ლაშა ხარაზი: პოლიტიკური ცხოვრების შესახებ

laSa► ლაშა ხარაზი გახლავთ პოლიტიკის ფილოსოფოსი. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მისი სხვა წერილებიც: “ვინ არის პოლიტიკოსი?” და “აზრი და ენის პოლიტიკურობა.”

© European.ge

არსებულის მთლიანობიდან არაფერს ახლავს იმდენი წინასწარგანსაზღვრულობა, რამდენიც პოლიტიკაზე ფიქრს. საკმარისია ყველაზე ზოგადი სახით დავფიქრდეთ პოლიტიკურის შესახებ, რომ მალევე აღმოვაჩენთ ერთმანეთთან დაპირისპირებული მზა შეხედულებების მთელ წყებას, ფიქრის ხანგრძლივობას საუკეთესო შემთხვევაში მიახლოებითი და ნაკლული აღწერებით რომ შემოფარგლავს. ამ დაპირისპირების პირველი და ძირითადი მიზეზი ყოველი ცალკე აღებული პოლიტიკური მოსაზრების შინაგანი ვნებაა, რომ ჭეშმარიტების პირობით შკალაზე ერთი ნიშნულით მაინც წინ უსწრებდეს ყველა სხვა მოსაზრებას. არა მხოლოდ ფორმალურად იყოს აღიარებული, არამედ სარგებლობდეს არსებულის კანონმდებლის ძალითაც, ზემოქმედებდეს პოლიტიკურ პროცესზე, განკარგავდეს ცალკეულ რეალობებს, იღებდეს გადაწყვეტილებებს, მოკლედ რომ ვთქვათ, აქტიურად მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესში. უცნაური ისაა, რომ რაც უფრო მეტად ვექცევით ჩვენ ამ მზა შეხედულებების ყოვლისმომცველი გავლენის ქვეშ, მით უფრო ნაკლებს ვგებულობთ პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.

პირველი მიახლოების სახით ჩვენ აქ დავწერთ, რომ პოლიტიკური ცხოვრება ყველა სხვა ცხოვრების მსგავსად სიცოცხლეს ცხოვრობს. ასეთი ცხოვრება ერთიანად უსხლტება ხელიდან, როგორც ნაცხოვრების მიერ ნორმირებული გარდასულით თავსმოხვეულობას, ასევე მომავლის პოლიტიკურად ყველაზე ძლიერ აფექტს, მუდმივად წინ უსწრებდეს საკუთარ თავს და ხშირად თვითრეგრესიის ფასადაც კი ისწრაფოდეს არსებულის ფაქტობრიობაში განხორციელებისკენ. პოლიტიკური ცხოვრება წარსულის მეხსიერებით ფიქსაციის შემოსაზღვრულობასა და მომავლისკენ მობილიზებული მოლოდინების არაორგანიზებად სიმრავლეს, სიცოცხლის აწმყოში სინთეზირების უსასრულო განგრძობითობას უპირისპირებს, რომელშიც დროის პოლიტიკური შინაარსები და ამ შინაარსების ერთმანეთთან ურთიერთობის ვარიანტები, პოლიტიკურის დროსთან შეხების გამოცდილებას შესაძლებლიდან ყველაზე ოპტიმალურ სიბრტყეზე განათავსებს. აქ აწმყო არც წარსულსა და მომავალს შორის მოქცეული შუალედური ჰორიზონტია, პოლიტიკის მიერ ყოველთვის უკვე ინსცენირებულ მიღწეულსა და ძალების აღდგენის მოშველიებით, ჯერ კიდევ მისაღწევს შორის მდებარე „შესვენების“ აპოლიტიკური ინტერვალი და არც დროის გადანაწილების ავტორიტარი კანონმდებელი, რომელიც წარსულსა და მომავალს მხოლოდ საკუთარი თავის ნაშთად ან ნარჩენად წარმოიდგენს, რაც აწმყოსაც, მისივე ხელშესახებობის განსაკუთრებული ხასიათის გამო, პოლიტიკურად არანაკლებ საფრთხის შემცველად აქცევს. მართლაც, ძნელად თუ ავუვლით გვერდს იმ მოცემულობას, რომ პოლიტიკის პირვანდელი საფრთხეა ჩქარობდეს აწმყოში გადაჭარბებული დადგინებისკენ, საკუთარი თავის ყველასთვის და ყველაფრისთვის ხელშესახებად გარდაქმნისკენ.

საგულისხმო აქ ისაა, რომ ზოგადად პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობს საფრთხის გარეშე. პოლიტიკურის ყველაზე სრულყოფილი აქსიომატიკის ფარგლებშიც კი, თუკი ოდესმე საერთოდ შესაძლებელი იქნება ასეთზე დამაჯერებლად ლაპარაკი, სწორედ პოლიტიკურის საფრთხესთან ურთიერთობის განმარტება მოექცევა აქსიომათა რიგის სათავეში და ეს არა პოლიტიკის ნორმატიულად ორგანიზების სირთულეებით განპირობებული შედეგების და ამ შედეგებით წარმოებული მცდარი აღქმების გამო, არამედ პირიქით, ასეთი ორგანიზებისთვის ბიძგის მიმცემი ძალების წახალისებითა და აქტუალიზაციით. ყველაფერთან ერთად არსებულის შესახებ აზროვნების პრაქტიკულობაც გვკარნახობს, რომ პოლიტიკისთვის საფრთხის ასეთი ორგანულობა აუცილებლობით დავუკავშიროთ პოლიტიკური ცხოვრების ქმნადობის სიხშირეებს, პოლიტიკურად ფიქრისა და განწყობის სამუშაოს, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების შინაარს სიცოცხლის ქმნის ხანგრძლივობად ყოველივე იმის საპირისპიროდ აქცევს, რაც მას არსებულის ყოველთვის უკვე ვადაგასული რეალობებისკენ მიიზიდავს. ამიტომაცაა, რომ პოლიტიკურის აწმყოს ჩვენ აქ მიმდინარეს ვუწოდებთ. ამ ერთმოქმედებიანი, ლამის ანეკდოტურთან მიახლოებული ლექსიკური ჩანაცვლებით თავიდანვე ადგილს გამოვათავისუფლებთ პოლიტიკური ცხოვრების აწმყოსთან ურთიერთობის შინაარსისთვის თავის მეტი სისავსით გამოსათქმელად. პოლიტიკური ცხოვრების „მიმდინარეში“ ძალზედ სპეციფიკური მდინარის ან დრო-მდინარის პირობითი ანალოგიით შენაკადების უსასრულო სიმრავლეში მოქცეულ წყლის მასას წარმოვიდგენთ. სათავისა და შესართავის მიმართულებებით ქმნად ერთდროულობაში მოძრავი ნაკადებით, დინების ცვალებადი სიჩქარეებითა და ტრაექტორიის მუდმივად განახლებადი გეომეტრიით. დრო-მდინარე დახრილობის ნულოვანი პროცენტით, თანაბარზომიერად აღნიშნული როგორც „გამოცდილებამდელი“ სათავიდან გამომდინარეობით, ასევე ნაშალი მასალით გაჯერებული წყლის შესართავისკენ სვლის „ბიოგრაფიულობითაც“. თავისუფალი დროის განსხვავებული ფიგურაციების მიერ სტანდარტიზებული შემოსაზღვრულობებისგან, პოლიტიკური ცხოვრების დროსთან და შესაბამისად, არსებულის მთლიანობასთან ურთიერთობის პროცესს ზედმეტი და როგორც წესი, ავისმომასწავებელი ვალდებულებებით რომ ამძიმებს. დრო-მდინარე მხოლოდ დინების სინამდვილით, სათავის, შესართავისა და შენაკადების ერთმანეთში გადადინებისა და გადამრავლების დაუსრულებლობით.

მხოლოდ მიმდინარეს, როგორც პოლიტიკურ დროს შეუძლია წარსულისა და მომავლის ურთიერთქმედება აწმყოს ქმნადობის პირობად გადააქციოს და ამ გზით, პოლიტიკურისთვის ასე სიმპტომატურად ნიშნეული დროის კლასიფიცირების, დახარისხების, ხშირ შემთხვევაში კომპენსირების ვნებას, დროის, როგორც სიცოცხლის მთლიანობაში სინთეზირების იდეა დაუპირისპიროს. პოლიტიკურის ვულგარული გაგების საპასუხოდ, რომელიც ასეთ მსჯელობას პოლიტიკის რეალურობისთვის შეუფერებელ აბსტრაქტულობასა და ზოგადობას მიაწერდა, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, რომ სწორედ სიცოცხლეში სინთეზირების იდეაა პოლიტიკური ცხოვრების პირველი და უძირითადესი კონკრეტულობა. არაფერი ისე ძლიერად არ განსაზღვრავს პოლიტიკის ფაქტობრიობას, როგორც პოლიტიკური ცხოვრების სიცოცხლესთან სინთეზირების სიხშირე, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ სიხშირეების დათვლად მატერიალურობას უშუალოდ და პირისპირ ვერსად ვხედავთ (რაც ციფრებში გამოხატული მოგების ნორმის ზრდაზე ორიენტირებული კაპიტალის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიტიკის თანამედროვე რეჟიმისთვის, რაიმე მოვლენით დაინტერესებისთვის მთავარი ცენზორის როლს ასრულებს), არ არსებობს ტექნიკური საშუალება, რომელიც სინთეზის პარამეტრებს დაადგენდა ან კიდევ რაიმე სხვა სახის არტიკულაციის აპარატი, რომელიც ყველაზე ზოგადი სახით მაინც გახდიდა შესაძლებელს ამ სიხშირეების დაფიქსირებას, ყველაფერი რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, შეეხება ეს სისტემის სოციალიზაციის დინამიკას, მარკეტიზაციის შინაგან წინააღმდეგობებს თუ საჯარო სივრცის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ყველაფერ სხვამდე სწორედ პოლიტიკური ცხოვრების სიცოცხლეში სინთეზირების სიხშირეზე მიგვითითებს.

მართალია პოლიტიკური ცხოვრების სიცოცხლეში სინთეზი, ბევრს არაფერს გვეუბნება საკუთარი თავის შესახებ, მაგრამ არ შევცდებით თუ გავრისკავთ და ვიტყვით, რომ არსებულის პოლიტიკურად ორგანიზების პროცესში იგი სწორედ ამ მოსაკლისებულ თქმაშივე განმარტავს. ის ცოტა, რაც ახლაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ამ სინთეზზე ისაა, რომ იგი ყველაფერ სხვამდე დროსთან და შედეგად არსებულის მთლიანობასთან ქმნადი ურთიერთობის ხანგრძლივობაა. ისევე როგორც აზრის არსებობას ვგრძნობთ ჩვენ ყველგან, სადაც ნათქვამი სიტყვა, სახე, ხმა ან სხეულის ყველაზე უბრალო, მაგრამ შინაარსით სავსე მოძრაობა გამოხატავს ამას, სიცოცხლესაც ჩვენ ვგრძნობთ იქ, სადაც ქმნადობის კუთხე თავისი უსასრულო სახესხვაობებით, თუნდაც ყველაზე რთულად შესამჩნევი ფორმით, მაგრამ მაინც იკვეთება. სიცოცხლის ფუნდამენტური თავისებურებაა იყოს გამოხატული, ოღონდ ამ გამოხატულებაში ყველაფერ გარესთან ურთიერთობის შედეგად, მხოლოდ შინაგანად გამომუშავებული ენით ლაპარაკობდეს, აღარაფერს მიემართებოდეს ცალკეულობისა და იზოლირებულობის პერსპექტივით, არამედ უბრალოდ მონაწილეობდეს, ჰქონდეს ნაწილი არსებულის უსასრულობაში. ეჭვგარეშეა, რომ სიცოცხლის ასეთნაირად გამოხატულების გზით არავინ წასულა ჟილ დელიოზზე შორს, რომელმაც თავის უკანასკნელ ნაწერში, „იმანენტურობა:სიცოცხლე“, ტექსტ-ანდერძში, ფილოსოფიის მცირე ოპუსებიდან ფილოსოფიით ყველაზე სავსეში, რომლის წერის დროსაც, მკვეთრად გაურესებული ჯანმრთელობის გამო, ის იმდენად ახლოს უნდა მისულიყო დაწერილთან, რომ ზღვარი საბოლოოდ წაეშალა საკუთარ სხეულსა და ფურცელს, ხორცსა და სიტყვას, სუნთქვასა და წერას შორის, სიცოცხლეს საკუთარ თავთანვე მარტოდ დარჩენილ იმანენტურობის იმანენტურობად განმარტავს.[i] ასეთ სიცოცხლეში ინდივიდუალური აღარ ეწინააღმდეგება უნივერსალურს, აქ აღარც სუბიექტურისა და ობიექტურის საზომები მნიშვნელობს, მასში „მეს“ მიერ ცენზირებული ცნობიერება ინდივიდუალურამდელი სინგულარობების ჰორიზონტისკენ იწყებს მოძრაობას, დასაწყისი და დასასრულიც „შორის დროს“ უთმობს ადგილს, ასეთ სიცოცხლეში ყველაფერი სიცოცხლის შინაარსებისკენ გვექაჩება, რადგან ყველაფერი სიცოცხლეშია და აღარაფერია მის გარდა.

პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ ამგვარად გაგებულ სიცოცხლესთან ურთიერთობა ეხმარება არსებულის პოლიტიკურად ახმიანებაში. ასეთი ხმა ყველაფერ სხვამდე სწორედ სიცოცხლეში სინთეზირების ხანგრძლივობაა, არსებულის სიღრმეებში ჩალექილ რესენტიმენტსა და არსებულისავე სიმაღლეებში გამოკიდული მზერის ნაივურობას სიცოცხლის ზედაპირზე სვლის უსასრულობით რომ გადალახავს. ოღონდ აქ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს სიცოცხლის ზედაპირი იყოს რამენაირად თავისუფალი სიღრმისა და სიმაღლის ნიშნებისგან, პირიქით იგი თავის თავშივე მთელი სისრულით იტევს მათ გამოცდილებას, სწორედ ამ ზედაპირის რელიეფით და ამ რელიეფის მორფოლოგიით ამოვიკითხავთ სიღრმისა და სიმაღლის გენეზისს, პოლიტიკური ცხოვრების მიმდინარესთან დამოკიდებულების გეოგრაფიას და კიდევ უფრო მეტად ჰიდროგრაფიას, მიწის სიღრმეებში ჩაშლილ ტრავმებსა და სიმაღლის ნეტარებით დაბრმავებულ მომავლის მზერას წყლის ზედაპირზე ქმნად ერთდროულობაში რომ აირეკლავს. არსებითი აქ ისაა, რომ მხოლოდ სიცოცხლის ზედაპირზეა გაბნეული სიცოცხლისავე აქტუალიზაციის ფორმატები, არსებულის ჯერ კიდევ განუხორციელებელი მონახაზები, ყოველდღიურობის ახალი პრაქტიკებით ორგანიზების რთულად შესამჩნევი კუთხეები, რომელთა მოცემის რეალურობაც პოლიტიკურ ცხოვრებას ყველგან და ყოველთვის ხედვის შეძლებით ავსებს. ჩვენ სწორედ ამ ხედვის შეძლებით ვგებულობთ, რომ სიცოცხლესთან არაფერია პოლიტიკურ ცხოვრებაზე უფრო ახლოს, რომ ეს ორი, ყოველდღიურობის ბიოპოლიტიზაციის ყველა შესაძლო სტრატეგიის გვერდის ავლით, ქმნად შეხებაშია ერთმანეთთან. საკმარისია სულ ცოტა ხნით მაინც შევხედოთ მაგალითად, შრომის ცოცხალ პროცესს საწარმოში ან შესვენებაზე გასული ბიუროკრატების ერთმანეთთან ურთიერთობას, რომ მალევე აღმოვაჩენთ სიცოცხლის ქმნადი კუთხეების აქტუალიზაციაში პოლიტიკურის მნიშვნელობასა და შემადგენლობას. პოლიტიკური ცხოვრების სიცოცხლეში სინთეზირების დროს, ქმნადობა თუ უშუალოდ მოქმედებაში მოყვანილილი არსებულის ხანგრძლივობაა, ხედვა ამ ხანგრძლივობის ოპტიკაა, ისინი მიმდინარეს ორგანულ ნაწილებს წარმოადგენენ, არ არსებობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აგრძელებენ და ერწყმიან ერთმანეთს, ხშირად ენაცვლებიან კიდევაც ერთმანეთს.

ქმნადობის კუთხიდან გამომავალი 2 სხივიც ქმნისა და ხედვის თანადროული განგრძობითობაა. იდეა, იდეის ნახევარი ან კიდევ ამ ნახევრის ნახევრის უმცირესი და ყველაზე განმხოლოებული ნაწილიც კი თავის თავშივე იტევს ამ ორის ერთმანეთთან დაკავშირებულობას, მათ შორის არსებული შეხების საერთო წერტილის რეალურობას. პოლიტიკური ცხოვრებაც სწორედ ამ საწყისისეული წერტილების, როგორც სიცოცხლის ქმნადი, მაგრამ ჯერ კიდევ განუხორციელებელი ძალებისთვის ბიძგის მიმცემი სამუშაოა, ხელშესახებ ფორმებს მოკლებული ქმნადობის უსხეულო სიხშირეებისთვის არსებულის ნაწილად გახდომაში ხელის შეწყობა, მათი თვითქმნის შინაგანი საწვავით უზრუნველყოფაა. ქმნადობის ამ მექანიკაშია მოქცეული ცხოვრების პოლიტიკური შინაარსი, რომელიც სიცოცხლის მიმდინარეში ყველაფერ სხვამდე სიახლეს ხედავს და ქმნის. სიახლესთან ურთიერთობაში პოულობს პოლიტიკური ცხოვრება საკუთარ მოწოდებასა და იდეას, სიახლე, რომელიც თვითონ არაფერს გამოიგონებს, მაგრამ სამაგიეროდ სიცოცხლის აქტუალიზაციის სხვა ფორმატებთან ურთიერთობაში მთელი სისრულით გამოხატავს საკუთარ თავს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ ცხოვრების სიახლეს არაფერი აქვს საერთო გამოგონებასთან, იგი მხოლოდ ქმნისა და ხედვის სამუშაოა. ყოველთვის, როდესაც პოლიტიკური ცხოვრების ფარგლებში ქმნისა და ხედვის ხანგრძლივობა ადგილს უთმობს პოლიტიკის გამოგონების სურვილს, იქვე პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობა უსიამოვნო და დროულადვე გასათვალისწინებელი „შემთხვევითობებით“ ივსება. პოლიტიკური ცხოვრების რეალურობა ქმნადობის კუთხის 2 სხივზე გადის, ქმნისა და ხედვის უსასრულო ხაზებზე, სიახლეს ყოველთვის ერთმანეთთან ურთიერთობის შედეგად შორის-სივრცეში რომ ათავსებენ. პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამ შორისიდან და შორისის ძალით ლაპარაკობს, მიმდინარეც ყოველთვის შორის-დინებაა, აქ აღარაფერი რჩება ისეთი, რაც დასაწყისის ან დასასრულის ცალკეულობით შემოისაზღვრავდა თავს, ყველაფერი შორის-სივრცის წინასწარგანუსაზღვრელობით იქცევა და ხდება, განუსაზღვრელობა, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას უკანდახევისა და დაბნეულობის ნაცვლად, პირიქით მოტივაციას სძენს, რომ ქმნიდეს და ხედავდეს. სწორედ შორისის ძალითაა, რომ ირგვლივ ყველაფერი ერთს გვეუბნება – სიცოცხლეს არაფერი ამწუხრებს ისე ძლიერად, როგორც ქმნადობის ხელიდან გაშვებული, ვერმოხელთებული კუთხეები.

[i] Gilles Deleuze, Pure immanence. Essays on a life (Zone Books, New York 2001), 27

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ