული დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ, 1980 წელს სტუმრობდა კუბას. ფიდელ კასტროსთან ვრცელი ინტერვიუს შემდეგ დაწერა თავისი ცნობილი წიგნი „ფიდელი და რელიგია“ (Fidel & Religion). სადაც თეოლოგი ბეტო და მარქსისტი კასტრო საუბრობენ კუბის რევოლუციის, მარქსიზმის, ქრისტიანობის და განთავისუფლების თეოლოგიის შესახებ.

[3]ქრისტიანულ სარწმუნოებაში პროტესტანტული მიმართულება, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში წარმოიშვა.


– გერმანულიდან თარგმნა და მოამზადა შოთა კინწურაშვილმა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ