1 მაისი – ფასადის მიღმა

ავტორი: გიორგი ღვინჯილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველ მაისს მანიფესტაციის მონაწილეებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და  ალბათ შეუძლებელია ამ მანიფესტაციის უფრო ლაკონურად და ზუსტად დახასიათება.  სტუდენტების ჟესტი  მიზნად ისახავდა რადიკალური დისკურსის ჩასახვას, და ამ კუთხით მანიფესტაცია შედგა.

წესრიგი, რომელიც პირველ მაისს დაირღვა, ბევრად უფრო დოგმატური, აგრესიული და სახიფათოა ვიდრე რელიგიური ფუნდამენტალიზმი და სხვა სახის იდეოლოგიური თუ  სტერეოტიპული აზროვნების სისტემები, რომელთაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები დღემდე წარმატებით ებრძოდნენ. ეს იდეოლოგიის ლოგიკაა, რომელზეც კანონის მიერ დაცული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა დგას. თავად ეს ლოგიკა კი საკმაოდ ელასტიკურია იმისთვის, რომ მრავალი სახის სოციალური და იდეოლოგიური დაპირისპირება აიტანოს. იგი  ხშირად საკუთარ ფარგლებში, საკუთარი ინტერესებისათვის სიმულირებს ამ დაპირისპირებებს, ისე რომ სისტემის მთავარი კომპონენტები უხილავი, და მაშასადამე, ხელუხლებელი რჩება.

ამ წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ჟესტი არის მუქარა თამაშის იმ წესების, ჭადრაკის იმ დაფის მიმართ, რომელზეც მრავალი პარტიაა გათამაშებული –  „რევოლუციების“, მთავრობების, კოდექსების ცვლილებებისა და  ლეგალიზაცია/დეკრიმინალიზაციის საკითხების ჩათვლით. მანიფესტაციამ დაგვანახა ის, რომ  ახალგაზრდობის გარკვეულმა ნაწილმა გააცნობიერა, სისტემამ შესაკრებებით კომბინირების თითქმის ყველა შესაძლო ვარიაცია გამოიყენა, ჯამი კი, რა თქმა უნდა, არ შეიცვალა., შედეგი იგივეა – დაუსაქმებელთა არმია, იდეოლოგიზირებული განათლების სისტემა და გამდიდრებული ჩინოვნიკები, რომლებიც „კლონდაიკზე“ ერთმანეთს ენაცვლებიან და შემდეგ მაძღარი სახეებით ტოვებენ საკუთარ სკამებს.

თამაშის ლოგიკა, ერთი მხრივ, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ სისტემას, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფოს, როგორც ამ სისტემის ფუნქციონირების გარანტორს, ეფუძნება. ადამიანს, შეუძლია რაღაც ითხოვოს და თუ კარგად მოიქცევა, მოითხოვოს კიდევაც, მაგრამ ყველა ქმედება თუ ჟესტი, (თუნდაც ისეთი სუსტი როგორიც პირველ მაისს ვიხილეთ) რომელიც აკრიტიკებს მთლიანად სისტემის ლოგიკას, ისჯება სამართალდამცავი ორგანოებისა და ლეგალურ ლოგიკაში ინტეგრირებული მორალის მიერ.  ეს მორალი,  ერთის მხრივ გმობს ფასადზე სიმართლის წერას და მეორეს მხრივ არაფერი აქვს ამ ფასადების მიღმა დამალული გაჭირვებისა და ტკივილის წინააღმდეგ.

აქციაზე გაჟღერებული ანტიკაპიტალისტური დისკურსი მთლიანად უარყოფილი და განდევნილია სიმბოლური წესრიგიდან, რომელიც მის უსუსტეს გამოვლინებაზეც კი ისტერიულად რეაგირებს. სწორედ ამიტომ, მანიფესტანტების მოთხოვნები და მათი გამოხატვის ფორმები მოულოდნელი გამოდგა სამართალდამცავებისათვის და მათი მხრიდან არაადეკვატური ქმედება გამოიწვია. მომავალში სისტემა ბევრად უფრო მომზადებული და გაწონასწორებული დახვდება ყველა მსგავს აქციას. ის უფრო ელასტიკური და მოქნილი გახდება, რაც, ერთი მხრივ, თვითგადარჩენით მოტივირებული კონსერვატიული სვლაა, მეორე მხრივ კი რადიკალური აქტივიზმის დანაცრებული კერების გაღვივებას გამოიწვევს.

ნაკლებად საინტერესოა სოციალურ ქსელებში დატრიალებული ისტერიკა, რომელიც ბანალურმა წარწერამ –„ქარხნები მუშებს“– გამოიწვია. როგორც ჩანს –„წითელი ტერორი“, „კომუნისტური შეთქმულება“, „საბჭოთა კავშირში დაბრუნება“ და მსგავსი ცივი ომის დროინდელი იარლიყებით მანიპულირება ისევ მოდაშია, ეს შეთქმულების თეორიები სომხური კონიაკივით ნამდვილად არ ძველდებიან და სულ უფრო კომიკურ მდგომარეობაში აგდებენ მათ ავტორებს.  საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პირველი მაისის აქცია მიზნად არ ისახავდა მოკლევადიან პერსპექტივაში  ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის რადიკალურ გარდატეხას, ეს იყო კრიტიკული ჟესტი, რომლითაც სტუდენტები შეეწინააღმდეგნენ ჩვენს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ ველური ბაზრის იდეას.   ეს კრიტიკა არ არის „ლაბორატორია 1918“–ის ან სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის შექმნილი. ეს ის კრიტიკული დისკურსია, რომელიც თან სდევს კაპიტალისტურ სოციალურ დინამიკას, როგორც აჩრდილი, –  დისკურსი, რომლის განდევნაც ჩვენს საზოგადოებაში წარმატებით ხერხდებოდა და რომლის კვალიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ჩვენს ფასადებზე –  ის უბრალოდ განწირული იყო ამისათვის.

როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციასა და სტუდენტებს შორის კონფრონტაცია, გემრიელი ლუკმა გამოდგა სანახაობაზე ორიენტირებული მედიისათვის, რომელმაც მანიფესტაციის რადიკალიზმი მისი მთავარი მიზნის, ანუ ველური კაპიტალიზმის ლოგიკის მხილების ნაცვლად, სამართალდამცავებს დაუპირისპირა, რომლებიც თვითონ არიან ამ ლოგიკის „მსხვერპლები“. ავტობუსის კონტროლიორი არის ადამიანი, რომელსაც გაჭირვება აიძულებს დაიცვას სისტემა სხვა გაჭირვებულების არასანქცირებული ქცევისაგან და ამით თავი გადაირჩინოს. ასეთი “კონტროლიორების” წილი კი ჩვენს პოლიციაშიც საკმაოდ დიდია.

მარქსი ამბობდა, რომ  რადიკალიზმი ნიშნავს ჩაწვდე მოვლენის ფესვებს, რადიკალიზმის ასეთი გაგება გულისხმობს რეალობის სიღრმისეულ ანალიზს და მასში ძალაუფლების წერტილების აღმოჩენასა და შესუსტებას. პირველი მაისის აქციის რადიკალური ხაზი არ გადიოდა შეღებილ ფასადებზე და შეურაწყოფილ სამართალდამცავებზე. მთელი მისი კრიტიკული შინაარსი იმ ჟესტშია, რომელიც აქციის მონაწილეებმა დომინანტური იდეოლოგიური წესრიგის წინააღდეგ მიმართეს.

როგორც ჩანს, წინასაარჩევნო ლოზუნგმა სისტემის ნგრევის შესახებ  –  უბრალო მოხეტიალე, ესთეტიზებული სახე – შეიცვალა  და საბოლოოდ იპოვა საკუთარი მიზანი. სისტემის ნგრევა არ გულისხმობს ჩინოვნიკებისა და შრომის კოდექსის ცვლას. სისტემის კორპუსი სადღაც ფასადების, პოლიციისა და კოდექსების ცვლილებების მიღმა იმალება. სისტემა  დისკურსის ლოგიკაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს, უხილავი დარჩეს, ან, უკიდურესი დაძაბულობის ფონზე  ისტერიკითა და აგრესიით უპასუხოს ყველა გამღიზიანებელს. სწორედ ეს რეაქციული აგრესია, იყო პირველი მაისის სუსტი ჟესტის რადიკალური სიზუსტის ნიშანი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ