► ავტორი: ანა ფირცხალაშვილი – სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დეკანი და პროფესორი
► ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სხვა წერილები.
კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. სოლიდარობა და სოციალური სამართლიანობა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოთა თანამეგობრობის მხოლოდ კეთილი ნება აღარ არის. ამ ღირებულებათა დამკვიდრების აუცილებლობა ჩვენს საუკუნეში არსებულმა უკიდურესობებმა მოიტანა. დღეს, თვით მდიდარი და განვითარებული სახელმწიფოების ინტერესებშია, რომ მსოფლიოში ყველგან აღმოიფხვრას სიღარიბე, შიმშილი და სოციალური უთანოსწორობა, რომელიც პირველ რიგში მათ უსაფრთხოებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს.
სახელმწიფოს შექმნამდე, მსოფლიოში არსებული წესრიგი ქაოტური იყო. პირველყოფილი ადამიანები, ერთმანეთის უფლებებს ცნობდნენ. საარსებოს მოპოვებისათის ისინი მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს. იმარჯვებდა ყველაზე ძლიერი, ან ყველაზე ცბიერი. ჩვენი წინაპრები მალე მიხვდნენ, რომ საზოგადოება განსაზღვრულ წესრგს საჭიროებდა. იმგვარ წესრიგს, რომელსაც ყველა – ძლიერიც და სუსტიც – დაემორჩილებოდა. წესრიგს, რომელიც დაიცავდა მათ, თუმცა იმავდროულად აიძულებდათ, პატივი ეცათ ერთმანეთისათვის. სწორედ უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამკვიდრებისთვის სწრაფვა უდევს საფუძვლად სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას. იდეალურია სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაც ახერხებს დაიცვას ბალანსი პირთა ინტერესებს შორის, სადაც ყველა თანაბარია დადგენილი წესების წინაშე.
თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერონულ დონეზე, სახელმწიფოს შიგნით სამართლიანობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა არ არის საკმარისი მსოფლიო უსაფრთხოებისათვის. მეოცე საუკუნის ორმა მსოფლიო ომმა სახელმწიფოები თანამეგობრობის შექმნის იდეამდე მიიყვანა. სახელმწიფოთა თანამეგობრობა – საერთაშორისო ორგანიზაციების რანგში – არის საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მცდელობა. პირველ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობათა მიზანი, სწორედ სამართლიანობისა და დემოკრატიისათვის ბრძოლით შემოიფარგლებოდა. შეიქმნა საერთაშორისო სასამართლოები, რომლებიც მეტ-ნაკლებად წარმატებით ართმევენ თავს ამ ღირებულებათა დაცვას სახელმწიფოს შიდა საქმიანობაში, მაგრამ ასევე სახელმწიფოთაშორის დავებში. აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანობა, მათი აღსრულება მართალია ხშირად სადავოა, თუმცა უდავოა, რომ ის ღირებულებები, რომელზეც სახელმწიფოები შეთანხმდნენ – დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპები – საერთაშორისო საზოგადოების ზრუნვის საგანია. აღნიშნული პრინციპების განხორციელება მსოფლიოს უსაფრთხობასა და მშვიდობას ემსახურება.
უკვე რამდენიმე ათეული წელია, კაცობრიობის განვითრების მესამე ეტაპზე, სახელმწიფომ სოციალური ფუნქცია იტვირთა. უდავოა, რომ ადამიანს შრომისუუნარობის, ავადმყოფობის, ან მოხუცებულობის დროს მხარდაჭერა სჭირდება. სახელმწიფოს სოციალური მოწყობა ყველა განვითარებული სახელმწიფოს პრიორიტეტია. მიუხედავად იმასა, რომ ზოგიერთი მათგანი ნაკლებად, ზოგიერთი კი უფრო მეტად ზრუნავს სოციალური სისტემის მოწყობაზე. მნიშვნელოვანია აღიარება იმისა, რომ ადამიანი სოციუმის ნაწილია და იგი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ხელისფლების მხარდაჭერას საჭიროებს. სახელმწიფოს ასეთ როლს უარყოფს კლასიკური ლიბერალიზმის იდეა, თუმცა მისგან განსხვავებით, თანამედროვე ლიბერალიზმის თეორია უკვე აღიარებს სახელმწიფოს გარკვეულ პოზიტიურ ვალდებულებას – რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის გარკვეული დონე, მათ შორის უმუშევართა კომპენსაცია, სამედიცინო მომსახურება სიღარიბის პირას მყოფი პირებისთვის და ა.შ.
საინტერესოა, რომ იგივე ტენდენცია შეიმჩნევა სოციალური სახელმწიფოს იდეის ევოლუციაში, რაც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განვითარებაში იკვეთება. სიკეთეების სამართლიანი გადანაწილება გულისხმობს არამხოლოდ გადანაწილებას კონკრეტულ პირებს, ან მოქალაქეებს შორის, არამედ „სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს.“ (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი). მსგავსი დებულება დევს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რომელიც ვრცელდება გერმანიის ფედერაციული სუბიექტების თანაბარ განვითარებაზე. სოციალური სამართლიანობის იდეა, სწორედ თანაბარ განვითარებას ემსახურება. საგულისხმოა, რომ იგი გასცდა სახელმწიფოებრიობის ფარგლებს და უკვე საერთაშორისო მნიშვნელობა მოიპოვა. ამას ადასტურებს არამხოლოდ რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ. ევროპული კავშირის), არამედ მსოფლიო თანამეგრობის (გაეროს) რეგულაციები. დღითი დღე ნათელი ხდება, რომ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების თანაბარი განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია.
სახელმწიფოთა სოციალური სოლიდარობის ჭრილში, ძალიან მნიშვნელოვანია გაეროს მდგრადი განვითარების გეგმა – 2030. სწორედ მასშია დასახული მსოფლიოში არსებული სოციალური პრობლემების აღმოფხვრის მიზანი. ამ გეგმის 17 პრინციპიდან ყველაზე პრიორიტეტული სოციალური პრობლემატიკაა. პირველ სამ მიზნად დასახულია გაეროს წევრ ქვეყნებში (192 ქვეყანა) სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა და ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნა. აგრეთვე, გეგმაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პარტნიორობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანასწორი განათლება, ღირსეული სამუშაო პირობები, ეკონომიკური ზრდა და ასევე უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის. ამ დოკუმენტს განსაკურებით მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს, რადგან განვითარებული სახელმწიფოები აღიარებენ, რომ მათ აქვთ „სოციალური პასუხისმგებლობა“ სხვა, უფრო „ღარიბ“ სახელმწიფოთა მიმართ.
ისტორიული განვითარება ნათელს ხდის, რომ კაცობრიობა თავისი განვითარების იმ ეტაპზე მივიდა, როცა არამხოლოდ სახელმწიფოთა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარკვეული სოციალური ვალდებულებების აღიარება და უზრუნველყოფის მცდელობა აშკარა და შეუქცევადი გახდა.
ყველაზე უტილიტარისტული გაგებით, ადამიანს, რომელსაც ბევრი მატერიალური სიკეთე აქვს, ურჩევნია იცხოვროს ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც არ არიან ძალიან ღარიბები, რადგან საცხოვრებელი მინიმუმის არ არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მის საკუთრებას და უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს. ეს საფრთხე ხშირად სიღარიბისა და შიმშილის პირას მყოფი ადამიანი ხდება, უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, რადგან მას არ აქვს შესაძლობლობა იშრომოს და პატიოსანი გზით მოიპოვოს საცხოვრებლად საკმარისი სარჩო. გლობალიზაციის პირობებში, დიდია ე.წ. ეკო-მიგრანტების რიცხი, რომელიც თავის გადასარჩენად მსოფლიოს მდიდარ სახელმწიფოებს აფარებენ თავს. ამიტომ მდიდარ, განვითარებულ სახელმწიფოებს, პრაგმატული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ურჩევნიათ წანასწარ „იზრუნონ“ სხვა სახელმწიფოების განვითარებაზე.
შესაბამისად, XXI საუკუნის მსოფლიო მივიდა განვითარების იმ ეტაპზე, როცა დემოკრატიულ, სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, სოციალური სოლიდარობაც აღიარებულია. ამ ღირებულებათა დამკვიდრებას, გლობალიზაციასთან ერთად, ნოყიერ ნიადაგს უქმნის ჩვენს საუკუნეში დამკვიდრებული უკიდურესი უთანასწორობა.