ქვეყნების მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასახასიათებლად მრავალი, კარგად აპრობირებული ინდიკატორი გამოიყენება. ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა და გამოყენებითი ღირებულება განსაკუთრებით იზრდება საერთაშორისო შედარებებისა და ქვეყნების რეიტინგების დადგენისას. მათ შორის ერთ-ერთი საგულისხმო ეკონომიკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მისი ნეგატიური ტენდენციებისადმი მდგრადობის მახასიათებელი ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსია, რომლის შემოღება დაკავშირებულია ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის არტურ მ. ოუკენის (Arthur M. Okun, 1928-1980 წწ.) სახელთან .
ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი (ედი) წარმოადგენს ინფლაციისა და უმუშევრობის დონეთა ჯამს. მისი გაანგარიშებისათვის გამოსაყენებელია როგორც საშუალო წლიური, ისე დეკემბრის მდგომარეობით არსებული წლიური ინფლაცია; ბუნებრივია, შესაბამისი პერიოდის უმუშევრობის დონე.
მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა და გაანგარიშების სიმარტივისა, საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, მისი მდგრადობისა და სტაბილურობის დასახასიათებლად დღემდე იგი პრაქტიკულად არ გამოიყენება. აღნიშნულის გამო წინამდებარე სტატიის მიზანი მისი გამოყენების და პრაქტიკაში დანერგვის პოპულარიზაციაცაა.
თავისი ბუნებით, ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის ზრდა – ნეგატიური შინაარსის, ხოლო შემცირება – პოზიტიური შინაარსის მატარებელია. – რაც უფრო დაბალია ედი, ეკონომიკის განვითარების ტრენდი მით უფრო პოზიტიურია, ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო სტაბილური და მდგრადია, ნაკლებად მოწყვლადია რისკებისა და გამოწვევებისადმი. შესაბამისად, ედი–ს ზრდის ტენდენცია საპირისპირო ფაქტორებისა და გარემოებების მომძლავრებაზე – ეკონომის მაკროეკონომიკურ არასტაბილურობასა და არამდგრადობაზე მეტყველებს.
საქართველოში მეტ–ნაკლებად სარწმუნო სტატისტიკა ინფლაციაზე არსებობს 1996 წლიდან, სამუშაო ძალის გამოყენებაზე –1998 წლიდან, შესაბამისად, საქართველოში ედი–ს გაანგარიშება შესაძლებელია 1998 წლიდან.
საქართველოში როგორც ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის, ისე მის კომპონენტების – ინფლაციისა და უმუშევრობის ტრენდები 2000 წლიდან, მიუხედავად ცალკეულ წლების პოზიტიური ცვლილებისა, ზრდადია, ხოლო 2011 წლის მნიშვნელობა 2003 წლისაზე 8.4 პროცენტული პუნქტით (1.5–ჯერ) უფრო მაღალია.
ედი–ს ზრდის ტენდენცია არაა მხოლოდ საქართველოსათვის დამახასიათებელი. – მაგალითად, აშშ–ში ამ ინდექსის მნიშვნელობა 2011 წელს 2–ჯერ აღემატებოდა 1998 წლის მნიშვნელობას, თუმცა ჩვენთან ამ ინდექსის წინმსწრები ზრდის გამო სხვაობა საქართველოსა და ამ ქვეყნების მაჩვენებლებს შორის სისტემატურად მატულობს და იგი ბოლო 14 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა: აშშ–თან – 10 პროცენტული პუნქტიდან 15 პროცენტულ პუნქტამდე, ევროგაერთიანებასთან კი – 4.2 პუნქტიდან 13.5 პუნქტამდე.
ედი–ს მიხედვით, მაკროეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილურობის მხრივ 2011 წელს საქართველოს აშშ–თან შედარებით 2.0–ჯერ, ხოლო ევროგაერთიანებასთან – 2.2–ჯერ უარესი მდგომარეობა ჰქონდა (იხ. ცხრილი #2).
სამწუხაროდ, ბოლო წლების მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ ედი–ს სიდიდით საქართველო საგრძნობლად უსწრებს არა მარტო აშშ–სა და ევროგაერთიანებას, არამედ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსაც. – მაგალითად, თუ აღნიშნული ინდექსის დონე 2011 წელს 2003 წელთან საქართველოში გაიზარდა 1.5–ჯერ, სომხეთსა და აზერბაიჯანში – მხოლოდ 1.3–1.3–ჯერ თითოეულში. ამჟამად (2011 წლის მდგომარეობით) საქართველოს ედი–ს მნიშვნელობა აღემატება (ანუ უარესია): აზერბაიჯანისას – 61 პროცენტით, ხოლო სომხეთისას – 31 პროცენტით, რაზეც წარმოდგენას ქვემორე ცხრილი N 3 იძლევა.
ბოლო ცხრა წლის მანძილზე სომხეთის ედი ყოველთვის საქართველოსაზე უკეთესი იყო, ხოლო აზერბაიჯანს მხოლოდ 2 წლის განმავლობაში (2007–20008 წლებში) ჰქონდა საქართველოზე უარესი მაჩვენებელი.
ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის დიდი წილი (დაახლოებით 3/5) საქართველოში უმუშევრობაზე მოდის; ინფლაციის გავლენა კი მის ფორმირებაზე საქართველოში გაცილებით დაბალია, ვიდრე სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე აშშ–ში .
ამასთან, თვითდასაქმებულთა მაღალი წილის გამო ჩვენთან (ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში) პრაქტიკულად გამოუყენებადია ფილიპსის მრუდი, რომელიც გრაფიკულად, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, გამოსახავს ინფლაციისა და უმუშევრობის დონეთა შორის უკუპროპორციულ დამოკიდებულებას. – საქართველოში ინფლაციის ზრდას, როგორც წესი, არ მოყვებოდა უმუშევრობის შემცირება და პირიქით: ბოლო 14 წლის მანძილზე (1998–2011 წწ.) საქართველოში მხოლოდ 3 წლის მანძილზე დადასტურდა ფილიპსის მრუდის კონცეფცია (ინფლაციისა და უმუშევრობის მაჩვენებელთა უარყოფითი კორელაცია).
ინფლაციის შედარებით მოკრძალებული წილი ბოლო წლებში (2008 წლის მეორე ნახევრიდან) საქართველოში ედი–ს ფორმირებაში ძირითადად გამოწვეულია უმუშევრობის მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების შედარებით შემცირებით . ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ედი–ს საშუალო წლიური მნიშვნელობა შეადგენდა (პროცენტულად): საქართველოში – 21.7–ს, სომხეთში – 13.5–ს, აზერბაიჯანში – 16.0–ს, აშშ–ში – 9.2–ს, ევროგაერთიანებაში – 11.4–ს.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის გათვალისწინებით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეფექტურობისა და მდგრადობის თვალსაზრისით, მდგომარეობა აზერბაიჯანში – 1.4–ჯერ, სომხეთში – 1.6–ჯერ, ევროგაერთიანებაში – თითქმის 2–ჯერ, ხოლო აშშ–ში – დაახლოებით 2.4–ჯერ უკეთესია, ვიდრე საქართველოში.
საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მიმდევარი ვერც ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ედი–ს ნულოვან დონეს. – ასეთი ეკონომიკისათვის ინფლაციაც და უმუშევრობაც იმანენტური მოვლენებია. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, რამდენი უნდა იყოს ამ ინდექსის მნიშვნელობა, რომ იგი არ იყოს საფრთხეების შემცველი ეროვნული ეკონომიკისათვის და არ შეიცავდეს კრიზისის ღია თუ ირიბ ნიშნებს?
რადგანაც ედი დამოკიდებულია ინფლაციისა და უმუშევრობის დონეებზე, მისი ნორმალური, „ბუნებრივი“ ზღვრული მნიშვნელობა დამოკიდებულია მისი თითოეული კომპონენტის მაქსიმალურ ზღვრულ მნიშვნელობაზე. მაგალითად, აშშ-ში, სადაც უაღრესად განვითარებულია საბაზრო ეკონომიკა, გამოიყენება ეკონომიკის რეგულირების მრავალი ინსტრუმენტი, მდგრადი და ეფექტური განვითარებისათვის საფრთხის შემცველად უნდა შეფასდეს 3 პროცენტზე უფრო მაღალი წლიური ინფლაცია და 4 პროცენტზე უფრო მაღალი უმუშევრობის დონე. ანუ, ედი–ს ბუნებრივი დონე აშშ–სთვის 7 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
ისეთი განვითარებადი ქვეყნისათვის კი, როგორიც საქართველოა, უფრო „შერბილებული კრიტერიუმით“ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენი აზრით, 7%–იანი ინფლაცია და 8–პროცენტიანი უმუშევრობა ის დონეა, რომელიც განვითარების თანამედროვე ეტაპზე მყოფი საქართველოსათვის შედარებით მისაღებად უნდა ჩაითვალოს. ანუ საქართველოსათვის ედი–ს ზღვრული დასაშვები დონე 15 პროცენტია.
ვფიქრობ, აღნიშნული ინდექსის „ბუნებრივი, 15–პროცენტიანი დონე“, მისაღები უნდა იყოს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისთვისაც.
რეალურად, 1998 წლიდან საქართველოში მხოლოდ ერთ წელს (2000 წ.) იყო მიღწეული ედი–ს 15 პროცენტზე დაბალი დონე და კიდევ ერთ წელს (2001 წ.) ადგილი ჰქონდა ზღვრულ დასაშვებ ნორმაზე ერთ პროცენტზე ნაკლებით გადაჭარბებას. ყველა სხვა წლის მიხედვით, მათ შორის „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი მთელი პერიოდის მანძილზე, ფაქტობრივი ინდექსი ზომიერ, მისაღებ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. თანაც აღსანიშნავია, რომ ამ ინდექსის ფაქტობრივი მდგომარეობა 2011 წლისთვის 2003 წელთან შედარებით (ისევე, როგორც 1998 წელთან შედარებით) თითქმის 1.7–ჯერ გაიზარდა.
ბოლო 14 წლის მანძილზე (1998–2011 წწ.) ამერიკის ედი–ს საშუალო წლიური მაჩვენებელი 8.385–ია, საქართველოსი კი მასზე 2.5–ჯერ უფრო მაღალი – 20.863. ეკონომიკური დისკომფორტის „ბუნებრივ“ დონეს ფაქტობრივი მაჩვენებელი ამ ბოლო 14 წლის მანძილზე ამერიკაში აჭარბებდა მხოლოდ 1.385 პროცენტული პუნქტით, ხოლო საქართველოში – 5.907 პუნქტით, ანუ 4.3–ჯერ უფრო მეტად.
ბოლო 14 წლის მიხედვით, საქართველოს ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი აღემატებოდა აშშ-ის მაჩვენებელს 3.0-ჯერ (7.5% და 2.46%), უმუშევრობისა კი, შესაბამისად, 2.3-ჯერ (13.5% და 5.95%). დაახლოებით ამავე მასშტაბებისაა განსხვავება დასახელებული ინდიკატორების მიხედვით საშუალო კვადრატული გადახრის მიხედვითაც, რაც მეტყველებს საქართველოს ამერიკისაგან არა მარტო ზოგადეკონომიკურ, არამედ ეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილური განვითარების შედარებით ჩამორჩენილობაზე .
ედი–ს ფაქტობრივი დონის ბუნებრივ, ზღვრულ ფონზე გადაჭარბებით, საქართველო საგრძნობლად უსწრებს თავის უშუალო მეზობლებსაც – აზერბაიჯანსა და სომხეთს. ბოლო 9 წლის მანძილზე ამ ინდექსის მნიშვნელობით საქართველო ვერასდროს ვერ ჩამოცდა მის ზღვრულ (15%–იან) ნიშნულს, მაშინ როდესაც სომხეთმა ეს მოახერხა 6 წლის, ხოლო აზერბაიჯანმა 3–ჯერ. ამ წლებში საშუალოდ, ედი–ს ფაქტობრივი მნიშვნელობა მის ზღვრულ ბუნებრივ მნიშვნელობას აღემატებოდა: აზერბაიჯანში – 1.0 პროცენტული პუნქტით, სომხეთში – 1.545 პუნქტით, საქართველოში – 6.6 პუნქტით
ედი–ს ფაქტობრივი მნიშვნელობა კარგად წარმოაჩენს მაკროეკონომიკური ტრიადის (ეკონომიკური ზრდის ტემპი, ინფლაცია, უმუშევრობის დონე) ორ ასპექტს. იმის გათვალისწინებით კი, რომ ეკონომიკური განვითარების, ზრდის დინამიზმის მხრივაც საქართველოს სერიოზული პრობლემები გააჩნია, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა არა მარტო ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებისა და თავის უშუალო მეზობლების მდგომარეობას, არამედ მათთან შედარებით ნაკლები ეკონომიკური სტაბილურობითა და მდგრადობით გამოირჩევა. აღნიშნული გარემოება კი ზრდის ქვეყნის განვითარებაში ნეგატიური ტენდენციებისა და რისკების დადგომის ალბათობას.
ამავე დროს, ვითვალისწინებ რა ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის დიდ შემეცნებით და გამოყენებით ღირებულებას, იმედს ვიტოვებ, რომ ქართული მედია–საშუალებები, ეკონომისტები და პოლიტოლოგები, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დახასიათებისას „ტრადიციულ“ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებისა და სხვადასხვა რეიტინგულ შეფასებების პარალელურად ფართოდ გამოიყენებენ აღნიშნულ ინდექსსაც.