თორნიკე ჩივაძე: პოსტსოციალისტური რუსეთის რეფორმაცია

tornike

ავტორი: თორნიკე ჩივაძე, European.ge-ს სარედაქციო ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი რედაქტორი.

შესავალი

დღეს გავრცელებულია აზრი, რომ საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ,  სხვა უმეტესი პოსტსოციალისტური ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთმა განვითარების არაპროდასავლური გზა აირჩია.  ხშირად მივიწყებულია, რომ რუსულმა ელიტამ, დასავლეთის აქტიური მონაწილეობით, დაიწყო რეფორმების გატარება, რომლებიც „ვაშინგტონის კონსესუსის“ ძირითად პრინციპებს  ეფუძნებოდა, რამაც გარკვეულ წილად განსაზღვრა კიდეც რუსეთში კაპიტალისტური განვითარების დღევანდელი ლოგიკა და ხასიათი. ნეოლიბერალური რეფორმების შედეგად ჩამოყალიბებული თანამედროვე რუსეთი, ნამდვილად ვერ მოხვდება (მსოფლიო სისტემების თეორიის მიხედვით) „ცენტრის“ კატეგორიაში, მას ნახევრად პერიფერიული, ან თუ კაგარლიცკის მეტად მოქნილ ტერმინს დავესესხებით, „პერიფერიის იმპერიის“ სტატუსი უფრო შეეფერება (B. Kagarlitsky 2008).

იმისთვის, რომ გავიაზროთ დღევანდელი რუსული ოლიგარქიული სახელმწიფოს ბუნება, აუცილებელია დავაკვირდეთ კაპიტალისტური ეკონომიკის ჩამოყალიბების რეალურ პროცესს, რომელიც “ლიბერალური ტელეოლოგიისგან”  მკვეთრად განსხვავდება. ამ მცირე სტატიას, არ აქვს პრეტენზია ორიგინალურ აზრზე, თუმცა ჩვენში, საკმაოდ იშვიათია „არა მეინსტრიმული“ პოზიციებიდან რეგიონის განვითარების ანალიზი და ლიტერატურის მიმოხილვა, ამიტომაც სტატია შეეცდება, გამოიწვიოს და გააფართოვოს დისკუსია ე. წ. ტრანსფორმაციის თეორიაზე, რაც პოსტსაბჭოთა რუსეთმა (ასევე საქართველომ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენ გაგვიმართლა, ვინაიდან არ გვაქვს ნავთობ რესურსები) პრაქტიკაში განახორციელა.

რეფორმები და სოციო-ეკონომიკური კატასტროფა.

საბჭოთა კავშირის საბოლოო დეზინტეგრაციის შემდეგ საჭირო იყო რეფორმები, რაც ბიძგს მისცემდა რუსული ეკონომიკის კაპიტალისტურ სამყაროსთან ინტეგრაციას. პრეზიდენტი ელცინის და გაიდარის მიერ ჯეფრი საქსთან, მსოფლიო ბანკთან და მსოფლიო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედაგად  განხორციელდა „შოკური თერაპიის“ პროგრამა. თეორიული საფუძველი, რომელსაც „შოკური თერაპია“ ეფუძნება ბაზარს მიიჩნევს თვითრეგულირებად სისტემად, რომელსაც პოლიტიკური დაბრკოლებების მოხსნის შედეგად სპონტანურად შეუძლია რაციონალიზაცია და დინამიურ ეკონომიკურ ორგანიზაციად გარდაქმნა.  ამ მოდელის მიხედვით, საბაზრო თავისუფლება,  ადამიანების და კერძო საკუთრების დაცულობა, წარმოადგენს საკმარის პირობას იმისთვის, რომ  კერძო ინტერესებისკენ სწრაფვის საყოველთაო საფუძველზე დინამიური კაპიტალიზმი აღმოცენდეს. ამ მოდელისთვის წინა სისტემა (სმიტის შემთხვევაში ფეოდალიზმი, ხოლო რეფორმატორებთან სოციალიზმი) განისაზღვრება ბარიერად ცვლილებებისთვის, რომელიც უნდა დაინგრეს, იმისთვის, რომ ნგრევის შედეგად გამოთავისუფლებული ნაწილებისგან აღმოცენდეს ახალი სისტემა“ (Clarke 2007).

“შოკური თერაპიის” მთავარი ინსტრუმენტებია – პრივატიზაცია, დერეგულაცია, ფასების ლიბერალიზაცია და ვაჭრობის თავისუფლება. ამ ინსტრუმენტების მთავარი მიზანია სახელმწიფოს როლის შემცირება და ეკონომიკის “ბუნებრივ წესრიგში” დაბრუნება, რაც თავის მხრივ ფასების ლიბერალიზაციის მეშვეობით მოთხოვნის და მიწოდების წონასწორობის ავტომატურ  აღდგენას მოაიზრებს. თეორიის მიხედვით, პრივატიზაცია და დერეგულაცია  კერძო მოგების მოტივის სტიმულირებით და კონკურენციის წახალისებით  ფირმებს გაუჩენს ინიციატივას, გაიზრდება ეფექტურობა და შემცირდება ხარჯები.

სამწუხაროდ, შედეგები ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე „რეფორმატორები“ ვარაუდობდნენ. საბოლოო ჯამში, აბსტრაქტულ ეკონომიკურ წიგნებში გადმოცემული  რაციონალურად მოქმედი მეწარმეების და სამეწარმეო ნოვატორული სულისკვეთების ჩამოყალიბების ნაცვლად, მივიღეთ „განგსტერული კაპიტალიზმი“ და ნახევრად კრიმინალური მტაცებლური ეკონომიკური ელიტა, რომელიც პრივატიზაციის პროცესში ძალადობრივად ეუფლებოდა ეკონომიკურ რესურსებს.[1]მთლიანი ეკონომიკური სტრუქტურა კი იმეორებდა კლასიკური კოლონიური ეკონომიკის ფორმებს, რომელშიც მთავარი როლი ნედლი მასალის ექსპორტს უკავია.

ფასების ლიბერალიზაციით გამოწვეულმა ინფლაციამ გაანადგურა რუსული საწარმოების კაპიტალი, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის დემონტაჟმა ისინი საინვესტიციო ფინანსების გარეშე დატოვა, შეზღუდულმა ფინანსურმა პოლიტიკამ კრედიტის ფასი გაზარდა, რამაც რუბლის გაცვლითი კურსის გადამეტფასება გამოიწვია. საერთაშორისო ვაჭრობის შემოღებამ რუსული ბაზარი იაფი იმპორტით შეავსო, ხოლო დაურეგულირებელმა პრივატიზაციამ კრიმინალურ ელემენტებს[2]ყველაზე ღირებული სახელმწიფო აქტივების ხელში ჩაგდების საშუალება მისცა[3] (S. Clarke –  2007 ). რეალურად პრივატიზაციის პროცესი არაფერი იყო, გარდა ყოფილი საბჭოთა ბიუროკრატების და მიწისქვეშა ელიტის პოლიტიკური კაპიტალის ეკონომიკურ კაპიტალად კონვერტირება.

რეფორმების შედეგად, 1993 წლისთვის ინფლაციის მაჩვენებლის მეტ-ნაკლები  სტაბილიზაცია მოხერხდა. ამ პირობებში “ნედლი მასალის ექსპორტი რუბლის  გადაჭარბებული ღირებულების ფონზე წარიმართა. გადამწყვეტი გახდა არა რუსული წარმოების საჭიროებები, რომელიც ამ პოლიტიკებით განადგურდა,  არამედ ნედლი მასალის ექსპორტიორების ინტერესები. მათთვის მთავარი ფაქტორი  ნავთობის საერთაშორისო ფასი იყო და არა რუბლის გაცვლითი კურსი. რუსეთი გაივსო იაფი იმპორტირებული საქონლით ხოლო კონკურენციის უუნარო საწარმოები განადგურდა… მდიდარ ფენას შეეძლო ფუფუნების საგნების შეძენა ხელსაყრელ ფასებში, უცხოეთში ფულის გაგზავნასთან ერთად. ყველაზე დიდი ექსპორტიორები ერთდროულად ფლობდნენ მთავარ ბანკებსაც, რომლებიც ფინანსური ოპერაციების ინვესტირებას, კაპიტალის ექსპორტს და საქონლის იმპორტს ახდენდნენ” (B.Kagarlitsky 2008).

როგორც ანდრეი კოლგონოვი წერს: “კაპიტალის გადინება აჭარბებდა ყველა უცხოურ ინვესტიციას და ვალს რომელიც რუსეთმა მრავალჯერ მიიღო რეფორმების დროს”.[4]  კლარკის მიხედვით კი, 1997 წლისთვის კაპიტალის გადინება ყოველ წლიურად 20-25 მილიარდამდე მერყეობდა, რაც მშპ-ს 5 %-ს შეადგენდა და მთლიან შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 5-ჯერ აღემატებოდა. ინვესტიციების ნაკლებობა რესურსების უკმარისობით ვერ აიხსნება, არსებობს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური ცვლადი, რაც დანაზოგების ზრდას ავტომატურად არ გარდაქმნის ინვესტიციებად. მიუხედავად რესურსების არსებობისა არ ხდებოდა შიდა წარმოების განვითარება. რადიკალურად განსხვავებული სცენარის განვითარების შემთხვევაში სახელმწიფო უნდა გამხდარიყო „ბოლო ინსტანციის კაპიტალისტი“ და მოეხდინა რესურსების პროდუქტიული გადანაწილება, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მიზნით.

chivadze11990 და 1998 წლებში მშპ (მუდმივ ფასებში) განახევრდა, სოფლის მეურნეობა და ინდუსტრიული მრეწველობა ორჯერ შემცირდა. საწვავის წარმოება ერთი მესამედით შემცირდა. საცალო ვაჭრობის ბრუნვა თითქმის 20%-ით დაეცა, მკვეთრად დაეცა საკვების დამუშავებაც. გამოშვება მსუბუქ მრეწველობაში (საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოება)  80%-ზე მეტით დაეცა[1].

1994 წლიდან 1999 წლამდე ყოველწლიურად შემოსული (საშუალოდ წლიური 3 მილიარდი)  უცხოური პირდაპირი ინვესტიციების 23%-ი ნავთობის და მეტალურგიის სექტორებში წავიდა, 20% ვაჭრობაში, კომერციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ხოლო 15% საზოგადოებრივ კვებით დაწესებულებებში (S. Clarke –  2007 ).

chivadze2ეკონომიკურ ვარდნას თან ახლდა ინვესტიციების ვარდნაც. შედეგი აისახა საწარმოო აღჭურვილობაზე. მისი საშუალო ასაკი საბჭოთა პერიოდში დაახლოებით 9 წელი იყო, ხოლო 1999 წლისთვის ის 18 წლამდე გაიზარდა.  საწარმოები ხარჯების შემცირებას წარმოების განახლებული მეთოდებით კი არ ცდილბდნენ, არამედ შრომის ინტენსიფიკაციით და რეალური ხელფასების შემცირებით. საწარმოების უმრავლესობა არამომგებიან საქმიანობას ეწეოდა და ბარტერულ ტრანზაქციებში იყო ჩართული(S. Clarke –  2007 ).

chivadze3ეკონომიკური ვარდნა უმუშევრობაში და რეალური ხელფასების დაცემაში გამოიხატა. დასაქმება 20%-ზე მეტად შემცირდა, აქედან წარმოების სექტორში ვარდნა 40%-იანი, მშენებლობის სექტორში 44%-იანი, ხოლო მეცნიერებაში 54%-იანი მაჩვენებლით შემცირდა. საინტერესოა იმის დამატებაც, რომ პარალელურად საკრედიტო და ფინანსურ საქმიანობაში დასაქმებამ 80 %-იანი ზრდა განიცადა. 1998 წლისთვის საშუალო რეალური ხელფასები 1990 წლის დონის ერთ მესამედამდე შემცირდა (S. Clarke –  2007 ) 1999 წელს გამოცემული ხელფასების მიმოხილვაში გადმოცემულია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა 41% გამოიმუშავებდა ზრდასრულის საარსებოდ საჭირო მინიმუმზე ნაკლებს. მესამედზე მეტი შინამეურნეობა ცხოვრობდა სიღარიბეში ხოლო 10% სიღატაკეში.

დიაგრამა 1. რეგიონალური და სექტორული უთანასწორობა რუსეთში 1990-2001.

chivadze4როგორც მთელს პოსტ-საბჭოურ სივრცეში, ისე რუსეთშიც მკვეთრად გაიზარდა რეგიონალური, სექტორული უთანასწორობა[1]. ჯინის (საშემოსავლო უთანასწორობის) კოეფიციენტი საბჭოთა პერიოდის 0.24 იანი მაჩვენებლიდან 94 წლისთვის, 0.48-მდე გაიზარდა.

რა თქმა უნდა, რეფორმატორები არ ამტკიცებდნენ, რომ პროცესი უმტკივნეულო იქნებოდა, თუმცა მათი აზრით, საბაზრო ეკონომიკაზე გადასავლა საკმაოდ მოკლევადიან პერსპექტივაში ყველას კმაყოფილს დატოვებდა. სამწუხაროდ, დანაპირების მხოლოდ პირველი ნაწილი შესრულდა „შოკური თერაპია“ საბოლოო „უთერაპიო შოკად“ იქცა.

ოლიგარქიის ჩამოყალიბება

“We had a belief that the first  generation of Russian capitalists
would be nice guys, but they are ruthless motherfuckers.”
US treasury official

საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ბურჟუაზია, შესაბამისად არ იყო აკუმულირებული კაპიტალი მონეტარული ფორმით. მასიურად არავის შეეძლო პრივატიზაციის პროცესში წარმოების საშუალებების შესყიდვა, სამაგიეროდ არსებობდა მძლავრი იერარქიული სისტემა, რომელიც გამოირჩეოდა პოლიტიკური, კულტურული თუ სოციალური კაპიტალის მკვეთრი პოლარიზაციით. სწორედ ამიტომაც, ახალი ეკონომიკური ელიტა “მიწისქვეშა მაფიის, ინტელიგენციის და  ნომენკლატურის ნაზავისგან ” (Holmstrom and Richard Smith –  M.R.2000) წარმოიშვა. რა თქმა უნდა, კონკურენცია მათ შორის არ გავდა “დასავლურ კაპიტალისტურ (აბსტრაქტულ)” კონკურენციას და,  რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინება არ შეეძლოოთ ნეო-ლიბერალ რეფორმატორებს, რადგანაც ისინი სოციალური ტრანსფომაციის  კატაკლიზმურ პროცესს ინდივიდის გათავისუფლებად და თვით რეალიზაციად აღიქვამენ და არა, როგორც დინამიურ და წინააღმდეგობებით სავსე ისტორიულ პროცესს. როგორც, ჰოლმსტორმი და სმიტი ამბობენ “როგორც წარსულში ისე აწმყოში პირვანდელი დაგროვება ლამაზი სანახავი არაა”.

ახალი ეკონომიკური ელიტის მოგება, წარმოებასთან შეხების გარეშე, საბაზრო ოპერაციებიდან წარმოიქმნებოდა. ოლიგარქები ძირითადად ჩამოყალიბდნენ, როგორც ფინანსური შუამავლები, რომლებიც ახდენდნენ ნედლი მასალის შესყიდვას შიდა ბაზარზე დაბალ ფასებში და ექსპორტისგან იღებდნენ მაღალ მოგებას. როცა რუბლი დოლართან შედარებით ნელა უფასურდებოდა,  ისინი დოლარს ცვლიდნენ რუბლში, და გაასესხებდნენ რუბლს მაღალი შიდა საპროცენტო განაკვეთის პირობებში, შემდეგ კი გადახდილ რუბლს კვლავ გადაცვლიდნენ დოლაში, რაც მაღალ მოგებას იძლეოდა. სხვაგვარი სპეკულაციური სქემები გამოიყენებოდა მაღალი ინფლაციის პირობებში.

ოლიგარქების ნაწილმა მოახერხა ბანკების შექმნა, რომელთა საყვარელ საქმიანობად სახელმწიფო აქტივებით სპეკულირება და მათი დასაკუთრება იყო. 1994 -1997 წლებში ამუშავდა ორი ფინანსური სქემა, რომლებიც დღეს ცნობილია სახელებით „სახელმწიფოს გაქურდვა“ და „ვალები აქციების ნაცვლად“, რომლის შედეგადაც შვიდმა რუსულმა ბანკმა ხელში ჩაიგდო უდიდესი სახელმწიფო ინდუსტრიული კომპლექსების აქციები ტელეკომუნიკაციებში, მეტალურგიაში და ნავთობის სფეროში. სწორედ, ამ პროცესებმა მოახდინა რუსი ოლიგარქების ხელში უდუდესი ქონების კონცენტრაცია და მათი  საბოლოო კონსოლიდაცია (იხ – H. Buiter.2000).[1]

სოციოლოგი მიშელ ბურავოი პოსტ საბჭოური რუსეთის 90-იან წლებს ახასიათებს როგორც “სავაჭრო კაპიტალიზმის” პერიოდს, რომლის დროსაც კაპიტალის დაგროვების პროცესი  ძირითადად შუამავლობითი საქმიანობით, ფინანსური სპეკულაციებით, საერთაშორისო ფასების განსხავვებიდან მიღებული მოგებით  და წარმოების პროცესში ჩართულობის და ინვესტირების გარეშე მიმიდნარეობს. ბურავოის აზრით, სავაჭრო კაპიტალი ვითარდება საწარმოო კაპიტალისგან დამოუკიდებლად და მას არ გააჩნია შინაგანი ტენდენცია გარდაიქმნას „ინდუსტირულ კაპიტალად“. უფრო მეტიც, „სავაჭრო კაპიტალს“ თავისთავად არ ძალუძს მოძველებული წარმოების წესის გარდაქმნა, არამედ ის მოწოდებულია შეინარჩუნოს ის, როგორც მისი საარსებო პირობა. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, რუსეთში გაბატონებული ეკონომიკურ წესრიგს არ შეუძლია თავისთავადი მოდერნიზაცია, ის ბუნებით კონსერვატიულია. გარდამქნელ ძალად  ვერ წარმოგვიდგება გარე ზეწოლა ან უცხოური კაპიტალი, რადგან ისინი მოქმედებენ ადგილობრივი კონგლომერატებთან ერთად, მათ ინტერესებშია  მოახდინონ დასავლური სამომხმარებლო საქონლის შეტანა და ნედლი მასალის მოპოვება. მესამე სამყაროში უცხოური კაპიტალი ერთვება როგორც სავაჭრო კაპიტალი და შესაბამისად აღრმავებს განუვითარებლობას, რადგანაც  მას წარმოებასთან უშუალო შეხება არ აქვს (Kay 1975, თავი. 5)“.  ამ თეორიის მიხედვით საზოგადოების სრულყოფილი კაპიტალისტური ტრანსფორმაცია გამომდიანრეობს არა ბაზრის (რაც ისტორიულად კაპიტალიზმის არსებობას წინ უსწრებს), ან საბაზრო ტრანზაქციების განვითარებისგან, არამედ კაპიტალის წარმოებით სექტორში შეღწევის და მისი ტრანფორმირების შედეგად.

დასკვნა

ტრადიციულად, კაპიტალიზმი ყალიბდება ფეოდალური საზოგაოდებიდან,  რომელშიც ადგილი აქვს ინდუსტრიალიზაციის პროცესს, გლეხობის მასიურ გარდაქმნას თავისუფალ მშრომლებად, ინდუსტრიული კაპიტალის მასიურ აკუმულაციას. საქმე ისაა, რომ ეს პროცესები უკვე წარმართული იყო  სოციალისტური სახელმწიფოს მიერ, რომელიც სათავეში ედგა ინდუსტრიალიზაციას და გლეხობის მასობრივ ჩართვას ინდუსტრიულ სამუშაო ძალის რიგებში. სწორედ ამაშია პოსტ საბჭოური კაპიტალიზმის წარმოქმნის ისტორიული სპეციფიკა – კაპიტალიზმი წარმოიშვა არა ფეოდალური საზოგადოებიდან, არამედ კომპლექსური ინდუსტრიული სოციალისტური სახელმწიფოსგან, რომელშიც დაგროვება და ნაჭარბის დისტრიბუცია წარიმართებოდა სახელმწიფოს მილიტარისტული აპარატის მიერ, ეს სისტემა კი თავის თავში ატარებდა წინააღმდეგობებს, რაც გახდა კიდეც დეზინტეგრაციის მიზეზი.

ამან გამოიწვია ის,  რომ რუსეთში კაპიტალისური დაგროვების პროცესი  წარიმართა არა ინდუსტრიული კაპიტალის განახლებით, არამედ დეინდუსტრიალიზაციის პროცესით, სისხლიანი ბრძოლებით ნედლი მასალის ექსპორტზე მონოპოლიისთვის, რაც დაგვირგვინდა ფინანსური და ოლიგარქიული კაპიტალის გაბატონებით. როგორც, ალექსანდრე ნოვე ამბობს, “რეფორმებმა შექმნეს სიტუაცია, რომელშიც მთავარ საფრთხეს შუმპეტერისეული “შემოქმედებითი განადგურება[1]” კი არ ქმნის, არამედ განადგურება, დეინდუსტრიალიზაცია და გარემო, რომელშიც არაფერ  შემოქმედებითს არ ეყრება საფუძველი” (1994, p. 865).

ოლიგარქიის ეკონომიკური ძალის გაძლიერების პარალელურად, გაძლიერდა მათი პოლიტიკური გავლენაც

სწორედ, ამ ევოლუციური დინამიკიდან შეიძლება პოსტ საბჭოური დეზინტეგრაციის და შემდგომი განვითარების მეცნიერული შესწავლა და არა „ტელეოლოგიური ტრანზიციის“ თეორიით რომელიც მიზანს უქვემდებარებს რეალობას და ბაზრის იდეალიზაციით (ან, თავისუფალი ბაზრის აბსტრაქციით) ახდენს ნორმის და ანომალიის ანალიზს. დღეს რეფორმატორები და ლიბერალი თეორეტიკოსები აკრიტიკებენ წარუმატებელ ტრანსფორმაციას, მაგრამ მათი კრიტიკა ეფუძნება, თავიანთი თეორიის მიერ გაუთვალისწინებელი ელემენტების „გარე მიზეზებად“ გამოცხადებას. მათ პოზიცია შემდეგია: თუ რეალობა არ ერგება თეორიას მაშ „მცდარია“ რეალობა და არა თეორია.

საუკუნის მიწურულს შოკური თერაპია და ნეო-ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა 1998 წლის ეკონომიკური კრიზისით „დაგვირგინდა“. კრიზისს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდის გამო ბუმი მოჰყვა და ეკონომიკამაც დაიწყო გამოცოცხლება.  ეკონომიკურ გამოცოცხლებას პოლიტიკური ცვლილებებიც მოჰყვა, რასაც წერილის მეორე ნაწილში განვიხილავთ.

პრემიერი პრიმაკოვის ძალაუფლებიდან მოშორება ამის ნათელი მაგალთია. ამ საკითხს წერილის მეორე ნაწილში განვიხილავთ.

წერილი გადმოტანილია კავკასიური სახლის ანალიტიკური პორტალიდან.

_____________________

[1] ამ პროცესებს კარგად აღწერს „პრივატიზაციისგან“ გადათამაშებული ტერმინი „პრიხვატიზაცია“.

[2] ჯოზეფ სტიგლიცი – “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება, რადარამი. იხილეთ თავი : “ვინ დაკარაგა რუსეთი”.

[3] The piratization of Russia: Russian reform goes awry . Marshall I. Goldman  2003 by Routledge

[4] A. Buzgalin and A. Kolganov (eds), Kriticheskiy marksizm: prodolzhenie diskussiy. Moscow, 2001, Editorial URSS, p. 231.

[5] ეს და ყველა მოცემული ცხრილი აწყობილია წიგნიდან  : „Simon Clarke –  2007  The Development of Capitalism in Russia Routledge“.

[6] იხ: (იხ: James K. Galbraith, Ludmila Krytynskaia, Qifei Wang  The European Journal of Comparative Economics Vol. 1, n. 1, pp. 87-106).

[7] იხ: From Predation to Accumulation? The Second Transition Decade in Russia Willem H. Buiter.

[8]  შუმპეტერის “შემოქმედებით განადგურების” თეორია აღწერს “წარმოებითი ცვლილებების მუდმივ რევოლუციურ პროცესს, რაც შიგნიდან ცვლის ეკონომიკის სტრუქტურას, მუდმივად  ანადგურებს ძველს და ქმნის ახალს”. შუმპეტერი კაპიტალიზმს განიხილავს დინამიურ ევოლუციურ ეკონომიკურ სისტემად, რომელიც  ინოვაციების მეშვეობით მუდმივად დისეკვალიბრიუმიდან დისეკვალიბრიუმამდე მოძრაობს. ინოვაციების აგენტი კი ჰეროიკული “მეწარმეა”. ეს პროცესი საფრთხეა იმდენად, რამდენადაც რეალურად ქმნის წაგებულებს და მოგებულებს და იწვევს მძიმე კრიზისულ ფლუქტუაციებს ეკონომიკაში. ანადგურებს რა ძველს სანაცვლოდ ქმნის ახალ პირობებს მოგებისათვის. საინტერესოა, რომ შუმპეტერის თეორია უარყოფს სტატიკურ ეკვილიბრიუმს, რომელიც როგორც ჩანს „შოკური თერაპიის“ ავტორების რეფორმებში საფუძველმდებარე წინაძღვრად გვევლინება.

[9] პრემიერი პრიმაკოვის ძალაუფლებიდან მოშორება ამის ნათლი მაგალთია. ამ საკითხს წერილის მეორე ნაწილში განვიხილავთ.

ლიტერატურა:

Boris Kagarlitsky –  Empire of the Periphery Russia and the World System  2008 Pluto Press

Simon Clarke –  2007  The Development of Capitalism in Russia Routledge.

Simon Clarke, Peter Fairbrother, Michael Burawoy and Pavel Krotov, What about the Workers? Workers and the Transition to Capitalism in Russia, London: Verso .

The Necessity of Gangster Capitalism .Primitive Accumulation in Russia and China by Nancy Holmstrom and Richard Smith –  Monthly Review 2000 › Volume 51, Issue 09 (February) .

Burawoy and Krotov, ‘The soviet transition from socialism to capitalism’ American Sociological Review, 1992. Vol. 57 (February:16-38) .

Michael Burawoy, ‘Transition without transformation: Russia’s involutionary road to capitalism’, East European Politics and Societies 15(2), 1999: 269–90.

The piratization of Russia: Russian reform goes awry/Marshall I. Goldman.  2003 Routledge

“გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება”, ჯოზეფ სტიგლიცი , რადარამი.

From Predation to Accumulation? The Second Transition Decade in Russia Willem H. Buiter.

POST-SOVIET RUSSIA , Roy Medvedev Columbia University Press New York

„What about the Workers? Simon Clarke, Peter Fairbother, Michael Burawoy and Pavela Krotov University of Warwick.

Michael Burawoy, “The End of Sovietology and the Renaissance of Modernization Theory,”

Contemporary Sociology 21:6 (1992), pp. 774-785

The Experience of Rising Inequality in Russia and China during the Transition . James K. Galbraith, Lyndon B. Johnson. . The European Journal of Comparative Economics Vol. 1, n. 1, pp. 87-106

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ