ილია ბუდრაიტსკისი: დისიდენტები დისიდენტებს შორის

file

ილია ბუდრაიტსკისი არის ისტორიკოსი, მკვლევარი და პოლიტიკური აქტივისტი. მისი წიგნი “დისიდენტები დისიდენტებს შორის” 2017 წელს, რუსეთში გამოიცა.

►თარგმანის ავტორი: გიორგი კობახიძე – ფილოსოფიის სტუდენტი, მთარგმნელი და აქტივისტი.

©European.ge

მთარგმნელის კომენტარი:

წინამდებარე თარგმანს გთავაზობთ ერთი მხრივ, დანამატად ლუკა ნახუცრიშვილის ბოლო ბლოგისთვის და მეორე მხრივ, ილია ბუდრაიტსკისის წიგნის გასაცნობად, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული რესურსი იქნებოდა ნახუცრიშვილის ბლოგში წამოჭრილ საკითხებზე სამომავლო დისკუსიისთვის.

ბლოგში განხილული საბჭოთა გამოცდილების, როგორც 70 წლიანი ლეთარგიული ძილის იდეა და პოსტსაბჭოთა აწმყოსთან ვერგამკლავება ერთ მთლიანობას შეადგენს. ამ მთლიანობაში, სააზროვნო სივრცეს, რომელსაც საკუთარი ისტორიის კრიტიკული გააზრებისთვის უნდა ვიყენებდეთ, იპყრობს ინტელექტუალურ ფასადს ამოფარებული მითოლოგია „ჰომო სოვიეტიკუსზე“, „წითელ ადამიანზე“, „ცოცხალ მენტალიტეტზე“, რომელიც უნდა დაიგმოს, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ ჩვენი ისტორიული ადგილი „დასავლური ცივილიზაციის“ ფარგლებ(თან)ში. მაგრამ, სანამ ეს მოხდება, „ჩვენმა დრომ“ ფეხი უნდა აუბას დასავლურს:

(ნახევარ) პერიფერიის ლოკალური დრო „ონტოლოგიურად ჩამორჩება“ (Ovidiu Tichindeleanu) დასავლეთის უნივერსალურ საათს. ეს ჩამორჩენა ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას პერმანენტულ ისტერიულობას სძენს. ამ ისტერიულობის კულმინაციას ვხედავთ საქართველოს ბოლო ორი ხელისუფლების ამბიციაში არათუ დაეწიოს „განვითარებულ“ დასავლეთს და აღმოფხვრას ჩამორჩენა, არამედ გადაასწროს კიდევაც და მასწავლებლის მჯობნი მოსწავლის სახელით შევიდეს „თავისუფალი სამყაროში“.

საბჭოთა ისტორიის და საქართველოს მომავლის შესახებ ამ დისკურსული ჩიხის გარღვევა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემების გააზრების და გადაწყვეტის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

ბუდრაიტსკისის წიგნში აღწერილია საბჭოთა კავშირის მემარცხენე დისიდენტების არქივებში დაკარგულ ისტორია, მათ კრიტიკა და პოლიტიკური პროტესტი „მზარდი სოციალური უთანასწორობის, არადემოკრატიული წარმოების და გეგმიური სისტემის ბიუროკრატიული დისპროპორციების“ წინააღმდეგ. პოლიტიკურ მეხსიერებაში ბრუნდება მასობრივი გაფიცვები, სტუდენტური გამოსვლები და იატაკქვეშა მარქსისტული ორგანიზაციები, რომლებსაც თანამედროვე ლიბერალური ისტორიოგრაფია ნებაყოფლობით ივიწყებს. უფრო ზოგადად, ბუდრაიტსკისის მიზანს წარმოადგენს იმ მოჯადოვებული ნარატივების ისტორიული დეკონსტრუქცია, რომლებიც თანამედროვე პოლიტიკურ სიტუაციას უალტერნატივო მოცემულობად სახავს, ხოლო ამ სიტუაციის პრობლემებს წარსულის აჩრდილებს უკავშირებს.

გიორგი კობახიძე

დისიდენტები დისიდენტებს შორის – ილია ბუდრაიტსკისი 

დაუსრულებელი ნადირობა წითელ ადამიანზე

ბოლო ორ წელიწდაში, რუსეთ-უკრაინის დრამატული მოვლენების შემდეგ, ბრძოლა „კომუნიზმის მემკვიდრეობასთან“ პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც ჩანს, ახალ ეტაპზე გადადის. ეს აჩრდილი, მისი არსებობის წყაროსგან – „რეალური სოციალიზმის” სინამდვილისგან – დისტანცირებით, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დინამიურ კოლექტიურ მეხსიერებაში მოთავსებული მისი კონკრეტული კონტურები იცრიცება და ქრება. ხოლო საერთო მახასიათებლები, როლებიც აუცილებელია სრულყოფილი იდეოლოგიური ფიგურის შესაქმნელად, სულ უფრო გამოკვეთილი და მკაფიოა. ამბობენ, რომ ოცდახუთი წლის წინ დაკრძალული კომუნიზმი, როგორც მთლიანობა, სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს და გვევლინება როგორც მოუსვენარი ცხედარი, გადმონაშთი, წარსულის მყრალი ნეშტი, რომელიც წამლავს ახალი თაობის სიცოცხლეს.

რუსეთში, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში საბაზრო ნორმებზე გადასვლის წარუმატებლობა დღეს იხსნება ერთგვარი „მონანიების“ აქტის არარსებობით, რომელიც კომუნიზმის კუბოს უკანასკნელ ლურსმანს დააჭედებდა. ეს აქტი თავის თავში გულისხმობს მეხსიერების ძალადობრივ განწმენდას – მონუმენტებიდან და ქუჩების სახელწოდებებიდან ინდივიდუალურ ცნობიერებამდე.

მტერი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ საშიშია სწორედ იმიტომ, რომ უფრო მეტად წარსულს ეკუთვნის, ვიდრე აწმყოს. ხოლო მისი მატერიალურობა მეორეხარისხოვანი და პირობითია. შეგვიძლია ლენინის ყველა ძეგლი მოვაშოროთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომუნიზმი სამუდამოდ გაქრა.

მეტიც, აჩრდილი მით უფრო ძლიერდება, რაც უფრო ნაკლები გარეგნული გამოვლინება აქვს.

 ერთი გადმონაშთის ხანგრძლივი ცხოვრება

შინაგანი მონა, „წითელი ადამიანი“, რომელიც გვემშვიდობება, მაგრამ არ მიდის – ეს საკითხი წარმოადგენდა წლევანდელი ნობელიანტის სვეტლანა ალექსიევიჩის მთავარ გზავნილს. პროგრამულ გამოსვლაში ალექსიევიჩი გვამცნობს: “წითელი ადამიანი” მაინც ვერ შევიდა თავისუფლების სამეფოში, რომელზეც სამზარეულოში ოცნებობდა. რუსეთი მის გარეშე გაიყვეს. თვითონ უარაფროდ დარჩა. დამცირებული და გაძარცვული. აგრესიული და სახიფათო.“[i]

საბოლოოდ, პოსტსაბჭოთა ადამიანი საკუთარი თავის მსხვერპლია. თავისი ვერგადალახული შინაგანი მონობის; თავისუფლების მიღებისა და განკარგვის უნარმოკლებულობის. საბაზრო რეფორმებმა მისი არსებობის გარე პირობები შეცვალა, მაგრამ ხელუხლებლად დატოვა გარყვნილი, დასახიჩრებული სული. შინაგანი გარყვნილობის ამ მძიმე მემკვიდრეობამ განსაზღვრა იმ ახალგაზრდა თაობის ბედი, რომელმაც გამოიყენა „შინაგანი თავისუფლება“, კრედიტები და მოხმარების ზრდა, როდესაც დათანხმდა „საარსებო პურის“ გარანტორ ავტორიტარულ ხელისუფლებას[ii]. ყოველგვარ მატერიალურ საფუძველს მოკლებული „წითელი ადამიანი“ იქცა წმინდა მორალურ პრობლემად, რომლის გადაწყვეტის ნებაყოფლობითი უარყოფა მის მუდმივ კვლავწარმოებას გამოიწვევს.

„წითელი ადამიანის“ ამგვარი დეისტორიზაცია მას გადააქცევს ახალ მითად, მუდმივ სახეხატად, რომლის შესატყვისს ალექსიევიჩი არც თუ ისე მოულოდნელად პოულობს დოსტოევსკის „ლეგენდაში დიდ ინკვიზიტორზე“. „წითელი ადამიანი“ ბუნებაა, მაგრამ ყალბი ბუნება, მეორადი, ნამდვილის ჩამანაცვლებელი. ნამდვილს ახასიათებდა თანაგრძნობა, სიკეთე და სამყაროში სხვებთან და საკუთარ თავთან ცხოვრების უნარი. ამ ორი საწყისის შეჯახება, შინაგანი ბრძოლა თითოეულ ადამიანში, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში (ომში ან კატასტროფაში) აღმოჩნდება, ალექსიევიჩის შემოქმედებაში ძირითად კონფლიქტს წარმოადგენს. დღესდღეობით ეს დაპირისპირება შორს არის დასასრულისგან და საბოლოო ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის.

„წითელი ადამიანი“ დავიწყებას მარტივად არ მიეცემა. შეუძლებელია მისი გალევა ახალ რეალობაში. ალექსიევიჩი დარწმუნებულია, რომ „ის სისხლით გაქრება“, ტანჯვისა და გადალახვის გზით, და აი, მხოლოდ მაშინ შევიძენთ საკუთარ თავს და „საბოლოოდ გავხდებით ისეთები, როგორიც ყველაა.“[iii]

ცნობილი რუსი მწერალი ვლადიმერ სოროკინიც ასევე პესიმისტურადაა განწყობილი: „პოსტსაბჭოთა ადამიანს არათუ არ სურს საბჭოთა ჩირქის გამოდევნა, არამედ ახალ სისხლად მიიჩნევს მას.“ საბჭოთა „ზომბი“ თანამედროვეობის უფლებას გვაკარგვინებს – მის ნაცვლად, იძულებულნი ვართ წარსულის გახრწნილ გადმონაშთებში ვიცხოვროთ. ისტორიულ დროში დაბრუნება შესაძლებელია არა უბრალოდ მონანიების ფორმალური პროცედურით, არამედ შოკის, განმწმენდი კატასტროფის საშუალებით[iv]. იძულებით დაბრუნებას „ნორმალურობისკენ“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დენაციფიკაციას შეიძლება ჰგავდეს, უნდა ჰქონდეს მძიმე, მაგრამ აუცილებელი გამოღვიძების ხასიათი, „როგორც მწვავე ციებ-ცხელების ან ეპილეპტიკური შეტევის შემდეგ.“

მთავარი პრეტენზია თანამედროვე რუსეთის მთავრობის მიმართ ამ „საბჭოთა გვამის“ დასაფლავების გააზრებულ და დანაშაულებრივ უნდომლობამდე დაიყვანება[v]. თავად ხელისუფლება პრინციპულად არ განიხილება აწმყოს იმავე რთული და ჩახლართული ურთიერთმიმართებების პროდუქტად, რომლებიც განსაზღვრავს მაგალითად, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებს, ეკონომიკურ კრიზისს, სოციალური სახელმწიფოს ჩამოშლას დასავლეთ ევროპაში ან რადიკალური ისლამიზმის გაღვივებას ახლო აღმოსავლეთში. რუსული სახელმწიფო, თავისი ინტერესებით, კონფლიქტებით, გაყოფილი საზოგადოებით და დამოკიდებული ეკონომიკით მთლიანობაში ცხადდება კოლექტიური სიგიჟის შედეგად. შედეგად ისტორიული დევიაციისა, რომელიც უნდა გამოსწორდეს ქირურგიული ჩარევით. სამყაროს სურათი მარტივდება და იძენს მომავლის და წარსულის სისხლიანი ომის გამოკვეთილ მანიქეისტურ ნიშნებს, სადაც ეს უკანასკნელი ისედაც განწირულია.

2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ხელახლა გამოჩენილი „გაცოცხლებული გვამის“ იდეას თავისი წინამორბედი ჰყავს – გვიანსაბჭოთა მითი „ჰომო სოვიეტიკუსზე“, მონსტრზე, რომელიც ადამიანის ნატურაზე საზარელი ექსპერიმენტის საშუალებით გამოიყვანეს. ამ გოლემს, რომელიც უკანონოდ ავსებს თავისი თავით რეალობას, უპირისპირებენ ბუნებრივ „ეკონომიკურ ადამიანს“, რომლის რაციონალურობაც აბალანსებს ბაზარს და სიცოცხლით ავსებს ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკურ მექანიზმს.

იური ლევადას და მისი მიმდევრების სოციოლოგიაში „ჰომო სოვიეტიკუსის“ არსებობა მეცნიერულად დადასტურდა მრავალი გამოკითხვის შედეგად. ლევადას განსაზღვრების მიხედვით, „საბჭოთა ადამიანის“ გამორჩეულ თვისებებად ითვლება „იძულებითი თვითიზოლაცია, სახელმწიფო პატერნალიზმი, ეგალიტარული იერარქია, პოსტიმპერიული სინდრომი“. 1920-30 წლებში ხელოვნურად გამოყვანილი „ახალი ადამიანი“ წარმატებით ახდენს თავის თავის კვლავწარმოებას 1990-იანი წლების დასაწყისში და ხასიათდება „ინდივიდუალური უპასუხისმგებლობით, საკუთარ პრობლემებში ბრალეულობის სხვაზე გადატანისკენ მიდრეკილებით: მთავრობაზე, დეპუტატებზე, ჩინოვნიკებზე, დასავლურ ქვეყნებზე, ჩამოსულებზე“. გარემო პირობების და პირველ რიგში, საბჭოთა საზოგადოების სოციო-ეკონომიკური საფუძვლების ცვლილებამ არ გამოიწვია ადამიანური „ნორმალურობის“ აღდგენა: „ძველი ნიმუშების ნგრევას თან არ სდევდა სერიოზული პოზიტიური სამუშაო საბჭოთა საზოგადოების და ადამიანის ბუნების გასაგებად, სხვა ორიენტირების და იდეალების გამომუშავებისთვის.“[vi]

ახალი საზოგადოება, კაპიტალიზმი, ვერ აშენდებოდა არაკაპიტალისტური ადამიანის მიერ და ბაზისის ცვლილებას წინ ისევ ზედნაშენი აღუდგა – გადმონაშთი: არსებობის ძველი წესი, რომელიც ახალს ეღობება.

შენიშვნები: 

[i]  სვეტლანა ალექსიევიჩის სიტყვა ნობელის პრემიის მიღებისას

[ii]  Светлана Алексиевич, «Время секонд-хэнд. Конец красного человека»

[iii] ინტერვიუ სვეტლანა ალექსიევიჩთან

[iv] ინტერვიუ ვლადიმერ სოროკინთან

[v] ინტერვიუ ვლადიმერ სოროკინთან „რადიო პოლონეთი“

[vi] Лев Гудков, Борис Дубин, Наталья Зоркая. Постсоветский человек и гражданское общество. М.: Московская школа политических исследований, 2008. С. 8-11.

წიგნის სრულად წაკითხვა შესაძლებელია აქ

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ