საუკეთესო 15 ფილმი, რომელმაც სარტრის ფილოსოფიის გავლენა განიცადა

წარმოგიდგენთ ინტერნეტ ჟურნალ Taste of Cinema-ზე სანდრო სანაიას მიერ 2016 წლის 16 ივნისს  გამოქვეყნებული წერილის ქართულ თარგმანს.

ინგლისურიდან თარგმნა რევაზ ქოიავამ.

© European.ge

მეოცე საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში პოპულარული გახდა ახალი ლიტერატურული ჟანრი. ჟან-პოლ სარტრმა და ალბერ კამიუმ დაიწყეს წერა თემებზე, რომელიც ეხებოდა ადამიანის არსებობას და მის კრიზისს. მას ეწოდა ეგზისტენციალიზმი, ფილოსოფიური თეორია და მიდგომა, რომელიც ხაზს უსვამს პიროვნების არსებობას და მის დამოუკიდებლობას საკუთარი განვითარების და ბედის განსაზღვრაში.

მაგრამ, როდესაც ადამიანი კითხვას სვამს ცხოვრების საზრისის, ან საკუთარი არსებობის შესახებ, იგი ამარტივებს ეგზისტენციალურ კრიზისს. ეს იყო სარტრის მთავარი თემა, მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ იგი ეგზისტენციალისტი არ არის. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა არა მარტო სოციოლოგიაზე, კოლონიურ და პოსტკოლონიურ თეორიებზე, არამედ თავისი კვალი დატოვეს კინემატოგრაფიაზეც. მას ქონდა ღია ურთიერთობა მნიშვნელოვან ფემინისტ თეორეტიკოს სიმონ დე ბოვუართან. ისინი ერთად უპირისპირდებოდნენ იმ პერიოდის კულტურულ და სოციალურ გამოცდილებას, რომელსაც ბურჟუაზიული ცხოვრების სტილი ეწოდება.

იგი ძირითადად ცნობილია ნაშრომით „ეგზისტენციალიზმი და ჰუმანიზმი“ (1946). ადრეული სარტრი დიდწილად განისაზღვრება წიგნით „ყოფიერება და არარა“ (1943), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მეორე პერიოდს. ამ დროს სამყაროში ორი ხედვა არსებობდა, კომუნისტური და კაპიტალისტური.

მისი ძირითადი იდეა იყო ადამიანის „განწირულობა თავისუფლებისთვის“, რაც ნიშნავს შემოქმედის არარსებობას. სარტრი ამბობდა, რომ შემოქმედის არარსებობის გამო ადამიანებს არ გააჩნიათ საკუთარი არსებობის საზრისი, ანუ „არსებობა წინ უძღვის საზრისს“.

ქვემოთ მოცემულია 15 ფილმი, რომელიც ატარებს სარტრის ფილოსოფიას, სვამს ეგზისტენციალურ კითხვებს, ეხება დეპრესიის, თავისუფლების სურვილის და ცხოვრების საზრისის თემებს.

Ex-Machina15. ექს მანქანა (2015)

ფილმმა, რომელიც არ ყოფილა ჩაფიქრებული ჩვეულებრივ გასართობ კინოდ, შეიძლება ითქვას მოლოდინები გაამართლა. იგი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ოსკარის ნომინანტებში მოხვდა. ასევე ნომინირებული იყო პრემიაზე საუკეთესო სცენარისთვის.

ალექს გარლანდის სამეცნიერო-ფანტასტიკურ დრამაში ალისია ვიკანდერი ბევრმა შეიძლება რობოტად წარმოიდგინოს. თუმცა ავა ჰუმანოიდია (ხელოვნური ინტელექტი). მეცნიერი ნათანი ირჩევს პროგრამისტ კალებს, რომელიც უნდა ესტუმროს მის სახლს ტყეში. მამულის ქვემოთ არის ლაბორატორია, სადაც ნათანს ყავს ავა, მისი უახლესი ფემინური ქმნილება.

კალები ინტერაქციაში უნდა შევიდეს ავასთან გარკვეული დროის განმავლობაში და დაადგინოს, აქვს თუ არა მას ცნობიერი. საინტერესოა ის, რომ ფილმში მხოლოდ ორი ადამიანი გვხვდება. დანარჩენი პერსონაჟები ხელოვნურ ინტელექტს წარმოადგენენ. კალები ნათანთან ყოფნის პერიოდში ბევრ უცნაურ მოვლენას აწყდება. ის აღმოაჩენს, რომ ნათანი მისგან საიდუმლოდ ინახავს გარკვეულ ფაქტებს და ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.

ისტორია ეხება ცხოვრების საზრისის თემას. იმას, თუ რა არის სინამდვილე და რა არა. ფილმის ვიზუალური ნაწილი უბრალოდ აღმაფრთოვანებელია, რეჟისორმა მოახერხა სარკე ექცია ფილმის უმთავრეს ნაწილად და იგი წარმოაჩენს ავას არსებობას და მის ანარეკლს კაცობრიობაში.

Leviathan14. ლევიათანი (2014)

ანდრეი ზვიაგინცევი რუსეთის მაგალითზე გვთავაზობს შესანიშნავ და ნათელ მაგალითს თეოკრატიული ქვეყნის. ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია, რომელიც ბოლო პერიოდში ყოფილი საბჭოთა კავშირის სამყაროზე შეიქმნა. ფილმს გაბედულად და გამაფრთხილებლად აქცევს ვლადიმერ პუტინის მმართველობის ქვეშ გავრცელებული პოლიტიკური ხედვების ნათლად ჩვენება და ასახვა. იგი ამავდროულად ატარებს უფრო ფართო ალეგორიულ მესიჯს. ფილმში არის ბიბლიური მომენტები და კავშირი თომას ჰობსის „ლევიათანთან“.

მთავარი გმირი კოლია (ალექსეი სერებრიაკოვი) ცხოვრობს ოჯახთან ერთად მცირე მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ქალაქის მერმა დაადგა თვალი. მაგრამ, კოლიამ მთელი ცხოვრება იქ გაატარა. მიწაზე, რომელზეც სახლი მის წინაპრებს ქონდათ დიდი ხნის განმავლობაში.

კოლია უარს აცხადებს მიწის დათმობაზე და ურეკავს თავის მეგობარ ადვოკატ დიმიტრის (ვლადიმირ ვდოვიჩენკო), რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა აქვს კოლიას მეუღლესთან. ფილმი სავსეა დიდი რაოდენობით დასალევით, არგუმენტებით და გინებით, რაც უცხო არ არის რუსეთისთვის. თუმცა, მუდმივად მთვრალი კოლიას ყურება, რომელიც მერთან დავაში მარცხდება, ფილმს ძალზე დეპრესიულად აქცევს.

ბოლომდე კოლია ჩანს პროტაგონისტად და მაყურებელი მისდამი ემპათიით არის განწყობილი, თუმცა ფილმის ბოლოს ჩნდება შეგრძნება, რომ არავინ არის პროტაგონისტი და დადებითი გმირი. პოლიტიკური კორუფცია ფილმში მხოლოდ მიწის დაპატრონების მოსურნე მერის სახით არ არის ნაჩვენები. მას წარმოადგენს ლენინის ქანდაკება სასამართლოს შენობის წინ და პუტინის სურათი მერის ოფისში, რაც კომუნისტურ შეგრძნებას უფრო ახლოს და რეალისტურს ხდის.

პერსონაჟები ეჯახებიან მთელი ფილმის განმავლობაში ეგზისტენციალურ კრიზისს. ლილია (კოლიას ცოლი) ფილმის პროლოგში თავს იკლავს და მაყურებელი იწყებს ფიქრს მის მოტივაციაზე. მერის მიერ მიწის დაპატრონება კი აჩვენებს, რომ სამართალი ყოველთვის არ იმარჯვებს.

shame13. სირცხვილი (2011)

“სირცხვილი” წარმოადგენს სტივ მაქუინისა და მაიკლ ფასბინდერის იკონური წყვილის პროდუქტს, სადაც ფასბინდერი გვთავაზობს წარმოუდგენელ პერფორმასს. იგი განასახიერებს 30 წელს გადაცილებული ადამიანის ცხოვრებას, რომელსაც გააჩნია დაუოკებელი სექსუალური ვნება, იმყოფება დეპრესიაში და იტანჯება ეგზისტენციალური კრიზისისგან.

ბრენდონი „დიდ ვაშლში“ იღვიძებს ყოველ დილით, თავის ბინაში განსხვავებულ ქალებთან ერთად, რომელთაც ის სექსის გამო ფულს უხდის. ის ცხოვრობს მარტო და ყოველ დღე უგულებელყოფს საკუთარი დის სატელეფონო ზარებს. ერთ დღესაც, და მიაკითხავს ბრენდონს ბინაში და აიძულებს შეცვალოს ცხოვრების სტილი.

ადამიანის ბუნების ბნელ მხარეებზე დაკვირვებისას ვაწყდებით აპათიას და ნიჰილიზმს, რომლითაც მოცულია ბრენდონი. სწორედ ეს გრძნობები მართავენ მის არაადეკვატურ ქცევებს, გადაწყვეტილებებს და ქმედებებს საკუთარი თანამშრომლების თუ ოჯახის წევრების მიმართ. ბრენდონი კი თავს უიმედოდ და საკუთარი ცხოვრების წესის, ასევე არასწორი პრიორიტეტების მსხვერპლად მიიჩნევს.

A-Serious-Man12. სერიოზული კაცი (2009)

ჯოელ და ითან კოენები იმ რეჟისორების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებითაც ყველა აღფრთოვანებულია და რომელთა მიმართაც კრიტიკა თითქმის არ გვხვდება. მათი ფილმი „სერიოზული კაცი“ წამოჭრის მნიშვნელოვან ფილოსოფიურ თემებს და ეხება ყველაზე მთავარ საკითხს ცხოვრების საზრისის შესახებ. ლარი გოპნიკი (მაიკლ შტულბარგი) არის ფიზიკის მასწავლებელი ებრაული ოჯახიდან. მას უამრავი პრობლემა აქვს ცოლთან, რომელიც განქორწინებას ითხოვს. ჩანს, რომ ლარის ცხოვრება დანგრევის პირასაა.

ნათლად ჩანს ბიბლიური რეფერენსი, კერძოდ კი მსგავსება იობის ცხოვრებასთან. ლარის შვილს მხოლოდ მარიხუანას მოწევა აწუხებს. განქორწინების შემდეგ მისი ცოლი „ასუფთავებს“ ლარის საბანკო ანგარიშს და იგი იძულებულია ძმასთან ერთად ჰოსტელში იცხოვროს. ლარის ცხოვრება ტანჯვაა და ჰიპოთეტურად მან უნდა ჩააბაროს გამოცდა ღმერთთან, დარჩეს რა საკუთარი პრინციპების ერთგული.

being-john-malkovich-199911. გახდი ჯონ მალკოვიჩი (1999)

იმ დროში, როდესაც რეალობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნორმალური იყო და საუკუნის დასასრულს ყველაფერი არასტაბილურად მოჩანდა, სპაიკ ჯონსმა გადაიღო ფილმი ჯონ მალკოვიჩზე, ცნობილ მსახიობზე.

კრეიგ შვარცი (ჯონ კიუსაკი) არის საშუალო ხნის თოჯინების ოსტატი, რომელიც უმუშევარია და იძულებულია თავისი ცოლი ლოტა შეინახოს (კამერონ დიასი). იგი იწყებს მუშაობას უცნაურ კომპანიაში, სადაც პოულობს უცნაურ პორტალს, რომელსაც პირდაპირ მალკოვიჩის თავში მიჰყავს. იგი ხედავს მალკოვიჩს თვალებით. დრო მალკოვიჩის თავში შეზღუდულია და კრეიგი გადაწყვეტს ფულის გაკეთებას, რადგანაც ყველას სურს ამ თავში მოხვედრა.

ცხადია, რომ კრეიგი და ფილმის სხვა პერსონაჟები იმყოფებიან ეგზისტენციალურ კრიზისში ყველას უყვარს სხვის გონებაში ყოფნა, სხვისი თვალებით სამყაროს აღქმა, რადგან თავად ვერ იტანს გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. ეს უფრო ვუაიერიზმს გავს, სხვისი ცხოვრების, განსაკუთრებით კი სექსუალური აქტების თვალთვალს.

ფილმი აჩვენებს გაუცხოებას ცნობილ ადამიანებს, „მაღალ ფენასა“ და ჩვეულებრივ, ნორმალურ ხალხს შორის. თითქოს ისინი ერთ რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა მას სხვადასხვა პერსპექტივიდან აღიქვამენ.

Taste-of-Cherry-199710. ალუბლის გემო (1997)

შეიძლება ითქვას, რომ ეს აბას კიაროსტამის საუკეთესო ფილმია. იგი კითხვას სვამს ცხოვრების საზრისის შესახებ. მთავარ გმირს, შუა ხნის ბატონ ბადის სურს თავის მოკვლა, მაგრამ ესაჭიროება სხვისი დახმარება. ვინც მას სწრაფად დაასაფლავებს ალუბლის ხის ქვეშ. იგი მოგზაურობს ირანში ამ ადამიანის მოსაძებნად, თუმცა ყველა შემხვედრი უარს ეუბნება.

ზოგიერთი ცდილობს დაარწმუნოს, რომ ცხოვრება მშვენიერია, ხოლო თვითმკვლელობა სისუსტე. იგი ხვდება განსხვავებულ ადამიანებს, ახალგაზრდა ქურთ ჯარისკაცებს, ავღანელ სემინარიელებს. მალე კი მიაგნებს თურქ ფიტულების დამამზადებელს, რომელსაც ყავს ავადმყოფი შვილი და რომელმაც თავად სცადა ადრე თვითმკვლელობა. სწორედ იგი დათანხმდება დაეხმაროს ბადის სიკვდილში.

ფილმი არ არის მხოლოდ სიკვდილ-სიცოცხლეზე ან ცხოვრების საზრისზე. იგი არის ადამიანზე, რომელსაც სურს სიკვდილი, რადგან ვერ პოულობს საზრისს ცხოვრებაში. აღმაფრთოვანებელია, როგორი მშვიდი და თავის თავში დარწმუნებულია ბატონი ბადი და როგორ არ განიხილავს ის გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობას. მას ყავს კარგი ოჯახი, ცხოვრობს კარგი ცხოვრებით, გამოიმუშავებს დიდ ფულს, თუმცა დაღლილია ყველაფრით. ასისტენტის ძებნის პერიოდში იგი ხვდება განსხვავებული მორალის ადამიანებს. ამავდროულად მას საკუთარი მორალი და მიზეზები გააჩნია, რატომაც სურს სიკვდილი.

blow-up9. ფოტოგადიდება (1966)

მიქელანჯელო ანტონიონის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი, რომლის მოქმედებაც ლონდონში ხდება. თომასი არის ახალგაზრდა ფოტოგრაფი და მისი ძირითადი ინტერესია პოპ მუსიკა, სექსი, მოდა და ნარკოტიკები.

ერთ დღესაც ის მიდის პარკში და იღებს მამაკაცის და ქალის ფოტოებს. ქალი მიყვება სტუდიამდე, რადგანაც სურს ფოტოების უკან დაბრუნება და მათ მისაღებად ყველაფერზე თანახმაა. სურათების გადიდების შემდეგ თომასი აღმოაჩენს, რომ შემთხვევით გადაიღო მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის ფოტო. იგი აღმოჩნდება უცნაურ ვითარებაში, რადგანაც მას არ შეუძლია შეამოწმოს ნამდვილად მოხდა თუ არა მკვლელობა და რა განაპირობებს მის რწმენას რეალობაში.

იგი ბრუნდება პარკში და იპოვის გვამს. თუმცა ბევრს არ სჯერა, რეალურად ხედავს თუ არა იგი მიცვალებულს. ბოლო სცენაში კოლეჯის ბავშვები თამაშობენ ჩოგბურთს წარმოსახვითი ბურთით, თუმცა ტომასი დარწმუნებულია, რომ იგი ბურთს ხედავს. ფილმი აჩვენებს, რომ რთულია დაინახო, რა არის რეალური.

3-Iron-20048. ცარიელი სახლი (2004)

ეს არის პროფანული სასიყვარულო ისტორია, რომელიც კიმ კი დუკმა ერთი დეკადის წინ გადაიღო. ტაე-სუკი არის ახალგაზრდა მარტოსული ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მოტოციკლი გააჩნია. იგი აკრავს ფლაერებს სახლებს და თუ საღამოს ფლაერები კვლავ ადგილზე დახვდა, შედის ამ სახლში და ცხოვრობს იქ რამდენიმე დღე.

მიუხედავად ამისა, ის არ იპარავს არაფერს. პირიქით, ალაგებს სახლს, რეცხავს ჭურჭელს, ასევე აკეთებს გაფუჭებულ ნივთებს. ერთხელაც ის გადადის მდიდრულ სახლში, სადაც თვლის, რომ მარტო იქნება. მან ვერ შეამჩნია დიასახლისი, სუნ-ჰვა, რომელიც ქმრის ტყვეობაში იმყოფება.

მალე ქმარი ბრუნდება და ცდილობს ეჩხუბოს სუნს, მაგრამ ტაე-სუკი ცემს მას გოლფის ჯოხით და გადაარჩენს გოგოს. ამის შემდეგ ისინი ერთად გადადიან სახლიდან სახლში. მათ აქვთ უცნაური სასიყვარულო ისტორია, რადგანაც ფილმის განმავლობაში ერთმანეთთან არ ლაპარაკობენ.

მოხუცი კაცის სახლში შეჭრის შემდეგ, ისინი აღმოაჩენენ მას მკვდარს, საიდანაც იწყება პრობლემები და სუნ-ჰვა იძულებულია დაბრუნდეს სახლში. თუმცა, ტაე-სუკი არ ივიწყებს მას და ფილმის დასასრულს დახმარებას აღმოუჩენს. ეს არის ანტონიონის „ფოტოგადიდების“ მსგავსი ფილმი, რადგანაც ორივე რეჟისორი იყენებს მსგავს მეთოდს რეალობაზე შეკითხვის დასასმელად. ანტონიონი ჩოგბურთის, ხოლო კიმი გოლფის ბურთს.

Au-Hasard-Balthazar7. ასეთია ცხოვრება, ბალთაზარ (1966)

ეს არის მარტივი ისტორია ვირზე და რთულ ცხოვრებაზე, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. რობერტ ბრესონის გადაღებული ფილმი უცნაურია, რადგან იგი ვირის ცხოვრებას ეხება. თუმცა ეს მხოლოდ სიმბოლო და მეტაფორაა იმის საჩვენებლად, თუ როგორი სასტიკი შეიძლება იყვნენ ადამიანები. მაშინ, როდესაც ბალთაზარი ჯერ კიდევ პატარა იყო, მას შინაური ცხოველივით ეპყრობოდნენ, ხოლო როდესაც ის გაიზარდა, საშუალო სტატისტიკურ ფერმის ცხოველად აქციეს.

ფილმი მიყვება ბალთაზარს დაბადებიდან სიკვდილამდე და წარმოადგენს სულისშემძვრელ ისტორიას. იგი აჩვენებს ვირს, ერთ-ერთი ყველაზე სულელ ცხოველს, თუ როგორ იღებს იგი თავის ცხოვრებას.

ტანჯვის პერიოდში ბალთაზარს ყავს ბევრი მფლობელი. თავიდან არის მარი, რომელიც აძლევს სახელს. თუმცა მარის პრობლემების გამო ვირი გადაყავთ ადგილობრივ მცხობელთან, რომლის შვილიც ჩაგრავს ბალთაზარს. ერთ დღესაც ის ცუდად გახდება და ისინი მის მოშორებას გადაწყვეტენ, თუმცა ადგილობრივი ლოთი არნოლდი გადაარჩენს ბალთაზარს. მალე ვირი ადგილობრივი ცირკის მფლობელობაში აღმოჩნდება, რადგანაც მას მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლია. თუმცა მალე ვირი უბრუნდება მარის და მის მამას.

ბრესონის გენიალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი საშუალებას გვაძლევს შევხედოთ საგნებს მარტივად, სულელი ვირის თვალებით. თუმცა ფილმში არ არის სცენა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ბალთაზარის შესამჩნევი ემოციები. ვირი უბრალოდ დადის, ელოდება და ემორჩილება ბრძანებებს.

mulholland-drive6. მალჰოლანდ დრაივი (2001)

დევიდ ლინჩი ცხადად არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიურეალისტი კინორეჟისორი, იყენებს რა თავის უნარებს ადამიანის გონების ყველაზე ბნელი მხარეების ინტერპრეტაციისთვის.

“მალჰოლანდ დრაივი” არ წარმოადგენს ფილმს, რომელსაც თქვენ უყურებთ შაბათ საღამოს ოჯახთან ერთად. ორი მთავარი პერსონაჟი არის ბეტი და რიტა. რიტას აქვს ამნეზია, ხოლო ბეტი ეხმარება საკუთარი ცხოვრების აღდგენაში. ფილმის განვითარებასთან ერთად, ლინჩი წარმოგვიდგენს სხვა პერსონაჟებს, თუმცა ფილმს შინაარსობრივი სიუჟეტური განვითარება არ გააჩნია. ფილმი ჰიპნოტურია და რთული გასაყოლად. ერთს მივყავართ მეორესთან, თუმცა ეს არ არის ჩიხი.

ადეკვატური მიზეზი არ არსებობს, რომ ფილმს ლოგიკურად მიყვე. არის ბევრი სიზმარეული მომენტი და შეიძლება ითქვას, რომ “მალჰოლანდ დრაივი” მთლიანად სიზმარია. შენს ლოგიკას ძალა უნდა დაატანო, რომ ფილმის სიუჟეტმა შენი გონება არ ააფეთქოს. ფილმიდან ზოგიერთი სცენა არის ემოციური, თუმცა მათ ცალკე გამოყოფას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

The-Fifth-Seal5. მეხუთე ბეჭედი (1976)

მეხუთე ბეჭედი არის უნგრული შედევრი, რომელიც ზოლტან ფაბრიმ გადაიღო და მისთვის მოსკოვის კინო ფესტივალის ოქროს პრიზი დაიმსახურა. ეს არის ფაბრის მეორე ფილმი, რომელიც ფერენც სანტას ნოველას დაეფუძნა. სანტა თვითონ არის სცენარის ავტორიც. ფილმი გადაღებულია ბუდაპეშტში და ასახავს ნაცისტების ოკუპაციის პერიოდს. თუმცა სვასტიკის ნაცვლად, სიმბოლო გარდაქმნილია უცნაურ ჯვრად, რომელიც ნაცისტი ჯარისკაცის უნიფორმაზეა გამოსახული.

წიგნების გამყიდველი, მესაათე, დურგალი და ბარმენი ტრადიციულად იკრიბებიან. დიალოგი მათ შორის იწყება შეკითხვით: თუ ერთი უნდა მოკვდეს ამ დღეს, ხომ შეიძლება იგი ხელახლა ძლევამოსილ და მდიდარ დიქტატორად დაიბადოს, რომელსაც სჯერა, რომ არაფერს მცდარს და არაეთიკურს არ აკეთებს? თუ ხელახლა დაიბადება მონად, რომელსაც პერმანენტულად შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ ბედნიერია, რადგან იცის, რომ არაფერს ცუდს არ აკეთებს?

სასურველია, მაყურებელს წაკითხული ქონდეს ბიბლია, რადგან ფილმის სახელი ბიბლიურია. „როდესაც მან გახსნა მეხუთე ბეჭედი, მე საკურთხევლის ქვეშ დავინახე ღმერთის სიტყვისთვის მოკვდინებული ადამინების სულები” (გამოცხადება 6:9).

ფილმი დაყოფილია სამ ნაწილად. პირველ ნაწილში პერსონაჟები საუბრობენ ბარში, მეორე ნაწილში ისინი ბარის გარეთ იმყოფებიან, ხოლო მესამე ნაწილში ყველა მათგანი აღმოჩნდება ექსტრემალურ სიტუაციაში, რომელიც მთლიანად შეცვლის მათ პირვანდელ გადაწყვეტილებებს. ეს არის ფილმი ადამიანის მიერ ცხოვრებისეული არჩევანის გადააზრებაზე.

Winter-Sleep4. ზამთრის ძილი (2014)

ნური ბილგე, მსოფლიო დონის რეჟისორი თურქეთიდან, ამ ფილმით ოქროს პალმის მფლობელი გახდა. „ზამთრის ძილი“ ევროპული არტ ჰაუს ფილმია. აიდანი არის გადამდგარი თეატრის მსახიობი, რომელიც ფლობს სასტუმროს ახალგაზრდა ცოლ, ნიჰალთან ერთად ანატოლიაში. ფილმის სცენარი ეფუძნება ჩეხოვის მოთხრობას „ცოლი“.

აიდანს და ნიჰალს ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობა არ აქვთ. აიდანის და, ნეკლა ასევე იტანჯება განშორებით. ზამთრის და თოვლის მოსვლასთან ერთად, სასტუმრო სულ უფრო და უფრო ემსგავსება თავშესაფარს. ფილმი ძირითადად არის სიყვარულზე, რელიგიაზე, დამარცხებაზე და ბევრ სხვა თემაზე, რომელიც ეხება ადამიანის აზროვნებას.

თითქმის სამ საათიანი და მდორე ტემპში მიმავალი ფილმი თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ გაძლევს ძილის საშუალებას. ამასთან ერთად, კამერის მუშაობა და მონტაჟი იდეალურად აღწერს სასტუმროს ინტერიერს და გარემოს. პერსონაჟები იზოლირებული არიან გარეშე სამყაროსგან, რაც იწვევს მათ გაუცხოებას ტურისტებისგან, რომლებიც სასტუმროს სტუმრობენ.

A-Pigeon-Sat-on-a-Branch-Reflecting-on-Existence3. მტრედი იჯდა ტოტზე და ცხოვრებაზე ფიქრობდა (2014)

როი ანდერსონის ტრილოგიის ბოლო ფილმი („სიმღერები მეორე სართულიდან“ და „შენ, მცხოვრები“). ანდერსონი სიურეალისტი რეჟისორია. მის ფილმებს არ გააჩნიათ სიუჟეტი, თუმცა ყავთ რამდენიმე მთავარი პერსონაჟი. ფილმში გვყავს ჯონათანი და სემი, რომელიც ყიდის გამოგონებებს, თუმცა სიმორცხვის არც თუ ისეთი წარმატებით.

მალე, ჯონათანი, რომელსაც დასცინოდნენ და ჩაგრავდნენ სენსიტიურობის გამო, იწყებს ფიქრს, თუ რა არის მის ცხოვრებაში მცდარი. ყველაფრის ცვლილება იწვევს პრობლემებს სემის ცხოვრებაში. ანდერსონი კი ფილმში ცდილობს სიკვდილი მსუბუქად წარმოაჩინოს.

ფილმი სავსეა სიურეალიზმით და ერთმანეთთან ლოგიკურად დაუკავშირებელი სცენებით, რომელიც არაფერს არ აღწერს. თუმცა შავი იუმორი, რომელიც ანდერსონმა კარიერის განმავლობაში დახვეწა, და მუსიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფილმის პროგრესში, აქცევს რა მას ადვილს და სასიამოვნოს საყურებლად.

Apocalypse-Now-19792. აპოკალიფსი დღეს (1979)

ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმს ვიეტნამზე უზარმაზარი გავლენა ქონდა გვიან 70-იანებში. ვიეტნამის ომი იმდროინდელი ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. სამოქალაქო პირები ეწინააღმდეგებოდნენ უაზრო ომს, რომელიც ტოტალური ფიასკოთი დასრულდა. კოპოლა ამბობდა: „ჩემი ფილმი არ არის კინო, იგი არ არის ვიეტნამზე, ეს ვიეტნამია. ეს არის, თუ როგორ გამოიყურება იგი რეალურად“.

მარლონ ბრანდოს გმირი, პოლკოვნიკი ვოლტერი, ასახავს სინამდვილეს ვიეტნამზე და აჩვენებს მის რეალურ სახეს. ადამიანები გიჟდებიან, მათ აქვთ დიდი ფული, უკეთესი აღჭურვილობა, ისინი არიან ბევრნი და ჰიპნოზის ქვეშ ამყოფებენ ვიეტნამელებს, როგორც ვოლტერი ერთ-ერთ სოფელში.

ეგზისტენციალურად შეიძლება ჩანდეს, რომ ვოლტერი ომის გამო გაგიჟდა. მას არ შეუძლია გაიგოს რა ხდება და ამიტომაც ემორჩილება თავის გამოგონილ წესებს.

ფილმი გრძელდება ორსაათნახევარი და ჩვენ ვისმენთ ისტორიებს ვოლტერის შესახებ, თუმცა მას მხოლოდ ბოლო ნახევარ საათში ვხედავთ. სხვა მხრივ, ფილმი წარმოადგენს თავად ომის კრიტიკას. ამ ომის თაობა ითვლება მენტალურად არასტაბილურად, უსარგებლო მატყუარებად, ისინი ხშირად ჩადიან სუიციდს. ბრანდოს გმირი კი მთელი ერის იმ პერიოდის ტკივილის განსახიერებაა.

the-seventh-seal-chess-game1. მეშვიდე ბეჭედი (1957)

სავარაუდოდ, ეს არის ბერგმანის საუკეთესო ფილმი, რომელმაც მეოცე საუკუნის კინემატოგრაფია ახალ დონეზე აიყვანა არა მხოლოდ სიუჟეტურ, არამედ ოპერატორულ დონეზეც.

შუა საუკუნებრივი პასაჟი იწყება და მთავრდება სიტყვებით აპოკალიფსიდან: „როდესაც მან გახსნა მეშვიდე ბეჭედი, ზეცაში საათნახევრით სიჩუმემ დაისადგურა“. მორალურობა, სიკვდილი და ეგზისტენციალური დილემა არის ბერგმანის მთავარი თემები.

რაინდი ბუკვალურად ეთამაშება ჭადრაკს სიკვდილს. ისტორია გვიყვება რაინდ ანტონიუსზე და მის საჭურველმტვირთველ იონსზე, რომლებიც ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ შვედეთში ბრუნდებიან. სიკვდილი უპირისპირდება რაინდს ჭადრაკის თამაშში. ანტონიუსი ვერ პატიობს თავის თავს სიკვდილს და ტანჯვას, რომელიც მან უბრალო ადამიანებს მიაყენა ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ამ მიზეზით ის ვერ პოულობს სულიერ სიმშვიდეს.

ფილმში ასევე ვხვდებით უბრალო კაცს იოფს და მის ცოლს, მიას. ეს სახელები იოსების და მარიამის ასოციაციას იწვევენ. ფილმი ეხება ღმერთის არსებობას, უფრო სწორად რაინდი სვამს შეკითხვას ღმერთის არსებობის შესახებ და აბარებს აღსარებას სიკვდილს. თუმცა, სიკვდილიც კი ვერ ანიჭებს მას სიმშვიდეს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ