ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკაში

27 მაისს თბილისში ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული მანიფესტაცია რამოდენიმე ნიშნით იყო განსხვავებული და გამორჩეული. არსებითია, რომ  ეს განსხვავებები დადებითი და პოზიტიური შინაარსისაა. რაც თავის მხრივ იმითაა მნიშვნელოვანი რომ აჩენს წანამძვრებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის განვითარებისა და მისი ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე ასვლის შესაძლებლობას.  

ქართული ოცნების აქციაში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობაზე კამათი და იმის მტკიცება ასი ათასზე მეტი თუ ნაკლები ადამიანი შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე არ არის არსებითი. მთავარია ის რომ საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქისა და პოლიტიკური ცენტრის მაცხოვრებლებმა, თბილისელებმა  დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იმ ადგილას სადაც შარშან 26 მაისს ავტორიტარული რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა საკუთარ მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ არ ეშინიათ, სურთ ცვლილებები, მზად არიან დაუპირისპირდნენ მმართველ ძალას და ხმა მისცენ ქართულ ოცნებას, როგორც ერთადერთ, რეალურად ანტისისტემური ოპოზიციური ძალების ერთიანობას.

27 მაისის დემონსტრაციაზე ქართული ოცნების გათვლა ორ ძირითად ელემენტს მოიცავდა; პირველი ბიძინა ივანიშვილის როგორც კოალიციის ან უფრო ფართო გაგებით ოპოზიციური საზოგადოებრივი ფრონტის უპირობო ლიდერად წარმოჩენას და მეორე მოძრაობის პროგრამული ნაწილის პრიორიტეტებში და შესაბამისად წინასაარჩევნო პროცესში, არსებითი ცვლილებების საზოგადოებისათვის გაცნობა, რაც თავად ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაშიც ნათლად აისახა.

ბიძინა ივანიშვილის როგორც პოლიტიკური ფიგურისა და ოპოზიციის ლიდერის წინა პლანზე წამოწევა და  ერთგვარი პერსონიფიცირება აშკარაა. ამის დასტური იყო ისიც რომ მიტინგზე სიტყვით მხოლოდ ივანიშვილი გამოვიდა და კოალიციის არცერთ სხვა ოპოზიციურ ლიდერს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცემია.

პოლიტიკური და პიარული თვალსაზრისით ეს ძალიან დადებითი მოვლენა იყო რადგან ამომრჩეველი ცვლილებების მთავარ მამოძრავებელ ძალად სწორედ ივანიშვილის ფიგურას მიიჩნევს, ამის დასტურია ის რომ  ოპოზიციას არსებული რეჟიმის დამარცხების რეალური შანსი მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ გაუჩნდა. ამგვარად მნიშვნელოვანია რომ ქართული ოცნების როგორც ოპოზიციური ალტერნატივის იდენტიფიცირება უპირველესად მის ლიდერზე ბიძინა ივანიშვილზე მოხდეს. ნაცვლად სხვა უკვე სტერეოტიპიზირებული ოპოზიციური პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამომრჩეველთა დიდი ნაწილისათვის წარუმატებლობასთან და სხვა არცთუ ისე დადებით ემოციებთან იგივდება.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ადვილი შესამჩნევი იყო ივანიშვილის გამოსვლაში. ამ გამოსვლის შინაარსის საფუძველზე შესაძლებელია იმის თქმა, რომ ძირეული ცვლილება მოხდა ქართული ოცნების წინასაარჩევნო პრიორიტეტებში. მთავარ თემებად კოალიციის ლიდერის მიერ გამოცხადებული იქნა ჯანდაცვის სისტემა და საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის შემოღება, უმუშევრობა და სამუშაო ადგილების შექმნა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება, რაც როგორც ფერმერული ისე საოჯახო და კოოპერაციული მეურნეობების შექმნით უნდა განხორციელდეს. აგრეთვე განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის საკითხი.  

ივანიშვილის გამოსვლის დროს, ამ საკითხებზე საუბრისას მიტინგზე დამსწრე საზოგადოების ყველაზე ძლიერი ოვაციებიც ნათელი დასტურია იმისა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს სწორედ ეს საკითხები აწუხებს ყველაზე მეტად და ოპოზიციისგანაც ამ თემების აქტუალიზებასა და პრიორიტიზირებას ითხოვს.

ოპოზიციის გამარჯვებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა მთავრობის მიერ მანიპულირებადი თემების აქცენტირებაზე. ისეთებზე როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა, ნაციონალიზმი, ივანიშვილის მოქალაქეობა და სხვა იურიდიული კაზუისტიკა თუ ფუნდამენტური ეკონომიკური და სოციალური საკითხებისგან შორს მდგომი თემები. ეს არის საკითხები, რომლებიც პირდაპირ გავლენას არ ახდენს ჩვეულებრივი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რომელსაც კარგად იყენებს მმართველი ძალა საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიების მეშვეობით მანიპულირების, პროპაგანდირებისა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანისათვის.

მთავრობის ამ ეფექტურად მომუშავე პოლიტიკასთან დაპირისპირების ერთადერთ გზად ამ საკითხების უკანა პლანზე გადატანა და საშინაო პოლიტიკისა და ეკონომიკის იმ მთავარ საკითხებზე საუბარია რაც განსაზღვრავს ადამიანების კეთილდღეობასა და ცხოვრების დონეს. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული ევროპის და ყველა განვითარებული ქვეყნების პოლიტიკა. სადაც პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია, ჯანდაცვა, დასაქმება, განათლება, მეცნიერება და სოფლის მეურნეობა. ამდენად სასიხარულოა რომ ქართულმა ოცნებამაც გეზი სწორედ ამ მიმართულებით აიღო და საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიაში ამ თემებს მიანიჭა პრიორიტეტი.

ევროპულ პოლიტიკასთან გარდა მიახლოებითი პროგრამული და პრიორიტეტების თანხვედრისა, სხვა მსგავსებაც არსებობს. რაც ძალიან კარგ პერსპექტივებს აჩენს სამომავლოდ ზოგადად ქართული პოლიტიკური ცხოვრებისა და სპექტრის გაჯანსაღება/განვითარებისათვის. ეს არის კოალიციის შიგნით არსებული ან კოალიციის პარტნიორი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მრავალფეროვნება და პლურალიზმი.

ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდამჭერი ’ექსპერტები’ ცდილობენ ეს პლურალიზმი უარყოფითად წარმოაჩინონ. თუმცა თუნდაც იგივე ევროპაში დროის სვლასთან ერთად, განსაკუთრებით კი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ერთგვარად უკანა პლანზე გადაიწია იდეოლოგიურმა დაყოფამ ლიბერალებს, სოციალისტებსა თუ კონსერვატორებს შორის. მთავარია არა იდეოლოგიური კლიშეები და განსხვავებების პოვნა, არამედ საერთო შეხების წერტილების მოძებნა და რაც შეიძლება მეტი ისეთი საკითხის გამოყოფა, რომელიც შეთანხმებისა და კონსესუსის საგანი გახდება. ასეთი პოლიტიკა იძლევა პრაგმატული პოლიტიკის წარმოების საშუალებას, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის კეთილდღეობისათვის.

ჩვენს შემთხვევაში კი კარგ შესაძლებლობას ქმნის წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური ძალების დაჯგუფებისათვის, რაც შექმნილ არაორდინალურ პოლიტიკურ სიტუაციაში, ოპოზიციას ყველაზე იდეალურ პოზიციას უქმნის, უზრდის რა არჩევნებში გამარჯვების შანს და აგრეთვე გამარჯვების შემთხვევაში უზრუნველყოფს ფართო პლურალიზმს რაც თავისთავად დადებითად აისახება ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ განვითარებაზე. მით უმეტეს დღევანდელი სიტუაციის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად პრეზიდენტი სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ერთპიროვნულ მმართველობას აქვს ადგილი.

ამგვარი ერთგვარად კონსესუალური დემოკრატიის ელემენტის არსებობა ქართული ოცნების ქვეშ შესაძლებელს ხდის ფართო საზოგადოებრივი ფრონტის ჩამოყალიბებას. სწორედ ასეთი თანამშრომლობისა და პლურალიზმის პრინციპებზე გაერთიანებული ფართო საზოგადოებრივი გაერთიანებაა იმის საწინდარი რომ სააკაშვილის პოპულისტური და ავტორიტარული რეჟიმი არჩევნებში დამარცხდება. რადგან ამ ბრძოლაში აუცილებელია გამოყენებული იქნას საზოგადოებაში არსებული ყველა ის ინტელექტუალური რესურსი თუ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ ანტისისტემურად არის განწყობილი. ამასთანავე აუცილებელია მოხერხდეს ამ ძალების კოორდინაცია ერთიანი ცენტრის ქართული ოცნების მიერ.

შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები ქართველი ხალხისათვის ერთ-ერთი ბოლო შანსია გააკეთოს არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ. ხმა მისცეს ავტორიტარიზმისა და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, უარი თქვას მანიპულირებად წესრიგზე და აირჩიოს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე და ქვეყნის განვითარებაზე.

ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები სადაც ქართულმა ოცნებამ უნდა გაიმარჯვოს და დამოუკიდებლობის შემდეგ  ორი ათწლეულის შემდეგ პირველად, საფუძველი ჩაუყაროს ისეთი ქვეყნისა და საზოგადოების მშენებლობას, რომელიც განვითარებული ევროპული დემოკრატიის ქვეყნების მსგავსად პოლიტიკურად პლურალისტური, სოციალურად ინკლუზიური და ეკონომიკურად ეგალიტარიანული იქნება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ