კოჰაბიტაციის სამი განმარტება

„კოჰაბიტაცია“ – უკანასკნელი თვეების განმავლობაში ლათინური წარმომავლობის ეს სიტყვა აქტუალურობას არ კარგავს საქართველოში. პოლიტოლოგიურ ტერმინოლოგიაში კოჰაბიტაცია განიმარტება როგორც არჩევნებში დამარცხებულ და გამარჯვებულ გუნდებს შორის მშიდობიანი თანაცხოვრება, თანაარსებობა, მაგრამ ქართულ რეალობაში მის მნიშვნელობას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობენ მის ინტერპრეტირებასაც.

დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში კოჰაბიტაცია ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და გულისხმობს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მშვიდობიან თანაარსებობას. არჩევნებში დამარცხებულ და გამარჯვებულ პარტიებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელემენტია ევროპული ტიპის პოლიტიკური პროცესებში, იმდენად მნიშვნელოვანი რომ მაგალითად ევროკავშირის გაფართოების დროს მას კანდიდატი ქვეყნების პოლიტიკური სისტემის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

misha bidzinaდასავლეთი ტრანზიციულ ფაზაში მყოფ სახელმწიფოებთან მიმართებაში მშვიდობიან თანაარსებობაზე იმ მიზეზით ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ არ მოხდეს ძალაუფლების მქონე პარტიის მიერ ოპოზიციის განადგურება და ერთპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომაც ევროკავშირის მოთხოვნით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პლურალისტური პოლიტიკური სისტემის შექმნის მიზნით, თვით კომუნისტური პარტიის წევრთა დიდი ნაწილის წინააღმდეგაც კი არ მომხდარა ანგარიშსწორება, რამაც საშუალება მისცა კომუნისტებს პოლიტიკური სცენიდან არ გამქრალიყვნენ და საკმაოდ პროგრესულ და ძლიერ სოციალისტურ ან სოციალ დემოკრატიულ პარტიებად გარდაქმნილიყვნენ.

ეს გარდაქმნები კი უფრო უმტკივნეულოდ და პროგრესულად სწორედ იმ ქვეყნებში მოხდა, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნებს ყველაზე მეტად უწევდნენ ანგარიშს. ხელისუფლებაში მოსული ძალების მხრიდან პოლიტიკურ რეპრესიებზე უარის თქმამ და თანაარსებობის პრინციპების დაცვამ კომუნისტებს შანსი და იმედი გაუჩინა იმისა, რომ წარმატებული რეფორმების შემთხვევაში ისინი კვლავ შეძლებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას და ხელისუფლებაში მოსვლასაც კი. კომუნისტების მიერ საკუთარ პარტიებში გატარებულმა წარმატებულმა გარდაქმნებმა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გააჩინა ძლიერი მემარცხენე პარტიები და შექმნა პლურალისტური პოლიტიკური გარემო. მართალია, ეს პროცესი ასე იდეალურად და მარტივად არ განხორციელებულა აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში, მაგრამ დემოკრატიის ხარისხით და ეკონომიკური წარმატებით სწორედ ის ქვეყნები გამოირჩევიან, რომლებმაც ეს შეძლეს.

რაც შეეხება საქართველოს, გაზვიადებულია მოსაზრება, თითქოს ბრიუსელსა და ვაშინგტონში კარგად არ იციან სააკაშვილის რეჟიმის რეალური სახე ან თვალს ხუჭავენ რეჟიმის მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე. უბრალოდ, ისევ ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას ურჩევნიათ ნაციონალები  პოლიტიკური ასპარეზიდან არ გაქრენ და ძლიერი ოპოზიციური გუნდი შექმნან. ევროპელებს აქვს მაგალითი იმისა, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ დემოკრატიის შუქურად გამოცხადებულმა სააკაშვილმა ნდობა ვერ გაამართლა და შიშობენ ერთპარტიული მართვის შემთხვევაში დემოკრატიულად გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“-აც იგივე ბედი არ გაიზიაროს. სწორედ ამით არის განპირობებული მათი წუხილი საქართველოში მიმდინარე დაჭერების გამო და ამიტომაც გაისმის საქართველოს მიმართ მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მოწოდებები.

კოჰაბიტაციის შესახებ თავისებური წარმოდგენა აქვთ ნაციონალურ მოძრაობაშიც. ისინი მას ხელისუფლებაში ნაწილობრივ მაინც დარჩენისა და თავის გადარჩენის საშუალებად აღიქვამენ. მაქსიმალურად ცდილობენ ჯერ კიდევ შემორჩენილი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში სამართლებრივი პროცესები პოლიტიკური რევანშის მაგალითებად წარმოაჩინონ და მსხვერპლის ნიღაბი მოირგონ. და ეს ყველაფერი მაშინ როდესაც, რამდენიმე თვის წინ მათი ერთერთი ლიდერი მთელი კლასის განადგურებით იმუქრებოდა.

დამარცხების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული გზა ნათლად მიანიშნებს იმაზე, ყოფილი ხელისუფლება დაკავებულია არა პარტიის პროგრესული რეორგანიზებით, არამედ საკუთარი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომების მიჩქმალვით და ქვეყნის ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისა თუ საბოტაჟირების მცდელობით. საკმაოდ ძლიერი ლობისტური კავშირების წყალობით ისინი ცდილობენ დასავლეთში „ქართული ოცნება“ კრემლის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად წარმოაჩინონ და პარალელი უკრაინაში იანუკოვიჩის გამარჯვებასთან გაავლონ.

არადა დასავლეთისგან მხარდაჭერა მართლა აძლევდა შანსს ნაციონალურ მოძრაობას მოეხდინა პარტიის რეალური რეორგანიზება, დანაშაულებრივ ქმედებებში ეჭვმიტანილი თანაგუნდელებისგან დისტანცირება და იდეოლოგიურად გაძლიერება. რაც მათ საშუალებას მისცემდა, გამოკვეთილად ანტირუსულ, ულტრამემარჯვენე პარტიად ჩამოყალიბებულიყვნენ და ახალი პროგრამებით ეცადათ საკუთარი 10-15 %-იანი ამომრჩევლის შენარჩუნება თუ გაზრდა. თუმცა გადადგმული ნაბიჯებით ჩანს, რომ ნაციონალები შეთავაზებული შანსით სარგებლობას არ აპირებენ და დისტანცირების მაგიერ წინ წამოწეული ახალი სახეები გაშმაგებულნი იცავენ გუნდის კრიმინალურ ნაწილს.  პრინციპი „ან ყველაფერი, ან არაფერი“ მათ პოლიტიკური სამარისკენ მიაქანებს და პოლიტიკური არენიდან გაქრობისგან მათ ვერც დასავლეთი და ვერც კოჰაბიტაცია ვერ იხსნის.

ქართული ოცნებისთვის კი კოჰაბიტაციის პროცესზე თანხმობა უსამართლობასთან შეგუებას ნიშნავს, თვალის დახუჭვას იმ ძალადობრივ ქმედებებზე, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება  9 წლის განმავლობაში ჩადიოდა. ნაციონალურ მოძრაობასთან მშვიდობიანი თანაცხოვრება მათთვის ნიშნავს სამართლიანობის აღდგენის შესახებ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირების არ შესრულებას და ქვეყანაში არსებული დაუსჯელობის სინდომის გაგრძელებას. სამართლიანობის აღდგენის გარეშე კი ქვეყანაში დემოკრატიის დამყარება წარმოუდგენელია.

შესაბამისად, ქართული ოცნებისათვის შიდა და გარე წნეხების გასანეიტრალებლად აუცილებელია საერთაშორისო ასპარეზზე დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულის პარტია, რომელსაც პროგრესულ პოლიტიკურ ძალად გარდაქმნა თავად არ სურს და რომ სწორედ ის უშლის ხელს ქვეყანაში პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. დესტრუქციული ძალის ხელში არსებული საპარლამენტო მანდატების 40% არ აძლევს კოალიციას იმის საშუალებას, რომ დაიშალოს და „ოცნების“, რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების ცალკეულ პარტიებად წარმოჩინებით და გაძლიერებით  რეალურად პლურალისტურ პოლიტიკურ სისტემას ჩაეყაროს საფუძველი. ეს კი შექმნის კონსენსუალური დემოკრატიის გარემოს, სადაც სხვა პარტიებსაც ექნებათ  სწრაფად განვითარების საშუალება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ