„დროება, რომელშიც ძველი ჯერ კიდევ არ კვდება და ახალი ჯერ კიდევ არ იბადება, მონსტრების დროებაა.“
ანტონიო გრამში[1]
შესავალი
ბერტოლტ ბრეხტის პიესაში „გალილეოს ცხოვრება“, მთავარ ეპონიმურ გმირს, გალილეოს, თავისი სტუდენტი ანდრეა ეკამათება. მოსწავლე შეცბუნებულია, რადგან მან, დიდებულმა პიროვნებამ, უარყო მოწაფის მიერ გამოთქმული აზრი: “უბედურია ქვეყანა, რომელიც გმირს არ შობს”. გალილეო მშვიდად პასუხობს: “უბედურია ქვეყანა, რომელსაც სჭირდება გმირი.” და ის აგრძელებს მუშაობას ხელნაწერზე, რომელსაც შემდგომ გადასცემს გაკვირვებულ მოსწავლეს, რომელიც პიესის ბოლოს ხვდება, რომ მიღწეულია მთავარი მიზანი: ჭეშმარიტი მეცნიერული აზრის დასაბუთება, ტელესკოპის მეშვეობით – თუ როგორ ბრუნავს მზის გარშემო დედამიწა.
ჭეშმარიტი იდეები განაგრძობენ სიცოცხლეს.
ისინი არასდროს კვდებიან, რადგან მათ მუდმივად აცოცხლებენ ადამიანები, რომლებსაც ასევე ჭეშმარიტად სჯერათ ამ იდეების.
მაგალითად, ასეთი იყო ურუგვაელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი, ედუარდო გალეანო, რომელსაც სიცოცხლის მანძილზე, მისი მოქალაქეობრივი აქტივიზმის განმავლობაში, არასოდეს უარუყვია თავისი შეხედულებები, არც პირად საუბრებში (თუ ტარიქ ალის დავეყრდნობით) და არც საჯაროდ. მასაც არ სწამდა ‘გმირების’. თავის გენიალურ წიგნში „Open Veins of Latin America,” ლათინური ამერიკის ისტორიული განვითარების მაგალითზე, მან აღნიშნა, რომ „თანამედროვე განვითარება აწარმოებს უთანასწორობას, ჩაგვრას, დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის ქვეშ“[2]. ამავე წიგნში კოლონიალური დისკურსის კრიტიკისას ის ამბობს, რომ „ჩვენს მარცხს ყოველთვის განაპირობებდა სხვათა გამარჯვება, ჩვენი სიმდიდრე ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენსავე სიღარიბის საფუძველს, სხვათა კეთილდღეობის ზრდის ხარჯზე“. ირონიულია არა? გირჩევთ წაიკითხოთ.
ჩვენც გვყავდა დიდებული ადამიანები, რომლებიც თავიანთი პოზიციებით მუდმივად იდგნენ ჭეშმარიტების ძიების გზაზე. მსგავსნი გვჭირდება დღესაც. ქართული საჯარო სივრცის აუტანელი ყოველდღიურობის შემყურეს, აუცილებლად გაგახსენდება მერაბ მამარდაშვილის სიტყვები, როდესაც ის ჩვენს საბჭოთა ისტორიულ გამოცდილებასთან დაკავშირებით, შენიშნავს: „რუსეთში ააშენეს, ზუსტად განახორციელეს ის, რისი განხორციელებაც უნდოდათ, შექმნეს ის, რაც რუსეთში თავიანთ თავს შესთავაზეს განსახორციელებლად.“[3] ჩვენთანაც ეგრეა. ჩვენ ვცხოვრობთ სოციალურ, კულტურულ და ზოგადად, საინფორმაციო სინამდვილეში, რომელიც საკუთარ თავს, თავადვე შევთავაზეთ. და მხოლოდ ჩვენ, საზოგადოებას, როგორც ერთ მთლიანობას, შეგვიძლია თავადვე გამოვძრეთ ამ აუტანელი მდგომარეობიდან ჭეშმარიტი იდეების ერთგულებით, და არა ‘გმირების’ მეშვეობით. ეს არ გახლავთ თავისთავადი პროცესი. მხოლოდ იდეურად ორგანიზებულ პოლიტიკურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის, შეუძლია გახადოს გარდაქმნა შესაძლებელი. პირველ რიგში, თავად ძალაუფლების შესახებ უკვე დამკვიდრებული მახინჯი წარმოდგენებია გარდასაქმნელი. ამ პროცესში, ბიუროკრატიული აპარატის, ფართო გაგებით „დისკურსების, ინსტიტუციების, არქიტექტურული ფორმების, მარეგულირებელი გადაწყვეტილებების, კანონების, ადმინისტრაციული ზომების, მეცნიერული დებულებების, ფილოსოფიური და მორალური წარმოდგენების“[4] (მიშელ ფუკო), როლი გადამწყვეტია. მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ქვემოთ.
ეს ტექსტი არ გახლავთ ‘გმირებზე’, რომლებიც ქმნიან ილუზიებს და განსაზღვრავენ საზოგადოების პოლიტიკურ ნარატივს. ერთი ჭკვიანი კაცის, პოლონელი სოციოლოგის, ადამ პჟერვორსკის თქმისა არ იყოს, მათ თავიანთი თავი ჰგონიათ „პოლიტიკის ბიზნესმენები“[5], რომლებსაც აზრების ორჭოფული გადმოცემით, ე.წ. „მესიჯ ბოქსებით“, მოქალაქეთა გაბითურების ხარჯზე, შეუძლიათ მიიღონ ხმები სხვადასხვა სოციალური ფენებიდან. სინამდვილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ნამდვილი პოლიტიკური დისკურსის ფორმირების ნაცვლად, გვთავაზობენ ერთგვარ „პოლიტიკურ ლატარეას“. გარდაქმნას ნამდვილი პოლიტიკური პროცესი გახდის შესაძლებელს და არა „მესიჯ ბოქსებით“ ადამიანების სააზროვნო ველში შეღწევა (მერაბ მამარდაშვილი) და მანიპულაცია. ამ ტექსტით შევეცდები გაგიზიაროთ განცდა ყოველდღიურობის შესახებ, დამოკიდებულება აბსურდთან, ჩაგვრასთან, გაუცხოებასთან, რომელსაც არა როგორც ინდივიდები, არამედ როგორც მთლიანი საზოგადოება განვიცდით, იმისგან, რაც შევქმენით თავადვე, ჩვენს გარშემო.
ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული საზოგადოება ტექსტის დასაწყისში გრამშის მიერ აღწერილ მდგომარეობაში იმყოფება. მოყირჭებული ქართული პოლიტიკური თეოლოგია ეროვნული იდეალიზმის, დამკვიდრებული მყიფე სოციალური და კულტურული წესრიგის შესახებ, ჯერაც არ მომკვდარა. ამ ეტაპზე, ახალი ნარიტივის შექმნაც შეუძლებელი ჩანს. ერთი სიტყვით, საზოგადოება გაჭედილია არსებულ უაზრო არაპროდუქტიულ დაპირისპირებაში. ერთის მხრივ, ახალი ქართული სახელმწიფოს ნარატივის შექმნა ინდივიდებს მივანდეთ, მაგრამ მეორეს მხრივ, შეუძლებელია ინდივიდებმა განსაზღვრონ უკეთესი საზოგადოების იდეური ბაზისი. რამდენჯერაც ჩვენ ვბედავთ და ვაძლევთ უფლებას საკუთარ თავს ვიყოთ ინერტულები, რამდენჯერაც ჩვენ ვბედავთ და საკუთარი თემის, ქუჩის, სოფლის, ქალაქის სივრცითი და პოლიტიკური მოწყობის იდეებზე ზრუნვას ვტოვებთ ინდივიდების ხელში, რამდენჯერაც ჩვენ ვბედავთ ვიყოთ უპასუხისმგებლო მოქალაქენი, ვბედავთ იმას, რომ არ გვქონდეს აზრი, წარმოდგენა უკეთესი გარემოს შესახებ, იმდენჯერ ვკლავთ ახალი საზოგადოების, სახელმწიფოს დაფუძნების შანსს. იმდენჯერ ვკლავთ შესაძლებლობას შევქმნათ იდეა, რომელიც ჩაენაცვლება სახელმწიფოს და საზოგადოების შესახებ მოყირჭებულ, გაცვეთილ წარმოდგენებს.
პრობლემა, როგორც გამოწვევა – ბიუროკრატიას ესაჭიროება რადიკალიზმი
რომ არ დაგაფრთხოთ, თავიდანვე განვმარტავ. შორს ვარ ნებისმიერი ექსტრემისტული ფორმის და შინაარსის მატარებელი მოქმედების პრაქტიკისგან, რომელიც სცილდება საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული და მით უფრო, ცივილური მოქმედების სტანდარტს. მოგეხსენებათ ტერმინი „რადიკალიზმი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Radix, რაც ნიშნავს ფესვს, ძირს. შესაბამისად, მოცემულ ტექსტში „რადიკალიზმს“ გამოვიყენებთ ფუნდამენტური, სიღრმისეული გააზრების თვალსაჩინოებისთვის.
ჩვენს სივრცეში საკმაოდ პოპულარული აზრია, რომ სწორედ საზოგადოება და მისი ხვალინდელი უკეთესი მდგომარეობა შეცვლის ამავე საზოგადოებაში არსებული საჯარო ინსტიტუციების ბუნებას. ამის მოლოდინში, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რაღაც მითიური „მესამე ძალის“ მოლოდინშია, რომელმაც „პოლიტიკურ ბაზარზე“ უკეთესად უნდა გაყიდოს საარჩევნო პროგრამა.
სისულელეა.
ეს მოსაზრება, ასევე ძალიან ახლოს დგას კიდევ ერთ ფართოდ გავრცელებულ მიდგომასთან, ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის და მთლიანობაში საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოწყობასთან დაკავშირებული იდეების ბიუროკრატიულ ვერტიკალში „ქვემოდან ზემოთ“ გადადინების შესახებ. ცხადია, შეუძლებელია დემოკრატიული პრინციპების მომხრე ადამიანი, რაიმენაირად წინააღმდეგი იყო მსგავსი პოლიტიკური მიზნის. თუმცა ჩვენს ყოველდღიურობაზე დაკვირვება სრულებით აშიშვლებს საპირისპირო რეალობას.
არა მარტო ჩვენთან, დასავლეთშიც, წარმომადგენლობითი დემოკრატიის პოლიტიკური სისტემა სერიოზულ კრიზისს განიცდის, რამაც ლოგიკურად ფუნდამენტალისტური განწყობების ზრდა გამოიწვია. სხვადასხვა სოციალური კლასებისა თუ ორგანიზებული ინტერესების მქონე ჯგუფების პრობლემების არტიკულირებას ტექნოკრატთა კლასი ვერ უზრუნველყოფს, რადგან ისინი არიან სტერილურები, „პოლიტიკურის“ მიღმა არსებულ სააზროვნო ველში მყოფნი. შესაბამისად, საზოგადოება ვერ ზემოქმედებს საჯარო ინსტიტუციათა იდეური ბუნების განსაზღვრაზე, რადგან ბევრ მიზეზთა გამო, მას ამის შესაძლებლობა და მექანიზმი არ გააჩნია. დღევანდელ ვითარებაში, მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში მყოფ საჯარო ინსტიტუციას შეუძლია იდეური, ჭეშმარიტი სოლიდარობის კულტურაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბება. მთავარ პრობლემას სწორედ აქ ვაწყდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ბიუროკრატია განიცდის საჭირო პოლიტიკური ცოდნის კრიზისს, რომელმაც იდეური საფუძველი, სოციალური საყრდენი უნდა შექმნას საზოგადოებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუროკრატიის რგოლების უმეტესობას არ აქვს გააზრებული ინსტიტუციონალური ცოდნა მაგალითად, თუ როგორ არის შესაძლებელი ეკონომიკური კვლავწარმოების ციკლში დავაბრუნოთ ამ ურთიერთობათა ჯაჭვიდან იზოლირებული მარგინალური სოციალური ჯგუფები, როგორ განვახორციელოთ ახალგაზრდების, მით უფრო სკოლა დამთავრებული მოწყვლადი ჯგუფების „სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის“ კვალიფიციური დაგეგმვა, რა ტიპის კომპეტენციების ნაკლებობას განიცდიან ისინი (ფორმალური და არაფორმალური განათლება), რომელიც შეუძლებელს ხდის ინტეგრირებულნი იყვნენ შრომის ბაზარზე. მაგალითად, ჩვენ განვიცდით ინსტიტუციონალური ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობას, ვისაუბროთ სეგრეგირებული ურბანული და სოციალური სივრცითი მოწყობის ალტერნატივებზე. როგორ ვუმკურნალოთ გაუცხოებას და შევქმნათ საჯარო სიკეთეები, რომლებიც ეგალიტარიანული სივრცითი მოწყობის ფუნდამენტს დაეფუძნება. ამას სჭირდება გეგმა. ამას სჭირდება ინტერვენცია. ამის გარეშე ვერ განვითარდება ბიზნესიც.
ცხადია ხარისხობროვად, სად ჩვენი პრობლემები და სად ვთქვათ, ევროპული საზოგადოების. მათ ხომ ჯერ კიდევ აქვთ საზოგადოებრივი კონსესუსი მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სოლიდარული სოციალური, ურბანული და კულტურული წესრიგის ძირითად საფუძვლებს (პროგრესული გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვა, განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვანი სუბსიდირება, ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფა შემოქმედებით სფეროში და ა.შ.). ამის მიუხედავად, ჩვენთვისაც საყურადღებოა ძალიან საინტერესო თანამედროვე გერმანელი პოლიტოლოგის (და არა მარტო მისი) Ulrike Guérot-ის კრიტიკა თანამედროვე ევროპული პოლიტიკური სისტემის, რომლის, ფართო გაგებით, ბიუროკრატიამ დიდი ხანია დაკარგა თავდაპირველი იდეური საყრდენი, კავშირი „პოლიტიკურთან“: „ჩვენ ვცხოვრობთ ფორმალური მმართველობითი წესრიგის ქვეშ, რომელმაც დაკარგა მისი უცილობელი პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების როლი, რომელიც მნიშვნელოვანია „საზოგადო სიკეთის“ უზრუნველყოფისთვის.“[6]
როცა არ გესმის მუსიკა, მოცეკვავენი გიჟებად გამოიყურებიან[7]
ერთხელ ჰეგელმა თქვა: „ჩვეულება ადამიანს თანდათან კლავს.“[8] ცხადია, ის ადამიანის ბიოლოგიური მხარის სასრულობას არ გულისხმობდა, არამედ მის სოციალურ და პოლიტიკურ ბუნებას. „თუ ადამიანის ცხოვრება სრული დღის განმავლობაში გულისხმობს მონური შრომის გაჭირვებით თავის გართმევას, რომლის დროსაც შრომით სივრცეში არსებული სამუშაო გარემო, ადამიანის სოციალურ სიკვდილს განაპირობებს.” აღნიშნული პასაჟი ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიიდან“ კარგად ასახავს თანამედროვე, პოსტ-საბჭოთა საქართველოს ბოლო 25 წლიანი პერიოდის „მორალურ მდგომარეობას.“
გამოსავალი ბიუროკრატიის იდეური ბაზისის განსაზღვრაშია. ეს ვერ მოხდება მანამ, სანამ არსებული სახელმწიფო აპარატის მარეგულირებელი გადაწყვეტილებები, კანონები, ადმინისტრაციული ზომები, არ შეიძენს მთავარ პოლიტიკურ მიზანს, განსაზღვროს სტრატეგიული სფეროები, რომლის შესაბამისად მოხდება ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა. სტრატეგიული კომუნიკაცია სტრუქტურებს შორის ვერ მოხდება, სანამ ბიუროკრატიული ვერტიკალის ზედა რგოლზე არ იარსებებს ცენტრალიზებული დაგეგმვის სტრატეგიული შრე, რომელიც მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებით უზრუნველყოფს სექტორულ უწყებებს შორის თანამშრომლობას.
დღევანდელი ჩვენი თანამედროვე სახელმწიფო ფუნქციონირებს საუნივერსიტეტო ცოდნისა და სოციუმზე მეცნიერული დაკვირვებების გარეშე. არცერთი ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის მეცნიერული ანალიზი, კრიტიკა, განსჯა სერიოზული საუნივერსიტეტო სამეცნიერო წრეების ჩართულობით არ მიმდინაორებს. არ ვგულისხმობ ფორმალურ შენიშვნებს. აკადემიური სივრცეები სრულიად იზოლირებულია “პოლიტიკურიდან”. არადა საკითხები, რომელსაც ამავე უნივერსიტეტებში ასწავლიან, თავისი არსით პოლიტიკურია.
ბორხესი ყოველთვის ამბობდა, რომ დემოკრატია მაშინაა სტატისტიკური ცდომილება, როდესაც მის ფორმირებაში იმბეცილები მონაწილეობენ. ბოლო ორი ათეული წელია, გარდა იმბეცილებისა, ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო საკითხები, რომლებიც საერთოდ არაა კავშირში რიგითი ადამიანების აუტანელ ყოველდღიურობასთან.
ჩვენ უნდა შევძლოთ და დავუბრუნოთ პოლიტიკა მათ, ვისაც ის ეკუთვნით. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გარდავქმნათ ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც კონფორმულია ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის პოლიტიკური და კულტურული გემოვნებისადმი.
ეს მეცნიერული ცოდნის გამოყენების გარეშე შეუძლებელია. მხოლოდ ასე შეიძენს სისტემა შინაარს. იდეოლოგიას.
[1] Antonio Gramsci – “The times in which the old cannot yet die and the new cannot yet emerge are the times of monsters.”
[2] “Development develops inequality.”
― Eduardo Galeano, Open Veins of Latin America: Five Centuries of the Pillage of a Continent.
[3] „ცნობიერების ტიპოლოგია“, მერაბ მამარდაშვილის „ფრანგული არქივიდან“ (ლექციები, მოხსენებები, ინტერვიუები). თავი: „აზროვნების სტატუსი და ინტელექტუალები“.
[4] ჯორჯო აგამბენი, „რა არის აპარატი“. https://european.ge/giorgio-agamben-ra-aris-aparati/
[5] შენიშვნა: ადამ პჟერვორკის, რომლის ხელმძღვანელობით რამდენიმე ათეული სოციოლოგის და პოლიტოლოგის მიერ დაიწერა წიგნი „მდგრადი დემოკრატია,“ შემოაქვს ტერმინი: political entreprenuars.
[6] Ulrike Guerot, “Europe as a Republic. The story of in the Twenty-first Century”
[7] Friedrich Nietzsche – „And those who were seen dancing were thought to be insane by those who could not hear the music.“
[8] “The human being also dies out of habit.” – Elements of the Philosophy of Right, Hegel.