►ავტორი: გიორგი სიგუა – ეკონომიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
გიორგი სიგუა
ანოტაცია. თანამედროვე პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს მეცნიერების ეკონომიკური ფუნქციების, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერების, საზოგადოებრივი ცხოვრების მატერიალურ და სულიერ სფეროებთან ურთიერთქმედების, მეცნიერების, ტექნიკისა და სოციალური პირობების ურთიერთკავშირის შესწავლა.
ნაშრომში ნაჩვენებია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დასავლელი ექსპერტების უმრავლესობის რეკომენდაციები არ ითვალისწინებს განვითარებადი (მათ შორის, პოსტსაბჭოთა) ქვეყნების საწყის პირობებს, ხშირად კი მათ ინტერესებსაც. თავიანთ ძირითად მიზნად მათ მიაჩნიათ შრომის საერთაშორისო დანაწილებაში არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და ამ ქვეყნების გადაქცევა დასავლეთისათვის ნედლეულის მიმწოდებლად.
მსოფლიო ეკონომიკის პროგრესის დომინანტურ ტენდენციას წარმოადგენს ინდუსტრიული ეკონომიკიდან პოსტინდუსტრიულ, ცოდნის ეკონომიკაზე გადასვლა, რომელსაც საფუძვლად უდევს ინოვაციური განვითარების პრინციპები. დღეს იბადება კაპიტალიზმის ახალი ფაზა – კოგნიტიური, ინტელექტუალური კაპიტალიზმი, დამყარებული სამეცნიერო ცოდნისა და მისი გამოყენებითი შედეგების როლზე არა მარტო ახალი სიმდიდრის შექმნისა და დაგროვების, არამედ საზოგადოების მთელი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების რაციონალურ ორგანიზებაში.
ტექნოლოგიური განვითარების დონე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს, რომელიც განასხვავებს მდიდარ ქვეყანას ღარიბისაგან. მსოფლიო სტატისტიკით დასტურდება, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ტექნოლოგიური ინოვაციები, ახალი მიდგომები წარმოების ორგანიზაციისა და მომსახურების სფეროში უზრუნველყოფს მშპ-ს ზრდის 80% [1].
იმავდროულად, დაწყებული 90-იანი წლებიდან, რეფორმები განვითარებად ქვეყნებში (მათ შორის ლათინურ ამერიკასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში) მიმდინარეობდა 1989 წელს საერთაშორისო ეკონომიკის კერძო ინსტიტუტის (რომელსაც ასევე პეტერსონის ინსტიტუტი ეწოდება, ვაშინგტონი) თანამშრომლის ჯონ უილიამსონის მიერ სავარაუდოდ ამერიკის ადმინისტრაციის, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მითითებით შემუშავებული, „ვაშინგტონის კონსენსუსად (Washington Consensus )“ წოდებული წესების შესაბამისად. Washington Consensus -ს მოთხოვნები პრაქტიკულად გამორიცხავდა ქვეყნების გადასვლას ინოვაციური განვითარების ალგორითმზე, თუმცა მათი შეუსრულებლობა მნიშვნელოვნად ართულებდა სსფ-საგან ახალი კრედიტების მიღებას, ძველი ვალების რესტრუქტურიზაციასა და უცხოურ ინვესტიციებს.
ცნობილი ნორვეგიელი მეცნიერი ერიკ რაინერტი ამტკიცებს, რომ „მდიდარი ქვეყნები მდიდრდებოდნენ იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც მათ მიერვე მთლიანად აკრძალული იყო“. იგი, ასევე, იმოწმებს ამერიკელი მეცნიერის პ. კრუგმანის მოსაზრებას: „თავად აშშ-ში არავინ ემორჩილება დ. რიკარდოს ვაჭრობის ტრადიციულ თეორიას. კეთილშობილური რიტორიკა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მხოლოდ ექსპორტისათვის გამოიყენება“[2].
მიზანშეწონილად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ Washington Consensus -ს წესები, რათა დავრწმუნდეთ ბენდუქიძე-სააკაშვილის ლიბერტარიანულ ფსევდორეფორმებთან მათ სრულ დამთხვევაში (გარდა საკუთრების უფლების დაცვისა):
- ფისკალური დისციპლინის დაცვა (ბიუჯეტის მინიმალური დეფიციტი).
- მთავრობის ხარჯებში ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა.
- ზღვრული საგადასახადო განაკვეთების[1] შემცირება.
- ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაცია.
- ეროვნული ვალუტის თავისუფალი გაცვლითი კურსი.
- საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია (ძირითადად, იმპორტის გადასახადების[2] განაკვეთების შემცირების ხარჯზე).
- შეზღუდვების შემცირება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის.
- სახელმწიფო საწარმოებისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია.
- ეკონომიკის დერეგულაცია.
- საკუთრების უფლების დაცვა.
აშკარაა, რომ Washington Consensus არ შეიცავს რეკომენდაციებს კონკურენტული გარემოსა და საბაზრო ინსტიტუტების, ინდუსტრიული და ინოვაციური პოლიტიკის ფორმირების, მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს მთავრობის არცერთ პროგრამაში, უფრო სწორად, 3, 4, ან 10 პუნქტიან გეგმებში მეცნიერება საერთოდ არ მოიხსენიებოდა. ამ პერიოდში მოხდა მრავალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (როგორც მეცნიერებათა აკადემიის, ასევე დარგობრივი სამეცნიერო დაწესებულებების) ლიკვიდაცია. მათ შორის იყვნენ დიდი ტრადიციების მქონე ინსტიტუტებიც. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბისლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიხურა ყველა 31 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. დარჩენილ ინსტიტუტებში მეცნიერებათა დოქტორის ხელფასი დამწყები პოლიციელის ხელფასზე 4-ჯერ ნაკლები იყო. შემდგომ პერიოდში მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორდა, მაგრამ დღემდე კვლევითი ინსტიტუტების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, მეცნიერებათა დოქტორის ხელფასი ქვეყენაში საშუალო ხელფასზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია.
დღეს საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების კარნახით სწორედ ლიბერტარიანული ხასიათის რეფორმები ტარდება ისეთი დიდი სამეცნიერო ტრადიციებისა და ოდესღაც ტექნოლოგიურად მოწინავე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, როგორიცაა უკრაინა.
2011 წლის აპრილში Washington Consensus მწვავედ გააკრიტიკა თავად სსფ-ს ხელმძღვანელმა დომინიკ სტროსს-კანმა[3] . ე. რაინერტი, ჯ. სტიგლიცი, ჯ. სტადველი, ვ. პაპავა, ს. კორაბლინი და სხვა ცნობილი მეცნიერები თვლიან, რომ ამ რეკომენდაციების გამოყენება არა მარტო არაეფექტური, არამედ დამღუპველიც კი აღმოჩნდა ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკისათვის [2 – 5]. როგორც ვ. პაპავა აღნიშნავს, აშშ-ს ადმინისტრაციისა და სსფ-ს ხოტბა ქართველი „რეფორმატორებისადმი“, მათი ყოველმხრივი მხარდაჭერა და მაღალი რეიტინგი D Doing Business[4]-ში ემსახურებოდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების სტიმულირებას მოჩვენებითი დასავლური კურსისა და ანტირუსული რიტორიკის, ასევე, Washington Consensus -ს წესების სამაგალითო შესრულებისათვის. ეს, აგრეთვე, მიუთითებს ამ რეიტინგის პირობით ხასიათსა და მისი შემდგენელის – მსოფლიო ბანკის ტენდენციურობაზე.
ამ მხრივ საკმაოდ ნიშანდობლივია უკრაინის პროგრესი ამ რეიტინგში: Doing Business -2020-ში ქვეყანამ ერთბაშად 7 პუნქტით აიწია და 190 ქვეყანას შორის 64-ე პოზიცია დაიკავა.
ყველაზე მნიშვნელოვანი „მიღწევებია“ ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა: „ქონების რეგისტრაცია“, „მშენებლობის ნებართვის მიღება“, „მინორიტარულ აქციონერთა დაცვა“, „საერთაშორისო ვაჭრობა“ (იმპორტის წახალისება და გაადვილება – გ. ს.), „ელექტროქსელებში ჩართვა“, „კრედიტებისადმი წვდომა“. რეალურად, ბოლო 4 სფეროში არათუ გაუმჯობესება, არამედ გაუარესებაა. როგორც ჩანს, უკრაინელებს ქართველი „რეფორმატორების“ გამოცდილება დაეხმარა.
უკრაინის „რეიტინგული“ პროგრესი მნიშვნელოვანია. თავის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ყველაზე წარმატებულ 2006 წელს ქვეყანას 163-ე ადგილი ეკავა, ეკონომიკურად ასევე წარმატებულ 2012 წელს (მშპ-მ რეკორდულ 183 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია) – 152-ე ადგილი. გარღვევა მოხდა 2015 წელს – უკრაინა პირველ ასეულში მოხვდა?! და ეს მიუხედავად რევოლუციის შემდეგ, ლეგიტიმურობის დეფიციტის გამო პოლიტიკური არასტაბილურობის, ყირიმის დაკარგვისა და დონბასში საომარი მოქმედებების კულმინაციის, 1,5 მილიონი ლტოლვილის, გრივნის 3-4-ჯერ დევალვაციისა და მშპ-ს 2-ჯერ და მეტად ვარდნისა (89 მილიარდ აშშ დოლარამდე); კომუნალური ტარიფების მრავალჯერადი ზრდის და კრედიტების მიუწვდომლობის (უკრაინის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი – 15,5-20%, სამომხმარებლო სესხები – 25-30%) შედეგად სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, გაიზარდა კორუფცია. ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა Dოინგ Bუსინესს -ის რეიტინგის მიხედვით კი იზრდება (?!) – 2019 წელს – 71-ე ადგილი, 2020-ში – 64-ე. 2015 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე პერიოდში გრივნის კურსი გამყარდა, ეკონომიკა იზრდებოდა წელიწადში 1-2%-ით. მაგრამ ბანკების რაოდენობა შემცირდა 182-დან 80-მდე (102-მა ბანკმა დაკარგა ლიცენზია ან გაკოტრდა), მეანაბრეებმა დიდი ზარალი ნახეს. მცირდება მეცნიერების დაფინანსება (2003 წელი – მშპ-ს 1,35%, 2011 წელი – 0,95%, 2019 – 0,47%) და მეცნიერ-მუშაკთა რაოდენობა (88 ათასი 1990 წელს, 1991 წლის 313 ათასთან შედარებით), იგეგმება დარგობრივი აკადემიების გაუქმება. იზრდება ნედლეული საქონლის წილი მშპ-სა და ექსპორტში (სოფლის მეურნეობის პროდუქცია პირველ ადგილზეა ექსპორტში 40%-ით, ნულოვან წლებში ეს მაჩვენებელი 10-12%-ს შეადგენდა). კრიზისი უკრაინის საბაზო ინდუსტრიაში – მეტალურგიაში, დამატებული ღირებულების დონე 20%-საც კი ვერ აღწევს. უკანასკნელ წლებში ქვეყანას უკვე რკინის მადანიც გააქვს.
ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს უკვე 15 წელია მაღალი ადგილები უჭირავს, თუმცა ეკონომიკის განვითარების დონეზე ეს დიდად არ აისახება.
რეიტინგის ლიდერებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლები ასეთია: 1. ახალი ზელანდია, 2. სინგაპური, 3. ჰონკონგი, 4. დანია, 5. სამხრეთ კორეა, 7. საქართველო, 11. ლიტვა, 18. ესტონეთი, 19. ლატვია, 25. ყაზახეთი, 28. რუსეთი, 34. აზერბაიჯანი, 47. სომხეთი, 48. მოლდოვა, 49. ბელორუსია.
მიუხედავად იმისა, რომ სსფ-მ და მსოფლიო ბანკმა ფორმალურად უარი თქვეს განვითარებადი ქვეყნებისათვის Washington Consensus -ის თავზე მოხვევის პოლიტიკაზე, ისნი დადებითად აფასებენ დასავლეთისათვის ნედლეულის მიმწოდებლებად უკრაინისა და საქართველოს გადაქცევის ტენდენციებს და მხარს უჭერენ ამ პროცესებს. აქ მიზანშეწონილია გავიხსენოთ ერიკ რაინერტის რჩევა: „არ აკეთოთ ის, რასაც ამერიკელები გეუბნებიან, არამედ აკეთეთ ის, რასაც ამერიკელები თავად აკეთებდნენ“ [6]. ან მივყვეთ პაკ ჩონ ჰის მაგალითს, რომელმაც უგულებელყო მსოფლიო ბანკის 1974 წლის ანგარიში, რომელშიც გამოთქმული იყო „სერიოზული შეშფოთება მძიმე მანქანათმშენებლობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით და სამხრეთ კორეას ეძლეოდა რეკომენდაციები ყურადღება გაემახვილებინა საფეიქრო მრეწველობაზე“ [3, გვ. 11]. ზუსტად ისე, როგორც იაპონიაში, პაკ ჩონ ჰი პრიორიტეტს ანიჭებდა ფოლადის წარმოებას, გემთმშენებლობას, მოგვიანებით კი მანქანათმშენებლობას, ნახევარგამტარებისა და ელექტრონიკის წარმოებას. მისი მმართველობის პერიოდში სამხრეთ კორეაში მეცნიერების დაფინანსება 220-ჯერ გაიზარდა, ამავე დროს, მშპ გაიზარდა 36,6-ჯერ [8, გვ. 238].
უდავოდ საინტერესოა ინოვაციური განვითარების მსოფლიო ლიდერების – სკანდინავიის ქვეყნების სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკა [7].
მსოფლიო გამოცდილებით დასტურდება, რომ, როდესაც ეკონომიკის მეცნიერტევადობის მაჩვენებელი 0,4%-ზე დაბალია, (საქართველოში 0,2%-ია), მეცნიერებამ აღნიშნულ ქვეყანაში შეიძლება შეასრულოს მხოლოდ ერთგვარი სოციალურ-კულტურული ფუნქცია. ამ ზღვრის 0,9-1 %-მდე გზრდის შემთხვევაში შესაძლებელია შემეცნებითი ფუნქციის მქონე გარკვეული სამეცნიერო შედეგების მიღება, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერებისათვის გაღებული ხარჯები გადაამეტებს ამ დონეს, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ სამამულო მეცნიერება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეკონომიკის განვითარებაზე, რადგან ჩაირთვება მისი ეკონომიკური ფუნქცია [8, გვ. 297].
2016 წელს კვლევებსა და დამუშავებებზე (კდ) გაწეული ხარჯებით (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით) მსოფლიო ლიდერებს წარმოადგენდნენ: აშშ – $ 531 მლრდ., ჩინეთი – 451 მლრდ., იაპონია – $ 168,6 მლრდ., გერმანია – $ 118,5 მლრდ., კორეის რესპუბლიკა – $ 79,4 მლრდ. მშპ-ში მეცნიერების ხარჯების ხვედრითი წილის მიხედვით (მშპ-ს მეცნიერტევადობა) ლიდერები არიან: ისრაელი (4,25%), კორეა (4,24%), შვეიცარია (3,37%), შვედეთი (3,25%), ტაივანი (3,16%). აშშ-სა და იაპონიას ამ მაჩვენებლის მიხედვით მხოლოდ მე-11 და მე-15 ადგილები უკავიათ (2,74% და 2,12%). განვითარებულ ქვეყნებში ფინანსური რესურსების განაწილება მეცნიერების დარგებზე ასეთია: ფუნდამენტურ მეცნიერებაზე – 15-20%, გამოყენებით კვლევებზე – 25-30%, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე – 50-55%.
საქართველოში ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლების აღრიცხვა არ წარმოებს. თუმცა, ჩვენი მიახლოებითი მონაცემებით, რომელიც გამოქვეყნებულია პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების კრებულებში, მათი დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში – სომხეთში (0,27%), აზერბაიჯანში (0,25%). შედარებისათვის, უგანდაში 0,41%, ზამბიაში 0,34%-ია.
შიდა ხარჯების ინდიკატორის მიხედვით კვლევისა და განვითარებისათვის[5] ერთ მკვლევარზე გაანგარიშებით (სრული დასაქმების პირობებში) პირველ ადგილზეა შვეიცარია – $ 406,7 ათ., მეორეზე – აშშ – $ 359,9 ათ. ჩინეთში, სადაც ჩართულია მკვლევართა დიდი რაოდენობა, ეს მაჩვენებელია $ 266,6 ათ. (მერვე ადგილი). რუსეთი – $ 93 ათ. (47-ე ადგილი).
თანამედროვე პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს მეცნიერების ეკონომიკური ფუნქციების, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერების, საზოგადოებრივი ცხოვრების მატერიალურ და სულიერ სფეროებთან ურთიერთქმედების, მეცნიერების, ტექნიკისა და სოციალური პირობების ურთიერთკავშირის შესწავლა. XX საუკუნის შუა ხანებში ჩამოყალიბდა კვლევის ახალი ინტერდისციპლინარული დარგი – მეცნიერებათმცოდნეობა, რომლის დამფუძნებელია გამოჩენილი ფიზიკოსი და მეცნიერების სოციოლოგი ჯონ ბერნალი, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის კონცეფციის ავტორი. თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „მეცნიერება საზოგადოების ისტორიაში“ («Science in History», 1954) ის წერს:
„თითქმის ყველა გამოგონებასთან, რომლებმაც შუა საუკუნეების ეკონომიკა თანამედროვედ აქცია, მეცნიერებას არაფერი ესაქმება. ის, რასაც პირველი სამრეწველო რევოლუცია ეწოდება – XVI საუკუნის რევოლუცია – თითქმის მთლიანად საწარმოო ინიციატივებისათვის თავისი ანაზღაურებით (დღეს ჩვენ ამას ვუწოდებთ ინოვაციებს, ვიწრო გაგებით – ახლის დანერგვას, სრულყოფას, რაციონალიზატორულ წინადადებას – გ.ს.) ახალი კაპიტალისტური სისტემის გავლენის ქვეშ მყოფი მუშაკების ოსტატობის (ინოვაციის – გ.ს.) ნაყოფია. იმავდროულად, მაღაროების, ქარხნებისა და გემთმშენებლობის განვითარებამ განაპირობა მექანიკის განვითარება, რომელიც გახდა ორასი წლის შემდეგ მომხდარი უფრო მნიშვნელოვანი რევოლუციის საფუძველი და XVII საუკუნის მეცნიერ-გამომგონებელთა შთაგონების წყარო. მეცნიერები ხდებიან ინჟინრები, ინჟინრები ხდებიან მეცნიერები“. და შემდეგ:
„პრაქტიკოსი ადამიანის, მექანიკის ბატონობა და მისი მეწარმეობა გაგრძელდა XIX საუკუნეშიც.
ედისონის ტრიუმფი მიანიშნებს გამომგონებლის ეპოქის დასრულებასა და ახალი ეპოქის დაწყებაზე – ინდუსტრიაში მიზანმიმართული მეცნიერული კვლევის ეპოქისა, რომლის როლიც სულ უფრო იზრდება ჩვენს დროში. ამიერიდან სამრეწველო და სამეცნიერო პროგრესის მიმართულებები მჭიდროდ ერწყმის ერთმანეთს“ [9]. მეცნიერების წინმსწრები განვითარების გზით დგება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ერა.
ვფიქრობთ, ჯ. ბერნალმა აქ ძალზე ზუსტად მიაგნო (მეცნიერთა უმეტესი ნაწილისაგან განსხვავებით) გარდამტეხ მომენტს კაცობრიობის ცივილიზაციის (!) განვითარებაში – ელექტროდინამიკის თეორიის შექმნას. ცივილიზაციის ისტორია არანაკლებ საფუძვლიანად შეიძლება დაიყოს ორ სტადიად – ამ თეორიის შექმნამდე და მისი შექმნისა და გამოყენების შემდეგ (5 ისტორიულ ეპოქად და ფორმაციად კლასიკური დაყოფისაგან, ან კარლოტა პერესის თეორიისაგან განსხვავებით, რომელმაც შემოგვთავაზა ეკონომიკური განვითარების ისტორია 1771 წლიდან 6 ტექნოლოგიურ რეჟიმად (წყობად) დაგვეყო [11]). საფრანგეთის პრეზიდენტ ნ. სარკოზის მოსწრებული გამოთქმით, „ელექტრონათურის შექმნა არ არის სანთლის ევოლუციის შედეგი“. ჩვენ, ჩვენის მხრივ, დავამატებთ, რომ კალკულატორი და, მით უფრო, კომპიუტერი არ წარმოადგენს საბუღალტრო საანგარიშოსა და არითმომეტრის ევოლუციის, მობილური ტელეფონი კი – მექანიკური ტელეგრაფის ევოლუციის შედეგს (ასეთი ანალოგია უამრავია).
კანონზომიერი და სიმბოლურია, რომ ზემოთ ხსენებული ედისონის ელექტრონათურა შეიქმნა 1879 წელს, ჯ. მაქსველის მიერ „ელექტრობისა და მაგნეტიზმის შესახებ ტრაქტატის“ გამოქვეყნებიდან (1873) 6 წლის შემდეგ. ჯ. მაქსველი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი კლასიკური ელექტროდინამიკის შექმნელი, სტატისტიკური (მოლეკულური) ფიზიკის ერთ-ერთი დამფუძნებელია (ამასთან ისტორიაში პირველმა გამოიყენა აზრობრივი ექსპერიმენტის მეთოდი, „მაქსველის დემონი“); შექმნა ისტორიაში პირველი ექსპერიმენტული ლაბორატორია (კოლექტივი), რომელსაც კავენდიშის სახელი ეწოდა (მსოფლიოს მისცა 40-მდე ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკასა და ქიმიაში); შექმნა ელექტრომაგნიტური ველის თეორია (მაქსველის განტოლება), იწინასწარმეტყველა მაგნიტური ტალღების არსებობა; წამოაყენა სინათლის ელექტრომაგნიტური ბუნების ჰიპოთეზა და კიდევ ათეულობით დიდი აღმოჩენა თერმოდინამიკის, ასტრონომიის, ოპტიკისა და სხვა დარგებში.
ჯ. მაქსველის ფუნდამენტური შრომები ელექტროდინამიკაში სათანადოდ ვერ შეაფასეს მისმა თანამედროვე დიდმა მეცნიერებმა – სტოქსმა, ეირიმ, ტომსონმა (ლორდი კელვინი) ინგლისში, ჰელმჰოლცმა და მისმა მოწაფე ჰერცმა გერმანიაში. კიდევ უფრო გასაკვირია ჩვენი თანამედროვე მეცნიერი-ფიზიკოსების, მეცნიერების ისტორიკოსების, კულტუროლოგებისა და ეკონომისტების მიერ ელექტრომაგნიტური თეორიის პრაქტიკული მნიშვნელობის აშკარა შეუფასებლობა, ვინაიდან თავის დროზე, ალბათ, თავად მაქსველიც კი ვერ იწინასწარმეტყველებდა ელექტროენერგეტიკის განვითარების ესოდენ დიდ მასშტაბებსა და მის გავლენას კაცობრიობის ცივილიზაციაზე.
უკვე ჩვენს დროში 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ვიტალი გინზბურგი თავის წიგნში „ფიზიკასა და ასტროფიზიკაზე“ წერს: „არავინ დაიწყებს ფარადეის, მაქსველისა და სხვათა მიღწევების მნიშვნელობისა და სიდიადის დაკნინებას, მაგრამ მთელი მეორე რევოლუცია ფიზიკაში აღნიშნული მიდგომის დროს უპრიანია დაუკავშირდეს მხოლოდ ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის შექმნას“ [10]. ანუ, იგი უარყოფს ელექტროდინამიკის რევოლუციურ მნიშვნელობას ფიზიკაშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ ცივილიზაციაზე. მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა ფარდობითობის თეორიისა და კვანტური ფიზიკის მიმართ (ისევე, როგორც განსვენებული აკადემიკოსი გინზბურგისა), რომლებმაც, უდავოდ, რევოლუციური გავლენა მოახდინეს სამყაროს ფიზიკური სურათისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, მათი პრაქტიკული გამოყენება ჯერჯერობით შემოიფარგლება მეცნიერებისა და ტექნიკის რამდენიმე კონკრეტული დარგით. ეს მაშინ, როდესაც ელექტროდინამიკა კაცობრიობის ცხოვრების ყველა უმნიშვნელოვანესი სფეროს რევოლუციური გარდაქმნის საფუძველი გახდა:
- უზარმაზარი ენერგიის წარმოებამ და გადაცემამ (!) რადიკალურად შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრების წესი. ელექტროდენი უზრუნველყოფს ყველაფერს – განათებიდან და ლიფტიდან გათბობასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკამდე, ყოველი ადამიანის ცხოვრება გახადა სისხლსავსე და კომფორტული. მაგალითისათვის, უბრალო უთოს სიმძლავრე 2 ცხენისძალაზე მეტია.
- ელექტროენერგიამ გაზარდა ადამიანის ენერგოაღჭურვა და შრომის ნაყოფიერება სოფლის მეურნეობასა და სამთო მრეწველობაში ათჯერ, ტექნოლოგიურ დარგებში – ასჯერ და ათასჯერ, ზოგიერთ დარგში – ათეულობით ათასჯერ.
- ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებამ გამოიწვია ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტრანსპორტის ყველა სახის რევოლუციური განვითარება; ათასჯერ დააჩქარა კომერციული ოპერაციებისა და ფინანსური ანგარიშსწორების, სამეცნიერო კომუნიკაციებისა და ინფორმაციის გაცვლის დინამიკა; მობილურ ტელეფონში კომპიუტერის ფუნქციების შეთავსებით შესაძლებელი გახდა ერთი დღე-ღამის განმავლობაში კომპანიის შექმნა, ხელშეკრულებების დადება და ამ კომპანიის გაყიდვა სახლიდან გაუსვლელად.
- სამეცნიერო ხელსაწყოთმშენებლობამ აღჭურვა მეცნიერები, მასწავლებლები, სტუდენტები ელექტრონული საზომი ხელსაწყოებით, მძლავრი ექსპერიმენტული ტექნიკით, ინფორმაციის გადაცემის საშუალებებით, რამაც ხელი შეუწყო წარმოებული ცოდნის მოცულობის ექსპონენციალურ ზრდას, რომელიც დღეს უშუალო საწარმოო ძალას წარმოადგენს. წარმოუდგენელია სამედიცინო მეცნიერებების და თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის განვითარება ელექტრონული დანადგარების გარეშე.
ვ. გინზბურგის მოსაზრება შეიძლება აიხსნას ფუნდამენტურ მეცნიერებათა წარმომადგენლების ტრადიციული მეცნიერული „სნობიზმით“, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ „წმინდა“ მეცნიერების შემეცნებით ფუნქციას პრაქტიკულ ეფექტურობასთან მიმართებაში, და მათი თავისებური ქედმაღლური დამოკიდებულებით გამოყენებითი მეცნიერებების მიმართ.
დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა დიდი უმრავლესობის აზრით, ინოვაციური განვითარების გზაზე გადასვლა დაიწყო XX საუკუნის ბოლო მესამედში, ან მეოთხედში. სინამდვილეში, ინოვაციურია მთელი XX საუკუნე, და განსაკუთრებით, მისი პირველი ნახევარი (ავტომობილის, ავიაციის, ტელეფონის, რადიოს, კინოსა და ტელევიზიის, ატომური ელექტროსადგურების, პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანების, მეცნიერებისა და ეკონომიკის ბევრი ახალი დარგის შექმნა). იგივე ფარდობითობის თეორია და კვანტური ფიზიკა სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა. ესაა ეპოქა, რომელმაც ცოდნა უშუალო საწარმოო ძალად და მთლიანად ცივილიზაციის (არა მარტო ეკონომიკის) ინოვაციური განვითარების, მამოძრავებლად აქცია.
დასკვნები
- საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკონომიკური მოდელის ფორმირება შეუძლებელია შერჩევითი პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე (ნაცვლად ლიბერტარიანული, მემარჯვენე-ანარქისტული მიდგომებისა). საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დასავლელი ექსპერტების უმრავლესობის რეკომენდაციები არ ითვალისწინებს განვითარებადი (მათ შორის, პოსტსაბჭოთა) ქვეყნების საწყის პირობებს, ხშირად კი მათ ინტერესებსაც. თავიანთ ძირითად მიზნად მათ მიაჩნიათ შრომის საერთაშორისო დანაწილებაში არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და ამ ქვეყნების გადაქცევა დასავლეთისათვის ნედლეულის მიმწოდებლებად.
- საჭიროა შერჩევითი დამოკიდებულება აღნიშნული რეკომენდაციების მიმართ. ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოში კონკურენტული გარემოსა და საბაზრო ინსტიტუტების, დასაბუთებული სამრეწველო და ინოვაციური პოლიტიკის ჩამოყალიბება, პრიორიტეტული დარგების განსაზღვრა და მეცნიერებისა და ტექანოლოგიების განვითარება და მათი მიღწევების დანერგვა.
- თანამედროვე პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს მეცნიერებათმცოდნეობის პრობლემები (მათ შორის, მეთოდოლოგიისა და მართვის) კვლევა, რომელსაც საქართველოში სისტემურად არავინ ეწევა. ორიენტირად შეიძლება გამოყენებული იქნეს ჩრდილოეთ ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილება.
ლიტერატურა
- Мазур А.А., Гагауз И.Б. Современные инновационные структуры: Монография. – Киев-Харьков. СПД Либуркина Л.М., 2005 – с. 4
- Райнерт Эрик С. Как богатые страны стали богатыми, и почему бедные страны остаются бедными. Монография. – Москва, издательский дом Высшей школы экономики, 2015. – 384 с.
- Стадвелл Дж. Азиатская модель управления. Монография. – Москва, Альпина Паблишер, 2017. – 536 с.
- ვ. პაპავა. საქართველოს ეკონომიკა. რეფორმები და ფსევდორეფორმები. მონოგრაფია. – თბილისი, „ინტელექტი“, 2015. გვ.113-126.
- Кораблин С. Вашингтонский консенсус: тогда и теперь. – Экономика Украины. – № 11, 2017.
- Райнерт Э. С. Интервью газете «Зеркало недели». – Киев, № 8, 2017. – www.zn.ua
- Сигуа Г. Условия функционирования и развития национальных инновационных систем в странах Евросоюза, в Грузии и Украине. – Материалы XXVIII Киевского Международного Симпозиума по науковедению и истории науки «100-летие Национальной Академии Наук Украины: прошлое и современность» (Добровские чтения). – Киев, издательство «Феникс», 2018. – С. 73-81.
- Малицький Б.А. Прикладне наукознавство. Монография (на украинском языке). – Киев, «Феникс», 2007. -с.297
- Бернал Дж. Наука в истории общества. Монография. – Москва, издательство научной литературы, 1956 г. – С. 658.
- Гинзбург В. О физике и астрофизике. – Москва, «Наука», 1985. – с. 213
- Карлота Перес. Технологические революции и финансовый капитал. Динамика пузырей и периодов процветания. – Москва, Издательство «Дело», 2011. – 231 с.
George Sigua
Knowledge Economics as Innovative Development The key factor
Summary
In modern times, it is of great importance to study the economic functions of science, the regularity of its functioning and development, the interplay with the material and spiritual spheres of public life, the interrelation of science, technology, and social conditions.
The paper shows that the recommendations of the majority of international financial institutions and western experts do not take into account the initial conditions of developing (including post-Soviet) countries, and often their interests. Their main aim is to maintain the status quo in the international division of labor and to turn these countries into raw materials for the West.
[1] A marginal tax rate is the rate at which tax is incurred on an additional dollar of income. https://www.investopedia.com/terms/m/marginaltaxrate.asp
[2] A tariff is a tax imposed by one country on the goods and services imported from another country. https://www.investopedia.com/terms/t/tariff.asp
[3] https://en.wikipedia.org/wiki/Dominique_Strauss-Kahn
[4] https://www.doingbusiness.org/en/rankings
[5] Research and development (R&D) includes activities that companies undertake to innovate and introduce new products and services. https://www.investopedia.com/terms/r/randd.asp