ავტორები: ირაკლი ჟორჟოლიანი; დავით გორგაძე;
© European.ge
ფეხბურთი როგორც დაუსრულებული პოლემიკა, მუდმივად დღის წესრიგში აყენებს კითხვებს მესი ჯობს თუ მარადონა, პელე თუ გარინჩა, გერმანული დისციპლინა თუ იტალიური კატენაჩო და ა.შ. რასაც თან სდევს უამრავი გაზვიადებული არგუმენტი. ცხადია, საკითხის რომანტიზირება და დილეტანტური მიდგომა ხელს უწყობს არასწორი გაგებების ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვერ ვუგულებელყოფთ იმ ფაქტს, რომ საფეხბურთო სამყაროს მითები არ უხდება, ვინაიდან ფეხბურთი გაცილებით უფრო მეტია ვიდრე სპორტი. რეალურად მან მსოფლიო უფრო მეტად შეცვალა ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს არის განზომილება, სადაც თვით დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმის დროს კატალონიის ბარსელონას სტადიონზე, რეჟიმის საწინააღმდეგო ლოზუნგები უკვე მიღებული ფორმა იყო და ერთგვარი ,,კვამლის’’ გამოშვების საშუალება იყო. უფრო მეტიც ,,ცრვენა ზვეზდას’’ რევოლუციამ, ხელი შეუწყო პროცესს, როდესაც ბელგრადელმა ხულიგნებმა სტიმული მისცეს სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის დამხობას.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ თეირანში ირანელ ქალბატონებზე, რომლებსაც საკვალიფიკაციო ეტაპზე, მატჩის საყურებლად ტრიბუნაზე არ უშვებდნენ, რის საპასუხოდაც მათ სტადიონი შეამტვრიეს და დემონსტრაციულად თავსაბურავი მოიხადეს. ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა პროცესი შეეჩერებინა.
აღარაფერს ვამბობთ სილვიო ბერლუსკონიზე, რომელმაც მილანის ფან კლუბები თავის საარჩევნო კამპანიად გამოიყენა ან შოტლანდიაში სელტიკი-რეინჯერსის დერბის დროს მუდმივი თავპირის მტვრევის ტრადიციის არსებობაზე, რასაც სკოტები დღემდე თავგადაკლული იცავენ. ფრანკლინ ფოერი თავის გახმაურებულ ბესტსელერში, ,,როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო – გლობალიზაციის სხვაგვარი თეორია’’ (2004) წერს: ,,გლაზგომ საფეხბურთო ტრაიბალიზმი შეინარჩუნა, რადგან ის ქალაქს, ასე ვთქვათ, გარკვეულ პორნოგრაფიულ სიამოვნებას ანიჭებს.’’
როგორც ვხედავთ, ფეხბურთი სამყაროს აღქმის თავისებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, სადაც ადგილი აქვს გადაჭარბებულ რომანტიზმს, ტენდენციურობას, არასწორ გაგებებს და ა.შ. მაგრამ, თუ ფრანკლინ ფოერს დავესესხებით, ეს ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს.
როდესაც 1950 წელს რიოში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ პაექრობაში, ურუგვაიმ 200 000-იან მარაკანაზე ბრაზილიას 2:1 სძლია და მთელი ბრაზილია ტრაურში ჩააგდო, ეს გადამწყვეტი გოლის ავტორმა ურუგვაელმა ალსიდეს გიჯამ, შემდეგნაირად შეაფასა – „მხოლოდ სამმა ადამიანმა შეძლო „მარაკანას” დადუმება: ფრენკ სინატრამ, რომის პაპმა და… მე!” [1]გარდა ამისა ბევრს არ დაავიწყდება გამარჯვებული გუნდის ლეგენდის სკიაფინოს გაოგნებული სახე, რომელიც თითქოს ტრიუმფთან ერთად, ურუგვაელთა ფეხბურთის მზის, ნახევარი საუკუნით ჩასვენებას მოასწავებდა.
მსგავსი ისტორიები კიდევ ბევრი შეიძლება მოვისმინოთ. მაგალითად, თუ როგორ დაამსხვრია მარადონამ ,,ღმერთის ხელით’’ და ,,საუკუნის გოლით’’ ტეტჩერის იმპერიალიზმი 1986 წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში არგენტინამ ინგლისს 2:1 სძლია და ამით, თითქოს აზღვევინა ფოლკლენდის კუნძულზე ჩადენილი შეცოდებანი. მატჩის შემდეგ როგორც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თქვა ,,იმ დღეს ღმერთი არგენტინელი იყოო.’’
აღარაფერს ვამბობთ პელეს, გარინჩას, ტოსტაოს, ფალკაოს, ჟაირზინიოს, რონალდოს, რონალდინიოს და ა.შ. ბრაზილიაზე, რომლებმაც ფეხბურთში პოეზია შექმნეს ან ნაციხარ პაოლო როსიზე, რომლის გოლებმა ,,სკუადრა აძურას’’ 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა. იგივე შეიძლება ვთქვათ კრუიფისდროინდელ ტოტალურ ფეხბურთზე, ან მარკო ვან ბასტენის დროინდელ ჰოლანდიაზე. ამ უკანასკნელის მიერ 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საბჭოთა კავშირის კარში უცნაური ტრაექტორიით გატანილი გოლი, დღემდე არ კარგავს ,,მისტიურობას.’’ კრუიფის და ვან ბასტენის თამაში ყველას ,,მფრინავ ჰოლანდიელს’’ ახსენებდა.
საფეხბურთო სტრატეგიების მიმოხილვა
მიუხედავად ზემოხსენებული საინტერესო ფაქტებისა, რომლის მითოლოგიზირება უკვე მოხდა, ჩვენს წერილში ძირითადი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ საფეხბურთო სტრატეგიებზე, რომელიც დიდი ხანია უკვე ფეხბურთში დომინირებს და აწარმოებს ისეთი ფეხბურთელების ტიპებს, რომლებიც არსებულ სისტემებში პროგრესირებენ. თანამედროვე ფეხბურთი აღარ ჰგავს ერთი-ერთზე ან გნებავთ კაცი კაცზე ორიენტირებულ ტაქტიკას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ინდივიდუალურ წარმატებას, ანაცვლებს ერთიანი სისტემა ანუ ორგანიზმი, რომელიც წარმატების ფორმულას უფრო სისტემურად უდგება.
როგორც წესი ძირითადად განასხვავებენ თავდაცვით და შემტევ ტაქტიკებს, მაგრამ ორივე მათგანს უამრავი მიმართულება აქვს. მაგალითად, თავდაცვით ტაქტიკას შეიძლება ჰქონდეს ზონალური, კაცი კაცზე ტაქტიკა და ა.შ. რაც შეეხება შეტევით სტილს, განასხვავებენ ბურთის ფლობის, კონტრშეტევით ან გნებავთ შორეულ გადაცემაზე ორიენტირებულ ტაქტიკას.
ცხადია, ათწლეულების განმავლობაში საფეხბურთო სტანდარტები ფორმაციას განიცდის და არ არსებობს წარმატების რაიმე უნივერსალური ფორმულა. მაგრამ, რაც ფეხბურთი არსებობს ჩამოყალიბდა მხოლოდ რამდენიმე სათამაშო ტრადიცია, რომელიც დღემდე დომინირებს. ამ შემთხვევაში მოვიშველიებთ გერმანელი მოაზროვნის კარლ იასპერსის ტერმინს (,,ღერძული დროის ცივილიზაციები’’) და შევეცდებით მოკლედ ვისაუბროთ იმ ,,ღერძულ’’ საფეხბურთო თამაშის ტრადიციებსა და სტრატეგიებზე, რომელიც ფეხბურთს თავის ეშხს ანიჭებს. შესაბამისად თქვენი ყურადღება გვინდა მივიქციოთ ბრაზილიურ, ჰოლანდიურ, იტალიურ, გერმანულ, არგენტინულ, ესპანურ და ინგლისური თამაშის ტრადიციებზე.
ბრაზილია (პოეზია)
ბრაზილია დღეს ერთადერთი გუნდია, რომელსაც ეკუთვნის რეკორდების მთელი სერია. ,,სელესაო’’ დღემდე ,,პენტაკამპეონედ’’ იწოდება, რომელსაც მსოფლიო თასი 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ბრაზილიური სათამაშო სტილი ყოველთვის ინდივიდუალიზმსა და ნიჭზე იყო ორიენტირებული. თუ იტალიელ რეჟისორს პიერ პაოლო პაზოლინის დავესესხებით: ,,ევროპული ფეხბურთი პროზაა, ხოლო ბრაზილიური პოეზია.’’[2] ბრაზილიური სტრატეგია ყოველთვის მოქმედებდა პრინციპით ,,ვთამაშობთ, მაშასადამე სხვასაც ვაძლევთ თამაშის საშუალებას.’’ ანუ თუ ვუშვებთ გოლს ვიტანთ მეტს.
ამგვარი მიდგომა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მოქმედებდა, მანამ სანამ ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ,,სელესაო’’ გერმანიასთან 1:7 არ დამარცხდა. ადგილობრივ პრესაში ეს ,,ისტორიულ შეურაცხყოფად’’ აღიქვეს. ყველა ბრაზილიური ფეხბურთის ,,კრიზისზე’’ ალაპარაკდა, რასაც რიოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც ხელისუფლება საკუთარი უუნარობის გამო მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ თამაში ცინიკურად შეაფასა: ,,მართალია ეს კატასტროფაა, მაგრამ მე მაინც მესიზე უკეთესი ვარ.’’[3] ნებისმიერ შემთხვევაში დღეს არავინ არ იცის ბრაზილია როდის გამოვა ამ შოკიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ესეთი სუსტი ნაკრები არავის არ ახსოვს.
ჰოლანდია (ტოტალური ფეხბურთი)
ალბათ არც ერთ საფეხბურთო ტაქტიკას იმხელა გავლენა არ მოუხდენია ფეხბურთზე, როგორც ტოტალურ ფეხბურთს, რომლის საუკეთესო ექსპონატად შეგვიძლია XX-ე საუკუნის კრუიფის ჰოლანდია და ამსტერდამის აიაქსი მივიჩნიოთ. ტოტალური ფეხბურთის მთელი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ ეფუძნება პროაქტიულ თამაშის სტილს, ანუ ნებისმიერ ფეხბურთელს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული პოზიცია. მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ ადგილას და ჩაანაცვლოს მცველი, ნახევარმცველი ან თავდამსხმელი. აღნიშნული ტაქტიკური თეორიას მართალია უფრო შორეული ისტორია აქვს მაგრამ მის დანერგვას მაინც ჰოლანდიელ მწვრთნელსა და ,,დიდ რეფორმატორს’’ რინუს მიხელს მიაწერენ, რომელიც XX-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად არის აღიარებული.
ტოტალური ფეხბურთის ელემენტებს აგრეთვე 50-იან წლებში პუშკაშის ,,უნგრეთის დიდი გუნდიც’’ ატარებდა. მაგრამ, ჰოლანდიურმა ფეხბურთმა ამ თვალსაზრისით ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. აღსანიშნავია რომ, 70-იან წლებში ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2-ჯერ გავიდა, ხოლო ამსტერდამის აიაქსმა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ევროპის ჩემიონთა თასი. ტოტალური ფეხბურთის იმდროინდელი წარმატების კიდევ ერთ საზომად შეიძლება ჩაითვალოს “აიაქსის” მოგებების სერიაც, რომელსაც საკუთარ სახლში მოგების მაჩვენებელი 46:0-ზე ჰქონდა.
მართალია საფეხბურთო სტანდარტები მუდმივად იცვლება და თამაშის ფილოსოფია ყოველთვის ცვალებადია, მაგრამ ტოტალური ფეხბურთი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თანამედროვეობაში მას კატალონიის ბარსელონა აქტიურად იყენებს, რომელსაც თავის დროზე რინუს მიხელსი და იოჰან კრუიფი წვრთნიდა.
იტალია (კატენაჩო)
1982 წელს არგენტინა – იტალიის ჯგუფურ დაპირისპირებაში იტალიელი მცველი კლაუდიო ჯენტილე მარადონას წინააღმდეგ უხეში თამაშით გამოირჩეოდა, რის შემდგომაც პრესაში ჯენტილეს ფეხებზე ,,ცულები’’ დაახატეს. მისი და გაეტანო შირეას მიერ თავდაცითი თამაში მსოფლიო ფეხბურთს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრება. ჯენტილეს ტრადიციის გამგრძელებლად ხშირად მარკო მატერაცისაც მოიხსენიებენ, რომელმაც 2006 წლის მსოფლიოს ფინალში, იმდენი გააკეთა, რომ ზიდანმა თავით კინაღამ დიაფრაგმა ჩაუნგრია და მსაჯს ლეგენდარული ფრანგი, თამაშიდან გააგდებინა.
იტალიური ფეხბურთი მუდმივად თავდაცვითი ბუნებისაა და ,,კატენაჩოს’’ სტილით არის ცნობილი. ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც ,,კარის ურდული.’’ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ იგი ასოცირდება გაძლიერებული თამაშის ტაქტიკასთან ანუ კარებთან, რომელშიც გასვლა შეუძლებელია. ,,კატენაჩოს’’ სულის ჩამდგმელად ითვლება არგენტინელი ელენიო ერერა, რომელმაც მილანის ინტერს (Internazionale) წვრთნიდა და ტოტალური ფეხბურთის დამკვიდრების პარალელურად, აღნიშნულ კლუბში უწევდა ე.წ. ,,კატენაჩოს’’ ექსპერიმენტის ჩატარება, რის შედეგადაც 1964-1965 წლებში ინტერმა ჩემპიონთა თასი ზედიზედ 2-ჯერ მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ ,,კატენაჩოს’’ სტილი მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლს გადიოდა, მისი ფილოსოფია, მხოლოდ თავდაცვას არ გულისხმობს, არამედ სწრაფი და იმპულსური კონტრ-შეტევა ახასიათებს, რაც მუდმივად თავზარს სცემდა მოწინააღმდეგეს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალია-ესპანეთის (2:0) მატჩის შემდეგ იტალიელმა თავკაცმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ,,იტალია მხოლოდ კატენაჩო არ არის.’’[4] ამგვარად ერერას ექსპერიმენტმა დიდი წვლილი შეიტანა ფეხბურთის განვითარებაში, რომელსაც იტალიის გარდა ხანდახან სხვა გუნდებიც იყენებენ, როგორც სანაკრებო აგრეთვე საკლუბო დონეზე.
გერმანია (გერმანული მანქანა)
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიამ ფეხბურთის ისტორიაში ყველანაირი სტერეოტიპი დაამსხვრია. იგი გახდა პირველი ევროპული ნაკრები რომელმაც მსოფლიო თასი ლათინური ამერიკიდან წამოიღო. უფრო მეტიც ბრაზილიასთან 7:1 გამარჯვებამ ,,აფისდონადოსებს’’ (ბრაზილიელი გულშემატკივარი) უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა. მეტაფორულად თუ შევხედავთ გერმანიის თამაშის სტილი შეიძლება ,,მერსედესს’’ შევადაროთ, რომელიც ორიენტირებულია, პრაგმატიზმზე, ორგანიზებულობაზე, მოქნილობასა და გამძლეობაზე ანუ ყველაზე მეტად ასახავს გერმანულ ხასიათს.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მას შემდეგ რაც გერმანია ¼ ფინალში ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა, ფრანც ბეკენბაუერი გამოვიდა ინიციატივით, რომ სახელმწიფოს მეტი სტიმულირება გაეკეთებინა ფეხბურთის განვითარებისთვის. შესაბამისად ბუნდესლიგის ზედა 2 დივიზიონის კლუბებს დაევალა აკადემიების შექმნა, რაც ნიჭიერი ფეხბურთელების ხელშეწყობას ითვალისწინებდა.
სამთავრობო ინტერვენციების შედეგად მივიღეთ ნაკრები, რომელმაც საფეხბურთო სამყარო თავდაყირა დააყენა. ,,ბებერ კონტინენტზე’’ გერმანია დღეს აშკარად ლიდერია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რეფორმის შედეგად მოხდა ნაკრების ინტერნაციონალიზაცია, სადაც ლეგიონერებსაც აქვთ თამაშის საშუალება. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ოზილი, რომელიც მიმდინარე ევრო 2016-ზეც წარმატებით ასპარეზობდა.
არგენტინა (გრინტა)
საერთოდ ლათინური ამერიკის გუნდების თამაშის ფილოსოფია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შესაბამისად ხშირად კამათობდნენ აქვს თუ არა არგენტინას თავისი სტილი. რეალურად არგენტინული ფეხბურთი თავისი ექსტრემალური სტილით გამოირჩევა.იგი ცნობილია როგორც ,,გრინტა’’ ანუ მაღალსიჩქარეებიანი მანქანა, რომელსაც ახასიათებს ექტრემალური, აგრესიული თავდასხმითი სტილი.
არგენტინულმა ფეხბურთმა აწარმოა ისეთი დიდებული ფეხბურთელები როგორიც გახლავთ დიეგო მარადონა, ლეო მესი, ომარ სივორი, მარიო კემპესი, გაბრიელ ბატისტუტა, და ა.შ. ექსტრემალურ შემტევ სტილთან ერთად არგენტინას ყოველთვის ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომლებიც სიცოცხლეშივე კერპებად იქცნენ. ალბათ არგენტინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დიეგორანელთა რელიგიური მიმდინარეობა ჩამოყალიბდა, რომელთაც აქვთ საკუთარი ეკლესია, სადაც მარადონაზე ლოცულობენ. რაც შეეხება ბატისტუტას სერია A – ს კლუბ ფიორენტინაში ასპარეზობისას, ფლორენციაში მას ცოცხლად დაუდგეს ძეგლი.
არგენტინული რომანტიზმი და რევოლუციური ხასიათი ,,გრინტას’’ განსაკუთრებულ ეშხს ანიჭებს. 1986 წლის მარადონას ,,ღმერთის ხელი’’ და ,,საუკუნის გოლი’’ ფეხბურთის მარადიულ სიმბოლოდ იქცა. რამდენიმე წლის წინ მარადონამ აღნიშნა რომ: ,,ყველას კარგად ახსოვს ინგლისთან 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე, ,,ღმერთის ხელი.’’ ამჟამად ჩემს ქვეყანაში ,,ღმერთის ხელმა’’ მოგვიყვანა არგენტინელი პაპი.’’ [5]ამგვარად არგენტინულ ფეხბურთს აქვს თავისი სტილი, რაც ქვეყნის ხასიათიდან გამომდინარეობს.
ესპანეთი (ტიკი -ტაკა)
შეიძლება ბევრი შეგვეკამათოს, მაგრამ ესპანეთის თანამედროვე სტილი ახალია, რომელმაც ესპანეთის ნაკრებს კოლოსალური წარმატება მოუტანა (1 მსოფლიო, 2 ევროპა). იგი ,,ტიკი-ტაკას’’ სახელით არის ცნობილი, რომელიც პირველად როგორც ტერმინი 2006 წელს იქნა გამოყენებული. თამაშის მთელი ფილოსოფია მდგომარეობს მოკლე კომბინაციებსა და ბურთის ფლობაზე. შესაბამისად, ძირითადი აქცენტი კეთდება ნახევარდაცვაზე, რომელიც ტრადიციულად მოედნის ცენტრის დაკავებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ,,ლა როხას’’ ეს სტილი ცხადია ბარსელონასთან არის დაკავშირებული, რომელზეც რა თქმა უნდა, ტოტალურმა ფეხბურთმა უდიდესი გავლენა მოახდინა.
მიუხედავად ამისა, ყველას გვახსოვს რაულის, ლუის ენრიკეს, ფერნანდო იეროს და სუბისარეტას ესპანეთი. მაგრამ ეს არ იყო ის ესპანეთი რასაც დღეს ვადევნებთ თვალყურს. ,,ლა როხას’’ ახალმა თაობამ ,,ტიკი-ტაკას’’ ტაქტიკა ტრიუმფის მისაღწევად წარმატებულად გამოიყენა. დღეს ძალიან ბევრი ექსპერტი აკრიტიკებს აღნიშნულ თამაშის სტრატეგიას და მიიჩნევს, რომ ,,ტიკი-ტაკა’’ ორიენტირებულია გაუთავებელ მოკლე კომპინაციებზე, რომელმაც ცენტრალური თავდასხმელის პოზიცია პრაქტიკულად მოკლა. ნებისმიერ შემთხვევაში დღემდე ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო ესპანეთის მგავსად ზედიზედ 1 მსოფლიოს, ხოლო 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი გამხდარიყო.
ინგლისი (სამეფო ლომები)
სტატიაში გვერდს ვერც ინგლისურ ფეხბურთს ვერ ავუვლიდით. რაც არ უნდა იყოს, აღნიშნული სპორტი თვითონ ინგლისელებმა გამოიგონეს და დღეს ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო ჩემპიონატი აქვს. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, მას მხოლოდ ერთხელ 1966 წელს, გერმანიასთან სკანდალურ დაპირისპირებაში აქვს მოპოვებული. ინგლისის თანამედროვე ფეხბურთი აღარ არის ჩარლტონის, შირერის, გარი ლინეკერის, კიგანის, ბექჰემის და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელების დროინდელი ინგლისის თამაშის სტილი. მას ახასიათებდა საკმაოდ ლამაზი ესთეთიკა, ფლანგებიდან სწრაფი შეტევა და შორეული ჩაწოდებები, სადაც მეორე სართულზე თამაში თავზარს სცემდა მოწინააღმდეგეს.
https://www.youtube.com/watch?v=qUrYH1pp-SE
ინგლისის საერთაშორისო დონეზე წარუმატებელმა ასპარეზობამ სახელმწიფოს უბიძგა მოეხდინა ნაკრების ინტერნაციონალიზაცია და უცხოელი ექსპერტები იქნა მოწვეული. მათ შორის იყვნენ სვენგორან ერიქსონი და ფაბიო კაპელო.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს თავკაცობით ინგლისს ლამპარდის, ჯერარდის და ჯო კოულის სახით ალბათ ყველაზე ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავდა, მაგრამ 1/8 ფინალში გერმანიამ მას 4:1 სძლია და მთელი ,,ნისლიანი ალბიონი’’ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. აღარაფერს ვაბობთ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ინგლისი ახალ გამომცხვარ ისლანდიასთან 1:2 დამარცხდა. რთული სათქმელია როდის გამოვა ინგლისი ამ კრიზისიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ცვლილებების დროა.
დასკვნა
ამგვარად, როგორც ვხედავთ მსოფლიო ფეხბურთში არ არსებობს რაიმე უნივერსალური თამაშის სტილი. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებითა ის ,,ღერძული’’ სტრატეგიები, რომელიც უკვე საფეხბურთო სამყაროში ტრადიციად იქცა. ცხადია, შეგვეძლო გვესაუბრა ფრანგულ ან პორტუგალიურ თამაშის სტილზე, მაგრამ მათ საფეხბურთო სტანდარტების და რეფორმების თვალსაზრისით დომინანტი როლი არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ პლატინი, ზიდანი, რონალდო, ეუსებიო და სხვა ფეხბურთელები უმაღლესი დონის სპორტსმენებად ითვლებიან. მაგრამ, საინტერესოა თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ორი გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდება. შექმნის თუ არა ესპანეთის მსგავსად საფრანგეთი ან პორტუგალია ახალ სტილს, ამას მომავალი გვიჩვენებს.
აქვე იმასაც დავამატებთ რომ სტატიას არ ჰქონია, რაიმე მეცნიერული კვლევის ამბიცია, უბრალოდ ქართველი მკითხველისთვის გვინდოდა მიგვეწოდებინა ზოგადი ინფორმაცია მსოფლიოში არსებულ გაბატონებულ სტრატეგიებზე. თუ რომელი მოწონს ადამიანს ეს გემოვნების ამბავია, ვინაიდან ფეხბურთი როგორც ისტორია დაუსრულებელი პოლემიკაა. როგორც UEFA – ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ აღნიშნა: ,,ფეხბურთი ჩემთვის უბრალოდ თამაშია და არა დრამა.’’ [6]
შენიშვნები:
[1] http://backpagefootball.com/sound-silence-alcides-ghiggia-maracanazo/97605/
[2] Foer Franklin; How Soccer Explains the World: An Unlikely Theory of Globalization.,New York 2010
[3] https://www.youtube.com/watch?v=VwWTgVtwwWM
[4] http://www.eurosport.com/football/euro-2016/2016/antonio-conte-italy-not-all-about-the-catenaccio_sto5665299/story.shtml
[5] http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/vaticancityandholysee/9930149/Pope-Francis-Diego-Maradona-praises-hand-of-God.html
[6] http://www.olisa.tv/2015/11/28/michel-platini-the-rise-and-fall/