➤ ავტორი: ჯიმ კემენი, შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის საბინაო და ურბანული კვლევების ინსტიტუტის პროფესორი
➤ თარგმანი : თორნიკე ჩივაძე, პაპუნა ჩივაძე
➤ რედაქტორი : ლევან ასაბაშვილი
➤ ტექსტი მომზადებულია პროექტის – „საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები“-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ურბან რეაქტორის“ მიერ ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge-სა და „ურბანული კვლევების ცენტრთან“ თანამშრომლობით, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.
➤ ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ თარგმანები:
“საცხოვრისი – ზოგადი შესავალი რამდენიმე მაგალითით“
“რატომაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი საცხოვრისის უფლების რეალიზება?“
“საცხოვრებლის ეკონომიკური მნიშვნელობა განვითარებად ქვეყნებში“
➤ ასევე, მოისმინოთ კვლევის შუალედური მოხსენება :
“საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა : საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს რეალობა”
კეთილდღეობისათვის გაწეულ ხარჯებში, საცხოვრებლის კაპიტალური ინვესტიციების წილი საკმაოდ მაღალია და ამასთან ერთად, ის შინამეურნეობების ბიუჯეტის ხარჯებშიც ყველაზე დიდ წილს იკავებს. კაპიტალური ინვესტიციების კომპონენტი ასევე განმსაზღვრელ როლს თამაშობს ცხოვრების სტილისა და ურბანული გარემოს ფორმირებაში. აქედან გამომდინარე, არსებობს მტკიცება, რომ კეთილდღეობის ოთხ საყრდენს შორის, საცხოვრებლის როლის დაკნინება უნდა შეწყდეს და აღიარებულ იქნას მისი საკვანძო მნიშვნელობა; აქცენტი გაკეთდეს მის სინერგიულ დამოკიდებულებაზე კეთილდღეობის სხვა განზომილებებთან, განსაკუთრებით პენსიებთან, რაც საზღვრებს უწესებს კეთილდღეობის სახელმწიფოს ორგანიზების ფორმებს. შესაბამისად, საჭიროა, რომ კეთილდღეობის მკვლევარებმა ქვეყნებს შორის საბინაო სისტემის მოწყობას წინანდელზე მეტი ყურადღება დაუთმონ და ის თეორიულად უფრო ღრმა ანალიზის საგნად აქციონ. ეს ტექსტი ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
1.შესავალი: საცხოვრისის ადგილი კეთილდღეობაში
1.1 საცხოვრებელი: კეთილდღეობის სახელმწიფოს განსაკუთრებული საყრდენი
საცხოვრებელი ყოველთვის იყო კეთილდღეობის სახელმწიფოს ოთხი მთავარი საყრდენიდან ერთ-ერთი. ის ყოველთვის მიიჩნეოდა ყოველდღიური ცხოვრების მთავარ შემადგენელ ასპექტად და მჭიდროდ უკავშირდებოდა ადამიანის უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობაში კეთილდღეობის სისტემები შეიქმნა და განვითარდა, ადეკვატური საცხოვრებლით საკმარისი მომარაგება პრიორიტეტული იყო. ომის შემდგომი კეთილდღეობის სისტემების ფორმირება მწვავე საბინაო დეფიციტის პირობებში დაიწყო. დეფიციტი გამოწვეული იყო ორ მსოფლიო ომს შორის მომხდარი გლობალური (ეკონომიკური) დეპრესიით და თითქმის სამი დეკადის განმავლობაში მიმდინარე მშენებლობის დაბალი ტემპებით. კეთილდღეობის განვითარებული და ყოვლისმომცველი სისტემების დაარსება დაემთხვა ხალხის დაბინავების უზარმაზარ საჭიროებას. ამის გამო, საცხოვრებელზე გაწეული საჯარო ხარჯები კეთილდღეობის სახელმწიფოს ექსპანსიის წლებში, ძალიან მაღალი იყო.
კეთილდღეობის სახელმწიფოს დანარჩენ სამ საყრდენს წარმოადგენს სოციალური დაცვა, ჯანდაცვა და განათლება. ეს ოთხი საყრდენი ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება ორგანიზაციული ხასიათით. ამა თუ იმ გაგებით, ყველა უნივერსალურია, თუმცა, მათი დაფინანსებისა და ორგანიზების გზებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებებია.
- სოციალური დაცვა პირველ რიგში წარმოადგენს დანაზოგების რედისტრიბუციულ სქემას ან დანაზოგების სქემათა სერიას – პენსიებს; უმუშევრობის, ავადმყოფობის, უნარშეზღუდულობისა თუ საბინაო შეღავათებს, ბავშვთა დახმარებებს, სტუდენტებისათვის გრანტებს, სოციალური დაცვის შეღავათებს და ა.შ. ამ ყველაფერს აერთიანებს შემოსავლების გადანაწილება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის: ახალგაზრდებიდან მოხუცებზე, ხანდაზმულთაგან ახალგაზრდებზე, ჯანმრთელთაგან ავადმყოფებზე, დასაქმებულთაგან უმუშევრებზე და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ დანახარჯების დიდი წილი სატრანსფერო გადახდებს წარმოადგენს. კაპიტალური ინვესტიციების რაოდენობა მინიმალურია, ანაზღაურებადი ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა კი – მოკრძალებული.
- განათლება პირველ რიგში მომსახურებაა, რომლის მთავარ ელემენტს პროფესიონალთა (მასწავლებლები, ლექტორები და დამხმარე პერსონალი) ხელფასები შეადგენს. კაპიტალურ ინვესტირებას მოკრძალებული წილი აქვს, ყოველ შემთხვევაში, სკოლების მშენებლობის პირველადი პროგრამების დასრულების შემდგომ მაინც
- ჯანდაცვაც, განათლების სფეროს მსგავსად, ანაზღაურება-ტევადია, რათა მოახერხოს ექიმთა კორპუსის, ძიძების, ექთნებისა და დამხმარე პერსონალის შენახვა. თუმცა, სამედიცინო ტექნოლოგიების სწრაფი ცვლილებების შედეგად, ისიც გარკვეულწილად განსხვავდება განათლებისგან და უფრო მეტად კაპიტალტევადია (ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელ პერიოდამდე – განათლების კომპიუტერიზაციის დაწყებამდე, ასე იყო).
- საცხოვრებელს, კეთილდღეობის სახელმწიფოს სხვა სამი საყრდენისგან, მაღალი კაპიტალტევადობა განასხვავებს. ბევრ ქვეყანაში, ომის შემდგომ ათწლეულებში დანერგილი საკრიზისო პროგრამების უმრავლესობა საბინაო ფონდის განვითარებისთვის დიდ კაპიტალურ ინვესტირებას საჭიროებდა, რისი უმეტესობაც ან პირდაპირ გადასახადებიდან, ან დაბალპროცენტიანი სესხების მეშვეობით, სუბსიდირებით დაფინანსდა. ფულადი ტრანსფერები მნიშვნელოვანია როგორც საცხოვრებლის შეღავათების, ასევე საგადასახადო სუბსიდიების თვალსაზრისითაც, მაგრამ ეს უფრო მეტად სოციალური უსაფრთხოების სისტემის ნაწილად განიხილება (ისევე, როგორც განათლებაში, ბავშვთა შეღავათები და სტუდენტური გრანტები, ან ჯანდაცვაში ავადმყოფობის და შეზღუდული შესაძლებლობების შეღავათები).
ოთხი საყრდენი შესაძლოა შეჯამებულ იქნეს შემდეგნაირად (იხ. ცხრილი 1)
კეთილდღეობის საყრდენი | ფულადი ტრანსფერები | ხელფასები | კაპიტალი |
სოციალური დაცვა | მაღალი | დაბალი | დაბალი |
განათლება | დაბალი | მაღალი | დაბალი |
ჯანდაცვა | დაბალი | მაღალი | საშუალო |
საცხოვრებელი | დაბალი | დაბალი | მაღალი |
ცხრილი 1 : კეთილდღეობის ბურჯების ტიპი და ტევადობა (მაღალი, საშუალო, დაბალი)
1.2 საცხოვრებელი, როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოს მერყევი საყრდენი
საცხოვრებელი კიდევ იმით განსხვავდება სხვა საყრდენებისგან, რომ საკმაოდ იშვიათად (თუ საერთოდ, მაინც) განიხილება, როგორც საჯარო უზრუნველყოფის უნივერსალური ფორმა. მეორეს მხრივ, ბენეფიტურ სატრანსფერო გადახდებზე დაფუძნებული სამი საყრდენი – სოციალური დაცვა, განათლება და ჯანდაცვა, ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, გადასახადების მეშვეობით სახელმწიფოს მიერაა უზრუნველყოფილი. საცხოვრებელი მათ რიგებში იშვიათად თუ იყო.
იმ შემთხვევებში, როდესაც საბინაო უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ, როგორც წესი, ის ფარავს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს (ხშირად ნახევარზე ნაკლებს) და თანაც ისე, რომ მომხმარებელზე დაკისრებული ხარჯები პროპოპორციულად უფრო მეტია, ვიდრე ეს განათლებისა და ჯანდაცვის შემთხვევაში.
ამავდროულად, საცხოვრებელი უნივერსალურ უფლებადაა აღიარებული. სახელმწიფოს არაერთხელ განუხორციელებია კერძო ბინათმესაკუთრეობის სუბსიდირება სხვადასხვა გზით. კეთილდღეობის სახელმწიფოში საცხოვრებლის ადგილის გაურკვევლობამ, ბინით უზრუნველყოფის მრავალგვარმა (კერძო და სახელმწიფო) ვარიაციებმა და სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიმართ მისმა განსაკუთრებულმა მოწყვლადობამ ლედ ტორგერსენს (1987) უბიძგა საცხოვრებლისთვის “კეთილდღეობის მერყევი საყრდენი” ეწოდებინა.
კერძო და სახელმწიფო მიწოდებას შორის თანაფარდობის თვალსაზრისით, საცხოვრებლის ყველაზე უახლოესი ანალოგი, ალბათ ტრანსპორტია. ტრანსპორტიც კაპიტალ-ინტენსიურია და საცხოვრებლის მსგავსად, ყველასთვის აუცილებელ უნივერსალურ საჭიროებადაა აღქმული. საბინაოს მსგავსად, სატრანსპორტო სერვისებშიც ხშირად ვხვდებით კერძოსა და სახელმწიფო საკუთრების ნაზავს, ამ უკანასკნელის მაღალი სუბსიდირებით. თუმცა, საცხოვრებლისგან განსხვავებით, ტრანსპორტი არასოდეს ყოფილა ამდენად პრიორიტეტული. მიუხედავად ამისა, ტრანსპორტი უფრო მეტად მოითხოვს საჯარო ხარჯებს დამხმარე სერვისებისთვის (მართვას, კოორდინაციას და ტრანსპორტის შეკეთებას) და პროპორციულად უფრო მაღალ ხელფასების წილსაც.
1.3 საცხოვრებლის უგულებელყოფა კეთილდღეობის შედარებით კვლევებში
კეთილდღეობის სისტემებში საცხოვრებლის არაერთმნიშვნელოვანი და ბუნდოვანი როლი ალბათ პირველი ძირითადი მიზეზია, რის გამოც იგი შედარებითი კეთილდღეობის პიონერულ კვლევებში იგნორირებული ან გამოტოვებულია (მაგ. იხ. ვილენსკი, 1975 და ესპინგ-ანდერსენი, 1990).
საკუთარ კვლევებში, ვილენსკი (1975, გვ.7-9) საბინაო საკითხს ღიად გამორიცხავს. ის აღიარებს კეთილდღეობის სისტემებში საცხოვრებლის მნიშვნელოვან როლს, მაგრამ მონაცემების მიღების უკიდურესი სირთულის გამო, საკითხს გვერდს უვლის. მისი მტკიცებით, ეს გამოწვეულია საცხოვრებლის შესახებ არსებული არასრულყოფილი მონაცემებითა და საბინაო საკითხის სხვა ფაქტორებთან კომპლექსური ურთიერთკავშირით (როგორიცაა მონეტარული პოლიტიკები, საპროცენტო განაკვეთები, საგზაო მშენებლობები და საჯარო ტრანსპორტის განვითარება, რაც ქმნის ლოკალურ ბუმს მიწის რენტაზე, იპოთეკურ საპროცენტო განაკვეთებზე გადასახადის შემცირებაზე და სხვა არაპირდაპირ საბინაო სუბსიდიებზე, რენტის რეგულაციებზე და ა.შ.). როგორც ვილენსკი ასკვნის, “საცხოვრებელზე პირდაპირი ან ირიბი გავლენის მქონე ფისკალური, მონეტარული და სხვა პოლიტიკები იმდენად მრავალფეროვანი და კომპლექსურია, რომ ამ სფეროში სახელმწიფო დანახარჯების შედარებითი ანალიზის წარმოება შეუძლებელია (ვილენსკი, 1975, გვ. 7).
ორივე მიზეზი, რომელიც ვილენსკის საცხოვრებლის გამოტოვების ასახსნელად მოაქვს კეთილდღეობის საყრდენებიდან, საკმაოდ არადამაჯერებელია. მონაცემების დაბალ ხარისხსთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ თავად ვილენკსის მიერ დანართში მოცემული საბინაო და სოციალურ უსაფთხოებასთან დაკავშირებული პირველადი მონაცმები გვაჩვენებს, თუ რა შეიძლებოდა მიგვეღო იმ შემთხვევაში, თუკი ავტორი სამუშაოს გააგრძელებდა (ვილენსკის მიერ გამოტოვებული პირველადი მონაცემების ანალიზის შესახებ იხილეთ შმიდტი 1989). ”კომპლექსურობის” არგუმენტი სანახევროდ მართებულია, თუმცა არასწორადაა დასმული. ”კომპლექსურობა” სოციალური სტრუქტურის თითოეულ განზომილებას ახასიათებს. საცხოვრებელს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული შინაგანი მახასიათებელი, რომელიც მას განათლებაზე ან ჯანდაცვაზე კომპლექსურს გახდიდა. მათზე ”პირდაპირ ან ირიბად” მოქმედი ”ფისკალური, მონეტარული და სხვა პოლიტიკებიც” მრავალფეროვანი და კომპლექსურია.
ვილენსკი საუბრობს საცხოვრებლის დიდ მნიშვნელობაზე, თუმცა ამის მიუხედავად საბოლოო ჯამში ის საკითხს გაურბის. საქმე იმაშია, რომ საცხოვრებელი გამოირჩევა სოციალურ სტრუქტურაში მაღალი “ჩაშენებულობის”[1] ხარისხით. მისი გავლენა ცხოვრების სტილის, ურბანული ფორმების, კეთილდღეობისა და შინამეურნეობების მოხმარების წესების ფორმირებაში იმდენადად ღრმაა, რომ კეთილდღეობის გააზრებაში მას ცენტრალურ, თუმცა კონცეპტუალურად მოუხელთებელ ადგილს ანიჭებს. სწორედ ეს “ჩაშენებულობაა”, რაც საცხოვრებელს თვისობრივად განასხვავებს, მაგალითად, ჯანდაცვისა და განათლების ინსტიტუციებისაგან. ეს ცხადი გახდება, თუ ჩვენ განვიხილავთ განათლების რადიკალურ რეორგანიზაციას. მაგალითად, შესაძლებელია დიდი სკოლების დაყოფა საუბნო სკოლებად, ან სკოლების გაერთიანება უნივერსიტეტებთან. ამ ყველაფრის გავლენა საზოგადოებრივ სტრუქტურაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე საცხოვრებლის იმგვარად რეორგანიზება, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცხოვროს კოლექტივებში, მაღალსართულიან კორპუსებში, კომუნალურ საცხოვრებლებში ან დაბალი სიმჭიდროვის ჯურღმულებში.
ერთმნიშვნელოვანია, რომ კეთილდღეობის სისტემაში საცხოვრებლის განსაკუთრებული ადგილი მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის ანალიზისათვის. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ვილენსკი ერიდება მასთან შეხებას. კეთილდღეობის სისტემების მკვლევართა შორის, ვილენსკი გამონაკლისი არაა. საბინაო საკითხი კეთილდღეობის შედარებითი კვლევებიდან, უმეტესწილად გამოტოვებულია. ზოგ კვლევაში, საკითხი მთლიანად გამოტოვებულია, ზოგ შემთხვევაში კი ის განცალკევებულად განიხილება და კეთილდღეობის ანალიზში იზოლირებულ ადგილს იკავებს (მაგალითისთვის იხ. ესპინნგ-ანდერსენი, 1985, გვ. 179-190).
პარადოქსულია, მაგრამ შედარებითი კეთილდღეობის მკვლევარებისა და ზოგადად, კეთილდღეობის მკვლევარების მიერ საბინაო საკითხის გამოტოვება მის მეორეხარისხოვნებაზე კი არა, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიგვითითებს. საცხოვრებლის მკვლევართა მიერ საკითხის კონცეპტუალიზაციის ნაკლებობამ საზოგადოებრივი კეთილდღეობის მკვლევართა მიერ საცხოვრებლის ცენტრალურად განხილვის პერსპექტივა დააბრკოლა. როდესაც საბინაო კეთილდღეობა კვლევის ცენტრალური საგანი ხდებოდა, ის დანახული იყო, როგორც კეთილდღეობის ავტონომიური სფერო, ხოლო მისი მიმართება ზოგად კეთილდღეობასთან პრობლემატიზების მიღმა რჩებოდა. (დონინსონი და უნგერსონი, 1982).
ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი კეთილდღეობის სახელმწიფოებისთვის არამდგრად და ცვალებად მთავარ ელემენტს წარმოადგენს, კეთილდღეობის მკვლევართათვის საცხოვრებელს განსაკუთრებული შესწავლის საგნად აქცევს. რამდენადაც ბევრ ქვეყანაში სოციალური დაცვის, განათლების და ჯანდაცვის მიწოდება უნივერსალურია, თუმცა საცხოვრებლით ასეთი უზრუნველყოფა არცერთში არ გვხვდება, შესაძლოა სწორედ საბინაო საკითხმა გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისაგან კეთილდღეობის რეჟიმები ასე მკვეთრად. შესაბამისად, საცხოვრებელი ხდება ჯოკერი სხვაგვარად პროგნოზირებად დასტაში: საბინაო საკითხში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და მისი შედეგები მთელ კეთილდღეობის სისტემაზე აისახება.
2. საცხოვრებლისა და კეთილდღეობის თეორიზებისკენ
2.1. ერთგანზომილებიანი კონვერგენციის[2] თეორიიდან საშუალო რანგის ტიპოლოგიის თეორიებისაკენ
შედარებითი კეთილდღეობის ადრეული ნაშრომები ცდილობდნენ აეხსნათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კეთილდღეობის სახელმწიფოების წარმოქმნა. მთავარი კითხვები შემდეგი იყო: “რა ძალა უდევს საფუძვლად თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოთა განვითარებას? რატომ განვითარდა ზოგიერთი ქვეყანა უფრო სწრაფად, ვიდრე სხვები?“ ისინი ცდილობდნენ განვითარების მამოძრავებელი ერთი გადამწყვეტი ფაქტორის გამოკვეთას (ყველაზე ცნობილი კონკურენტი თეორიები იყო: კლასთა კონფლიქტი, ეკონომიკური განვითარება და დემოგრაფიული იმპერატივები). მთავარი ფოკუსი ამ კვლევებში განვითარების რაოდენობრივ მაჩვენებლებზე კეთდებოდა, სახელმწიფო დანახარჯების კუთხით. ქვეყნები რანჟირებული იყო განვითარების სისწრაფისა და დონის მიხედვით (მაგალითად, ვილენსკი და ლებო (1958) ქვეყნებს „მოწინავეებად“ და „ჩამორჩენილებად“ ყოფდნენ). ეს კონვერგენციის თეორიის დომინირების ხანა იყო. თანაბრად მნიშვნელოვანია, შედარებითი კვლევების ეპისტემოლოგიური თეორიზებაც. იგი დღესაც არაა საკმარისად განვითარებული (იხილეთ ოქსლი და პიკვანსი ამავე ტომში), იმ დროისთვის კი თითქმის არ არსებობდა.
კემენი და ლოუი (1998) აღნიშნავენ, რომ კეთილდღეობის შედარებითი კვლევების მსგავსად, საცხოვრებლის კვლევაც კონვერგენციული თეორიის ფაზაში იმყოფებოდა. დონნისონი ამის (1969) ადრეული მაგალითია. კასტელსი (1977) სტრუქტურალისტური მარქსისტული კონვერგენციის პერსპექტივით მიუდგა საკითხს. თუმცა, როგორც კერემი და ლოუი (1998) აღნიშნავენ, საცხოვრებლის კვლევა შორდებოდა მონო-თეორიულ კონვერგენციულ მიდგომას, რომელიც საბინაო სისტემების ყველა მსგავსებასა და განსხვავებას ერთ ყოვლისმომცველ თეორიაზე აფუძნებდა. მათი თქმით, კვლევები „საშუალო რანგის“ მიდგომისკენ იხრება. ამ უკანასნელის მიხედვით კი, ქვეყნებს შორის განსხვავებები არ დაიყვანება ყოვლისმომცველ სარწმუნო თეორიის ასაგებად შემოღებულ, ერთ საბოლოო დენომინატორზე, როგორიცაა, მაგალითად, მატერიალური სტანდარტების ზრდა, დემოგრაფიული დეტერმინიზმი ან მარკეტიზაცია. ამის ნაცვლად, აქცენტი მრავალფეროვნებასა და სხვადასხვაობაზე კეთდება. ქვეყნებს შორის განსხვავებებიდან, ყურადღება გადადის მათი საერთო მახასიათებლებისაკენ და ისეთი თეორიული პერსპექტივების განვითარებისაკენ, რომლის მიზანიც განსხვავებების სისტემური გაგებაა.
კეთილდღეობისა და საცხოვრებლის კვლევების მიმართულების ეს ცვლილება ყველაზე ნათლად ტიპოლოგიების განვითარების მცდელობებში გამოიხატება. კეთილდღეობის კვლევებში, ესპინგ-ანდერსენის (1990) სამ არქეტიპზე დაფუძნებულმა ყველაზე გავლენიანმა ტიპოლოგიამ ვარიაციული ტიპოლოგიებიც წარმოშვა (ბონოლი, 1997; კასტელსი და მიტჩელი, 1990; კანგასი, 1994; ლიბფრიდი, 1991). ამ მხრივ, განსაკუთრებით ნაყოფიერი გენდერის კვლევებია, რომლებიც ანდერსენის მოდელს აკრიტიკებენ და გენდერზე, როგორც საკვანძო განზომილებაზე დაყრდნობით, პატრიარქატზე დაფუძნებული თეორიის ალტერნატივებს ავითარებენ (ლანგანი და ოსტნერი, 1991; ლევისი, 1992; ოკონორი, 1993).
ტიპოლოგიების აღმოჩენისკენ გადასვლის მსგავსი მიმართულება საცხოვრებლის კვლევებში იკვეთება (ბარლოუ და დუნკანი, 1994; ბალჩინი, 1996; დიკენსი, 1985; კემენი, 1995a; ლოვე, 1994; სკიფტერ ანდერსენი და მუნკი, 1994). თუმცა, კვლევების უმეტესობა ესპინგ-ანდერსენის კეთილდღეობის რეჟიმთა თეორიებზე დაფუძნებული ტიპოლოგიების პირდაპირი გავლენით არ დაწერილა (გამონაკლისია ბარლოუ და დუნკანი, 1994).
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კეთილდღეობისა და საცხოვრებლის კვლევებში ტიპოლოგიათა გამრავლების საჭიროება არ დგას. საჭიროა იმგვარი ტიპოლოგიები, რომლებიც ძალაუფლების თეორიებიდანაა ნაწარმოები და ხსნის იმას, თუ რატომ განვითარდა ქვეყნების განსაზღვრულ ჯგუფებში ერთი ტიპის საცხოვრებელი და კეთილდღეობის რეჟიმები, ხოლო სხვა ჯგუფებში მეორე ტიპის. შესაბამისად, სირთულე მდგომარეობს არა ტიპოლოგიების აღწერაში, არამედ მათ ახსნაში. საცხოვრებლისა და შედარებითი კეთილდღეობის კვლევებში. მკვლევარები ზედმეტ ყურადღებას უთმობდნენ ტიპოლოგიების აღმოჩენასა და აღწერას და ნაკლებად ცდილობდნენ მათი ასახსნელი თეორიების შემუშავებას. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, ვერ მოხერხდა საცხოვრებლის კეთილღეობის თეორიაში ინტეგრირება.
2.2. ეპისტემური გადახვევა „კონცეპტუალური დანაწევრებისკენ“: კეთილდღეობის რეჟმების თეორიზებული კონცეფციიდან დესკრიპციული ტიპოლოგიებისკენ
ტიპოლოგიების ანალიზში თეორიული შინაარსის ნაკლებობაც შეიმჩნეოდა. განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ ესპინგ-ანდერესენის ტიპოლოგიები მისი სქემის თეორიული საფუძვლების გარეშე იქნა ფართოდ გამოყენებული და ათვისებული. კაპიტალზმის კეთილდღეობის “სამი სამყაროს” ტიპოლოგიური დაყოფა მხოლოდ ტიპოლოგიების ემპირიული ბაზისის შესაქმნელად შეგროვებული მონაცემებით არ არის ჩამოყალიბებული. ისინი ემყარება და ნაწარმოებია კლასობრივი ძალაუფლებისა და კლასთა შორის ალიანსების წარმოების თეორიებიდან (უფრო ფართო მიმოხილვისთვის, იხ. კემენი, 1995 ბ). ესპინგ-ანდერსენის “კეთილდღეობის რეჟიმის” კონცეფცია თანმიმდევრულადაა დამუშავებული. ის ამტკიცებს, რომ სხვადასხვა რეჟიმები გამომდინარეობს სხვადასხვა ძალაუფლებრივი სტრუქტურებისაგან, და კლასობრივიდან ნაწარმოები ძალაუფლებრივი ურთიერთობების კონსტელაციებისგან. არსებობს კეთილდღეობის სამი რეჟიმი: სოციალ-დემოკრატიული, კორპორატისტული და ლიბერალური. ისინი თავის მხრივ წარმოქნიან კეთილდღეობის სისტემებს, რომლეთაც შეგვიძლია ვუწოდოთ დეკომოდიფიცირებული[3], კონსერვატიული და რეზიდუალური.
ანდერსენთან კეთილდღობის რეჟიმსა და სისტემას შორის განსხვავება უმნიშვნელოვანესია. სისტემა დამოკიდებული ცვლადია, ის არის შედეგი, რომლის აღწერაც შესაძლებელია. კეთილდღეობის რეჟიმი კი დამოუკიდებელი ცვლადია და წარმოადგენს ძალაუფლებრივი ურთიერთობების კონსტელაციას (ფაქტორთა ერთობლიობას), რომელიც განსაკუთრებულ კეთილდღეობის სისტემას წარმოშობს.
კეთილდღეობის უზრუნველყოფის ბუნების განსაზღვრისას, ანდერსენი ნათლად საუბრობს კლასისა და კლასობრივი ალიანსების მნიშვნელობაზე. სოციალ-დემოკრატიული კეთილდღეობის რეჟიმი იქმნება სწორედ მუშათა კლასის წარმატებული მოძრაობებისა და სხვა ჯგუფებთან თუ კლასებთან ალიანსების შედეგად. ეს კონსერვატიულ ძალებს ანაწევრებს და აგდებს იზოლაციურ მდგომარეობაში, რითიც ამყარებს ჰეგემონიას. კორპორატისტული კეთილდღეობის რეჟიმი ეფექტურად დახშული ძალაუფლებრივი სისტემაა, რომელშიც ვერ დომინირებს ვერცერთი ინტერესი, რის გამოც, ყველა მონაწილე იბრძვის, რათა მიიღოს საკუთარი კეთილდღეობის სუბ-სისტემა კორპორატისტული პოლიტიკური ვაჭრობით. ლიბერალური რეჟიმი იმგვარ სისტემაში წარმოიშვება, სადაც დანაწევრებულია მუშათა კლასი და ბატონობენ კონსერვატიული ძალები. ეს სოციალ-დემოკრატიული რეჟიმის საპირისპირო მოცემულობაა, რადგან მუშათა კლასის მოძრაობა დანაწევრებული და იზოლირებულია, ხოლო კონსერვატიული ძალები აერთიანებს როგორც საშუალო კლასს, ისე მემარჯვენე ძალებს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა კეთილდღეობის რეჟიმებისაგან წარმოქმნილი სხვადასხვა კეთილდღეობის სისტემის ტიპები ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ეს განსხვავება ასახავს დეკომოდიფიკაციის სხვადასხვა ხარისხს, რომელიც კლასთა შორის განსხვავებული ძალთა ბალანსიდანაა წარმოებული.
თუ ესპინგ-ანდერსენს საგულდაგულოდ წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ კეთილდღეობის რეჟიმის ცნება მის მიერ იდენტიფიცირებული რეჟიმებიდან ამოზრდილი კეთილდღეობის სისტემების ტიპოლოგიისაგან განსხვავდება. მიუხედავად ამისა, ამ განსხვავების შესახებ მსჯელობა ლიტერატურაში ნაკლებად გვხვდება. განსხვავებული კეთილდღეობის სისტემები არასწორად მოიხსენიება “კეთილდღეობის რეჟიმებად”, რის გამოც სქემის უმნიშვნელოვანესი თეორიული და განმარტებითი განზომილება იკარგება. დისკუსიები მიმდინარეობს კეთილდღეობის სისტემების ტიპებზე და არა იმაზე, თუ როგორ შეიძლება „სამი სამყაროს“ ტიპოლოგიას დაემატოს ახალი, ან მოხდეს მისი ვარიაციულ ტიპოლოგიად რეკონსტრუქცია, რაც ძირითადად დამატებითი “ტიპის” ჩამატებით ხდება. ეს დისკუსიები ჩრდილში აქცევს ანდერსენის ნაშრომის თეორიულ განზომილებას. შედეგად, სახეზე გვაქვს ტიპების გამრავლება, გენდერული კონტრაქტების, სამხრეთ ევროპულის, ისლამურის, კონფუციანურის, სამხრეთ-აღმოსავლურ აზიურისა და ა.შ. ჩათვლით. თითოეული მათგანი მიჩნეულია კეთილდღეობის რეჟიმების ტიპოლოგიების ახალ და მნიშვნელოვან ტიპებად. პრობლემური და იმედის გამაცრუებელი ის გარემოებაა, რომ საერთოდ დავიწყვებულია კლასობრივი ან სხვა ტიპის ძალაუფლებრივი ურთიერთობები, რომლებიც ახსნიდნენ ახალი დამატებითი ტიპების აღმოცენებას. სინამდვილეში, ამ ტიპების დამცველები საუბრობენ არა კეთილდღეობის რეჟიმებზე, რომლებიც ძალაუფლების თეორიას ეფუძნება, არამედ უბრალოდ აღწერენ კეთილდღეობის სისტემებს. ძალაუფლების თეორია, რომელიც ხსნის სხვადასხვა სისტემებს, პრობლემატიზაციის მიღმაა დარჩენილი. საუკეთესო შემთხვევაში, ეს მიდგომა მარგინალიზებულია, უფრო ხშირად კი – საერთოდ დავიწყებული.
არსებობს თეორიულ განზომილებასთან დაბრუნების რამდენიმე მცდელობა. ესპინგ-ანდერსენის სქემის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გენდერულ ასპექტში გვხვდება. აქ მკაცრადაა გაკრიტიკებული გენდერული მნიშვნელობისგან დაცლილი კომოდიფიკაციის კონცეფცია, რაზეც დამყარებულია ანდერსენის კლასობრივი ანალიზი. თუმცა, ალტერნატიული, გენდერირებული კეთილდღეობის სისტემის ტიპები ნაკლებად თეორიზებულია გენდერული ძალაუფლებრივი მექანიზმების ჭრილში, რომლებიც ახდენს ამ განსხვავებების კვლავწარმოებას. ფოკუსი უფრო მეტად დესკრიფციულ ტიპოლოგიებზე კეთდება. სხვა, ნაწილობრივი გამონაკლისის პოვნა შეიძლება კასტელსთან და მიტჩელთან (1990), სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ არსებობს მეოთხე, ავტსრალიურ/ახალ ზელანდიური “ტიპი”. ის წარმოადგენს კეთილდღეობის სუსტ სახელმწიფოს, თუმცა მაღალხელფასიან ეკონომიკას, რომელსაც მუშათა კლასის ძლიერი გავლენა გააჩნია. ამ შემთხვევაში, მუშათა კლასი ემყარება არა სოციალური ხელფასის, არამედ კერძო ხელფასის სტრატეგიას. ამ ახალი ტიპის ღირებულება იმაშია, რომ გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მუშათა კლასის მობილიზაციას, იმუშაოს სოციალური ხელფასებისაგან განსხვავებულ მიზანზე.
მაგრამ, ეს ორივე, ნაწილობრივი გამონაკლისია. ზოგადად, ესპინგ ანდერსენის მიერ გაკეთებული განსხვავებანი, კეთილდღეობის რეჟიმებს, როგორც ძალაუფლებრივ ურთიერთობებსა და კეთილდღეობის სისტემებს შორის, რომლებიც ამ ძალაუფლებრივი ურთიერთობების შედეგია, გაუფასურდა და დაიკარგა. მათი მნიშვნელობები ერთმანეთში აირია. კეთილდღეობის რეჟიმის ცნება ფართოდ გამოიყენება კეთილდღეობის სისტემების ტიპების აღმნიშვნელად, ნაცვლად იმისა, რომ მიემართებოდეს სხვადასხვა ძალაუფლებრივ კონსტელაციებს [წაიკითხე „კეთილდღეობის რეჟიმები“], რომლებიც აწარმოებს კეთილდღეობის სისტემებს.
წინა ნაშრომში (კემენი, 1992 ა) მე ვამტკიცებდი, რომ საცხოვრებლის კვლევის სფერო თეორიზების ნაკლებობას განიცდიდა, რაც გამომდინარეობს მისი მულტიდისციპლინარული, უფრო სწორედ კი მისი „არა დისციპლინარული“ ხასიათის ანალიზიდან. შედეგად, ის არაა “ჩაშენებული” დისციპლინების თეორიებში. თავის მხრივ, ეს პროცესი მთავრდება იმით, რასაც მე ვუწოდებ თეორიისაგან ეპისტემურ გადახვევას და მისგან სოციალური ანალიზის ყველაზე დაბალ, საერთო არადისციპლინარულ დენომინატორამდე დასვლას. თეორიულად გამყარებულ ნებისმიერ ნაშრომს გააჩნია ტენდენცია დეგრადაციისკენ, თუკი შემდგომი მკვლევარები და ანალიტიკოსები ემპირიული შედეგებით ჟონგლიორობას იწყებენ და ივიწყებენ ამ შედეგების თეორიულ ახსნებს. ეს იწვევს კონცეპტუალურ დანაწევრებას. ცნებები კარგავს თეორიულ სიმყარეს და დინამიური განმარტებებიდან სტატიკურ და სტერილურ დესკრიფციულ კატეგორიებად იქცევა.
საცხოვრებლის კვლევის პროცესი შემდეგნაირად შეიძლება აღიწეროს: როგორც წესი, თეორიები ვითარდება ცნობილი სოციოლოგებისა და პოლიტიკის მეცნიერების მიერ, რომლებიც დროის ლიმიტირებულ მონაკვეთებში ერთვებიან საცხოვრებლის კვლევაში, წარადგენენ კონცეპტუალიზაციას, რომელიც ახალ ხედვებს გვთავაზობს. რექსისა და მურის იდეა “საბინაო კლასების” შესახებ, კასტელსის (1977) მარქსისტული სტრუქტურალიზმი და საუნდერსის (1990) ორმაგი პოლიტიკის მიდგომა, ამ პროცესის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია. შეუძლებელია, არ დავაფასოთ მათი ღვაწლი, ისევე როგორც, მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერ დუნლევის წვლილი საცხოვრებლის კვლევების განვითარებაში. თუმცა, საცხოვრებლის მკვლევართა მიერ ამ მიგნებების გადამუშავება გამაწბილებელია. საცხოვრებლის მკვლევარები იღებენ ახალ მიგნებებს, თუმცა ვერ ახერხებენ ამ თეორიების განვითარებას ან თუნდაც მათ გამოყენებას და ტესტირებას. იდეები საბოლოოდ კარგავს თეორიულ სიმყარეს და დეგრადირდება დესკრიფციულ კატეგორიებად ან კლიშეებად. სამწუხაროდ, მოსალოდნელია “დეთეორიზაციის” კიდევ უფრო გაძლიერება, რამდენადაც საცხოვრებლის მიმდინარე დებატებში არადისციპლინარული დისკურსი ჰეგემონურია.
კეთილდღეობის რეჟიმის ცნების ეპისტემური გადახვევა თეორიულად გამყარებული იდეიდან დესკრიპციულ ტიპოლოგიამდე ამ პროცესის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. ამჯერად, ეს ხდება არა საცხოვრებლის, არამედ კეთილდღეობის კვლევებში, რომელიც საცხოვრებლის კვლევების მსგავსად, ერთ დისციპლინაში არაა ჩაშენებული. ეს ეპისტემური გადახვევა კეთილდღეობის რეჟიმიდან კეთილდღეობის ტიპისკენ, ყველაზე წარუმატებელი მცდელობაა და საფრთხეს უქმნის ტიპოლოგიების ანალიზს.
ამგვარი კონცეპტუალური ტრივიალიზაცია კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს, თეორიულ განმარტებებთან დაუკავშირებელი დესკრიპციული ტიპოლოგიების გამრავლება დამაჯერებლად შერაცხონ, როგორც უაზრო კლასიფიკაცია და შესაბამისად უინტერესო რამ. ამის სანაცვლოდ, საჭიროა მეტი მუშაობა ტიპოლოგიებზე. მუშაობა, რომელიც დაუკავშირებდა მათ კეთილდღეობის სხვადასხვა რეჟიმებს.
2.3 საბინაო და კეთილდღეობის “ტიპოლოგიებიდან” “კულტურებისკენ”
ესპინგ ანდერსენის კეთილდღეობის რეჟიმების თეორია კარგი საწყისი წერტილი აღმოჩნდა ჩემი მცდელობისათვის, გამეანალიზებინა დუალისტური და უნიტარული საქირავნო სისტემების სახით არსებული, საბინაო სისტემების უმთავრესი სტრუქტურული სხვაობები. მე შევნიშნე (კემენი, 1992ა, 1995ბ), რომ ამ ორ ტიპს შორის განსხვავება ერთ მხარეს აქცევს ლიბერალური რეჟიმიდან მომდინარე რეზიდუალისტური ტიპის კეთილდღეობის სისტემას; მეორე მხარეს კი დანარჩენ ორს – კონსერვატიული და სოციალ-დემოკრატიული რეჟიმებიდან მომდინარე კორპორატისტულსა და დეკომოდიფიცირებულ კეთილდღეობის სისტემებს. მე ასევე აღვნიშნე, რომ შვედეთთან ერთად, კორპორატისტული ძალაუფლებრივი სტრუქტურები საერთო იყო უნიტარული საქირავნო ბაზრების მქონე ყველა ქვეყნისთვის. შვედეთი პოლიტიკის მეცნიერთა მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ კორპორატისტული ქვეყანა ევროპაში. კორპორატისტი თეორიტიკოსები თანხმდებიან, რომ სკანდინავიურ ქვეყნებს მსოფლიოში ყველაზე მკაფიოდ კორპორატისტული ძალაუფლების სტრუქტურები გააჩნია. ლიჯპარტმა და კრეპაცმა (1991), კორპორატიზმის 12 წამყვანი მკვლევარის კვლევების მეტა-ანალიზის შედეგად, განახორციელეს 18 ინდუსტრიალიზებული ქვეყნის რანჟირება მათი კორპორატიზმის შესახებ არსებული საერთო შეთანხმების ხარისხის მიხედვით. ამ შკალაზე, ოთხი სკანდინავიური ქვეყანა – ნორვეგია, შვედეთი, დანია და ფინეთი მეორე, მესამე, მეხუთე და მერვე ადგილებზეა განთავსებული. საპირისპოდ, ესპინგ-ანდერსენის მიერ კორპორატისტულად კლასიფიცირებული სამი დიდი ევროპული სახელმწიფო – გერმანია, საფრანგეთი და იტალია – შკალაში მეშვიდე, მეთორმეტე და მეცამეტე ადგილზეა (ლიჯპარტი და კრეპაცი, 1991, ცხრ. 1 ).
ამან ეჭვქვეშ დააყენა ესპინგ-ანდერსენის კლასობრივი ძალაუფლების თეორიაში გამოყოფილი ”სამი ტიპი”. სოციალ-დემოკრატიული რეჟიმი მცირე რაოდენობის სკანდინავიური ქვეყნებით იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, როგორც ლიჯპარტისა და კრეპაცის (1991) მეტაანალიზი გვთავაზობს, თუკი კეთილდღეობის სისტემის ამ ტიპოლოგიიდან ამოვიღებთ დეკომოდიფიცირებული კეთილდღეობის სისტემის უპირველეს მაგალითს – შვედეთს და მას კორპორატისტულ სისტემაში მოვათავსებთ, მთლიანი ტიპოლოგიის ბალანსი ირღვევა. ამან გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა სოციალ დემოკრატიული რეჟიმი მხოლოდ კორპორატისტული რეჟიმის ნაირსახეობაა. შესაძლოა, ზოგიერთ კორპორატისტულ რეჟიმში დომინირებდეს შრომის, ხოლო ზოგიერთში კაპიტალის ან სხვა ინტერესები? იქნებ, (როგორც კემენისთან, 1992 ბ) უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო, განგვესხვავებინა შვედეთში არსებული ”შრომით-წარმართული კორპორატიზმი” და დანარჩენი კორპორატისტული ქვეყნების ”კაპიტალით-წარმართული კორპორატიზმის” სახეები?
3. კავშირების შექმნა საცხოვრებელსა და კეთილდღეობას შორის: საცხოვრებელი, როგორც კეთილდღეობის ფარული საფუძველი
საცხოვრებლის საკვანძო როლს იმ შემთხვევაში დავინახავთ, თუ შევხედავთ საცხოვრებლის გავლენას კეთილდღეობის სხვა სექტორებზე.
3.1. საბინაო ხარჯები მთელი სასიცოცხლო პერიოდის განმავლობაში.
შინამეურნეობის ბიუჯეტისათვის, საცხოვრებელი ყველაზე ხარჯიანია. იგი მოითხოვს შინამეურნეობის შემოსავლების ნახევარს ან ზოგჯერ უფრო მეტსაც. რამდენადაც საცხოვრებელი აუცილებელი და ცენტრალურია ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში, მასზე გაწეულ ხარჯებზეა დამოკიდებული შინამეურნეობის საერთო შემოსავლების გადანაწილება სხვა ტიპის დანახარჯებზე. თუმცა, საბინაო ხარჯები დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან ბინის ფლობის სხვადასხვა ფორმებში.
საცხოვრებლის საქირავნო მოდელი ხარჯებს მთლიანი სასიცოცხლო პერიოდის საშუალო შემოსავლის პროცენტად ანაწილებს, ხოლო ბინათმესაკუთრეობა ხარჯების კონცენტრირებას სასიცოცხლო პერიოდის ადრეული ეტაპისკენ მიმართავს. დეპოზიტზე დაზოგვის აუცილებლობა და შემდეგ, ბინათმფლობელობის პირველი ათწლეულის განმავლობაში იპოთეკის დაფარვის მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზღუდავს შინამეურნოებებს არასაბინაო ტიპის ხარჯების გაწევაში. ზუსტად ასევე, საცხოვრებელზე დანახარჯები სასიცოცხლო პერიოდის მოგვიანო ფაზაში – შუახნიდან პენსიამდე – დიდად მცირდება, ვალის მომსახურების ღირებულების ინფლაციური გამოფიტვის გამო. მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სესხისგან თავისუფალია, ხარჯების შემცირება თითქმის ნულამდეა შესაძლებელი საკუთრების ღირებულების შენარჩუნებისთვის ინვესტირებაზე – თანამედროვე ტექნიკით აღჭურვაზე, აუცილებელ შეკეთებაზე და რემონტზე უარის თქმით, რაც საბოლოო ჯამში საცხოვრებელის დეგრადირებას იწვევს.
შესაბამისად, ბინათმესაკუთრეობის მოდელი შინამეურნეობების შემოსავლებს ახალგაზრდებიდან მოხუცზე ანაწილებს. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა ამ გადანაწილებამ მიმათულება შეიცვალოს და მემკვიდრეობის მეშვეობით, მოხუციდან ისევ ახალგაზრდას დაუბრუნდეს, თუმცა ეს ყოველთვის ვერ უპასუხებს ახალი თაობების რეალურ მოთხოვნილებებს. გვიანი ორსულობა სიცოცხლის ხანგძლივობის მზარდ მაჩვენებელთან ერთად, მემკვიდრეობას პირველადი მყიდველებისთვის მეტად აგვიანებს – ხშირად მომდევნო თაობა შუახნის, ან უფრო ასაკოვანია.
ეს ყველაფერი გადამწყვეტ გავლენას ახდენს კეთილდღეობით უზრუნველყოფაზე. ქვეყნების უმრავლესობაში, კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას, შინამეურნეობების უმრავლესობა ქირით ცხოვრობდა. სასიცოცხლო პერიოდის საბინაო ხარჯების მრუდი ფორმა კეთილდღეობის სახელმწიფოს ფორმირებაში მნიშვნელოვან ფაქტორი არ ყოფილა, თუმცა, ომის შემდგომ პერიოდში, ბინათმესაკუთრეობის მაჩვენებელი გაიზარდა (რამდენიმე ქვეყანაში მაინც). გვიან ასაკში შემცირების მიზნით, ხარჯების სასიცოცხლო პერიოდის საწყის ეტაპზე კონცენტრირებამ, კეთილდღეობის უნივერსალურ უზრუნველყოფაზე კოროზიული ეფექტი იქონია.
არსებობს ორი მაგალითი: ჯანდაცვის დაზღვევა და ასაკობრივი პენსია. ჯანდაცვის დაზღვევა წარმოადგენს ჯანდაცვის ხარჯების გადანაწილების საშუალებას მოხუცებიდან, ავადმყოფებიდან და მცირეწლოვანი ბავშვების მყოლი შინამერუნეობებიდან უშვილო და ჯანმრთელ შინამეუნეობებზე, რომელთა დიდი ნაწილი სასიცოცხლო პერიოდის ადრეულ ეტაპზე იმყოფება. ბინათმესაკუთრეობის პირობებში, მაღალი საბინაო ხარჯების გაწევა ხდება საოჯახო ციკლის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჯანმრთელობა უკეთესია და შობადობის პერიოდიც არ დამდგარა. თავდაპირველად, დეპოზიტზე დაზოგვისა და შემდეგ იპოთეკური სესხების მაღალი შენატანების დაფინანსებისაგან წარმოქმნილი ფინანსური წნეხის გამო, ახალგაზრდა შინამეურნეობებს ჯანდაცვის დაზღვევის ნებაყოფლობით შენატანებზე ნაკლები წინააღმდეგობა ექნებათ. ამგვარად, ნაკლები წნეხი იქნება პოლიტიკოსებზეც, შემოიღონ მაღალი ასაკობრივი პენსია, რადგან საზოგადოებაში, სადაც ბინათმესაკუთრეობა ჭარბობს და ნორმაა, მოხუცებულთა ხარჯების სუბსიდირება შესაძლებელია დაბალი საბინაო ხარჯებით, რაც გამოწვეულია ნულოვანი იპოთეკური სესხით და შეკეთებაზე უარის თქმით. (კემენი, 1981, გვ. 55-62,1977, და 1992ა).
აქ განმარტება აუცილებელია. სინამდვილეში არგუმენტი ის არაა, რომ შინამეურნეობებს აუცილებლად არასასურველად მიაჩნიათ კეთილღეობის სახელმწიფოს არსებობა და მის საჭიროებას არ აღიარებენ, როგორც ამას საუნდერსი მიიჩნევს (1990). იგი ეწინააღმდეგება ჩემს თეზისს, იმის შესახებ, რომ ბინათმესაკუთრეობა ძირს უთხრის კეთილდღეობის სახელმწიფოს მხარდაჭერას და ციტირებს მხოლოდ ერთ ქვეყანაში (ბრიტანეთში) განხორციელებული გამოკითხვის შედეგებს, იმის საჩვენებლად, რომ ბინათმესაკუთრეებს არ გააჩნიათ კეთილდღეობის სახელმწიფოს საწინააღმდეგო განწყობა. მიუხედავად ამისა, ეფექტი უფრო მეტად ირიბია და ვლინდება იმ მდგომარეობაში, სადაც ძლიერი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის არ არსებობის დროს, სახელმწიფოს კეთილდღეობის ვალდებულებების შემცირებისკენ მიმართული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მარტივდება. არ არსებობს პირდაპირი და მარტივი კორელაცია გამოკითხულთა დამოკიდებულებასა და პოლიტიკის შედეგებს შორის. ეს უკანასკნელი გაშუალებულია ჰეგემონიისა და მისი სოციალური კონსტრუქციის მიერ. სწორედ ამიტომ ხდებოდა ისე, მაგალითად, რომ ავსტრალიელი პოლიტიკოსები წარმატებულად გამოდიოდნენ პენსიების მკვეთრი ზრდის წინააღმდეგ. მათ შეძლეს მაღალი პენსიების პოლიტიკური მოთხოვნის დაძლევა, რომელიც გაჩნდა იმის საფუძველზე, რომ ქირით მაცხოვრებლები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდნენ. ეს მათ იმის მტკიცების ფონზე შეძლეს, რომ ავსტრალიელთა უმრავლსეობა ბინათმესაკუთრეა, იმ შინამეურნეობებმა კი, რომლებმაც ყიდვას ქირა ამჯობინეს, უნდა აიღონ მორალური პასუხისმგებლობა საკუთარ მდგომარეობაზე და სახელმწიფოსგან სუბსიდირების მოთხოვნის ნაცვლად, შეეგუონ მაღალ საბინაო დანახარჯებს მოხუცებულობაში. (კემენი, 1977, 1977, გვ.51).
ჩემს ხელთ არსებულ მასალებიდან, ერთადერთი ნაშრომი, რომელიც სერიოზულად უდგება ჰიპოთეზას ბინათმფლობელობის მაღალ მაჩვენებელსა და კეთილდღეობით დაბალ უზრუნველყოფას შორის კორელაციის შესახებ, კასტელსს და ფერერას (1996) ეკუთვნის, რომელიც 20 წლის წინ გამოქვეყნდა. მათი კვლევა ეთანხმება თეზისს, რომ ბინათმფლობელობა და პენსიები, მათ ენაზე რომ ვთქვათ, “დიდ კომპრომისს” წარმოადგენს:
”კერძო დანახარჯები ბინათმფლობელობისთვის და საჯარო დანახარჯები ასაკობრივი პენსიისთვის, წარმოადგენს სიბერის დანაზოგის ალტერნატივებს ცხოვრების მანძილზე, და გარკვეული აზრით, ურთიერთგამომრიცხავ მექანიზმებსაც.” (კასტელსი და ფერერა,1996, გვ.163)
ამ აზრის დასამტკიცებლად, კასტელსი და ფერერა OECD-ს 21 ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებს იყენებენ. ისინი აჩვენებენ, რომ ამ ქვეყნებიდან თხუთმეტი, ორ ბლოკად იყოფა. ავსტრალიას, კანადას, ფინეთს, ირლანდიას, ახალ ზელანდიას, ნორვეგიას, ესპანეთის და აშშ-ს ბინათმესაკუთრეობის მაღალი და მოხუცებულთა დაცვის დაბალი მაჩვენებლები აქვს. ამის საპირისპიროდ – ბინათმესაკუთრეობის დაბალი და მოხუცებულთა უზრუნველყოფის მაღალი მაჩვენებელი აქვს დანარჩენ შვიდ ქვეყანას: ავსტრიას, ბელგიას, დანიას, გერმანიას, ლუქსემბურგს, ჰოლანდიასა და შვედეთს.
საცხოვრებელსა და კეთილდღეობას შორის არსებული სინერგიული ეფექტები თითქმის მთლიანად გამოტოვებულია როგორც შედარებითი კეთილდღეობის, ასევე შედარებითი საბინაო კვლევების უმეტესობაში. ბინათმესაკუთრეობის მაჩვენებელსა და პენსიების მიწოდების საჭიროებებს შორის საპირისპირო ურთიერთდამოკიდებულების აღმოჩენა გარღმავებას და გაფართოებას საჭიროებს ისე, რომ კვლევებში საცხოვრებლისა და კეთილდღეობის სხვა ელემენტების ურთიერთმიმართებებიც ინტეგრირდეს. საცხოვრებელსა და კეთილდღეობას შორის აშკარა დამოკიდებულების სხვა ასპექტია საცხოვრებლის ტიპის გავლენა კეთილდღეობაზე და განსაკუთრებით ურბანულ დაგეგმარებაზე.
3.2. საცხოვრებლის ტიპი
კერძო სახლებსა და საერთო ბინებს შორის პროპორციების მიხედვით, თანამედროვე ურბანიზებული საზოგადოებების სივრცითი ორგანიზაცია მეტად განსხვავებულია. ეს განსხვავება თავს იჩენს, განსაკუთრებით, ჩრდილო ამერიკა/ავსტრალიასა და კონტინეტურ ევროპას შორის. სტოკჰოლმის აგლომერაციაში, საცხოვრებლების 70% ბინებისგან შედგება, ხოლო სიდნეის აგლომერაციაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 22%-ია (კემენი, 1981, ცხრილი 4.1, გვ. 44). ავსტრალიის ქალაქებში საცხოვრებლების უმრავლესობას კერძო სახლები შეადგენს. მეტიც, ძირითადად გვხვდება იზოლირებული სახლები დიდი ეზოებით მაშინ, როდესაც შვედეთის ქალაქებში, საცხოვრებლების უმეტესობა საერთო ბინებია. ლონდონის აგლომერაციის საერთო ბინების 45%-იანი მაჩვენებლით, ბრიტანეთი ამ ორ უკიდურესობას შორის ხვდება. ასევე უნდა ითქვას, რომ ლონდონის კერძო სახლების უმეტესობა ტერასული ან ნახევრად იზოლირებულია, იზოლირებულია არა ისე, როგორც სიდნეიში ან სტოკჰოლმში. ქალაქებს შორის საცხოვრებლის კონტრასტი აშკარაა.
ამ გარემოებით წარმოქმნილი ქალაქთა სოციო-სივრცითი ორგანიზების განსხვავებები სიღრმისეულია, თუმცა დიდწილად გამოუკვლეველი. განსხვავებები ბალანსში საჯაროსა და კერძო ურბანულ სივრცეებს შორის (მაგ. პარკები და ბაღები), დომინანტურ სატრანსპორტო საშუალებებს შორის (კერძო მანქანები საჯარო ტრანსპორტის წინააღმდეგ) და ქალების საშინაო და დაქირავებულ შრომას შორის (საზოგადოებებეში, სადაც განცალკევებული სახლები დომინანტურია და სახელმწიფოს მიერ ბავშვებზე მზრუნველობა ნაკლები, ქალის შრომაში საშინაო შრომა მეტად დომინანტურია) მეტად ღრმა შინაარს შეიცავს. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ საცხოვრებლის ტიპოლოგიებში გამოხატული, საზოგადოებებს შორის არსებული ერთი სხვაობა, ყოველდღიური ცხოვრების სოციალური ორგანიზებისთვის და სავარაუდოდ, კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანი ინდიკატორია. სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ ეს ფაქტი შეიძლება გახდეს ინდუსტრიულ საზოგადოებებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებების შესწავლის საფუძველი.
ვინაიდან და რადგანაც კვლევები ამ მიმართულებით უგულებელყოფილია, ნაკლებია ემპირიული მკტიცებულებებიც. განსხვავებული სივრცითი ფორმის მქონე ქალაქებს შორის არსებულ სხვაობებზე მონაცემები იშვიათია. ჩემს მიერ ნაპოვნ რამდენიმე შედარებით ემპირიულ კვლევას შორის, ერთ-ერთია სზალაის (1973) საერთაშორისო გამოკითხვა დროის გამოყენების შესახებ. აქედან, მე შევძელი ორი ძალზედ განსხვავებული სივრცითი სტრუქტურის მქონე ქალაქის გამოყოფა. პირველი მათგანი ქალაქი ოსნაბრუკია გერმანიაში, 138 000 მოსახლით, სადაც საცხოვრებლების 68.2% ბინები იყო. მეორე ქალაქი კი ჯექსონია აშშ-ში, მხოლოდ 72 000 მოსახლით, სადაც საცხოვრებლების 96.2% ერთ ან ორ ბინიანი სახლები იყო. ოსნაბრუკში საცხოვრებლების 96.2% ქალაქის ცენტრიდან ხუთი კილომეტრით იყო დაშორებული, განსხვავებით ჯექსონისგან, სადაც ეს მაჩვენებელი 48%-ს შეადგენდა. მეტიც, ოსნაბრუკელთა მხოლოდ 16% დადიოდა სამსახურში ავტომობილით, მაშინ, როცა ჯექსონელთა მთელი 63% იქცეოდა ასევე (კემენი, 1981, გვ.50).
საკმაოდ იშვიათია ურბანული ფორმის შედარებითი კვლევებიც. პოპენოემ შეადარა (1997) ამერიკისა და შვედეთის სუბურბანული არეალები (ფილადელფიის სუბურბია ლევითაუნი და სტოკჰოლმის ველინგბი). ის ერთმანეთს უპირისპირებს მაღალი სიმჭიდროვის შვედურსა და დაბალი სიმჭიდროვის, ავტომობილით დომინირებულ ამერიკულ სუბურბიებს. ამ დეტალურ და თანმიმდევრულ კვლევას სააშკარაოზე გამოაქვს ურბანული ფორმის გავლენა ცხოვრების სტილზე, განსაკუთრებით კი ქალის როლზე. სულ ახლახანს, პოპენოემ და მიქელსონმა (2001, გამოიცემა) ეს მიდგომა კიდევ უფრო გააღრმავეს.
3.3. საბინაო სისტემის ნაირსახოებები.
თუ რამდენად არის საცხოვრებელი კეთილდღეობის სისტემის ერთ ერთი საყრდენი, მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფორმითაა ორგანიზებული საბინაო უზრუნველყოფა. ადრეული 1990-იანი წლებიდან, უფრო და უფრო აშკარა გახდა, რომ სახელმწიფოს როლი საბინაო უზრუნველყოფაში ქვეყნების შორის განსხვავდება არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხარისხობრივადაც. მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, თუ რამხელაა სახელმწიფოს ჩარევა, არამედ ის, თუ რა ფორმას იღებს ეს ჩარევა. პაუერი (1993) თავის დროზე გვაჩვენებდა იმას, რაც დღეს უკვე აღიარებულია, როგორც კონტინენტურ ევროპასა და ინგლისურენოვან ქვეყნებს შორის არსებული მკაფიო სხვაობა: რომ საქირავნო საცხოვრებლის პირდაპირი სახელმწიფო საკუთრება ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის ნორმაა, ხოლო ევროპისთვის კერძო, არა-კომერციული საქირავნო საცხოვრებელია ნორმა. ასევე, OECD-ს წევრ ქვეყანათა მცირერიცხოვან ჯგუფში საკმაოდ დიდი განსხვავებებია ბინათმესაკუთრეობის მაჩვენებლებს შორის. არსებობს საბინაო სისტემის ორგანიზების ძირითადი განსხვავებები – ზოგიერთ ქვეყანაში, წახალისებულია კომერციულ და არა კომერციულ ქირავნობას შორის კონკურენცია, სხვა ქვეყნებში კი პირიქითაა.
თანამედროვე კეთილდღეობის სახელმიწფოებში, საბინაო უზრუნველყოფაში სახელმწიფოს როლის შესახებ, ორი კონტრასტული ფილოსოფია განვითარდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მიდგომებიც (დისკუსიისთვის, იხ. კემენი, 1995ა). პირველი ფილოსოფიის მიხედვით, სახელმწიფო პირდაპირ იღებს ვალდებულებას, საქირავნო საცხოვრებლით უზრუნველყოს შესაბამისი საჭიროების მქონე შინამეურნეობები. ამ მიზნით, არაკომერციული საქირავნო საცხოვრებელი სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის მონოპოლიის ქვეშ ექცევა. რამდენადაც ეს შესაძლებელია, სახელმწიფო ცდილობს, არაკომერციული სექტორი არ შევიდეს კონკურენციაში კერძო, მოგების მაძიებელ კომპანიებთან. ამ მიზნით, ხდება მისი ბაზრისგან იზოლირება და გეგმიური ეკონომიკის საჯარო საბინაო სექტორში გადატანა. ამ საჯარო სიკეთით სარგებლობა ”საჭიროების” მიხედვითაა შესაძლებელი, საჭიროების დეფინიცია კი განსხვავდება დროის – პერიოდებისა და ქვეყნების მიხედვით. მაგალითად ამერიკასა და ავსტრალიაში საჯარო საქირავნო სექტორი 5%-ს- ან ნაკლებს შეადგენს, როდესაც ბრიტანეთში იგივე მაჩვენებელი 20%-მდე ადის. შედეგი არის “დუალისტური საქირავნო სისტემა”, რომელშიც ორი განსხვავებული საქირავნო მფლობელობა იქმნება: ”საჯარო” გეგმიური ეკონომიკის სექტორი და ”კერძო”, დიდწილად დაურეგულირებელი საქირავნო ბაზარი. ინგლისურენოვანი ქვეყნები, ისევე როგორც ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყანათა უმეტესობა და ზოგიერთი სკანდინავიური ქვეყანა (ნორვეგია, ფინეთი და ისლანდია) ამ ფილოსოფიას ეყრნობა.
მეორე ფილოსოფიის მიხედვით, სახელმწიფო ან არ არის თავად მთავარი უზრუნველმყოფელი, ან თუ არის, ასეთ საცხოვრებელზე ხელი მიუწვდება არა მხოლოდ შესაბამისი საჭიროების მქონე შინამეურნეობებს, არამედ სხვებსაც. ამ შემთხვევაში, საჯარო საცხოვრებლის სექტორი წახალისებულია, რათა ღია ბაზრზე კონკურენციაში შევიდეს მოგებაზე ორიენტირებულ, კერძო საქირავნო საცხოვრებელთან. შესაბამისად, ის აწესებს სტანდარტებს, უზრუნველყოფს ყველა შინამეურნეობისთვის ბინის ფლობის დაცულობას და კონკურენტულად ამცირებს ქირის ფასს. შედეგად, ლეგალური განსხვავება არაკომერციულსა და მოგებაზე ორიენტირებულს შორის, მინიმუმამდეა დაყვანილი და წახალისებულია “უნიტარული საქირავნო ბაზრის” აღმოცენება. ამ მიდგომას ეფუძნება გერმანული სოციალური ბაზრის ფილოსოფია. თუმცა, აქაც უნდა გავიმეოროთ, რომ “საჯარო საცხოვრებელი მხოლოდ საჭიროების მქონეთათვის” – ფილოსოფიის ბევრი, სხვადასხვა ვარიაცია გვხვდება, სადაც განსხვავდება კონკურენციის და არაკომერციული სექტორის გავლენის ხარისხები. ნიდერლანდებში საქირავნო ბაზარზე არაკომერციული საბინაო ასოციაციები დომინირებენ და მათზე ქვეყნის მთელი საბინაო ფონდის დაახლოებით 60% მოდის. საპირისპიროდ, გერმანიაში და შვეიცარიაში არაკომერციული საქირავნო სექტორის წილი საქირავნო საბინაო ფონდის მხოლოდ მცირე ნაწილია. ამ ორ უკიდრესობას შორის ხვდება დანია და შვედეთი, სადაც მოგებაზე ორიენტირებულ და არაკომერციულ საქირავნო სექტორებს შორის ბალანსი მეტ-ნაკლებად თანაბარია. (ამ ორი სისტემის შიგნით და მათ შორის სხვაობა იხ. ცხრ. 2). თუმცა, ჩნდება იმის ნიშნები, რომ განსხვავება ამ ორს შორის ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდება. მარკეტიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ ”ბინათმესაკუთრეობას”. ის ასევე გულისხმობს – ან შეიძლება გულისხმობდეს – არაკომერციული საქირავნო სექტორის კომერციულთან კონკურენციის წახალისებას (კლაინმანი, 1993; სმიტი და ოქსლი 1997; მალპასი, 1999).
ცხრილი 2. ბინათმფლობელობა სხვადასხვა ქვეყნებში (%)
1. გეგმიური ეკონომიკის ”საჭიროებაზე დაფუძნებული” საჯარო საქირავნო საბინაო უზრუნველყოფა (დუალისტური საქირავნო სისტემა) | |||
ქვეყანა | ბინათმესაკუთრეობა | კერძო საქირავნო | საჯარო საქირავნო |
ინგლისი | 66 | 7 | 27 |
ირლანდია | 78 | 9 | 14 |
აშშ | 70 | 25 | 5 |
2. არაკომერციული ან შეზღუდული მოგების საქირავნო სექტორი, რომელიც კონკურენციაშია საქირავნო ბაზარზე (უნიტარული საქირავნო ბაზარი) | |||
ქვეყანა | ბინათმესაკუთრეობა | კერძო საქირავნო | საჯარო საქირავნო |
გერმანია | 37 | 38 | 25 |
დანია* | 52 | 25 | 18 |
შვედეთი* | 40 | 20 | 23 |
*შვედეთს ემატება 17 პროცენტი დამქირავებელი მესაკუთრეობა (bostadsrätt), დანიას 5 პროცენტი კერძო კომუნალური საცხოვრებელი (andelsboliger). გერმანიის მონაცემები გაერთიანებამდელი გფრ-ისაა.
უნდა აღინიშნოს, რომ იზოლირებული საჯარო საქირავნო სექტორის მქონე ქვეყნებს ბინათმესაკუთრეობის უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ინტეგრირებული, უნიტარული საქირავნო ბაზრის მქონეებს, რადგან პირველ მოდელში ბინათმესაკუთრეობის ალტერნატივები ეფექტურად გამოირიცხება. თუ საშუალოშემოსავლიან შინამეურნეობებს საჯარო საქირავნო სექტორზე, როგორც რეალისტურ ალტერნატივაზე ღია წვდომა შეზღუდული აქვს და ამავე დროს მოგებაზე ორიენტირებული საქირავნო ბაზარი მხოლოდ მაღალ ქირას უზრუნველყოფს, თანაც მფლობელობის დაცვის დაბალი ხარისხით, ერთადერთი ალტერნატივა ბინათმესაკუთრეობა რჩება. ამიტომ, გასაგებია, თუ რატომ აქვს დუალისტური საქირავნო სექტორის მქონე ქვეყნებს ბინათმესაკუთრეობის მაღალი მაჩვენებლები.
ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ კასტელსისა და ფერერას მიერ ჩატარებულ (1996) პენსიებსა და ბინათმესაკუთრეობას შორის “დიდი კომპრომისის” კვლევაში, შვიდიდან ექვს ქვეყანაში, სადაც ბინათმესაკუთრეობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი საპენსიო დაფარვაა, ინტეგრირებული საქირავნო ბაზარი დომინირებს (ბელგია წარმოადგენს გამონაკლისს). იმ რვავე ქვეყანაში კი, სადაც მაღალი ბინათმესაკუთრეობა და დაბალი პენსიებია დუალისტური საქირავნო ბაზრებია, ამ ქვეყნებიდან ხუთი – ინგლისურენოვანია.
4. დასკვნა
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც საჭიროა საბინაო საკითხის კეთილდღეობის კვლევებში ინტეგრირებისთვის, არის ანალიზის გაცნობიერებული და თანმიმდევრული მოქცევა თეორიულ ჩარჩოში. მკაფიო თეორიული ბაზის გარეშე, განმარტებები უმარტივეს აღწერებამდე ქვეითდება, რომელთა ემპირიული გადამოწმება შეუძლებელი ხდება. ასევე აუცილებელია ფოკუსის ცვლილება. საცხოვრებლის მკვლევარებმა საჭიროა ფოკუსი გადაიტანონ საცხოვრებლისგან, როგორც თვითკმარი და იზოლირებული “კეთილდღეობის სვეტისგან” (1) საცხოვრებლის და კეთილდღეობის სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულებაზე ზოგადად, (2) საცხოვრებლის და კეთილდღეობის დანარჩენ სამ სვეტს შორის დამოკიდებულებასა და (3) საცხოვრებლის და კეთილდღეობის სხვა სფეროებს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის ტრანსპორტის, გეგმარების, შრომის პოლიტიკის და ბავშვთა ზრუნვის საკითხებზე.
საბინაო კვლევების იზოლირება თეორიისგან და კეთილდღეობის უფრო ფართო კვლევებიდან უნდა დასრულდეს და ეს თავად საბინაო და კეთილდღეობის კვლევებისთვისაა სასარგებლო. დროა საბინაო საკითხმა თავისი დამსახურებული ადგილი დაიკავოს კეთილდღეობის კვლევებში. აუცილებელია, რომ ამის მიღწევა საცხოვრებლის მკვლევართა მთავარ ამოცანად იქცეს.
შენიშვნები:
[1] ეკონომიკის სოციოლოგიაში სიტყვა ”ჩაშენებულობა” embeddedness აღნიშნავს ეკონომიკური აქტივობის განსაზღვრულობას არაეკონომიკური ინსტიტუტებით. (რედ. შენიშვნა)
[2] რაიმე ნიშან-თვისებათა დამთხვევა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ მოვლენებში. (რედ. შენიშვნა)
[3] განსაქონლება, რაიმე საგნისთვის ან მომსახურებისთვის საბაზრო დამოკიდებულების ხარისხის შემცირება (რედ. შენიშვნა)
გამოყენებული ლიტერატურა:
- Balchin, P. (Ed.) (1996) Housing Policy in Europe, Routledge, London.
- Barlow, J. and Duncan, S. (1994) Success and Failure in Housing Provision: European Systems Compared, Pergamon, Oxford.
- Bonoli, G. (1997) Classifying welfare states: A two-dimensional approach, Journal of Social Policy, 26, 351–372.
- Castells, M. (1977) The Urban Question, Edward Arnold, London.
- Castles, F.G. and Ferrera, M. (1996) Home ownership and the welfare state: Is Southern Europe different?, South European Society and Politics, 1, 163–185.
- Castles, F.G. and Mitchell, D. (1990) Three Worlds of Welfare Capitalism or Four?, Australian National University, Graduate Programme in Public Policy Discussion Paper No. 21, Canberra.
- Dickens, P., Duncan, S., Goodwin, M. and Gray, F. (1985) State, Housing and Localities, Methuen, London.
- Donnison, D. (1969) The Government of Housing, Penguin, London.
- Donnison, D. and Ungerson, C. (1982) Housing Policy, Penguin, Harmondsworth.
- Esping-Andersen, G. (1985) Politics Against Markets: The Social Democratic Road to Power, Princeton University Press, Princeton, NJ.
- Esping-Andersen, G. (1990) The Three Worlds of Welfare Capitalism, Polity Press, Cambridge.
- Kangas, O. (1994) The merging of welfare state models? Past and present trends on Finnish and Swedish social policy, Journal of European Social Policy, 4, 79–94.
- Kemeny, J. (1977) A political sociology of home ownership in Australia, Australian and New Zealand Journal of Sociology, 13, 47–52.
- Kemeny, J. (1981) The Myth of Home Ownership: Public Versus Private Choices in Housing Tenure, Routledge, London.
- Kemeny, J. (1992a) Housing and Social Theory, Routledge, London.
- Kemeny, J. (1992b) Swedish rent-setting policy: Labour-led corporatism in a strategic policy area, International Journal of Urban and Regional Research, 16, 555–570.
- Kemeny, J. (1995a) From Public Housing to the Social Market: Rental Policy Strategies in Comparative Perspective, Routledge, London.
- Kemeny, J. (1995b) Theories of power in ‘The Three Worlds of Welfare Capitalism’, Journal of European Social Policy, 5, 87–96.
- Kemeny, J. and Lowe, S. (1998) Schools of comparative housing research: From convergence to divergence, Housing Studies, 13, 161–176.
- Kleinman, M.P. (1993) Large-scale transfers of council housing to new landlords: Is British social housing becoming more ‘European’?, Housing Studies, 8, 163–178.
- Langan, M. and Ostner, I. (1991) Gender and welfare: Towards a comparative framework, In: Towards a European Welfare State (Ed., G. Room), School for Advanced Urban Studies, University of Bristol, Bristol.
- Leibfried, S. (1991) Towards a European Welfare State: On Integrating Poverty Regimes in the European Community, Working Paper 2/91, Bremen University, Centre for Social Policy Research.
- Lewis, J. (1992) Gender and the development of welfare regimes, Journal of European Social Policy, 2, 159–173.
- Lijphart, A. and Crepaz, M.M.L. (1991) Corporatism and consensus democracy in eighteen countries: Conceptual and empirical linkages, British Journal of Political Science, 21, 235–246.
- Lowe, S. (1994) Towards a social theory of housing in Eastern Europe, In: Transitional Housing Systems (Eds, Tanninen, T., Ambrose, I. and Siksiö, O.), Bauhaus, Dresden/Dessau.
- Malpass, P. (1999) Housing associations and housing policy in Britain since 1989, Housing Studies, 14, 881–893.
- O’Connor, J. (1993) Gender, class and citizenship in the comparative analysis of welfare states: Theoretical and methodological issues, British Journal of Sociology, 44, 501–519
- Oxley, M. (2001) Meaning, science, context and confusion in comparative housing research, Journal of Housing and the Built Environment, 16, 89–106.
- Pickvance, C. (2001) Four varieties of comparative analysis, Journal of Housing and the Built Environment, 16, 7–28.
- Popenoe, D. (1977) The Suburban Environment: Sweden and the United States, University of Chicago Press, Chicago, IL.
- Popenoe, D. and Michelson, W. (2001) Macro environments and people: Cities, suburbs, and metropolitan areas, In: Handbook of Environmental Sociology (Eds, Dunlap, R. and Michelson, W.), Greenwood Publishing Group, forthcoming.
- Power, A. (1993) Hovels to High-rise: State Housing in Europe Since 1850, Routledge, London.
- Saunders, P. (1990) A Nation of Homeowners, Hyman Unwin, London.
- Schmidt, S. (1989) Convergence theory, labour movements, and corporatism: The case of housing, Scandinavian Housing and Planning Research, 6, 83–101.
- Skifter Andersen, H. and Munk, A. (1994) The welfare state versus the social market-comparisons and evaluation of housing policies in Denmark and West Germany with special importance attached to social housing and rent control, Scandinavian Housing and Planning Research, 11, 1–25.
- Smith, J. and Oxley, M. (1997) Housing investment and social housing: European comparisons, Housing Studies, 12, 489–507.
- Szalai, A. (Ed.) (1973) The Use of Time; Daily Activities of Urban and Suburban Populations in Twelve Countries, Mouton, The Hague.
- Torgersen, U. (1987) Housing: The wobbly pillar under the welfare state, In: Between State and Market: Housing in the Post-industrial Era (Eds, Turner, B., Kemeny, J. and Lundqvist, L.), Almqvist and Wicksell International, Stockholm, pp. 116–126.
- Wilensky, H.L. and Lebeaux, C.N. (1958) Industrial Society and Social Welfare, Russell Sage Foundation, New York, NY.
- Wilensky, H.L. (1975) The Welfare State and Equality: Structural and Ideological Roots of Public Expenditure, University of California Press, Berkeley, CA.