1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს კინოცხოვრება

ავტორი: ლევან გელაშვილი

ას წელზე მეტი ხნის კინოთეატრი ,,აპოლო’’

levan
ფოტო: © ნინო ჩხეიძე.

თავდაპირველად მსოფლიოში კინო სანახაობა და საბალაგანო გასართობი საშუალება იყო. კინოდანადგარების მფლობელები სეანსებისთვის გადახურულ ბაზრებს, საცირკო შაპიტოს, სახლებს და სასტუმროებს ქირაობდნენ. კინოს სახელოვნებო დარგად ჩამოყალიბებასთან ერთად გამოიკვეთა კინოდარბაზის და კინოარქიტექტურის თავისებურება.

საქართველოში ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი ,,აპოლო’’ 1909 წლის 12 აპრილს გაიხსნა. ,,გრანდიოზული, ბრწყინვალედ მოწყობილი, ელექტრო თეატრი ,,აპოლო’’ – ასე წერდა მის გახსნაზე გაზეთი ,,ტიფლისკი ლისტოკი’’ (#69).

1915 წელს მხოლოდ მიხეილის პროსპექტზე (დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი) შვიდი კინოთეატრი ფუნქციონირებდა: ,,სატურნი’’, ,,მოდერნი’’, ,,ლირა’’, ,,ოდეონი’’, ,,მულენ-ელექტრიკი’’, ,,მულენ-ელექტრიკის’’ საზაფხულო დარბაზი და ,,აპოლო’’, ხოლო მუშტაიდის ბაღში ,,ილუზიონი’’ იყო. კინოთეატრებში ,,სკიფში’’ და ,,ურანში’’ ფრანგულ ფილმებს უჩვენებდნენ. გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის გამზირზე) ამჟამინდელ თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში ,,არფასტო’’ ფუნქციონირებდა. სასტუმრო ,,მაჟესტიკის’’ (თბილისის მარიოტი) სარდაფში – ,,მინიონის’’ კინოთეატრი, სადაც ბარიატინსკის მხრიდან (დღევანდელი ჭანტურიას ქუჩა) შეგეძლოთ შესულიყავით. დღევანდელი პანტომიმის თეატრში კი ,,სოლეი’’ იყო განთავსებული.

apolo
“აპოლო” ძველად.

იმ ხანის თბილისის კინოთეატრებიდან მხოლოდ ,,აპოლო’’ შემორჩა, მაგრამ მას უნიკალურობას სხვა გარემოებაც ანიჭებს. შენობა მოდერნის სტილში აშენდა და დღეისთვის მთელ მსოფლიოში ამ სტილით აგებული სულ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს. ევროპაში მოდერნისა და კინოს გავრცელება ერთმანეთს დაემთხვა. საქართველოში ამ ორი მიმართულების გამოხატულება აპოლოს არქიტექტურაში ერთი მთლიანი სინთეზით გამოირჩა. გარდა ამისა ,,აპოლო’’ იმ დროს რუსეთის იმპერიაში და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი იყო. გადმოცემის თანახმად ,,აპოლოს’’ პროექტი თბილისელ არქიტექტორს ლეოპოლდ ბილფელდს ეკუთვნოდა, თუმცა ამის დამადასტურებელი ცნობები არ არსებობს. შენობა მდიდარი გერმანელი კოლონისტის ხარჯებით აშენდა და თავდაპირველად მის მფლობელობაში იყო. ელექტრონული კინოთეატრის მოწყობის სამუშაოები კომპანია ,,რეიშმა’’ და კარლ ვილსისმა განახორციელეს. ხოლო შენობის არქიტექტურული ორნამენტები ჩეხ ოასტატებს – ა. ნოვაკსა და კარლ სოუჩეკს ეკუთვნით. კინოთეატრმა 1909 წელს დაიწყო ფუნქციონირება, მაგრამ თეატრის შიდა ინტერიერის მოპირკეთება მხოლოდ 1914 წელს დასრულდა.

თბილისში მოღვაწე იტალიელი მშენებლის კარლო მორეტის ცნობით, გერმანელების შემდეგ ,,აპოლო’’ იტალიელი ძმების რიჩების საკუთრებაში გადასულა. ერთი პერიოდი ,,აპოლოსა’’ და თბილისის სხვა კინოთეატრების მფლობელი მეცენატი არამიანციც იყო.

კინოოპერატორი ა. დიღმელოვი იგონებდა: ,,1918 წელს მოვეწყვე კინოთეატრ ,,აპოლოს’’ გამგედ. თეატრის მფლობელმა გ. გეგელემ დამავალა გერანული ფილმების გადამონტაჟება. მე მომიხდა აგრეთვე ამიერკავკასიაში პირველი კინოლაბორატორიის მოწყობა, რისთვისაც გეგელემ გამოგვიყო ადგილი სცენაზე, ეკრანის უკან. აქვე ავაგეთ მარტივი, უპრეტენზიო ორსართულიანი ფიცრული, სადაც ერთ მტკაველ ფართობზე მოთავსებული იყო გასამჟღავნებელი და ფილმოასლების გასამრავლებელი განყოფილებები’’. 1919-1920 წლებში ა. დიღმელოვმა ვლადიმერ ბარსკის რეჟისორობით სააქციო საზოგადოება ,,ფილმას’’ დაკვეთით გადაიღო მხატვრული ფილმები ,,თავმოკვეთილი გვამი’’, ,,მითხარ რისთვის’’ და ,,ნუ გძინავს’’. ატელიეს უქონლობის გამო გადაღებები კინოთეატრ ,,აპოლოს’’ ფოიესა და კიბეებზე თვით მაყურებელთა დარბაზშიც კი მიმდინარეობდა. სამივე ფილმი დიღმელოვმა გაამჟღავნა და დაბეჭდა თავის მიერ მოწყობილ კინოლაბორატორიაში.

კინოთეატრები იხსნებოდა ქუთაისშიც; 1907 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება კინოთეატრმა ,,რადიუმმა.’’ მოგვიანებით გაჩნდა .,,ამპირი’’, ,,მონ-პლეზირი’’, ,,თამარი’’, ,,სან-სუსი’’, ,,ელექტრო-ვიუ’’, ,,ედისონი’’… 1912 წელს კი ვასილ ამაშუკელის პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში”, პრემიერა ქუთაისში, კონოთეატრ “რადიუმში” შედგა.

1918 წელს ნანატრი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხანა დადგა. 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ახალი სისტემის ფორმირება დაიწყო. 1917 წლის თებერვალში რუსეთში გადატრიალების შედეგად დაემხო მეფის რუსეთის რეჟიმი. საქართველოს არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ  გარდა კომუნისტებისა, მხარი არ დაუჭირა ბოლშევიკების მოსვლას რუსეთის ხელისუფლების სათავეში. იმავე წლის 19 ნოემბერს ეროვნულ ყრილობაზე ქართველმა თავად-აზნაურობამ მთელი თავისი ქონება გადასცა ქართველ ერს. აღსდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, 1918 წლის 26 მაისს შედგა დამოუკიდებლობის აქტი, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მთვარობა. დაფუძნდა ეროვნული გვარდია და ეროვნული საბჭო. დაარსდა უნივერსიტეტი, კონსერვატორია, გაიხნა პირველი დაწყებითი სკოლები და ხელოვნების მუზეუმი, შეიქმნა პირველი კინოატელიე საქართველოში, საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ კინოწარმოებას. პირველი ქართული მხატვრული კნოსურათის ეკრანებზე გამოსვლაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს ემთხვევა.

საუკუნეზე მეტი ხნის კინოთეატრი დღეს დაკეტილი და უფუნქციო მდგომარეობაშია.
საუკუნეზე მეტი ხნის კინოთეატრი დღეს დაკეტილი და უფუნქციო მდგომარეობაშია.

1918-1921 წლებში საქართველოში უკვე ოცზე მეტი კინოთეატრი ფუნქციონირებდა. ეს კინოთეატრები უჩევენებდნენ, როგორც საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ ფილმებს, ასევე ადგილობრივ ბაზაზე გადაღებულ დოკუმენტურ და მხატვრულ სურათებსაც. საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარების გამო ხელისუფლება სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა კინოს. თუმცა კინოცხოვრების მოწესრიგების მიზნით გარკევულ ღონისძიებებს ატარებდა. იმ პერიოდის პრესის გადათვალიერებისას საინტერესო ცნობებს ვხვდებით კინოს შესახებ. გაზეთები ,,საქართველოს რესპუბლიკა‘‘, ,,ერთობა‘‘, ,,ბარბა‘‘, ,,სახალხო გაზეთი‘‘, ,,საქართველო‘‘ და სხვა იმ დროინდელი პერიოდული გამოცემები თავიანთ დროისაგან გაყვითლებულ ფურცლებზე ქართული კინოს შესახებ არაერთ საინტერესო ცნობას ინახავენ.

1918 წელს გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა’’ წერდა: ,,თბილისის გამგეობამ აქციონერული საზოგადეობის წევრები მოიწვია სხდომაზე, სადაც განიხილეს კინემატოგრაფიული საქმის ხარჯთაღრიცხვა, დირექტორის კანდიდატის და სარევიზიო კანდიდატის არჩევა, უძრავი ქონების დაგირავება და სხვა საკითხები’’. იმავე წლის ,,სახალხო გაზეთში’’ ვკითხლობთ, რომ “ქალაქის გამგეობამ თბილისის სინემატოგრაფების თვალყურის დევნება დაავალა ქალაქის ინჟინერს კოგნოვიცკაიას.” საინტერესო ცნობაა დაცული ასევე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაშიც’’: ,,თანახმად ქალაქის გამგეობის დადგენლებისა . . . კინოთეატრები მოვალენი არიან მომსვლელნი შეუშვან მხოლოდ ყდიანი წიგნაკიდან ამოჭრილი ბილეთებით, – ეს წიგნაკები უნდა იყვნენ ზონარით გადატარებულნი და დაბეჭდილნი მილიციის ბეჭდის დასმით’’. გაზეთი ,,საქართველო’’ 1921 წლის 15 თებერვალს იუწყებოდა: ,,კინომინიონი პალასი მალე გაიხსნება, სამხატვრო ცენტრის დირექცია აცხადებს რომ თეატრის ,,მინიონის’’ ხელმძღვანელად მიწვეულია თბილისისთვის ცნობილი კინემატოგრაფების სპეციალისტი. შეძენილია მთელი რიგი მხატვრული კინოდრამების, რომელიც არჩეული არის სამხატვრო ცენტრის კონტროლის ქვეშ, რომლის მიზანია მხოლოდ მხატვრული სურათების ჩვენება. მუსიკალური ილუსტრაციებისთვის მიწვეულნი არიან გამოცდილი მუსიკოსები და თავისუფალი მხატვრები’’. 1918 წლის გაზეთ ,,ბარბას’’ ცნობით; პირველმა კავკასიურმა კინემატოგრაფიულმა ,,კინოსაიუზმა’’ კინომექანიკოსის კურსები გამოაცხადა. ამ ცნობიდან ვგებულობთ რომ სამთვიანი კურსის დასრულების შემდეგ გაიცემოდა კინომექანიკოსის სერთიფიკატი. ამავე პერიოდში თბილისში ხოდოროვის და ლეონტოვიჩის დრამატული სტუდია იყო გახსნილი, რომელიც კინოხელოვნების კლასსაც აერთიანებდა. კინომიმართულებებს რეჟისორი ვ. ბარსკი და მსახიობი მ. მირზოიანი ხელმძღვანელობდა. კინო ყოველგვარ გასართობ ინტელექტუალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებში იყო ჩართული. 1919 წლის მუშათა კლუბებში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის გათვალისწინებული იყო კინემატოგრაფის ჩევენებაც. 1919 წელს გაზეთ ,,ერთობის’’ ცნობით  ქალაქის შრომის ბირჟამ აგვისტოს ბოლოს მოაწყო მოძრავი კინემატოგრაფი, შრომის ბირჟის მიზანი იყო სახსრების გამონახვა, შრომის ბირჟის უფასო საჩაიესთვის.

გაზეთ ,,საქართველოს’’ ცნობით თანამედროვე ოჯახის პრობლემებზე გადაღებული ფილმის ჩევნებაზე მიწვეულნი იყვნენ ცნობილი ადამიანები და საზოგადო მოღვაწეები, არტისტები და ლიტერატორები. ფილმის ჩევენების შემდეგ იმართებოდა დისკუსიები.

თბილისის კინოთეატრები დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ ამერიკულ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ფილმებს უჩევნებდნენ. ამ ფილმებში იმ დროისთვის ცნობილი მსახიობები ვივიან მარტენი, მოჟუხინი, ლისენკი, მარია კარმი და სხვა ვარსკვალავები მონაწილეობდნენ. მოსკოვიდან ჩამოტანილ რუსულ ფილმებში ძირითადად ქართველი მსახიობები ლადო ალექსი-მესხიშვილი, ბარბარე ალექსი-მესხიშვილი, თამარ გედევანიშვილი, ნიკოლოზ წერეთელი თამაშობდნენ. 1915-1919 წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილი მოსკოვში არსებულ კინოსააქციონერო საზოგადოება ,,ბიოფილმის’’ მიერ გადაღებულ ფილმებში მონაწილეობდა. მიწვევები ჰქონდა ასევე ა. დრანკოვის კინოსააქციონერო საზოგადოებისგანაც, სადაც 40-მდე ფილმში ითამაშა.

ქართულ კინოს იმ პერიოდში დიდ პროპაგანდას უწევდა შალვა დადიანი, რომელმაც 1917-1918 წლებში ბაქოსა და თბილისში ორი მოხსენება წაიკითხა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში ძირითადად მნიშვნელოვანი ისტორიული ღონისძიებები გადაიტანეს ფირზე. რესპუბლიკის შეიარაღებული ძალთა დღესასწაულს ანუ სახალხო გვარდიის დღეს 12 დეკემბერს აღნიშნავდნენ. სამივე დღესასწაული ფირზე იქნა აღბეჭდილი, თუმცა აქედან მხოლოდ ორმა მოაღწია ჩვენამდე.

დამოუკიდებლობის პერიოდში კინოწარმოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცეკავშირი. მის ფართო მაშტაბიან ღონისძიებებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა კინემატოგრაფიულ საქამინობასაც. ცეკავშირი 1916 წელს ,,მომხმარებელთა საზოგადოებების ამიერკავკასიის’’ სახელწოდებით დაარსდა. 1917 წლის 8-10 თებერვალს თბილისში შეიკრიბა კავშირის რწმუნებულთა ყრილობა, რომელმაც მიიღო კავშირის ახალი წესდება, რის შემდეგაც კავშირს ეწოდა ,,ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირი’’. კოოპერატივთა კავშირის კულტურული მუშაობის ძირითად მხარეებს წარმოადგენდა საკურსო-სამოსწავლო საქმიანობა, აგიტაქცია-პროპაგანდა, წიგნით ვაჭრობა და სხვა. კავშირი პერიოდულად სხვა სახის საქამიანობასაც ითავსებდა. განსაკუთრებით გაფართოვდა ეს საქამიანობა 1919 წელს საოპერო, დრამატული და კინემატოგრაფიული კუთხით. მუხედავად იმისა რომ ცეკავშირში მუშაობის დროს გერმანე გოგიტიძეს შედგენილი ჰქონდა სპეციალური სამოქმედო თემატური გეგმა, ცეკავშირმა კინოქრონიკების გარდა მხატვრული ფილმების გადაღება ვერ შეძლო.

1918-1921 წლებში ყველაზე დიდი კინოგიგანტი კომპანია, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა ეკუთვნოდა ბელგიელ კომერსანტს პირონეს. პირონეზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ცნობილია, რომ პირონემ საწარმო 1918 წელს დააფუძნა და რუსული ფილმების გაქირავებას ეწეოდა. მისი კინოფირმა მუშაობდა მთელს ამიერკავკასიაში და თურქისტანში. გააჩნდა ოცდაათამდე საკუთარი კინოთეატრი, მათ შორის ოთხი თბილისში. საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე პირონემ თავის ქსელი რამდენიმე მილიონად მიყიდა ხელისუფლებას და წავიდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ეკარანებზე გამოვიდა პირველი ქართული მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,ქრისტინე’’. მისი სცენარზე მუშაობის და გადაღების სურვილი გერმანე გოგიტიძეს ჯერ კიდევ 1915 წელს, საკუთარ კინოთეატრში ერთ-ერთი იტალიური ფილმის ყურების დროს დაებადა. ფილმის შექმნის თარიღის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა დღემდე არსებობს. თუმცა ,,ქრისტინეს’’ 1918 წელს პირველად ჩევნების შესახებ პერიოდულ პრესაში დაცული ცნობები ეჭვს არ იწვევს.

ეს ყველაფერი 1921 წლამდე, მერე იყო წითელი რეჟიმი, და ,,აპოლოს’’ სულ სხვანაირი გატაცებები. საბჭოთა პერიოდში ,,აპოლოს’’ სახელი შეუცვალეს და ,,ოქტომბერი’’ უწოდეს. მერე და მერე ბელადების ეპოქაში საბჭოური ჩიხლიპიტო შენობები და მეტალურგიული გიგანტური ნაგებობები გაჩნდა. მაგ პერიოდში დაიკარგა ხსოვნა შაითან ბაზრისა, ავანაანთ ხევისა, ტილიპუჭურისა და სხვა ძველი თბილისის კოლორიტებისა.

1990 წელს კინოთეატრ ,,ოქტომბერს’’ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა; საბჭოური საბურველი ჩამოხსნეს და ძველი სახელი ,,აპოლო’’ დაუბრუნეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დაკარგა – ფუნქცია. უკვე ოცი წელია საუკუნეზე მეტი ხნის კინოთეატრი უფუნქციოდ არის დარჩენილი. ამ ოც წელს თუ არ ჩავთვლით, პირვანდელი დანიშნულება არცერთ ეპოქაში არ დაუკარგავს.

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ