ტატო ხუნდაძე: მუდმივი პასიური რევოლუცია

უკვე 25 წელი გავიდა, ხალხი დაიღალა. არ ეგების როცა, ადამიანი საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენს, რადგან ასეთ კაცსა და თუ ქალს დაკარგული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. რეალობა მკაცრია, ბევრი დაიჩაგრა და დღესაც იჩაგრება. თუმცა ჩვენ მამაცურად უნდა განვეწყოთ და შევხედოთ რეალობას თვალებში, თუნდაც მკაცრს, დამამცირებელს, აბუჩად ამგდებს, მშიერს და მწყურვალს, უცხოეთში გადახვეწილს, სამსახურიდან გაგდებულს, მონურს და ცხოვრება დანგრეულს. და რა არის ეს ჩვენი გამოცდილება: „თავისუფლებისკენ“ ამაყი სწრაფვა, შემდეგ დამცირება, ნგრევა, პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობა, მომხვეჭელობა, ქვეყნის დანაკუწება, შიმშილი, დაცარიელებული სახლები, „ლამპის“ შუქზე წაკითხული სკოლის წიგნები, ნეოლიბარალური ფუნდამენტალიზმი, ციხეში გაუპატიურებული ადამიანური ღირსება, სიღარიბე და შიმშილი.

მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ დამოუკიდებლობა ჩვენ გვჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი სარკეში და გული აგვერიოს, რაც შემდგომში შესაძლებელს გახდის ჩვენს რეალურ გათავისუფლებას. განა არ არის ზემოთ ჩამოთვლილი საკმარისი ამ საქმისთვის? გაბრაზება, მოთქმა და გოდება, იმის შესახებ თუ როგორ დაგვინგრიეს ბავშვობა და ახალგაზრდობა ჩვენმა მამების თაობამ არ ივარგებს. ისინიც გახდნენ გარემოებების მსხვერპლნი, იქნებ ჩვენ უფრო უარესი ამბები დაგვეტრიალებინა. მთავარია, როცა გავა კიდევ 25 წელი, ჩვენმა შვილებმაც არ თქვან იგივე, რომ ჩვენც გავხდით გარემოებების პატიმრები.

მარქსის მიხედვით, როცა ადამიანი იაზრებს პრობლემას, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია ან მოგვარების პროცესშია. ჩვენი მუდმივი დაბრკოლება იყო და დღესაც რჩება რეალობის დამახინჯებული აღქმა. ყალბი რეალობის შეგრძნება, კი ვერ გახდება ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრის წინაპირობა და ვერც განვითარება იქნება შესაძლებელი.

მარინა მუსხელიშვილი, თავის წერილში „განვითარება, გლობალიზაცია და ახალი უთანასწორობები საქართველოში“, აღნიშნავს რომ შესაძლოა ეკონომიკური უთანასწორობის ძირითადი მიზეზი ეს არის არა გლობალიზაციის პროცესში სწრაფი მონაწილეობა, არამედ ამ სისტემაში სუსტი ჩართულობა. თუმცა შესაძლებელია საპირისპირო ვამტკიცოთ, პირიქით გლობალიზებული სისტემა ნიშნავს იმას, რომ “ღირებულებათა ჯაჭვში” ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ჩვენი დღევანდელი ფუნქციაც არის ისეთი, როგორიც არის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციის შედეგად სამყარო მეტად „ლიკვიდური“ გახდა და ერი-სახელმწიფოები ნაკლებად განსაზღვრავენ საკუთარ ბედს, საქართველოს შემთხვევაში ჩვენს ფუნქციას გლობალურ ეკონომიკურ ჯაჭვში, მეტწილად განსაზღვრავს ჩვენი პოსტ-კოლონიალური წარმოდგენები სამყაროს მიმართ, რომელიც თავის მხრივ ნიშნავს მუდმივად სხვის ანაბარად ყოფნას. აქ მნიშნველოვან როლს თამაშობს ე.წ. path dependency (წარსულზე დამოკიდებულება), როცა შენი წარსული ქმნის აწმყოსაც და მომავალსაც, რადგან განვლილ გზას ვერ აფასებ და თავად იქცევი გაუაზრებელი წარსულის ტყვედ.

სათქმელს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ ვართ ამ ჯაჭვში, იმიტომ რომ ვერ ვიაზრებთ სად ვართ და რატომ ვართ. და მაინც როგორია დღეს ჩვენი ფუნქცია? შევუცვალოთ აღმნიშვნელ ფუნქციას მნიშვნელობა, უფრო სწორად მივანიჭოთ მას მათემატიკური საზრისი. კერძოდ, თუ ჩავთვლით რომ F(x)=x2 ფუნქცია არის აზროვნების დღევანდელი მდგომარეობა და გავატარებთ x-ის სხვადასხვა მნიშვნელობებს მასში, რა შეიძლება მივიღოთ? ცხადია სოციალური რეალობა არ დაიყვანება მათემატიკურ ფორმულებამდე, თუმცა ამ უხეში ანალოგიით შეგვიძლია მივხვდეთ, X-ის ნებისმიერი მნიშვნელობისთვის, იგი იქნება x2-ის ტოლი. და რა არის ეს ფუნქცია? ეს არის ჩვენი აზროვნების მდგომარეობა. რაც არ უნდა გავატაროთ ჩვენს აზროვნების მდგომარეობაში, იგი ყოველთვის იქნება ამ ფუნქციის მიერ გადამუშავებული ერთეული და მისსავე ლოგიკაში გამოჭედილი რეზულტატი. აზროვნების ეს მდგომარეობა ცვლის დემოკრატიის შინაარს, რადგან იგი ქმნის დემოკრატიული პროცესის სიმულაციას. თავისუფლება გადაიქცევა, წარმოსახვით თავისუფლებად, რადგან ჩვენი აზროვნების მდგომარეობა წარმოქმნის თავისუფლების ბოროტ სიმულაკრს. ფაქტიურად ჩვენი რეალობა წინასწარ არის დეტერმინირებული არსებული ცოდნებით, რომლებიც განსაზღვრავენ განუვითარებლობის მდგომარეობას, როგორც ასეთს. გალტუნგი სავარაუდოდ ამ ვითარებაზე იტყოდა, რომ ჩვენ ვართ ე.წ. „ბოროტი სტრუქტურის“ ნაწილი, რომელიც ახდენს ნეგატიური პოლიტიკური შედეგების კვლავწარმოებას.

რეალობის დამახინჯებული აღქმა წარმოქმნის გრამშიესეული „პასიური რევოლუციების“ მთელ წყებას. „პასიური რევოლუცია“, არის რევოლუციის ილუზია, რომელიც ემსახურება ელიტებს და უგულვებელყოფს ხალხის ინტერესს. „პასიური რევოლუცია“ იყო დამოუკიდებლობის მოპოვება, რომლის „ემანსიპაციის კოეფიციენტი“ ნოლის ტოლია. იგივე იყო „ვარდების რევოლუცია“ და იგივე მდგომარეობაში განვაგრძობთ დღეს ცხოვრებას. საქართველოს ევროპეიზაცია შეგვიძლია მივიჩნიოთ პასიური რევოლუციის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად. ევროპული ინტეგრაცია იქცა რაღაც ტიპის ასიმპტოტად, რომელიც მუდმივად უახლოვდება რეალობას (თუმცა არ კვეთს მას), მაგრამ რეალური არ არის და სინამდვილეში ეს მიახლოებაც არანამდვილია.

„არანამდვილი სინამდვილეა“, როგორც ნაირა გელაშვილი მოსწრებულად ამბობს. ვიყოთ რაღაცის მსგავსი, ან ვიღაცის მსგავსი, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია შემოქმედება. ჩვენ კი არ ვახდენთ რაღაც გამოცდილებების გადახარშვას და გათავისებას, არამედ ვქმნით მსგავს ფანტომებს, რომელიც არანამდვილია. ეს არის წარმოების პროცესი, რომელიც კაპიტალისტურ სისტემასთან არის ბმაში. როცა კონვეირის მეთოდით მუდმივად აწარმოებ და ხარ გაუცხოებული შენს გამოცდილებებთან, იმიტომ რომ ეს გამოცდილება შენი არ არის. ევროპული ღირებულებების დანერგვა, რომელიც თითქოს უნდა გულისხმობდეს საზოგადოების ფუნდამენტურ ცვლილებას, შეუძლებელი რამ არის. უფრო მეტიც, ეს თვით-კოლონიზაციის გარკვეული ფორმაა და თავისი შინაარსით ტოტალიტარულია, რომელიც უგულვებელყოფს კაცობრიობის გამოცდილებას პოლიტიკის საზრისის შესახებ.

თვითკოლონიზაციაა, იმიტომ რომ ჩვენი ელიტები ევროპულ ინტეგრაციას წარმოგვიჩენენ, ჩვენი ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზად და ამით ახდენენ კოლონიური აზროვნების რეპროდუქციას (ანუ როცა ქადაგებენ, რომ ყველაფერს შენს მაგივრად სხვა გააკეთებს). ტოტალიტარულია, იმიტომ რომ ეს პროცესი იჭრება ჩვენი ცხოვრების თითოეულ უჯრედში, დელიბერაციული სივრცის მუდმივი ლიკვიდაციით. დემოკრატიის ექსპორტი ვერ განხორციელდა ერაყში, იმიტომ რომ დემოკრატია შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის შედეგად. ასევეა საქართველოშიც, დემოკრატიას, პოლიტიკურ კულტურას, ევროპულ ღირებულებებს, ვერ ისწავლი ტრეინინგებზე. ეს ყველაფერი გარკვეული დაძაბულობის და გამოცდილების შედეგია.

ღირებულება არსებობს მაშინ, როცა ჩვენ ვთანხმდებით მასზე. თუ იგი თავსმოხვეულია და ჩვენ არ ვაღიარებთ მას, იგი მკვდრად შობილია, ლიკვიდურია, და გაუფასურდება “გოცირიძის კუპონივით”. შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ თუ მოვახდენთ გრამშის პასიური რევოლუციისა და ტროცკის მუდმივი რევოლუციის კონცეპტების უხეშ სინთეზს, ჩვენი მდგომარეობის აღწერისთვის შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი კონცეპტი: მუდმივი პასიური რევოლუცია (ადამ დევიდ მორტონი იყენებს იგივე ტერმინს ლათინური ამერიკის კონტექსტის აღწერისას).

მავანი, აქ დასვამს კითხვებს. მაინც როგორ არის შესაძლებელი არა პასიური, არამედ ნამდვილი რევოლუციის მოხდენა, რომელიც გაგვათავისუფლებს უპერსპექტივობის შეგრძნების ჭაობიდან? რა თეორიით ავხსნათ ჩვენი „განვითარების განუვითარებლობა“? როგორ ხდება ისე, რომ რაღაც მცდელობების მიუხედავად, ყველაფერი ხელიდან გვისხლტება და ყველა შედეგი x2 – ის ტოლია? ან იქნებ სწორედ ეს x2 -ია ჩვენი ხვედრი?

პროგრესი და განვითარება შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ როცა შენ უბრუნდები პირველად შეკითხვებს, რომელიც აქცევს ადამიანს პოლიტიკურ არსებად. ახლა არის ჟამი, როცა ჩვენი გადარჩენის ალბათობა დამოკიდებულია ასეთი ტიპის ფუნდამენტური კითხვების დასმაზე. ვერც პლატონი და ვერც მარქსი, ვერ გაგვცემს ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. პასუხი იქცევა ხდომილებად მხოლოდ რეალურ პროცესში, ჩვენი ძალისხმევის შედეგად.

რა უნდა გავაკეთოთ?

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ