მცირე კომენტარი აფბა-ს რჩევებზე ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით

lari1

ავტორი: პაატა გურგენიძე.

© European.ge

დღეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მთავრობას მისცა 10 რჩევა და რეკომენდაცია ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ორგანიზაცია ყოველთვის გამოირჩევა ადეკვატური ანალიზითა და დაკვირვებებით ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვან ინტელექტუალურ რესურსს წარმოადგენს ეკონომიკური პროცესების გარშემო დისკუსიაში. ამიტომ, ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა მათი მოსაზრებები ეკონომიკაზე და განსაკუთრებით ახლა, საზოგადოებისთვის ასეთ დაბნეულ ვითარებაში.

მაგრამ, ამ მოკლე ბლოგპოსტში მინდა მცირე კომენტარი გავაკეთო მათ ზოგიერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით და გავაკრიტიკო ის.

მაგალითად:

1. „გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.“

მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ მონეტარული პოლიტიკის, ანუ ეროვნული ბანკის მიერ კომერციულების რეფინანსირების განაკვეთს, არანაირი კავშირი არა აქვს ლარის კურსთან დოლართან მიმართებაში. ლარის კურსს ეროვნული ბანკი მართავს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე სავალუტო რეზერვების გაყიდვით (თუ ლარის კურსის გაზრდა/გამყარება უნდა) ან დოლარის ყიდვით (რეზერვების შევსებით) თუ ლარის კურსის დაგდება უნდა. ეს ინსტრუმენტები იხმარება მხოლოდ ლარის მცირე მერყეობის ასარიდებლად, როცა ეს მერყეობა შიდა დროებითი ფაქტორების გამო ხდება. ამას ფინასისტების სლენგზე ჰქვია სტერილიზაციის ინტერვენციები. დღევანდელი სიტუაცია ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ ამერიკული დოლარის კურსი მატულობს ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში, რამდენადაც ფინანსური ბაზრები არის ტრამპის დაპირებების შესრულების და ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დოლარის სესხების გაძვირების მოლოდინში. საშინაო ფაქტორებიდან გამოსაყოფია მაღალი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც არის ქვეყნიდან დოლარის გადინების ძირითადი წყარო და საგარეო ვალების მომსახურების პროცესი.

2.“ეროვნულმა ბანკმა შეზღუდოს კომერციული ბანკების დაკრედიტება. მათ შორის, შეიზღუდოს რეფინანსირების სესხები.“

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეროვნული ბანკის მიერ კომერციულების დაკრედიტების ერთადერთი ინსტრუმენტი არის სწორედ რეფინანსირების განაკვეთი. ეს იგივეა, რაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ასე, რომ აფბა-ს შეეძლო არ დაეწერა ეს, მეორე, რჩევა, რამდენადაც იგი პირველს იმეორებს.

3. „მოხდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება შემცირების მიმართულებით და მთავრობამ დაარეზერვოს ფული;“

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება, თავისთავად, არანაირ გავლენას არ იქონიებს არც ლარის კურსზე და არც ინფლაციაზე, თუკი შემცირდება შემოსავლების ნაწილიც. ანუ, ალბათ ავტორებს სურთ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე საუბარი. ეს გაზრდაც გავლენას მოახდენს მხოლოდ ინფლაციაზე და არა ვალუტის კურსზე.

ინფლაცია ეხლა საქართველოში არ არის. ჩვენ ვართ დეფლაციის ფაქტის წინაშე, ანუ ფასები კი არ იზრდება, არამედ მცირდება, რაც კატასტროფულია ეკონომიკისათვის. ასეთ სიტუაციაში ფისკალური, საბიუჯეტო პოლიტიკა უნდა იყოს დეფიციტის ზრდის და არა შემცირების მიმართულებით.

ამერიკამ სწორედ სისტემატური, 6 წლის ხანგრძლივობის, მაღალი საბიუჯეტო დეფიციტის მხარდაჭერის შედეგად, რასაც ეკონომისტების სლენგზე ეკონომიკის [ფისკალურ] სტიმულირებას ეძახიან, გამოიყვანა ქვეყანა დიდი რეცესიიდან, რაც ვერ მოახერხა ევროპამ, რომელმაც ძალიან ადრე დაიწყო ქამრების შემოჭერა.

„აფბა“ მოგვიწოდებს სწორედ ქამრების შემოჭერისაკენ მაშინ, როცა ქვეყანა ისედაც რეცესიისაკენ მიდის – ზრდის ტემპი ბოლო 7 კვარტლის მანძილზე ისედაც ყველაზე ნაკლები იყო გასულ კვარტალში.

რაც შეეხება მთავრობის მიერ ფულის დარეზერვებას – ესეთი ცნება არ არსებობს, მაგრამ ალბათ ლაპარაკია ბიუჯეტის შემოსავლების სიჭარბის შექმნაზე. ასეთ სიჭარბეს ძირითადად იყენებენ უცხოური ვალების გასტუმრებისთვის. ვალების გასტუმრებისათვის მთავრობამ უნდა იყიდოს უცხური ვალუტა, რაც კიდევ უფრო გაზრდის დოლარის კურსს. ამ დროს, პირიქით, უცხოური კრედიტის აღება და ფისკალური დეფიციტის გაზრდა, დააგდებდა დოლარის კურსსაც, გაზრდიდა ინფლაციის ტემპს სასურველ, სამიზნე დონემდე და მოახდენდა ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას.

4. „მოხდეს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციის ფორსირება და აქცენტი გადატანილი იქნას უცხოელი ინვესტორების მოძიებაზე, რათა ქვეყანაში მოხდეს დოლარის ახალი მასის შემოდინება;“

აქ ლაპარაკია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ზრდაზე, თანაც ყველაზე მავნე ფორმით – საჯარო ქონების პრივატიზაციით. ის, რის გამოც დოლარის კურსი არის სისტემატურად მაღალი, არის სწორედ საქართველოსთვის დამახასიათებელი უზარმაზარი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შედეგი. ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვდგავართ. ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე უფრო დიდი გვაქვს ვიდრე ამერიკას, ჩინეთს, რუსეთს ან ევროპას. ამერიკა მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის ქვეყანაა და 1970-იან წლებში ჩვენი დონის მესამედიც კი არ ქონდათ უცხოური პირდაპირი ინვესტიცია, როცა ეროვნული პანიკა დაიწყო იაპონიის მიერ ამერიკის შესყიდვასთან დაკავშირებით. იგივე ხდება დღეს ამერიკაში ჩინური პირდაპირი ინვესტიციების წინააღმდეგ. მხოლოდ ჩვენ გვიხარია უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და ვალუტის მაღალი კურსი. ჩვენმა უჩვეულოდ დიდმა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა გამოიწვია სწორედ ის დაავადება, რასაც ქვია სისტემატური უარყოფითი სავაჭრო სალდო. ჩვენ რომ დიდი იმპორტი და მცირე ექსპორტი გვაქვს, არის სწორედ დიდი უცხოური ინვესტიციების შედეგი, რამდენადაც სწორედ ამ გზით შემოსული ვალუტით ფინანსდება ის იმპორტი, რის ნებასაც თავს ვერ მივცემდით სხვა შემთხვევაში. სისტემატურად ასეთი სიტუაციის ქონამ ჩამოაყალიბა დღევანდელი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურაც, სადაც იმპორტიორები ჭარბობენ.

თავისთავად, უცხოური, ხელოვნურად იაფი საქონლის ასეთი სიჭარბე ბაზარზე კლავს ყველანაირ ადგილობრივ მრეწველობას და უზრუნველყოფს ქვეყნის სტრუქტურულ ჩამორჩენილობას სუსტი ინდუსტრიით და მომსახურების სფეროს, ანუ ისეთი საქონლის სიჭარბით, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში ვერ იღებს მონაწილეობას.


– ილუსტრაცია: ©  The Economist

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ