ახალი ეტაპი საქართველოსთვის

1 ოქტომბერს საქართველომ ისტორიული არჩევანი გააკეთა. მიუხედავად ძველი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, ქართველმა ხალხმა გამოიჩინა უპრეცენდენტო ერთსულოვნება, მამაცობა და უსამართლობისადმი შეურიგებლობა. შედეგად მივიღეთ ჩვენს ისტორიაში პირველი ნამდვილი სახალხო გამარჯვება ავტორიტარიზმზე.

ამ ცვლილების შედეგად უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქვეყანაში შიშისა და რეპრესიების ეპოქის დასასრულია. ხალხმა ძალა იგრძნო და ირწმუნა. შეიქმნა რეალური დემოკრატიისათვის აუცილებელი თავისუფლების განცდა

გარდა ამისა ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდა სოციალური პრობლემატიკა, რაც სრულიად იგნორირებული იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას

xalxiყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მაინც ხალხისათვის საკუთარი მომავლის განსაზღვრისა და შექმნის პროცესში აქტიური და შედეგიანი მონაწილეობის შესაძლებლობის გაჩენაა. ჩვენ წარსულში უნდა დავტოვოთ წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკას პროფესიონალი პოლიტიკოსები წარუძღვებიან და ჩვენ მხოლოდ შედეგებს უნდა ვუცადოთ. წარმატებული და ეფექტური დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუკი ხალხი მუდმივად იქნება ჩართული პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ დავასრულეთ ავტორიტარიზმი, მაგრამ ახლა აქტიური და ყოველდღიური შრომაა საჭირო ჩვენთვის სასურველი საქართველოს ასაშენებლად.

ჩვენი ქვეყნმის წინაშე უამრავი გამოწვევაა. აუცილებელია აღნიშნული მიღწევის გამოყენება და მდგრადი და მუდმივად სტაბილურად მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა. იმგვარი ინსტიტუტებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰარმონიულ კავშირს და ურთიერთქმედებას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის და აღარასოდეს აღარ დაუშვებენ ავტორიტარიზმის გაჩენას.

ამისათვის საჭიროა ძველი რეჟიმის ნარჩენების სრული დემონტაჟი. ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლიანი მმართველობის მანძილზე ძირითადი ყურადღება და რესურსები სწორედ მკაცრად ცენტრალიზებული და ჩაკეტილი სისტემის მშენებლობას მოახმარა. დღეს ამ სისტემის ძირფესვიანი გარდაქმნა და დემოკრატიზაციაა საჭირო რაც მტკივნეული და საფრთხილო პროცესია. ამასთან აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა და ყველა დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯა, ძველი რეჟიმის შინაარსის გაანალიზება, გააზრება და მისი პოლიტიკური გასამართლება.

ნაციონალურ მოძრაობას ახასიათებდა ხალხის ყურადღებისა და ინტერესების მოდუნების მიზნით ყალბი დღის წესრიგის შექმნა. საჯარო სივრცე დაკავებული იყო იმგვარი საკითხების განხილვით, რომლებიც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პრობლემებს არ ასახავდა და არც ინტერესს წარმოადგენდა. ეს მაშინ როცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემები სრულიად იგნორირებული იყო. თითქმის ყველა გამოკითხვა ყოველთვის აჩვენებდა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად უმუშევრობა და სოციალური სიდუხჭირე აწუხებს. პოლიტიკოსები და მედია კი ყველაზე ცოტას სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობდა. დღეს ჩვენი ამოცანაა შევცვალოთ ყალბი დღის წერიგი და საზოგადოება დაუბრუნდეს რეალური პრობლემების განხილვას.

უაღრესად რთული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია დაიწყოს კონკრეტული და კარგად გააზრებული პოლიტიკების შემუშავების პროცესი სხვა და სხვა მიმართულებით. ეს იქნება:

სოფლის მეურნეობა – სოფლის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა არა მარტო სოციალური ფონის გაუმჯებესებისა და რეალური ეკონომიკის წინ წამოწევისათვის, არამედ დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გასაძლიერებლადაც. სოფლისადმი მიკუთნებულობა არის მოქალაქის იდენტობის კონსტრუირების ის პირველი და აუცილებელი ეტაპი, რომელიც განაპირობებს კარგ, პასუხისმგებლობიან მოქალაქეობას.

ინდუსტრია და ეკონომიკა – ეკონომიკურ განვითარებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანია უცხოელი ინვესტიციები, თუმცა სახელმწიფომ ეკონომიკა მხოლოდ ამ უკანასკნელის ანაბარა არ უნდა დატოვოს. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ორგანიზატორული როლის მკაფიოდ ჩამოყალიბება. აუცილებელია ანტიმონოპოლიური სტრატეგიის შემუშავება, რათა ადგილი არ ქონდეს უწინ დანერგილ პრაქტიკას. საჭიროა ადგილობრივი წარმოების წახალისება და რაც ერთობ მნიშვნელოვანია მშრომელების ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

insuranceჯანდაცვის პოლიტიკა – მოსახლეობის ჯანდაცვა – ეს არის სახელმწიფო პასუხისმგებლობის ერთ-ერთი უმთავრესი სფერო, ეს არის სოციალური სერვისი – შესაბამისად დაუშვებელია ჯანდაცვის პოლიტიკა მინდობილ იქნას მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიებსთვის, რომლებისთვისაც ეს სფერო ფულის კეთების საშუალებაა. ყოველი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა ჰქონდეს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ღირსეული პირობები.

მეცნიერება და განათლება – სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების დაკავშირება რეალურ ცხოვრებასა და ეკონომიკასთან. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ იმგვარი კადრების მომზადება, რომლებსაც დაეყრდნობა სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია, ჯანდაცვა და განათლებისა და მეცნიერების სფეროების შემდგომი განვითარება. ეს რათქმაუნდა არნიშნავს ფუნდამენტური მეცნიერებების იგნორირებას, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკის პირობებში.

ამ მიმართულებებით ეფექტური პოლიტიკების შესაქმნელად აუცილებელია სხვა ქვეყნებისა და უცხოელი ექსპერტების შესაბამისი გამოცდილების გათვალისწინება და თანამშრომლობა.

ეს არის იმ ახალი კურსის ძირითადი შინაარსი, რომელიც ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს აირჩია. მხოლოდ ამ მიდგომებს შეუძლია დამოუკიდებლობის შემდეგ  ორი ათწლეულის შემდეგ პირველად, საფუძველი ჩაუყაროს ისეთი ქვეყნისა და საზოგადოების მშენებლობას, რომელიც განვითარებული ევროპული დემოკრატიის ქვეყნების მსგავსად პოლიტიკურად პლურალისტური, სოციალურად ინკლუზიური და ეკონომიკურად ეგალიტარიანული იქნება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ