შანტალ მუფი: პოპულისტური მომენტი

chantal_mouffeგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

წარმოგიდგენთ 2016 წლის 21 ნოემბერს გამოცემა OpenDemocracy-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

წერილის ავტორი შანტალ მუფი ბელგიელი პოლიტიკის თეორეტიკოსია, რომელიც ცნობილის წიგნით – ‘ჰეგემონია და სოციალისტური სტრატეგია: დემოკრატიის რადიკალიზაციისკენ’, არგენტინელ პოლიტიკის თეორეტიკოს ერნესტო ლაკლაუსთან თანაავტორობით. ლაკლაუ და მუფი პოპულიზმს, არა როგორც დემოკრატიისთვის საფრთხედ, არამედ მის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად განიხილავენ. ტერმინ ‘აგონისტური პლურალიზმით’ მუფი ამტკიცებს, რომ დემოკრატია, კლასიკური გაგებით, მხოლოდ კონსესუსის მიღწევის საშუალება არ არის, არამედ მან კონფლიქტების წარმოქმნის ალბათობა უნდა დაუშვას და შემქნას სივრცე, სადაც განსხვავებული იდეები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდებიან.

პროფესორი მუფი გახლდათ ჰარვარდის, კორნელისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორი. ამჟამად ის არის ვენსმინსტერის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი.

© European.ge

pablo
პარტია “პოდემოსის” ლიდერი, პაბლო იგლესიასი მიმართავს ესპანეთის მოქმედ კონსერვატორ პრემიერ-მინსტრ მარიანა რახოის. ესპანეთის პარლამენტი, 27 ოქტომბერი, 2016 წ.

დღეს, ჩვენ ევროპაში ‘პოპულისტური მომენტის’ მომსწრენი ვართ. ეს ევროპული დემოკრატიებისთვის გარდამტეხი მომენტია, რომელთა მომავალი ამ გამოწვევაზე შესაბამისი პასუხის გაცემაზეა დამოკიდებული. ამ სიტუაციაში არსებითია უკუვაგდოთ მედიის მარტივი ხედვა, რომელიც პოპულიზმს მხოლოდ დემაგოგიად წარმოაჩენს და საპასუხოდ, გამოვიყენოთ ანალიტიკური პერსპექტივა. მე გთავაზობთ მივყვეთ ერენსტო ლაკლაუს, რომელიც პოპულიზმს როგორც ‘პოლიტიკურის’ ჩამოყალიბების გზად განმარტავს. ‘პოლიტიკურში’ დაწესებულია ზღვარი, რომელიც საზოგადოებას ჰყოფს ორ ნაწილად, ძალაუფლების მქონეებად და დამარცხებულ ჯგუფად, რომელსაც მობილიზაცია სჭირდება.

პოპულიზმი არც იდეოლოგიაა და არც პოლიტიკური რეჟიმი. ის გარკვეული პროგრამული შინაარსის მახასიათებლადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს. პოპულიზმი განსხვავებული მმართველობის ფორმებთანაა თავსებადი. ის პოლიტიკის კეთების ერთგვარი ხერხია, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს დროისა და ადგილის ცვალებადობის მიხედვით. მისი აღმოცენება ხდება მაშინ, როცა ვინმე უსამართლო სოციალური წესრიგის რეკონფიგურაციისთვის კოლექტიური ქმედების განხორციელებას დაისახავს მიზნად.

ამ გადმოსახედიდან, დღევანდელი ევროპული პოპულიზმის წარმატება ლიბერალ-დემოკრატიული პოლიტიკის კრიზისის წარმოჩენაა. აღნიშნული პროცესები, ბოლო წლებში, რამდენიმე ფენომენის შერწყმამ გამოიწვია, რომელმაც საკუთრივ გავლენა იქონია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობებზე. პირველ მათგანს მე ‘პოსტ-პოლიტიკას’ ვუწოდებ, რომელიც მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის ზღვარის გაბუნდოვნებას გულისხმობს. ეს არის შედეგი მემარჯვენე-ცენტრისტ და მემარცხენე-ცენტრის პარტიებს შორის კონსესუსისა, რომელიც ნეოლიბერალური გლობალიზაციის უალტერნატივობას ითვალისწინებდა. ‘მოდერნიზაციის’ იმპერატივის ქვეშ ისინი დათანხმდნენ გლობალური ფინანსური კაპიტალიზმის დიქტატს და მის მიერ დაწესებულ ლიმიტებს სახელმწიფო ჩარევასა და საჯარო პოლიტიკებზე. თითქმის ყველა წარმომადგენლობითი ინსტიტუტის როლი, რითაც მოქალაქეებს შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენა, მკვეთრად შემცირდა. დემოკრატიული იდეალის საფუძველი – ხალხის ძალაუფლების ცნება – მიტოვებულ იქნა. დღეს, დემოკრატიაზე საუბრისას გულისხმობენ მხოლოდ არჩევნებს და ადამიანის უფლებების დაცვას.

ამგვარი ევოლუცია, რომელიც შორსაა მწიფე საზოგადოების ჩამოყალიბებისგან, ძირს უთხრის დემოკრატიის დასავლური მოდელის – ლიბერალური დემოკრატიის საწყისებს. ეს მოდელი ორ მნიშვნელოვან დემოკრატიულ ტრადიციაზე ამახვილებდა ყურადღებას. პირველი, ეს იყო კანონის უზენაესობა, ძალაუფლების დანაწილება და ინდივიდუალური თავისუფლების გარანტია, ხოლო მეორე, დემოკრატიული თანასწორობის და სახალხო სუვერენულობის იდეა. ეს ორი ტრადიცია რეალურად შეთავსებულია და დავა თავისუფლების და თანასწორობის იდეებს შორის კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მაგრამ თვითონ ამ დავის არსებობაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული მოდელისთვის, რადგან საზოგადოებაში ის რეალურ პლურალიზმს აყალიბებს.

ევროპის ახალი ისტორია ‘აგონისტური’ ბრძოლაა მემარჯვენეობას, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებას, და მემარცხენეობას შორის, რომელიც თანასწორობას ანიჭებს უპირატესობას. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორ მხარეს შორის ზღვარი გაფერმკრთალდა, გაქრა ის სივრცეც, სადაც ეს ‘აგონისტური’ დაპირისპირება მიმდინარეობდა და შესაბამისად, შეუძლებელი გახდა იმ არხის მოძებნა, რითაც პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული მისწრაფებების გამოვლენა შესაძლებელი იქნებოდა. ‘დემოსი’, სუვერენული ხალხი, გადაისროლეს ‘ზომბი’ კატეგორიაში და ამიტომაც დღეს ჩვენ ‘პოსტ-დემოკრატიულ’ საზოგადოებებში გვიწევს ცხოვრება.

აღნიშნული პროცესები ნეოლიბერალური ჰეგემონიის ფორმაციის შედეგად განვითარდა, რომლის ცენტრალური საყრდენი ფინანსური კაპიტალია. ჩვენ მომსწრენი ვართ სოციალური უთანასწორობის თვალშისაცემი ზრდისა, რომელმაც გავლენა იქონია არამარტო მუშათა, არამედ საშუალო კლასზეც, რომელიც საკუთრივ გაღარიბების და პრეკარიზაციის გზას დაადგა. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს საზოგადოებების ‘ოლიგარქიზაციის’ მოვლენასთან.

ამგვარი სოციალური და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, პოპულისტური მოძრაობების სხვადასხვა ნაირსახეობით აღმოცენდა, რომლებიც უარყოფენ პოსტ-პოლიტიკასა და პოსტ-დემოკრატიას. ისინი აცხადებენ, რომ ხალხს დაუბრუნებენ ხმას, რომელიც მათ ელიტებმა ჩამოართვეს. ამგვარი მოძრაობების ფორმებთან პრეტენზიების მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ლეგიტიმური დემოკრატიული მისწრაფებების გამომხატველნი არიან. ადამიანები შეიძლება გაერთიანდნენ სხვადასხვაგვარად, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ყველა მათგანი პროგრესული მიმართულებით არ მოძრაობს. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, ეს მისწრაფება, რომ დაიბრუნონ სუვერენულობა, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც მოქალაქეების მობილიზაცია ქსენოფობიური დისკურსით მოახერხეს, და მიგრანტები ეროვნული კეთილდღეობისთვის საფრთხედ გამოცხადეს. ამ პარტიებმა შემოიკრიბეს ხალხი, რომელთა მიზანი ისეთი დემოკრატიის შექმნაა, სადაც ‘ნამდვილი მოქალაქეების’ ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ერთადერთი გზა, რომ ამგვარი პარტიების აღმოცენების პრევენცია ან არსებულთათვის წინააღმდეგობის გაწევა მოხდეს, ახალი ტიპის ჯგუფების ჩამოყალიბებაა, რომლებიც ხელს შეუწყობენ პროგრესულ პოპულისტურ მოძრაობებს, რეალურად შეითვისებენ დემოკრატიულ მისწრაფებებს და ორიენტირს თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დაცვისკენ აიღებენ.

არ არსებობს ლექსიკა, რომელიც ახსნის, თუ რატომ აქვს მემარჯვენე პოპულიზმს მთელ რიგ სოციალურ ფენებში მასშტაბური გამოძახილი. უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ ამგვარ პოპულიზმთან საბრძოლველად მისი მიმდევრების მორალურად დაგმობა და დემონიზაცია რეალურად არ მუშაობს. ამგვარი სტრატეგია სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან ის პოპულარულ კლასში ანტიისტებლიშმენტურ განწყობებს კიდევ უფრო ამყარებს. მათი მოთხოვნების უვარგისად გამოცხადების ნაცვლად, საჭიროა ამ მოთხოვნების იმგვარად ფორმულირება, რომელიც მოწინააღმდეგეს, როგორც ნეოლიბერალური პროექტის დამცველ ძალთა კონფიგურაციად განმარტავენ. საქმე ეხება კოლექტიური ნების გამოვლენას, რომელიც სოციალურ მოძრაობათა სიმრავლეს და პოლიტიკურ ძალებს შორის სინერგიას შექმნის და მიზნად დემოკრატიის დაცვასა და გაღრმავებას დაისახავს. პოპულისტური მომენტის მიერ დემოკრატიის მომავალისთვის შექმნილ გამოწვევაზე საპასუხოდ საჭიროა პოლიტიკა, რომელიც ‘აგონისტურ’ დაძაბულობას ლიბერალურ ლოგიკასა და დემოკრატიულ ლოგიკას შორის აღადგენს. ეს შეიძლება ძირეული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის საფრთხის შეუქმნელადაც განხორციელდეს. პოპულიზმი, თუკი მას პროგრესული კუთხით შევხედავთ და დემოკრატიის პერვერსიად არ აღვიქვამთ, წარმოადგენს ყველაზე ადეკვატურ პოლიტიკურ გზას, რომელიც აღადგენს და განავრცობს დემოკრატიას დღევანდელ ევროპაზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:

  1. შანტალ მუფი ლიბერალური დემოკრატიის შინაგან კრიზისზე.”
  2. შანტალ მუფის საჯარო ლექცია: “დემოკრატიული პოლიტიკა და აგონისტური საჯარო სივრცეები“.
  3. ინტერვიუ შანტალ მუფთან: “პოპულიზმი საჭიროა“.
  4. ინტერვიუ შანტალ მუფთან: “ქვეყნების უმრავლესობა პოსტ-პოლიტიკურ სიტუაციაშია“.
  5. ინტერვიუ შანტალ მუფთან: “ჩვენ გთავაზობთ დემოკრატიას“.

– ინგლისურიდან თარგმნა შოთა თხელიძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ